კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტიპის ოჯახებს განარჩევენ და როგორი ბავშვი იზრდება ცალკეულ მათგანში


ყველა იზიარებს იმ აზრს, რომ ადამიანი ინდივიდუალური ხასიათით არ იბადება, ხასიათი შემდგომ ყალიბდება მრავალი ფაქტორის ზემოქმედებით. უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაში ძირითად როლს თამაშობს ოჯახი და ოჯახის წევრთა შეხედულება ცალკეული საკითხის შესახებ. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გარემოში იბადება და იზრდება ბავშვი, როგორ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, როგორ ზრდიან და რას ასწავლიან მას. ამ პრობლემის შესახებ გვესაუბრება ფსიქოლოგი ნელი მაისურაძე.


– როდის არის ყველაზე მეტად დამოკიდებული ბავშვის ფსიქიკა გარშემო მყოფებზე?

– განარჩევენ ასაკობრივ პერიოდებს, როდესაც გარემო ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ხასიათის ჩამოყალიბებაზე, ამას განვითარების სენზიტიური პერიოდი ეწოდება. ყველაზე მეტად სენზიტიური სკოლამდელი პერიოდია. ამ ასაკში ბავშვის ფსიქიკა ზედმიწევნით „მოქნილია“ და მისი „გამოძერწვა“ და სურვილისამებრ შეცვლა განსაკუთრებით ადვილია. ამ პერიოდების არსებობა იმით აიხსნება, რომ ყველაზე მეტად სწავლება იმ ფსიქიკურ თავისებურებებზე ახდენს გავლენას, რომლებიც ეს-ესაა იწყებს ჩამოყალიბებას. ამ ასაკში ბავშვს განსაკუთრებით სჭირდება გარშემო მყოფების ყურადღება, ჯერა ყველასი და მასზე ძლიერ მოქმედებს სულ მცირე აგრესიაც კი. ამ ასაკში შენიშვნის მიცემისას ბავშვებს უნდა ავუხსნათ, თუ რატომ დაიმსახურეს ის და რატომაა გაუმართლებელი მათი ქმედება.

ბავშვზე დიდ გავლენას ახდენს უშუალოდ მის გარშემო მყოფი ადამიანების ქცევა, მათი დამოკიდებულება პატარების მიმართ.

– განაპირობებს თუ არა ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებას მშობლის ქცევა?

– თუ მშობელი პოზიტიურად არის განწყობილი ბავშვის მიმართ, მეგობრობს მასთან, შვილთან ერთად უხარია მისი წარმატება და განიცდის წარუმატებლობას, ბავშვი ინარჩუნებს კარგ ემოციურ განწყობას, მზაობას იმოქმედოს და დაძლიოს წინააღმდეგობები წარუმატებლობის შემთხვევაშიც. მშობლებთან დადებითი ურთიერთობების დამყარების პირობებში ბავშვი ნდობით ეკიდება მას და გარშემო მყოფებს. შესაბამისად, ადვილად შედის კონტაქტში ნებისმიერთან. ბავშვთა უმრავლესობა, მოზრდილის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების პირობებში, ხდება უხალისო, ინდიფერენტული, გულგრილი. ასეთი ბავშვები არ იზრდებიან დადებით პიროვნებებად როგორც ხასიათის, ასევე პიროვნული ან პროფესიული მიღწევების თვალსაზრისით. ხასიათის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს აღზრდის სტილი – თუ როგორი აღზრდის მეთოდი აქვს მშობელს, ოჯახს. აღზრდის სტილს, რა თქმა უნდა, მშობელი შეგნებულად არ ირჩევს. მათმა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ მსგავსი დიფერენცირება არსებობს. ცალკეული სტილის თავისებურებებს განაპირობებს მრავალი ფაქტორი, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი არის იმ ოჯახის სრულფასოვნება, რომელშიც ბავშვი იზრდება.

– რა ტიპის აღზრდის სტილს განარჩევენ?

– აღზრდის სტილის სამი კატეგორია არსებობს – ავტორიტარული, ლიბერალური და დემოკრატიული. ავტორიტარულ ოჯახში ბავშვისგან მოითხოვენ ოჯახში დამკვიდრებული წესების მკაცრად შესრულებას, თავშეკავებულნი არიან ურთიერთობაში, არ ეფერებიან ბავშვს, ხშირად სჯიან ისე, რომ არ უხსნიან დასჯის მიზეზს, იძლევიან ბრძანებებს ყოველგვარი ახსნის გარეშე, ბავშვებს საკუთარი სურვილებისა და პრეტენზიების გამოთქმის საშუალებას და კამათის ნებას არ აძლევენ, მკაცრად აკონტროლებენ. ძირითადად, ასეთი ოჯახი ყალიბდება მაშინ, როდესაც მის წევრებს შორის სრულფასოვანი დამოკიდებულება არ არის და მამის შეხედულებები არ ექვემდებარება ანალიზსა და განსჯას. ამ დროს ბავშვის აღზრდას მამა იღებს საკუთარ თავზე და დედები უბრალო მომვლელების როლში გვევლინებიან. იმის გამო, რომ დედა ვერ ახერხებს მამის ქმედებების გაპროტესტებას, დროთა განმავლობაში, აღარც უჩნდება პროტესტის გრძნობა და ინდიფერენტული ხდება შვილის მიმართ. ასეთ ოჯახში აღზრდილ ბავშვებს ახასიათებთ პასიურობა, პესიმიზმი, უჭირთ დამოუკიდებლობა, გადაწყვეტილებების მიღება, არიან ჩაკეტილები, გაღიზიანებულები, უპრეტენზიოები და იშვიათად გამოთქვამენ საკუთარ სურვილებს, უჭირთ შეგუება ახალ გარემოსთან. შედეგად, ბავშვი იზრდება არასრულფასოვანი, ვერ ყალიბდება როგორც პიროვნება და არც კი უჩდება რაიმე ღირებულის გაკეთების სურვილი.

– როგორი მდგომარეობაა ლიბერალურ ოჯახებში?

– ლიბერალურ ოჯახებში, სადაც სრულებით არ ზღუდავენ ბავშვებს, დისციპლინა სუსტია, არ არის წესები და აკრძალვები, ბავშვები თავად ირჩევენ რა ჩაიცვან, რა ჭამონ, რა გადაცემებს უყურონ. უფროსები მაინცდამაინც არ ინტერესდებიან ბავშვების საქმიანობით. თუმცა, მშობელსა და შვილს შორის თბილი, ალერსიანი, ემოციური ურთიერთობაა. არ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის გამო, რომ მშობელს საერთოდ არ აქვს არანაირი შეხედულება შვილის საქმიანობის შესახებ. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები გამოკვეთილი თავისებურებებით გამოირჩევიან. ისინი ხშირად არიან აგრესიულები, იმპულსურები, ჯიუტები, უჭირთ ადაპტაცია ახალ სიტუაციასთან. შესაბამისად, ვერ ყალიბდებიან დადებით პიროვნებად. არიან ეგოისტები როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიული საქმიანობისას. არ შეუძლიათ გუნდური მუშაობა და ფაქტობრივად, არ ჰყავთ მეგობრები.

– როგორ ოჯახში იზრდება სრულფასოვანი ბავშვი?

– ყველაზე უკეთესად ადაპტირებულები, გულახდილები, გაწონასწორებულები არიან დემოკრატიული სტილით აღზრდილი ბავშვები. ისინი არიან ჰარმონიულები, კომუნიკაბელურები, მიზანმიმართულები. შეუძლიათ, გარკვეულ სიტუაციაში აკონტროლონ საკუთარი ქცევა და ემოციები, მოერგონ სიტუაციას, გამოთქვან საკუთარი სურვილები, გამოხატონ ემოციები. დემოკრატიული სტილი არის შუალედური ზემოთ აღწერილ სტილთა შორის. იგი ხასიათდება კონტროლით, შეზღუდვებით, მაგრამ ამავე დროს აკრძალვებს და შეზღუდვებს აქვს ახსნა. მშობლები უხსნიან შვილებს, მსჯელობენ, ისმენენ მათ პრეტენზიებს და ზოგჯერ დათმობაზეც მიდიან. ურთიერთობები შვილებსა და მშობლებს შორის არის მოსიყვარულე. ახსნისა და განმარტების შედეგად, ბავშვი ადრეულ ასაკშივე სწავლობს კარგისა და ცუდის გარჩევას. შესაბამისად, მის ქცევებში აღარ აღინიშნება უარყოფითი ფაქტები. ბავშვი ალერსიანია გარშემო მყოფთა მიმართ და გაძლიერებული აქვს მათ მიმართ მზრუნველობის გრძნობა.

– თუ არსებობს ურთიერთობის რაიმე სხვა ფორმა?

– ძალზე იშვიათია, მაგრამ მაინც არსებობს ურთიერთობის კიდევ ერთი სახე, რომლის დროსაც ოჯახის წევრებს შორის სრული გულგრილობაა. მას ინდეფერენტულ სტილს უწოდებენ. არ არსებობს კონტროლი, ემოციები ცივია, განურჩეველი. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი ცივი, აგრესიული, ბოროტი, შურიანი და მატყუარა იზრდება. მათ აქვთ მკაცრი ხასიათი და ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს საზოგადოებაში.

– რაიმე რჩევა თუ გაქვთ მშობლებისათვის?

– ბავშვობის ასაკის რამდენიმე წელი მთლიანად განსაზღვრავს ადამიანის მომავალს. ამიტომ, მშობლებს ვურჩევ, მათივე საკეთილდღეოდ, ბავშვის სერიოზულ აღზრდას ადრეული ასაკიდანვე მოეკიდონ. მშობელი ბავშვის მიმართ უნდა იყოს ალერსიანი, ყურადღებიანი და სამართლიანი. სწორი აღზრდა მრავალ პრობლემას ააცილებს არა მარტო ოჯახს, არამედ მთელ საზოგადოებას.


скачать dle 11.3