კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან 14 წლის მეზობლის გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი


სამი შვილის მამას, 35 წლის მირიან გ-ს, თანასოფლელი არასრულწლოვანი გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედებისთვის 17 წლის პატიმრობა ელოდა, მაგრამ ზემდგომმა ინსტანციამ ის დარბაზიდან გაათავისუფლა. უბინძურესი დანაშაულის მიუხედავად, პატიმარი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გამო გაამართლეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო მხოლოდ გარყვნილი ქმედებისთვის, თუმცა, მსჯავრდებულის ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში უტყუარადაა დარწმუნებული და ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

მირიან გ-ს სისხლის სამართლის საქმე მეტად ინტიმური და დელიკატურია (სწორედ ამიტომ, საქმეში მონაწილეთა ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებთ). საქმე ეხება 14 წლის მოზარდს და, ალბათ, ამიტომაც მოხდა, რომ სასამართლომ ბრალდებულის მთლიანად გამართლება ვერ გარისკა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, მირიან გ-მ არასრულწლოვანის გაუპატიურება და მისადმი გარყვნილი ქმედება დაპატიმრებამდე თითქმის სამი წლით ადრე ჩაიდინა (იმ პერიოდისთვის გოგონა 14 წლის ჯერ არ იყო). გამოძიების მასალებით, მან სახლიდან ქუჩაში მყოფი მეზობელი, მცირეწლოვანი ეკა დაინახა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება განიზრახა. იმავე დღეს, დაახლოებით 15 საათზე, მან ბავშვი თავისი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის მისაღებში მოტყუებით შეიყვანა, ძალადობითა და მუქარით ტახტზე დააწვინა, შორტები და ქვედა საცვალი გახადა და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, შემდეგ კი გოგონას დანით მოკვლით დაემუქრა, თუ მომხდარს გაამხელდა.

ძალოვანთა მტკიცებით, იგივე განმეორდა რამდენიმე თვეში. მართალია, დანაშაულის ჩადენის ზუსტი თარიღის დადგენა პროკურატურამ ვერ შეძლო, მაგრამ ბრალდება ირწმუნება, რომ განსასჯელმა, რომელსაც გოგონა ერთხელ უკვე ჰყავდა გაუპატიურებული, კვლავ სახლის პირველ სართულზე შეიყვანა და იმავე მეთოდით, იმავე ტახტზე გააუპატიურა. ამის შემდეგ კი ისევ მოკვლით დაემუქრა, თუ მომხდარს ვინმეს ეტყოდა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დანაშაული ამით არ ამოწურულა. გოგონას ჩვენებით, მოკვლის მუქარით მირიანმა მისი გაუპატიურება საბავშვო ბაღის შენობაში, მოფარებულ ადგილასაც სცადა. მისივე ჩვენებით, განსასჯელი მას სკოლაშიც აკითხავდა, მაგრამ, გარემო პირობების გამო, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება ვერ შეძლო, „ბავშვს ძალით იჭერდა და სხეულის სხვადასხვა ადგილებზე კბენდა...“ – წერს პროკურორი.

დაკავების მომენტიდან, განსასჯელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და მომხდარს კატეგორიულად უარყოფდა, ის აცხადებდა, რომ მას არც გაუპატიურება და არც არანაირი გარყვნილი ქმედება არ ჩაუდენია, მაგრამ, ვერაფრით ხსნიდა, ბავშვი მაინცდამაინც მას რატომ აბრალებდა დანაშაულს. მისი ვერსიით, რამდენიმე წლის წინ მასა და გოგონას მშობლებს უკმაყოფილება ჰქონდათ და, ფიქრობდა, რომ, შესაძლოა, ეს ყოფილიყო დაბრალების მიზეზი. ამიტომ, დაკავების მომენტიდან, პატიმარი ბრალდების მოხსნასა და გამართლებას ითხოვდა.

პარალელურად, პოზიციას არც დაზარალებული ცვლიდა. ის ოჯახებს შორის უთანხმოებას არ ადასტურებდა და განსასჯელს ჩვენებაში ღიად ამხელდა: „საბავშვო ბაღში, სადაც ვთამაშობდი ხოლმე, რამდენჯერმე მომაკითხა. მელოდებოდა, გვერდით შესასვლელთან მხვდებოდა ხოლმე. შემდეგ კიბესთან მდებარე სარდაფთან ჩამიყვანდა და იქ მეფერებოდა. სხეულის სხვადასხვა ადგილებში მჩქმეტდა, მკბენდა და თვითონაც მაფერებინებდა“. დაზარალებულის მტკიცებით, როცა ასეთი ფაქტები ხდებოდა, ამ დროს შენობაში არავინ იყო და ფაქტს არავინ შესწრებია: „ასეთი მოქმედება ჩემ მიმართ სამჯერ, დღისით მოხდა. შემდეგ სკოლაშიც მაკითხავდა და მაწვალებდა, მაგრამ, როდის მოხდა ეს, არ მახსოვს, საათებში და დროში ვერ ვერკვევი“, – წერს დაზარალებული. იმის გასარკვევად, აცდენდა თუ არა გოგონა გაკვეთილებს, სასამართლოზე მოწმის სტატუსით მასწავლებელიც დაიკითხა. მან დაადასტურა, რომ, იყო შემთხვევები, როცა ბავშვი გაკვეთილებს არ ესწრებოდა. ხოლო, როცა ეკითხებოდა, თუ რატომ იყო გარეთ, გოგონა პასუხობდა, რომ საჭირო ოთახში იყო და გაკვეთილზე აღარ უნდოდა შესვლა, რის გამოც შენიშვნას აძლევდა.

ვინაიდან განსასჯელი მომხდარს კატეგორიულად უარყოფდა, გოგონა კი ახალ და ახალ დეტალებს ყვებოდა, განსასჯელის მხარემ ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა ეჭვქვეშ დააყენა და არცთუ უსაფუძვლოდ – ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულს მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა აღენიშნებოდა. მაგრამ, ექსპერტები კატეგორიულად მიუთითებდნენ, რომ, ამის მიუხედავად, მას სწორად შეეძლო ფაქტების აღქმაც, დამახსოვრებაც და აღდგენაც.

თუმცა, დასკვნის კატეგორიულობის მიუხედავად, პატიმარი გაუპატიურებაში გამართლდა და დამნაშავედ მხოლოდ გარყვნილ ქმედებაში ცნეს, რისთვისაც წელიწად-ნახევარი მიესაჯა, მაგრამ, ვინაიდან ზუსტად ამდენი ხანი იყო გასული, განსასჯელი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.

რატომ ცნეს პატიმარი უდანაშაულოდ გაუპატიურებაში

გაუპატიურებაში პატიმრის უდანაშაულოდ ცნობის მიზეზი ის გახდა, რომ დაზარალებულის ჩვენებები თავად სასამართლომ დააყენა ეჭვქვეშ. საქმე ისაა, რომ ყოველ დაკითხვაზე გოგონა რადიკალურად ცვლიდა ჩვენებას: „გაუპატიურების ნაწილში დაზარალებულის ჩვენებები, როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიების დროს, არსებითად წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია, რაც აშკარა ეჭვს ბადებს მის გულწრფელობაში“, – ნათქვამია განაჩენში.

პირველ ჩვენებაში დაზარალებული აცხადებდა, რომ, როდესაც მოძალადემ ის სახლის პირველ სართულზე შეიყვანა, მისაღებ ოთახში მან ფანჯრიდან გადაახტუნა, გააუპატიურა და შემდეგ იმავე ფანჯრიდან ეზოში გადასვა. მაგრამ, დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის მისაღების ფანჯრებს რკინის გისოსები ჰქონდა, ანუ, ბავშვის გადასვლა იქიდან შეუძლებელი იყო... რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ეს ვერსიაც არ გამართლდა, რადგან იქ უცხო პირი ვერანაირად ვერ შევიდოდა. მოწმეთა დაკითხვით, გაირკვა, რომ სარდაფი ბოქლომით იყო დაკეტილი და იქ ინვენტარი ინახებოდა. ამის ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ დაზარალებულმა ჩვენება შეცვალა – უარყო როგორც ფანჯრიდან გადაყვანა-გადმოყვანა, ისე სარდაფში ჩაყვანაც. მან განაცხადა, რომ განსასჯელი მას არა სარდაფში, არამედ სარდაფის კიბესთან აუპატიურებდა.

დაზარალებული იმდენად შორს წავიდა, რომ, ერთ-ერთ ჩვენებაში, მირიანის გარდა, ორ სხვა თანასოფლელსაც ამხელდა. ამის გამო დასახელებულ პიროვნებებზე საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და იმავე მუხლებით აღიძრა, რაც მირიან გ-ს ჰქონდა წაყენებული. თუმცა, ამის შემდეგ მან ჩვენება უკან წაიღო – თქვა, რომ გამომძიებელი მოატყუა...

„თუკი გამომძიებელს ცრუ ჩვენება მისცა, მოატყუა და ორი პირი დაადანაშაულა, მაშინ, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ გაუპატიურების ეპიზოდებში ცრუ ჩვენებებს არ იძლევა მირიან გ-ს მიმართაც? მით უფრო, რომ რაიმე დამატებითი მტკიცებულება გაუპატიურების ეპიზოდებში არაა მოპოვებული, სამივე პირის მიმართ არსებობს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. გარდა ამისა, დაზარალებულმა სასამართლო გამოძიების დროს აჩვენა, რომ განსასჯელმა სხვადასხვა დროს ორჯერ გააუპატიურა, თითოეულ შეხვედრაზე მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა 3-3 ჯერ, აქედან – 2 ჯერ გაუკუღმართებული ფორმით. ასეთ შემთხვევაში დამაჯერებლობას მოკლებულია, რომ დროის ამ მონაკვეთში პატიმარს ამდენჯერ ჰქონოდა, მასთან კავშირი“, – ნათქვამია განაჩენში.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სასამართლოზე დაზარალებულმა სრულიად ახალ გარემოებაზეც ისაუბრა – მან თქვა, რომ, როდესაც მოძალადემ ბინაში ორჯერ გააუპატიურა, ორივე შემთხვევას მეზობლის მცირეწლოვანი ბავშვი ესწრებოდა, რომელსაც მირიანმა შესთავაზა, რომ ისიც მასავით მოქცეულიყო. ხოლო, როდესაც მისი სახლიდან გამოვიდა, მეზობელი ქალი შეხვდა, რომელმაც გამოჰკითხა, თუ როგორ იყო. მოწმის სტატუსით სასამართლომ ორივე მოწმე დაკითხა და, ცხადია, ბიჭმა კატეგორიულად უარყო, რომ მსგავს რამეს არ შესწრებია. რაც შეეხება მეზობელ ქალს, არც მან დაადასტურა, რომ, თითქოს სახლიდან გამოსული ბავშვი დაინახა და ჰკითხა, რამე ხომ არ სჭირდა. გოგონა ისე შეიჭრა როლში, რომ ერთ-ერთ ჩვენებაში განაცხადა, ვითომ მირიანი სახლშიც კი მივიდა და იქაც გააუპატიურა – როცა დილით მეძინა, ოთახში შემოვიდა, ჩამიწვა ლოგინში და ორჯერ გამაუპატიურაო.

მოკლედ, დაზარალებული დღითიდღე ისე ამძიმებდა ჩვენებებს, პატიმარი სხვა გოგონების გაუპატიურებაშიც კი ამხილა, რომელთა სახელებიც სასამართლოზე ჩამოარაკრაკა. მის ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა, ირწმუნებოდა, რომ ერთხელ მირიანმა კასეტა მოასმენინა, სადაც სხვა გოგონებთან მისი ინტიმური კავშირი იყო ჩაწერილი. სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე, განსასჯელის ბინიდან ყველა კასეტა ამოიღეს, მაგრამ ასეთი ჩანაწერი ვერც ერთში ვერ იპოვეს.

არადა, ერთადერთი გარემოება, რაც დანაშაულის ჩადენას ნამდვილად ადასტურებდა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იყო, რომ დაზარალებულს საქალწულე აპკი დარღვეული ჰქონდა, მაგრამ, ხანდაზმულობის გამო, ექსპერტიზამ ვადა ვერ დაადგინა. სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ ექსპერტიზაზე გოგონამ აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენება მისცა – განაცხადა, რომ ზაფხულში ის ჩაის პლანტაციაში იყო და იქ ვინმე მუხრანმა გააუპატიურა...

ასეთი გარემოებების მიუხედავად, პროკურორი განსასჯელის ორი მუხლით გასამართლებას ითხოვდა – გაუპატიურებისთვის (სსკ 137-ე მუხლი, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობითა და ძალადობის არაერთგზის მუქარით, პირთან, ვისაც არ შესრულებია 14 წელი) და გარყვნილი ქმედებისთვის (სსკ 141-ე მუხლი). როგორც ბრალდებამ დაასაბუთა, „განსასჯელი არასრულწლოვანს ყველგან აკითხავდა და მასთან სქესობრივ კავშირსა და გარყვნილ ქმედებას ეწეოდა. ამიტომ სწორად აქვს წარდგენილი ორივე მუხლი, რისთვისაც უნდა აგოს პასუხი“.

ამის მიუხედავად, გაუპატიურების უმძიმესი მუხლი სასამართლომ ბათილად ცნო. როგორც განაჩენშია აღნიშნული: „სასამართლომ ვერ მოიპოვა უტყუარი მტკიცებულებები პირის ბრალეულობის დასამტკიცებლად. ამიტომ, ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ამ გარემოების გათვალისწინებით, განსასჯელს საკმარისად ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო და სასამართლომ ის დარბაზიდან გაათავისუფლა.


скачать dle 11.3