კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოპერაციებს აკეთებდა ვასო ფხაკაძე კლინიკაში და რატომ შეიძლება იყოს ის დედოფალ ელისაბედის შვილი


მას ჩვენს ტელეიუმორისტულ სივრცეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ბევრი მას ამერიკელი კომიკოსი მსახიობის გმირს – მისტერ ბინს ამსგავსებს, 32 წლის ქართველი შოუმენის ვასო ფხაკაძის ცხოვრების ყველაზე სასაცილო და საინტერესო ეპიზოდებს ვასოს და და დედა გვიამბობენ.

ქალბატონი აზა (ვასოს დედა): ვასიკო და მაკა პატარები რომ იყვნენ, დიდუბეში ვცხოვრობდით, მუშთაედის ბაღთან და, ხან ბებიას მიჰყავდა სასეირნოდ ბაღში, ხან – მე. ფაქტობრივად, იქ გაიზარდნენ. მე და ჩემი მეუღლე არ ვიყავით პატარა ასაკის, როცა ვასიკო დაიბადა, ჩვენ გვიან დავოჯახდით. ზაფხულობით ჩემს მშობლებთან, რაჭაში ვისვენებდით – ბავშვებს ძალიან უყვარდათ იქ დასვენება. მამაჩემს შვილიშვილებიდან ვასიკო განსაკუთრებით უყვარდა. ერთხელ ბავშვები ვენახში წაიყვანა, ვასიკო ბლის ხეზე ასულა, მწიფე ბალი სახეზე წაუსვამს და ყვიროდა – ბაბუ, ბაბუ, მიშველე ჩამოვვარდიო. საწყალი მამაჩემი კინაღამ გაგიჟდა, დაბნეული აქეთ-იქით დარბოდა და ის ცალკე გაჰყვიროდა, მიშველეთო. უყვარდა ვასიკოს ასეთი რაღაცეების გაკეთება. ერთხელ, მეზობლის ბავშვებს ვიღაცის ბაღში სულ დააკრეფინა ატმები და სახლში მოიტანა. რა თქმა უნდა, უკან გავატანე, მაგრამ, მერე თვითონ ბაღის პატრონებმა გაუვსეს კალათა და გამოატანეს. ძმა მყავს უცოლშვილო, რაჭაში ცხოვრობს. ვასიკოს კალათა მისცა და უთხრა, ონკანს შეუდგი და აავსეო. ცოტა ხანში მოდის და ეუბნება – ვერ გავავსე, ის ნახვრეტები რომ აქვს, იქიდან გადმოდისო. ჩხუბისთავი არ იყო, მაგრამ უსამართლობას, შეურაცხყოფას ვერ ეგუებოდა. ცეკვაზე დადიოდა. ერთხელ ხელმოტეხილი მოვიდა და მითხრა, ცეკვაზე დავეციო. მერე გავიგე, რომ უჩხუბია.

მაკა (ვასოს და): ძალიან ხიფათიანი იყო. ზაფხულობით რაჭაში ვისვენებდით. დედა ხანდახან მამას ჩამოაკითხავდა თბილისში. არ მახსოვს, დედა წასულიყო და ვასოს რამე არ დამართნოდა. ერთხელ, ბიძაჩემს გაჰყვა ტყეში და დაიკარგნენ, შუაღამისას მოვიდნენ. ვასიკო წაქცეულა და თვალი უტკენია. ახლაც აქვს თვალის ქვემოთ შრამი. ვინ მოაკლებდა ყურადღებას, ყველა იქ ვიყავით – ბიცოლა, დეიდა, დეიდაშვილები, მაგრამ, რატომღაც, დედას წასვლას ემთხვეოდა მისი ხიფათები.

ვასიკო ოცი წელი ცეკვავდა სხვადასხვა ანსამბლში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ცეკვის ანსამბლში იყო, რომელსაც „მხედრული” ერქვა. იმ პერიოდს მისი ჯარში ყოფნაც დაემთხვა. 12 წლის იყო, უნგრეთში წაიყვანეს. რომ ჩამოვიდა, ყველაფერი მე ჩამომიტანა – უცხო კამფეტები, კევები და ჭკუაზე არ ვიყავი, ისე მიხაროდა.

ერთხელ ბაბუას მარანში შევიპარეთ. ხვანჭკარა ჰქონდა და იმის გარეშე როგორ შეიძლებოდა რაჭიდან წამოსვლა. ბავშვებმა რამდენიმე ჭიქა დავლიეთ, მაგრამ, არაფერი მიგვიყოლებია. ძლივს გამოვედი იქიდან.

– იყო იმის საშიშროება, რომ ვასიკო ქუჩას აეყოლებინა?

– ერთხელ თავის მეგობარს გაჰყვა და კარგი დაჟეჟილები დაბრუნდნენ. იმ მეგობარს შეყვარებული ჰყავდა და ინსტიტუტში მიაკითხეს. ესენი ორნი იყვნენ, იქ კი იმ გოგოს მთელი უბანი, ალბათ ერთი ოცი ბიჭი დახვდათ. სულ ასფალტზე იყვნენ ნახოხიალები, ისეთი ნაცემები იყვნენ. ძლივს მოვიდნენ, ერთი კვირა საჭმელს ვერ ჭამდნენ. არც ქუჩა აკლდა და არც არაფერი. ყველა უბანშია ისეთი, რომელსაც არ უნდა აჰყვე. მათთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და სხვებთანაც. ყველამ იცოდა, უბანშიც და სკოლაშიც, რომ ვასოს და ვიყავი და ამიტომ ვერავინ ვერაფერს გამიბედავდა. რა მახსოვს ყველაზე მწარედ ბავშვობიდან, იცით? კოლექციის მანქანები ჰქონდა, მაშინ იყო „კამაზი“, „ნივა“ – საბჭოთა პერიოდში რომ იყო. ჯერ ხომ მთელ სახლში ფქვილს მოფანტავდა და ამ ფქვილში თამაშობდა მანქანებით. მერე შეუყრიდა ასანთის ღერებს და მეუბნებოდა: ნახე, რა ამორტიზება აქვს ბორბლებსო. ხომ შეიძლება, ერთხელ, ორჯერ ნახო, მაგრამ, არა, ყოველდღე, დღეში სამჯერ მაჩვენებდა, აბა არ გენახა! მეც თავს ვუქნევვდი: ჰო, ვასო, აქვს ამორტიზება-მეთქი. ეთხელ, მანქანა ავაწყვეთ, ფილმს ვუყურეთ და იქიდან გადმოვიღეთ; მერე ცეცხლი წავუკიდეთ და აივნიდან გადავაგდეთ. მშრალი სპირტის ტაბლეტებიც გვქონდა, ჯამში ჩავყარეთ და ცეცხლი ავაბრიალეთ. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. მივხვდით, რომ დედა მოვიდა, გავკარით ფეხი, საწოლის ქვეშ შევაგდეთ: კინაღამ ცეცხლი გავაჩინეთ.

– სკოლა ის ადგილია, სადაც ცოდნასთან ერთად ურთიერთობების დიდ გამოცდილებას იღებ. როგორია იმ პერიოდის შთაბეჭდილებები?

ქალბატონი აზა: მეთერთმეტე კლასში, 1 სექტემბერს, სკოლაში გავუშვი, მოვიდა და მეუბნება: ხვალ დირექტორი გიბარებსო. ვიფიქრე, პირველ დღესვე ასეთი რა დააშავა-მეთქი. თურმე უკანა მერხზე ბიჭებთან ეთად გადამჯდარა და კარტი უთამაშია. ერთხელ კი სკოლის, კიბეზე ჩამოსრიალებულა და პირდაპირ დირექტორს შესკდომია. ორივე გადაყირავებულა. საშუალოდ, სწავლობდა, მაგრამ მასწავლებლებს ძალიან უყვარდათ. მათ პაროდიებს აკეთებდა, განსაკუთრებით კარგად ქიმიის მასწავლებლის მიბაძვა გამოსდიოდა.

– ვასიკოს იმ უცნობ თვისებებზე გვიამბეთ, რაც თქვენ უფრო კარგად იცით.

– ჩემს დაბადების დღეზე ბავშვებმა ჩუმად ფული შეაგროვეს. ახლა რომ მშობლები შვილებს ფულს თავისუფლად აძლევენ, მაშინ სხვანაირად იყო. მიგვაჩნდა, ბავშვისთვის ფული რომ მიგვეცა, გაფუჭდებოდა. ვასო და მაკა თურმე კაპიკს კაპიკზე აგროვებდნენ, რომ ჩემთვის საჩუქარი ეყიდათ. იმ დღეს ჩუმად გაიპარნენ სახლიდან. რამდენიმე წუთში, ვხედავ, ტალახში ამოსვრილები მოვიდნენ და ზურგს უკან რაღაცას მალავენ. რა თქმა უნდა, ვეჩხუბე – სად იყავით, რას ჰგავხართ-მეთქი. ვასიკო მეუბნება: კარგი, რა, დე, შენი ყვავილებისთვის ვიყავით წასული, მარტო იები მოგიტანეთ, მიხაკები გაძვირებულა და ფული არ გვეყოო.

ძალიან გულჩვილი და კეთილია. მისი სტუდენტობის წლები იმ დროს დაემთხვა, როცა შუქი არ იყო და ტრანსპორტიც ჭირდა. ოჯახების უმრავლესობას ძალიან უჭირდა, მათ შორის – ჩვენც. რამდენჯერ ფეხით წასულა და მოსულა, უთქვამს – ფული მათხოვარს მივეციო. ახლაც ასეა. სათვალეს გავიკეთებ, ან ქუდს ავიფარებ, რომ არ მიცნონ და, რაც მაქვს – ხან ლარი, ხან ხურდები – ვაძლევო. ერთხელ მეუბნება, მოხუცი კაცი ურნიდან რაღაცას იღებდა და უნდა ეჭამა. ფული არ მქონდა, ჩანთაში ვაშლი მედო და ის მივეციო. საძმაკაცოც ასეთი კარგი ჰყავს, როცა უჭირდა მის გვერდით იყვნენ.

– კიდევ რას გაიხსენებთ?

– მეც და ვასიკოც ეკლესიურად ვცხოვრობთ და, როგორც წესი ასეთ ადამიანს ბედისწერისა და ცრურწმენის არ უნდა სჯეროდეს, მაგრამ, იყო ასეთი შემთხვევა: მაშინ ვასიკო სამი წლის იქნებოდა, რაჭაში ვიყავით და, სადაც ჩვენ გვეძინა, იმ ოთახში, ვასიკოს საწოლთან ეკიდა საკმაოდ მოზრდილი ჩარჩოში ჩასმული შიშველი ქალის სურათი. ეს სურათი ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული სულ იქ იყო. შუაღამისას წამოხდა ბავშვი და მისაღებ ოთახში მაგიდის გარშემო ისტერიულად დარბის, ვერაფრით ვერ დავიჭირე. დედაჩემი გავაღვიძე, იქიდან შენ მოუარე და აქედან მე-მეთქი. ამ სირბილში ვართ, რომ უცებ ხმა მესმის. შევედით და რას ვხედავთ, სურათი ისეთი სიმძლავრით ჩამოვარდა, ხის საწოლის თავი შუაზე გადაჩეხა.

– არ იყო ძნელი მისი გაზრდა? მშობლებს ხომ ბიჭების დამორჩილება ძალიან უჭირთ?

– პრობლემები აღზრდის დროს ბავშვებთან ყოველთვის არის, მაგრამ, რთული გასაზრდელი ნამდვილად არ ყოფილა. სხვათა შორის, გაკონტროლება არც მაშინ უყვარდა და არც ახლა უყვარს. რომ დავურეკავ ხოლმე, მეუბნება, რა მოხდა, ხომ იცი, რომ დაკავებული ვარ, რას ნერვიულობო. მამამისს ისეთი სამსახური ჰქონდა, არ შეეძლო ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა. ამიტომ ყველაფერი ჩემზე იყო. თუმცა, შინ რომ მოვიდოდა ზედმიწევნით გამოჰკითხავდა ხოლმე ყველაფერს.

– მსახიობობის ნიჭი როდის შეამჩნიეთ?

– ჩემი მულისშვილი ჩანტლაძის სახელობის თეატრის მსახიობია და რამდენჯერმე წაიყვანა. ხანდახან თვითონ თენგიზ ჩანტლაძე და მისი მეუღლე ესტუმრებოდნენ ხოლმე ჩემს მულისშვილს და ვასიკო ყოველთვის აღტაცებული იყო: თენგიზის ლაპარაკი, მანერები – ყველაფერი მოსწონდა. მამამისს მისი რამდენიმე სკეტჩი ჩააწერინა და ჰბაძავდა. მერე, მუხიანში რომ გადმოვედით, თეატრში ისე ხშირად ვეღარ დაგვყავდა, მაგრამ ყველგან, სკოლაში თუ „კავეენზე”, წარმატებით გამოდიოდა და მეუბნებოდნენ, საცოდაობას სჩადიხართ, ვასიკოს ვეტერინარულზე რომ აბარებინებთო.

– მართლაც, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ვეტერინარულზე ჩაებარებინა?

– მამამისსაც ეს ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და უნდოდა, შვილიც ამ პროფესიას გაჰყოლოდა. თანაც, იქ უფრო ადვილად შეიძლებოდა მოხვედრილიყავი. ჩემი ქმარი ეუბნებოდა: ბიჭო, მსახიობობით რა უნდა ქნა, ოჯახი როგორ უნდა შეინახო, ვეტერინარობით კი საკმაოდ კარგ ფულს იშოვიო. ვფიქრობდი, თეატრალურზე რომ ჩავაბარებინო, იქ სამ-ოთხ კაცს იღებენ და, ვაითუ, წელი გაუცდეს-მეთქი. ერთი სიტყვით, მისი სურვილის წინააღმდეგ წავედით, რასაც ახლაც მსაყვედურობს. სხვათა შორის, სტუდენტობისას ძალიან დაინტერესდა ამ საქმით და რაღაც პერიოდი კლინიკაშიც მუშაობდა. ძაღლებს ყურებს აჭრიდა და ასეთ რაღაცეებს აკეთებდა. ძალიან უყვარს ცხოველები, მაგრამ იძულებული იყო, ეს გაეკეთებინა.

– მის ჩვევებზე რას გვეტყვით?

– თუ წყალი მთხოვა და უბრალო ჭიქით მივუტანე, უკან გამაბრუნებს – ლამაზი ჭიქით მომიტანეო. ჭიქებისა და თეფშების მობეზრება იცის. თანამედროვე და ლამაზი ნივთები უყვარს. ხანდახან დავცინი: ზუსტად შენნაირია პრინცი ჩარლზიც, ელისაბედის შვილი უნდა ყოფილიყავი-მეთქი. არ უყვარს უბრალოდ გაწყობილი მაგიდა. თუ იცის, რომ რაღაც განსაკუთრებული ნივთი გვაქვს და სუფრაზე არ დევს, შენიშვნას მომცემს – როგორ დაგავიწყდაო.

– არასდროს გიკითხავთ, ცოლს რატომ არ ირთავს?

– სკოლაში ერთი გოგო იყო და ყველას ის მოსწონდა. ერთხელ, სკოლიდან მომყავდა და მითხრა: დედიკო, ყველას რუსიკო მოსწონს, იმას კი არ უყურებენ, დანელიას რამსიგრძე წამწამები აქვსო. თურმე, დანელია უყვარდა. ყველა პერიოდში ჰქონდა გატაცება, მაგრამ ისეთი სერიოზული არა, რომ რამე გადაეწყვიტა. რამეს რომ ვეკითხები, მეუბნება – ჯერ არ მცალია მაგისთვისო. იმას რომ ვუყუროთ, როდის გვექნება კარგი ეკონომიკური მდგომარეობა, დრო მიდის. რამდენჯერმე ვცადე, გამეგო, ვინ მოსწონდა, უყვარდა, მაგრამ მის ყურამდე მივიდა. რამდენი გოგო მომწონებია მისთვის და სასაცილოდ არ ყოფნისი კარნახით ცოლს არ მოვიყვანო.

როცა ხელფასს იღებს, ყოველთვის ცდილობს ყველას პატივი სცეს. მე ცალკე მეკითხება, რა გინდა გიყიდოო და, მამამისს – ცალკე. კონცერტები რომ ჰქონდა, რაც აიღო, სულ დახარჯა – მაცივარი და სარეცხის მანქანა იყიდა.


скачать dle 11.3