კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დამთავრდა ეკა ამირეჯიბის პირველი სიყვარული „ტრაგედიით“ და რაში ხედავს ის ბედნიერებას


არ დააგდო დილის გადაცემის ჩართვების ტემპი ნატო ნიჟარაძის შემდეგ – ეს მართლა სერიოზული განაცხადია. განაცხადი იმაზე, რომ ეკა ამირეჯიბს გაცილებით მეტი შეუძლია, ყოველთვის მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება. ოცდაორი წლის ეკასთვის სამსახური მთელი ცხოვრებაა, რაზეც ის ამ ბოლო დროს ცოტას წუწუნებს კიდეც.


ეკა ამირეჯიბი: ტელევიზიაში მუშაობა ათ სხვა სამსახურში მუშაობას უდრის. მიუხედავად იმისა, რომ ათ საათზე მუშაობას ვამთავრებ და ეს ძალიან დიდი პლუსია, იმის შემდეგ მომავალი გადაცემისთვის ვიწყებ მუშაობას. შეხვედრები მაქვს რესპონდენტებთან, მომზადებული რომ ვიყო მომავალი ეთერისთვის. ერთი გუნდი მუშაობს და არიან ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან. მაგრამ, ყველა დეტალზე პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ. მე ვწყვეტ, საიდან იყოს ჩართვა, რა ადგილიდან, ნათურა აინთოს თუ არა და სხვა.

– პლუს ამას...

– პირველი ჩემი სამსახური რადიო იყო, სადაც ახლა თქვენ იმყოფებით. თვრამეტი წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე და ახლა აქ ისე ვარ, როგორც საკუთარ სახლში – მოშვებული, დასვენებული. ძალიან მიყვარს აქაურობა, ჯერ ერთი, რომ პირველია, მეორე იმიტომ, რომ მუსიკასთან მაქვს შეხება და ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, აქაურობას რომ ვერ ვეშვები, მიუხედავად იმისა, მატერიალურად გამართლებულია ეს თუ არა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე ტელევიზიაში. ორივე ჩამთრევია და ორივე ჩემი ცხოვრების ნაწილია.

– ყოველთვის გინდოდა ასეთი ზეაქტიური სამსახური გქონოდა?

– სიმართლე გითხრა, ამ ბოლო დროს საშინლად წუწუნა გავხდი, ალბათ, ძალიან ვიღლები და ამიტომ. მაგრამ, როგორც კი წარმოვიდგენ, სხვა რა ტიპის სამსახური უნდა მქონდეს, იმ წუთში ვანებებ თავს ამაზე ფიქრს. ათიდან ექვსამდე ოფისში დავჯდე, ერთი წუთითაც მეტს რომ აღარ დარჩები, ჩანთას აიღებ და ივიწყებ, სად მუშაობ – ასე ალბათ, ვერ შევძლებდი. თუმცა, როცა გიჟური ცხოვრება გაქვს, სიმშვიდე გენატრება და პირიქით (იცინის), სხვაგან გგონია, რომ ყველაფერი კარგად არის. ახლა ის პერიოდი მაქვს, ძალიან რომ ვიღლები, მაგრამ როდესაც ვხედავ ამ ყველაფერს შედეგი აქვს, მიხარია. ჩემ დაღლას გამართლება აქვს.

– თან, წინამორბედისგან თამასა საკმაოდ მაღალი იყო, საოცარი ტემპი დაგიტოვა.

– მგონი ტემპი არ დაცემულა. რადიოგამოცდილება ამ მხრივ ყოველთვის ადგება წამყვანს. ყველა „რადიოშნიკი“, რომელიც კი სამუშაოდ ტელევიზიაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ იქ სულ სხვა სპეციფიკაა, ძალიან იოლად ახერხებს ალღოს აღებას და გადასარევად ერგება ახალ მდგომარეობას. ყველაზე მეტად, რაც გამიჭირდა ეს იყო მხოლოდ ტექნიკური პრობლემები – პროდიუსერი უნდა მელაპარაკოს ყურში, არ გავითიშო, ხაზზე ვიყო და სხვა. მხოლოდ ამაზე ვნერვიულობდი და არა იმაზე, შევძლებდი თუ არა აზრის ჩამოყალიბებას, ან კითხვის დასმას. ტელევიზიაში უნდა იფიქრო ვიზუალზე, რომელზეც საერთოდ არ გინდა ფიქრი დილის ხუთ საათზე, როდესაც გარეთ თოვს, წვიმს და უბედურებაა.

– რა არის ის, რისთვისაც საერთოდ აღარ გრჩება დრო?

– ჩემი მეგობრები სულ მეჩხუბებიან და ასეთ რაღაცეებს მეუბნებიან – ვის არ ჰქონია სამსახური, იქნებ ოდესმე ჩვენთვისაც მოიცალო! სულ ეს მესმის, უკვე ჰგონიათ, რომ როლში შევედი და იმიტომ ვამბობ, არ მცალია-მეთქი.. ხანდახან ისე გადის დღე, რომ მოვიხედავ და მართლა ოცი წელი გასულა. არის ხოლმე შემთხვევები, რომ მაინც მივდივარ მათთან, მაგრამ იქ არ ვარ. ნახევრად დახუჭული თვალებით ვზივარ და დაახლოებით. ვხვდები, რა ხდება. (იცინის) თუმცა, ასეთი დღეები აუცილებელია იმისთვის, რომ ენერგია შეივსო, გარკვეული კომპენსაცია მიიღო. ახლა ის ეტაპი მაქვს, სულ დაცლილი რომ ხარ. შესავსები ვარ. საერთოდ არ მრჩება დრო ოჯახის წევრებისთვისაც. განსაკუთრებით ამას ჩემი დისშვილები განიცდიან. შვიდასი ბავშვი რომ მყავს ჩართვაზე მისაღები, მერე კიდევ საღამოს, მათთან ერთად თამაშის თავი ნამდვილად აღარ მაქვს. ენერგიული და გამრთობი ტიპი ვარ, მაგრამ მათთვის არასდროს მცალია.

– სულ ამბობენ, რომ ქალები არჩევანს ყოველთვის პირად ცხოვრებასა და საქმეს შორის აკეთებენ. შენ რაში ხარ უფრო წარმატებული, თუ ფიქრობ, რომ ამ ყველაფრის შეთავსება შეიძლება?

– დასავლური ცხოვრება ამ მხრივ ძალიან მომწონს – დღეს შენ მიგყავს ბავშვი სკოლაში, ხვალ მე. რაღაც მომენტში შეცდომები სწორედ იმ ტრადიციებიდან მოდის, რაც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს, მაგრამ ზოგჯერ დათვურ სამსახურს გვიწევს. იცი, რა? გააჩნია თვითონ ქალს. ზოგი საკუთარ თავს სამზარეულოში, გაზქურასთან პოულობს და არ აქვს მეტის მოთხოვნილება, უბედნიერესია. ეს სულაც არ არის ცუდი, მთავარია ბედნიერი იყო. ზოგს კი, საქმე სჭირდება ან ორივე ერთად. ძალიან მიყვარს აქტიური ცხოვრება, საქმე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება არ მინდა. ამ ეტაპზე ეს ორი ამბავი შეუთავსებელია, რადგან არ ვარ შეყვარებული და გვერდით არ მყავს ადამიანი, რომელიც კიდევ დროს მოითხოვს ჩემგან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შევათავსებდი.

– და, რომ არ არის, ესეც სამსახურის ბრალი ხომ არ არის?

– არ მგონია. ალბათ, ყველას ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა არაფერი ხდება. ხან ეს არის, ხან მეორე არ არის, ხან არც ერთი არ არის, ან ორივე არის და ასე... ორივე ერთად რომ არ არის ეს საშინელებაა. რა თქმა უნდა, არის კომპლიმენტები, ყურადღება, ფლირტი, მაგრამ სერიოზული არაფერი. რაც შეეხება იმას, თუ რით არის ქალი უფრო ბედნიერი, ჩემ შემთხვევაში, ალბათ, მაინც საჭიროა პირადი და კარიერა ორმოცდაათი-ორმოცდაათზე იყოს. ჩემი ხასიათის ადამიანისთვის ორივე საჭიროა. იყო პერიოდი, როდესაც ორივე ერთად მქონდა და რომ გითხრა, ის ურთიერთობა ჩემი სამსახურის ან დაკავებულობის გამო არ გამოვიდა-მეთქი, მოგატყუებ. თუ ის სწორედ ის ერთადერთია, მაშინ მას ვერაფერი მოერევა.

– როგორ უნდა მიხვდე ის ერთადერთია თუ არა?

– რაც დრო გადის, ვხვდები, რომ არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს მეორე ადამიანის შეფასებისთვის. ჩვიდმეტი წლის ასაკში, როდესაც დაფრინავ, მხოლოდ ემოციები გმართავს, ვარდისფრად ხედავ სამყაროს, მაშინ უფრო სხვა რაღაცეებს აქცევ ყურადღებას, უფრო მარტივად უყურებ ნებისმიერ ურთიერთობას. მერე დრო გადის და ხვდები, რომ უი, თურმე ასე სულ არ ყოფილა. ეს ის არ არის. გადაფასებები ყველა ეტაპზე ხდება. ჩემთვის ყველაზე მაგარი კომფორტი ისაა, როდესაც ადამიანთან საერთო ინტერესები მაქვს, არ არის ინდიფერენტული. რომ ვერ ხვდები, რა უხარია და რა წყინს – საშინელებაა. ფლეგმას მართლა ვერ ავიტან. თან ხელოვნებაც უნდა უყვარდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოვიდეს პატარა „ჩემოდანჩიკით“, ჰალსტუხით – ეს სულ არ არის ჩემი. მთავარია, ის ძაფები იყოს ბუნებრივად გაბმული, რასაც ძალით ვერაფრით გააბამ. გვარიშვილობა და ოჯახიშვილობა კარგია, მაგრამ უფრო კარგი რაღაცეებიც არის.

– როცა ურთიერთობა არ გამოსულა ამის მიზეზი რა იყო?

– თავიდან ყველაფერი კარგად იწყება და ეს პერიოდი ყველაზე ემოციური და კარგია ხოლმე. დრო რომ გადის, მერე ბევრი რაღაც ჩვეულებრივი ხდება. ეს ნორმალურია და გასაგებიც, მაგრამ ინტერესი არ უნდა დაიკარგოს. როდესაც შორდები, ორივე მხარეს აქვს იმის ძალა, ეს ისე გააკეთონ, ნორმალური გამარჯობის თქმის საშუალება მაინც დაიტოვონ. არ მესმის როდესაც ამბობენ, მეგობრებად დავრჩითო. რატომ უნდა იმეგობრო ყოფილ შეყვარებულთან?! ზრდილობის, ტაქტისა და კარგი ადამიანობის ფარგლებში, ნებისმიერი რაღაცის მოგვარება შეიძლება.

– გქონია ძალიან დიდი სიყვარული?

– სკოლაში მიყვარდა ერთი ბიჭი, რომელიც ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. მან სკოლა რომ დაამთავრა, მეშვიდე კლასში ვიყავი და ეს ჩემთვის ტრაგედიად მეჩვენებოდა. საოცრად ემოციური იყო ეს ყველაფერი. ამის შემდეგაც იყო ერთი ორი, მაგრამ გაგრძელება რატომღაც არ მოჰყოლია. თავიდან რაღაც ტალღაა, რომელიც თუ არ გაღვივდა და თუ ერთი რაღაც არ მოგეწონა – უხეშად რომ ვთქვათ „გაგიტყდა“, ის ტალღა გადაივლის. მაშინ ჯობია იქვე დაამთავრო ის ურთიერთობა. წამო ყავა დავლიოთ – სულ ამ ეტაპზე ხომ არ დატოვებ?! აღარ გინდა ყავა (იცინის).

– წლების შემდეგ შენი დამოკიდებულებები, ალბათ, კიდევ შეიცვლება. როგორ ხედავ საერთოდ, მომავალში საკუთარ თავს?

– ზოდიაქოს ნიშნით „ტყუპები“ ვარ და გაორება კი არა, გაოცება მჭირს. თან ბევრი რაღაც მაინტერესებს. რაღაც მომენტში ეს დამღუპველი და ცოტა საშიშიცაა. თერთმეტი წელი აქტიურად ვუკრავდი და უფრო მოსალოდნელი იყო, რომ კონსერვატორიაში ჩამებარებინა, ვიდრე საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე და მერე რადიოსა და ტელევიზიაში აღმოვჩენილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელი გავიდა, მაინც მგონია, როდისმე ამ ყველაფერს დავუბრუნდები. ეს ყველაფერი ჩემი ნაწილი იყო, და დღესაც, ძალიან მტკივა, მძიმედ გადავიტანე მუსიკისთვის თავის დანებება. თანაც არავის არაფერი არ დაუძალებია, ჩემით გადავწყვიტე. პარალელურად, ყოველთვის მინდოდა და ალბათ, მაინც შევძლებ მსახიობობას.


скачать dle 11.3