კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შვილის ნაცვლად მამა მოკლეს



ეკა ბარაბაძე



შვილისთვის გამიზნული ტყვია მამას მოხვდა! უდანაშაულო კაცის მკვლელობისთვის 38 წლის ომარ გ. ციხეში 13 წელს გაატარებს, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ეს მისთვის ჰუმანური სასჯელია. საქმე ისაა, რომ თავდაპირველად მას 23 წელი მიესაჯა, მაგრამ ზემდგომმა ინსტანციამ სასჯელი 10 წლით შეუმცირა.

პატიმარი ომარ გ. დაკავებისთანავე ირწმუნებოდა, რომ უდანაშაულო კაცი გაუფრთხილებლობით მოკლა, მაგრამ ეს ვერსია სასამართლომ თავის მართლებად ჩაუთვალა და უმძიმესი, სსკ 109-ე მუხლით, ბრალდებულს (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით) 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამაგიეროდ, განსასჯელს მორიგ ინსტანციაში გაუღიმა ბედმა – მისი საქმის ხელახლა განხილვის შემდეგ, სასამართლომ ჩადენილი დანაშაული ჩვეულებრივ მკვლელობად (სსკ 108-ე მუხლი) მიიჩნია და 10 წელი ჩამოუკლო. ასეთი ჰუმანურობით გაღიზინებულმა პროკურატურამ საბოლოო ინსტანციაში იჩივლა, მაგრამ, ამაოდ – პატიმარი ციხეში მხოლოდ 13 წელს გაატარებს.

როგორ ემსხვერპლა მამა შვილს

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თანასოფლელებს, ომარ გ-სა და გელა მ-ს, ერთმანეთში არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, მათ იჯარით მიწა აიღეს და საზიაროდ საზამთრო მოიყვანეს. ვინაიდან ომარ გ-ს შვილი არ ჰყავდა, ის ძმისშვილს პატრონობდა, რომელიც ერთ-ერთ ინსტიტუტში სწავლობდა. მართალია, მატერიალურად მაინცდამაინც არ უჭირდა, მაგრამ ძმისშვილის სწავლის საფასურის გადასახდელად ფული შემოაკლდა და ამიტომ გადახდას მოსავლის აღებიდან აპირებდა.

პარტნიორებს გაუმართლათ, მოსავალი კარგი მოვიდა, მაგრამ სარეალიზაციოდ მანქანა სჭირდებოდათ. ომარ გ-ს „მერსედესი“ კი ჰყავდა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ბაზარში სასიარულოდ მოუხერხებელი იყო. ამიტომ, გელა მ-მ შესთავაზა, რომ „06“ მარკის მანქანა ეყიდათ, რომელსაც ერთ-ერთი თათარი ეროვნების კაცი იაფად ყიდდა. მისივე მტკიცებით, მართალია, მანქანა ძველი მოდელის იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, არა მხოლოდ კარგ მდგომარეობაში იყო, პატრონი იაფად – 1 800 ლარად ყიდდა. შეთანხმების თანახმად, მანქანა სანახევროდ უნდა ეყიდათ, მაგრამ, ვინაიდან გელა მ-ს ფული არ ჰქონდა, ომარს სთხოვა, რომ ფული მას გადაეხადა და თვითონ მოსავლის რეალიზაციის თანხიდან გაუსწორდებოდა, თუმცა, გელა მ-მ პირობა დაარღვია და მანქანის საფასური პარტნიორს აღარ დაუბრუნა, რასაც იმით ხსნიდა, რომ ცოლი მოიყვანა და თანხა ქორწილის სამზადისში დაეხარჯა. პირველ ეტაპზე ომარ გ-მ მოვალეს ადროვა, მაგრამ ვალის გადახდას საშველი აღარ დაადგა და ისევ მანქანის გაყიდვა დააპირა, მაგრამ, გარდა იმისა, რომ მანქანების ფასი იმ პერიოდში ძალიან დავარდა, „06“ იმდენად ძველი და უვარგისი აღმოჩნდა, რომ 500 ლარადაც კი არავინ ყიდულობდა. ამის გამო პარტნიორებს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და ერთმანეთს ჯერ გინება, ბოლოს კი ცემაც დაუწყეს.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ერთ დღეს ომარ გ., სტუდენტ ძმისშვილთან, გიასთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა. შუა ქეიფის დროს ძმისშვილს მობილურზე გელა მ-მ დაურეკა და, ჩვეულებისამებრ, როგორც წესი, მანქანის ფულის გამო დაუწყო დავა. ბიჭი სუფრიდან ადგა, გარეთ გავიდა და იქ არჩევდა ტელეფონით საქმეებს. თუმცა, ვინაიდან შეაგვიანდა, თანაც გინება მოესმა, ძმისშვილს ბიძა უკან გაჰყვა, ტელეფონი წაართვა და ამჯერად მან დაიწყო ტელეფონით საქმის გარჩევა. სუფრა აირია, გაღიზიანებული სტუმრების დაწყნარება მოქეიფეებმა სცადეს და შეძლეს კიდეც, მაგრამ, უკვე გვიანი იყო: ურთიერთობის გარკვევის მიზნით, მოდავე მხარეებმა საქმის გასარჩევად შეხვედრის ადგილის დათქმა მოასწრეს – შეთანხმდნენ, რომ ყოფილი ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებოდნენ ერთმანეთს.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ომარ გ., ძმისშვილთან ერთად, ჯერ მამისეულ სახლში მივიდა, ბიჭი იქ დატოვა, ორლულიანი თოფი აიღო, დატენა და, დაახლოებით 21 საათზე, საკუთარი „მერსედესით“, დათქმულ ადგილზე – ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა. მისვლისთანავე, ომარმა ავტომანქანა გააჩერა, ორლულიანი სანადირო თოფი გადმოიღო და გელა მ-ს რამდენჯერმე გინებით დაუძახა. შემთხვევის ადგილზე სხვებიც იყვნენ, მაგრამ ისე, რომ მათი არ მორიდებია. დაძახებაზე დედის გინებითვე გელა მ-ც გამოეპასუხა. ომარ გ. კიდევ უფრო განაწყენდა, შემოტრიალდა და იმ მიმართულებით, საიდანაც გელას ხმა ესმოდა, დამიზნებით ორჯერ ისროლა, მაგრამ, ვერ მოარტყა. გამოძიების ვერსიით, ამის შემდეგ, ომარ გ-მ იქვე მდგარ გელა მ-ს მამას, ვარლამ მ-ს მიბჯენით ესროლა...

გამოძიების მასალებითვე, ომარ გ-მ დაჭრილი თავის ავტომანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში მიჰყავდა, მაგრამ, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, მიხვდა, რომ დაჭრილი გარდაიცვალა, შეშინებულმა გვამი მანქანის სალონიდან მიწაზე გადმოიღო და თვითონ თავს უშველა. თუმცა, მეორე დღეს ის აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში და ადგილზე დააკავეს...

მომხდარი ინციდენტის გამო, ომარ გ-ს სასამართლომ 23 წელი მიუსაჯა, მაგრამ გამოტანილი განაჩენი მისმა ადვოკატმა გაასაჩივრა და ზემდგომ ინსტანციაში მოითხოვა, რომ პატიმრისთვის განზრახ მკვლელობის ბრალდება მოეხსნათ და ამ ნაწილში მთლიანად გაემართლებინათ, რადგან, ამტკიცებდა, რომ მომხდარი გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა იყო (სსკ 116-ე მუხლი) და სასამართლოს სთხოვდა, სასჯელი „გონივრულ ფარგლებში“ გამოეტანა. მართალია, პატიმარი სადავოდ არ ხდიდა, რომ ვარლამ მ. ნამდვილად მისი ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა, მაგრამ სასამართლოს არწმუნებდა, რომ ომარ გ-ს მოკვლის განზრახვა აზრად არ ჰქონია.

თუ როგორ განვითარდა მოვლენები მკვლელობამდე, მსჯავრდებულმა სასამართლოს დეტალურად მოუთხრო, თუმცა მისი მონათხრობი არაფრით ჰგავდა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას. მისი ჩვენების თანახმად, როდესაც დათქმულ ადგილზე, ანუ ფოსტასთან მივიდა მას არავინ დახვდა და უკან გაბრუნდა. დაახლოებით 15 წუთი სოფელში მოძრაობდა და ისევ ფოსტასთან ბრუნდებოდა, როცა მოულოდნელად სტვენის ხმა გაიგო, რის გამოც მანქანის სვლა შეანელა. ამ დროს კი უცნობის დაძახების ხმა გაიგონა – ვიღაცამ დაუყვირა, რომ მანქანა გაეჩერებინა. მისივე თქმით, ეგონა, რომ გელა მ. უყვიროდა, მაგრამ, მანქანიდან რომ გადმოვიდა, ხელში უცნობი ახალგაზრდა შერჩა, რომელმაც უთხრა, რომ დედამისს წნევა ჰქონდა და სთხოვა მისი მანქანით ექიმი მოეყვანათ. განსასჯელის თქმით, იგი დაეჭვდა, რადგან ეგონა, რომ ბიჭი გელას გამოგზავნილი იყო, რადგან ის სულაც არ ჰგავდა ავადმყოფი დედის პატრონს. ამიტომ, მანქანიდან გადმოვიდა და გელას მისამართით დაიძახა – სხვას რას მიგზავნი, იმის კაცობაც არ გაქვს, შემხვდეო, მაგრამ, უცნობმა უთხრა, რომ მარტო იყო და სიმართლეს ეუბნებოდა. განსასჯელის თქმით, ამის შემდეგ დააპირა ბიჭს დახმარებოდა, მაგრამ ამ დროს გელა მ-ს გინება შემოესმა – კურდღელივით რომ გაიქეცი, გეგონა, ვერ გიპოვიდი, შენი დედაო... განსასჯელის თქმით, გაბრაზებულმა იმით, რომ, რეალურად, გელა მ. შეხვედრაზე თავად არ მივიდა, მისი შეშინების მიზნით, ჯერ ჰაერში იმ მიმართულებით გაისროლა, საიდანაც გელას ხმა ესმოდა, თუმცა, განსასჯელი ირწმუნება, რომ, ამავდროულად, გელა მან თავის მანქანასთან ახლოს თავად შენიშნა. ამიტომ, თავის მანქანისკენ კვლავ ჰაერში გაისროლა, მაგრამ უცებ კივილი შემოესმა. აღმოჩნდა, რომ მან არა გელა მ, არამედ მამამისი დაჭრა, რომელიც სასწრაფოდ მანქანაში ჩასვა და გადარჩენის მიზნით რაიონის საავადმყოფოსკენ წაიყვანა, მაგრამ კაცი მანქანაში გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა, გელა მ-ს აწ გარდაცვლილმა მამამ შვილისა და მისი პარტნიორის შეხვედრის შესახებ გაიგო და შვილს უკან მალულად გაჰყვა...

სასამართლოზე გელა მ-ს ჩვენებითაც დადგინდა, რომ ბიძა-ძმისშვილთან შელაპარაკება მას ფულთან დაკავშირებით მოუხდა, რასაც ორმხრივი გინება მოჰყვა. თუმცა, სასამართლოზე ის ყველაფერს იმავე თანმიმდევრობით მოყვა, როგორც განსასჯელმა, კერძოდ, როგორ მოიყვანეს საზიაროდ საზამთრო და როგორ მოტყუვდნენ ძველი „06“-ის ყიდვაში.

განსასჯელის, დაზარალებულისა და შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებებით, სასამართლომ საბოლოოდ დაასკვნა, რომ განსასჯელს უშუალოდ ვარლამ მ-ს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. როგორც განაჩენშია აღნიშნული: 1. ურთიერთობის გარკვევის მიზნით, განსასჯელმა შეხვედრა დაუთქვა პირადად გელა მ-ს და მან, არათუ არ იცოდა, ვერც ივარაუდებდა, რომ მას ამ შეხვედრაზე მამა თან გამოჰყვებოდა. 2. სიბნელის გამო, განსასჯელს ზუსტად არ შეეძლო მსხვერპლის შეცნობა. 3. განსასჯელს არ ჰქონდა მკვლელობის არანაირი მოტივი. 4. როდესაც პატიმარმა შეიტყო, რომ შეცდომით მოკლა მამა და არა მისი შვილი, მაშინვე შეეცადა მის გადარჩენას.

გარდა ამ გარემოებებისა, სასამართლოზე ასევე ეჭვქვეშ დადგა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ეწერა, რომ განსასჯელმა მსხვერპლს მიბჯენით ესროლა. ამიტომ, მხარეთა მოთხოვნით, ხელახალი ექსპერტიზა ჩატარდა და დადგინდა, რომ: რეალურად სროლა მოხდა არა მიბჯენით, არამედ შორი მანძილიდან. განსხვავებული ექსპერტიზების გამო, სასამართლოზე დაიკითხნენ პირველი დასკვნის გამცემი ექსპერტები, თუმცა, პროცესზე დამაჯერებლად ვერ დაასაბუთეს თავიანთი დასკვნის სისწორე. ის კი არა, ერთ-ერთმა ექსპერტმა განმარტა, რომ ის შორიდან გასროლას არ გამორიცხავდა, მეორემ კი მიუთითა, რომ დასკვნის დაწერისას ის კოლეგის კვლევის შედეგებს დაეყრდნო...

ამდენად, სასამართლომ პატიმარს ბრალი შეუმსუბუქა, რადგან მიიჩნია, რომ მსხვერპლი, ვარლამ მ., შვილს მალულად, დახმარების მიზნით გამოჰყვა უკან შეხვედრის ადგილზე.

აქედან, სასამართლომ ჩადენილი დანაშაული ჩვეულებრივ, განზრახ მკვლელობად და არა გაუფრხილებელ მკვლელობად მიიჩნია: „მიუხედავად ამ გარემოებებისა, განსასჯელს გასროლისას გათვალისწინებული და შეგნებულად დაშვებული ჰქონდა ადამიანის სიკვდილი“, – ნათქვამია განაჩენში, ანუ, სასამართლომ ჩათვალა, რომ განსასჯელს, მამის თუ არა, მისი შვილის მოკვლის განზრახვა ნამდვილად ჰქონდა. ამიტომ სასამართლომ მას 11 წელი მკვლელობისთვის, ორი წელი კი იარაღის უკანონო ტარებისთვის მიუსაჯა.


скачать dle 11.3