კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უჯაჭვოდ დაბმული „ლომი“, დამრტყმელი მორბენალი ვერელები, „ულვაშგაპარსული“ თევზები და მიკროფონით მოსმენილი სიძე-პატარძლის გულისცემა


დათო აბესაძესთვის თბილისელობა იგივეა, რაც ეროვნება. მისი აზრით, თბილისში ისეთი ქართული სული ტრიალებს, რომლის შეგრძნებაც არც ისე რთულია. სწორედ ეს სული აძლევს მას საშუალებას სიმღერით თქვას ის, რასაც განიცდის, რაც სტკივა და უხარია. ეს ქალაქი მისთვის ის სიმღერაა, რომელსაც ერთი იწყებს, მეორე ხმას აყოლებს, მესამე ბანს აძლევს და ამთლიანებს. როდესაც ბატონ დათოს ეკითხებიან, თბილისი რატომ გიყვარსო, ის დაუფიქრებლად პასუხობს – მიყვარს და მორჩა, ამას ახსნა არ აქვსო. თუ თბილისელობა გინდა, ქუჩაშიც უნდა იდგე, უბნელსაც უნდა დაეხმარო და მეზობელსაც მხარი აუბა.


ლაღიძის წყლებთან მდგარი ბიჭები და ცნობილი „ბირჟავიკების“ ცნობილი ურთიერთობები

ადრე, თბილისში განსხვავებული ურთიერთობები იცოდნენ. უცნობი უცნობს უანგაროდაც ეხმარებოდა და ზედმეტს არავინ გაკადრებდა. თუ ვინმეს დახმარება დასჭირდებოდა, ისე დაეხმარებოდნენ, სახელსაც კი არ ჰკითხავდნენ. მოკლედ, თბილისს ეროვნება არ ჰქონდა, ის ყველასთვის ქართველი იყო, ქართული სულისა და გაგების. რუსთაველზე, ლაღიძის წყლებთან, ერთ-ერთი ცნობილი ბირჟა იყო. გვიან საღამოს უამრავი წარმოსადეგი ახალგაზრდა იდგა იქ. ერთხელაც მიუახლოვდა მათ ულამაზესი, მოდურად ჩაცმული გოგონა და ბიჭებს უთხრა: სვანეთის უბანში მინდა, წავიდე და გამაცილებთო? ბიჭებმა თვალები ჭყიტეს, უთხრეს, რასაკვირველია გაგაცილებთო. ტაქსი გააჩერეს, ჩასვეს გოგონა, თავადაც ჩასხდნენ და წავიდნენ. მიიყვანეს ის უცნობი გოგონა სახლამდე, თავად უკან დაბრუნდნენ და ისევ ბირჟაზე დადგნენ. გავიდა ორი დღე, საღამოა, ისევ ლაღიძის წყლებთან „ბირჟაობენ“, გაიხედეს, ეს გოგონა მოდის და თან გვერდით მოჰყვება სიმპათიური ბიჭი. მიუახლოვდნენ. ბიჭმა ჰკითხა გოგოს: ესენი იყვნენო? იმანაც უპასუხა, კი ესენი იყვნენო. ბირჟაზე მდგომი ბიჭები აიფოფრნენ, იფიქრეს შარზეა ეს ტიპი, ჩვენ ამ გოგოს პატივი ვეცით, გვიან ტაქსით სახლამდე მივაცილეთ და ეს საქმის გასარჩევად თუ მოვიდა, თავ-ყბას გავუერთიანებთო. მოკლედ, მიუახლოვდა ეს უცხო ტიპი „ბირჟავიკებს“, ხელი ჩამოართვა და უთხრა: მე და ეს გოგონა ერთად ვიყავით რესტორანში, არასასიამოვნო ამბავში გავეხვიე, იარაღი მქონდა და ამაზე რომ არ მოედოთ შარი, ამ გოგოს ჩავუდე ჩანთაში და ვთხოვე, ლაღიძის წყლების წინ რომ ბირჟაა, იქ მიდი, ბიჭებს სთხოვე, სახლამდე გაცილება, ვიცი, უარს არ გეტყვიან და მეც წყნარად ვიქნები-მეთქი. რა თქმა უნდა, ბიჭებმა ძმად მიიღეს ეს ტიპი, რესტორანშიც დაპატიჟეს და ახალი მეგობრის შეძენაც აღნიშნეს. თითქოს არაფერი, მაგრამ აბა, დაფიქრდით, რამხელა კაცობა და ქალაქელობაა ჩადებული, ისეთი, რასაც სხვაგან ვერ შეხვდებით და ვერ ეზიარებით. მაშინ უცხოსაც კი თვალდახუჭული ენდობოდნენ. ეს რომ შეგეძლოს, ნამდვილი თბილისელი უნდა იყო, სულით თბილისელი. აი, ასეთი ურთიერთობები იყო ადრე და თუ მსგავს ძველ ისტორიებს შეკრიბავს ვინმე ღვთისნიერი და ფილმსაც გადაიღებს, მერწმუნეთ, იქ ბევრი ჩემი ასაკის ადამიანი საკუთარ თბილისელობას და კაცურ საქციელს ამოიცნობს.

მორბენალი დამრტყმელი ვერელი ბიჭები და გალახული პლეხანოველი

ვერაზე ცხოვრობდა ერთი ხეიბარი და ჭკუასუსტი ბიჭი. ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ უბნელი ბიჭები. ერთ დღესაც, გაიხედეს და სასტიკად ნაცემი გამოვიდა უბანში. გადაირივნენ ბიჭები, რა დაგემართა, ვინ გაბედა შენზე ხელის აწევა, წამოდი, გვაჩვენე, საქმე გავურჩიოთ და პასუხი ვაგებინოთო. კარგა ხნის ხვეწნის შემდეგ გამოტეხეს, რომ პლეხანოვზე, რკინიგზელთა სახლის წინ მდგარ „ბირჟავიკებს“ უცემიათ. დაირაზმნენ ვერელები, პლეხანოვზე ჩავიდნენ, ეს ნაცემი უბნელიც თან გაიყოლეს, რომ ამოეცნო ვინც დაარტყა. მოკლედ, რომ მიუახლოვდნენ პლეხანოველ ბიჭებს, ერთ-ერთი გამოეყო და გაიქცა, ნაცემი უკან დაედევნა. ვერელებმა იფიქრეს, ეს იქნება დამნაშავეო და უკან გაჰყვნენ სირბილით. მოკლედ, კარგა ხანს რომ ირბინეს და სიქა გაძვრათ, ნაცემ-მცემელი ერთ სადარბაზოში შეცვივდნენ. ვერელებს მეტი რა უნდოდათ, მიიმწყვდიეს ის ბიჭი კუთხეში, მიცვივდნენ და მაგრად გალახეს. ბოლოს ნაცემი უბნელი მიუშვეს და აცემინეს. მოკლედ, კარგად რომ დაბეგვეს და დაანებეს თავი, აწია თავი და საწყალი თვალებით შეხედა ხეიბარს: მართლა შენი დედა, თუ ასეთი დამრტყმელი იყავი, რას მარბენინე ამდენი, იქვე ვერ გამლახეო.

თამადის მოადგილე დოდო „შაქრიანი“

თბილისში იყო და არის ისეთი ცნობილი თამადა, რომელთანაც დაჯდომასა და ქეიფზე ბევრი ოცნებობს. თამადობა ერთგვარი თანამდებობა და აკადემიაა და შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს კაცს. თუ სუფრის წინამძღოლობა გინდა და ამის პრეტენზია გაქვს, მაშინ ღვინის სმა, ლექსის თქმა, ცეკვა, სიმღერა და სიტყვა-პასუხი უნდა გიჭრიდეს, შეხედულიც უნდა იყო და შეგეძლოს სუფრის წევრები შენი ამ მონაცემებით დაატყვევო. არ დამავიწყდება, ერთხელ ბატონი ირაკლი აბაშიძის იუბილე იყო. ვაჭრობის მუშაკებმა გაშალეს სუფრა ამ ამბის აღსანიშნავად და თამადად დანიშნეს ჯანსუღ ჩარკვიანი. იქ იყო დოდო აბაშიძეც. ორივე ძალიან კარგი თამადები იყვნენ. დოდო აბაშიძეს შაქარი აწუხებდა, მკურნალობის კურსს გადიოდა და წამლებს სვამდა იმ პერიოდში. ჯანსუღმა დოდოს უთხრა: ხომ იცი, ახლა როგორ სუფრაზე ვიმყოფებით, გადაწყვეტილი ამბავია და ჩემი მოადგილე დღეს შენ უნდა იყოო. შემდეგ წამოდგა და სუფრის წევრებს მოახსენა: გადაწყდა, დღეს ამ პატივსაცემი სუფრის თამადა თქვენი მონა-მორჩილი ჯანსუღ ჩარკვიანი იქნება, მისი მოადგილე კი დოდო „შაქრიანიო“.

მიკროფონში მოსმენილი

სიძე-პატარძლის გულისცემა

ერთხელ ქორწილში ვიყავით. თამადა თემურ ჩირგაძე იყო. გავიხედეთ, უცბად, თემური ადგა, ავიდა სცენაზე და მიკროფონში გამოაცხადა: პატივცემულო სტუმრებო, მე მინდა მოგასმენინოთ, როგორ ცემს სიძე-პატარძლის გულიო. ყველამ ყურები ცქვიტა, ვერ მიხვდნენ, რას ამბობდა. თემურმა მიკროფონს სწრაფად დაუწყო თითით კაკუნი. გაჩერდა და თქვა: აი, ასე ძგერს სიძის გული ამწუთასო. მერე მიკროფონს ერთხელ დაუკაკუნა და გაჩერდა: დედოფლის გული კი ასეო. დაიხოცნენ სუფრის წევრები სიცილით.

თემურ ჩირგაძის უჯაჭვოდ დაბმული და დამუნჯებული ასლანი

ერთხელ, „თბილისობის“ აღსანიშნავად, ბათუმში სუფრა გაიშალა. ამ სუფრაზე მიპატიჟებული იყო, თითქმის ყველა გამოჩენილი და ცნობილი ადამიანი. იქ იყო ასლან აბაშიძეც. მოკლედ, თამადამ ყველა ადღეგრძელა და თემიკო ჩირგაძე რომ ახსენა, ჩოჩქოლი ატყდა. თურმე ასლანს დაურეკეს, სასწრაფო საქმე გამოუჩნდა, ადგა და წასვლას აპირებდა. მისი დაცვაც წამოიშალა. უცებ, წამოდგა თემიკო და ასლანს მიმართა: ბატონო ასლან, ერთ წუთს შეგაყოვნებთ, თუ შეიძლებაო. გაჩერდა ასლანი. თემიკომ დაიწყო: ბატონო ასლან, ახლა მე ავდგები, წავალ თბილისში, მივალ სახლში, იქ მკითხავენ, იყავი ბათუმშიო, მე ვუპასუხებ – დიახ; მკითხავენ: იყო კონცერტიო, ვუპასუხებ – დიახ; მკითხავენ: იყო ბანკეტიო, მე ვუპასუხებ – დიახ; მკითხავენ: თქვეს შენი სადღეგრძელოო, ვუპასუხებ – დიახ; მკითხავენ: შესვა ასლანმა შენი სადღეგრძელოო, მე ვუპასუხებ – არა-მეთქი. და, პაუზა… გავიხედეთ, მოტრიალდა ასლანი, დაჯდა თავის ადგილას, აწია ჭიქა და დალოცა თემიკო. მერე ვხუმრობდით, როგორ დააბი, ბიჭო, ის ლომი-კაცი უჯაჭვოდ, ისე ჩაუვარდა ხმა, მთელი სუფრის ბოლომდე, გასუსული იჯდაო.

„ულვაშგაპარსული“ თევზები და „ბრიტვით“ მოთევზავე

ერთხელ, მე და თემურ ჭკუასელი სათევზაოდ წავედით. მე თევზაობა მიყვარს, თემური კი იმიტომ გამომყვა, იფიქრა, მოდი, ვცდი ძალებს, იქნებ მეც გამომივიდეს რამეო. გზაში თავს ვიქებ, ასეთი მეთევზე ვარ, ისეთი მეთევზე ვარ, ახლა ნახე რამდენ თევზს დავიჭერთ-მეთქი. ნაპირზე, სანამ წყალთან ახლოს მივიდოდით, თემურმა „ბრიტვა“ იპოვა. იფიქრა, ვინმემ არ გაიჭრას ფეხიო, აიღო და წიგნში ჩადო. ეს მე არ დამინახავს. მოკლედ, მთელი აღჭურვილობით მივადექი წყალს. გავმართე ანკესი, გადავაგდე წყალში. ცუდად ვისროლე და ძაფი აიბურდ-დაიბურდა. თავი რომ მემართლებინა, თემურს ვუთხარი, ჩემი ბრალი არ არის, აი, „ბრიტვა“ რომ მქონდეს, იმდენ თევზს დავიჭერ, ვერ წავიღებთ-მეთქი. თემურს გაუხარდა, აგერ მაქვს „ბრიტვაო“, გადაშალა წიგნი და მომაწოდა. მივხვდი, ჩემი საქმე წასულია. უკან არ დავიხიე. ავდექი, ეს „ბრიტვა“ მივაბი ძაფზე და ისევ გადავაგდე წყალში ანკესი. ვერ გეტყვით, რა მოხდა, გაძვრა თოკი ანკესის ჯოხს და წყალში ჩავარდა. რაღა უნდა მექნა? თემურმა მითხრა, არ ინერვიულო, დათო, ხომ იცი, ულვაში ქართველი კაცის ნამუსთან ასოცირდება, წამო, თუ ძმა ხარ, სანამ თევზები ულვაშებს გაიპარსავენ, იმათ ხომ არ უნდა ველოდოთ საღამომდე, ან ულვაშგაპარსული და შერცხვენილი თევზი სახლში როგორ უნდა მივიტანოთო.

მანქანაზე მისხმული ბენზინი და გაოცებული ზაურ ბოლქვაძე

ზაურ ბოლქვაძეს „06“ მარკის მანქანა ჰყავდა. დილით შვილს – დათოს მისცა ფული და უთხრა: ა, მამა შენ ფული, ბენზინი ჩაასხი და საღამოს თორმეტის ნახევარზე, ამა და ამ ადგილას მომაკითხე და სახლში წამომიყვანეო. წავიდა დათუნა ჩაასხა ბენზინი, მთელი ბაკი გაავსო. მთელი დღე იარა მეგობრებში, ძმაკაცებში, ნაცნობებში და საღამოს, თორმეტის ნახევარზე, დათქმულ დროს და დათქმულ ადგილას მიაკითხა მამას წამოსაყვანად. ჩაჯდა ზაური მანქანაში, დახედა, ბენზინის მაჩვენებელი წითელს ანთებს. მიუბრუნდა შვილს და ჰკითხა: დღეს რომ ფული მოგეცი, იმ ფულით ჩაასხი მანქანაში, მამა, ბენზინიო? დათუნამ უპასუხა: კი, მამა ჩავასხიო. ზაურმა წარბი აწია: კარგად დაფიქრდი, შვილო, ნამდვილად შიგ ჩაასხი თუ გარედან მიასხიო.

ნოდარ დუმბაძის ენაკვიმატობით შერცხვენილი დიასახლისი

ერთ ცნობილ თბილისურ ოჯახში სუფრა გაიშალა. ნოდარ დუმბაძეც იყო მიპატიჟებული. დიასახლისი ფაციფუცობს, თან უნდა ისიც მოისმინოს, რას ამბობენ სუფრასთან, თან რაღაცეები უნდა შემოამატოს სუფრას. ერთი სიტყვით, ადგა გავიდა, უნდა შემოიტანოს რაღაც, სუფრასთან. ვიღაცამ საინტერესო ამბის მოყოლა დაიწყო და დიასახლისი კარებში შეჩერდა მოსასმენად. ადრე, ბატი-ბუტი რომ ეყიდათ ბავშვებს, ცარიელ ბოთლებს აბარებდნენ, მერე ელოდებოდნენ როდის ჩამოივლიდა ბატი-ბუტის გამყიდველი, ზურგზე მოგდებული ტომრით და ამ აღებული ფულით ყიდულობდნენ მას. ნოდარმა გადახედა სუფრას. ბევრი ცარიელი ბოთლი იდგა. მიუბრუნდა დიასახლისს და უთხრა: ახლა სანამ ბატი-ბუტის გამყიდველი არ ჩამოივლის, ამ ბოთლებს არ გაიტანთ აქედანო.


скачать dle 11.3