კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

როგორ გრძნობს ზოოპარკში თავს 20 წლის ვეფხვი, რომელსაც 90-იან წლებში სამწვადედ ფეხი მოაჭრეს


თბილისის ზოოპარკი განახლების პროცესშია. იგეგმება ახალი ცხოველების ჩამოყვანა, ინფრასტრუქტურისა და ეგზოტარიუმის განახლება. შემოდგომაზე კი თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ეცდება, „ეაზას“ კანდიდატის წოდება მოიპოვოს, რათა ყველა პატარას საყვარელი ადგილი გახდეს. საერთაშორისო კლასის თბილისის ზოოპარკში მიმდინარე სიახლეების შესახებ გვესაუბრა, ბატონი ზურაბ გურულიძე.


– ბატონო ზურა, როგორც ვხედავთ, თბილისის ზოოპარკი მუდმივად განიცდის განახლების პროცესს. ამჟამად რა იგეგმება ახალი?

– მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი ცხოველების ჩამოსაყვანად. შესყიდვის პროცესი უკვე დამთავრებულია. ახლა ვცდილობთ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, ორ-სამ თვეს გრძელდება. ცხოველების შესყიდვისთვის გავიარეთ ყველა ის პროცედურა, რაც საჭირო იყო როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით. მოკლე ხანში შემოვიყვანთ თეთრ ლომს, ძუ გვყავს დასაწყვილებლად, ასევე, ჩვეულებრივ ლომებს. გარდა ამისა შემოგვყავს ციატა, რომელიც საინტერესო ცხოველია და საქართველოში არასოდეს გვყოლია. შემოგვყავს ლეოპარდიც – ხვადი გვყავს და ახლა ძუ მოგვყავს. პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ისეთი ცხოველების შემოსაყვანად, როგორიცაა, მაგალითად, გარეული ღორი, ირემი და ასე შემდეგ. მიმდინარეობს, ასევე, ზოოპარკის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ცხოველებისთვის ვოლიერების განახლება – ეს არის ის გეგმები, რის გაკეთებასაც ამ მოკლე დროში ვაპირებთ.

– ამდენ ცხოველს, ცხადია, გამოკვებაც შესაბამისი ესაჭიროება, ვინ ზრუნავს მათ გამოკვებაზე?

– ყველა ცხოველს აქვს თავისი რაციონი, რომელიც შედგენილია ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად. ეს დაკვირვებები ჩვენთანაც ხორციელდება; ასევე, ვითვალისწინებთ სხვადასხვა მოწინავე ზოოპარკის გამოცდილებას. ჩვენი ბინადრების გამოკვებაზე ჩვენივე თანამშრომლები ზრუნავენ.

– ცხოველებთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია, სად მიიღეთ ამის გამოცდილება?

– მე უცხოეთში ვსწავლობდი, შესაბამისად, პრაქტიკასაც იქ გავდიოდი – ნიუ-ჯერსიში და ცოტა ხანს – ლონდონში. ნიუ-ჯერსის ზოოპარკი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ისინი ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მათ აქვთ, აგრეთვე, სასწავლებელი, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან დაინტერესებული პირები და სწავლობენ ცხოველებთან ურთიერთობას, ზოოპარკში მუშაობის წესებს. შემდეგ კი იქ ნასწავლის კონსერვაციას ახდენენ ბუნებაში. ეს კურსი გავიარე მეც და მივიღე „იშვიათი ცხოველების გამრავლებისა და მენეჯმენტის“ დიპლომი, რომელშიც შედის, ასევე, ზოოპარკის მენეჯმენტი.

– დამთვალიერებელი აუცილებლად შენიშნავს განახლებულ ეგზოტარიუმსაც. ამ ცხოველების მოძიება სად ხდება?

– ეგზოტარიუმი საკმაოდ საინტერესო სანახავია. ცხოველების მოძიება ხდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სინგაპურში, აზიაში და ცხოველები მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის მიღების შემდეგ ჩამოგვყავს საქართველოში. მათ უნდა გაიარონ შესაბამისი საერთაშორისო პროცედურები, ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება და, მერწმუნეთ, დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. ახლა ის პრობლემა გვაქვს, რომ ვეღარ ეტევიან ცხოველები, ამიტომ, უნდა გავაფართოოთ ეგზოტარიუმი და აქაც შემოვიყვანოთ ახალი ცხოველები. გვყავს, ასევე, ძალიან ლამაზი თევზები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩვენ განაცხადი შევიტანეთ „ეაზაში“ (ევროპის აკვარიუმისა და ზოოპარკის ასოციაცია). ეს არის მსოფლიოს გაერთიანებული ორგანიზაცია და მისი წევრობა გარკვეულ დონეზე აღიარებას ნიშნავს. წელს ივლის-აგვისტოში ჩამოვა კომისიის ორი წარმომადგენელი თბილისის ზოოპარკში. მათ ორი სრული დღე უნდა გაატარონ აქ და მოგვცენ საბოლოო დასკვნა, ვართ თუ არა ღირსები, რომ ამ გაერთიანების წევრები გავხდეთ. სექტემბერში მოგვიწევს კონგრესზე წასვლა და იქ გადაწყდება ჩვენი კანდიდატობის საკითხი. ზოოპარკი ჯერ კანდიდატი უნდა გახდეს, შემდეგ კი – წევრი. შესაბამისად, „ეაზაში“ გაერთიანება ხელს შეუწყობს უცხოეთთან ურთიერთობის პროცესს; გაგვიიოლდება კონსერვაციულ პროექტებში მონაწილეობის მიღება, ცხოველების ჩამოყვანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, განწყობა საკმაოდ დადებითია და, ვნახოთ, რა იქნება. ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროსთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესთან“ ერთად ვგეგმავთ გადაშენებული ცხოველებისა და ფრინველების ვაშლოვანის ნაკრძალში მოშენებას. ზოოპარკის გარდა არის კიდევ ბევრი სამუშაოები და პროექტი, სადაც აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას.

– თქვენ თქვით, რომ ჩამოგყავთ ცხოველები, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება, ეს ყველაფერი კი ხარჯებთან არის დაკავშირებული. გაქვთ რაიმე დახმარება ან გრანტი?

– ამ ყველაფერს ზოოპარკის ხარჯებით ვაკეთებთ. გარკვეული დახმარებები სახელმწიფოს მხრიდანაც გვაქვს, მაგრამ, ძირითადად, ჩვენი ბიუჯეტის წყალობით ვახერხებთ ამ ყველაფრის გაკეთებას. რაც შეეხება გრანტებს, არის სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მაგრამ, ეს არის მიზნობრივი, რაც ძირითადად განათლების სფეროს ხმარდება. დანარჩენის გაკეთებას ვახერხებთ ჩვენ და სახელმწიფო.

– ბატონო ზურა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 90-იან წლებში მხედრიონელებმა ცოცხალ ცხოველებს მოაჭრეს ბარკლები და შეწვეს. თქვენ რას გვეტყვით ამ ფაქტის შესახებ?

– ეს შემთხვევა ნამდვილად იყო. მაშინ მე არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესში“ ვმუშაობდი და ეს ჩვენ თვალწინ მოხდა. ეს იყო საშინელი ვანდალიზმის ფაქტი. მაშინ საქართველოშიც მძიმე მდგომარეობა იყო და, შესაბამისად, ცხოველებისთვის არავის ეცალა. „ნაკრესის“ თხოვნით, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ გამოგზავნა სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც ჩამოიტანა ფული, რითაც მოხერხდა ცხოველებისთვის საკვების შეძენა. ამ საშინელმა ფაქტმა მაშინ ძალიან ბევრი გაზეთი მოიარა, მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი მხედრიონელების არაადამიანური საქციელის შესახებ. სურათებიც კი არის შემორჩენილი, რა დღეში იყო მაშინ ვეფხვი, რომელიც ახლაც ცოცხალია და წელს 20 წლის ხდება – საიუბილეო თარიღი აქვს. მიუხედავად ასეთი გაჭირვებისა, რომ სიარული უჭირს, თავს მაინც კარგად გრძნობს და დღემდე ჩვენთან არის, ზოოპარკში. მაშინდელი ცხოველებიდან მხოლოდ ეს ვეფხვიღაა ცოცხალი.

– როგორ შეძელით ის, რომ თბილისის ზოოპარკს მიეღო თუნდაც დღევანდელი სახე, ვინ დაგეხმარათ ფინანსურად?

– მე დირექტორად მოვედი 2006 წელს. მაშინ უკვე ბევრი რამე იყო შეცვლილი, როგორც ზოოპარკში, ასევე, მთლიანად ქვეყანაში. დახმარება გვაქვს სახელმწიფოსგანაც. თბილისის მერიიდან გვაქვს დიდი მხარდაჭერა. ამან შეგვაძლებინა, მოგვეხდინა გარკვეული ტრანსფორმაციები, რომ თბილისის ზოოპარკი საერთაშორისო კლასის გახდეს – სხვანაირად მის არსებობას გამართლება არ ექნება. გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები ლაიპციგის, ლიონის ზოოპარკებიდან. ლაიპციგის ზოოპარკიდან უშუალოდ ჩამოვიდა ვეტექიმი, რომელიც კარგა ხანს დარჩა აქ, ჩაატარა ტრენინგები, გაგვიზიარა თავისი გამოცდილება და შემდეგ უკვე ჩვენი ერთ-ერთი ვეტექიმი გაიგზავნა ლაიპციგის ზოოპარკში და ორი თვის განმავლობაში გაიარა პრაქტიკა. იქ გავლილი პრაქტიკა კი, მნიშვნელოვნად უსვამს ხაზს კვალიფიკაციის ამაღლებას. ვეტერინარია რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, სადაც მძიმე სამუშაოა შესასრულებელი. აქ საქმე გვაქვს უენო არსებებთან – ცხოველებთან, რომლებიც ვერ გეტყვიან, რა სტკივათ. შენ უნდა მიუხვდე და, რაც მთავარია, დროულად, რომ სავალალო შედეგი არ მივიღოთ. დღეს თბილისის ზოოპარკში საკმაოდ მაღალკვალიფიციური ვეტექიმები გვყავს. ჩვენთან იმყოფებოდა ასევე ლიონის ზოოპარკის დირექტორი, რომლის უშუალო სპეციალობა სახიფათო ცხოველებთან ურთიერთობა იყო და გარკვეული დროის განმავლობაში გვეხმარებოდა; გვყავდა, ასევე, ერთი ქალბატონი ბერლინის დაავადებათა ცენტრიდან, რომელიც ასევე ჩვენთან ერთად მუშაობდა; გვყავს მეგობრები უცხოეთში და იქიდან ვიღებთ მათ რეკომენდაციებს; კარგი ურთიერთობა გვაქვს იერუსალიმის ზოოპარკთან. ეს ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვეხმარება გამოცდილების მიღებაში.

– თქვენ ხშირად იღებთ მონაწილეობას საქველმოქმედო აქციებში, კიდევ ხომ არ გეგმავთ რამეს?

– პირადად ჩვენ არ ვგეგმავთ არაფერს, მაგრამ, თუ რამე შემოთავაზება იქნება, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. თბილისის ზოოპარკი ყოველთვის მზად არის, ნებისმიერ საქველმოქმედო აქციაში მიიღოს მონაწილეობა და ერთი ლამაზი დღე აჩუქოს ადამიანებს.


скачать dle 11.3