კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ განიცდის ადამიანი პირველ ლტოლვას მეორე ადამიანის მიმართ ყნოსვით


რა არის სიყვარული, როგორ იწყება და მთავრდება ის, კვდება თუ შეუძლია, იცოცხლოს მანამ, სანამ ერთმანეთზე შეყვარებული წყვილები ცოცხლობენ – ამ თემაზე ყველა ადამიანს ალბათ, საკუთარი შეხედულება აქვს, რომელიც თავისი ცხოვრებით, გამოცდილებით მოვიდა მასთან და მის მიერ დადგენილ „ნორმებში” ეჭვის შეტანა წარმოუდგენელია. სიყვარულის ლაბირინთებში გარკვევა ყველა დროის და ეპოქის ხელოვანის მთავარი მიზანი იყო, თუმცა, სოციალური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ეს თემა განსაკუთრებით საინტერესოა. ამიტომ, მოვუსმინოთ ქალბატონ ნინო ოკრიბელაშვილს.


ნინო ოკრიბელაშვილი: სიყვარული უნივერსალურია, ოჯახი კი, ალბათ, ის ნიშა, სადაც გრძნობა ჰარმონიაში უნდა იყოს ფიზიოლოგიასთან. ვზრუნავთ და მზრუნველობენ, უანგაროდ გავცემთ და მოგვეცემა, წრფელი გულით გვიყვარს და ვუყვარვართ... დიახ, ჩვენ, მაინც რომანტიკოსებს, გვჭირდება ემოციური აღმაფრენა, ყოველდღიური განცდებისა და გამოცდილების გაზიარება ჩვენი ცხოვრების გარკვეული ეტაპის თანამგზავრთან, რომელიც ათასობით სხვა ადამიანისგან ასე უცნაურად გამოგვირჩევია. სასიყვარულო თამაშები ხომ მოულოდნელად იწყება – ხან უსაზღვრო ვნებათაღელვით, ხანაც გაწონასწორებული მეგობრობით შემოიჭრება ერთფეროვან ყოფაში... შემდეგ კი, ურთიერთობაში ჩნდება მიჯაჭვულობა, კომფორტის შეგრძნება და უსაფრთხოების განცდა… დროთა განმავლობაში სიყვარულმა შეიძლება ხიბლი დაკარგოს, რადგან ვნება ცხრება, იკარგება თავგანწირვა და ურთიერთობებში ნაცრისფერი მოწყენილობა იბუდებს. თუ საყვარელი ადამიანი შენი ცხოვრების მიზანსცენიდან გადის, ჩნდება ტკივილი, პირდაპირპროპორციული იმ უდიდესი ბედნიერებისა და ნეტარების, რასაც გრძნობამ გვაზიარა. თავისუფალი სექსის, გვიანი ქორწინებების, განქორწინების მაღალი მაჩვენებლების, მატერიალიზმისა და წარმატებულ კარიერაზე ორიენტაციის ეპოქაში, შესაძლოა ფიქრი, რომ სიყვარული მოკვდა, მაგრამ, ეს ასე როდია...

– როდის ჩნდება ადამიანში სიყვარულის განცდა?

– თავბრუდამხვევ ცხოვრებისეულ რიტმს აყოლილებს, ალბათ, გვავიწყდება, რომ სიყვარულს სწავლა სჭირდება და ეს ბალღობის ასაკიდანვე უნდა ვისწავლოთ და ვასწავლოთ. განათლება კი იწყება მაშინ, როცა ხელში აგვყავს, ვეფერებით პატარას. სკოლამდელ ასაკამდე მან უკვე იცის, რა არის მშობლების სიყვარული და პირველ გაწბილებასაც მაშინ შეიმეცნებს, როცა აღმოაჩენს, რომ არ შეიძლება, დედაზე ან მამაზე დაქორწინება. 6-12 წლამდე ჩვენ უფრო მეტს ვიგებთ სიყვარულის ავან-ჩავანზე, რადგან თანდათან ცხოვრება ივსება თანატოლებით, რომლებსაც მეგობრებს ვუწოდებთ. ბობოქარი მოზარდობის ხანაში კი განუზომელი ლტოლვა ჩნდება საპირისპირო სქესის მიმართ და აი, ჩვენს ოცნებებში, ფანტაზიებში პირველი სასიყვარულო „გამოცდილების” ხატი აკიაფდება პოპულარული მომღერლის, მსახიობის ან მასწავლებლის სახით. რეალურ სამყაროში გადაბიჯებას რეალურ გულისსწორთან შეხვედრა მოჰყვება და ჩნდება საერთო ინტერესები, ყალიბდება საერთო მეგობრების შედარებით ვიწრო წრე და რამდენიმე რჩეული ერთად ატარებს თავისუფალ დროს... პირველი სქესობრივი კონტაქტები, როგორც წესი, ხანმოკლეა და ზედაპირულ ურთიერთობებს მოჰყვება. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია კულტურული ფაქტორიც – არადასავლური საზოგადოება ტრადიციული ქალწულობის ინსტიტუტითა და ფასეულობათა განსხვავებული სისტემით, დღემდე ვერ იღებს ან ძნელად ეგუება ქორწინებამდე ურთიერთობებს, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში საშუალოდ 12-14 წელი გრძელდება. როგორც წესი, ყოველი ახალი სიყვარული, ურთიერთობა უფრო ღრმა და რეალისტური უნდა იყოს, მაგრამ გამონაკლისი, სამწუხაროდ, უფრო მეტია... ამ გამოცდილების გარეშე კი ძალზე რთულია ცხოვრების თანამგზავრის არჩევა და მასთან ურთიერთობების ხანგრძლივად შენარჩუნება. ამიტომაც, თინეიჯერთა უმრავლესობის ჰორმონალური ქორწინება ფიასკოთი მთავრდება.

– არის განსხვავება ქალისა და მამაკაცის სიყვარულს შორის? მიიჩნევენ, რომ ქალებს უფრო ხშირად და უფრო ღრმა გრძნობა ეუფლებათ.

– ასეა მიჩნეული. თითქოს ქალები არიან ეიფორიულნი, ყვირილი სურთ, მზად არიან ადრე დაქორწინდნენ, ცალმხრივად უყვართ, ფიქრობენ, რომ სიყვარული საჩუქარია და მამაკაცებისაგან განსხვავებით, პარტნიორის იდეალიზაციას ახდენენ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პარტნიორთან დაშორებას მამაკაცები უფრო მწვავედ განიცდიან. ქალების 50 პროცენტს, საშუალოდ 20 პაემანი სჭირდება, რომ გადაწყვიტოს – უყვარს თუ არა, როცა ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 25 პროცენტი მეოთხე შეხვედრაზე უკვე ყურებამდეა შეყვარებული.

– ვნებასა და სიყვარულს შორის განსხვავებაა?

– ყველგან და ყოველთვის ადამიანი ებრძოდა უმართავ ემოციას, რომელსაც ვერ განსაზღვრავ, ვერ დაგეგმავ და შეეწინააღმდეგები. ერთ-ერთი ასეთი ემოციაა სიყვარული, რომელიც ზოგადად, ძალიან პირობითი სიტყვაა. როდესაც ვამბობ, მე მიყვარს, არ ვგულისხმობ იმ უზენაეს გრძნობას, რომელიც უნდა დაერთოს საფუძვლად ოჯახის შექმნას. აღმოჩნდა, რომ ტრადიციული მიდგომა თითქმის ყველა კულტურაში ერთნაირი იყო, რაც გულისხმობდა, რომ ვნება, ლტოლვა მეორე ადამიანის მიმართ, სწრაფვა მასთან ინტიმურ ურთიერთობაში შეხვიდე, ეს უძველესი ცივილიზაციისა და ადამიანის ველური ბუნების გადმონაშთია. ცივილიზაცია მაჩვენებულია, რომ ვნებას თოკავ და მას სხვადასხვა აქტივობებში მიმართავ. მაგრამ, სიყვარული თავისთავად გულისხმობს ვნებას, ლტოლვას და მეორე ადამიანთან ინტიმური კავშირის დამყარების სურვილს და ცივილიზებულობის ინდიკატორიც ნელ-ნელა იცვლის ფორმას.

– როგორც ვიცი, არსებობს სიყვარულის ჰორმონები ხომ?

– დიახ. მიჩნეულია, რომ სიყვარული არ არის მოვლენა, ეს პროცესია, რომელსაც პატარა ბავშვივით სჭირდება ფეხზე დაყენება და გაზრდა. დღესდღეობით, აქტიურად განიხილება სიყვარულის ოთხი თეორია. თუმცა, ოთხივეს ამოსავალი წერტილი ერთნაირია. პირველი – იმისთვის, რომ სიყვარულის ნაპერწკალი გაჩნდეს, უნდა მოხდეს მეორე ადამიანის ინპრიტინგი, ანუ აღბეჭდვა – იმ კონკრეტული ადამიანის შემოსვლა შენს ცნობიერში. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ფიზიოლოგია, თავისი ბიოქიმიური პროცესებით. ეს არ ხდება თურმე, მხოლოდ ემოციის ფონზე. ინპრიტინგის დროს, რომანტიკული ემოცია ააქტიურებს სპეციალურ ნივთიერებას – ფერომონს. სხვათა შორის, დიდი ხანია უკვე, რაც პარფიუმერიაში გაჩნდა ხაზი – ფერომონებიანი სუნამოები. ანუ, ინპრიტინგი, ადამიანის პირველი ჩაბეჭდვა ხდება ყნოსვის დონეზე, ისევე როგორც, მაპატიეთ, მაგრამ ცხოველების შემთხვევაში. ყნოსვით შემოდის ადამიანი ჩვენში. ეს ჰორმონები, ფერომონები, ჩვენი სხეულიდან გამონაყოფების სახით გამოდის. მაგალითად, მამაკაცებში ოფლთან ერთად გამოიყოფა ჰორმონი – ანდროსტენოლი, რომელსაც მუსკუსის სუნი აქვს. ეს სუნი ქალებისთვის განსაკუთრებით აქტიურია აღსაქმელად, როდესაც ოვულაციის სტადიაში იმყოფება. ქალი კი, ბიოლოგიურ გამონაყოფს სასქესო ორგანოდან გამოყოფს. ქალის ბიოლოგიურ ექსკრეტში გამოიყოფა ნივთიერება სახელწოდებით – კოპულინა. კოპულინები მამაკაცში ქალის აღქმას სწორედ ინპრიტინგის მომენტში აძლიერებს.

– ანუ ფერომონებიანი სუნამოები უნდა მოვიხმაროთ?

– ასე გამოდის. (იცინის). სიყვარულს რამდენიმე სტადია გააჩნია. პირველი ეს არის ის, რასაც ჩვენ ფლირტის, გატაცების სტადიას ვუწოდებთ. ეს ძალიან საინტერესო და თან, ყველაზე ემოციური პერიოდია. სხვათა შორის, ფლირტი კულტურის გამოცდილებით არის გამყარებული. ყველა კულტურაში მიჩნეულია, რომ თუ ადამიანი ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე შეგხვდება და შენს სტანდარტებს აკმაყოფილებს, ის აუცილებლად უნდა შეგიყვარდეს, მაგრამ სამწუხაროდ, სხვადასხვა კულტურა სხვადასხვაგვარად ხედავს ამ შეყვარების განვითარებას. ტრადიციებით მართულ ქვეყნებში ასეთი შეყვარება აუცილებლად ქორწინებით უნდა დასრულდეს, რათა ინტიმის ლეგალიზება მოხდეს. აღმოჩნდა, რომ ამ მიზიდულობის ეტაპზე უკვე სხვა ბიოქიმიური ნივთიერებები ერთვება, როგორიცაა დოფამინი, ნორეპინეფრინი, რომელიც გარკვეულწილად იწვევს ეიფორიას, გუნება-განწყობის ამაღლებას. მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გრძელდება, რადგან ამ ნივთიერებების გამოყოფის მიმართ, ჩვენი რესურსები გაგვაჩნია. კიდევ ერთი მომენტი – როდესაც მუდმივად ერთი და იგივე რაღაც მეორდება ამ დროს ემოციური ფონი იკლებს. არ შეიძლება, ისევე გატაცებული იყო ადამიანით, როგორც ეს ვთქვათ, ურთიერთობის პირველ, მეორე კვირას იყო. უმაღლესი დონე, რაც სიყვარულში უნდა იყოს და სერიოზულ ურთიერთობებს უნდა დაედოს საფუძვლად, ეს არის ეტაპი, როდესაც გატაცება გაივლის. ზოგიერთ კულტურაში ფიზიკური კონტაქტების საფუძველზე აღტყინება და ვნებაც გაივლის ან ცოტა ჩაცხრება, მაგრამ წყვილი მიხვდება, რომ ისინი სხვა ინტიმურობაში უნდა გადავიდნენ – არა სექსუალურ ინტიმურობაში, არამედ სულიერ ინტიმურობაში. იწყებენ ურთიერთობას, რომელიც გულისხმობს პატივისცემას, მზრუნველობას, დათმობას და სხვა. სწორედ ამ ურთიერთპატივისცემის დონეზე შემოდის ნივთიერება, რომელსაც ენდორფინებს ვუწოდებთ.

– ბედნიერების ჰორმონს.

– ცნობილია, როგორც ბედნიერების ჰორმონი, თუმცა ეს უფრო არის ჰორმონი, რომელიც ჩემს რელაქსაციას, მოდუნებას, ჩემში სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას უზრუნველყოფს. ეს არის შინაგანი მორფინი, ნარკოტიკი, რომელიც ბუნებრივად არის წარმოებული და რომელიც მიჩვევას იწვევს. სწორედ, ენდორფინების რაოდენობა აყალიბებს იმ არაჩვეულებრივ გრძნობას, რაც სიყვარულში უნდა იყოს, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედება ოჯახის შექმნას – ეს არის მიჯაჭვულობა. ანუ, შენ მეორე ადამიანი ნარკოტიკივით გჭირდება, მაგრამ მას კი არ ანივთებ, ცდილობ, ბედნიერი გახადო, იზრუნო მასზე და მისგანაც იგივე მიიღო. აი, ვთქვათ, ავიღოთ, წყვილი, რომელსაც მთელი ღამე ჩახუტებულს სძინავს და მხოლოდ იმიტომ არ ეფერებიან ერთმანეთს, რომ სექსუალური აქტი დაიწყოს. ამ დროს მოფერების ნივთიერება გამოიყოფა. ეს არის ოქსიტოცინი, რომელიც გამოიყოფა მაშინ, როდესაც მგრძნობელობის სტიმულირება გინდა. ადამიანს ეფერები, ეხუტები, გამოიყოფა ოქსიტოცინი – ეს იწვევს განცდას, რომ ხარ მშვიდი, დაკმაყოფილებული და მიჯაჭვული. ეს დამოკიდებულება საშინლად მოგწონს (იცინის).

– გრძელდება სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე?

– არსებობენ წყვილები, რომელთაც სიცოცხლის ბოლომდე უყვართ ერთმანეთი და ასეთებს ბევრს ვიცნობ. ერთ საინტერესო რაღაცას გეტყვით – ვთქვათ, ავიღოთ, შეყვარებული წყვილი, ისინი ცხოვრობენ, მათი ურთიერთობა გრადუალურად განვითარდა, ოჯახიც შექმნეს, გადავიდნენ ახალ ფაზაში, რომელიც ასევე გულისხმობს ურთიერთპატივისცემას და მიჯაჭვულობას, მათ ოგრანიზმებში, ყველა ის ჰორმონი, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე სტაბილურად მაღალ დონეზეა, დაახლოებით ისევე, როგორც გატაცების, შეყვარებულობის, პირველი ლტოლვისა და ეიფორიის დროს.

– ეს ყველაზე მაგარია.

– სიყვარული არ მომკვდარა, ის ნამდვილად არსებობს. სიყვარული არ არის პრაგმატული. სიყვარულში მთავარია, შენ რას გასცემ, მთავარი კომუნიკაციაა. სიყვარულში მთავარია ის, რომ არ დაეპატრონო პარტნიორს და არ ეცადო მის გადაკეთებას. ცნობილია, რომ ადამიანები, ვინც მხოოდ ვნებით და გატაცებით ცხოვრობენ და თავიანთ გატაცებას სერიოზულ ურთიერთობაში არ გადაიყვანენ, ისინი ბედნიერები არ არიან. პირველივე ეპიზოდის ამოწურვის შემდეგ ის ხელახლა ახალ ემოციას ეძებს, რაც არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. ცალკეა დაშორების თემა. როდესაც წყვილი ერთმანეთს გატაცების სტადიაში შორდება ეს ყველაზე მტკივნეულია. მაგრამ, როდესაც გატაცებას მოჰყვა ურთიერთობაში გადასვლა, თუმცა ის ჯერ სრულფასოვნად არ არის ჩამოყალიბებული, დაშორების შემთხვევაში იქ ინტელექტი ერთვება. იქ ფიქრობ, რა გქონდა პარტნიორთან დადებითი და უარყოფითი. თუმცა, ახალი ურთიერთობით ძველის დავიწყება ხშირად ნერვულ აშლილობებსაც იწვევს, რაც როგორც ფსიქიატრს, პრაქტიკაში ხშირად მქონია. ახალ თავგადასავალში გადაშვება, ისე რომ წინა თავგადასავალი არ დაასრულო, საკუთარი თავის ღალატის განცდას იწვევს, რაც ძალიან ცუდია.

– რატომ ხდება, რომ ერთად ცხოვრების დაწყების დროს იწყება ჩხუბები წყვილს შორის, ძალების გადანაწილება.

– ოთარ ჭილაძე ამბობდა, რომ სიყვარული ის დიდი პრობლემაა ორ სულელს შორის, რომელთაც ერთად ცხოვრება განუზრახავთ. სიყვარული უნდა მოკვდეს, რომ შეიძინო მანქანა, ააშენო სახლი, მოიტანო საჭმელი. არ ვიცი, ვინ როგორ ეთანხმება ამას, მაგრამ ერთი რამ ვიცი – მეორე ადამიანზე მზრუნველობა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს. არ შეიძლება, პარტნიორი რაღაც კვარცხლბეკზე დააყენო და უყურო მას როგორც თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს. ადამიანური ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი და ამას ზოგიერთი მხოლოდ მაშინ ხვდება, როდესაც მარტო რჩება.

– რაც შეეხება მთავარს, სიყვარულის ტიპებს, რის გამოც ეს საუბარი დავიწყეთ.

– ეს ფენომენი უკვე მეცნიერების შესწავლილია და ამიტომ პირდაპირ გამზადებულ ფორმულას მოგცემთ. სიყვარულის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: ეროს (ეროტიკული ანუ ვნებიანი სიყვარული, ეფუძნება სექსუალურ მიმზიდველობას და ლტოლვას); ლუდუს (ლათინურიდან – ლუდერე – თამაში ანუ აზარტული, სიყვარულით თამაში), სადაც ჭარბობს ფლირტი; სტორჟ (ბერძნულიდან – storge – ავადმყოფობა, განცვიფრება, ზემოქმედება, ანუ მეგობრულ-მიჯაჭვული, ნაზი სიყვარული), რაც მზრუნველობასა და ურთიერთობის გაღრმავებას ეფუძნება.

ამავე დროს გამოიყოფა სამი მეორადი ტიპიც: პრაგმა (პრაგმატული და უტილიტარული სიყვარული, სადაც კომბინირებულია ლუდუს და storge);

მანია (ობსესიურ-კომპულსიური ანუ აკვიატებული სიყვარული და ეფუძნება ეროსსა და ლუდუსს);

აგაპე (იგივე ძმური სიყვარული, რომელმაც სახელი საეკლესიო ლიტერატურიდან მიიღო და არის ეროსისა და storge-ს კომბინაცია.

რობერტ შტენბერგის სიყვარულის სამკუთხედის თეორიის მიხედვით, სამი ბაზისური კომპონენტია:

– ფეპეშენ – ვნება – სქესობრივი ლტოლვა;

– ინტიმასი – ინტიმურობა, სიახლოვე – ნდობა და ემოციების გაზიარება;

– კომიტმენტ – პასუხისმგებლობა – ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი.

ამ სამი კომპონენტის კომბინაცია იძლევა სიყვარულის 8 ტიპს: არსიყვარული – არც ერთი კომპონენტი არაა; ინფეტარდ (აკვიატებული, ავადმყოფური) სიყვარული – წარმოდგენილია მხოლოდ ვნება; მოწონება-მეგობრობა – მხოლოდ ინტიმურობა, სიახლოვე; ცარიელი სიყვარული – მხოლოდ პასუხისმგებლობა; რომანტიკული სიყვარული – ვნებისა და სიახლოვის კომბინაცია; კომპანიონური სიყვარული – სიახლოვე და პასუხისმგებლობა ერთად; აბსურდული (ბავშვური) სიყვარული – ვნება და პასუხისმგებლობა; მომხმარებლური სიყვარული – სამივე კომპონენტია წარმოდგენილი.

რომანტიკული სიყვარულის საზომი სამი კომპონენტით იზომება: დაკავშირება-დამოკიდებულების საჭიროება, ანუ სურვილი იყო საყვარელ ადამიანთან; დახმარებისთვის მზაობა, ანუ საყვარელ ადამიანზე პასუხისმგებლობის აღების სურვილი; ექსკლუზიურობა, ანუ სურვილი, რომ სიახლოვე, ინტიმურობა მხოლოდ საყვარელ ადამიანთან გქონდეს.


скачать dle 11.3