კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ შექმნა „კაგებეს“ წიაღში იატაკქვეშა ორგანიზაცია „სტალინელი“, რომელიც საბჭოთა კავშირში სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა


წინამდებარე ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა. მისი რამდენიმე მონაწილის ვინაობა, გასაგები მიზეზების გამო, შევცვალეთ. ამიტომ, მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

დოსიე

– წაიკითხე, მაქსიმოვ, ყურადღებით გისმენ! – უთხრა კაპიტანს პოლკოვნიკმა კოლოტოვმა და ხელქვეითს მიაჩერდა, რომელსაც ხელში შავი ფერის ტყავის საქაღალდე ეჭირა, მასზე კი ეწერა: „სრულიად საიდუმლოდ“.

კაპიტანმა პავლე მაქსიმოვმა ჩაახველა და კითხვა დაიწყო:

– მიქელაძე მერაბ იოსების ძე, დაიბადა 1947 წლის 2 თებერვალს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტი და „გრუს“ სკოლა. სრულყოფილად ფლობს ექვს ენას. ხელჩართული ბრძოლისა და ყველა საბრძოლო იარაღის უმაღლესი კლასის სპეციალისტია. შეუძლია მართოს ყველა სახის სამხედრო – მოტორიზებული სახმელეთო ტექნიკა და საფრენი აპარატები. მონაწილეობა აქვს მიღებული ვიეტნამში, კორეასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებში. დაჯილდოებულია „წითელი ვარსკვლავის“, „საბრძოლო წითელი დროშის“, „ბოგდან ხმელნიცკის“, „დიდების“ პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით. ამჟამად იმყოფება თხუთმეტწლიან პატიმრობაში და სასჯელს იხდის „მატროსსკაია ტიშინაში“. ბრალდებაში უწერია, რომ გასამართლებულია მკვლელობის მცდელობის გამო.

პავლე მაქსიმოვმა კითხვა დაასრულა, შავი საქაღალდე მაგიდაზე დადო და მიაჩერდა პოლკოვნიკს, რომელმაც მას უთხრა:

– რატომ არ უშველეს თავისიანებმა? რაც შენ ახლა წამიკითხე, მსგავსი ღირსებები ჯეიმს ბონდსაც არ აქვს, თანაც, ლამის საბჭოთა კავშირის გმირია ეს ყმაწვილი და ასე როგორ გაწირეს?

– ვერ უშველეს, ამხანაგო პოლკოვნიკო. როგორ არ ეცადნენ სამხედროები, თავდაცვის მინისტრმა ლეონიდ ილიჩსაც კი სთხოვა, მაგრამ, არ გამოვიდა.

– ასეთი რა ჩაიდინა, ვის სიცოცხლეს დაემუქრა?

– არც არაფერი ჩაუდენია ისეთი, რასაც მე და თქვენ და ნებისმიერი კაცური კაცი არ ჩაიდენდა. ეგ კი ქართველია, ასეთ სიტუაციებში ორმაგად ფიცხი და არ გაემტყუნება.

– აბა, მოყევი, გისმენ!

– მიქელაძე, კუტუზოვის გამზირზე რომ „ცეკას“ სახლია, იქ ცხოვრობს თავის ულამაზეს ცოლთან, მერისთან ერთად. მეოთხე სართულზე მდებარე ბინა პირდაპირ ლეონიდ ილიჩის ფანჯრებს უყურებს. მიქელაძეებს 5 წლის ვაჟი ჰყავთ, სოსო, მათ მეზობლად კი გრიშინის ვაჟი ცხოვრობს – კონსტანტინი.

– მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივნის ვაჟი?

– სწორედ ეგ, მაგ ნაძირალას გამოა, რომ მიქელაძე ციხეში ზის.

– ბევრი ცუდი მსმენია იმ ბიჭზე – ლოთი, ყომარბაზი და გარყვნილი, მამის კალთას ამოფარებული დედისერთა დეგენერატი ყოფილა.

– სწორედ ასეა. მოკლედ, ეს ნაძირალა კონსტანტინი, ერთხელ, თურმე, მერი მიქელაძეს მიადგა, ვითომდა რაღაცის საკითხავად. მარტო რომ დაიგულა, (ბავშვი ბაღში იყო, ქმარი კი – სამსახურში), მისი გაუპატიურება მოინდომა, მაგრამ მერიმ მას წინააღმდეგობა გაუწია და გააგდო. საღამოს კი, შინ დაბრუნებულმა ქმარმა ყველაფერი გაიგო, კონსტანტინს ბინაში შეუვარდა და ჯერ თავის ბოზბანდიანად ყველა საშინლად სცემა, ბოლოს კი მეოთხე სართულის ფანჯრიდან მოისროლა ის ნაძირალა, რომელიც ლეონიდ ილიჩის „ლიმუზინს“ დაეცა და სიკვდილს ამის წყალობით გადაურჩა. თუმცა, მძიმე დაზიანებებით ექვსი თვე საავადმყოფოში იწვა.

– როდის მოხდა ეს ამბავი?

– რვა თვის წინ.

– ესე იგი, რვა თვეა, რაც „მატროსსკაია ტიშინაშია“. კარგი. შეასრულე ბრძანება, მაგრამ, სრულიად საიდუმლოდ! – უბრძანა პოლკოვნიკმა კაპიტანს.

გაქცევა

მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, კარგად დაცული და მკაცრი რეჟიმის ციხის, „მატროსსკაია ტიშინას“ ¹9, ერთადგილიანი საკნის კარი გაიღო და სამხედრო უნიფორმიანმა ზედამხედველმა პატიმარს დაუძახა:

– მიქელაძე, გამოდი! ხელები უკან და ნელი ნაბიჯით იარ!

საკნიდან საშუალოზე მაღალი, შავგვრემანი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა. ფართო მხარ-ბეჭი, ძარღვიანი ხელები და მძლავრი ტორსი მის ათლეტურობაზე მიუთითებდა. მას ციხის ნაცრისფერი ტანსაცმელი ემოსა და გულთან პატიმრის ნომერი ჰქონდა, რომელზეც ეწერა: ¹2341.

ბადრაგმა მიქელაძე ციხის პირველ სართულზე ჩაიყვანა, სპეციალურ გისოსებიან ციხის მანქანაში მოათავსა, სადაც ოთხი ბადრაგი იმყოფებოდა და ისინი ადგილიდან დაიძრნენ.

„მატროსსკაია ტიშინას“ ორი მძიმე კარი ჭრიალით გაიღო და საბადრაგო მანქანა მზით განათებულ ქუჩებში გასრიალდა. მართალია, დილა იყო, მაგრამ ზაფხულის თბილი დღე იდგა. მზის სხივები გისოსებიან მანქანაში იჭრებოდნენ და მიქელაძეს რაღაც სასიამოვნო სიახლის მოლოდინი დაეუფლა. მან არ იცოდა, სად მიჰყავდათ და არც აინტერესებდა. ამიტომ ბადრაგისთვის არაფერი უკითხავს. თუმცა, რომც ეკითხა, მაინც არავინ გასცემდა პასუხს.

ათიოდე წუთი იყო გასული, რაც მიქელაძე ციხიდან გამოიყვანეს, რომ, უცებ, საბადრაგო მანქანა გაჩერდა, შემდეგ, ფურგონის კარი გაიღო, ოთხივე ბადრაგს ორმა მამაკაცმა უხმო პისტოლეტებიდან დასაძინებელი ტყვიები ესროლა და იქვე დაყარეს, მესამემ კი გისოსები გახსნა და მიქელაძეს უთხრა:

– გამოდი! სწრაფად, დრო არ ითმენს, წავედით!

მერაბ მიქელაძე „მატროსსკაია ტიშინას“ საბადრაგო მანქანიდან ფურგონიან „მოსკვიჩში“ სწრაფად გადაჯდა და მანქანა ადგილს მოსწყდა. ნახევარ საათში „მოსკვიჩი“ ერთ-ერთ აგარაკზე შევიდა, დახურულ გარაჟში გაჩერდა და მიქელაძეს მხოლოდ ამის მერე მისცეს გადმოსვლის უფლება. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი ციხიდან გაქცეული პატიმარი ორი სამოქალაქოფორმიანი მამაკაცის წინ იჯდა სავარძელში.

– ესე იგი, თქვენ ხართ გმირი მაიორი მერაბ მიქელაძე? – გაუღიმა გაქცეულ პატიმარს შედარებით უფროსმა მამაკაცმა.

– გმირი ოდნავ გადაჭარბებულია, მერაბ მიქელაძე კი, მე გახლავართ.

– ეს კაპიტანი პავლე მაქსიმოვია. მე კი პოლკოვნიკი იური კოლოტოვი ვარ. თავისუფლებას გილოცავთ!

სამიზნე

პოლკოვნიკი იური კოლოტოვი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგანგებო განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, კაპიტანი პავლე მაქსიმოვი – მისი მარჯვენა ხელი, ხოლო აგარაკი, სადაც მერაბ მიქელაძე მიიყვანეს, „კაგებეს“ კონსპირაციული ბინა იყო.

კოლოტოვი „კაგებეს“ სტალინისტური დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, რომელსაც ქვეყნის მთავრობის კურსი არ მოსწონდა და მმართველობის გადასაყენებლად აქტიურ იატაკქვეშა საქმიანობას ეწეოდა. „კაგებეში“ არსებულ ანტისახელისუფლებო დაჯგუფებას „სტალინელი“ ეწოდებოდა და მისი წევრები სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდნენ. მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ შემუშავებული და მეთოდურად მიჰყვებოდნენ დასახულ გზას. ერთ-ერთ ბოლო შეკრებაზე შეთქმულებმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, გენერალ-პოლკოვნიკ ივანე სიდოროვის მოშორება გადაწყვიტეს. 51 წლის სიდოროვი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე იყო და საბჭოთა პოლიტბიუროს მმართველობის მთავარ ბურჯად ითვლებოდა, რადგან მას ემორჩილებოდა „გრუს“ სწრაფი რეაგირების ძალები და ის უაღრესად ერთგულად ემსახურებოდა მმართველ კლანს. სწორედ ამიტომ მიენიჭა ასეთი მაღალი სამხედრო წოდება და სხვა ზღაპრული პრივილეგიები. სამაგიეროდ, ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში, სიდოროვის კარგად მომზადებული, ორგანიზებული და შეიარაღებული ხელქვეითები კბილებით დაიცავდნენ არსებულ ხელმძღვანელობას. თავად ივანე სიდოროვი მამაცი, უშიშარი და დაუნდობელი ადამიანი იყო. დაჯავშნული მანქანითა და გაძლიერებული დაცვით დადიოდა და განსაკუთრებით სძულდა კაგებეშნიკები, რადგან, 1941 წელს, მისი გენერალი მამა პირადად სტალინის ბრძანებით დახვრიტეს მავნებლობისთვის, მანამდე კი ლუბიანკაზე აწამეს...

კოლოტოვმა მიქელაძეს გაუღიმა და უთხრა:

– არც თქვენ ხართ მიამიტი და არც მე ვარ ბავშვი, რომ ტყუილები დავიწყო. მინდა, დაგამშვიდოთ: თქვენი ცოლ-შვილი საიმედოდ გადავმალეთ და თქვენს დასაჭერად მათ ვერავინ აიყვანს მძევლად. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, – პოლკოვნიკმა მიქელაძეს ივანე სიდოროვის სურათი დაუდო წინ, – აი, შენი სამიზნე. როგორც კი გაანადგურებ, ამის გაკეთება კი მხოლოდ შენ შეგიძლიათ, მაშინვე გარანტირებული გაქვს მსხვილი საბანკო ანგარიში მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში და ოჯახთან ერთად ინკოგნიტოდ ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც ვერავინ მოგაგნებთ.

– თუ არ დავთანხმდი?

– მაშინ, „მატროსსკაია ტიშინა“ მოგენატრება.

– ესე იგი, განწირული ვარ.

– სულაც არა, თუკი სუფთად შეასრულებ საქმეს და სიდოროვის დაცვა ვერ მოგკლავს ან შეგიპყრობს, თავისუფალი და მდიდარი ადამიანი იქნები.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ზღაპარს დავიჯერებ? როდის იყო, რომ ასეთი საქმის გამკეთებელს ცოცხალს ტოვებდნენ? ცხადია, გამონაკლისი არც მე ვიქნები.

– მაიორო, ასე რატომ... – თქვა კოლოტოვმა, მაგრამ მიქელაძემ მას სიტყვა გააწყვეტინა:

– არ გინდა, პოლკოვნიკო, ტყუილის მოსმენას, მირჩევნია, არაფერი თქვათ. ერთს გთხოვთ მხოლოდ: მე რომ ამ საქმეს გავაკეთებ, ჩემს ცოლ-შვილს მიხედეთ, ამ მონსტრებს ხელში ნუ ჩაუგდებთ საჯიჯგნად და უცხოეთში გაიყვანეთ.

– გპირდები, – უთხრა კოლოტოვმა მიქელაძეს და მაქსიმოვთან ერთად ოთახიდან გავიდა.

კამიკაძე

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ისე ჩანდა, თითქოს მერაბ მიქელაძე უშანსოდ იყო დარჩენილი, ქართველ მაიორს იმედი არასდროს დაუკარგავს. მან მხოლოდ კოლოტოვის ყურადღება მოადუნა და ისე მოაჩვენა თავი, თითქოს ბედს შეეგუა და მზად იყო თავგანწირვისთვის. ამის დასტურად მერაბმა ცოლ-შვილთან შეხვედრაზეც კი უარი განაცხადა და პოლკოვნიკს უთხრა:

– ჯობია, არ შევხვდე, მაინც უნდა დავიღუპო და, არ მინდა, მათმა ნახვამ გული ამიჩუყოს და მომავალი ოპერაციის წარმატებით დაგეგმვასა და შესრულებაში შემიშალოს ხელი...

სინამდვილეში კი მაიორი მიქელაძე გაქცევის გეგმაზე მუშაობდა, რომლის მიხედვითაც მას ცოლ-შვილი უნდა წაეყვანა და მიმალულიყო. მან ზუსტად დაადგინა, რომ მოსკოვიდან 80 კილომეტრის მოშორებით, ტყიან მასივში ჩადგმულ, კონსპირაციულ აგარაკზე იმყოფებოდა, რომელსაც 8 ადამიანი იცავდა, პოლკოვნიკი კოლოტოვი და კაპიტანი მაქსიმოვი კი იქ ყოველ მეორე დღეს ჩადიოდნენ და ზოგჯერ ღამითაც რჩებოდნენ. მიქელაძემ სიდოროვის ლიკვიდაციის რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავა და ერთ საღამოს კოლოტოვს უთხრა:

– პოლკოვნიკო, ბევრი ვიფიქრე და გარწმუნებთ, რომ სიდოროვის მოკვლა მხოლოდ და მხოლოდ აფეთქების შედეგად არის ასი პროცენტით შესაძლებელი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს მე შევასრულო.

– შენ, აბა, მეტი ვინ? იმიტომ გაგაქციეთ ციხიდან. რა გჭირს, მიქელაძე? რაღაც უცნაურად ლაპარაკობ!

– ვერ გამიგეთ, პოლკოვნიკო! მე გთავაზობთ კამიკაძის პრინციპის გამოყენებას და ეს კამიკაძე მე ვიქნები: ბომბშებმული მივუახლოვდები სიდოროვს და მასთან ერთად ავიფეთქებ თავს. მერწმუნეთ, ჩემთვისაც ასე აჯობებს და თქვენთვისაც.

პოლკოვნიკი კოლოტოვი დაეთანხმა მოქალაქეს და გენერალ-პოლკოვნიკ ივანე სიდოროვის ლიკვიდაციის თარიღად 9 ივნისი დაინიშნა. იმ დღეს თავდაცვის სამინისტროსთან მისულ სიდოროვს მიქელაძე მის ავტომობილთან უნდა დახვერდოდა და ჯოჯოხეთის მანქანა აემოქმედებინა. როგორც კი ყველაფერზე შეთანხმდნენ, კოლოტოვმა მიქელაძეს უთხრა:

– დღეს 6 ივნისია. სამი დღე დარჩა. დაისვენე, მეტს აღარ შეგაწუხებ. ახლა კი წავედით.

კოლოტოვი და მაქსიმოვი წასასვლელად გაემზადნენ, მაგრამ მიქელაძე მოულოდნელად მივარდა მაქსიმოვს თვალისდახამხამებაში მოსტეხა კისერი, შემდეგ შეშინებულ კოლოტოვს დანა მიადო ყელზე, პისტოლეტი აართვა და უთხრა:

– ფიქრობდი, ცხვარი ვიშოვე და ერთი გასროლით სამი კურდღელი უნდა მოვკლაო, არა?!

– მიქელაძე, აქედან ცოცხალი მაინც ვერ გახვალ! ამიტომ, გაჩერდი და მდგომარეობას ნუ ირთულებ. გამიშვი და გპირდები, რომ თავს დაგანებებ!

– უცებ დაგიჯერე! აქედან ერთად გავალთ და ჩემს ცოლ-შვილს ჩამაბარებ, მერე კი თავში ქვა გიხლია!

როგორც გაირკვა, მაიორ მიქელაძის ცოლ-შვილი, იქვე, აგარაკზე იყო გამომწყვდეული და მერაბმა ისინი კოლოტოვის მეშვეობით გაათავისუფლა. შემდეგ პოლკოვნიკი მანქანაში ჩაისვა და აგარაკიდან დიდი სისწრაფით წამოვიდა. ოციოდე კილომეტრი რომ გაიარა, კოლოტოვი ტყეში დააგდო და, სანამ გზას გააგრძელებდა, უთხრა:

– კრეტინო, ნუთუ მართლა იფიქრე, რომ კამიკაძედ გამოგადგებოდი და ცოლ-შვილის პატრონი თავს ტყუილად გავწირავდი?

საგანგებო რეისი

„კაგებეს“ კონსპირაციული აგარაკიდან გაქცეულმა მერაბ მიქელაძემ ცოლ-შვილი თავის ძველ მეგობართან, სამხედრო დაზვერვის მაიორთან, ალა კომანთან მიიყვანა და უთხრა:

– შენთან იყვნენ, მიმიხედე. მე დავბრუნდები და წავიყვან.

– დარდი ნუ გაქვს. ჩემთან უსაფრთხოდ იქნებიან, შენ კი თავს გაუფრთხილდი, – უთხრა ალამ მერაბს, უსადილოდ გაისტუმრა და არაფერი უკითხავს, რადგან იცოდა, რომ თუკი საჭირო იყო, მერაბი თვითონვე ჩააყენებდა მას საქმის კურსში.

მერაბი ძალიან გამოცდილი სპეცაგენტი იყო. კვალის არევა უმაღლეს დონეზე შეეძლო და ყოველთვის სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. მან, პირველ ყოვლისა, გადაწყვიტა, რომ ცოლ-შვილისთვის შეექმნა უსაფრთხო გარემო, რადგან იცოდა, რომ მისი მაძებრები მათ მძევლად აიყვანდნენ და ამით ჩაბარებას აიძულებდნენ. ამიტომ, დიდი რისკის ფასად, თბილისში გაემგზავრა და მაშინვე მოსკოვში დაბრუნდა. მანამდე იმის ილუზია შექმნა, თითქოს ცოლ-შვილი სამშობლოში გადამალა და მისმა მაძებრებმაც მერის და სოსოს საქართველოში დაუწყეს ძებნა.

პოლკოვნიკი კოლოტოვი, მისივე მეგობრებმა მოიშორეს თავიდან.

– შენ გამო, შეიძლება, ყველანი დავიღუპოთ, – უთხრა კოლოტოვს „კაგებეს“ გენერალმა ვასილი ნოსევმა, რომელიც „სტალინელის“ სულის ჩამდგმელი და ხელმძღვანელი იყო. შემდეგ კოლოტოვი თავში გასროლით მოკლა და დანარჩენებს უთხრა: – ეს მძორი გააქრეთ, მიქელაძე კი მიწიდან ამოიღეთ და ცოცხალი ან მკვდარი მომგვარეთ! მას ყველგან ეძებენ, მაგრამ ჩვენს მტრებს უნდა დავასწროთ და პირველებმა მივაგნოთ!

მერაბ მიქელაძეს მილიცია ცალკე ეძებდა, სამხედროები – ცალკე და უშიშროებაც მის პოვნას ცდილობდა. თუმცა, ყველაზე საშიში ვასილი ნოსევის მაძებრები იყვნენ, რადგან ისინი არაფერზე დაიხევდნენ უკან.

მიქელაძის გაქცევიდან ორი კვირა იყო გასული, როდესაც ნოსევის მაძებრებმა გაიგეს, რომ ქართველი მაიორი მოსკოვში მშენებარე ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე იმალებოდა ერთ-ერთ სახლში. დრო არ ითმენდა და ნოსევის ბოევიკები წინასწარ მომზადების გარეშე გაემართნენ მიქელაძის შესაპყრობად ან მოსაკლავად. მაგრამ გამოცდილმა ქართველმა სპეცაგენტმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მათ – 7 კაცი მოკლა და მიიმალა. მეორე დღეს კი, გენერალ-პოლკოვნიკი ივანე სიდოროვი შინ რომ დაბრუნდა, დაცვა გაუშვა და დასასვენებლად სავარძელში ჩაეშვა, მის წინ მოულოდნელად მერაბ მიქელაძე აღიმართა და მშვიდად უთხრა:

– საღამო მშვიდობისა, გენერალო!

– სალამი. აქ როგორ მოხვდით? – მშვიდადვე უპასუხა გენერალმა მერაბს და ხელი პისტოლეტისკენ გააპარა.

– არ გინდათ, გენერალო, მე აქ სამტროდ არ მოვსულვარ. თუმცა, თქვენი მოკვლა მაქვს დავალებული.

– ვინ ხართ?

– მაიორი მიქელაძე, – უთხრა მერაბმა სიდოროვს და ყველაფერი დაწვრილებით უამბო, ბოლოს კი უთხრა: – ასე რომ, მე ღირსეულად ვემსახურე ქვეყანას და სამაგიეროდ რა მივიღე?

– დამშვიდდით, მაიორო. თქვენზე მე ბევრი კარგი მსმენია და დაუსწრებლად გიცნობდით. ახლა კი პირადად გაგიცანით, მოხარული ვარ და გპირდებით, რომ ყველაფერს ვიღონებ თქვენს გასამართლებლად, – უთხრა გენერალმა მოქალაქეს და ხელი ჩამოართვა...

ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, მოსკოვის სამხედრო აეროდრომიდან „ტუ-154“ აფრინდა და ყირიმისკენ აიღო გეზი, სადაც „კაგებეს“ შიდა სწავლებები იმართებოდა, რომელშიც ამ უწყების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ თვითმფრინავში მსხდომ 51 ადამიანს შორის იატაკქვეშა ორგანიზაცია „სტალინელის“ სრული შემადგენლობა – 28 კაცი იჯდა, მათ შორის „კაგებეს“ გენერალი ვასილი ნოსევიც... თვითმფრინავი წარმატებით აფრინდა ჰაერში, მაგრამ, ფრენის მე-16 წუთზე მოულოდნელად აფეთქდა და მოსკოვის სამხრეთით მდებარე მწვანე ზოლში ჩავარდა...

P. S. 2001 წელს გახსნილი „ეფესბეს“ არქივიდან ნათელი გახდა, რომ საგანგებო ავიარეისის კატასტროფა გენერალ-პოლკოვნიკ ივანე სიდოროვის მიერ იყო მოწყობილი, რომელიც 1995 წელს მოხუცებული გარდაიცვალა. რაც შეეხება მერაბ მიქელაძეს, ის დღესაც ცოცხალია, სამშობლოში ცხოვრობს და შვილთაშვილს ზრდის.


скачать dle 11.3