კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ქმარს შვილის გამო ვერ ვეყრები

ამ წერილის მოწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვუთხრა ჩემს ქმარს (რადგან ვიცი, რომ უსაქმურობისგან მთელი დღე, თუ მთვრალი არ არის ან არ სძინავს, წევს და ჟურნალ-გაზეთებს კითხულობს ბიჭი – ერთობა). ის, რის პირდაპირ თქმასაც ვერ ვახერხებ თუ ვერ ვუბედავ, თან, აზრიც არ აქვს, რადგან, ჯერ ერთი, სწორად ვერ გაიგებს – არ აწყობს, რომ გაიგოს, მოსწონს ის ცხოვრება, რომელიც აქვს. თუმცა სულ მოთქვამს და წუწუნებს, რომ ბედი არ აქვს ცხოვრებაში, ასეთ ქალს (ანუ მე) რომ შემხვდა; რომ სხვებს ისეთი ცოლები ჰყავთ, რომლებმაც დიდი მზითევი მიიტანეს; რომ სხვებს სიმამრებმა ბინა ან მანქანა უყიდეს და ასე შემდეგ. ის კი აღარ ახსენდება, ჩვენი ერთად ცხოვრების ათი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, არასდროს გამოუჩენია ყურადღება არც ჩემ მიმართ, არც ბავშვის მიმართ. შეიძლება, ვინმემ რძლურ გამოსვლაში ჩამითვალოს, მაგრამ ნამდვილად ასე იყო წლიდან წლამდე და თვიდან თვემდე – თავისი ხელფასის ნახევარს დედამისს აძლევდა (მიუხედავად იმისა, რომ ისიც მუშაობდა და ყოველთვის სოლიდური ხელფასი ჰქონდა). ის კი თავის გათხოვილ და, სხვათა შორის, საკმაოდ მდიდარ ქალიშვილს უგზავნიდა. ოჯახის კვებაც და სხვა წვრილმანი თუ მსხვილმანი ხარჯებიც ჩემზე და ჩემს მშობლებზე იყო. ყველა სიკეთესთან ერთად, როგორც კი დედაჩემი და მამაჩემი რამე პროდუქტს მომიტანდნენ, ქმარიც და დედამთილიც მაშინვე გადაალაგებდნენ ნახევარზე მეტს, თან, საუკეთესოს ამოარჩევდნენ და ჩემს მულთან მიარბენინებდნენ – ენაცვალოს დედა, იმას უყვარს ძალიანო და ამას ჩემი მშობლების თანდასწრებით აკეთებდნენ, მათაც კი არ ერიდებოდნენ. მე თუ მიყიდდნენ რამე ჩასაცმელს, კოსმეტიკასა და სამკაულს, ან მე თვითონ თუ ვიყიდიდი ჩემთვის რამეს და გამოვაჩენდი, ერთ ამბავს ამიტეხდნენ ხოლმე – რაში ყრი ფულსო. ბევრჯერ ისეც მომხდარა, რომ რაღაც ნივთები ჩემი კარადიდანაც გამქრალა. თუ მოვიკითხავდი, ყელში მეცემოდნენ ხოლმე – რა წვრილმანობა და მეშჩანობაა, რა მოხდა, დასჭირდა გოგოს და მივეცითო. ჩემი დედამთილი ისე დაფოთარობდა ჩემს კარადებსა და უჯრებში, ჩემზე კარგად იმან იცოდა, სად რა მქონდა შენახული. ხომ ვიცოდი, რომ ამას აკეთებდა, მაგრამ ჩაკეტვას ვერ ვკადრულობდი. თვითონ კი ყველაფერი ჩარაზულ-ჩაგმანული ჰქონდა, გასაღებს პატარა საფულეში ინახავდა და ბალიშის ქვეშ ჰქონდა ამოდებული. თუ სადმე მიდიოდა, თან მიჰქონდა. ეს იმიტომ ვიცი ასე დაწვრილებით, რომ ერთხელ დამიძახა (თვითონ იწვა) და მთხოვა, ჩემი კარადიდან პირსახოცი გამომიღეო. კარი ჩაკეტილი რომ დამხვდა, მითხრა, მოიცა, გასაღები აქ მაქვსო და ბალიშის ქვეშიდან გამოიღო ის პატარა საფულე. გასაღები უკან რომ დავუბრუნე, საფულე ჩანთაში ჩადო და ჩანთა თავთან დაიდო – ხვალ სამსახურში რომ წავალ, სახლში არ დამრჩეს, ახლავე ჯობია, შევინახოო.

მოკლედ, რომელი ერთი გითხრათ, თუმცა, მთავარი უფრო სხვა რამეა. შეიძლება, ძუნწი გყავდეს ქმარი, მაგრამ, რაღაც წვრილმანებში მაინც გრძნობდე, რომ უყვარხარ – თავისებურად, ძუნწურად, მაგრამ რაღაც თბილი და თუნდაც ფიზიკური (ანუ დანახარჯების გარეშე) გრძნობა მაინც გააჩნდეს. მე კი ესეც არასდროს მიგრძვნია. ყველა სიკეთესთან ერთად, სულ შარის მიზეზს ეძებს და მაშინვე იმის ყვედრებას იწყებს, რომ თავის სახლში (ამ ორ სიტყვას, ათი წელია, განსაკუთრებით უსვამს ხაზს) მაცხოვრებს და რომ სიამოვნებით იცხოვრებდა ცალკე, რადგან ყველა (ანუ, მე და ბავშვი) ყელში ამოვუვედით. რამდენჯერმე ვუთხარი, დღესვე შევიტან განცხადებას და გავეყაროთ-მეთქი, მაგრამ ამას რომ ვეუბნები, რამდენიმე დღით ჩერდება ხოლმე, მერე კი იმავეს იმეორებს. აქამდეც გადავდგამდი ამ ნაბიჯს, მაგრამ ჩემი შვილია წინააღმდეგი. ჯერ სულ რაღაც 9 წლისაა და მაინც იმაზე ფიქრობს, ხალხი რას იტყვისო. ერთხელ კი ამ თითის ტოლა ბავშვმა მითხრა, კი ვიცი, რომ გიჭირს მამასთან ცხოვრება, მაგრამ, რომ გაეყარო, სულ მთლად აიშვებს, გალოთდება და მერე სად გავამხილო, რომ ლოთი მამა მყავსო. ამ პატარა ბავშვს ამდენი სადარდებელი გაუჩინა, მე კი ეს ყველაფერი უნდა ვითმინო. ჩემს მშობლებს არაფერს ვეუბნები, მაგრამ, ვგრძნობ, რომ დედაჩემი რაღაცეებს ხვდება, თუმცა ჯერჯერობით არაფერს მეუბნება.

კიდევ ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც საკმარისია. ვიცი, რომ ამ წერილს წაიკითხავს და, იმედი მაქვს, მიხვდება, რომ მე ვარ ავტორი, მიუხედავად იმისა, რომ სახელს ვცვლი. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, მომიტანოს ჟურნალი და მითხრას: ნახე, რა დღეში ჰყავთ ზოგიერთი ქალი ქმრებსა და დედამთილებს? შენ კი არ აფასებ, რომ ასეთი ანგელოზები შეგხვდითო.

ერთი რამე მაინტერესებს: ჩემს მულს თავისი ქმარი და დედამთილი ასე რომ ექცეოდნენ, თუ მოუთმენდა?!

ირმა, 32 წლის.



ჩემი ცოლი პრეტენზიული გახდა

ჩემი გასაჭირის შესახებ მინდა, გიამბოთ. ორი წელია, რაც ცოლი შევირთე. შვილი ჯერ არ გვყავს, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა ჩვენს ჰარმონიულ ურთიერთობას, რადგან ჩემი მეღლე საოცრად კარგი ხასიათის ქალი იყო: დამთმობი, უპრეტენზიო, სათნო. არც არაფერს ითხოვდა, არ ჭირვეულობდა, ყველაფერში მიგებდა. ისიც კი არ სწყინდა, თუ რამე მნიშვნელოვანი თარიღი დამავიწყდებოდა, არც რაიმეზე მებუტებოდა – საერთოდ არ იყო ბუტია. იცოდა, რა მსიამოვნებდა, რა მიყვარდა და სულ იმას ცდილობდა, რამით გავეხარებინე: ხან ჩემი საყვარელი კერძით, ხან ორიგინალური საჩუქრებით, ხან ფეხბურთის ან რაგბის ბილეთს დამახვედრებდა – ერთი სიტყვით, ზრუნვის სრული პაკეტი გარანტირებული მქონდა. ამიტომ, არც მე ვიყავი პრეტენზიული და მომთხოვნი ქმარი – თუ სახლის საქმეები მოთავებული ჰქონდა, არ ვუშლიდი, დაქალებთან ერთად სადმე წასულიყო. არც ეჭვიანობით ვაწუხებდი და არც ჩაცმა-დახურვაში ვზღუდავდი. ინტიმიც გეგმაზომიერი გვქონდა და არც შვილის „გაკეთებას“ ვჩქარობდით, რადგან, მიმაჩნდა, ჯერ არ ვიყავი საამისოდ მზად. რაღა დაგიმალოთ, არც ბავშვის ჭყივილით გათენებული ღამეების პერსპექტივა მხიბლავდა. ბავშვი კი არა, ისეთი დაღლილი ვბრუნდებოდი სამსახურიდან, თამუნასთან ერთად გასეირნების თავიც კი არ მქონდა ხოლმე – ვივახშმებდი და ტელევიზორთან წამოწოლასაც ვერ ვასწრებდი, მაშინვე მეძინებოდა. თამუნა ცდილობდა, გამოვეფხიზლებინე, მაგრამ, მერე თავს მანებებდა და ისევ საქმეებს უბრუნდებოდა. ორი-სამი საათის შემდეგ, დაახლოებით, ღამის 9-10 საათზე მეღვიძებოდა და ჩემს ძმაკაცებთან მივდიოდი გულის გადასაყოლებლად, ან ისინი მოდიოდნენ ჩემთან და ცოტას გავერთობოდით ხოლმე.

თამუნას ძალიან უნდოდა შვილი, მაგრამ მე ვარწმუნებდი, რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა და ბავშვის გაჩენამდე ცოლ-ქმარმა უკეთ უნდა გაიცნოს ერთმანეთი-მეთქი. თავიდან ისიც მეთანხმებოდა, მაგრამ ერთ დღეს გამომიცხადა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეუძლია და თუ რადიკალურად არ შევცვალეთ რამე, ჩემთან ცხოვრება გაუჭირდება. სახტად დავრჩი. ვერ გავიგე, რა უნდათ ამ ქალებს, რატომ არიან ყოველთის და ყველაფრის უკმაყოფილოები. სულ მეგონა, რომ ჩემი ცოლი სხვა ქალებისგან განსხვავდებოდა, არ იყო მათსავით მეშჩანი, პრეტენზიული და მომთხოვნი, მაგრამ, თურმე, ვცდებოდი. ამ ბოლო დროს თამუნამაც დაიწყო წუწუნი, რომ მასაც უნდა ქმართან ერთად სადმე წასვლა, უნდა ნორმალური ტანსაცმელი, დაბადების დღეზე და 8 მარტს – ყვავილები და სუნამო და, სხვათა შორის, არც სამკაულზე იტყოდა უარს, რომ აღარაფერი ვთქვა ზაფხულსა და ზამთარში კომფორტულ დასვენებაზე. ერთი სიტყვით, ჩემი ცოლიც ჩვეულებრივი ქალი აღმოჩნდა. მართალია, იმის ფინანსური პრობლემა კი არ არის, რომ გუდაურში ან ბათუმში გავუშვა, მაგრამ ვერ გამიგია, რატომ უნდა დახარჯოს კაცმა ტყუილუბრალოდ ამდენი ფული, როცა ისეთი სოფელი მაქვს, რომ ზამთარშიც და ზაფხულშიც საუკეთესოა დასასვენებლად. მართალია, იქ ტუალეტი გარეთ არის, არც აბაზანაა მოწყობილი და ჭაც ეზოს ბოლოშია, მაგრამ სამაგიეროდ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია და ჰაერია გადასარევი. დედაჩემიც მარტოა იქ მთელი წელიწადი და იმასაც ხომ უნდა ხმის გამცემი! ჩემს სოფელში სულ 10-15 კომლია დარჩენილი, თანაც, ძირითადად, მოხუცები. მე იმათი ნერვები სად მაქვს, თანაც, კაცი ვარ და მიჭირს სიტუაციის შეცვლა. თამუნა კი ქალია და ასე არ გაუჭირდება. თან, იქ ისეთი სიჩუმე და სიწყნარეა, დღე ისე გაივლის, შეიძლება, ოჯახის წევრის გარდა, ადამიანს ვერ მოჰკრა თვალი. დასვენება თუ უნდა, უკეთეს ადგილას სად წავა, მაგრამ არა, თავის თავქარიანი დაქალების ფეხის ხმას აჰყვა და მაინცდამაინც ხალხმრავალ და ხმაურიან ადგილას ნებავს დასვენება. მოინდომა ქალბატონმა მარაქაში გარევა!

ერთი სიტყვით, ჩემი ბედნიერი ოჯახი, მგონი, დანგრევის პირასაა. ზუსტად ვიცი, ვერ გავქაჩავ ყურადღებიანი და ყურებამდე შეყვარებული, ხელგაშლილი და მზრუნველი ქმრის როლს. სიმართლე გითხრათ, არც მიმაჩნია საჭიროდ. მე ცოლი იმიტომ მინდოდა, რომ აქეთ ეზრუნა და მოევლო, თორემ, მე თუ დავდექი ყურებზე და თან გადავყევი, ეგ რაღა გამოვიდა.

თავიდან ვფიქრობდი, დავლაპარაკებოდი თამუნას და დამერწმუნებინა, რომ ცდებოდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. გაიძახის, მეც ქალი ვარ და მეც მინდა ყურადღება და ზრუნვაო. ახლანდელ გოგონებს ერთი რამ ვერ გაუგიათ: ქალი რომ გათხოვდება, ის ქალი კი აღარ არის, ცოლია, ოჯახის დიასახლისი და სხვა ყველაფერი უნდა დაივიწყოს. ჩვენი მშობლების თაობამ ეს კარგად იცოდა და ამიტომაც ჰქონდათ მყარი ოჯახები. რომ გაიძახის ეს ჩემი ცოლი, მთელი დღე მარტო ვარ, ხმის გამცემი არ მყავს, ჩემთვის არასდროს გცალიაო. სამსახურიდან რომ ვბრუნდები, ვახშმობის დროს ხომ ველაპარაკები – ვეკითხები, რა მოამზადა ვახშმად ან სადილად, ვინმემ ხომ არ დამირეკა და ასე შემდეგ. ვერ გავიგე, მეტი რა უნდა. არ შია, არ სცივა, არ სწყურია. მოწყენილი თუა, ჩართოს ტელევიზორი ან კომპიუტერს მიუჯდეს. შარზე რომ იქნება ადამიანი, თორემ, გასართობის მეტი რა არის. თუ ამდენს ვერ ხვდება, კალთებს არ დავახევ, წავიდეს, როგორმე მოვძებნი ისეთ ქალს, ვისაც არაფრის პრეტენზია არ ექნება.

ოთარი, 35 წლის.



უფულობის გამო

ცოლი ვერ მომყავს

ნათქვამია, „ფულიანი კაცი ერთხელ კვდება, უფულო კი მუდამ მკვდარიაო“. სავსებით ვეთანხმები. არ მინდა, მკითხველებს ფულზე შეყვარებული კაცი ვეგონო, მაგრამ ცხოვრებამ განაპირობა ის, რომ დაბადებიდან ლტოლვილის სახელს ვატარებ. ერთ დროს სოხუმში ჩემი მშობლები კარგ მაცხოვრებლად ითვლებოდნენ, მაგრამ ომის მერე ავიყარეთ იქიდან ათასობით მოსახლე და დავრჩით მთავრობის იმედად. ზოგმა იხეირა და მერე ისე მოაწყო საქმე, რომ ლტოლვილს ნამდვილად არ ჰგავს. მე და ჩემი ორი და-ძმა ერთ-ერთი ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ვცხოვრობთ, ვწვალობთ და ასე საწყლად გაგვაქვს თავი, მაგრამ მარტო საჭმლის ჭამა ხომ არაა ეს ცხოვრება?! 24 წლის ბიჭი ვარ და მეც მინდა, რამეს მივაღწიო ცხოვრებაში, უფულობა კი ყველაფერში ხელს მიშლის, მაყოვნებს. კი ვმუშაობ მშენებლობაზე, მაგრამ ეს სამუშაოც დროებითია და, რასაც მაძლევენ ხელფასის სახით, ის გზის ფულად მჭირდება. თან, უკვე სამი თვეა, ერთი ლამაზი გოგო გავიცანი, შემიყვარდა კიდეც, მაგრამ, რად გინდა. ის გოგო დედისერთაა და გათამამებულია მშობლებისგან, რომ გაიგო, ლტოლვილი ვარ და ბინა არ მაქვს, ცხვირი ამიბზუა. მითხრა, მე კი მომწონხარ, მაგრამ, ჩემი მშობლები უბინაოზე და ღარიბ ბიჭზე არ გამათხოვებენო. დედამისს უთქვამს, თუ შეძლებულს და კარგი ოჯახის შვილს არ წაყვები, შენს ზრუნვაზე ხელს ავიღებთ და, მერე, რომ მოგშივდება, შენს თავს დააბრალეო. ეს გოგო რამდენჯერმე დავპატიჟე კაფეში. ახლა მითხრა, რესტორანში როდის დამპატიჟებ, მინდა, ჩემი დაქალებიც გაგაცნოო. ახლა, ძვირად ღირებულ რესტორნებში სიარული თუ მომთხოვა, ცხადია, ვეღარ დავპატიჟებ. ამის გამო დავკომპლექსდი და აღარ მჯერა, რომ მოვწონვარ. გოგოს თუ პატივი არ ეცი, საჩუქრები არ აჩუქე და სიურპრიზები არ მოუწყვე, მაშინ უყურადღებობას დაგაბრალებს და ისედაც ნაკლები შანსი გექნება მისი მოხიბვლის. აღარ მინდა, მასზე ბევრი ვიფიქრო. ისედაც ვიცი, რომ ჩვენ შორის არაფერი მოხდება, მას ცოლობას ვერ ვთხოვ, რადგან ღარიბი ვარ. რომ მოვიყვანო ცოლად, სად წავიყვანო? როგორ ვარჩინო? ჩემი თავი ძლივს მირჩენია და, მით უმეტეს, განებივრებული გოგოს მოვლა-პატრონობა მძიმე ტვირთია. მისი მშობლების კი არაფერი არ მინდა. თავმოყვარე კაცისთვის დამამცირებელია, ვიღაცის გადმოგდებული გროშების იმედად ყოფნა, არადა, რა ვქნა, არ ვიცი. მართლა ძალიან მიყვარს ია, ასე ჯერ არავინ მყვარებია, მაგრამ ვერაფერს ვეუბნები. ის წესიერი გოგოა და ჩემი საყვარელი არ გახდება, ისე კი მის ცოლად მოყვანას ვერ შევძლებ. ვიტანჯები, როცა მას ვერ ვხედავ. რა გზას დავადგე, არ ვიცი, ხომ არ ვიყაჩაღებ, რომ ფული ვიშოვო და დავოჯახდე?! ჯერჯერობით გამოსავალს ვერ ვპოულობ, არადა, ამ დღეში მარტო მე არ ვარ. უფულობის გამო ზოგადად ჭირს ოჯახების შექმნა, ეს მარტო ჩემი კი არა, ერის ტრაგედიაცაა. მე ასე მგონია.

გურამი, 24 წლის.



სიმთვრალეში გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი

ერთ დღეს მეგობრებმა ფული შევაგროვეთ და გადავწყვიტეთ, რესტორანში მოგველხინა. დიდი შემართებით ვემზადებოდით ყველანი დავიპრანჭებოდით, რომ კარგ ფორმაში ვყოფილიყავით. თან ვიცოდით, რამდენიმე უცხო ბიჭიც უნდა შემოგვმატებოდა სუფრაზე და ამაზე ვხუმრობდით, იქნებ, ვინმეს ბედიც გაგვეხსნასო. მე დალევას ვერიდებოდი, რადგან ზედმეტი ალკოჰოლის მიღებისას რამდენჯერმე ცუდად გავხდი და დავიფიცე, ამიერიდან ერთ ჭიქასაც არ გავეკარები-მეთქი. ასეც ვაპირებდი, მაგრამ, ვინ მომასვენა! დაქალები გადამეკიდნენ, ხომ ხედავ, ყველანი ვსვამთ და ასე ხომ არ იჯდები კოპებშეკრულიო. რამდენჯერმე კი ვიუარე, მაგრამ, ისე გადამეკიდნენ, ძალით დამალევინეს სამი ჭიქა კონიაკი. მერე კი ჩემი სურვილით მივამატე და მაგრად დავთვერი. სუფრაზე ოთხი უცხო ყმაწვილი შემოგვემატა, მათგან ერთი – დაქალის ბიძაშვილი, დანარჩენები კი მისი ძმაკაცები იყვნენ. მერე ბიჭებმაც დაიწყეს სმა. მოკლედ, კარგად გავმხიარულდით, არც ცეკვაზე ვთქვით უარი და, რომ იტყვიან, ყველანი ჩვენს ჭიას ვახარებდით. სტუმრებიდან ერთი ბიჭი მომიჯდა გვერდით, ბევრი ვიცეკვეთ, მე ვგრძნობდი, რომ წონასწორობას ვკარგავდი. ის ბიჭი რომ მეხუტებოდა და მკოცნიდა, მეც ვპასუხობდი – ინერციით ვმოქმედებდი, რადგან სასმელმა მეტად გამათამამა და წინააღმდეგობის უნარიც აღარ მქონდა. ის ბიჭი ჯერ ნაზად, მერე კი აღარ ერიდებოდა, ყველას დასანახავად ტუჩებში მკოცნიდა გაშმაგებით. მეც მსიამოვნებდა ეს პროცესი და არ ვუშლიდი. მერე, მახსოვს, სასმელი კიდევ დამაძალეს და იმის დალევის მერე ბუნდოვნად მახსოვს, იქ რა მოხდა: იმ უცხო ბიჭმა გარეთ გასეირნება შემომთავაზა, მეც გავყევი. მერე თავის მანქანაში ჩამსვა და კვლავინდებურად ფერება დამიწყო. მიჭირს დეტალებში ყველაფრის მოყოლა. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ვეღარ ვაზროვნებდი, რას ვაკეთებდი. როცა აზრზე მოვედი, მივხვდი, რაც მომხდარიყო. იმ ღამეს ორივეს ერთად გვეძინა მანქანაში, მე კი ტანსაცმელი ნახევრად შემოხეული მქონდა. კი შემოვირტყი თავში ხელი, მაგრამ, უკვე გვიან იყო. მეწყინა, რომ ვიღაც უცხო, მთვრალ კაცს ჩავაბარე ქალიშვილობა. პანიკაში ჩავვარდი, ჩივილს ვაპირებდი მისთვის, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან ამ საქმის გახმაურება არ მაწყობდა, მით უმეტეს, რომ ძალით არ გამაუპატიურა, მე ვიყავი მთვრალი და ეს ინციდენტი ჩემი სიმთვრალის გამო მოხდა. ეს ამბავი მარტო ჩემს დაქალს ვუთხარი. არც მინდოდა, რომ ეს ამბავი ჩემს მშობლებს გაეგოთ, ვერც კი წარმოვიდგენ, რა მოხდებოდა. იმ ბიჭს შეეშინდა და მითხრა, თუ გინდა, ცოლს გავშორდები და შენ მოგიყვან, ოღონდ ციხეში არ გამიშვაო. მე დავამშვიდე, არ მინდოდა სხვის უბედურებაზე ჩემი ბედნიერება ამეგო, მით უმეტეს, კარგა ხანია, სხვა მიყვარდა. ახლა ვარ გაურკვევლობაში. მყავს ძალიან ეჭვიანი და აზიატი შეყვარებული. რომ გაიგოს, რომ ქალიშვილი აღარ ვარ, ვფიქრობ, ცოლად არ მომიყვანს. რაღაც მომენტში, კი დავაპირე, მეთქვა, რაც თავს გადამხდა, მაგრამ, არ დამიჯერებდა, რომ ეს მხოლოდ ერთხელ და, თანაც, სიმთვრალეში მოხდა.

თაკო, 22 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3