კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპოვა დავით აღმაშენებელმა ხალხის რწმენა და რატომ იყო ის დიდი მეფე


დავით აღმაშენებლის ხელისუფლებაში მოსვლით იწყება ახალი და მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოს ისტორიაში. მან შეძლო ხალხის ნდობის მოპოვება. მრავალი მნიშვნელოვანი, გათვლილი და გააზრებული პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმის შედეგად ქვეყანა გაათავისუფლა თურქ-სელჩუკთაგან და ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ აქცია მახლობელ აღმოსავლეთში და არა მხოლოდ. თუ როგორ მოახერხა ეს ყოველივე ამაზე დღევანდელ ინტერვიუში ისტორიკოსი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე გვიამბობს.


სერგო ვარდოსანიძე: დავით მეოთხე, აღმაშენებლად წოდებული, რომელიც მეფობდა 1089-1125 წლებში, ერთ-ერთი გამორჩეული მეფეთაგანია. ის არასოდეს ასოცირდება წარსულთან. იგი წარსულის, აწმყოსა და მომავლის მუდმივი სახეა საქართველოში, მუდამ ჩვენი თანამედროვეა. როდესაც განსაკუთრებით უჭირს ჩვენ ხალხს და ასეთი პერიოდი არაერთხელ ყოფილა ჩვენს ისტორიაში, ასეთ დროს ის დავით აღმაშენებელში ხედავს ხოლმე შვებას და მომავლის იმედს.

– როგორ დაახასიათებდით დავით აღმაშენებლის პიროვნებას?

– დავით მეოთხე ეკუთვნის იმ მეფეთა რიცხვს, რომელსაც ფანატიკურად უყვარდა თავისი სამშობლო, რომელშიც საოცრად ჰარმონიულად იყო გაზავებული სულიერება და ხორციელება, რომელსაც ხელეწიფებოდა, „მცირეს მინავლებული“ დასუსტებული ეროვნული ენერგია ექცია აგიზგიზებულ კოცონად, მოედო სრულიად საქართველოსთვის და ამ დიდი ეროვნული ენერგიის წინაშე უძლურნი იყვნენ დიდი სახელმწიფოებიც და დამპყრობელნიც. სწორედ ეს იყო მისი წარმატების საფუძველი. თვითონაც ფანატიკურად სჯეროდა თავისი ხალხის შესაძლებლობისა და ამას აჯერებდა იმ ქართველობასაც, რომელსაც თურქ-სელჩუკების შემოსევებისგან ძალიან მძიმე დღეები დადგომოდათ. როგორც დავითის ისტორიკოსი ბრძანებს: იქ, სადაც აყვავებული ქალაქები იყო ახლა ეკალ-ბარდებმა დაისადგურა, ხოლო სადაც გზები და ფუნდუკები იყო, ნადირ-ფრინველთა სადგომად იქცაო.

ყველაზე კარგად, ალბათ, მაინც ვახუშტი ბაგრატიონი წერს დავით მეოთხეზე, თურმე მას იმისთვის ეწოდა აღმაშენებელი, რომ იყო მოწყალე ქვრივთა, გლახაკთა და ობოლთა, მოწყალე სნეულთა და თვითმსახური, ეკლესიათა, ქსენონთა მაშენებელიო.

– ბატონო სერგო, ერთ მომენტს გავიხსენებ – ძალიან ხშირად საზოგადოების აზრი ორად იყოფა, როდესაც საუბარია, იმაზე, თუ როგორ მოვიდა დავით მეოთხე ხელისუფლებაში. ანუ, მან ნამდვილად გადააგდო ტახტიდან მამამისი?

– დავით მეოთხის გამეფების საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ შეიძლება, ვთქვათ ერთი რამ, რომ სამწუხაროდ, გიორგი მეორე, რომელიც 1072-1089 წლებში იყო საქართველოს მეფე, ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე. ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით დიდგვაროვანი ფეოდალების თავხედობამ და განკერძოებულობამ პიკს მიაღწია და მათთან მიმართებაში ძლიერი ხელი ვერ გამოიჩინა, ასეთ დროს კი საჭიროა, რომ ხელისუფლება ცენტრალიზებული იყოს; მეორე მხრივ, თურქ-სელჩუკებთან მიმართებაშიც, როდესაც ისინი არბევდნენ ქვეყნის სამხრეთ რაიონებს, ძალიან უცნაური იყო მისი დამოკიდებულება. გიორგი მეორემ ვერ მოახერხა ხალხის ორგანიზება და იმავე დროს, ჩავიდა 1083 წელს თურქ-სელჩუკთა სულთან, მალიქ-შაჰთან და ხარკის მიცემაზე თანხმობა განუცხადა, დაემორჩილა მას. ამას კი არავითარი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია ქვეყნისთვის. გიორგი მეორის მმართველობის დროს საკუთარ ქვეყანაში ხალხი ლტოლვილად იქცა. ქვეყანაში, რომელსაც ხელისუფალი ჰყავს და ამ დროს მისი ხალხი დაუცველია, ბუნებრივია, ასეთი ხელისუფალი პოპულარული ვერ იქნება. გადააყენეს თუ თავისით გადადგა, ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო. დავითის მოსვლა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რაც დაადასტურა ისტორიის შემდგომმა განვითარებამ. დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა ამის დასტური იყო.

ყველაზე მთავარი, რაც ამ მეფეზე უნდა ვისაუბროთ ის არის, რომ დავით აღმაშენებელს არ ჰქონდა ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთი ხელის მოსმით გადაეწყვიტა ყველა პრობლემა, რაც მეთერთმეტე საუკუნის 80-იანი წლების საქართველოს წინაშე იდგა. ამ მონარქის სიდიადე სწორედ ის გახლდათ, რომ მან იცოდა, რით უნდა დაეწყო მდგომარეობის გამოსწორება.

– რა იყო ის პირველი, რითაც დაიწყო მოქმედება ამ მონარქმა?

– პირველი ნაბიჯი, ის იყო, რომ საკუთარი ხალხი, რომელსაც უკვე აღარ ჰქონდა, თურქ-სელჩუკთა დამარცხების რწმენა, ფაქტობრივად, გარბოდნენ მამაპაპური მამულიდან, სახლ-კარიდან და კლდე-ღრეებს აფარებდნენ თავს, დაარწმუნა იმაში, რომ შეექმნათ მცირერიცხოვანი, კარგად გაწვრთნილი, მობილური რაზმები. ისინი თავს ესხმოდნენ თურქ-სელჩუკთა ისეთ რაზმებს, რომლებზეც აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. ერთი, ორი, სამი... ხუთი ასეთი გამარჯვება და დავითის გარშემო ნელ-ნელა იმატებდა ისეთი ხალხის რაოდენობა, ვისაც უკვე თანდათან ემატებოდა რწმენა მეფისადმი და იმისა, რომ შესაძლებელი იყო მტრის დამარცხება. უკვე ირწმუნა ხალხმა, რომ თუ ამ მონარქის გარშემო შემოიკრიბებოდნენ, გამარჯვება გარდაუვალი იყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი დავითის მიერ გადადგმული.

– მეორე ნაბიჯი რა იყო?

– მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ ის, რომ ყველას უნდა ეგრძნო, ის რაც ქაოსთან, დეცენტრალიზაციასთან და, ფეოდალურ ქვეყანაში ფეოდალურ განკერძოებულობასთან იყო დაკავშირებული, დავითი ამას, არ დაუშვებდა. მეფემ განა სათითაოდ დაუწყო დიდგვაროვან ფეოდალებს დევნა, შევიწროება, მან შეარჩია მათ შორის ყველაზე უფრო ძლიერები. ასეთები იყვნენ ვთქვათ: ძაგან და მოდისტოს აბულეთისძენი და ლიპარიტ ბაღვაში. 1093 წელს, როცა შეიჭრა დავითი ლიპარიტ ბაღვაშის სამფლობელოში, შეიპყრაო ბაღვაში, – გვეუბნება მემატიანე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო, თუნდაც სიკვდილით დაესაჯა იგი, ეს არ გააკეთა.

– მაშ როგორ მოიქცა აღმაშენებელი?

– ამ საქციელით უფრო თვალნათელი გახადა მისი გონიერება. ადამიანი, თუნდაც დამნაშავე იყოს, პირდაპირ რომ სჯიან მას, ხალხის თანაგრძნობა უფრო მეტია მის მხარეს. აღმაშენებელმა ფიცი ჩამოართვა ბაღვაშს, რომ ის არ უორგულებდა ცენტრალურ ხელისუფლებას. მაგრამ ამ ფიცის ერთგული შემსრულებელი რომ არ იქნებოდა, ეს აშკარა იყოო, – ბრძანებს აღმაშენებლის ისტორიკოსი. ვითარცა კუდი ძაღლისა არ განემართების, ეგრე ლიპარიტი არ გასწორდებოდაო. ერთხელ ხომ მისცა მეფემ ლიპარიტს შანსი, 1095 წელს მეორედ შევიდა მის სამფლობელოში და ეს დავით მეოთხის გამეფების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შეიძლება ერთი რამ ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, გიორგი მეორე, რომელიც 1072-1089 წლებში იყო საქართველოს მეფე, ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე. ეს უკვე დანარჩენთათვის იყო გაკვეთილი. ეს მეორე ნაბიჯი იყო აღმაშენებლისა.

– ამის შემდეგ რა მოიმოქმედა მეფემ?

– მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმაშენებლისა ისაა, რომ მან კარგად გაითვალისწინა ერთი მომენტიც: როდესაც ევროპიდან იწყებოდა ჯვაროსნული ლაშქრობა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, ამ დროს ხარკის მიცემა შეუწყვიტა თურქ-სელჩუკთა სულთან მალიქ-შაჰს და, ამავე დროს, ჯვაროსანთა მოკავშირედაც მოგვევლინა. ჯვაროსნული მოძრაობა, საერთოდ ანგარებითი მოძრაობა იყო. ეს გარეგნულად იყო მხოლოდ ჯვაროსნული საკითხით დამძიმებული, თორემ, სინამდვილეში, ეს მოძრაობა ანგარებაზე იყო დაფუძნებული, რაც დავითმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა – გამოაცხადა, რომ ჩვენ ჯვაროსნების მოკავშირენი ვიქნებით და თურქ-სელჩუკებს აქედან გავუმართავთ ბრძოლებსო. თურქ-სელჩუკები ამ დროს წინა აზიით იყვნენ დაკავებულნი, ბუნებრივია, მათ საქართველოსთვის არ ეცალათ და საქართველომ სწორედ ეს მომენტი გამოიყენა თავის სასარგებლოდ.

– ამის შემდეგ რა საკითხზე გაამახვილა დიდმა მონარქმა ყურადღება?

– შემდეგი საკითხი, რომელსაც დავით აღმაშენებლისთვის ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, იყო, რუის-ურბნისის საეკლესიო კრება (1104 წელი). ამ საეკლესიო კრებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა შემდგომ ქართული სახელმწიფოს ზნეობრივი და სულიერი ამაღლებისა და განმტკიცების თვალსაზრისით. როდესაც „ძეგლის- წერას“ კითხულობ, რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მიღებულს, კარგად ჩანს, რამდენი პრობლემა დაგროვილა იმ დროისთვის საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში და ამ პრობლემის გადაჭრის დროს დავით აღმაშენებელი როგორი თავშეკავებული, როგორი ბრძენია.

– მაგალითად?

– მაგალითად: „ეკლესიას დიდი რამე შეჰყროდა და ჩვენ, ის ადამიანები, ვინც ამ ბიწის შემყრელნი იყვნენ, ეკლესიიდან უცხო ვყანითო“. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ან კიდევ, როდესაც ბრძანებს: ამიერიდან ყველა საეკლესიო თანამდებობა ღირსების მიხედვით და არა გვარიშვილობის მიხედვითო. ეს გადაწყვეტილება გახდა შემდეგ იმ დიდი საქართველოს, იმ ერთიანი და ძლიერი საქართველოს საფუძველი. აი, ეს არის დავით აღმაშენებლის პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ამ მიმართებით. აი, ეს არის მისი, როგორც მეფისა და როგორც სტრატეგის, ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების, ინტელექტუალისა და ვაჟკაცის, ხიბლი.

როდესაც, დავით აღმაშენებელმა ეს ყველაფერი დაასრულა, 1104 წლის ერწუხის ცნობილი ბრძოლით დაიწყო უკვე თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ გენერალური შეტევა, რომელიც 1118 წლამდე გაგრძელდა და ქართველთა ჯარმა აიღო სამშვილდე, ლორე, რუსთავი, გიში. დავითი გრძნობს, რომ თურქ-სელჩუკებთან გენერალური ბრძოლა გარდაუვალია და ამისთვის ემზადება.

– რა ღონისძიებები გააკეთა მან თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ გარდაუვალ შეტაკებამდე?

– დავით აღმაშენებელმა სამხედრო რეფორმა გაატარა, ჩამოასახლა 60 ათასი ყივჩაღი, შექმნა მსტოვართა სისტემა, რომ ყველაფერი სცოდნოდა, რა ხდებოდა ქვეყნის კიდით-კიდეში. ამ ყველაფრის შედეგი იყო, რომ 1121 წლის 12 აგვისტოს მოიგო დიდგორის ომი. ომი, რომელმაც 100 წლით განსაზღვრა საქართველოს ტრიუმფალური სვლა. შემოიფარგლა დიდი საქართველოს საზღვრები.

დავითის საქართველო იყო საოცრად შემწყნარებელი, არა მარტო თავისი ქვეყნის შვილთა მიმართ, ქართველებს რად უნდოდათ შეწყნარება, არამედ არაქართველების მიმართაც, რასაც ხაზგასმით აღნიშნავენ მაჰმადიანი და სომეხი ისტორიკოსები. დავითმა ფეოდალურ საქართველოში შექმნა იმის მოდელი, თუ როგორ შეიძლება მრავალეროვან ქვეყანაში გაატარო ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესები და ამავე დროს არ შეურაცხყო და არ შელახო არც ერთი ერისა და ეროვნების ინტერესები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ.

დავითი იყო ის პიროვნება, რომელიც ზენიტში ყოფნის დროს ფიქრობდა სულიერებაზე, უფლის სამსჯავროზე და „გალობანი სინანულისანში“ სწორედ ამისაკენ მოუწოდებდა ხალხს – როდესაც ის მეფე აღარ იქნებოდა და წარსდგებოდა უფლის სამსჯავროს წინაშე, მაშინ ელოცათ მისთვის და შეეწყალებინათ იგი.


скачать dle 11.3