კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ვისთან ჰქონდა დუელი ტატო ბარათაშვილს და როგორ გარდაიცვალა ის


დიდი გვარის შთამომავლის, სარდლებისა და გმირების მემკვიდრის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება ხანგრძლივი არ ყოფილა. მან 28 წელი იცოცხლა. მიუხედავად სიღარიბისა, დევნისა და შევიწროებისა, პოეტმა შეძლო დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობის დატოვება. არც სიყვარულში უმართლებდა დიდ პოეტს. თუ ვინ იყვნენ მისი მუზები და როგორ დასრულდა ტატო ბარათაშვილის დუელი საკუთარ ბიძასთან, ამაზე დღევანდელ ინტერვიუში ლიტერატურული რომანტიზმის ცნობილი მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა კაკაბაძე გვესაუბრება..


მანანა კაკაბაძე: ნიკოლოზ ბარათაშვილის ოჯახი დაკავშირებული იყო სამეფო ოჯახთან. დედამისი ეფემია, გრიგოლ ორბელიანის და და ერეკლე მეორის შვილთაშვილი იყო. მამა – მელიტონ ბარათაშვილი, ასევე მეფის ოჯახს ენათესავებოდა. ბიოგრაფები პოეტის მამას მკაცრი ხასიათის მოჩხუბარ კაცად ახასიათებენ. სრული საწინააღმდეგო ყოფილა მეუღლისა პოეტის დედა – ნაზი, სათნო ბუნების ეფემია. მისი ძმები, გრიგოლი, ზაქარია და ილია, იყვნენ უახლოესი ადამიანები ნიკოლოზ ბარათაშვილისა. 7 წლის ტატოს დედამ წერა-კითხვა შეასწავლა. კეთილშობილთა სასწავლებელში მას ქართულ ენასა და გრამატიკას სოლომონ დოდაშვილი ასწავლიდა. მასვე შეუყვანია იგი ოცდათორმეტი წლის შეთქმულების საიდუმლო გარემოცვაში. სასწავლებელში ბარათაშვილი ყველა საგანს კარგად სწავლობდა. იგი ამხანაგების სული და გული ყოფილა, პირველი მომლხენი და მოცეკვავე. თურმე, განსაკუთრებით კარგად ლეკურს ცეკვავდა. 1832 წელს ტატო სასწავლებელში ყოფნისას კიბიდან გადმოვარდნილა, ფეხი მოუტეხავს და მთელი სიცოცხლე კოჭლადაც დარჩა. ბარათაშვილი სასწავლებელში ცნობილი ყოფილა როგორც მახვილი ენის პატრონი. მას გიმნაზია დაამთავრა 1835 წელს. ესწრაფოდა განათლების მიღებას, ევროპაში გამგზავრებას, თუმცა, ამის მაგივრად, კანცელარიაში წვრილ მოხელედ მოუწია მუშაობა.

პოეტის გარეგნობის წარმოსადგენად გასათვალისწინებელია ერთი გარემოება. იმპერატორ ნიკოლოზ პირველის სტუმრობისას თბილისში, მისთვის წარუდგენიათ განსაკუთრებით გამორჩეული და უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამავე დროს, კარგი გარეგნობის ახალგაზრდა ვაჟკაცები. იმპერატორს, ამ რჩეულთა შორის, განსაკუთრებით მოსწონებია ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქათინაურიც კი უთქვამს მისთვის.

– ვინ იყვნენ ის ქალბატონები, რომელთაც სხვადასხვა დროს ეტრფოდა ტატო ბარათაშვილი?

– ბარათაშვილის თანამედროვე ბიოგრაფები ერიდებიან იმ ქალების სახელების დასახელებას, რომელნიც პოეტის მუზას წარმოადგენდნენ. ამ მხრივ ბევრად მეტს მოგვითხრობს თვით პოეტის შემოქმედება. მათი დუმილის მიზეზი გახლავთ საზოგადოებრივ-ეთიკური ნორმები და მათდამი პატივისცემა. საზოგადოების ცნობილ და დიდებულ ქალბატონებს და მათ შთამომავლებს არ აკადრებდნენ, თუნდაც იმას, რომ ერთ დროს პოეტის შთაგონების წყარო იყვნენ; რომ ჰქონდათ ბედნიერება, ნიკოლოზ ბარათაშვილის სიყვარულის საგანნი გამხდარიყვნენ, და მათაც ჰქონდათ საპასუხო გრძნობა პოეტისადმი. ინტიმურ გრძნობებზე ლაპარაკი მიუღებელი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიამ მაინც ამოატივტივა ამ ქალთა სახელები.

– ვინ არიან ისინი?

– პირველი სიყვარული ნიკოლოზ ბარათაშვილისა იყო ნინო ორბელიანი. პოეტის მუზათა შორის არის დელფინა ლაბიელის სახელიც.

– ეს ქალბატონი საქართველოში გაიცნო პოეტმა?

– დელფინა ლაბიელი ფრანგი იყო. ის ოჯახთან ერთად საქართველიში ცხოვრობდა. დელფინამ შეძლო მოეხიბლა ბარათაშვილი თავისი განსაკუთრებულობით, უცხოობით, სინაზით და შორეული ქვეყნიდან, სულ სხვა სამყაროდან გამოყოლილი თავისებური დახვეწილი თვისებებით. ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთ-ერთი ადრეული გატაცება იყო ქეთევან შალვას ასული ერისთავი. მაგრამ ყველაზე დიდი სიყვარულის საგანი და გატაცება ბარათაშვილისა, რომელმაც ღრმად დაამჩნია კვალი მის გულსა და ცხოვრებას, იყო მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა. დაბოლოს, სიკვდილის წინ, სულ რამდენიმე ხნით ადრე, უცხო და მივარდნილ მხარეში, ნახჩევანში გადასახლებული პოეტი შეხვდა ხანის მშვენიერ ასულს, გონჩა-ბეგუმს. „ხანის ქალია, ძალიან ლამაზი და მარილიანია,“ – წერს პოეტი თავის ნათესავსა და მეგობარს მაიკო ორბელიანს.

– როგორ წარიმართა ამ ქალბატონებთან დაკავშირებული ნიკოლოზ ბარათაშვილის სიყვარულის ისტორიები?

– ქეთევან ერისთავი 16 წლის ასულია, როდესაც პოეტი მას უძღვნის ლექსს „ქეთევან”. ამბობენ, მათ ერთმანეთი ჰყვარებიათო, – გამოჟონსავს მათივე თანამედროვეთაგან... ესეც კია, რომ ქეთევანი ტატოს მეგობარი ყოფილა, რომლისთვისაც მას ხელით გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი” და თავისი ლექსთა კრებული უჩუქებია. ცნობილია, რომ ქეთევანი ელიზბარ ერისთავზე ძალით გაათხოვეს.

ამბობენ, არც ეკატერინე ჭავჭავაძეს უნდოდა მაინცდამაინც დავით დადიანზე გათხოვებაო, თუმცა დედოფლის მდგომარეობა და გვირგვინი იყო ის დიდი საფუძველი, რომელიც მაღალ გრძნობას გადასწონიდა ცხოვრებისეულ სინამდვილეში... მაგრამ ჭავჭავაძის ასულს ქორწილის დროს გული შეუწუხდაო, – დაირხა ხმები. ხოლო ბიოგრაფები მრავალი წლის შემდეგ იტყვიან, პოეტს არ უმართლებდა სიყვარულში. ან კი რა გასაკვირია, მას არ ჰქონდა არც სიმდიდრე, არც თანამდებობა, თანაც კოჭლი იყო და ამით ბედისწერამ ბაირონს დაამსგავსაო.

– მეტად ახალგაზრდა გარდაიცვალა ნიკოლოზ ბარათაშვილი. თუმცა, შესაძლოა მისი დანატოვარი ლიტერატურული მემკვიდრეობა გაცილებით ღარიბი ყოფილიყო, იმ შემთხვევაში, თუკი, ის სიკვდილამდე 4 წლით ადრე შემდგარ დუელს შეეწირებოდა...

– მოგეხსენებათ, ბარათაშვილი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიკოლოზ პირველის ხანაში. იმ დროს, როცა ნიჭი და თავისუფლების მოყვარეობა, განსაკუთრებით იდევნებოდა. ამ პერიოდს ემსხვერპლა რუსეთის ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი. ბარათაშვილის დევნა და სიკვდილი ძალიან ჰგავს იმ დევნას, რომელსაც განიცდიდა ამ სახელმწიფოს საიდუმლო სამსახურის მოხელეთაგან პუშკინი და ლერმონტოვი და რომელიც მათი მკვლელობით დასრულდა. ბარათაშვილის მიმართაც დუელში მკვლელობის ცდის იმავე მეთოდს მიმართეს, ოღონდ უშედეგოდ. დასტურდება, რომ ილია ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ამ უცნაურ დუელს, სწორედ ისეთს, როგორიც იყო ლერმონტოვის დუელი (ისიც მეგობარს საგანგებოდ წაჰკიდეს), აშკარა წამქეზებელი ჰყავდა. პოეტთან საგანგებოდ დამეგობრებული რუსი ოფიცერი, აშკარა მოთავე იყო ამ დუელისა.

– ვინ იყო ეს ადამიანი?

– ეს იყო ვინმე მატინოვი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა დუელი ისე ჩატარებულიყო, რომ მსხვერპლი გამოეწვია. ბარათაშვილი ამ საბედისწერო მკვლელობისგან ლევან მელიქიშვილმა გადაარჩინა. მან, თვით პოეტთან შეთანხმებით, მატინოვისგან უჩუმრად, ყალბი ტყვიებით დატენა დამბაჩები და ბიძა-ძმისშვილი სიკვდილს გადაარჩინა. როგორც ცნობილია, ლერმონტოვს არ ჰყავდა გვერდით ასეთი ერთგული მეგობარი. ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ორბელიანის დუელი შედგა 1841 წლის შემოდგომაზე, ხოლო ლერმონტოვის მკვლელობა – 1841 წლის ივლისში პიატიგორსკში. მოგვიანებით, თვითონ მატინოვს უღიარებია მეგობართან მიმოწერისას, თუ როგორ აჩაღებდა შუღლს ბარათაშვილსა და ორბელიანს შორის, რამაც ეს დუელი გამოიწვია.

ბარათაშვილი დაახლოებული ყოფილა ვინმე მაღალაშვილთან, რომელიც აგრეთვე ენამწარე და დამცინავი ვინმე იყო. იგი ხშირად აჯავრებდა რაღაცაზე ილია ორბელიანს. ამ დაცინვაში ხანდახან თურმე, ენამწარე ტატოც წაეხმარეოდა ხოლმე მას. ორბელიანმა დიდხანს ითმინა. ბოლოს გადაწყვიტა პირველსავე შეხვედრაზე დუელში გამოეწვია მაღალაშვილი. მალე მეგობართა შეკრება მოხდა, რომელსაც რაღაც შემთხვევის გამო არ დაესწრო მაღალაშვილი და ილიამ ტატოზე ჯავრი იყარა. როდესაც მან დისშვილი დუელში გამოიწვია, მე ჯერ ხუმრობაში მინდოდა ჩამომერთმია, მაგრამ ვერ მოვახერხეო, – ამბობს მელიქიშვილი. ილიას ყაბარდოელი აჟატუხინი აურჩევია სეკუნდანტად, ტატოს – ის მაღალაშვილი. პირობა იყო, ვინც ცოცხალი გადარჩებოდა, იმას თავისი მოწინააღმდეგე ჭირისუფალთან უნდა მიეყვანა.

– სად გაიმართა დუელი?

– დუელი უნდა ყოფილიყო ორთაჭალის ბაღის ტერიტორიაზე. მის შესახებ ლევან მელიქიშვილი მოგვითხრობს: „დააყენეს, „რაზ, დვა,” ესროლეს, ერთს გაუცუდდა, ფალიამ იფეთქა. ილია გაჯავრდა, ეგონა რომ მოატყუეს. სული ჩაჰბერა, გატენილია. ხელახლა წამალი დააყარეს. ტატოსაც ხელახლა გაუტენეს და ესროლეს. ტატო წაიქცა განგებ. ილია შეწუხდა. დამბაჩები უტყვიოდ იყო გატენილი...” ილია ორბელიანს ეგონა, რომ მოჰკლა ტატო და სასოწარკვეთილი მივარდა და ჯიბის ახლოს ხელი მოავლო მიწაზე გართხმულს. და აქ ცნობილი ხუმრობა გაისმა პოეტისა: „აი, ქიშმიში მაქვს ჯიბეში და არ ამომაცალო!“ – დაიძახა უცებ განგებ წაქცეულმა ბარათაშვილმა. უი, შენ დაგწყევლოს... შე შეჩვენებულო, გული რად გამიხეთქეო, – იყო ხმა ორბელიანისა!

– საბოლოოდ, როგორ აღესრულა ნიკოლოზ ბარათაშვილი?

– ბარათაშვილს ნახჩევანში ეკავა მაზრის მმართველის მოადგილის თანამდებობა, მაგრამ იგი ამ თანამდებობაზე არ დაამტკიცეს და მოულოდნელად გაიწვიეს თბილისში, თავის ძველ სამსახურში კანცელარისტად. ეს მისთვის საშინელი დარტყმა იყო. ისევ იწყება სამსახურის ძებნა. სახლში მამა ლოგინადაა და გაჭირვებასა და ვალებში ჩავარდნილი ოჯახი, მძიმე ტვირთად აწვა ბარათაშვილს. დიდი მცდელობის შემდეგ იგი ადგილს იპოვის თელავის მაზრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, დაინიშნება კიდეც, მაგრამ კვლავ უცნაურ გარემოებათა გამო, იგი აღარ მიემგზავრება თელავში. მას სხვა სამსახურს სთავაზობენ, განსაკუთრებით სახიფათოს და საბედისწეროს. იგი შემთხვევით შეხვდა მამუკა ორბელიანს, რომელიც დანიშნული იყო განჯის მმართველად. მან მოადგილედ წაყვანა შესთავაზა პოეტს. პოეტი დაეთანხმა და საბედისწერო იყო ეს თანხმობა.

– რა მოხდა ამის შემდეგ?

– განჯის მძიმე, მალარიით გაჟღენთილი ჰავა გახდა მიზეზი ამ თანამდებობაზე ბარათაშვილის წინამორბედის სიკვდილისა. ორბელიანი ხშირად იმყოფებოდა თბილისში და მისი მუშაობის სიმძიმე ბარათაშვილმა იტვირთა.

ჩვენ არ ვიცით, სად ცხოვრობდა პოეტი განჯაში, მაგრამ აღწერილობის თანახმად, მაზრის მმართველის საცხოვრებელი ადგილი ერთი უბადრუკი ქოხი იყო და რაღა უნდა ყოფილიყო მისი მოადგილის ბინა, ადვილი წარმოსადგენია. ბარათაშვილი მალარიით დაავადდა. მიუხედავად ამისა, ის უძულებული იყო, ედევნა გაყაჩაღებული ბრბოსთვის ტყესა და ღრეში, სანამ ლოგინად ჩავარდებოდა, მისი ავადმყოფობა მხოლოდ 2 კვირას გაგრძელდა. ასე მარტოობაში, სიღატაკესა და მიტოვებულ ქოხში აღესრულა ის.

ბარათაშვილის პირველ ბიოგრაფთა ცნობით, პოეტი დაბადებულა 1816 წლის 22 ნოემბერს, ხოლო გარდაიცვალა 1845 წლის 9 ოქტომბერს, 28 წლის ასაკში.


скачать dle 11.3