კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დრაის ვან ნოტენმა მოდაში ამერიკული უბრალოება დააბრუნა


ბელგიელი მოდის დიზაინერმა, დრაის ვან ნოტენმა, მოღვაწეობა მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დაიწყო, თუმცა, „ექსცენტრიკულად“ შეფასებულმა მისმა სამოსმა აღიარება ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მოიპოვა, როდესაც მოდა მინიმალიზმმა შეიპყრო. მინიმალისტური კოლექციები 2000 წლის დადგომის შემდეგაც დიდხანს ინარჩუნებდა აქტუალობას. საბოლოოდ, ბელგიელის აღიარება 2008 წელს მოხდა, როდესაც მან ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოს საერთაშორისო პრიზი მოიგო. იმავე წელს სწორედ მისი კაბა ეცვა მსახიობ ქეით ბლანშეტს, როდესაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო – „ოსკარი“ მოიპოვა. ანტვერპენში, თერძებისა და ვაჭრების ოჯახში დაბადებულმა დრაის ვან ნოტენმა, კარიერა მამაკაცის სამოსის შექმნით დაიწყო. სწორედ კაცის ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა მამამისს და დრაისი ცდილობდა, თავისი კოლექციები მამის მაღაზიაში გაეყიდა. ანტვერპენის მოდის აკადემიის დასრულების შემდეგ, მან მამაკაცის კოლექციები უკვე ლონდონში წარმოადგინა, რასაც რამდენიმე პატარა შეკვეთა მოჰყვა ცნობილი სავაჭრო ცენტრებისგან. აღსანიშნავია, რომ დრაის ვან ნოტენი არ მუშაობს ოტ-კუტიურის კოლექციებზე და მისი სამოსი ცალობით იყიდება, ანუ, მას არ აქვს მასობრივი წარმოება. „გულუბრყვილო და სულელი კი არ ვარ, რომ მასობრივი ბიზნესი არ მინდოდეს. უბრალოდ, არ მომწონს იმ ნივთების გაყიდვა, რომელსაც მაღაზიაში არ გავყიდი“, – ამბობს დრაის ვან ნოტენი. შესაბამისად, ის ყიდის მხოლოდ იმას, რასაც ექსკლუზიურ, სახელობით მაღაზიებში გამოფენს. საინტერესოა, რომ, მაშინ, როდესაც ვან ნოტენი ანტვერპენში ცხოვრობს და მუშაობს, მისი სახელობითი მაღაზიები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წარმატებით იხსნება. შესაბამისად, გასული წლისთვის მის წლიურ ბრუნვას 30 მილიონი ევრო შეადგენდა. ვან ნოტენი უცნაური პიროვნებაა; უცნაურია თავისი შეხედულებებით, დამოკიდებულებებით როგორც ადამიანებთან, ისე საქმისა და სამოსის მიმართაც; ის არ აკეთებს რეკლამას; შთაგონებას იღებს ეთნიკური კულტურით – მის კოლექციებში ხშირად ნახავთ ნახატ ქსოვილებს. ალბათ, ამ ემოციებით იგი ყველაზე მეტად საკუთარ, უზარმაზარ ბაღში ივსება, როდესაც თავისი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გატაცებით – ყვავილების მოვლით არის დაკავებული.

რაც შეეხება დიზაინერის ახალ, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას: როგორც ყოველთვის, ვან ნოტენის ყოველი ახალი კოლექცია სხვებისგან გამორჩეული და განსაკუთრებულად ინდივიდუალურია. მას მოდის სამყაროში, ყველაზე ნაკლებად აინტერესებს ზოგადი ტენდენციები და ჩარჩოები, რომელსაც დიზაინერთა დიდი ჯგუფი ქმნის. მისი კოლექციის შემხედვარე, ხვდები, რომ მთელი მოდური ბრბო მას ელოდებოდა, ელოდებოდა მომენტს, როდესაც რომელიმე დიზაინერი ოდესმე ნათელს მოჰფენდა ყველა ქალის ერთ სურვილს – შეეხედა სამოსისთვის და ეთქვა: „ამაში მართლა მშვენივარდ წარმომიდგენია საკუთარი თავი“. პარიზში ამ აღმოჩენად იქცა დრაის ვან ნოტენი, რომელმაც „ქალების სპიკერის“ მანტია მოირგო მათ ყოველდღიურ ჩაცმულობასთან დაკავშირებით. მოდის ლექსიკონში, სიტყვები; „ყველასთვის მისაღები“ და „პრაგმატული“, შესაძლოა, „მოსაწყენის“ სინონიმად აღვიქვათ, თუმცა, დრაის ვან ნოტენმა, ურბანული ელეგანტურობის საიდუმლოს მიგნებით, ასეთი სინონიმების გაჩენას საფუძველშივე მოუღო ბოლო.

თხელი აბრეშუმის ქსოვილები საოცარ ჰაეროვნებას ქმნიდა პოდიუმზე. გრილი, მტვრისფერი ლაბადები, შორტები, ყოველდღიური, სადა შარვლები, ძალიან მაღალ ქუსლებთან, უზარმაზარ სამკაულებთან და უცნაურ სათვალეებთან ერთად სინთეზში, საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამ კოლექციაში ვან ნოტენს მისი საყვარელი ნახატი ქსოვილები აბსოლუტურად არ ჰქონდა გამოყენებული, ამჯერად მან აქცენტი გრაფიკულ ნახატებსა და ფერების გრადაციაზე გააკეთა. თეთრის, შავისა და ნარინჯისფერის მოკრძალებულ თამაშში ის ეცადა, ეკლექტიკურ-ეთნიკური ეფექტებისთვის ხაზი სამკაულებისა და ფეხსაცმლის საშუალებით გაესვა: უზარმაზარი ჯაჭვის სამაჯურები, დიდი ჯაჭვის მძივები უზარმაზარი რკინის ბურთულებით. კოლექციის ბოლო ნაწილში დიზაინერმა საღამოს ჩაცმულობასაც დაუთმო დრო, რომლითაც მოდის სამყაროში დააბრუნა ამერიკული სპორტული ელეგანტურობის ტრადიციული ცნება. უცნაურია, რომ სწორედ ბელგიელი აბრუნებს ამერიკული უბრალოების კლასიკურ გაგებას ევროპაში და ქალბატონებს მარტივი და, ამავე დროს, ძალიან გამორჩეული ჩაცმულობისკენ უბიძგებს.


скачать dle 11.3