კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

როგორ ხოცავდნენ ადამიანებს შეკვეთით და როგორ იძია შური მოკლული მილიციელის ტყუპისცალმა ძმამ


ჩვენი პუბლიკაციის გმირთა უმრავლესობის ვინაობა შეცვლილია, მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითობა იქნება, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

თვითმკვლელობა

1970 წლის 1 მაისს მილიციის მაიორმა ლევან ბაქრაძემ საკუთარ სახლში „მაკაროვის“ სისტემის ტაბელური პისტოლეტით თავი მოიკლა. მაიორი ბაქრაძე თვითმკვლელობის მომენტში მარტო იმყოფებოდა სახლში და ეს თავის კაბინეტში ჩაიდინა. მან პისტოლეტი მარცხენა საფეთქელზე მიიდო და ერთხელ გაისროლა მარცხენა ხელით, რადგან ცაცია იყო. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ, სრულიად დაადასტურა თვითმკვლელობის ფაქტი და მკვლელობა კატეგორიულად გამოირიცხა.

36 წლის ლევან ბაქრაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეგრეთ წოდებული, „ასობი ატძელის“ ოფიცერი იყო და თავის კოლეგებზე ახორციელებდა ზედამხედველობას. ის პატიოსანი, პრინციპული და მოუსყიდავი ვაჟკაცის რეპუტაციით სარგებლობდა, სამედიცინო ბარათის მიხედვით კი, ბაქრაძე აბსოლუტურად ჯანმრთელი და ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანი გახლდათ. ამიტომ, მისი ასეთი აღსასრული ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და კოლეგებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ბაქრაძეს 26 წლის მეუღლე ეკა და 6 წლის ვაჟი ნოდარი დარჩა, რომლებიც იმ პერიოდში ეკას მშობლებთან, იმერეთის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში იმყოფებოდნენ დასასვენებლად. ამ უბედურების შესახებ კი, ლევანის მეგობრისგან, ავთო დოლიძისგან შეიტყვეს, რომელმაც დედა-შვილი თბილისში საკუთარი მანქანით ჩამოიყვანა.

ტრაგიკულად გარდაცვლილი მაიორი მხედრული პატივით დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე და ყველა საჭირო ხარჯი სამინისტრომ გაიღო. გარდა ამისა, ბაქრაძის კოლეგები ლევანის ცოლ-შვილსაც დაეხმარნენ და მათ სოლიდური ფულადი თანხა გადასცეს. დასაფლავებასა და ქელეხს კი, პირადად დაესწრო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალი ედუარდ შევარდნაძე.

ტრაგიკული შემთხვევა

ბაქრაძის გარდაცვალებიდან სამი კვირის შემდეგ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. დიდუბიდან მომავალი „მოსკვიჩი“ ჯერ დამცავ ჯებირს შეასკდა, შემდეგ კი მდინარე მტკვარში ჩავარდა და ჩაიძირა. შემთხვევა ღამის 10 საათზე, სიბნელეში მოხდა და ცხედრის ძებნა მეორე დღისთვის გადაიდო. 23 მაისს კი ორთაჭალჰესთან მტკვარმა 39 წლის ანა კიღურაძის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი იყო და წინა დღით სწორედ ის მართავდა მტკვარში გადავარდნილ „მოსკვიჩს“. ქალის ცხედარი პროზექტურაში გადაიტანეს, გაკვეთეს და მისმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ კიღურაძე ავტოავარიის შედეგად მიღებული მძიმე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით გარდაიცვალა. ექსპერტიზა ჩაუტარდა „მოსკვიჩსაც“ და ტექნიკურმა ექსპერტმა დასკვნაში დაწერა, რომ მანქანას სამუხრუჭე სისტემა ჰქონდა დაზიანებული, რაც ავტოავარიის მიზეზი გახდა. ქალი დაასაფლავეს და დასკვნები გარდაცვლილის ოჯახის წევრებს გააცნეს. ანა კიღურაძის მეუღლე, არტურ სარიანი, ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას რომ გაეცნო, ცივმა ოფლმა დაასხა. თუმცა, სიტყვა არ ამოუღია და ჯერ გამომძიებელს გამოემშვიდობა, რომელიც კიღურაძის ავტოავარიის საქმეს იძიებდა, შემდეგ კაბინეტიდან გავიდა და ჩაილაპარაკა: „აქ რაღაცაშია საქმე. ტექნიკური დასკვნა სრული აბსურდია – მანქანის „ტორმუზები“ სრულ წესრიგში იყო...“

არტურ სარიანი ავტომექანიკოსი იყო და ტრადიცია ჰქონდა, სახლიდან მიმავალი მეუღლის მანქანა ყოველ დილით საფუძვლიანად შეემოწმებინა. მან ავტოავარიის დღესაც გულდასმით შეამოწმა ცოლის მანქანა და „მოსკვიჩი“ სრულ წესრიგში იყო. სწორედ ამიტომ არ დაიჯერა გარდაცვლილის მეუღლემ დასკვნის სისწორე და გადაწყვიტა, დამოუკიდებელი გამოძიება ეწარმოებინა. არტურმა იცოდა, რომ მისი საყვარელი მეუღლე გულჩათხრობილი ქალი იყო, ქმარს ყველაფერს არ ეუბნებოდა და თავის გულისნადებს მხოლოდ დღიურებს უმხელდა. დღიურები კი ანას საგულდაგულოდ ჰქონდა გადამალული. არტურმა ივარაუდა, რომ რაღაც მოხდა, რაც ცოლმა მას არ გაუმხილა და რასაც შემდეგ ეს ტრაგიკული შემთხვევა მოჰყვა. კიღურაძის მეუღლე დარწმუნებული იყო, რომ ცოლის სიკვდილის გასაღებს მის საიდუმლო დღიურებში იპოვიდა. ამიტომ, სარიანმა დღიურების ძებნას მიჰყო ხელი და 10 ცალი შავი, სქელტანიანი რვეული კომოდის ქვედა უჯრის ფსკერზე აღმოაჩინა.

საბედისწერო საუბარი

არტურ სარიანი არ შემცდარა და ცოლის საიდუმლო დღიურებში ერთი ჩანაწერი აღმოაჩინა, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ ანა კიღურაძეს სიკვდილის საშიშროება ელოდა.

1970 წლის 9 მაისის ჩანაწერში ეწერა: დღეს ჩვენს უფროსთან, სერგო ბაჯაჯურთან მქონდა ლაპარაკი და ახლა აბსოლუტურად დავრწმუნდი, რომ მილიციის მაიორი, ლევან ბაქრაძე შეთქმულების მსხვერპლი გახდა. სერგო ჩემს ოთახში შემოვიდა, დამიმარტოხელა და მითხრა:

– ანა, ძვირფასო, შეცვალე დასკვნა. თავში ქვაც უხლიათ ამ „ძაღლებს“. ერთმანეთზე უარესები არიან და, ყველაფერი თვითონ გაარკვიონო, – შემდეგ ოცდახუთმანეთიანების დასტა დამიდო წინ და დაამატა, – აქ ორიათას ხუთასი მანეთია. სულ შენია. აიღე და ღმერთმა შეგარგოსო.

– რას ამბობთ, ბატონო სერგო, ამას მე როგორ გავაკეთებ, – აღვშფოთდი მე და ბაჯაჯურს ხელი ავუკარი. მან კი მანიაკის თვალებით შემომხედა და კბილებში გამოსცრა:

– ამ სიჯიუტით კარგს ვერაფერს მიაღწევ. დასკვნას კი, მე შევცვლი. ბოლოს და ბოლოს განყოფილების უფროსი ვარ და უფლება მაქვს, ჩემი აზრი დავაფიქსირო. შენ კი გირჩევ, ენას კბილი დააჭირო... – სერგო წავიდა. მე კი ისე შევშინდი, ენა ჩამივარდა. თუმცა, ერთი საათის მერე სერგოსთან შევედი, ფული მივუგდე და პირში მივახალე.

– მე თქვენი არც ფული მინდა და არც მეშინია. ბაქრაძე მოკლულია და ჩემს დასკვნას არ შევცვლი. თქვენ კი შეგიძლიათ, ის გააუქმოთ და რაც გინდათ ის ქნათ, მაგრამ იცოდეთ, რომ ადრე თუ გვიან ამისთვის პასუხს მოგვთხოვენ და მე თუ ვინმემ რამე მკითხა, სიმართლეს ვიტყვი.

– იტყვი და შენს თავს დააბრალე. შენი არასრულწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურებულ სხეულს რომ მოგიტანენ გასაკვეთად, მერე იბრძოლე სამართლიანობისთვის, – მითხრა სერგომ და დააყოლა, – კრინტი არ დაძრა, თორემ შენს ნაბიჭვარს მიწიდან ამოიღებენ და შავ დღეს გაგითენებენ.

ბაჯაჯურის სიტყვებზე ავკანკალდი და პირობა მივეცი, კრინტს არავისთან დავძრავდი. იქვე შევცვალე ჩემი დასკვნაც. თუმცა, ფული მაინც არ ავიღე და მისი კაბინეტიდან გამოვედი.

საქმე კი იმას ეხება, რომ როდესაც ბაქრაძის ცხედარი გავკვეთე, აღმოვაჩინე, რომ მას იმდენი საწამლავი ჰქონდა სხეულში, არათუ თავის მოკვლას, არამედ თითის განძრევასაც კი ვერ შეძლებდა. ამიტომ, ეს შეუსაბამობა ჩემს დასკვნაში აღვნიშნე და ბაქრაძის თვითმკვლელობა გამოვრიცხე. როგორც ეტყობა, მილიციის მაიორს სახლში ეწვივნენ და საწამლავი მიაღებინეს. მერე კი, მისი თვითმკვლელობა გაითამაშეს. თუმცა, საწამლავის მომენტი ვერ გაითვალისწინეს“.

„საბედისწერო საუბარმა დაღუპა ანა“, – ჩაილაპარაკა თვალცრემლიანმა არტურმა, როდესაც ცოლის დღიურის კითხვა დაასრულა და თქვა, – „დედას გიტირებთ. ანას მკვლელობას არ გაპატიებთ“.

აღიარება

მეუღლის მკვლელობით გამწარებულმა არტურ სარიანმა შურისძიების გეგმა შეადგინა და პირველ ყოვლისა თავისი 13 წლის ქალიშვილი, მერი ნათესავებთან, ერევანში გაგზავნა. შემდეგ დაღუპული მილიციის მაიორის, ლევან ბაქრაძის მეუღლეს, ეკას ეწვია, გაეცნო და ცოლის ჩანაწერები წააკითხა, რამაც ქალი შოკში ჩააგდო და ისტერიკა დაემართა. თუმცა, ძალიან მალე მოიკრიბა ძალები და არტურს უთხრა:

– ლევანის ძმაა ჩამოსული. მალე მოვა და მას დაელაპარაკეთ.

ლევან ბაქრაძის ძმა, მისი ტყუპისცალი, 35 წლის ლაშა ბაქრაძე პროფესიით გეოლოგი იყო და წლობით სამეცნიერო ექსპედიციებში იმყოფებოდა. მას თითქმის ფეხით ჰქონდა შემოვლილი მთელი საბჭოთა კავშირი, თავის პროფესიას გადაყოლილი იყო და ცოლის მოყვანას ვერ ახერხებდა. ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ტყუპისცალს და ძმის სიკვდილი რომ შეიტყო, მეორე დღესვე ციმბირის მიუვალი ტაიგიდან ჩამოფრინდა. თუმცა ძმის დასაფლავებას მაინც ვერ ჩამოუსწრო. ლაშა ძმის სახლში რომ დაბრუნდა რძალი დაწვრილებით მოუყვა ყველაფერს, მან არტურსაც მოუსმინა და სიმწრის ცრემლები წამოუვიდა. ლაშამ სარიანს უთხრა:

– მე შური უნდა ვიძიო, თქვენ?

– სწორედ ამიტომ გეახელით. მარტო ამის გაკეთება ძნელია და თუ ერთად ვიმოქმედებთ, ალბათ, მიზანს მივაღწევთ.

– აუცილებლად მივაღწევთ, – დაეთანხმა არტურს ლაშა და უთხრა, – გამოდის, რომ ჩემი ძმის გამო მოკლეს თქვენი მეუღლე და ბოდიშს გიხდით.

ლაშამ და არტურმა გადაწყვიტეს, რომ სერგო ბაჯაჯური ენახათ და სიმართლე მისგან შეეტყოთ. ამიტომ ისინი ბაჯაჯურს მისსავე სახლთან ჩაუსაფრდნენ, გაიტაცეს და ავლაბარში, არტურ სარიანის კერძო სახლის სარდაფში პირქვე დაკიდეს.

– რას მერჩით, ხალხო, რა დაგიშავეთ, – იმეორებდა ბაჯაჯური. თუმცა, კარგად ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე.

ლაშა ბაქრაძემ საკუთარი თავი და არტური გააცნო სერგოს და უთხრა:

– ახლა კი სიმართლე მოყევი, თუ, რა თქმა უნდა, არ გინდა, რომ ნაკუწ-ნაკუწ აგქნა და შენივე დამპალი ხორცი შეგაჭამო.

ბაჯაჯური თავიდან ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ როდესაც ლაშამ მას სამართებლით ჩამოაჭრა ხორცი და მარილი ჩააყარა, სერგომ ენა ამოიდგა და თქვა:

– მე არაფერ შუაში ვარ. მე თვითონ შემაშინეს და ცოლ-შვილის დახოცვით დამემუქრნენ. სხვა გზა არ მქონდა და რა მექნა.

– ვინ დაგემუქრა, – იკითხა ლაშა ბაქრაძემ.

– პოლკოვნიკი კოვზირიძე. სამინისტროში მუშაობს სამძებროს ხაზით და დასკვნის გაყალბებაც იმან მიბრძანა, ფული, 10 ათასი მანეთი მან მომცა და ანა კიღურაძესაც მისმა ხალხმა მოუწყო ავტოავარია.

– როგორ მოუწყო? – ჰკითხა ბაჯაჯურს არტურმა.

– ანა ღამით რომ მოდიოდა მანქანით, მას მძლავრი პროჟექტორები მიანათეს და წყალში გადააგდეს.

– კოვზირიძეს სად ვნახავთ, სად ცხოვრობს? – იკითხა ლაშამ.

– არ ვიცი, ღმერთმანი, არ ვიცი. ის თვითონ მოდიოდა ჩემთან, – ატირდა ბაჯაჯური.

არტურმა და ლაშამ სერგო ბაჯაჯური იქვე, სარდაფში დააბეს, რომ მას კოვზირიძე არ გაეფრთხილებინა. თავად კი მილიციის პოლკოვნიკის მოსახელთებლად გაემართნენ...

სისხლიანი შურისძიება

პოლკოვნიკ ბესო კოვზირიძეს, არტურმა და ლაშამ მისსავე აგარაკზე, წყნეთში მიაგნეს და ათქმევინეს, რომ ლევან ბაქრაძე და ანა კიღურაძე მისი ბრძანებით, მისივე ხელქვეითების მიერ იყო მოკლული. კოვზირიძემ, რომელიც შიშველი, ფეხებით იყო დაკიდებული სარდაფში, უტიფრად უთხრა მოკლული მაიორის ტყუპისცალს:

– შენი ძმა იქ ყოფდა ცხვირს, სადაც არ შეიძლებოდა და აი, შედეგიც, ის ცოცხალი არაა...

ლაშამ, რომელიც თავზე ედგა კოვზირიძეს, სამართებელივით ალესილი ხმალი მოუქნია მას და მარჯვენა ფეხი ბარძაყში მოაჭრა. კოვზირიძეს გული წაუვიდა და მარცხენა ფეხით დაეკიდა. არტურმა კი ჭრილობა გახურებული რკინით მოუწვა და სისხლდენა შეუჩერა. ერთი საათის მერე, შოკიდან გამოსულ კოვზირიძეს ლაშამ უთხრა:

– ახლა მეორე ფეხის ჯერია, თუ, რა თქმა უნდა, არ გამარკვევ სიმართლეში.

– რომ ვთქვა, არც ერთს არ გვაცოცხლებენ.

– რომ არ თქვა, მაშინ წამებით მოგკლავ, – კბილებში გამოსცრა ლაშამ, – გისმენ.

– სამინისტროში დიდი ფული კეთდება, რასაც პოლკოვნიკი ჯინჭარაძე ხელმძღვანელობს და წილი მასვე მიაქვს მოსკოვში. ნარკოტიკებს ყიდიან, მკვლელობის შეკვეთებს ასრულებენ და მთავარი მფარველი მოსკოვში ჰყავთ, ბრეჟნევის სიძე, იური ჩურბანოვი. ამიტომ, მათ ვერც ედუარდ შევარდნაძე ერევა. თუმცა, მან კარგად იცის, რაც ხდება მის უწყებაში. ერთხელ სცადა ჯინჭარაძის შეჩერება, კაბინეტში დაიბარა და დაპატიმრებით დაემუქრა, მაგრამ ორიოდე საათში მას ჩურბანოვმა დაურეკა და ჯინჭარაძე დაიცვა. შენი ძმა კი, ამ საქმეს იძიებდა, ჯინჭარაძეზე კომპრომატებს აგროვებდა, რომ პოლიტბიუროში პირადად მიეტანა და იმიტომ მოკლეს.

– შენ რა როლს თამაშობ ამ საქმეში?

– მე, უბრალოდ, შემსრულებელი ვარ. რასაც მიბრძანებენ, იმას ვაკეთებ.

– დააკონკრეტე.

– სველ საქმეებს ვასრულებთ, ხალხს ვხოცავთ.

– კიდევ ვინ ურევია ამ საქმეში?

– ჯინჭარაძე მთავარია. საქმეში არიან პოლკოვნიკი ჯუღელი, პოლკოვნიკი ვანიძე და პოლკოვნიკი ფანიაშვილი – სულ ბობოლები და მათ ვერავინ მოერევა. არც შენ გირჩევ მათთან ჭიდილს. ჩემ დამახინჯებას გაპატიებ, მხოლოდ აქედან გამიშვი და შენც გაეცალე საქართველოს. ჯინჭარაძე სულ მალე მოსკოვში გადაჰყავთ, გენერლობას მიიღებს და უფრო ხელშეუხებელი გახდება.

– ჩემს ძმას ვინ ესროლა?

– ავთო დოლიძემ.

– ვინ? – გაოცდა ლაშა, რადგან იცოდა, რომ ავთო მისი ძმის უახლოესი მეგობარი იყო.

– ნუ გიკვირს. სწორედ ავთომ ჩაუყარა სასმელში საწამლავი და თვითმკვლელობის ინსცენირებაც მან მოაწყო. ავთოს გარდა, შენი ძმა არავის ენდობოდა. თუმცა, რა იცოდა, რომ ისიც ჩვენიანი იყო და ავთოსგან ვიგებდით შენი ძმის ზრახვებს.

ლაშამ ხმალი მოიქნია, კოვზირიძეს მარცხენა ფეხიც მოჰკვეთა და ბეტონის იატაკზე დასცა. შემდეგ თავიც მიაყოლა და არტურს უთხრა:

– ეს ერთი. ახლა სხვებს მივხედოთ...

სულ რაღაც სამი დღის განმავლობაში, სასტიკად იქნენ მოკლულები: ავთო დოლიძე, გივი ჯუღელი, პეტრე ვანიძე და ამირან ფანიაშვილი. ოთხივე საკუთარ ბინებში აღმოაჩინეს და მათ პათანატომი სერგო ბაჯაჯურიც დაემატათ, რომელიც მტკვარმა გამორიყა. პეტრე ჯინჭარაძე კი მოგვიანებით მოსკოვში იპოვეს დაცხრილული და მილიციამ ლაშა ბაქრაძისა და არტურ სარიანის ძებნა გააძლიერა, თუმცა, ორივე უცხოეთში გაიქცა...

P. S. ლაშა ბაქრაძე ერთხელ დაბრუნდა თბილისში. ეს 1993 წელს მოხდა. თუმცა ორი დღის მერე ისევ ავსტრალიაში გაემგზავრა, სადაც დღემდე ცხოვრობს. როგორც ამბობენ, ბაქრაძე მაშინ ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა.


скачать dle 11.3