კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (118)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

როგორ უბოძა ყვარყვარე ჯაყელმა საქართველოს დარბევისთვის ლორეს მხარე თეთრბატკნიანთა ბელადს და რატომ არ ხიბლავდა მას ქვეყნის ერთიანობის იდეა


ყვარყვარე მეორე ჯაყელი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ჯაყელთა საგვარეულოდან, რომელმაც გაითქვა სახელი თავისი ნიჭით, შეუპოვრობითა და ენერგიით, თუმცა, მან ეს თვისებები საკუთარი ძალაუფლების მოხვეჭასა და საქართველოს სამეფო სამთავროებად დაშლას მოანდომა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მირიან მახარაძე, გვიამბობს, როგორ გაატარა ჯაყელმა ტყვეობა საქართველოს მეფის კარზე და მოგვიანებით როგორ მოუწია თვით ამ მეფეს ყვარყვარეს ციხეში ჯდომა. რატომ აჩუქა ქართული მიწა თეთრბატკნიანებს, როდის შეეკრა ოსმალებს და რისთვის მოინდომა მან სამცხის ეკლესიის ერთიანი ქართული ეკლესიისგან გამოყოფა, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


მირიან მახარაძე: ყვარყვარე მეორე 1451 წლიდან გამოდის პოლიტიკურ ასპარეზზე. თუ ერთ პატარა შუალედს არ ჩავთვლით, მან დაახლოებით 1498 წლამდე მართა სამცხე-საათაბაგო. თავდაპირველად ყვარყვარე არ ყოფილა სამცხის გამგებელი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ეს თანამდებობა მის ბიძას, ზოგიერთის მიხედვით კი, მის ძმას – აღბუღას ეკავა. ყვარყვარე მეორე დაუპირისპირდა აღბუღას, ამ უკანასკნელმა კი დახმარებისთვის იმდროინდელ საქართველოს მეფეს – გიორგი მერვეს მიმართა.

– დაეხმარა თუ არა გიორგი მერვე აღბუღას?

– მეფე გიორგი გაემართა აღბუღას დასახმარებლად, მაგრამ ბრძოლა არ დასჭირდათ, რადგან ყვარყვარემ იფიქრა, რომ მეფის მორჩილებით მის კეთილგანწყობას მოიპოვებდა და სამცხის ათაბაგობას მეფე მას უწყალობებდა. თუმცა, გიორგი მერვემ ათაბაგობა კვლავ აღბუღას არგო, ხოლო ყვარყვარე თავის სასახლეში წამოიყვანა და საპატიო ტყვეობაში მოაქცია.

– რამდენ ხანს იმყოფებოდა ყვარყვარე საპატიო ტყვეობაში?

– მისი ტყვეობა აღბუღას გარდაცვალებამდე გაგრძელდა. აღბუღას გარდაცვალების შემდეგ კი მეფე გიორგიმ სამცხის ათაბაგობა არა აღბუღას მემკვიდრეს, არამედ მის საპატიო ტყვეს არგუნა. მიუხედავად ამ პატივისა, ყვარყვარე მეორე მაინც გულნატკენი იყო მეფეზე და გათავისუფლებისთანავე დაადგა საქართველოსგან ჩამოშორების გზას. ის ყველა ხერხით ცდილობდა, ანტიქართული საქმე ეკეთებინა. მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვა ისეთი მოვლენები, როგორიც იყო ბიზანტიის იმპერიის დაცემა-განადგურება (1453 წელი) და ტრაპიზონის სამეფოს გაუქმება (1461 წელი). ყვარყვარე კარგად ხედავდა, რომ საქართველოდან განდგომის ერთ-ერთი გზა სამცხის ეკლესიის დედაეკლესიიდან გამოყოფა იყო.

– მან ეს შეძლო?

– მან საქართველოს ეკლესიის ერთიანობის დაშლა ვერ მოახერხა, რადგან, გამოაცხადა თუ არა სამცხის ეკლესიამ დამოუკიდებლობა, ქართლის კათოლიკოსმა დავით მეოთხემ მიმართა იქაურებს, რომ შეაჩვენებდა ერსაც და ბერსაც – ყველას, ვინც ყვარყვარეს გზას დაადგებოდა. ხალხი შეშინდა და ყვარყვარეს ეს გეგმა ჩაიშალა.

– ამის შემდეგ კიდევ რომელი ანტიქართული საქმის ჩადენა განიზრახა ჯაყელმა?

– მართალია, ეკლესიის ერთიანობა ვერ დაარღვია, მაგრამ საქართველოს ერთიანობას სამცხის მთავარი ნამდვილად გაემიჯნა და ბოლო მოუღო კიდეც.

– როგორ მოახერხა მან ეს?

– ყვარყვარე არის ის ფიგურა, რომელიც არამარტო თავისი მხარის გამოყოფას ცდილობს საქართველოსგან, არამედ, მთლიანად საქართველოს დაშლა-დაქუცმაცებასაც კი უწყობს ხელს. ის თავის ერთ-ერთ წერილში, რომელიც ბურგუნდიის დუკისადმი, ანუ მთავრისადმია გაგზავნილი, აღიარებს: საქართველოში, გიორგი მერვის გარდა, არის კიდევ რამდენიმე დამოუკიდებელი მთავარი და მეფეც. მაგალითად, იგი გიორგი მერვეს უწოდებს „მცირე იბერიის მეფეს”, ბაგრატს – „საქართველოში ქუთაისის მეფეს”, ხოლო საკუთარ თავს – „საქართველოსა და ქარციხის ჰერცოგს”. ახსენებს აგრეთვე ანაკოფიასა და სამეგრელოს დამოუკიდებელ მთავარს. ყოველივე აქედან ჩანს, რომ ყვარყვარეს საქართველოს ერთიანობის იდეა, მის მფარველობის ქვეშაც, რომ ყოფილიყო, მაინც არ ხიბლავს.

მანტუაში დაგეგმილ შეკრებაზე, ყვარყვარე თავის პირად ელჩს გზავნის, რომელსაც მოგზაურობა გიორგი მერვის ელჩთან ერთად მოუწია. ყვარყვარე ყველა ძალას იყენებს თავისი მიზნის მისაღწევად: საქართველოს მეფის წინააღმდეგ, იგი თეთრბატკნიანთა მბრძანებელს, უზუნ ჰასანს (გრძელი ჰასანი) ეპატიჟება სალაშქროდ. იგი მას დახმარებას აღმოუჩენს, რის გამოც ყვარყვარე გულუხვობას იჩენს და ამისთვის ლორეს მხარეს სჩუქნის. ეს მოხდა 1462 წელს. თუმცა, საინტერესოა, რომ ლორეს მხარე აღნიშნულ პერიოდში არა ყვარყვარეს, არამედ გიორგი მერვის სამფლობელოში იყო. ლორე 1491 წლამდე თეთრბატკნიანთა შემადგენლობაში შედიოდა და მხოლოდ კონსტანტინე მეორემ შეძლო მისი დაბრუნება და დედასამშობლოსთან შემოერთება.

– როგორც ცნობილია, მომავალში ყვარყვარესა და უზუნ ჰასანს შორისაც აირია ურთიერთობა.

– ეს ლორეს გაჩუქებიდან რამდენიმე წელში მოხდა. ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ უზუნ ჰასანს თვითონ არ აწყობდა ყვარყვარეს გაძლიერება, რადგანაც ამ პერიოდში ყვარყვარე ჯაყელს უკვე თვითონ ჰყავდა საქართველოს მეფე ტყვეობაში. მართალია, თავდაპირველად ყვარყვარე იყო გიორგი მერვის საპატიო ტყვე, მაგრამ შემდგომში საქართველოს მეფეს ნამდვილად არ რგებია ყვარყვარესგან საპატიო ტყვეობის პატივი – იგი ჯაყელის ტყვეებს შორის ერთ-ერთი იყო, რომელიც ჩვეულებრივ ციხეში იჯდა.

საიდუმლოებით არის მოცული ყვარყვარეს ათაბაგობიდან ჩამოშორება და მისი შვილის – ბაადურის გაათაბაგება. ჩემი აზრით, ეს სამცხეში უზუნ ჰასანის შემოსევას უნდა უკავშირდებოდეს. აგრეთვე, საიდუმლოებით არის მოცული ბაადურის უეცარი სიკვდილი და ყვარყვარეს ხელმეორედ გაათაბაგება. მიუხედავად რამდენიმეჯერადი ლაშქრობისა, ყვარყვარე მაინც არ ემორჩილება უზუნ ჰასანს. მაგალითისთვის ერთი წერილიც საკმარისია. ვენეციელი მისიონერის – ძენოს გადმოცემით, უზუნ ჰასანის ცოლი, დესპინა ხათუნი (ტრაპიზონის იმპერატორის – კალო იოანეს შვილი), მიუთითებს თავის ქმარს, რომ ყვარყვარეს გაუგზავნოს წერილი და მოსთხოვოს მასთან ერთად ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოსვლა. თუ საქართველოს მეფეები – კონსტანტინე მეორე და ალექსანდრე პირველი – მზად არიან, უზუნ ჰასანთან ერთად ებრძოლონ ოსმალებს, ყვარყვარე, ამის საპასუხოდ, ოსმალთა სულთანს – მეჰმედ მეორეს უკავშირდება და ნებაყოფლობით ხარკსაც კი უგზავნის, რითაც იგი აღიარებს, რომ მისი მფარველი არა უზუნ ჰასანი, არამედ ოსმალეთია. ოსმალეთთან დაახლოებამ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, გამოიწვია ტაო-კლარჯეთის მიწის დედასამშობლოსგან ჩამოშორება და ოსმალეთის იმპერიის მიერ უბრალო პროვინციად გადაქცევა. ყვარყვარე ჯაყელის ასე გაძლიერებას, მისი ამბიციებისა და გულღრძოობის გარდა, ხელს უწყობდა თვითონ სამცხის მდებარეობაც.

– რას გულისხმობთ?

– სამცხე იყო ძალიან მიმზიდველი მხარე, უზარმაზარი საძოვრებით, ამ პერიოდში საქართველო გარშემო მხოლოდ თურქმანული ტომებით იყო დასახლებული, რომელთა უპირველეს მიზანს საძოვრების მოპოვება წარმოადგენდა. ამიტომ ყვარყვარე ზოგიერთ ტომს ნებას აძლევდა, შემოსულიყო სამცხეში, მიეცა მათთვის საძოვრები, რომლშიც იგი ფულსა და მათ მიმხრობას იღებდა საზღაურად.

გარდა ამისა, სამცხე საქარავნო გზის ფუნქციასაც ასრულებდა. ოსმალთა მიერ ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ, ყვარყვარეს ქვეყანა ერთადერთი იყო, რომელიც აღმოსავლეთს შავ ზღვასთან აკავშირებდა. სატრანზიტო გზა ყვარყვარე ჯაყელს დიდ მატერიალურ მოგებას აძლევდა. მაგალითისთვის მოგიყვანთ თეთრბატკნიანთა ისტორიკოსის – იბნ რუზბინახის ცნობას, რომელიც წერს: თეთრბატკნიანთა მბრძანებლის – იაყუბის ლაშქრობის დროს, სამცხეში მოპოვებულმა განძმა სახელმწიფო სალაროს სახით, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბაო. დაუთვლელი იყო ის ლალის ქვები და განძეულობა, რაც თეთრბატკნიანებმა ნახეს. თუმცა, აქვე, აღნიშვნის ღირსია, ყვარყვარეს უჩვეულო საქციელი: იაყუბის ლაშქრობამდე, მცირე ხნით ადრე, ყვარყვარე თეთრბატკნიანებისგან თავის დაღწევასა და მორიგებას, სულ რაღაც ორი ცალი ლალის თვლით ლამობდა.

სამცხის მთავარი იმდენად გაძლიერდა, რომ ფულს ჭრიდა თავისი სახელით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფულის მოჭრა მხოლოდ მეფის ან დამოუკიდებელი მმართველის პრეროგატივა იყო. მეთხუთმეტე საუკუნეში, უკვე მეფის კარზეც კი, ძალიან იშვიათად იჭრებოდა ფული. ყვარყვარეს მიერ ფულის მოჭრა პირდაპირი მინიშნება იყო იმისა, რომ სამცხე ფაქტობრივად, საქართველოს აღარ წარმოადგენდა.

– რა არის ცნობილი ყვარყვარეს პირადი ცხოვრების შესახებ?

– ამის შესახებ ცნობები საკმაოდ მცირეა. ვიცით მხოლოდ, რომ ყვარყვარე ჯაყელი 72 წლის იყო, როდესაც გარდაეცვალა მეუღლე – დედისიმედი, რომელთანაც მას რვა შვილი ჰყავდა. 73 წლის ასაკში სამცხის მთავარმა მეორე ცოლი – ნესტან-დარეჯანი შეირთო და მასთან შეეძინა კიდევ ოთხი შვილი. ყვარყვარე ჯაყელი 82 წლის ასაკში, 1498 წელს გარდაიცვალა. რაც სურდა, მან ყველაფერს მიაღწია, სამწუხაროდ, თავისი ცხოვრებით მან ისტორიაში ანტიგმირის სახელი დაიმკვიდრა. აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნე იყო გასული, სამცხეს კი მეზობელი სახელმწიფოები კვლავ „ყვარყვარეს ქვეყნად” მოიხსენიებდნენ.


скачать dle 11.3