კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-18(488)


ჩვენ იმის გვჯერა, რისიც გვინდა, რომ გვჯეროდეს – ეს ადამიანის მოთხოვნილებაა, სხვანაირად ძალიან გაუჭირდებოდა. თვითგადარჩენის ინსტინქტი აიძულებს, ისიც კი დაიჯეროს, რისი დაჯერებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თქვენ გგონიათ, ტყუილ-მართალს ვერ არჩევს? სულაც არა, მაგრამ, ხომ გითხარით, თვითგადარჩენის ინსტინქტი აიძულებს-მეთქი...

***

თინიკომ განცვიფრებული მზერა მიაპყრო ქმარს. ლევანს სახე უბრწყინავდა და თვალები არაბუნებრივად უელავდა. ხელებსაც ისე იქნევდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაეკეთებინოს. ნიკუშაც დააბნია მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ. ლევანმა ხელები გაშალა:

– რა გაოცებულები მიყურებთ. ვიცი, რომ საუბარი ჯერ არ დაგიმთავრებიათ და ჩემი დანახვაც დიდად არ გიხარიათ, მაგრამ ის, რაც მე უნდა გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანია. ურთიერთობას მერეც გაარკვევთ – ერთი საათით ადრე, ერთი საათით გვიან ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.

– ხომ გთხოვე, ჩვენს საუბარში არ ჩარეულიყავი! – თინიკოს დიდი ყურადღება არ მიუქცევია ქმრის სიტყვებისთვის. მისმა დანახვამ უფრო გააბრაზა, – წადი, დაგვტოვე კიდევ ცოტა ხნით!

– თინი, არ გესმის? შეიძლება, სწორედ ახლა ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდეს. ნიკუშა, მე დედაშენს ვგულისხმობ.

– იცი, რას გეტყვი? გეყოფა. ახლა რაღა მოიგონე? – გაცხარდა თინიკო.

– მოიცადე. რას ამბობ, აბა, გაიმეორე!

– დედაშენს, შეიძლება, საფრთხე ემუქრებოდეს, სერიოზულ საფრთხეს ვგულისხმობ, სასიკვდილო საფრთხეს...

– ვიცი, რომ დედაჩემი ჯერ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ, ექიმს არ უთქვამს, რომ, შეიძლება, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

– ექიმის მოსაზრება, ამ შემთხვევაში, არაფერ შუაშია. ნიკუშა, ჯერ კარგად მომისმინე, ჩუმად მომისმინე და შეკითხვები არ დამისვა.

ნიკუშამ უკმაყოფილო სახით აიჩეჩა მხრები და თინიკოს შეხედა:

– ცოლ-ქმარმა პირი შეკარით? ეს რას ნიშნავს, რა გინდათ ჩემგან?

– ლევან, ხომ გეუბნებოდი, საუბრისთვის შესაფერისი დრო არ არის-მეთქი, – წყენით ჩაილაპარაკა თინიკომ, – იქნებ, საერთოდ არაფერი არ უნდა მეთქვა.

– რას ნიშნავს, არ უნდა გეთქვა? თქვენ და და ძმა ხართ ეს არის ფაქტი, რომელსაც ვეღარსად წაუხვალთ. ისიც ფაქტია, რომ ჟანს ელენეს მოკვლა უნდა...

ლევანმა ბოლო ფრაზა ხმამაღლა და სწრაფად წარმოთქვა. ეფექტიც ისეთი იყო, როგორსაც ელოდა. ნიკუშა ჯერ გაშტერდა, მერე გაეღიმა, საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიტანა და მიიკაკუნა.

– სულ აურიე, ხომ? ეს სისულელე საიდან მოიტანე?

– სისულელე არ არის. ახლავე ყველაფერს აგიხსნი და ნახავ, რომ საკმაოდ ბევრი არგუმენტი მაქვს, ეს რომ ვივარაუდო. ოღონდ, უნდა მომისმინო, მშვიდად უნდა მომისმინო და არ შემეკამათო. გახსოვდეს, ამაზე დედაშენის სიცოცხლეა დამოკიდებული.

– ლევან, ახლა ნამდვილად არ ვარ იმის განწყობაზე, შენი აბსურდული ბრალდებები ვისმინო, ძალიან გთხოვ, თავი დამანებე!

ლევანმა ჯიუტად გააქნია თავი:

– არავითარ შემთხვევაში! ამას ვერ ვიზამ, ელენეს სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებ. მოვა დრო და მადლობას მეტყვი ამისთვის.

– თინიკო, შენი ქმარი გაგიჟდა, – ახლა თიკას მიუბრუნდა ნიკუშა, – თუ მართლა ჩემი და ხარ და გული შეგტკივა ჩემზე, როგორმე გააჩუმე, თორემ მართლა გავგიჟდები!

– ლევან, რა დაგემართა? – უსაყვედურა თინიკომ ქმარს, – ვიცით, რომ ელენე მძიმე მდგომარეობაშია, ნიკუშა ისედაც საშინლად ნერვიულობს ამას. იმის თქმა კი, რომ ჟანს თავისი ცოლის სიკვდილი უნდა, ბოდვას უფრო ჰგავს.

– ბოდვას, არა? ჰმ, როგორი გულუბრყვილოები ხართ. ეტყობა, ეს თვისება გადამდებია. მაშინ, მიპასუხეთ რომელიმემ, რატომ იყო ელენეს ცხენი გაუხედნავი? სხვათა შორის, ჟანმა ეს თვითონ მითხრა.

– ჰო, ელენე გაუხედნავ ცხენზე დაჯდა და გადმოვარდა. ცხენმა გადმოაგდო. ეს მაშინვე ვიცოდი. მეტი სათქმელი არაფერი გაქვს?

ლევანმა გამომცდელი მზერა მიაპყრო მეგობარს:

– ესე იგი, თავიდანვე იცოდი... საინტერესოა, მერე, არ გაგიჩნდა შეკითხვა, რატომ იყო ის ცხენი გაუხედნავი? შემთხვევითობა რომ არ იქნებოდა, ამაში დარწმუნებული ვარ. ალბათ, ელენეს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა საფრთხე ელოდა.

– ტყუილად ხარ დარწმუნებული, სულ ტყუილად. ელენემ ძალიან კარგად იცოდა, რასაც წარმოადგენდა ის ცხენი. მისი იყო, ჟანმა აჩუქა და იცოდა კიდეც, გასახედნი რომ იყო.

ლევანმა ხელი ხელს შემოჰკრა:

– აი, ასეც ვიცოდი! ხომ ვგრძნობდი! არა, ინტუიცია არასდროს მღალატობდა. ახლა უკვე ეჭვი არ მეპარება, რომ შენი მამინაცვალი ბინძურ თამაშს თამაშობს.

– არაფერსაც არ თამაშობს, მოეშვი ჩემს მამინაცვალს, ისევ შენთვის აჯობებს. ჟანი არაჩვეულებრივი ადამიანია და, რა უნდა მოხდეს, რომ მასში ეჭვი შემეპაროს! მოდი, რა, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, – მოიღუშა ნიკუშა, – მართლა არ მინდა, იმიტომ, რომ მაინც არ მოგისმენ. საშინლად ვღიზიანდები, როცა ასეთი თავდაჯერებული ტონით ცდილობ აბსურდის დამტკიცებას.

– არ არის აბსურდი! უბრალოდ, შენ ახლა საღად არ აზროვნებ, უფრო სწორად, ვერ აზროვნებ. იმიტომ კი არა, რომ არ გინდა, ემოცია გიშლის ხელს. ცოტათი დამშვიდდი და მომისმინე.

ნიკუშამ მუდარით შეხედა თინიკოს:

– უთხარი რა, ამ შენს ქმარს, მომეშვას. არ შემიძლია, ვიჯდე და მის ნაბოდვარს ვუსმინო, მით უმეტეს, მშვიდად. მართლა არ შემიძლია, ნერვები არ მყოფნის. შევიდეს ჩემს მდგომარეობაში. ერთბაშად იმდენი რაღაც დამატყდა თავზე, ლამის ჭკუიდან შევიშალო...

თინიკომ თანაგრძნობით მოუჭირა მხარზე ხელი და ქმარს საყვედურით შეხედა:

– შენც, რა დაგემართა, ცოტა ხანს მაინც გაჩუმდი, ძალიან გთხოვ!

– არ შემიძლია. ახლა კი ჯიუტობს, მაგრამ მერე მადლობას მეტყვის.

– ახლა გეტყვი მადლობას, ოღონდაც თავი დამანებე, – შეუბღვირა ნიკუშამ, – ჟანი ძალიან მიყვარს. მან უკვე დაამტკიცა, რომ დედაჩემი მისთვის ყველაფერია, ამიტომ, არაფრის მოსმენა აღარ მინდა.

– ყოველთვის ჯიუტი იყავი და ამიტომაც ხარ ახლა ასე! – მიახალა ლევანმა.

– ნერვებს ნუ მიშლი, არ გირჩევ! – ნიკუშა ერთიანად გაწითლდა.

– გეუბნები, ბევრი რამ ძალიან უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს. მეც ვფიქრობდი, რომ შემთხვევით მოხდა, მაგრამ, ასეთი შემთხვევითობაც არ შეიძლება. ისიც ნუ დაგავიწყდება, რომ მე სხვა თვალით ვხედავ ამ ყველაფერს.

– შეიძლება, მაგრამ, მაინც არ მჯერა და არ მინდა, შენი ვარაუდები ვისმინო. ჯერ თიკას ნათქვამიც ვერ გადავხარშე.

– რა გადახარშვა მაგას უნდა! არ გიხარია? შენი ნათესავი ვარ, თან, როგორი ნათესავი – დის ქმარი! პირადად მე, მართლა მიხარია. თინიკომაც რისთვის იფრინა ამდენი, თანაც მის მდგომარეობაში! სხვათა შორის, მე არ ვურჩევდი, მაგრამ ვერაფრით გადავაფიქრებინე. იცი, რამდენი ვინერვიულე? ხომ იცი, როგორ ველოდებოდით ბავშვს.

ნიკუშა მაშინვე ვერ მიხვდა, რა თქვა ლევანმა და როცა მისი სიტყვების აზრს ჩასწვდა, შეცბუნებულმა შეხედა თიკას.

– ესე იგი, მალე ბიძაც გავხდები? ღმერთო, მომეცი ძალა, ამ ყველაფერს გავუძლო! ჯერ ის ვერ მომინელებია უცებ და რომ გამომიჩნდა და ახლა იმასაც უნდა შევეგუო, რომ დისშვილი მეყოლება.

თიკას სახე დაუსევდიანდა:

– მე ახლა შენ ძალიან მაწყენინე. იქნებ, ფიქრობ, იმიტომ მინდოდა ეს ამბავი გცოდნოდა, რომ რაღაცას მოველი? მატერიალურ ფაქტორს ვგულისხმობ. მაშინ, იცოდე, რომ არაფერი მჭირდება შენგან, აბსოლუტურად არაფერი, ლევანი კი მეუბნებოდა, რომ, შეიძლებოდა, სწორედ ეს გეფიქრა ჩემზე, მაგრამ, მე მაინც არ დავუჯერე. უფრო სწორად, ვერ დავუჯერე.

– ლევანი, ისევ ლევანი! – ნიკუშა წამოხტა და აღშფოთებული ხელების ქნევას მოჰყვა, – რა შუაშია ლევანი, როცა ჩემი ისედაც არეული ცხოვრება კიდევ უფრო მეტად აირია? რატომ არ შეგიძლია ეს გაიგო, ნუთუ ასე ძნელია?

– არ არის ძნელი, მაგრამ, არც ჩემი ცხოვრებაა დალაგებული, – ხმაში ცრემლი გამოერია თინიკოს, – გული მტკივა, რომ მე მადანაშაულებ იმაში, რაც ჩემზე არანაირად არ არის დამოკიდებული. ჩემს მდგომარეობაში ვინღა შევა?

ნიკუშამ ამოიოხრა:

– ღმერთო, ეს რა დღეში ვარ? მალე, ალბათ, ჭკუიდან შევიშლები!

– მე კი გირჩევ, რომ დამშვიდდე. შენს მდგომარეობაში ეს საუკეთესო გამოსავალია.

– დავუშვათ, დავმშვიდდი და დავფიქრდი... – ნიკუშამ ლევანს ხელი გაუშვირა, – სიგარეტი გექნება.

ლევანს სახე გაუბრწყინდა:

– აი, ეს უკვე სხვანაირი ლაპარაკია, გაცილებით სერიოზული. ვატყობ, აზრზე მოდიხარ. მესმის, რომ გიჭირს – ეს ბუნებრივია. მეც არ ვიქნებოდი კარგ დღეში, უცებ და რომ გამომჩენოდა, თანაც, ჩემი ძმაკაცის ცოლი, მაგრამ, თუ ამ „მედალს“ მეორე მხრიდანაც შევხედავთ, აშკარად გაგიმართლა, რომ თინიკოა შენი და და არა ვინმე სხვა.

– აშკარად დიდი შეღავათია. კიდევ კარგი, რომ შემახსენე, გულზე მომეშვა, – ირონიულად ჩაილაპარაკა ნიკუშამ. თინიკოს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი ირონია და გულდაწყვეტილმა წარმოთქვა:

– ვატყობ, ჩემი დობა შენ არაფერში გჭირდება და არც დაგჭირდება. ლევან, იქნებ წამიყვანო აეროპორტში. ერთ წუთსაც აღარ დავრჩები აქ.

ლევანმა თავი გადააქნია:

– აუ, ნიკუშ... იცოდე, რომ სერიოზულ შეცდომას უშვებ, ძალიან მალე ინანებ ამას.

ნიკუშამ ბალახის ღერო მოწყვიტა და კბილებშუა მოიქცია, თითებით კი სიგარეტს სრესდა. ლევანმა ფეხი აითრია, თიკამ მხარზე მოქაჩა.

– წავიდეთ, რაღას დგახარ? მართლა ერთი სული მაქვს, როდის მოვშორდები აქაურობას.

– მოიცადეთ, დღეს მაინც ხომ ვერ გაემგზავრებით, – ყოყმანით დაიწყო ნიკუშამ, – ღამეს აეროპორტში ხომ არ გაათევთ. დარჩით და, თუ გინდა, მერე კიდევ დავილაპარაკოთ.

– რა აზრი აქვს, – თინიკომ თმაზე გადაისვა ხელი, – უკვე ყველაფერი გავარკვიეთ. ყოველ შემთხვევაში, მე რაც მაინტერესებდა, უკვე ვიცი. სამწუხაროა, ვერ გეტყვი, რომ იმედი არ გამიცრუე. არ ვიქნებოდი ცუდი და.

– თინიკო, შენ მე არასწორად გამიგე.

– პირიქით, ძალიან სწორად გაგიგე. ამაზე სწორად ვერც ვერაფერს მეტყოდი.

– არ გინდა, რა! მე არ მითქვამს, რომ შენთან ურთიერთობა არაფერში მჭირდება. უბრალოდ, დრო მჭირდება, რომ ეს ყველაფერი გადავხარშო.

– ვერ ხვდები, რომ სწორედ ეგ დრო არ გაქვს? დაფიქრდი, ნიკუშ, თუ ჩემი ეჭვები მართალია, მაშინ საფრთხე მარტო დედაშენს კი არა, შენც გემუქრება. შეიგნე, რომ ერთადერთი მემკვიდრე ხარ. არ არის ისე მარტივად საქმე, როგორც შენ უყურებ. რაღა დროს შენი ვარდისფერი სათვალეა, ბიჭო, რაღა დროს? დამთავრდა ეგ პერიოდი. ეს ცხოვრება ბრძოლაა, თანაც, სამკვდრო-სასიცოცხლო. პატარა ხომ არ ხარ, ამაზე რომ მალაპარაკებ?

– მე ვარ ერთადერთი მემკვიდრე?

ლევანმა წაუსტვინა:

– ახლა გაიგე? დიახ, შენ ხარ ერთადერთი მემკვიდრე. აბა, მითხარი, შენს მამინაცვალს შვილი ჰყავს?

– მგონი, არა. არ დავინტერესებულვარ.

– მე ვიცი, რომ არ ჰყავს. თბილისში რომ იყო, მაშინ წამოსცდა, სუფრაზე. შენ, ალბათ, ყურადღება არ მიაქციე, მაგრამ მე, რაც ის ნახატი დაიკარგა, სულ ამაზე ვფიქრობ.

– ოღონდ, ახლა არ მითხრა, რომ ის უბადრუკი ნახატიც ჟანმა მოიპარა.

– რატომ არ უშვებ ამ ვარიანტს? გეუბნები, არავის ნდობა არ შეიძლება, საკუთარი თავისაც კი. მითხარი, რა ვერსია აქვს გამომძიებელს?

ნიკუშა შეყოყმანდა.

– მითხარი, მითხარი... – წააქეზა ლევანმა, – ვეჭვობ, რაღაც ისეთი ხდება, რაც ჩემს მოსაზრებებს ადასტურებს. მითხარი, რა ვერსიას ამუშავებს გამომძიებელი და მერე ვნახოთ, ვის მხარეს იქნება სიმართლე.

– გამომძიებელი ფიქრობს, რომ... – ნიკუშამ შუბლი მოისრისა, – არ მინდა ამაზე ლაპარაკი მაშინ, როცა დედაჩემი შეიძლება საერთოდ ვერ ადგეს ინვალიდის სავარძლიდან.

– მით უმეტეს, უნდა მოგვისმინო. ნიკუშა, თინიკო შენი დაა, უყვარხარ და შენზე შესტკივა გული, მგონი, უფრო მეტად ვიდრე ჩემზე, გეფიცები... ჩვენს მეგობრობაზე აღარ ვლაპარაკობ. როგორ გგონია, ეჭვი ისე გამიჩნდა, არაფრიდან? ორი მილიონი არ არის ცოტა, მაგრამ, ამაშიც არ არის საქმე... ჟანი და ელენე ოფიციალური ცოლ-ქმარი ხომ არიან?

– რა თქმა უნდა. სხვანაირად, საფრანგეთში როგორ წამოიყვანდა?

– ხედავ, როგორ შეიკრა წრე? ელენეს შენ გარდა არავინ ჰყავს. თუ მას რამე დაემართება, ერთადერთ მემკვიდრედ ვინ რჩება? – შენ. როგორ გგონია, უნდა ფრანგ გრაფს, დიდგვაროვანს და საგვარეულო ციხე-დარბაზების პატრონს, ერთადერთ მემკვიდრედ შენ ჰყავდე?

– თინიკო, ლევანს რომ ვუსმენ, თავი საშინელ სიზმარში მგონია.

– შეგიძლია, არ მომისმინო, მაგრამ, ფრთხილად იყავი, ეს საშინელი კოშმარი რეალობად არ გექცეს. ექიმს რატომ არ ეკითხები, ასეთი მძიმე პაციენტი კლინიკაში რატომ არ გადაჰყავს?

– იმიტომ, რომ ელენეს ტრანსპორტირება ჯერ არ შეიძლება.

ლევანმა ცინიკურად მოჭუტა თვალები:

– და, შენ გჯერა ამის? როგორი მიამიტი ხარ! ეს ექიმი გრაფის მეგობარია, იმას იტყვის, რასაც შენი მამინაცვალი ჩასჩურჩულებს. შენ აქ მარტო ხარ, სულ მარტო. ჩვენ შენ გჭირდებით, ნიკუშა, მართლა გჭირდებით... რომ გავემგზავროთ კიდეც, შენზე დარდი არ მოგვასვენებს.

– ჟანს დედაჩემის ცხენიდან ჩამოვარდნასთან კავშირი არ აქვს, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ნიკუშამ.

– ჰო, რა თქმა უნდა, ხელი ნამდვილად არ უკრავს და არც ცხენისთვის გადაურტყამს მათრახი, მაგრამ ეს ცოფიანი, გადარეული ცხენი რისთვის უყიდა, ხომ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, ელენე აუცილებლად შეჯდებოდა მასზე?!

– გაუხედნავი ცხენის ყიდვა დანაშაული არ არის, – ნიკუშამ ისევ სცადა მამინაცვლის დაცვა, – ელენეს სულ აფრთხილებდნენ, რომ ამ ცხენზე არ უნდა დამჯდარიყო, მაგრამ დედაჩემი საშინლად ჯიუტია.

– თუ ღმერთი გწამს... ეგ ზღაპარია... შენ იცი, რომ დედაშენი საშინლად ჯიუტია... მეც ვიცი და, რა თქმა უნდა, იცის ჟანმაც. ახლა შენ თავად განსაჯე.

ნიკუშამ ტუჩზე მაგრად იკბინა და სიგარეტის ნამწვი ხეს მიასრისა. ლევანი მიხვდა, რომ მისი ძმაკაცი საკუთარ თავს ებრძოდა.

– მე არაფერს ვამტკიცებ. აბსოლუტურად არაფერს, უბრალოდ, მინდა, ისეთი შეცდომა არ დავუშვათ, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებთ.

– სად არის ახლა ჟანი? – ნიკუშას ხმაში შეშფოთება იგრძნობოდა.

– მე რომ აქეთ მოვდიოდი, ელენესთან ადიოდა ოთახში. მითხრა, მარტო ვერ დავტოვებო.

– მეც იქ უნდა ვიყო, აუცილებლად! თქვენ კი აქ იქნებით, ჩემ გვერდით. არავითარ შემთხვევაში არ გაგიშვებთ. თინიკო, მაპატიე, თუ ჩემი სიცივით გული გატკინე. გამიჭირდა ამ სიახლესთან შეგუება. ისეთი ამბავი მითხარი, მიკვირს, ჭკუაზე როგორ ვარ. შენმა ქმარმაც არ დამაკლო ხელი და, გეფიცები, თავს საშინლად ვგრძნობ, თორემ, როგორ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს არ გაუხარდეს შენნაირი და...

– ის ნახატი... ხვდები, ხომ, რომელ ნახატზე გელაპარაკები? დედაშენს მამაჩემმა აჩუქა... უფრო სწორად, ზურაბმა.

ნიკუშა ჯერ გაფითრდა, მერე ჭარხალივით გაწითლდა.

– ნუ მახსენებ მაგათ ამბავს, თორემ მართლა შევიშლები. რომ წარმოვიდგენ, რა კავშირები არსებობს ჩვენ ორ ოჯახს შორის და როგორ აღმოვჩნდით ჩვენ ოთხი სინდისზე ხელაღებული ადამიანების მსხვერპლი, ვცოფდები!

– ეს მათი ცხოვრება იყო და ისინი არიან პასუხისმგებლები, ჩვენ არ გვაქვს უფლება, განვსაჯოთ. დავივიწყოთ ის, რაც ცუდია ამ ყველაფერში და ვიფიქროთ იმაზე, რაც კარგია – რომ ერთმანეთი ვიპოვეთ.

– ჰო, კარგი. წავიდეთ ახლა, ვეღარ ვისვენებ. ელენე უნდა ვნახო.

– კიდევ ერთი პატარა პრობლემა, – ჩაერთო ლევანი, – ჩვენ ახლა რა ვქნათ, ვუთხრათ ახალი ამბავი ვახოს და იას? ჰო, მართლა, ეგენი რაღამ ჩამოიყვანა, ხომ არ იცი?

ნიკუშამ მხრები აიწურა:

– არ ვიცი. ია... როგორი დამნაშავე ვარ მაგ გოგოსთან, როგორი!.. მთელი ცხოვრება გავუფუჭე. მაგან მაინც რა დამიშავა, რას ვერჩოდი?

ლევანი აწრიალდა:

– მოდი, ცოტა ხნით იაზე ნუ იფიქრებ, ამდენ ხანს გელოდა და ცოტას კიდევ მოიცდის. არ არის პრობლემა, მაგრამ, რა არის, იცი? ბიჭო, ის საქმეც მოსაგვარებელია. პრინციპში, გამოვეპარე, რა... ნატუკას. ნატუკას ხსენებაზე ნიკა შეიჭმუხნა. ლევანმა კი შეწუხებული სახით განაგრძო: – აღარ ვიცი, რა ვუყო. მაძალებდა, ბილეთი ამიღე და გამიშვი ნიკუშასთან, ამ მუცლით ჩემს მშობლებთან ვეღარ გამოვჩნდებიო.

– აი, სწორედ ნატუკა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის, – ამოიხვნეშა ნიკუშამ, – ახლა მაგაზე ნამდვილად ვეღარ ვიფიქრებ, მით უმეტეს, არ ვარ დარწმუნებული, რომ მართლა ჩემგან არის ორსულად.

– ჰო, მესმის შენი. ნატუკასნაირ გოგოებს ხშირად აქვთ შანსი, რომ ერთდროულად რამდენიმე მამაკაცს დააბრალონ თავიანთი შვილის მამობა, – ორაზროვნად ჩაილაპარაკა ლევანმა, ისე რომ ცოლისკენ არ გაუხედავს.

– ჯანდაბა, ზუსტად ვიცი, ეგ გოგო ხვალ თავის ტკივილად მექცევა, მაგრამ, დღეს ელენეა ჩემი საზრუნავი. ვახოს კი ვუთხრათ ჩემი და თინიკოს ამბავი, რა მოხდა მერე? როცა იქნება, მაინც გაიგებენ. როდემდე დავმალოთ?

– სულ დავმალოთ-მეთქი, ამას არ ვამბობ, მაგრამ, მოდი, დღეს არ ვუთხრათ.

– რატომ? – გაუკვირდა ნიკუშას?

– სწორედ იმიტომ, რომ ჯერ ელენეა ჩვენი პრობლემა.

– კარგი. ნურაფერს ვიტყვით. თინიკო რას ფიქრობს ამაზე?

თინიკომ გაიღიმა:

– თქვენ როგორც გადაწყვეტთ. თუ არ უნდა ვთქვათ, არ ვიტყვით.

***

ვახომ კიბეებზე ჩაირბინა და შემაღლებული ხელოვნური გორაკიდან პარკს გადახედა.

– რას უყურებ? – გასძახა იამ.

– მესამე საათი დაიწყო, ის სამეული კი ჯერ არ ჩანს. არ გაინტერესებს, სად არიან და რას აკეთებენ?

– თუ გინდა, გულახდილი ვიყო, გეტყვი, რომ არ მაინტერესებს. წასვლა მინდა და, თუ შენ არ წამომყვები, მარტო წავალ.

– ფეხს ვერ მოიცვლი! მე არ გეხუმრები, არსად წახვალ. ჯერ რაღაც-რაღაცეები უნდა მოვაგვაროთ.

– ნიკუშასთან ლაპარაკი არ მინდა, იმიტომ რომ არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა.

ვახომ ხელი ხელს შემოჰკრა:

– გადამრევს ეს ქალი! სიყვარულის ახსნაც მე გასწავლო? უბრალოდ, მიდი და უთხარი, – ნიკუშა, მე აქ შენთვის ჩამოვედი, მიყვარხარ და მინდა, სულ შენ გვერდით ვიყო! – არ უნდა ამას, ბევრი ფანტაზია და რომანტიკა. აღარ ხართ თქვენ იმ ასაკში, რომ შეყვარებულობანა ითამაშოთ.

– ჩვენ ეგ პერიოდი არც გვქონია, – სევდიანად ჩაილაპარაკა იამ, – იცი, მგონი, არც არასდროს ვყვარებივარ.

– ე, ახლა ნუ აურიე!.. – ყასიდად გაბრაზდა ვახო, – შენ მასწავლი, უყვარხარ თუ არა? იცი, რამდენი საღამო გაგვიტარებია ამაზე ლაპარაკში? ახლა, ნუ მომაყოლებ, რა... შენ მე დამიჯერე, არ წააგებ... ან, იქნებ არ გიყვარს და არ გინდა მასთან ყოფნა? თუ ასეა, მითხარი და ახლავე წავალთ აქედან!

ია შეყოყმანდა.

– ნუ წითლდები მორცხვი პატარძალივით... პატარა კი აღარ ხარ. გეუბნები, თუ ახლა არ იმარჯვებ, დაკარგავ ამ კაცს, თანაც, სამუდამოდ.

– შენ ხომ იცი, რომ მე ბრძოლა არ შემიძლია, არ მაქვს მაგისი უნარი და არც არასდროს მქონია, თორემ, ახლა მისი ცოლი ვიქნებოდი.

ვახომ თავი დაუქნია:

– მართალია. ამიტომაც ვარ აქ, შენ გვერდით. ჩემზე უკეთეს „წამჯიკებელს“ ვერც იპოვი... მაგრამ, რა ჯანდაბას აკეთებენ ისინი პარკში ამდენ ხანს?

– ლაპარაკობენ.

– ლაპარაკობენ? ამდენი ხანი? კი მაგრამ, რაზე? ვახშმის დრო მოვიდა. ეს გრაფიც თითქოს მიწამ ჩაყლაპაო... მაგარ მასპინძლობას გვიწევენ, ვერაფერს იტყვი.

– მგონი, ცოლთან ავიდა...

– წესით, იქ ახლა შენ უნდა იყო, მომავალი დედამთილია, რაც არ უნდა იყოს... – იხუმრა ვახომ, მაგრამ, იას სახეს რომ შეხედა, მაშინვე შეწყვიტა სიცილი, – ჰო, კარგი, რა მოხდა მერე. ცოტა გავხალისდეთ, თორემ თავი პანაშვიდზე მგონია... არადა, ჯერ ცოცხალია ეს ქალი, ხომ არ ვიტირებთ წინასწარ.

– გეყოფა, ვინმემ არ გაიგონოს!

– ვინ უნდა გაიგონოს. მარტონი ვართ. მგონი, ყველას დავავიწყდით, ხომ იცი!

– ასეთ სულელურ და უხერხულ სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვარ. თავს ზედმეტად ვგრძნობ.

– მოიცა, მგონი გამოჩნდნენ. აჰა, ერთი შეხედე, ნიკუშას რა სახე აქვს. დარწმუნებული ვარ, ლევანმა უკვე მოასწრო და მოშხამა. შემომაკვდება ეს უბედური!

– კიდევ რომ იჩხუბოთ, მართლა წავალ, არ ვხუმრობ, – დაემუქრა ია, მაგრამ ვახოს მისი სიტყვები არ გაუგია. ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა ნიკუშასთან შესახვედრად...

***

ფსიქოლოგები მსჯელობენ და დღემდე ვერ შეთანხმებულან, ვის უფრო ძლიერი სიყვარული შეუძლია – მამაკაცს თუ ქალს. პირადად მე დარწმუნებული ვარ, სქესი აქ არაფერ შუაშია. მართალია, ქალები კაცებზე გაცილებით ემოციურები ვართ, მაგრამ სიყვარულს მარტო ემოციები არ ასაზრდოებს, ყველაფერი მაინც გულზეა დამოკიდებული. სულ მაინტერესებდა, განსხვავდება შეყვარებული ადამიანის გული იმ ადამიანის გულისგან, რომელსაც არასოდეს ჰყვარებია, თუ არა. რატომღაც, მგონია, რომ განსხვავდება. შეიძლება, უფრო მუქი ფერის არის, ან, ზომითაა დიდი... თუმცა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და, შეგიძლიათ, არ დამეთანხმოთ. ფსიქოლოგია სხვა საქმეა. რაც უნდა იყოს, მეცნიერებაა და მეცნიერებას, შეიძლება, ენდოს კაცი. მაგრამ, როცა გული აქტიურობს, როცა ის კარნახს იწყებს, გონება დუმს და, შესაბამისად, მთელი მსოფლიოს მეცნიერული მიღწევებიც ფეხებზე გკიდია...

ვერავინ ვერასოდეს იტყვის, რომელ ასაკშია სიყვარული ყველაზე ძლიერი. მაგრამ, ფაქტია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ის სულ უფრო მეტად ღირებული და მშვიდი ხდება. ბობოქარი ვნებების გარეშე მოდის და აღარსად მიდის. შეიძლება იმიტომ, რომ ამ დროს უკვე იცი ჭეშმარიტი სიყვარულის ფასი...

***

ჟანმა ფრთხილად მოკიდა ცოლს ხელზე ხელი და ნელა მიიტანა ტუჩებთან... მისი მკრთალი, მიმქრალი სახის დანახვაზე გული შეეკუმშა, საკუთარ თავს ვერ პატიობდა იმას, რომ ელენე ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. „ეს რომ ვერ ადგეს... მართლა რომ ვერ წამოდგეს ლოგინიდან, მერე რა უნდა ვქნა, როგორ უნდა ვიცხოვრო ელენეს გარეშე? ვერაფრით შევეგუები იმას, რომ, აი, ასე იწვეს და მხოლოდ თვალებს ახელდეს... ნიკუშამ თქვა, რომ ცოტა ხნით გონზე მოვიდა და მაშინაც ვერაფერი გაიხსენა. რომელიმე კლინიკაში ხომ არ გადავიყვანო... მაგრამ, კიდევ უფრო რომ დაუმძიმდეს მდგომარეობა?! – ჟანი ისევ შეეხო ტუჩებით ცოლის თითებს... – ყველაფერი რა კარგად იყო...“

ელენემ წამწამები შეარხია და ამოიოხრა. ჟანი მაშინვე წამოხტა:

– ელენ... საყვარელო...

ქალმა ოდნავ შეარხია ტუჩები...

– რას ამბობ, საყვარელო, გინდა, რაღაც მთხოვო? რომ არ მესმის? ელენე... შეეცადე უფრო გარკვევით წარმოეთქვა... გესმის ჩემი, საყვარელო?..

ნიკუშა ოთახში იმ მომენტში შევიდა, როცა საწოლთან დახრილ ჟანს ცოლის შუბლზე ედო ხელი და რაღაცას ეჩურჩულებოდა.

– რა ხდება? – ნიკუშა ერთი ნახტომით საწოლთან გაჩნდა და მამინაცვალს უხეშად ჰკრა ხელი.

ჟანმა გაოცებით შეხედა:

– ნიკოლა, რა მოგივიდა, მორბოდი?

– ჰო, უცებ მომეჩვენა, რომ... – ნიკუშა დარწმუნდა, ელენეს არანაირი საშიშროება რომ არ ელოდა და ცოტათი შერცხვა თავის საქციელის.

– მესმის შენი. მეც ძალიან ვნერვიულობ. მეც მეშინია იმის, რომ ვერ გამოკეთდება, ძალიან მეშინია.

– მაშინ, გადავიყვანოთ კლინიკაში, – ნიკუშას ლევანის სიტყვები გაახსენდა.

– მეც მაგას ვფიქრობდი, მაგრამ, უფრო ცუდად რომ გახდეს?! ვერ ვიღებ პასუხისმგებლობას. რა ვქნა, ამ შემთხვევაში ძალიან სუსტი ვარ.

– ექიმია ვალდებული, თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა.

– ექიმიც თავს იკავებს. მოდი, კიდევ დავიცადოთ, ორი-სამი დღე მაინც. მეგობრები სად არიან?

– ბიბლიოთეკაში.

– სირცხვილია, ძალიან უყურადღებოდ გვყავს მიტოვებული.

– რა ვქნა, მე აქ უნდა ვიყო, – მკაცრად თქვა ნიკუშამ და მამინაცვალს გამომცდელად შეხედა.

– ელენესთან მე ვიქნები, შენ ჩადი შენს მეგობრებთან.

– არა, დედაჩემს მე ვჭირდები! – ჯიუტად გაიმეორა ნიკუშამ.

– კარგი, მე ჩავალ მათთან. ვახშმის განკარგულებაც არ მიმიცია. ამ ოჯახში სტუმრებს სხვანაირად იღებენ.

ელენემ ისევ შეარხია ტუჩები.

– რაღაცის თქმა უნდა, – დაიძაბა ნიკუშა და დედას სახეში ჩააშტერდა.

– ჰო, წეღანაც, მგონი, რაღაც თქვა, მაგრამ, ვერ გავიგონე. ნეტავი, ჩვენი თუ ესმის...

– უნდა ესმოდეს. მე დაველაპარაკები, – ნიკუშა ელენესკენ დაიხარა და ტუჩები თითქმის ყურზე მიადო.

– დედა, დედიკო... ეს მე ვარ.... შენი ნიკა ვარ, ნიკუშა და ძალიან, ძალიან მიყვარხარ... გეფიცები... იმდენი ხანია, შენთვის ამის თქმა მინდა... იმდენი ხანია... შენ, ალბათ, ფიქრობდი, რომ მთელი ეს წლები არ მახსოვდი... ან ცოტათი მაინც ნაკლებად მიყვარდი... დედიკო... დედა, შენ არ იცი, როგორ მენატრებოდი... სულ გხედავდი სიზმარში და ბედნიერი ვიღვიძებდი...

ჟანი გაფითრდა.

– მე გავალ, – ჩაილაპარაკა და პასუხს აღარ დალოდებია, უჩუმრად გაიხურა კარი.

ნიკუშა საწოლის წინ მუხლებზე დადგა, შუბლით დედის ხელისგულს დაეყრდნო და ჩუმად ატირდა. ტიროდა და გრძნობდა, რომ თავისი ცრემლების კი არ რცხვენოდა, უხაროდა. იმასაც მიხვდა, რომ ძალიან აკლდა სწორედ ეს ცრემლები. მთელი ეს წლები ერთხელაც ვერ შეძლო ვინმესთან ასე მოეოხებინა გული, აბღავლებულიყო და ცრემლებისთვის გაეტანებინა მთელი ის ნაღველი, რომელიც დაუგროვდა და მძიმე ლოდად აწვა გულზე... რამდენ ხანს ტიროდა, არ ახსოვს... მერე იგრძნო, როგორ შეირხა თითები მისი შუბლის ქვეშ. ცრემლით სველი სახე მუშტებით მოიწმინდა... ელენემ თვალები გაახილა და შვილს უკვე აზრიანი მზერა მიაპყრო.

– დედა... დედიკო...

– ნიკუშა... ჩემო სიხარულო... შენ აქ ხარ... ჩემ გვერდით... რა ბედნიერებაა!

– ჰო, დედა, აქ ვარ... შენ როგორ ხარ?

– არ ვიცი.. რაღაც დამემართა... მთელი სხეული ისე მაქვს დამძიმებული... ვცდილობ, ფეხები გავანძრიო, მაგრამ ვერ ვახერხებ... დიდხანს მეძინა?

– დედა... მომისმინე, ოღონდ არ ინერვიულო, ძალიან გთხოვ... ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან კარგად... ხომ გჯერა ჩემი... მითხარი, ხომ გჯერა?..

ელენემ თვალები დახუჭა და გაახილა თანხმობის ნიშნად.

ნიკუშას გაუხარდა.

– ძალიან კარგი, ახლავე გეტყვი და შენც არ ინერვიულებ... დედა, ჯერჯერობით შენ მოძრაობა არ შეგიძლია, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით. ექიმმა თქვა, რომ...

ელენემ გაჭირვებით ასწია ხელი და შვილს თმაზე გადაუსვა.

– მესმოდა, როგორ ტიროდი... მაპატიე, შვილო... მე არ ვარ შენი ცრემლების ღირსი... ძალიან გატკინე გული, მაგრამ, არ იფიქრო, რომ შენზე ძალიან როდისმე ვინმე მყვარებია.

– არა, დე, არ ვფიქრობ ამას... მეც მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მოვასწრებთ, დაკარგული დრო ავინაზღაუროთ...

– ჰო, მაგრამ მე შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი...

– ახლა არაფრის მოსმენა არ მინდა, ჯერ კარგად უნდა გახდე... შენ ცხენიდან გადმოვარდი, დედა... გესმის? ცხენიდან გადმოვარდი და ხერხემალი გაქვს დაზიანებული... ჯერ ვერ ადგები... დედა...

ნიკუშა უცებ მიხვდა, რომ ელენე აღარ უსმენდა...

***

ვახომ ჭიქა ვისკით შეავსო და ბართან მჯდარ ლევანს გამომწვევად დაუდგა წინ.

– მიაღწიე, არა, შენსას? – ჰკითხა დაუფარავი აგრესიით.

– არ ვიცი, რას გულისხმობ და გეხვეწები, ნუ იბღვირები, იმ ოჯახს ეცი პატივი, რომელმაც კარი გაგიღო. გრაფი ღირსეული პიროვნებაა და, მგონი, მეტი თავშეკავება გვმართებს.

– ერთი ამას უყურე, ჭკუასაც რომ მარიგებს! – აღშფოთდა ვახო, – იცი, შენ ვინ ხარ? „მამაშა“, რომელიც ცდილობს, თავისი კახპა ისე გაასაღოს, რომ სარგებელი თავადაც ნახოს.

– ენა დაიმოკლე! თინიკოს ვერ ხედავ აქ? ვინ არის „მამაშა“, რას ბოდავ? ნუ ცდი ჩემს მოთმინებას, უკვე საბოლოოდ გაფრთხილებ, თორემ, ყველაფერს აქვს საზღვარი. ამდენი შეურაცხყოფის ატანას აღარ ვაპირებ. ისე, თუ სიმართლე გინდა, „მამაშა“ სწორედ შენ ხარ. არა?! მაშინ, მითხარი, ია რისთვის ჩამოიყვანე?

ვახო ჯერ გაშტერდა, მერე ხელი ერთბაშად გაიქნია და ვისკი სახეში შეასხა ლევანს. თინიკომ შეჰყვირა და ქმარს ჩამოეფარა.

– ვახო, ახლავე შეწყვიტე, ძალიან გთხოვ, გემუდარები! ჩვენ გვეცით პატივი, მე და იას! – შენ რომ გცემ პატივს, კიდევ იმიტომ ვითმენ შენი ქმრის უზნეობას. მითხრას, რას ელაპარაკებოდა ნიკუშას!

– ეს შენ არ გეხება.

– როგორ არა, სწორედაც რომ მეხება. რატომ ჩამოხვედი, ბატონო მინისტრო? ძმაკაცზე დარდმა შეგაწუხა? თინიკო, იცი, შენი ქმრის ყველაზე დიდი თავის ტკივილი რა არის? არ იცი? მე გეტყვი – ორი მილიონის დარდი აქვს. იმ დაკარგული ნახატის პოვნა უნდა და, ცუდი ის არის, რომ შენც ჩაგითრია ამ თამაშში.

– არ არის მართალი, – წყნარად წარმოთქვა თიკამ და ქმარს მიუბრუნდა, – იცოდე, ხელი არ შემიშალო, არც გამაჩერო. ვახო, მე გეტყვი, რისთვის ჩამოვედით აქ... საქმე იმაშია, რომ ნიკუშა ჩემი ძმაა!

იამ განცვიფრებისგან და მოულოდნელობისგან წამოიკივლა. ვახომ გაიცინა.

– „მაბოლებთ“, არა? პირი შეკარით, ხომ, ცოლ-ქმარმა?! ყოჩაღ! ეს ტყუილი როგორღა მოიგონეთ? მართლაც მაგრები ყოფილხართ. მაგრამ, მე ორი წლის ბავშვი არ ვარ ეს ბლეფი რომ გადავყლაპო.

– ნიკუშა ჩემი ძმაა და, მზად ვარ, ის ბავშვი დავიფიცო, რომელსაც მუცლით ვატარებ. აქ ჩამოსვლა ჩემი ინიციატივა და სურვილი იყო. ლევანმა მხოლოდ ჩემი მეგზურობა იკისრა – არ გამომიშვა მარტო.

– თიკა, გაჩუმდი, რას უხსნი ამ იდიოტს, რას გავაკეთებ, სად წავალ და რისთვის? – იფეთქა ლევანმა.

– ხომ გთხოვე, არ გამაჩერო-მეთქი! ამ ცირკს ბოლო უნდა მოვუღო, სანამ ერთმანეთი დაგიხოცავთ. აი, ასე! ახლა უკვე იცით სიმართლე... ჰო, მე და ნიკუშა და-ძმა ვართ. ყველაფერი ხდება, ჩემო ვახო და, მოგწონს ეს თუ არა, ფაქტთან შეგუება მოგიწევს...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3