კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ისტორია და ფუნქცია აქვს ქვილთებს და რა ღირს მსოფლიო აუქციონებზე უძველესი ქვილთები


ისტორია ხელოვნების ამ სახეობისა ძალიან ლამაზია. მას საბანზე ამოქარგული ლეგენდები შეიძლება ვუწოდოთ, რომლებიც დროთა განმავლობაში ფერწერულ ტილოებზე გადავიდა. ეს არის ისტორია ქვილთებზე. ვალიდა ქუთათელაძის კოლექციაში ქვილთებისა და ქსოვილით ფერწერის ასზე მეტი ნიმუშია თავმოყრილი. როგორ ქმნის ჩვენი რესპონდენტი ნიმუშებს ამ კოლექციისთვის და ვის უსახსოვრა მან ქვილთის ფარდა ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ქალბატონო ვალიდა, ძალიან ლამაზი, ფერადი და მრავალფეროვანი კოლექციის მფლობელი ხართ, როგორ დაიწყეთ მასზე მუშაობა?

– მას შემდეგ 10 წელი გავიდა. 2000 წელი იყო, როდესაც ახლობლის ოჯახში ვნახე ცნობილ მხატვართა ორიგინალების კოლექცია, სადაც საკმაოდ ღირებული ნამუშევრები იყო თავმოყრილი. მათ შორის ერთ-ერთი სურათი ქსოვილით გახლდათ შესრულებული და ისე მომეწონა, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ამ ნამუშევარმა. ამის შემდეგ მოსვენება დავკარგე. მეც ძალიან მიყვარდა ყოველთვის ფერები და ქსოვილები, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა რაღაც მსგავსი და ამავე დროს ჩემეული. იმის შემდეგ დავიწყე ეს საქმე. გამოცდილებასთან ერთად ყველაფერი იცვლება. ამ კოლექციაში წარმოდგენილი ნამუშევრები ნაბიჯ-ნაბიჯ 10 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. ვსწავლობდი, სად რა ეფექტი მიიღწევა და როგორ. გარდა ამისა, ბევრი რამ შევიტყვე თვითონ ქვილთების ისტორიიდანაც.

– გვიამბეთ.

– ცნობილია, რომ ქვილთს ძირითადად გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს. მისგან აკეთებდნენ საბნებს, გადასაფარებლებს. თანამედროვე დროში ძველი ქვილთები ძვირად ფასობს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათი ფასი აუქციონებზე მილიონამდე აღწევს. ქვილთები დღესაც იკერება. მაგალითად, ამერიკაში შიდსის მემორიალი უზარმაზარი ქვილთი იყო და მასზე გამოსახული თითოეული კვადრატი იმუნური სისტემის დასუსტებით გარდაცვლილის გახსენება გახლდათ.

ცნობილია ის ამბავიც, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა პრინც უილიამსს დაბადების დღეზე, ძველი ამერიკული ტრადიციის თანახმად, ქვილთი მიართვა.

– ანუ, ამერიკიდან იღებს სათავეს ქვილთის შექმნა?

– ასეა. 1861 წელს სამოქალაქო ომის დროს, ქალები აგროვებდნენ ქსოვილის ნაკუწებს, ერთმანეთს აკერებდნენ და თავიანთ ნახელავს ფრონტზე ჯარისკაცებს უგზავნიდნენ. ცნობილია, რომ მარტო ჩრდილოეთის ჯარის არმიისთვის 250 ათასი ქვილთი შეუკერავთ დედებს, დებსა და ცოლებს. ხშირად მებრძოლებს საბანზე მეტად ეს ქვილთი ათბობდა. ერთ-ერთ ქვილთზე ასეთი წარწერა ყოფილა: „ჩემი ვაჟი ომშია. ვისაც ჩემი ქვილთი გაათბობს, რომელსაც 6 დღე-ღამის განმავლობაში ვკერავდი, გაიხსენოს თავისი დედა“.

– ერთ ნამუშევარში, რამდენი სახის ქსოვილი შეიძლება გამოიყენოთ?

– ერთ ნამუშევარში შესაძლოა, გამოვიყენო რანდენიმე ათეული ქსოვილი, თუ მეტი არა.

– კოლექციაში ყველა ნამუშევარი პოზიტიურია, ის მრავალფეროვანია თემატურადაც. აქ ვხვდებით პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს და უამრავ ყვავილს...

– უზომოდ მიყვარს ყვავილები და ძალიან ხშირად დომინირებს ჩემს ნამუშევრებში.

საყვარელი ფერი არ მაქვს, იმიტომ რომ ყველა ფერი საყვარელია ჩემთვის. მაქვს განწყობა, რომელიც გამოხატულია ფერებად. დღევანდელ დღეს, მაგალითად, მე ვარ ლიმონისფერ განწყობაზე.

– ეს კარგია, თუ ცუდი?

– რას ნიშნავს, რომ ლიმონისფერ განწყობაზე ვარ: ახლა, მე ნატურმორტს ვაკეთებ და მასში ჩანს, რომ ლიმონისფერს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. როცა თვალს გადავავლებ ჩემს კოლექციას, ვხვდები, რომ აი, ამ დღეს, როდესაც რომელიმე კონკრეტული ნამუშევარი გამიკეთებია, რა კარგად აღვიქვამდი ამ ფერს, როგორ ვეფერებოდი.

– რა ფერი დომინირებს ამ კოლექციაში ყველაზე ხშირად თქვენი განწყობიდან გამომდინარე?

– აკვარელის მწვანე, ანუ გახუნებული მწვანე. თუმცა, ახლა დაწყებულ ნატურმორტს რომ დავასრულებ, სადაც ლიმონისფერი დომინირებს, ამის შემდეგ ლიმონისფერზე კარგა ხანს ვეღარ ვიმუშავებ. დრო უნდა გავიდეს. უნდა მომენატროს ლიმონისფერი. იმდენად ვიხარჯები ფერთან დაკავშირებით, რომ მეორე სურათისთვის ძალა აღარ მეყოფა, იგივე ფერთან სამუშაოდ. ასევე, არ შემიძლია, ერთი ნამუშევარი გავიმეორო – შევქმნა მეორედ. ამას ვერ გავაკეთებ, სიყალბე იქნება და იმიტომ. ყოველი ნამუშევარი ამ კოლექციიდან გამოხატავს კონკრეტულ განცდას და ის მხოლოდ ერთია.

– სანამ რომელიმე ნიმუშზე მუშაობას დაიწყებთ, წინასწარ იცით, როგორი გამოგივათ, თუ ეს ყველაფერი მუშაობის პროცესში ყალიბდება?

– მთავარია, ფერს მივაგნო და სიუჟეტი ამის შემდეგ ყალიბდება.

– ამჟამად რამდენი ნიმუშია თავმოყრილი ამ კოლექციაში?

– ამჟამად კოლექციაში ასზე მეტი სურათი მაქვს.

– მათ შორის, მე პირადად, განსაკუთრებით მომეწონა „აჭარელი ქალი“ და „ჩაის არომატი“.

– საინტერესოა, „მამაკაცები ქართულ სამოსელში“ – ყოველი მათგანი საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელია. სახის მიმიკით, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად მათი მზერა არ არის გამოხატული, ულვაშებიდანაც კი მოდის მათი ხასიათი. გურულს მაგალითად აწკეპილი ულვაშები აქვს. ის ფიცხიც არის, მასში ბევრი სიკოხტავეა ერთად თავმოყრილი, სიარულიც კი თავისებური აქვს. ეს დინჯი სვანია. ჩამოწეული ულვაშები უფრო კახელებს წარმოაჩენს.

ამ ნამუშევარში წარმოჩენილი დალმატინელები მშობლებისგან ნაფერები არიან ჩვენი შვილებივით და უდარდელად მოჭყუმპალაობენ და მორბიან. ამ სურათს „ონავრები“ დავარქვი. აქ ნარიყალას ხედია. აქ სპილენძისფერ ლარნაკში მოთავსებული ერთი ყვავილია, რომელიც მრავალი ფურცლისგან შედგება. თითოეული ფურცელი სათითაოდ მაქვს შეკრული.

– ანუ, ქსოვილის ძალიან ბევრი ფენაა ამ კომპოზიციაში გამოყენებული.

– ძალიან ბევრი, უამრავი.

– ეს ფურცლები საკერავი მანქანით მაგრდება ერთმანეთზე?

– დიახ, საკერავი მანქანით. თუ ძნელად მისადგომია და მოუხერხებელია მანქანის ხმარება, მაშინ ხელითაც ვმუშაობ ხოლმე.

– თქვენი გარდერობიდან რომელიმე სამოსი თუ შესწირვია როდისმე ამ კოლექციის ნიმუშის შექმნას?

– დავამზადე „ბროწეული“, რომლისთვისაც აღარ მქონდა საჭირო ფერის ქსოვილი და ამ ბროწეულებს ჩემი მაისური შეეწირა. ის ჩემმა შვილმა ჩამომიტანა გერმანიიდან. ერთი ძალიან სასიამოვნო ისტორია მახსენდება: დედამთილმა გადმომცა ჩემი მეუღლის ბავშვობაში ნაქონი სხვადასხვა სამოსი. მათ შორის იყო ბადე-მაისური, რომელიც უკვე დაზიანებული იყო. ბევრი ვიფიქრე, როგორ გამომეყენებინა ეს ქსოვილი ისე, რომ მუდმივად დარჩენილი იყო ჩვენს ოჯახში. ბოლოს მივაგენი სახილეს, რომელსაც ძალიან მოუხდა ბადისებური ქსოვილი, მასში ჩაწყობილი ხილი კარგად ჩანდა. ეს ნამუშევარი ძალიან რომანტიკულად გადავეცი საჩუქრად ჩემს მეუღლეს.

– სახლში თუ გაქვთ ქვილთის საბანი, რომელიც თქვენი ოჯახის ისტორიას ინახავს?

– მე მაქვს ქვილთის ფარდა, რომელსაც ვინახავ იმისთვის, რომ ვაჩუქო ჩემს შვილებს. მათ კი იმ ოთახში დაჰკიდონ, სადაც მათი შვილები იცხოვრებენ. ამ ფარდაზე აღწერილია ისტორიის ის პატარა მონაკვეთები, რაც გამივლია მე, როგორც ახალგაზრდა დედას – დღემდე, ჩემს შვილებთან მიმართებაში.

მაქვს, ასევე, პატარა ბალიშები, რომლებზეც გამოხატულია ჩემი შვილების ფეხის ადგმა. მათზე დატანილია, მათი მაშინდელი პაწაწუნა ხელისა და ფეხის ტერფის ფორმები.

ჩემი უფროსი ვაჟი ჰოროსკოპით „მამლის“ წელშია დაბადებული. მისთვის გავაკეთე „მამალი“ და ვაჩუქე.

– რა პროფესიის ბრძანდებით?

– პროფესიით ბიოქიმიკოსი და ხელოვნებათმცოდნე ვარ.

– პირველი გამოფენა როდის გქონდათ?

– პირველ გამოფენაში 2002 წელს მივიღე მონაწილეობა. მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს ვაწყობ გამოფენებს.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– მას ჩემი ოჯახიც მიეჩვია. როცა გამოფენისთვის ვემზადები და წინა დღით ექსპოზიცია გადამაქვს სალონში გამოსაფენად ჩვენ სახლში ვეღარ მოვდივართ.

– რატომ?

– ისე ვეჩვევით ამ კოლექციას, რომ ასე გვგონია, სახლი გაქურდულია და აღარაფერი დარჩა. ჩემი მეუღლე, სულ მეუბნება ხოლმე, როდის დამთავრდება გამოფენა, რომ სურათები დროულად დააბრუნო ოჯახშიო. მიჩვევა იცის. ეს კოლექცია არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვისაც არის ის, რის გარეშეც ყოფა შეუძლებელია.


скачать dle 11.3