კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუტეხეს თავი ქუდის გამო რეპერ “ღამურას„ და ვის აგიჟებდა ის თავისი გრძელი თმით


რეპერი „ღამურა“, იგივე ოთო ჯიმშელეიშვილი, ძალიან ხალისიანი და კომუნიკაბელური ადამიანია. მის გვერდით, მერწმუნეთ, მართლა არ მოიწყენთ. ოქროსუბანში გაზრდილს, არც სახალისო ისტორიები აკლდა, არც მეგობრებთან „ბირჟაობა“, არც აგურით თავის გატეხვა და არც, უცნაური ჩაცმის სტილის გამო, ასაკში შესული მეზობლების გამჭოლი მზერა.

ღამურას უამრავი ისტორია აქვს თავს გადახდენილი და ამ ამბებს ყოველთვის სიამოვნებით და სიცილით იხსენებს.

ოთო ჯიმშელეიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ხალხმრავლობა, მაინც ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და შესაბამისად, ბევრი სახალისო ისტორიაც მაქვს გასახსენებელი. არ დამავიწყდება, ერთხელ, კონცერტები გვქონდა ქუთაისში. მე და ჩემს მეგობარს მოგვიწია ავტობუსით წასვლა. თან, ორსართულიანი ავტობუსი იყო და ბილეთები მეორე სართულზე ავიღეთ. ჩემი მეგობარი ფანჯრის მხარეს დაჯდა, მე – მის გვერდით. თან გზაში ვსვამდით, რომ დრო მოგვეკლა. უკან, ვიღაც მაგარი ნასვამი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. გავიხედე, ადგა, მოგვიახლოვდა, მორიდებით ზურგზე დამარტყა ხელი და მითხრა, თუ ძმა ხარ, ავტობუსი გააჩერე, ცოტა დავლიე და საჭირო ოთახში მინდაო. მივხვდი, ისე ნასვამი იყო, მძღოლი ვეგონე. უცებ „გავაიასნე“ სიტუაცია და ვუთხარი: ძმაო, აქ ვერ გაგიჩერებ, დაგვაჯარიმებენ, ცოტა მოითმინე და გაგიჩერებ-მეთქი. კარგიო მითხრა, წავიდა და დაჯდა თავის ადგილზე. არ გავიდა ათი წუთი, ისევ მოვიდა: ძალიან მიჭირს და იქნებ როგორმე მოახერხო და ავტობუსი გააჩეროო. ვუპასუხე: რა ვქნა, შენი ჭირიმე, ვერანაირად ვერ გაგიჩერებ, ისედაც ბევრჯერ ვარ დაჯარიმებული და აღარ მინდა, პრობლემები პატრულთან-მეთქი. ისევ დაიჯერა, წავიდა და დაჯდა თავის ადგილზე. არ გავიდა ცოტა ხანი და ისევ მომაკითხა, მეც უარით გავისტუმრე. მოკლედ, ქუთაისამდე ასე ვაწვალე საწყალი. ისე ჩავიდა, ვერ გაერკვია, მძღოლი რომ მე არ ვიყავი და ავტობუსის მეორე სართულზე იჯდა (იცინის). ხალხი მიხვდა და მთელი გზა ისე ვიხალისეთ ამ ამბავზე, რომ არ გაგვიგია, როგორ ჩავედით დანიშნულების ადგილას.

– ოქროსუბანში ხარ გაზრდილი. ამბობენ, ეს უბანი თავისებური წესებით გამოირჩევა და სხვანაირი გაგების ხალხი ცხოვრობსო. შენს შემთხვევაში როგორ იყო საქმე?

– მართალია, ცოტა სხვანაირი უბანია და თუ კარგად არ „მოერგე“, ვერ „გაქაჩავ“. ერთხელ, მე და ჩემი მეგობარი ერთად ვიყავით. ერთ-ერთ სახლში გამოჭრილი იყო ფანჯარა და იქიდან რაღაცეებს ყიდიდნენ. ჩემმა მეგობარმა ჩაუარა, შეყო ხელი, ჩანთა „დაითრია“ და გაიქცა. იფიქრა, რომელიმე სადარბაზოში ჩამოვჯდები და გავქექავ ერთი ჩემს ნადავლს კარგადო. შევარდა „პადიეზდში“, ჩამოჯდა კიბეზე, გახსნა ჩანთა და დაიწყო „შმონვა“. უცებ, ორი პატრული დაადგა თავს. გაშტერდა, ასე ოპერატიულად როგორ მუშაობს ეს ხალხიო. სინამდვილეში, სიჩქარეში აერია და ერთ-ერთი პოლიციის განყოფილებაში შევიდა. იქ ათვალიერებდა ნაქურდალს. დაავლეს ამ საწყალს ხელი და დაიჭირეს. აი, ასეთი ამბებიც ხდებოდა ჩვენს უბანში.

– მართალია, თითქოს, საქართველოში პირველი „ორიგინალური“ პლასტიკური ბარათები შენ გქონდა და ამით ბევრჯერ სარგებლობდი ტაქსით მგზავრობის დროს?

– მართლა „ორიგინალური“ ბარათები მქონდა, უფრო სწორად, კალენდრები. მოკლედ, ერთხელ, ცოტა ნასვამი ვარ, თან გვიანია და ვერ მივხვდი, გზა როგორ გამომეკვლია ავჭალიდან სახლამდე. როგორც იქნა, კარგა ხნის ბოდიალის და ლოდინის შემდეგ, ტაქსმა გამოიარა, გავაჩერე და ჩავჯექი. იმ პერიოდში, ახალი ალბომი მქონდა გამოშვებული. თან, კალენდრები დაიბეჭდა, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული და ორი ლარი ღირდა. ეს კალენდრები სულ ჯიბით დამქონდა და თუ ტაქსიზე ფული მაკლდებოდა, ამ კალენდრებს ვამატებდი. მაგალითად, თუ ტაქსი ოთხ ლარს დაწერდა, ორ ლარს ხელზე ვაძლევდი, და თან ერთ კალენდარსაც მივაყოლებდი, საკრედიტო ბარათივით. თან, იმ პერიოდში რეპი პოპულარული იყო, მეტად ვჩანდით ქართველი რეპერები და ხალხიც გვცნობდა. ასე რომ, პრობლემა არ იყო. მოკლედ, ვზივარ ამ ტაქსიში, ავჭალიდან ბევრი მომთხოვა და სახლთან რომ მოვედით და თანხა მითხრა, სად მქონდა იმდენი? ამოვიქექე ჯიბეები, რაც ლარები მქონდა მივეცი და ზედ რამდენიმე ცალი კალენდარი დავადე და მივაწოდე მძღოლს. გამომხედა, გადაიწია, გააღო „ბარდაჩოკი“ და ასეთი სამი კალენდარი გამოიღო. რა გინდა, შვილო, რას მერჩი, აგერ მაქვს ეგეთი კალენდრები, რაღად მინდა, კოლექცია ხომ არ უნდა შევაგროვო, ამით ჩამისხამენ „ბენზინკალონკაზე“ ბენზინსო. (იცინის). ასე რომ, ამ ჩემმა „ორიგინალურმა“ საკრედიტო ბარათებმა იქ ამოწურა თავისი რესურსი.

– სიმთვრალეში სისულელეები არ ჩაგიდენია?

– როგორ არა. დალევის გამო, ორი კვირა „ჩერდაკში“ არ ვმჯდარვარ რო? (იცინის). ბავშვობაში, დაახლოებით, მეშვიდე კლასში ვიქნებოდი, მე და ჩემმა ძმაკაცმა გადავწყვიტეთ, დალევა და დათრობა. ვიყიდეთ ერთი ბოთლი არაყი. მივხვდით, ამით ვერ დავთვრებოდით და გასაბევრებლად გავურიეთ ერთი ბოთლი წყალი. მოკლედ, არ წავედით სკოლაში. იქვე, სკოლასთან იყო საბავშვო ბაღი. ავედით ამ საბავშვო ბაღის „ჩერდაკში“ ამ ჩვენი ბოთლებით და ერთი იმან გამოცალა, მეორე მე. წარმოიდგინეთ, რა დაგვემართებოდა. ასე გაგრძელდა მეორე, მესამე, მეოთხე დღე და ორი კვირა ორი ბოთლი წყალგარეული არყით მთვრალები „ჩერდაკში“ ვისხედით. კახელი კი ვარ, მაგრამ სმა მაინცდამაინც არ მიყვარს. რომ დავლევ, ღმერთს ვეხვეწები, ოღონდ ახლა გამომიყვანე „პახმელიაზე“ და მეტს აღარ დავლევ-მეთქი. ძმაკაცები დამცინიან, ხომ ხედავ, რომ ვერ ინელებ სასმელს, შენც ადექი და ყურძნად ჭამეო (იცინის). ადრე უფრო ცუდი სიმთვრალე მქონდა, ცოტა საშარო. ახლა დავღვინდი და დავტკბი. (იცინის). ადრე, ნასვამს შარი თვითონ მაკითხავდა. ამას წინათ კი დავთვერი და ისე მომეწონა ჩემი საქციელი, თავად გამიკვირდა.

– ჩხუბის დროს სკამი, ჩანგალი ან აგური არ მოგხვედრია?

– როგორ არა. დავიწყოთ იქიდან, რომ ცხრა სკოლა მაქვს გამოცვლილი. ზოგიდან მაგდებდნენ, ზოგი მე არ მომწონდა, ზოგს ვერ გავუგე და ასე შემდეგ. თან, ხომ იცით, ახალ წევრს ეგრეთ წოდებულ „კუტოკში“ ვერ ეგუებიან და ამის გამო, დაჭრილიც ვარ და თავიც გაუტეხავთ ჩემთვის აგურით. ერთ ბაღში ვაბირჟავებდით ბიჭები. მაშინ ახალი შემოსული იყო „კენგოლის“ ქუდები. არ მქონდა მისი ყიდვის საშუალება, არადა ნამდვილი „რეპერსკი“ სტილის ქუდი იყო. გავიხედე, ერთ ბიჭს ახურავს. გავაჩერე, მოვხადე, მოვიზომე, მომეწონა და აღარ მივეცი. გავიდა რამდენიმე დღე, თავი მომწონს, ვიფიქრე, ხახვივით შემრჩა-მეთქი. თურმე, ეს ბიჭი, პლეხანოვზე სტუმრად ყოფილა ერთ-ერთ კაი ბიჭთან. უთქვამს ეს ამბავი. იმანაც ამომაკითხა, გამიყვანა გვერდზე, სალაპარაკო მაქვსო. ვიფიქრე, მარტოა, თან სალაპარაკო თუ აქვს, რა პრობლემაა-მეთქი და გავყევი. იქ დამხვდა თუ დამხვდა დამრტყმელი თორმეტი ბიჭი. მაგრად ხომ მირტყეს, თავიც ხომ გამიტეხეს აგურით და თან დანითაც დამჭრეს. თავიდან ვერ მივხვდი, რას მერჩოდნენ. სისხლის ისე მეშინია, რა გითხრათ. რომ ჩამითბა კისერი თავიდან წამოსული სისხლით, ხელი რომ მოვისვი და სისხლი დავინახე, კინაღამ შიშით გული წამივიდა. ასე, დამჩეხეს იმ „კენგოლის“ გამო. არა, უპასუხოდ არ დამიტოვებია მერე ისინი, მაგრამ ამას არ მოგიყვებით. მერე ვხუმრობდი, რომ მოვმკვდარიყავი, იტყოდნენ – მოიკლა თავში აგურის ჩარტყმითო (იცინის). ამ ცხოვრებაში ორი რამის მეშინია ყველაზე მეტად – სისხლის და ნემსის. ამ ჩხუბის დროს სისხლიც ვნახე და ნემსებიც დამარჭეს. არა რა, შენს თავს რომ აუტეხავ კაცი, ისე სხვა ვერ გაგხვევს შარში. რა მინდოდა? მომეცადა ცოტა, მეყიდა ის ოხერი „კენგოლი“ და დამეხურა გაუტეხავ თავზე, არ ჯობდა? (იცინის).

– ალბათ, შენი უცნაური, უფრო სწორად, თავისუფალი, შენი თქმით „რეპერაკი“ ჩაცმულობის გამო, ქუჩაში გამვლელების ყურადღებას იქცევ, არა?

– არ მიყვარს შებოჭილად რომ გაცვია და ჰალსტუხი ისე გიჭერს, ლამის თვალები გადმოყარო. მართალია, რეპერებს ჩვენი ჩაცმის სტილი გვაქვს, უფრო თავისუფალი, სპორტული და ამის გამო უფროსი ასაკის ადამიანების ამრეზილ მზერას ვიჭერ ხოლმე ქუჩაში (იცინის). ადრე, გრძელ თმას ვატარებდი და ქუჩაში, უცხო ხალხი კი არა, ოჯახის წევრები მიგიჟდებოდნენ. სულ მეჩხუბებოდნენ, რა უბედურებაა ეს გრძელი თმა, გოგო ხომ არ ხარო. ახლა, ნახევარი თბილისის ბიჭები გრძელი თმით დადიან და აღარავის აქვს პრობლემა ამის გამო.

– ღამურა რატომღა დაირქვი, ღამე კარგად ხედავ?

– (იცინის). სიმართლე გითხრათ, ღამე კი არა, დღეც ვეღარ ვხედავ კარგად, მხედველობის პრობლემა მაქვს. ღამურა კი იმიტომ დამარქვეს, რომ ღამე მიყვარდა ყველაფრის კეთება. მთელი ღამე ვათენებდი და მერე მთელი ნახევარი დღე ფეხზე მდგარს მეძინა. ძმაკაცები მეუბნებოდნენ, რა არის ბიჭო, ღამურა ხომ არ ხარ ღამეებს რომ თეთრად ათენებო. მერე, სასცენოდ რომ დამჭირდა ფსევდონიმი, ბევრი არ მიფიქრია, ძმაკაცების ნათქვამი გამახსენდა და „ღამურა“ დავირქვი. ასე რომ, ღამეების თენებით იმიჯიც შევიქმენი და სახელიც გამომადგა.


скачать dle 11.3