კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

სტვენით აშენებული „გაის“ უფროსის სახლი, ინფარქტგადასატანი მოძალადე თამადა და კახი კავსაძისთვის განდობილი უცნაური თხოვნა


დათო როსტომაშვილისთვის, თბილისელობა ერთგვარი თანამდებობაა, ქალაქი თბილისი კი ერთი დიდი ისტორია. ის ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა, უამრავი მეგობარ-ნაცნობი შეიძინა, დღესაც ამ ქალაქში ცხოვრობს და მუშაობს. როგორც თავად ამბობს, ამ ქალაქში ისეთი წესებია, რომელიც არსად წერია, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა და რომელსაც, უბრალოდ და უსიტყვოდ უნდა დაემორჩილო კაცი.


ინფარქტგადასატანი მოძალადე თამადა

ქართველები არა მარტო ნიჭით, სიტყვა-პასუხით და სიყვარულის გრძნობით, არამედ სმის წესებითაც გამოვირჩევით. სად ნახავთ სუფრას, სადაც ლამფის შუშიდან, „კალოშიდან“, ნათურიდან, კრამიტიდან, „ტუფლიდან“ და ასეთი სხვა ორიგინალური და უცნაური სასმისებიდან სვამენ ღვინოს? – ვერსად. აქ, თამადობაც ერთგვარი სტატუსი და თანამდებობაა და ეს პატივი, გამორჩეულ ადამიანებს ხვდებათ ხოლმე წილად. ქართველებს სუფრასთან ერთი გამორჩეული წესიც გვაქვს. კერძოდ, თუ სუფრის რომელიმე წევრი ღვინის სმას არიდებს თავს, თამადამ მის წინააღმდეგ ისეთი სანქცია უნდა დააწესოს, რომ არც გული ატკინოს, არც სიტყვა მოაბრუნებინოს და სასმელიც უსიტყვოდ დაალევინოს. მოკლედ, თბილისში ერთი გამორჩეული თამადა იყო. ნამდვილი კოლორიტი. ერთ-ერთი ქეიფის დროს, სუფრასთან, შეამჩნია, რომ სტუმარი არ სვამდა. ჰკითხა, რატომ არ სვამო. იმან მხრები აიჩეჩა, ვერ ვსვამ ბატონოო. თამადა ჩაეძია, რას ჰქვია ვერ სვამ, რა გჭირსო. იმანაც უპასუხა, აკრძალული მაქვს ბატონო, დალევაო. არ მოეშვა თამადა, გინდა თუ არა, ეს ყანწი უნდა გამომართვა და დალიოო. სტუმარმა მოუბოდიშა: მით უმეტეს, მაგ ყანწს ვერ დავლევ, თამადა ბატონო, ინფარქტი მაქვს გადატანილიო. თამადამ ხელები გაშალა: გადამრევ, მე შენ, ძმაო, შენ გადატანილი გქონია და მე ჯერ გადასატანი მაქვს, მაგრამ ხომ ხედავ, მაინც ვსვამო.

„უსწავლელი“ ლევან სანიკიძე და „ნასწავლი“ ინსპექტორის დარიგება

თბილისში კი არა, მთელ საქართველოში, ვინ არ იცნობდა მწერალ, ისტორიკოს, პროფესორ და ნამდვილ ქართველ კაცს, ლევან სანიკიძეს. მას ყველა პატივს სცემდა. ერთხელაც, მანქანით მოდიოდა. გზაში კოკისპირულმა კი არა, „ვედრისპირულმა“ წვიმამ მოუსწრო. მოგეხსენებათ, იმ დროს „გაიშნიკებს“ თავისი პოსტები ჰქონდათ, სადაც მოუნდებოდათ იქ ატარებდნენ რეიდს. ისხდნენ თბილად მანქანაში, ერთს „ჩაუსტვენდნენ“, „აახევდნენ“ ფულს მძღოლს და გზასაც არ დაგილოცავდნენ. მოკლედ, ისე წვიმს, რომ მანქანის შუშიდან წყლის გადარეცხვას ვერ ასწრებენ „დვორნიკები“, ანუ მეეზოვეები, როგორც ხუმრობით უწოდებენ მათ მძღოლები. გაიხედა ლევანმა და „გაიშნიკმა“ ფარები აუნთო. გასცდა მის მანქანას, მაგრამ იფიქრა, ახლა ამან რაციით არ გადასცეს თავის კოლეგას, არ გამაჩერონ და შარი არ მომდონო, გააჩერა მანქანა და უკან დაიხია. გადმოვიდა მანქანიდან და სანამ ინსპექტორის მანქანასთან მივიდა სულ მთლად დასველდა. ინსპექტორს ფანჯარა ისე ჰქონდა ჩამოწეული, რომ მარტო საბუთები და ფული შეეტეოდა. ლევანმა შეაცურა საბუთები ჩაწეულ ფანჯარაში. გავიდა ერთი წუთი, ორი წუთი... ხუთი წუთი, ექვსი წუთი... და, ინსპექტორი არ ცდილობს საბუთების უკან დაბრუნებას, ზის თბილად მანქანაში და მშვიდად ათვალიერებს მართვის მოწმობას. ლევანმა მოკრძალებით და თავაზიანად უთხრა: ხომ არ დამირღვევია მოძრაობის წესები, თან ხომ ხედავ, თავიდან ფეხებამდე დავსველდი, თუ შეიძლება გამიშვიო. ინსპექტორმა ამოხედა, წარბი ასწია და მკაცრი ტონით უთხრა: გესწავლა ბატონო და აქ იჯდებოდიო.

ფულიანი „გაის“ უფროსი, ენაგრძელი სიდედრი და სტვენით აშენებული სახლი

ცნობილი ენაკვიმატი „გაის“ უფროსი იყო ბატონი გია. ადრე ინსპექტორად იყო ნამუშევარი და რაც იმას უსტვენია და ფული უკეთებია, ვინ მოთვლის. ერთხელაც, სახლში სტუმრად ჰყავდა სიდედრი. დიდად არ ეპიტნავებოდა მისი სტუმრობა, მაგრამ ცოლის ხათრით იტანდა. ერთ დილასაც ადგა, აბაზანაში შევიდა და წვერის პარსვა დაიწყო. თან ჩვევად ჰქონდა ამ დროს სტვენა. სიდედრმა უსმინა, უსმინა და ბოლოს უთხრა: რა არის, კაცო, დგახარ და უსტვენ, არ იცი, ძველი გამოთქმაა, სახლში სტვენას უფულობა მოაქვსო. გაბრაზდა გია და მიაძახა: ქალო, რომ დამდგარხარ და მორალს მიკითხავ, ამხელა სახლში რომ დაპარპაშებ, სწორედ მაგ სტვენით მაქვს აშენებულიო.

სუხიშვილის „ცოლი“ – ოთარ რამიშვილი

ამ ქალაქის ერთ-ერთი ნამდვილი და გამორჩეული კოლორიტია ოთარ რამიშვილი, რომელსაც ყველა სცნობს, ყველას უყვარს და ნებისმიერ ოჯახში სასურველი და პატივსაცემი სტუმარია. ერთხელ, ოთარი გააჩერა პატრულმა. ოთარი, როგორც ყოველთვის, ნასვამი იჯდა საჭესთან, იფიქრა, ეტყობა, ვერ მიცნეს, შორს გავაჩერებ მანქანას და ვეტყვი, ვინც ვარო. ასეც მოიქცა. გააჩერა შორს მანქანა, ჩასწია ფანჯარა, გადმოყო თავი და დაუყვირა პატრულს: ბიჭებს გაუმარჯოს, ბიჭებს, რამიშვილი ვარ, რამიშვილიო. პატრულმა შორიდან მიაძახა, რომელი რამიშვილიო. ოთარი გაბრაზდა: რომელი რამიშვილი და სუხიშვილის ცოლი, შენი დედაო.

„უცნობი“ სტუმრით

გადარეული ჯემალ ბაღაშვილი

ჯემალ ბაღაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ჭკუა მოეკითხება. მისი რეპუტაცია ნამდვილი აკადემიაა და ერთი სიტყვით, მასთან ურთიერთობა ერთ რამედ ღირს. ერთხელ, რეპეტიცია გვაქვს ფილარმონიაში. მდივანი შემოვიდა და უთხრა: ბატონო ჯემალ, დაცვა რეკავს, თქვენთან ვიღაც ბებერი კაცია მოსული და შემოვუშვაო? ჯემალი ჩაფიქრდა, ვინ ბებერი კაცი უნდა იყოსო. მივიდა, აიღო ტელეფონის ყურმილი და დაცვას ჰკითხა: ვინ მომაკითხაო. იმანაც უპასუხა: რა ვიცი, ბატონიო ჯემალ, ვიღაც ბებერი, თეთრწვერა და თეთრთმიანი მოხუცია და მეუბნება, ამიშვი ჯემალთანო. ჯემალმა ჰკითხა: კაცო, სახელი არ აქვს მაგ პატიოსან მოხუცსო? დაცვამ ჰკითხა უცნობს სახელი და მოახსენა ჯემალს, რამაზი ჰქვიაო. ჯემალი ჩაფიქრდა, ვერ მიხვდა და დაცვას ისევ უთხრა: კაცო, ვერ ვიხსენებ ეგეთ ნაცნობ მოხუცს და რა გვარია, ერთი ეგეც გამიგეო. დაცვამ ჰკითხა გვარი და რომ უთხრა ჩხიკვაძეო, აი, მაშინ უნდა გენახათ ჯემალის რეაქცია. გადაირია, აყვირდა, ეს რა ხალხში ვარ, ვერ გაურჩევიათ მოხუცი და რამაზ ჩხიკვაძე ერთმანეთისგან, შენ შენი გაგჭირვებია შვილო, მე რაღა უნდა გითხრა, არ გადამრიო, ახლავე გამოატარე ეგ კაცი, მანდ არ ჩამომიყვანოო.

კახი კავსაძე და ოცდაათი წლის წინ გაცნობილი ქალის უცნაური თხოვნა

ერთხელ, კახი კავსაძეს დაურეკა ერთმა ქალბატონმა და თხოვნით მიმართა: ბატონო კახი, მე თქვენ ოცდაათი წლის წინ გაგიცანით, ალბათ, არ გახსოვვართ, მაგრამ მაინც მინდა, ერთი თხოვნა შემისრულოთო. კახი დაიბნა და უთხრა: კი ბატონო, თუ შემიძლია, შეგისრულებთ თხოვნასო. ქალმა დიდი მორიდებით დაიწყო: ბატონო კახი, თქვენ მიგყავთ გათამაშება, იქნებ ჩამიწყოთ საქმე და მომაგებინოთო. კახიმ გაოცებულმა ჰკითხა: ქალბატონო, რამდენი ანაბარი გაქვთ გახსნილიო. ქალმა უპასუხა: არც ერთიო. კახი ხუმრობდა, ასეთი რამე მარტო ჩვენს ქალაქში ხდება, რაღა უნდა მეპასუხა, არ ვიცოდი. ერთი ანეკდოტი გამახსენდა: სვანი მივიდა ეკლესიაში, ხატთან სანთელი დაანთო და ღმერთს შესთხოვა, მომაგებინე ლოტოს გათამაშებაშიო. ვერ მოიგო. სიზმარში ღმერთი გამოეცხადა. სვანმა უსაყვედურა: ხომ გთხოვე მოგება ლატარიაში, რა იყო შენთვის ერთი მოგება და რატომ არ მომაგებინეო. ღმერთმა უპასუხა: ბილეთი გეყიდა მერე შე კაი დედმამიშვილოო.

კბილებზე დაბეჭდილი გაზეთი

ერთი ჩემი მეგობრის ბაბუა ქელეხში იყო დაპატიჟებული. წავიდა და ცოტა ხანში დაურეკა შვილიშვილს, პაპამ გენაცვალოს, არ შეგაწუხებდი, მაგრამ, ხაშლამა ჩამოატარეს, ისეთი ოხშივარი ასდის, ლამის „ტუბანიკები“ ჩავრთეთ. სიჩქარეში პროთეზი დამრჩა სახლში და მანქანით წამოდი, მალე მომიტანეო. ჩემმა მეგობარმაც მოძებნა ჭიქაში ჩადებული კბილები. ჭიქიდან წყალი გადაღვარა და პირდაპირ გაზეთზე გადმოყარა, ხელი რომ არ მოეკიდა, სველივე საგულდაგულოდ შეახვია, და მანქანა დაქოქა. პროთეზი ქელეხში მიუტანა პაპას. გახარებულმა მოხუცმა არც კი დახედა კბილებს და სასწრაფოდ პირისკენ გააქანა. გვერდით თავისი მეგობარი მჯდარა და რომ გაუცინია პაპას, მეგობარი გადარეულა, რა არის ბიჭო, მთელი ქართული ანბანი კბილებზე გაწერია. ეგ პროთეზი ექიმმა გაგიკეთა თუ სტამბაში დაგიბეჭდეს, მთელი „კომუნისტი“ რომ ზედ გაწერიაო. თურმე გაზეთიდან, სველ პროთეზზე გადასულა მთელი ასოები.

ჩინდაკარგული მოხუცი და დანახული მთა

ერთი კოლორიტი მეგობარი მყავს, სახელად სოსო, მაგრამ ძმაკაცები მოფერებით სონიას ვეძახით. სასწაული ენა აქვს და ამის გამო მის გვერდით ყოფნა ერთ რამედ ღირს. ერთ ჩვენს მეგობარს კუჭი გაუსკდა და რომ ვუთხარით, შეიცხადა, დიდი ხმა თუ ჰქონდაო. ერთხელ მივაკითხე. მეჩქარებოდა და გარეთ, ქუჩაში დავდექით სასაუბროდ. ერთი მეზობელი ჰყავს, მოხუცი და თან მაგარი ცნობისმოყვარე. იფიქრა, მივალ, ფულს ვთხოვ, ძმაკაცის მოერიდება და მომცემსო. მოკლედ, მოვიდა, ხელი ჩამოართვა და სანამ ფულს სთხოვდა, შესავალი გაუკეთა: სონია, რაღაც ვერ ვარ კარგადო. სონიამ ჰკითხა, რა გჭირსო. იმანაც უპასუხა: თვალის ჩინი დავკარგე, ვეღარ ვიხედები კარგად თვალშიო. სონიამ გაახედა, აბა, იმ მთას ხედავო. მოხუცმა გახედა მთას და უპასუხა, კი იმ მთას ვხედავო. სონიამ მხარზე ხელი დაარტყა – აბა, ბიძაჩემო, იმ მთის იქით მეც ვერ ვიხედებიო.

სიმღერით „დათრეული“ ქერათმიანი „ნაშოჩკა“

მამუკა მესხს, ქართველ ლუჩანოს ეძახიან თბილისში. კარგადაც მღერის და თან მაგარი მსმელი კაცია. ახალი გაცნობილი მეგობარი ახლდა თან. დალიეს და საჭესთან ის დასვა, სახლამდე მიმიყვანე, პრობლემები არ მინდა პოლიციასთანო. მამუკა კანდელაკის ქუჩაზე ცხოვრობს და სახლის ფანჯრები ქუჩისკენაა. რომ მიუახლოვდნენ, გაიხედა და სახლზე, გარედან, დიდი პლაკატია გამოკრული, ზედ ულამაზესი, ქერა, ნახევრადშიშველი, დაცემა „ნაშოჩკაა“ გამოსახული და სუნამო უჭირავს ხელში. მოკლედ, ახალ სუნამოს უკეთებს რეკლამას. მამუკამ გააჩერებინა მანქანა მეგობარს და უთხრა, ნახე, გუშინ ჩემი ცოლის დაბადების დღე იყო, სიურპრიზი გავუკეთე და მისი სურათი გამოვფინე, ხომ ლამაზია, ეს სუნამო წინასწარ ვუყიდე და დიდი, ლამაზი თაიგულიც მივართვიო. ისე დამაჯერებლად საუბრობდა, იმანაც დაიჯერა. მეორე დღეს, დამირეკა და მითხრა, ბიჭო, რამხელას ნიშნავს კაცს სიმღერა რომ გეხერხება. ეტყობა, მამუკა კარგად რომ მღერის, იმიტომ გამოყვა ის ქალი, თორემ მაგის გვერდით იცხოვრებდაო.


скачать dle 11.3