კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ულტიმატუმს არ დაემორჩილა ლადო კახაძე და რის სანაცვლოდ წავიდა ის „სვაბოდაზე“


საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ექიმ-გინეკოლოგს, ბატონ ლადო კახაძეს იუმორის დეფიციტს ნამდვილად ვერავინ დასწამებს. სიტყვის პატრონს ახლო წარსულში მცდელობაც კი ჰქონდა, ანეკდოტების მოყოლაში რეკორდის დამყარებისა.


– იუმორის გარეშე ცხოვრებას სილამაზე აკლია. როგორც ნაკადულის მდინარებას ვერ შეაჩერებს ვერავინ, ასევეა ჩვენი ცხოვრებაც. ის ხან ქვას ეხეთქება, ხან ნაპირზე გამოვა. ამიტომ, უნდა შეგეძლოს ყველა პროცესის აღქმა, რომლის მონაწილეა იუმორიც. ისე, იუმორის ხარისხი იმ გარემოზეა დამოკიდებული, რის საფუძველზეც იქმნება ის. არსებობს მორალურ-ზნეობრივი პრინციპები და ამის მიხედვით უნდა გადაწყვიტო, რისი მოყოლაა შესაძლებელი საჯაროდ და რისი – არა. მეც შევეცდები, ამ ჩარჩოში ჩავჯდე. კახელებს იუმორში შინაგან ბუნებაზე აქვთ მინიშნება. იქ არაფერია გამოგონილი ან შეთხზული, ყველაფერი რეალურია. ნამდვილ ამბავს გეტყვით: კახელი დგას და თოხნის თავის მიწას. ჩაუარა მეზობელმა. გამარჯობა, მიხაო, – მიესალმა ისე, რომ თავის აწევა არც უცდია და განაგრძობს მუშაობას. მეზობელი დგას და პერიოდულად ესალმება, რომ როგორღაც თავი ააწევინოს გაჯიუტებულ კახელს. უკვე მეათედ რომ უთხრა, გამარჯობაო, კახელმა თავი ასწია და უპასუხა: შენა ყოფილხარ, ჯო?! მე კიდევ, მეგონა, ჯარმა ჩაიარა და თავდახრილი ვესალმებოდიო. ახლა მეორე ამბავი. კახელი დგას თავის ეზოში და ღობის გადაღმა დიდ ქვებს ისვრის და ასე გრძელდება რამდენიმე წუთი. ღობის მიღმიდან მეზობელმა გამოიარა და დაუძახა: მიტო, ქვებს რომ ისვრი, დაიყვირე მაინცაო. მიტომ კი გასძახა: მე რატომ უნდა დავიყვირო, ვისაც მოხვდება, იმან დაიყვიროსო.

კახელებს ლაპარაკი არ უყვართ, სუფრაზეც არ ლაპარაკობენ ბევრს. მე კი იმერელ-მეგრელის ნაჯვარი ვარ და ლაპარაკში ბევრს არ დავუდებ ტოლს. ამის გამო ჩემს მეგობარს, მალხაზ ორჯონიკიძეს, შეგნებულად არ მივყავდი კახეთში – ბევრს ილაპარაკებო. პირობა მივეცი, ოღონდ „ზაოდობაზე“ წამიყვანე კახეთში და ჩემს ხმას ვერ გაიგებ-მეთქი. ჩავედით კახეთში. არნახული სუფრაა გაშლილი, კარგ კახურ ღვინოს ვაგემოვნებთ. თამადობს იქაური კაცი: უფლის სადიდებელი იყოსო და დალიეს; მოკლედ ამბობენ სიტყვას და ეგრევე სვამენ. მეორე სადღეგრძელო ამგვარია: აი, შავგოგიას რომ შვილიშვილი ეყოლა, იმის ტაატით სიარულს გაუმარჯოსო. შემდეგზე გადავიდნენ – ამ ჩვენ მიწას გაუმარჯოს, რომელიც პურს გვაჭმევსო. მე კი ვზივარ ჩუმად, მაგრამ, ვეღარ მოვითმინე, საღერღელი ამეშალა და სიტყვის თქმა ვითხოვე. ღვინის დასხმისას ხელი ცოტა ამიკანკალდა – ვნერვიულობდი, ისე ელოდა ჩემგან ამდენი ხალხი სიტყვის თქმას. გამევსო ჭიქა ბოლომდე და ერთი კახელი მეუბნება – ვა, ლიპლიპაო, – თურმე, ისინი გადავსებულ ჭიქას ასე ეძახიან. ახალგაზრდა კაცი ვარ და სიყვარულზე ვთქვი სადღეგრძელო, მოკლედ, ავლაპარაკდი და ვეღარ მაჩერებენ.

– ეტყობა, აღარ გახსოვდათ მეგობრის მიერ წამოყენებული ულტიმატუმი...

– სადღეგრძელოების შესმის მერე სადღა მახსოვდა მეგობრის თხოვნა და, მართლაც, ფრთები გავშალე. მომიწონეს სადღეგრძელო კახელებმა და მას მერე აღარ გავჩერებულვარ. იმათაც შემატყვეს, რომ ჩემს სტიქიაში ვიყავი და არ გააჩეროთო, – გასცეს ბრძანება. მას მერე რამდენი წელი გავიდა და იქ უცვლელი თამადა ვარ. ადრე, კარგი დრო რომ იყო, მე და ჩემი მეგობრები ვალიკო ნოზაძესთან ჩავედით ლიძავაში. ვსვამთ გემოზე, ვქეიფობთ. ერთი სტუმარი ეკითხება: ბატონო ვალიკო, არაყს რატომ სვამთო? ამან ორიგინალური პასუხი გასცა: მე არაყს იმიტომ ვსვამ, რომ თხევადია, თორემ, მყარი რომ ყოფილიყო, დავღრღნიდიო. მეორე დღეს კაცები ნაბახუსევზე ვართ, ამიტომ, ზღვაში გაგრილება გადავწყვიტეთ. მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გადავიკიდეთ პირსახოცები და გეზი ზღვისკენ ავიღეთ. აივნიდან ჩვენმა მეუღლეებმა გადმოგვძახეს სადილობამდე ხომ მოხვალთო, მე ანეკდოტით ვუპასუხე და ყველა გულიანად ვიცინოდით. ისე გავერთეთ ოხუნჯობით, რომ, სადღა გვახსოვდა ზღვა და „პახმელია“. როცა როლიდან გამოვედი, გავოცდი: ირგვლივ უამრავი ადამიანი შეგროვილიყო და ჩვენი მოსმენით დაღლილებს, მაინც ჰქონდათ სიცილის თავი, მიუხედავად იმისა, რომ, თურმე, დილის 8 საათიდან შუადღის 2 საათამდე ვყვებოდით ანეკდოტებს.

– იმიტომ ხომ არ ყვებოდით დაუღალავად ანეკდოტებს, რომ გინესის რეკორდის დამყარება გქონდათ გეგმაში?

– ასე გამოვიდა, თავისთავად, თორემ, გეგმები არ დაგვისახავს ნამდვილად... ორი კაცი მგზავრობს ავტობუსით. სივიწროვეა და ერთი ეუბნება მეორეს: გაიწიე, კაცო, ცოტა, ხომ ხედავ, სადაცაა, წავიქცევიო. მოუტრიალდა მეორე მგზავრი და ეუბნება: ვინაა შენი კაცი, ვერ ხედავ, მეგრელი რომ ვარო?! ერთ ძველ ანეკდოტს გავიხსენებ: კომუნისტების დროა და ბრეჟნევია მმართველი. ერთმა კაცმა იფიქრა ბევრი და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ციხეში უნდა მოხვედრილიყო, რადგან ამ ცხოვრებაში ციხის მეტი ყველაფერი ენახა და იქაური ყოფაც აინტერესებდა. უნდოდა, დაეპატიმრებინათ, ოღონდ, ცოტა ხნით. აიღო ხელში კოდექსის წიგნი და კითხულობს: „სახელმწიფო საიდუმლოს გაცემა ისჯება 15 წლით; კაცის კვლაზე და ორგანიზებულ, განსაკუთრებით საშიშ ყაჩაღობაზე არის დახვრეტა“... მერე მოჰყვება თანდათან და წერია: „სახელმწიფო ქონების მითვისება, ასევე, ისჯება 15 წელი პატიმრობით“... ჩამოაყოლა თვალი დაბლა და კითხულობს, „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხულიგნობა“ ისჯება 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით – და, ეს ვარიანტი მოეწონა, იფიქრა, ცოტა ხანს დავისვენებ ციხეში, წიგნების წაკითხვის დროც მექნებაო. შეარჩია შესაფერისი დრო და, ერთ მშვენიერ დღეს, ბრეჟნევი ჩამოფრინდა სხვა ქვეყნიდან. ტრაპზე ჩამოვიდა თუ არა, მიეჭრა მას და უთხრა, შენ ხარ დებილი, გაუნათლებელი, სახელმწიფო მოღალატე და უტვინოო. დაიჭირეს და მიუსაჯეს 16 წელი პატიმრობა. კი მაგრამ, რატომ, რა დავაშავეო, – იკითხა გაოგნებულმა, – სიტყვიერი შეურაცხყოფა ხომ მხოლოდ 1 წლით ისჯებაო. კიო – დაეთანხმა მოსამართლე, – ეგ კი ისჯება 1 წლით, მაგრამ მაგას დაემატა სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ამიტომ, იჯექი 16 წელი და ხეხე ციხეო.

– იმ პერიოდსაც ხომ არ გაიხსენებთ, საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს კოლეგებს სუფრასთან რომ უხმობდით...

– ერთ დღეს საკრებულოს სხდომა მიმყავს, ვზივარ დარბაზში, სხდომის პირველი ნაწილი დასრულებულია, მეორე იწყება და კენჭისყრაზე უნდა დავაყენოთ რაღაც საკითხი. იქ, ცხადია, იყვნენ ოპოზიციურად განწყობილი ძალები და მხარს არ გვიჭერდნენ. კვორუმს ვერ ვკრებთ, ამიტომ, სხდომის ჩავარდნის საფრთხეა და, რა ვქნა, ვღელავ. ამ დროს მიკროფონი ჩართულია და გვერდზე მჯდარ მეგობარს ველაპარაკები საკრებულოს წევრების ნაცვლად, სუფრის წევრები სად არიან-მეთქი, – ვკითხე. მიკროფონი გამორთული მეგონა და, მოულოდნელად, როცა გაიგეს, რაც ვთქვი, ბევრმა იხალისა და იმ ადამიანებმაც კი, ვინც არ აპირებდნენ სხდომაზე ჩამოსვლას, სასწრაფოდ დატოვეს საკუთარი ოთახები და შემოგვემატნენ. ჩემმა იუმორმა ნამდვილად გადამარჩინა მაშინ, კვორუმიც შევკრიბე და ის საკითხიც გავიტანე კენჭისყრაზე.

იყო ასეთი გენიალური კაცი – მეან-გინეკოლოგი, პროფესორი მიხეილ გიგინეიშვილი. მაშინ სამედიცინო კათედრის გამგეა და დილის მორიგეობაზე ვახსენებთ ჩვენი ღამის სამუშაოს შედეგებს, რომ დილას მოსული ახალი ბრიგადა ყველაფრის საქმის კურსში იყოს. მაშინ წერა არ მეზარებოდა და მე ვწერდი ამ შედეგებს. მოგეხსენებათ, ვცეკვავდი კიდეც და აუცილებელი იყო ჩემი წასვლა მოსკოვში, ანსამბლთან ერთად – ფინალში „ქართულს“ ვცეკვავდი და აბა, რა მექნა?! გავფრინდებოდი მოსკოვში, ვიცეკვებდი და დილის კონფერენციაზე ისევ გადმოვფრინდებოდი. ამის შესახებ გოგონები გავაფრთხილე, მოახსენეთ ბატონ მიხეილს, რომ ერთი კონფერენციის გაცდენა მომიწევს-მეთქი. როცა მომიკითხა ჩემმა მასწავლებელმა, უთხრეს: დაიღალა ლადო, ცოტა შეუძლოდ გახდა და სახლში გავუშვითო, – რატომღაც, არ უთხრეს სიმართლე. ცხადია, მოსკოვში ვიცეკვე და გადმოვფრინდი მეორე დღესვე.

კონფერენციაზე გიგინეიშვილი ამბობს: ეს ჯიბგირი გუშინ მოვიკითხე და, ავად არისო, მითხრეს. ვზივარ საღამოს ტელევიზორთან, ვუყურებ გადაცემას მოსკოვიდან და ეს ცუდად მყოფი ვაჟბატონი არ გამოხტა და გაშალა ხელებიო?! (იცინის).

– ბატონო ლადო, რომელი კუთხის ანეკდოტები იმსახურებს თქვენს მოწონებას?

– ასე გამორჩეულად ვერ გეტყვით, საქართველოს ყველა კუთხე თავისი დამახასიათებელი ხალასი იუმორითაა გამორჩეული. მიყვარს კახური იუმორი; ასევე, გურულებს აქვთ სხარტი, შესანიშნავი ანეკდოტები. ამჯერად აფხაზებზე მინდა მოგიყვეთ: ფეხბურთის მეფე, პელე გამოდის სასტუმროდან, ამ დროს შედის აფხაზი სასტუმროში ისე, რომ გზა არ დაუთმო პელეს, რაც შეურაცხყოფად მიიღო ფეხბურთელმა და ეკითხება აფხაზს, – გზა რატომ არ დამითმეო? აფხაზმა ჯერ დაკვირვებით შეათვალიერა და, რომ არ ეცნო, შეეკითხა – ვითომ, ვინ ხარ, რომ გზის დათმობას მთხოვო? აბა, ერთი კარგად შემომხედე, არ ეშვებოდა პელე, – ვერ მცნობო? ვერაო, ირწმუნებოდა აფხაზი, კარგად დამაკვირდი, მთელი მსოფლიო ჩემზე ლაპარაკობს, პრესაში სულ ჩემზე წერენო, – განაგრძობდა პელე. ბოლოს აფხაზმა ამოღერღა: ვაიმე, ვერ გიცანი, ლენინ, როგორ გაშავებულხარო.

პატარა, შავტუხა კახელი ბიჭი მოვიდა სკოლიდან სახლში, მშობელთა კრებიდან მობრუნდა დედაც და, ქმრის გასაგონად, ბავშვს გაბრაზებული უყვირის: აი, ამ შენმა შვილმა ამდენი ხალხის წინაშე საქვეყნოდ თავი მომჭრა, მათემატიკაში მიმატება და გამოკლებაც კი არ იცის, მასწავლებელი აღშფოთებულია ამ უვიც ბავშვზეო. გაბრაზდა მამა და შვილს უხმო, მოდი აქ და მიპასუხე, ორჯერ ორი რამდენიაო? ხუთიო – პასუხობს შვილი. სამჯერ სამი რამდენიაო? – თერთმეტიო. ხუთს მივუმატოთ სამი, გამოვაკლოთ ორი, კიდევ დავუმატოთ თერთმეტი, რამდენიაო? ოცდათხუთმეტიო, – უპასუხა შვილმა. აქ რომ სხაპასხუპით მპასუხობ, მაშ, იქ რა ჯანდაბა გემართება, შე შობელძაღლოო, – უყვირა შვილს. მერე ერთ კაცს მოვუყევი ეს ანეკდოტი და მეუბნება: მოიცა, ციფრები ჩამაწერინე, მოყოლა რომ დამჭირდეს, არ შემეშალოსო.

– ვის უნდოდა ციფრების ჩაწერა, ბატონო ლადო, ხომ არ გაგვიმხელთ?

– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ, ვშიშობ, ის კაცი სვანი უნდა ყოფილიყო (იცინის). ახალგაზრდობაში თენგიზ სუხიშვილს მეგობრებში ქეიფი, დროსტარება თუ სმა ხშირად უწევდა, რაზეც ბრაზობდა მისი მამა, უდიდესი ქართველი კაცი, ილიკო სუხიშვილი. ერთ დღესაც, ურეკავენ სახლში თენგიზს მეგობრები. ყურმილი ილიკომ აიღო, მიესალმნენ მას და მოიკითხეს მეგობარი – თენგიზი სახლშიაო? რა ქნას ილიკომ, არ უნდა შვილის გაშვება სახლიდან და უპასუხა: კი სახლშია, მაგრამ, სიცხე აქვს 38 და 7 ხაზი, – მერე კი უცებ დაამატა, – უფრო სწორად, 38 და 7 კი არა, 38 და 10 ხაზი აქვსო. საუბრის დასასრულს, სვანებსაც მივხედოთ: სვანი გამალებით თხრის ორმოს. რას აკეთებო? რას და, სურათის გადაღება მთხოვესო. მერე ორმოს თხრა სურათთან რა კავშირშიაო? – ჩაეკითხნენ. რა და, ასე მითხრეს, წელამდე უნდა გადაიღო სურათიო, ამიტომ, ჩავჯდები ორმოში და ასე გადავიღებო (იცინის).


скачать dle 11.3