კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოგზაურობს დროში ლაშა ონიანი და როგორ აღმოჩნდა ის ბერებისა და მონაზვნების მიერ ოკეანეში აშენებულ ქალაქში


ლაშა ონიანი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ძალიან აინტერესებთ, ისტორიული და უცხო ადგილების ნახვა, სადაც ესა თუ ის ქვეყანა ყველაზე კარგად არის წარმოდგენილი თავისი საცხოვრებელი სახლებით, წეს-ჩვეულებებით, მოსახლეობით.


ლაშა ონიანი: ყოველთვის ერთ განზომილებაში ცხოვრება, ყოველდღე ერთი კარიდან გამოსვლა, ერთი და იმავე სურათის დანახვა მოსაბეზრებელია. შესაბამისად, როდესაც სადმე მიდიხარ, ეს ყველაფერი უფრო მრავალფეროვანი ხდება და უფრო მეტად გიტაცებს. პირადად მე საკუთარ სახლში ათ დღეზე მეტხანს ვერ ვჩერდები. აღმოსავლეთი ევროპა ბავშვობიდან მაქვს მოვლილი. როდესაც სხვა ქვეყანაში ჩავდივარ, იქაც ვპოულობ ისეთ ადგილს, რომელიც იმ ქვეყნის გარე ნაწილია. მაგალითად, საფრანგეთში არის პატარა ქალაქი, რომელიც კუნძულზეა გაშენებული. ნაპირიდან კუნძულამდე გადადის, დაახლოებით, ოთხი კილომეტრის სიგრძის ხიდი. ამ ქალაქით იმიტომ დავინტერესდი, რომ იქ დგას საკმაოდ მოზრდილი ტაძარი, რომლის სარდაფში იმ სასულიერო პირის აკლდამაა, რომელიც ამ ტაძრის აშენებისას მოღვაწეობდა. ეს აკლდამა სვეტებზე დგას და ზედ აწერია, ვინც ამის ქვეშ გაძვრება, იმას ბედნიერი ცხოვრება ელოდებაო. მეც დავცოცავდი აკლდამის ქვეშ, ერთხელ კამერით გავძვერი, მეორედ – კამერის გარეშე, სულ ოთხჯერ გავძვერ-გამოვძვერი და, ალბათ, ოთხჯერ ბედნიერი ვიქნები. საფრანგეთში ყველაზე მეტად მომწონს და ხშირად ჩავდივარ მხარეში, რომელსაც მონდეი ჰქვია. ოკეანეშია ეს ადგილი. ბერებმა, მონაზვნებმა სამი საუკუნის წინათ გათვალეს, რომ, თუ ამ ხნის განმავლობაში გაუჩერებლად შეზიდავდნენ ოკეანეში მიწას, მას წაართმევდნენ ტერიტორიას და იმ ადგილას ქალაქს გააშენებდნენ. იქ ახლაც ქალაქია აშენებული და ტაძრის ნარჩენებიც არის შემორჩენილი. შიგნით დგას ძველი თავადების სასახლეები, რომლებშიც არავინ ცხოვრობს. რომ შეხედავ, თანამედროვე „უჟასებში“ გეგონება თავი. როგორც კი გავიგებ, სადმე ასეთი „სტრანნი“ რაღაცეებია, მაშინვე მივდივარ სანახავად. ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზე ვიყავი, სადაც მდებარეობს ყველაზე დიდი ქარის წისქვილები, დაახლოებით 6-7 სართულია, უზომოდ დიდი ფორმა აქვს, შიგნით ტექნიკურად ყველაფერი საოცრად კარგად არის გაკეთებული, თანაც, ორი საუკუნის წინ.

ევროპაში ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია. ბელგიაში, იქ, საიდანაც გემები გადიან ინგლისის მიმართულებით, არის ორი პატარა ქალაქი, რომლებიც ოკეანის სანაპიროდან 4-5 კილომეტრში მდებარეობს. იქ დგას შენობა, რომელთანაც შეგიძლია, ფეხით მიხვიდე, მაგრამ, როცა წყლის დინება მოდის, ირგვლივ ტბა დგება და თუ მანამდე არ გინახავს ეს ადგილი, გგონია, რომ იქ სულ ტბა იყო. თან ხიდია გაკეთებული და ამით შედიხარ შენობაში, მაგრამ, როდესაც წყალი არ არის, მაშინ, ჩვეულებრივ, ფეხით შედიხარ. მე ორივე ვნახე და ძალზე გაოცებული დავრჩი. სახლს თავისი ლიფტი აქვს, რომელიც ერთ კაცს და ბავშვს თავისუფლად აიყვანს. თავადის მსახური ან მონა ბორბალს ატრიალებდა, რომელზეც თოკებით იყო მიბმული პატარა „მოედანი“ და ის ადიოდა მესამე სართულზე. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების შენობებია და გგონია, დროში მოგზაურობ, გინდება, რომ ჩაიცვა იმდროინდელი სამოსი და დიდი შუბი დაიჭირო ხელში. ლონდონში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ინგლისი თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი საფუძველია, მაგრამ, იშვიათად ნახავ თანამედროვე შენობას. ნებისმიერი ორგანიზაცია, პირდაპირ ჩართულია სახანძროზე, პოლიციაზე, ზედმეტად სიგარეტს ვერ მოწევ, მაშინვე დაიწყება განგაში და მოვარდება სახანძრო. მარტო იმიტომ ღირს იქ ჩასვლა, რომ ეს სახლები ნახო, რომლებიც სიგანეზეა ჩალაგებული. მიწისძვრაც რომ მოხდეს, ძვრა არ ექნება.

როდესაც რომელიმე ქვეყნის გაცნობა გინდა, აუცილებლად ქალაქგარეთ უნდა გახვიდე, სადაც იქაური ადამიანები ცხოვრობენ და მაშინ მიხვდები, რომელი ქვეყანა როგორ გამოიყურება, რა ადათ-წესები, ჩვეულებები აქვთ. პოლონეთში გასტროლებით ვიყავით. მსახიობებიც მყავდა წაყვანილი. როგორც კი ვიპოვე დრო, მაშინვე გავიპარე ჩემი მანქანით. მდინარის პირას არის ქალაქი როსლავი, იქ არის ადგილი, საიდანაც მდინარე ტოვებს ქალაქს. ღამით წავედი. მდინარე, რომელიც ქალაქიდან გამოდის, ფართოვდება. სანაპიროზე აივნებია გაკეთებული, ანუ, მდინარეს ნაპირი არ აქვს და დიდ სიგრძეზე აივნებია ჩადგმული. ამ აივნების გაყოლებაზე მიდიხარ და პატარა ბარებია მიდგმული. მათი დიდი ნაწილი დღემდე ისეთი სახით არის, როგორც ადრე ააშენეს. საოცარი ადგილია. დაჯდები, ლუდს დალევ და ლამაზი პანორამა გეშლება თვალწინ. თვითონ ის სისტემა ისე ჭკვიანურად არის აწყობილი, რომ მხოლოდ ის ხის მასალაა გამოცვლილი, რომელიც წყალშია მოქცეული, დანარჩენი ისევ ისეთია. მთელი ნაპირი აივნებია, საერთოდ არ არის მიწა. ჯებირები უნდა გადაიარო, რომ მიწაზე მოხვდე.

ვენეცია იყო ჩემი ოცნება. იქ აუცილებლად უნდა ნახო თეთრი ხიდი, სადაც ყველანაირი ტრანსპორტი მოძრაობს. რა თქმა უნდა, საინტერესოა ქუჩები, მაგრამ, უნდა დაეშვა დაბლა, ნამდვილ იტალიაში. რომი ხომ მუზეუმია, ცენტრია, მაგრამ, რომიდან 30-40 კილომეტრში არის პატარა ცენტრები და მიხვდები, რომ მათ საფუძველზე აშენდა ეს დიდი ქალაქი. პატარა რომებია, სვეტებით, რომლებიც უფრო კოხტა და მცირე ზომისაა. იტალიაში არის ასეთი ქალაქი – ბარი, სადაც წმიდა ნიკოლოზის საფლავია. მე როცა ვიყავი, მაშინ იქ ქართველი საერთოდ არ იყო ნამყოფი, ცოტა მანქანა დადიოდა. ნახევარი ქალაქი განადგურებულია – ომისგან დაინგრა, ხალხმა დაანგრია თუ რა მოხდა, ვერ მიხვდები. ვეებერთელა, ლამაზი შენობები დგას, ზემელზე კაზარიანცის სახლი რომ არის ისეთი, ხელით ნაკეთი, გამოთლილი ქვებით, მაგრამ, უპატრონო, დაშლილი. მანქანით გავიარე და თავი ფილმში მეგონა, მიტოვებულ ქალაქში. მერე გაივლი ცოტას და ისევ იწყება ცოცხალი ქალაქი – ამ უზარმაზარი ქალაქის მხოლოდ ორ უბანში ცხოვრობს ხალხი. სიცილიაში, სახლების ძალიან საინტერესო განლაგებაა, მაშინვე ხვდები, რომ ერთი ნაწილი ერთი გვარის, კლანის არის; გასცდები იმას, ქუჩა შეუხვევს და, მიხვდები, რომ სხვისია, სხვა კლანის.

– ხომ არ შეხვდი მაფიოზებს?

– სიცილიაში არა, მაგრამ, კოლუმბიაში შევხვდი და ძალიან საინტერესო იყო. იქ მეორე დიდი ქალაქია მედელინი, მას ორ მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. გასტროლით ვიყავით და სპექტაკლის მერე თარჯიმანმა, წერილი მოგვიტანა, სადაც გვწერდნენ, ჩემს გამოჩენას აზრი არ აქვს, მაგრამ, იმდენად ვარ მოხიბლული თქვენი სპექტაკლით, მინდა, ჩემს ვილაში დაგპატიჟოთ, რომელიც მედელინიდან 45 კილომეტრში მდებარეობს. თუ სურვილი გაქვთ, წადით და დაისვენეთო. ქალაქის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი დაგვყვებოდა ყოველთვის თან და იმან გვითხრა, წავიდეთო. გაარკვიეს, ვინ გვწერდა წერილს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მაფიოზი იყო. იქ კლანურად არ ცხოვრობენ, მაგრამ თანამდებობის სახით აქვთ ეს ყველაფერი. ჩავსხედით „ჯიპებში“ და წავედით. მედელინიდან რომ გავედით, ასე, 30 კილომეტრი სულ აღმართი ვიარეთ. ძალიან ხმაურიანი ქალაქია, ტამტამებზე უკრავენ, ხალხი დარბის... როგორც კი გავედით 5-6 კილომეტრზე, დაიწყო ნამდვილი კოლუმბიური პეიზაჟი, საოცარი სიმშვიდით. კოლუმბია მაინც ინდიელების ქვეყანაა, თუმცა, მხოლოდ 24 პროცენტია ნამდვილი ინდიელი, დანარჩენი შერეული მოსახლეობაა. ყველგან დგას დიდი, ხისგან აშენებული, ძალიან ლამაზი კარვების მაგვარი შენობები და მთელ ეზოში კოინდარია გაშენებული. ეზოს თეთრი ღობეები აქვს გარშემორტყმული და მინიმუმ 12 ცხენი დარბის. ეს არის მდიდრების სახლი. ვინც ნაკლებად შეძლებულია, იმას სახლები უდგას და შიგნით ცხოვრობენ. მდიდრებს სახლები შემოღობილი აქვთ, შიგნით დიდი მინდორია, რომლის შუაში კარავი დგას, სხვადასხვა ფერებში შეღებილი როგორც სახეს იხატავენ, კარვებიც ისეა მოხატული. მერე იწყება მაფიოზის სახლები. საკმაოდ დიდი გზის გავლის შემდეგ, მივადექით ეკლიან ბუჩქებს, არაფერი ჩანდა. უცებ ოთხი უზარმაზარი ძაღლი მოვარდა, კარგად მოვლილები, ოღონდ, ხმას არ იღებდნენ. მათ ორი ზანგიც მოჰყვა, შემდეგ – ქალი და კაცი, რომლებიც, თურმე, სახლს უვლიან. გაგვიღეს ჭიშკარი და, შევედით და იქ ენით აუწერელი სილამაზე დაგვხვდა, მოსაყოლად ძნელია. ეზოში, მარჯვენა მხარეს, იდგა დიდი კლდე და ჩანჩქერი გადმოდიოდა. გარშემო ხეები იყო ჩარიგებული. ამას რომ გავცდით, დავინახეთ უზარმაზარი ვილა, დიდი ეზოთი, ქვედა სართულზე ღია საბილიარდოებით. სახლის წინ ოთხი დიდი „აუზი“ იყო, გასცდებოდი აუზებს და, იქვე იყო მინდორი მინიფეხბურთის სათამაშოდ, ცოტა იქით დიდი ტბაა და შიგ ორი ნავი დგას, თან თევზია გაშვებული, მეორე მხარეს კი იყო ცხენების საჯირითო, თავისი წინაღობებით. სახლს ერთ მხარეს ეკლიანი ბუჩქები ერტყა, რომლის უკან ბავშვების ქალაქი იყო გაშენებული თავისი სახლით, შიგნით საძინებლით, სამზარეულოთი, სათამაშო მოედნებით, აუზებით, მოკლედ, ტოტალურად სხვა სამყარო იყო, საინტერესო კონსტრუქციებით.

– ალბათ, ძალიან კარგი დრო გაატარეთ.

– ძალიან მაგარი. ის მაფიოზი თვითონ არ გამოჩენილა. გვკითხეს, რა საჭმელი გიყვართო. ვუთხარით, მწვადიო. მაშინვე მაყალი მოიტანეს და შეგვიწვეს. საოცარი დრო გავატარეთ, აუზშიც ვიბანავეთ. იქ დღისითაც და ღამითაც ერთნაირი ამინდია, თან, ჩვენ ვიყავით ჩვენი დროით ზაფხულში, იმათი დროით ზამთარში და 30 გრადუსი სითბო იყო. მათთვის ზამთარი ის არის, რომ ნახევარი საათი მოწვიმს. კოლუმბიაში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ შუა ქალაქში, თანამედროვე სახლებში, მათ უზარმაზარ მისაღებს, სადაც ტელევიზორი დგას, შუაში არ აქვს სახურავი, დახრილია და პატარა ნახვრეტი აქვს, დაბლა კი გაკეთებულია ტრაპი. როცა წვიმს, ზიხარ მისაღებში, ტელევიზორს უყურებ და ამ დროს შუა ნაწილში წვიმა ჩამოდის ანუ, ბუნებრივი ჩანჩქერი აქვთ მოწყობილი, ხოლო, როცა არ წვიმს, მზის შუქი ძალიან ლამაზად ჩანს. ასეთია კოლუმბიური თანამედროვე სახლი. კოლუმბიაში, როგორც ჩვენთან კუს ტბაზე, არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ასეთ ადგილას წაგვიყვანეს და გვაჩვენეს ბამბუკის ციხეები, როგორ ამზადებენ შაქარს. დღემდე არსებობს უძველესი საწარმო. კოლუმბიაში ორჯერ ვიყავი, ძალიან მინდოდა ინდიელების ნახვა, მაგრამ ვერ მოვახერხე. 600-700 კილომეტრი უნდა გაიარო, თან ორი კვირით ადრე უნდა გააფრთხილო ბელადი, რომ ტურისტი ჩადის, ისე ვერ მიხვალ. ისინი ისევ ძველი ადათებით ცხოვრობენ, ისევ არსებობს დიდი ქვებისგან გაკეთებული კაცის თავები, კარვებში ცხოვრობენ, მოხატულები დადიან. უბრალოდ, გადაშენების გზაზე დგანან. ქალაქში ჩამოსულმა ინდიელებმა რომ ჩაიდინონ დანაშაული, ძალოვანები კი დააკავებენ, მაგრამ მათი დაპატიმრებისა და გასამართლების უფლება არ აქვთ, ბელადთან უნდა ჩაიყვანონ და ის თავისი კანონით გაასამართლებს. მოკლედ, კოლუმბია ზღაპარივით მახსოვს. გერმანიიდან რომ გავედით, 24 საათი მოვუნდით დანიშნულ ადგილზე მისვლას. ჩავედით გათიშულები, დაღლილები და უცებ დაგვხვდა მთელ ქალაქში ტამტამების ხმა, შეღებილი ხალხი, ხორციანი ქალები, ჯანიანი ტიპები, სიცოცხლე ჩქეფდა. იქაური მოსახლეობა ხომ სულ მზის გულზეა, ამიტომ, სულ გადატკეცილი აქვთ კანი, ისეთი მკვრივები არიან, ვერ უჩქმეტ. კოლუმბიაში კიდევ ერთი საოცარი რამ ვნახე: კონდიციონერი სასტუმროს ყველა ნომერშია, მაგრამ, ღამით, გირჩევნია, გამორთო, სუფთა ჰაერი რომ შემოვიდეს. ერთ ღამეს ფანჯრები ღია დავტოვე, გამოვედი ნომრიდან და შევყევი წვენების სმას. ღამის 4 საათზე ავედი ნომერში და ავანთე სინათლე. მახსოვს, ნომერში კედელზე არაფერი ხატია, არადა, ვხედავ, რომ კედელზე უზარმაზარი პეპელაა მიხატული. ახლოს მივედი და ხელი ავუქნიე, ძლივს ააფრიალა ფრთები და გავიდა ფანჯრიდან. ამხელა პეპელა არსად მინახავს.

– გერმანიაში ცხოვრობ და, ალბათ, უკვე კარგად იცნობ ამ ქვეყანას.

– გერმანია სერიოზულად ვიცი, ოღონდ, ნამდვილი გერმანია, ბერლინს, ჰამბურგსა და ფრანკფურტს არ ვგულისხმობ. მოზელის ხეობაში იმდენად ბევრი ვენახია, მდინარის ნაპირიდან იწყება და მთის მწვერვალამდე ადის, მიდიხარ და არ მთავრდება. თან, ხეობაში აშენებულია დიდი ციხესიმაგრეები, რომლითაც ჩვენ არ ვიცნობთ გერმანიას, ჩვენთვის ის მხოლოდ ინდუსტრიული ქვეყანაა. არადა, იმდენი ისტორიული დეტალი აქვს, რომ „ბეემვე“ და „მერსედესი“ მხოლოდ იმიტომ ხდება კარგი, რომ იქ მიგიყვანოს. დღემდეა შემორჩენილი ციხესიმაგრეები, რომლებიც მთის მწვერვალზე დგას და იქიდან მდინარე ძაფივით მოჩანს. ზემოთ არის ბარები, რესტორნები, ოღონდ, მეპატრონეები იმ საგვარეულოს შთამომავლები არიან. თანამედროვე იქ მხოლოდ ასფალტის გზაა, რომ მშვიდად მიხვიდე. კოშკის სახურავებზე მაგიდებია გაკეთებული, მესამე სართულზე სამზარეულოა, იქიდან ლიფტით ამოაქვთ საჭმელი. ამინდი რომ შეიცვალოს, შეიძლება, ფეხებთან ღრუბლები მოგადგეს, ისეთ სიმაღლეზეა. იქაურ რთველშიც ვარ ნამყოფი, ძალიან საინტერესოა: ალპინისტებივით არიან, თოკები აქვთ მობმული, კლდეებზე ადიან და კრეფენ ყურძენს. კალათას ფსკერი აქვს გაკეთებული, დაუშვებ და ჩამოვა ძირს, დაბლა სხვა ადამიანი გელოდება. იქ არის ოჯახები, შეგიძლია, დარეკო და შეუთანხმდე, რთველში მოვალ და ვიმუშავებო, არ არის პრობლემა. მუშაობაში გეკუთვნის ან ახალი მაჭარი, ან ძველი ღვინო, ის შენია და ხელს არავინ ახლებს. ძალიან რთული სამუშაოა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ასეთ რთველში მონაწილეობის მიღება.

– ექსტრემალურიც არის.

– დიახ. შვეიცარიაში არის ადგილი, რომელსაც „ეშმაკის ხიდს“ ეძახიან – სუვოროვი აქ გადაიჩეხა თავისი არმიით. დღეს იქ ისეთი გზა გადის, რომ „ფერარები“ დაჰქრიან მაღალი სიჩქარით. კლდეზე ძალიან დიდი წითელი ეშმაკია მიხატული, შორიდანაც ჩანს, პარალელურ მხარეს კი გაკეთებულია დიდი ტრაფარეტი, რომელზეც აწერია, რომ სუვოროვის არმია აქ გადადიოდა და დაიღუპა. ეს ადგილი, იცით, რითი არის საინტერესო? კლდე გვერდიდან გაყინულია, ზედ ციცაბო კლდეზე დგას სასტუმრო, იმის იქით არაფერია, არაფერი ჩანს, ყველაფერს მუქი ფერი ადევს. გვერდით რომ გაიხედავ, ოდესღაც ადგილიდან დაძრული თოვლი დევს, გაყინული. ზვავად მოწყდა და ორას წელს ითვლის, რაც იქ დევს. გაჩერებული ზღვის ტალღა რომ დახატო, ისეთი ფორმა აქვს, სულ ცივა. იქიდან რომ დაეშვები, კლდეების პატარა კალთებს დაინახავ, სადაც სულ ტბებია. მზე რომ გამოანათებს ლურჯი ხდება, ნისლი ჩამოეფარება და შავდება, სასწაული რაღაც არის. ყველაზე მეტად გამაოცა შვეიცარიის ალპების ხერხემალზე აგებულმა დიდმა კათედრალმა. იქ რომ შედიხარ, პირველი, რაც თვალში გხვდება, ეს არის ზანგი ღვთისმშობლის სკულპტურა, ძალიან უცნაურია. შვეიცარიაში არის ქალაქი ლუცერნი, სადაც დგას მეჩვიდმეტე საუკუნის ხის ხიდი, რომლის ნახევარი დაწვეს – საქალაქო გადატრიალებების დროს ააფეთქეს, მაგრამ ეს ხიდი იმდენად ლამაზია, რომ მის გამო არის ტურისტული ქალაქი. ხიდი 100-150 მეტრი სიგრძისაა, ზედ წყლიდან ამოსული, ყვავილები ხარობს, რომ მიდიხარ, ზეიმზე გგონია თავი.


скачать dle 11.3