კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-19(489)


გამოწვევა მიღებულია. ბრძოლა ადვილი არ იქნება... ნურც იმით მოვიტყუებთ თავს, რომ ის მალე დამთავრდება. ჩვეულებრივ, ასეთი ბრძოლები სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება ხოლმე... მთავარია, ტორეადორად არ დაიბადო... თუ მატადორად პრინციპში, ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. რადგან ბედმა ამოგირჩია და თეთრი ხელთათმანიც მოგიგდო, უკან დასახევი გზა მოჭრილია. ისღა დაგრჩენია, ჩაება მასთან ჭიდილში და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ წაგების შემთხვევაშიც კი ღირსება შეინარჩუნო. და თუ ამას შეძლებ, მერე ბედიც გამოიჩენს მოწყალებას და, იქნებ, მოგცეს შანსი, არენა გამარჯვებულმა, დაფნის გვირგვინით და ყვავილებით შემკობილმა, თაყვანისმცემლების გამაყრუებელი აპლოდისმენტების გრიალში დატოვო...

***

ნიკუშა ყველაზე გადამწყვეტ მომენტში შევიდა ოთახში. ცარცივით თეთრი იყო და თვალები ავადმყოფურად უბრწყინავდა. მის დანახვაზე აქოჩრილი ლევანი და ვახო მაშინვე ჩაცხრნენ. ია ისევ თინიკოს უყურებდა გაშტერებული და ცდილობდა, მისი სიტყვებისთვის ლოგიკური ახსნა მოეძებნა. ვერაფრით გააცნობიერა, რანაირად შეიძლებოდა ამ ორ, ერთი შეხედვით, სრულიად უცხო ადამიანებს შორის, მსგავსი ნათესაური კავშირი ყოფილიყო. „ნიკუშა თინიკოს ძმაა?! კი მაგრამ, რანაირად, როგორ?.. შეიძლება, გავგიჟდე ამ დომხალში. როგორ გინდა, გაარკვიო, ვინ ვისგან გააჩინა? მაინც, რა ბედი მაქვს ამისთანა, რომ ამდენ არანორმალურს, ყველას ერთად გადავეკიდე? მე მჭირს ასეთი უბედურება თუ ქვეყანა გადაირია და ვერ მივხვდი? როგორ უნდა დავიჯერო მათი დაძმობა? იქნებ, ეს ყველაფერი ლევანმა მოიგონა? მისგან უკვე აღარაფერი გამიკვირდება. დიდოსტატია ინტრიგების ხლართვის. ვახო მართალია, როცა ამბობს, რომ თანამდებობამ ძალიან შეცვალა... პრინციპში, ის ყოველთვისაც ასეთი იყო, უბრალოდ, ასპარეზი არ ჰქონდა, თავისი სისაძაგლე და ბუნება სრულად გამოევლინა... ყველა საშუალებას იყენებს მიზნის მისაღწევად და, ვინ იცის, კიდევ რა სიურპრიზს მოგვიწყობს!.. ამ ნიკუშას გაბრიყვებასაც ხომ ბევრი არაფერი უნდა... დებილია და ყოველთვის დებილი იყო... სანამ მიხვდება, რა ბადეში გაახვია ლევანმა, ბევრსაც დაკარგავს. ჰმ, ცოლისძმაა და ახლა ბევრი რამის უფლება აქვს, ბევრიც ეკითხება. „გაიპრავა“ ბიჭმა ცხვირის მის საქმეებში ჩაყოფის უფლება! ერთი შეხედე, როგორი თვითკმაყოფილი იერი აქვს. მიაღწია, ეტყობა, თავისას!..“

– ელენე გონზე მოვიდა... – ნიკუშა სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა და ვახოს ანიშნა, ვისკი ჩამომისხიო.

– აქამდე, რა, უგონოდ იყო? – მიამიტურად იკითხა ვახომ და ნიკუშას ვისკიანი ჭიქა მიაჩეჩა.

ლევანმა ირონიულად ჩაიცინა და თინიკოს გადაულაპარაკა:

– ეს „აქ“ არ არის, ხომ ხვდები? ან ჩემი ცემის სურვილით ისეა შეპყრობილი, რომ, გარშემო რა ხდება, ვეღარც ამჩნევს.

– თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი, – უკმაყოფილოდ უსაყვედურა ცოლმა, – არც შენ დააკელი ხელი. ახლა მაინც გაჩუმდით, ელენე გონზე მოსულა და, ეტყობა, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. ნიკუშას შეშფოთებული სახე არ მომწონს.

– მაგას სულ ასეთი სახე აქვს და არც მიკვირს. ერთბაშად იმდენი რამე დაატყდა თავს, მაგის ადგილას მეც არ მექნებოდა ბედნიერი ადამიანის გამომეტყველება.

– გაჩუმდი, ლევან! შენი ცინიზმი ნელ-ნელა აუტანელი ხდება. მეც კი მეშლება ნერვები!

– აბა, რას ამბობ, საყვარელო, ცინიზმი რა შუაშია! აბსოლუტურად გულწრფელად და სერიოზულად ვამბობ: ნიკუშას ხვედრს ნამდვილად არ ვინატრებდი. მთელი ამ წლების განმავლობაში დედის ღალატთან შეგუება უჭირდა და, უცებ, აღმოაჩინა, რომ არც მამამისს დაუკლია ხელი. მე რომ უცებ და გამომიჩნდეს, შეიძლება, ჭკუიდანაც შევიშალო.

– ეჭვიც არ მეპარება, თუ შენი ეგოისტური ბუნებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, – ორაზროვნად ჩაილაპარაკა თიკამ. ლევანმა წყენა ვერ დამალა:

– თინი, კარგი რა, შენ ხომ ჩემი მოკავშირე ხარ, მე კი – შენი. ასე არ არის?

– მაგ სისულელეების ლაპარაკს, აჯობებს, ნიკუშას ვკითხოთ, რა მოხდა.

– შენ ჰკითხე, მისი და ხარ, – წააქეზა ლევანმა ღიმილით.

– რა საზიზღარი ხარ, მაგრამ, ახლა შენთან ჩხუბის დრო არ არის.

– მართლაც არ არის. მიდი, დაელაპარაკე ნიკუშას. რაღას უცდი, მიდი!

თინიკო ნიკუშას მიუახლოვდა:

– დედაშენი ხომ კარგად არის? ნიკუშ, შენ თქვი, რომ ელენე გონზე მოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საშიშროებამ გაიარა?

– არა, ამას არ ნიშნავს. თუმცა, არ ვიცი... მართლა არაფერი არ ვიცი. ჟანი უნდა მოვძებნო, სასწრაფოდ...

– ჟანი? შენი მამინაცვალი? აქ არ შემოსულა. რა მოხდა, ნიკუშ?

– ხომ გითხარი, ჯერ არაფერი ვიცი. კი, გონზეც მოვიდა და დალაგებულადაც ლაპარაკობს, მაგრამ... – ნიკუშამ ისე უცნაურად შეხედა თიკას, ქალი შეცბა.

– მაგრამ – რა?.. ასე რატომ მიყურებ?..

– დედაჩემმა რაღაც ისეთი მითხრა... თუმცა, შენთან, ალბათ, არ ღირს ამაზე ლაპარაკი, ჯერ ჟანი უნდა ვიპოვო.

– რა ხდება? – მოსაუბრეებს მიუახლოვდა ვახოც.

– დედაჩემს ყველაფერი ახსოვს. იმისი შიში, რომ გონებაც დაუზიანდა დაცემის დროს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, უკვე მელაპარაკა.

– მერე, არ გიხარია? – ვახომ მხარზე დაჰკრა ხელი მეგობარს, – მაგარი ამბავია!

ნიკუშა რაღაცაზე ჩაფიქრდა. ვახომ დრო იხელთა, იასთან მივიდა და მხარი მსუბუქად წაჰკრა:

– ახლაა კარგი დრო. მიდი, დაელაპარაკე!

– არ შემიძლია, – ჩაიჩურჩულა იამ.

– გინდა, გადამრიო? მოიცა, მე ვეტყვი!

– არა, რა, ვახო... ახლა არა. ცოტა კიდევ დავიცადოთ.

– იცადე, იცადე და ნახავ, რაც მოხდება. გაითვალისწინე და დაიმახსოვრე: მეტი შანსი აღარ გექნება!

– ნუ მაშინებ, ნურც მემუქრები...

– ია, დაელაპარაკე, თორემ ინანებ! – ვახომ ლევანს გახედა, – ნახე, როგორ ჰყავს ამ ცოლ-ქმარს ჩაჭერილი... დარწმუნებული ვარ, რაღაც სერიოზული აქვთ ჩაფიქრებული. ნიკუშას მდგომარეობით ისარგებლებენ.

– და... რას გააკეთებენ? ვახო, ნუ იძაბები და მეც ნუ მძაბავ, რა!..

– რას გააკეთებენ და მე გეტყვი – იმ კახპას შერთავენ... ბავშვს გააჩენინებენ და მერე, როცა ის ბავშვი ყველაფრის მემკვიდრე გახდება, ლევანი თავის მამობას დაადასტურებს.

– ნუ აფრენ, თინიკო ამას არ დაეთანხმება!

– მე გეუბნები, რა იქნება. თინიკო და ყოფილა მისი... ვერ ხედავ, როგორ აურ-დაურიეს ყველაფერი?! ჯერ ეგეც გასარკვევია, რა და-ძმობაზეა ლაპარაკი.

– რა არის გასარკვევი, ასეთ ტყუილს როგორ იტყოდა? – გაიოცა იამ. ვახომ გულგრილად აიჩეჩა მხრები:

– ვითომ ხელს რა შეუშლიდა? ხომ გითხარი, ამათგან აღარაფერი გამიკვირდება-მეთქი!

– ჰო, მაგრამ, ასეთი ტყუილი მეტისმეტია. მართალია, ჯერ ვერაფრით მივმხვდარვარ, რანაირად შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ, ინტუიცია მკარნახობს, რომ სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს.

– ჰმ, გაიგე ახლა შენ, ვინ ვისთან იწვა!..

– ჩუ, გაჩუმდი, არ გაიგონონ, სირცხვილია!

– ჩემგან არის სირცხვილი? რას მეუბნები!.. რამეს ვიგონებ თუ რა... თავად არ აღიარეს ფაქტი?

– ჰო, მაგრამ, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, მათ ცხოვრებაში ჩავერიოთ. ისეთი უნდა მივიღოთ რეალობა, როგორიც არის.

ვახომ ია თავიდან ფეხებამდე აათვალიერა და თავი გადააქნია.

– რა იყო? – ჰკითხა იამ, – არ ვარ მართალი?

– მართალი როგორ არ ხარ, საყვარელო, მაგრამ, ახლა მოდი და დაელაპარაკე მაგ შენს ახალგამომცხვარ მულს. თუ ძმაზე გული მართლა შესტკივა, მხარში უნდა დაგიდგეს. შენზე უკეთეს რძალს ხომ ვერც ინატრებს.

– გეყოფა! ნუ დამცინი!

– მე კი არა, შენ დამცინი. ამხელა გზაზე ჩამოვედით და რისთვის, ამათი დანათესავება რომ ვიზეიმოთ?!

– თქვენ მანდ რას ჩურჩულებთ? – ლევანმა ნიკა თინიკოს „დაუტოვა“ და ვახოს და იას ეჭვიანი მზერა შეავლო.

– ანგარიში შენ უნდა ჩაგაბაროთ? – შეუღრინა ვახომ.

ლევანს არ სწყენია, შემრიგებლურად გაუღიმა და ხელი გაუწოდა დაზავების ნიშნად:

– კარგი, ჰო, ნუ იბერები! დროა, მოვრჩეთ ამ უაზრო კინკლაობას. ჩვენ ხომ მაინც ერთნი ვართ ყველანი და ეს ყოველთვის ასე იქნება.

– როგორ უნდა გენდო, როცა ყოველ ნაბიჯზე იტყუები?

ლევანმა ხელები გაშალა:

– ეს უკვე რაღაც მანიას ჰგას. თუ არ გინდა, ჩემი გჯეროდეს, შენი ნებაა, მაგრამ მატყუარას მაინც ნუ მეძახი, უხერხულია.

– ჰო, აბა, რა... უხერხულია. მინისტრი ხარ, სხვა თუ არაფერი, – დასცინა ვახომ.

ლევანი დაიჭყანა:

– ე, გეყოფა. გეუბნები, უნდა დავზავდეთ-მეთქი, ასე აჯობებს!

– ვისთვის აჯობებს, შენთვის?

– ყველასთვის, ჩემო ვახტანგ, ყველასთვის. თუ სულ ცოტათი მაინც დაფიქრდები, ეგრევე მიხვდები.

– ლევან, იცი, როგორი ტონი გაქვს? თითქოს უკვე შენ იყო აქაურობის ბატონ-პატრონი. მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რაც შენმა ცოლმა მითხრა, მაგრამ, ასეც რომ იყოს, მაინც არ გაქვს უფლება, ზემოდან მიყურო!

– ვახო, შენ უკვე რაღაცეები გეჩვენება და, აჯობებს, თუ მეტს აღარ დალევ.

– ნუ დამცინი... არ გინდა-მეთქი ეგ ირონია. იცოდე, გაფრთხილებ: თუ ის პატარა კახპა აქ დავინახე, შენივე მეთოდებით გაგისწორდები, ანუ, თინიკოს ვეტყვი, რასაც ამ ყველაფერზე ვფიქრობ.

ლევანი გაწითლდა:

– ჭორიკანა დედაკაცივით ნუ იქცევი და ნუ მაშანტაჟებ. არ გეკადრება ამხელა კაცს, მით უმეტეს შენ!

– ჰო?! მაშ, შენი აზრით, გაშანტაჟებ... ახლა, არ მითხრა, რომ ნატუკასთან არ წოლილხარ!

– ეგ არაფერს ნიშნავს!

– მე თინიკოს მაგას ვეტყვი და ის თავად გადაწყვეტს, ნიშნავს რამეს თუ არა.

– შენი აზრით, კაცები ასე იქცევიან?

– არა, ასე არ იქცევიან, მაგრამ, რაღაც გამოცდილება მეც შევიძინე შენთან ურთიერთობით და მივხვდი, რომ ყველას ისე უნდა მოექცე, როგორც იმსახურებს.

– ისევ შეურაცხყოფას მაყენებ, მაგრამ, არა უშავს, მაინც ვერ ამიყოლიებ, იმიტომ, რომ ახლა ამის დრო არ არის. პასუხს მერე გაგცემ.

ვახომ ხმა აღარ გასცა, მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა. ლევანი ისევ ცოლთან მივიდა, მაგრამ ის უკვე გადიოდა ოთახიდან ნიკუშასთან ერთად და ქმრისკენ არც კი მოუხედავს – ლევანს, ფაქტობრივად, ცხვირწინ მოუხურეს კარი. ვახოს ხარხარი აუტყდა და იას ლევანზე ანიშნა:

– ერთი შეხედე, მგონი, ცოლსაც აღარ სჭირდება. ნახე, კარი, როგორ მოუხურეს?! ლევანჩიკ, რაო, ზედმეტი ხარო? აი, სადამდე მიჰყავს ადამიანი მატრაკვეცობას! რა გინდა, მოეშვი ახლა მაგ ხალხს, და-ძმამ იქნებ რა უნდა უთხრას ერთმანეთს?

ლევანმა არაფრად ჩააგდო ვახოს აშკარა გამოწვევა, მაგრამ, სახეზე ემჩნეოდა, რომ ნერვები გვარიანად ჰქონდა მოშლილი. როცა გავიდა, იამ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა:

– რა გინდა, რატომ იწვევ, არ დაიღალე ჩხუბით? მე მაგრად მომწყინდა და უკვე საშინლად მაღიზიანებს ეს თქვენი უაზრო ორთაბრძოლა. იცოდეთ მაინც, რისთვის იბრძვით!

– ამ შენს საყვარელ ძმაკაცს უნდა, რომ მებრძოდეს და რა ვუყო, კაპიტულაციას ხომ არ გამოვუცხადებ? ხომ იცი, ასე ადვილად პოზიციებს არ ვთმობ!

– თუ სულ თქვენ მეყოლებით გასაშველებელი, მაშინ დრო არ დამრჩება იმისთვის, რომ ნიკუშას დაველაპარაკო, – წაიეშმაკა იამ, მაგრამ ვახო მაშინვე მიუხვდა.

– შენ ოღონდ დაელაპარაკე და, თუ გინდა, იმ იდიოტ ლევანს ახლავე დავუზავდები. მაგრამ, მთელი დღეა, გიყურებ და წინ ნახევარი ნაბიჯითაც კი ვერ წაიწიე. ვატყობ, ესეც ჩემი გასაკეთებელი გახდება.

– არ მინდა, გესმის შენ? არ მინდა!.. როგორმე თავად ვიზრუნებ საკუთარ ბედნიერებაზე.

– გატყობ, როგორც იზრუნებ. შენ უკვე ოცი წელია ზრუნავ და საშველი ვერ დააყენე!

– ვახო, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, ძალიან გთხოვ!..

– ჰო, კარგი, ჩუმად ვარ. მაგრამ, იცოდე, თვალს არ მოგაშორებ, არც გასაქანს მოგცემ. არ მოვისვენებ, სანამ ამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან: ან ასე უნდა მორჩეს ეს ამბავი, ან ისე. საკუთარი თავი მაინც არ გეცოდება? თუ უარს გეტყვის, ის მაინც გეცოდინება, რომ მასზე აღარ იფიქრო. გაურკვევლობას მე ყველაფერი მირჩევნია და, რატომღაც, მგონია, რომ შენც ასე ხარ.

ია გაჩუმდა. წამწამებზე ცრემლი დაეკიდა და ლოყაზე ჩამოუგორდა. ვახო შეწუხდა:

– რა გატირებს, გოგო?

– ესე იგი, იცი, რომ ნიკუშას არ ვუყვარვარ?

– მე გითხარი, არ უყვარხარ-მეთქი? საიდან მოიტანე ეს სისულელე?

– ვგრძნობ, რომ ასეა.

– არაფერსაც არ გრძნობ, ნერვებმა არ უნდა გიმტყუნოს. ბევრი აღარ დარჩა, ცოტა კიდევ უნდა მოითმინო. ვისკის დაგისხამ, შველის.

იამ ვისკი მოსვა და ამოიოხრა.

– რა კარგი ცხოვრება მექნებოდა, დედაჩემს თუნდაც მეზობელ უბანში მდებარე სკოლაში რომ მივეყვანე, რა შარს გადავრჩებოდი?!

– მაგას ნუ იტყვი, ჩემო იაკო, იქნებ, უარეს შარს ხარ გადარჩენილი!

– ვითომ? რაღაც ეჭვი მეპარება.

ვახომ მხარზე მოხვია ხელი და ქალი მიიხუტა:

– აბა, რა! ჩვენნაირები ბევრნი აღარ არიან. სულ თითზე ჩამოსათვლელები დავრჩით...

– ვინ დარჩით თითზე ჩამოსათვლელები? – მექანიკურად ჰკითხა იამ.

– როგორ თუ ვინ?! – ჩვენ, ბედთან მებრძოლი მატადორები... ჩვენ ყველას გვჯერა, რომ ცხოვრება კორიდას ჰგავს და, რაც უფრო მონდომებით აუფრიალებ ბედისწერას, მით მეტი შანსი გაქვს, ხელი მოგაჭამოს, მაგრამ, მთელი მუღამიც მაგაშია...

იამ ჭიქაში ჩარჩენილ მუქად მოლივლივე სითხეს გაუშტერა მზერა და მოწყენილმა ჩაილაპარაკა:

– ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ, იმას კი მივხვდი, რომ მაგრად აფრენ.

– მარტო მე ვაფრენ თუ დანარჩენებიც?

– არა, ყველანი ერთად აფრენთ და, ყველაზე ცუდი ის არის, რომ თქვენი სიგიჟე გადამდები აღმოჩნდა, მეც გადმომედო.

– ე, იაკო, იაკო... შენ ვერასოდეს მიხვდები, რა ხიბლია ბედთან თამაში, განსაკუთრებით, როცა ხვდები, რომ მოგების შანსები ნაკლებად გაქვს, – ვახომ სიგარეტს მოუკიდა, – ნეტავი, ამ სახლში ეწევიან?

... თინიკო ტუჩებს იკვნეტდა. აივნის შორეულ კუთხეში, განმარტოებით მდგარ სავარძელში ისხდნენ ის და ნიკუშა. თინიკო ხვდებოდა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა ეთქვა, მაგრამ სათქმელს თავს ვერ აბამდა. ნიკუშაც ჩუმად ეწეოდა სიგარეტს. ბოლოს სიჩუმე აუტანელი გახდა.

– ასე ძალიან ნუ განიცდი, ძალიან გთხოვ... – დაიწყო თიკამ.

ნიკუშამ ხელი ჩაიქნია:

– მგონი, ემოციებისგან საერთოდ დავიცალე და ვეღარაფერზე ვნერვიულობ. უფრო სწორად, აღარ ვიცი, რაზე ვინერვიულო. რჩევა მჭირდება, მაგრამ, ვისგან უნდა მივიღო ეს რჩევა ან ვის უნდა ვკითხო, ეგეც არ ვიცი. წეღან ვფიქრობდი, რომ ჟანისთვის უნდა მომეყოლა ყველაფერი, ახლა კი ეჭვი მეპარება, რამდენად სწორია ეს არჩევანი.

– იცი, მეც ვფიქრობ, რომ ჟანს ჯერ არაფერი არ უნდა უთხრა, ისევ ელენეს გამო. წარმოიდგინე, როგორი უხერხული სიტუაცია შეიქმნება. თვითონ უნდა გაარკვიონ ურთიერთობა. ხვდები? ეს მათი საქმეა, მხოლოდ მათი.

– არა, ჩემო კარგო. თინი, ძალიან რთული სიტუაციაა, მართლა. გამოძიება არ გაჩერებულა, დღეს არ მოსულა ის გამომძიებელი, თორემ, ისე სულ აქ გვიზის და უამრავ კითხვას გვისვამს, ეტყობა, რაღაცას ისიც ეჭვიანობს. ჩვენზე ადრე და ჩვენგან დამოუკიდებლად რომ გაარკვიოს სიმართლე? მერე უარესი არ იქნება?

– ასე ადვილია ადამიანის სულში ხელის ფათური? ელენემ გითხრა, ეს რატომ გააკეთა?

– არა. მითხრა, გამოუვალი სიტუაცია მქონდა და როდისმე ყველაფერს აგიხსნიო.

– ხედავ? ხომ გეუბნები, არ არის ადვილი-მეთქი. თანაც, ელენეს ახლა ძალიან უჭირს.

– მეც მიჭირს. მართლა, დედას გეფიცები! – ნიკუშას გულის სიღრმიდან წამოსული ეს სიტყვები თინიკოსთვის ის წვეთი აღმოჩნდა, რომელმაც მისი ფიალა ბოლომდე აავსო. ვეღარ აჯობა ემოციას, ნიკუშას ჩაეხუტა და ასლუკუნდა:

– როგორ განვიცდი შენს ამბავს, რომ იცოდე! მართლა ძალიან მიყვარხარ და მარტო ის მინდა, რომ ბედნიერი იყო, ძალიან ბედნიერი!

– ეჭვი მეპარება, რომ შენი სურვილი ოდესმე იქცევა რეალობად, – ნიკუშამ თავადაც მოხვია ხელები ქალს და ლოყით მხარზე მიიხუტა.

– ნელ-ნელა ვხვდები, რომ კარგია, და რომ გამომიჩნდა.

თინიკოს სიხარულით გაეცინა:

– აბა, რა... ძალიან მაგარია. ჯერ სად ხარ. ნახავ, როგორ ვიზრუნებ შენზე!

– მეც ვიზრუნებ. ეს მძიმე პერიოდიც გაივლის, ხომ ასეა?

– რა თქმა უნდა, აუცილებლად გაივლის. ახლა ვინ არის ელენესთან?

– არ ვიცი. მე რომ გამოვედი, იძინებდა. ძალიან განიცდიდა, რაც ვუთხარი. რა სულელი ვარ, როგორ ვერ შევძელი, მენუგეშებინა! მაგრამ, ძალიან დავიბენი. ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ვეღარ შევძელი, ემოციისთვის მეჯობნა.

– ეგ ნახატი რაღა ბედისწერად იქცა! საერთოდ, რატომ გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში? ისეთი შეგრძნება მაქვს, რაც კი ცუდი მომხდარა, ყველაფერი მაგას უკავშირდება.

– მეც იგივე განცდა მაქვს.

თინიკო შეყოყმანდა, ცოტაოდენი ფიქრის მერე კი ხმადაბლა წარმოთქვა:

– იცი, ვინ მისცა ეგ ნახატი ელენეს?

– წარმოდგენა არ მაქვს. შეიძლება, მამაჩემმაც უყიდა, ან თვითონ შეიძინა, სანამ ჩვენს ოთახში ეკიდა, არასოდეს დავინტერესებულვარ მისი წარმომავლობით. მერე კი... თუმცა, ყოველთვის მიკვირდა, რატომ წამოიღო დედაჩემმა მაინცდამაინც ეს ნახატი, მაშინ, როცა სხვა, გაცილებით ღირებული ნივთები სახლში დატოვა.

– ეგ ნახატი მამაჩემმა აჩუქა.

ნიკუშამ გვიან გაიაზრა თინიკოს სიტყვები

– რა თქვი? ვინ აჩუქა?!

– მამაჩემმა, – ნელა გაიმეორა თინიკომ.

– იქნებ, დააკონკრეტო, რომელ მამას გულისხმობ?

– ზურაბმა აჩუქა. ვიცი, როგორი რეაქციაც გექნება, ზუსტად ვიცი და უფლებაც არ მაქვს, გაგამტყუნო, მაგრამ აჯობებს, იცოდე.

– შენ ეგ საიდან იცი?

– ლევანმა მითხრა.

– ლევანმა? შენმა ქმარმა? სერიოზულად ამბობ?

– ჰო, რა იყო?

– ეს უცნაურად არ გეჩვენება?

თიკამ მხრები აიჩეჩა:

– რა ვიცი. არა, რა იყო?

– ვერ ხვდები? – ნიკუშამ ხელები მომუშტა, – ეს, იცი, რას ნიშნავს? ლევანმა დიდი ხნის წინ იცოდა ზურაბისა და ელენეს სიყვარულის ამბავი. შემომაკვდება ეგ იდიოტი! – ნიკუშა წამოსახტომად შეიმართა. თინიკო მკლავზე ჩაებღაუჭა.

– მოიცადე, არა, ასე არ არის, შეუძლებელია, ლევანს ეს ამბავი დიდი ხნის წინ სცოდნოდა და ჩემთვის არაფერი ეთქვა. ეტყობა, ისე, შემთხვევით გაიგო.

– შემთხვევით გაიგო?! რა ცუდად იცნობ შენს ქმარს! ლევანი შემთხვევით არაფერს აკეთებს. დარწმუნებული ვარ, რაღაც სისაძაგლე ჰქონდათ ჩაფიქრებული შენს ძვირფას მამიკოსა და მეუღლეს. ზუსტად ერთმანეთის შესაფერისები არიან! ორი ნაძირალა გაურიგდა ერთმანეთს, მაგრამ რაზე? ახლავე ვნახავ ლევანს და მოვთხოვ, ყველაფერზე გამცეს პასუხი!..

– მოიცადე, ძალიან გთხოვ! ლევანი არ არის ცუდი ადამიანი. კი, რაღაც უარყოფითი თვისებები აქვს, მაგრამ ვინ არის უნაკლო?!

– არა, თიკა, შენ ვერ ხვდები. ჩემმა საუკეთესო ძმაკაცმა, ადამიანმა, რომელსაც არასდროს არაფერს ვუმალავდი, რომლის იმედიც ყოველთვის ყველაფერში მქონდა, ზურგსუკან ინტრიგის ხლართები გამიბა და ისეთი რაღაც დამიმალა, რასაც ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

– იქნებ, იმიტომაც არ გითხრა.

– რომ მამაშენს არ მივვარდნოდი და საკუთარი ხელებით არ მომეხრჩო?! ნუ ამართლებ, თიკა, თვითონ მითხრას, რატომ მიმალავდა სიმართლეს და თავი იმართლოს, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია!

– ნიკუშა, გთხოვ, ცოტა დამშვიდდი!..

– ვერ დავმშვიდდები. როგორ უნდა დავმშვიდდე, როცა ჩემ გარშემო ერთმანეთზე უარეს სახეებს ვხედავ? თურმე, არავის ნდობა არ შეიძლება... არა, ლევანს ვერ ვაპატიებ, ამდენ ხანს თვალში ნაცარს რომ მაყრიდა...

თინიკომ კიდევ ერთხელ სცადა ბედი:

– მოდი, მე და შენ ვიმსჯელოთ და შევარჩიოთ სავარაუდო ვარიანტი, რატომ შეიძლებოდა, ლევანს ეს ამბავი შენთვის დაემალა. რატომღაც, მგონია, რომ ეს ცუდი მოსაზრებით არ გაუკეთებია.

– თინიკო, დედაშენმა რომ გითხრა, თურმე, მამაჩემთან წოლილა და მისგან დარჩენილა ორსულად, რა განცდა გქონდა? – ჰკითხა მოულოდნელად ნიკუშამ. თიკა დაიბნა და ერთბაშად ვერაფერი უპასუხა. ნიკუშამ კითხვა გაუმეორა:

– ძალიან გთხოვ, გულახდილი იყავი.

– გულახდილად გეტყვი, საშინელი განცდა მქონდა, კარგა ხანს ვერ გამოვედი შოკიდან.

– ხედავ? ახლა უკეთესად მიხვდები, მე რას განვიცდი. დედაჩემის რომანმა მამაჩემის სიცოცხლე შეიწირა და მე არ ვიცოდი, ვისთან სიყვარულობანას გადააყოლა დედაჩემმა ოჯახის კეთილდღეობა. რამდენი წელი უშედეგოდ ვცდილობდი, ეს გამეგო; რამდენი წელი არ ველაპარაკებოდი დედაჩემს და თითქმის მძულდა კიდეც. შენ არ იცი, რას ნიშნავს, როცა საკუთარი დედა ერთდროულად გიყვარს და გძულს კიდეც. საშინელებაა, დამიჯერე! ჩემი არსება, მთელი ეს წლები, რამდენიმე ნაწილად იყო გაგლეჯილი... ჩემი ძმაკაცი კი ამ ყველაფერს ხედავდა, შეეძლო ჩემი მდგომარეობის შეცვლა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია საამისოდ. კიდევ უარესი – ხშირად მპატიჟებდა იმ ნაძირალასთან სახლში და კაცურკაცობისა და მეგობრობის სადღეგრძელოებსაც კი მასმევდა. იცი, რომ ამის გამო სასიკვდილოდ არ ინდობენ კაცები ერთმანეთს? გაოგნებული ვარ მისი უსინდისობით და არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ!..

ნიკუშამ თიკას ხელი უხეშად მოიშორა და ლევანის მოსაძებნად გაქანდა...

***

როცა ყველაფერი ირევა... ანუ, როცა გგონია, რომ შენი ცხოვრება ჩვეული კალაპოტიდან გადმოვიდა და შენს პატარა ბედნიერებას წალეკვით ემუქრება, შეიძლება, სასოწარკვეთილმა ხავსს დაუწყო ძებნა მოსაბღაუჭებლად და ამ დროს ნაკლებად ფიქრობ, საიმედოა თუ არა ეს ხავსი, რომელსაც ეპოტინები. იქნებ, ხელიც გაგეშვას და უფსკრულში გადაიჩეხო. თუმცა, ადამიანს უჭირს იმის მიხვედრა, რა არის მისთვის გამოსავალი, იქნებ, სწორედ იმ უფსკრულში ჯობდეს... თუკი, რა თქმა უნდა, კისერს არ მოიტეხ...

***

ლევანს მობილურის ზარმა აივნის კართან მოუსწრო. ჯიბიდან აპარატი ბუზღუნით ამოიღო. ნომერი არ ეცნო, იმას კი მიხვდა, რომ ვიღაც საქართველოდან ურეკავდა.

– გისმენთ... ვინ ხარ? დათო?! ჰო, დავით, რაო, რამ შეგაწუხა? არ გაგაგებინე, იმიტომ რომ ვალდებული არ ვარ, ყველა ნაბიჯი შენთან შევათანხმო, თანაც, ძალიან მოულოდნელად წამოვედით. ჰო, თიკაც აქ არის... მოიცა, რას ნიშნავს ეგ ჩემთვის წამგებიანი ვარიანტია?.. დათო, რა სისულელეებს ლაპარაკობ, არ გინდა, ადამიანური ენით ამიხსნა, რა ხდება, რა არის ჩემთვის წამგებიანი? მოიცა, ვინ გამოფრინდა? შენ ხომ არ გაგიჟებულხარ!.. რას ნიშნავს, რა უნდა გექნა?! ყველაფერი უნდა გექნა, გესმის? ყველაფერი და მაგ გოგოსთვის საშუალება არ უნდა მიგეცა, თავისი გაეტანა!.. არა, შენ ნამდვილად შეიშალე!.. როგორ ფიქრობ, ისეთი სულელი ვარ, რომ მაგ ქუჩის ქალს რაღაცას დავპირდი და შენ არ გაგაფრთხილე?.. მეგონა, უფრო ჭკვიანი იყავი... გლანძღავ? გლანძღავ კი არა, ახლოს რომ იყო, ცხვირპირს დაგინაყავდი! დიახ, გცემდი და ხელიც არ ამიკანკალდებოდა!.. ეგ ქალი რომ აქ დამადგეს, იცი, რა მოხდება?!. წარმოდგენაც კი მიჭირს!.. ბიჭო, შენ ახლა მოკეტე! რას ნიშნავს, ნიკუშა შევამზადო? წარმოდგენა არ გაქვს, აქ რა ხდება, ნამდვილი საგიჟეთია! არ ვაპირებ, ახსნა-განმარტებები მოგცე, საერთოდ აღარ მინდა, რამე გითხრა! იდიოტი ხარ და ამას უკვე არაფერი ეშველება...

***

დათომ მობილური სავარძელზე მიაგდო და შეიგინა.

– რა გითხრა? – ცნობისმოყვარეობამ სძლია ნათიას.

– კარგი არაფერი, გადაირია და გამითიშა.

– რაო?!

– ნათი, გეხვეწები, ისედაც უკვე საკმარისად მომეშალა ნერვები და შენ ნუღარ დამიმატებ.

ნათიამ ტუჩები გაბუსხა:

– ნეტავი, მე რა შუაში ვარ, უბრალოდ, გკითხე. რატომ მიყვირი, რა დავაშავე?!

დათომ თავზე იტაცა ხელები:

– სულელი ვარ, სულელი! არ უნდა მიმეცა ფული იმ ვიღაც ნატუკასთვის, ახლა ლევანი მე დამაბრალებს ყველაფერს!

– შენ დაგაბრალებს? კი მაგრამ, რატომ?

– იმიტომ, რომ იდიოტი ვარ. ლევანი მართალია, ჭკუა ვერ ვისწავლე ამხელა კაცმა. გარეთ უნდა გამეგდო და კარიც ცხვირწინ მიმეკეტა! ახლა რა უნდა ვქნა?

ნათიამ მხრები აიჩეჩა:

– ნეტავი, შენ რა გადარდებს, ლევანი თავად არის დამნაშავე, ეგ კახპა რომ გადაიკიდა. ყოფილიყო თავისთვის და პრობლემებიც არ შეექმნებოდა!

დათოს თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედა ლევანთან საუბარმა. ისედაც გრძნობდა, რომ წინდაუხედაობა გამოიჩინა, მაგრამ, მეგობრის პირიდან მოსმენილმა საყვედურებმა პატივმოყვარეობა შეულახა.

– ნათია, გაჩუმდი!

– სულ ტყუილად ნერვიულობ. კიდევ გიმეორებ, შენმა მეგობარმა პრობლემა თვითონ შექმნა. კახპასთან რომ საქმე არ უნდა დაეჭირა, ამხელა კაცმა არ იცოდა? ჰოდა, ახლა თვითონ მიხედოს.

– არა, მეც ვარ დამნაშავე, არ უნდა გამეშვა ნატუკა, არ უნდა მიმეცა ფული. ახლა, გამოვიდა, რომ მე ლევანის ოჯახს საფრთხე შევუქმენი. თიკასთან ურთიერთობა რომ გაუფუჭდეს, საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ.

– ამაზე ადრე უნდა გეფიქრა. ისე კი, არაფერი იმალება. თიკა სულელი არ არის და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაიგებდა ქმრის ღალატის ამბავს.

– გაეგო, მაგრამ ჩემგან არა. განსხვავებას ვერ ხედავ?

– შენ არაფერ შუაში ხარ-მეთქი, გეუბნები. ლევანს რომ ამ ამბის გახმაურება არ ნდომოდა, ძალიან კარგად მოახერხებდა მაგ ნატუკას თავიდან მოშორებას, ეგეთი გულუბრყვილოც ნუ გგონია.

– შენ ჯერ კიდევ არ იცი ყველაფერი.

– სამაგიეროდ, ბევრ რამეს ვხვდები. შენთან ცხოვრებამ და შენს ძმაკაცთან ურთიერთობამ ბევრი რამე მასწავლა – უკვე ვიცი, რომ ერთ ნაბიჯზეც არ შეიძლება თქვენი ნდობა.

– ჩემი შეიძლება, – შეეკამათა დათო.

– არა, არც შენი შეიძლება, მათგან ბევრი არაფრით განსხვავდები.

– ნათია, ვერ ატყობ, რომ ჩვენი საუბარი საშიშ ხასიათს იღებს? დიდი შანსი გვაქვს, რომ არაფრის გამო მაგრად ვიჩხუბოთ.

– ეგ შენ ფიქრობ, რომ არაფრის გამო, თორემ, მიზეზი გვაქვს. ახლა რომ ამბობ, რატომ კარი ცხვირწინ არ მივუხურეო... კარგად შესციცინებდი ყურებჩამოყრილი, ერთი სიტყვაც არ გითქვამს ჩემს დასაცავად, შეურაცხყოფას რომ მაყენებდა. შენც ხომ არ იწექი მასთან?

– გეყოფა, ნათია, ეს უკვე მეტისმეტია, შენი ფანტაზიები ჭკუიდან შემშლის! – დათო ადგა და სკამზე გადაკიდებული პიჯაკი აიღო.

– სად მიდიხარ? – შიშნარევი ტონით ჰკითხა ნათიამ.

– სამსახურში. სად უნდა მივდიოდე?

– მაგალითად, ბილეთების საყიდლად. ჩვენ რატომღა უნდა გამოვაკლდეთ დანარჩენებს? შენ და ლევანიც ბარემ ბოლომდე გაარკვევდით ურთიერთობას.

– გასარკვევი არაფერია, მე ჩემი სათქმელი ვუთხარი. შეიძლება, შეცდომა დავუშვი... შეიძლება კი არა, ნამდვილად დავუშვი... მაგრამ, ეს განზრახ არ ჩამიდენია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იქ კიდევ რაღაც ხდება.

– მაინც, რა?

– საქმეც ეგაა, რომ არ მითხრა ლევანმა. მარტო ის თქვა, ეგღა აკლდა ამ არეულ სიტუაციასო.

– ჰო, რა თქმა უნდა, იქნება სიტუაცია არეული, სულაც არ მიკვირს. ნიკუშას გონზე მოსვლა და პარიზის ქუჩებში გასეირნებაც არ აცალეს, ყველა ერთად დაატყდა თავს. ახლა ნატუკაც ჩავა და შენ მერე ნახე ამბავი.

– მაგის წარმოდგენაც კი მიჭირს, – მოიღუშა დათო, – მართალი ხარ. დიდი ამბავი ატყდება და რაც უფრო შორს ვიქნები ამ ყველაფრისგან, მით უკეთესია.

– ჰო, მაგრამ... – შეკამათება სცადა ცოლმა.

– არავითარი „მაგრამ“, არაფრის მოსმენა აღარ მინდა. მიდი, ჩაიცვი, სამსახურში შევივლი და მერე სადმე გავისეირნოთ. აღარ ვიფიქრებ ჩემს უთავბოლო ძმაკაცებსა და მათ პრობლემებზე...

***

მუშტი ისეთი ძლიერი იყო, რომ ლევანი მიწაზე გაიშხლართა. სანამ გონზე მოსვლას და იმის გაცნობიერებას მოასწრებდა, რა მოხდა ნიკუშამ მეორე მუშტი უკვე წაქცეულს მიაყოლა, თან მთელი ხმით ყვიროდა.

– ნაძირალა და არამზადა ხარ! სულ ერთია, არ შეგარჩენ, ამდენ ხანს რომ მაბრიყვებდი! რა გეგონა, ყველაფერი ასე იოლად შეგრჩებოდა? სულში ჩამაფურთხე! ყველაფერი სიბინძურეში ამოსვარე! ჩვენს მეგობრობასაც ბოლო მოუღე და ყველაფერ კარგსაც, რაც საერთოდ იყო ჩვენ შორის!.. მოგკლავ!

– ნიკუშა, გაჩერდი, გეხვეწები, თავი დაანებე! – აქოშინებული და ატირებული თინიკო უშედეგოდ ცდილობდა ტუჩგახეთქილი ლევანისგან ნიკუშას მოცილებას. ხმაურზე შეგროვილი მსახურები გაოცებულები უყურებდნენ მათთვის უჩვეულო სცენას. სასოწარკვეთილი თინიკო ვახოს დასაძახებლად გაიქცა...

***

იამ ჭიქა დადგა და გაიზმორა.

– მართლა მაგარი ყოფილა... მშვენივრად გამომიკეთა გუნება... აი, თურმე, რატომ სვამთ ამდენს კაცები. კიდევ დამისხი.

ვახომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია, ბოთლი დახლიდან სწრაფად აიღო და საგულდაგულოდ ჩაბღუჯა:

– მეტს აღარ დალევ, გეყოფა! უკვე საკმარისზე მეტი დალიე. დათვრები და შენი მოვლის თავი ნამდვილად არ მაქვს. თანაც, საქმე გაქვს მოსაგვარებელი, ხომ არ დაგავიწყდა?

– ნასვამი უკეთესად მოვაგვარებ, სითამამე უკვე მომემატა.

– ნასვამი – შეიძლება, მაგრამ, მთვრალი ხარ-მეთქი, უკვე. ამდენი სითამამეც არ გჭირდება.

– ოჰ, შენ რატომ იღებ გადაწყვეტილებებს ჩემ მაგივრად, ვინ გეკითხება? ეს რა ცუდი რაღაც დაგჩემდა. მე ვიცი, რამდენი უნდა დავლიო და რა მჭირდება, – ხმას აუწია იამ და ფეხები ჭირვეული ბაშვივით დააბაკუნა, – მომეცი ბოთლი!

მაგრამ ვახო აღარ უსმენდა, ბოთლი მექანიკურად მიაჩეჩა ხელში და აივანზე გასასვლელი შემინული კარისკენ გაემართა.

– არაფერი გაგიგონია?

იამ მხრები აიჩეჩა და ბოთლიდან ვისკი ჭიქაში ჩაასხა: – არა!

– როგორ არ გესმის, მგონი, ვიღაც ყვირის.

– აუ, თუ ახლა ელენეს რამე დაემართა და ჟანი დასტირის, დაგვერხა! ფრანგებმა შეცხადება იციან?

– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, – გაბრაზდა ვახო, – და, მოეშვი მაგ ბოთლს, სანამ სულ გამოშტერებულხარ. გეუბნები, ვიღაც ყვიროდა-მეთქი და, თუ არ მეშლება, თინიკოს ხმას ჰგავდა.

– მე არაფერი გამიგონია, – ჯიუტად გაიმეორა იამ და ვისკი მოწრუპა, – უჰ, მაგარია!.. რას გეტყვი, იცი?! ამას ახლა დავცლი და ნიკუშას მოსაძებნად წავალ – ყველაფერი უნდა ვუთხრა, რასაც მასზე ვფიქრობ.

– აუ, ეს დათვრა! რა შარი ავიკიდე! – ვახომ ბარისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და თინიკომაც შემოაღო კარი შეშლილი სახით:

– მიშველე, ვახო... ნიკუშას ლევანის მოკვლა უნდა... ჩქარა, გამომყევი, სანამ უბედურება არ მომხდარა!

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3