კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ყიდულობს სახელმძღვანელოებს დიმიტრი შაშკინის შვილისთვის და ჩაანაცვლებს თუ არა წიგნს ლეპტოპი


საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე ცვლილებები მოსახლეობის დიდ ინტერესს იწვევს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც განათლებასთან რაიმე ფორმით შეხება არ ჰქონდეს. მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათავეში დიმიტრი შაშკინი ჩაუდგა, საგანმანათლებლო სფეროში უამრავი ახალი ინიციატივა განხორციელდა, რომლებსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. როგორი იქნება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და ჩაანაცვლებს თუ არა წიგნს კომპიუტერი, როგორც ამას სკეპტიკოსები ამბობენ, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ დიმიტრი შაშკინს გავესაუბრეთ.


– ბატონო დიმიტრი, პრეზიდენტის ინიციატივას, რომ პირველკლასელებს სასწავლო პროცესი კომპიუტერებით ჩაუტარდებათ, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა. საბოლოოდ, შეძლებს ლეპტოპი წიგნის ჩანაცვლებას?

– ჩვენს საზოგადოებას, სამწუხაროდ, შეთქმულებების თეორიები ახასიათებს. ეს ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. როგორც მინისტრს, საჭიროდ მიმაჩნია მუდმივი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თუმცა, არსებობენ ადამიანები, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, რომლებმაც რეალურად იციან, რაშიც არის საქმე, მაგრამ მასმედიას ბოროტად იყენებენ და მოსახლეობაში შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციებს. ბევრს ახსოვს, რა ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში. მან განაცხდა, რომ 2010 წლის სექტემბერში ეს პროექტი საპილოტო სკოლებში განხორციელდება, მათ შორის იქნება ბათუმის, ზუგდიდისა და წეროვანის სკოლები, ასევე, სამ-სამი სკოლა ქუთაისსა და თბილისში. ამ სკოლების ყველა პირველკლასელს სახელმწიფო ნოუთბუქებს აჩუქებს. საერთოდ, ეს პროგრამა გაეროს ექსპერტების მიერ იყო შედგენილი, ამ პროექტზე მთელი მსოფლიო მუშაობდა, რომ შექმნილიყო კომპიუტერი, რომელიც ბავშვისთვის ადვილად გამოსაყენებელი იქნება. ყველა პირველკლასელს დაურიგდება კომპიუტერები და ექნებათ სახელმძვანელოებიც. სექტემბერში კომპიუტერებს 2 500 პირველკლასელ ბავშვს ვაჩუქებთ, რომლებიც საპილოტე სკოლებში სწავლობენ. აგვისტოში ამ სკოლების მასწავლებლები სპეციალური მომზადების დაახლოებით ერთთვიან კურსებს გაივლიან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ კომპიუტერი სასწავლო პროცესში. კომპიუტერებში ჩატვირთული იქნება სასწავლო პროგრამები უცხო ენაში, ქართულში, მათემატიკასა და ლოგიკაში. ჩატვირთული იქნება ასევე სხვა სახელმძღვანელოები, იმისათვის, რომ, იმათ, ვისაც ყიდვის საშუალება არ აქვთ, სახელმძღვანელო უფასოდ მიიღონ. გარდა სახელმძღვანელოებისა, ბევრი წიგნი არსებობს, რომელიც ბავშვმა უნდა წაიკითხოს. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ისეთი ოჯახია, რომელთაც არ აქვთ საშუალება, ბავშვებისთვის დამხმარე ლიტერატურა შეიძინონ. ამ პრობლემის გადასაჭრელად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უახლოეს პერიოდში ახალი პორტალის – „ვახტანგ მეექვსის” შექმნას დაამთავრებს, სადაც ბავშვს ყველა დამხმარე ლიტერატურის წაკითხვის საშუალება ექნება. ამას გარდა, ადრე ჩვენ ვყიდულობდით სახელმძღვანელოებს პირველკლასელებისთვის, რაც არ მიმაჩნდა სამართლიანად. წელს ჩემი შვილი პირველ კლასში მიდის. არ მესმის, რატომ უნდა უყიდოს მას სახელმძღვანელო სახელმწიფომ? ამის ნაცვლად, ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტი და წელს საქართველოს მთავრობა დახარჯავს რვა მილიონ ლარს იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველ ყველა ბავშვს სახელმძღვანელოები ვუყიდოთ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კლასში იქნებიან ისინი. აქედან გამომდინარე, საუბრები იმის შესახებ, რომ კომპიუტერი შეცვლის წიგნს, გაუმართლებელია.

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სამ კომპანიასთან. ერთ-ერთი მათგანია ბელგიური კომპანია, ასევე გვაქვს წინადადებები „მაიკროსოფტთან“ და „ინტელთან“.

– რაც შეეხება წიგნებს, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა, მუდმივად იყო პრობლემები წიგნებთან დაკავშირებით. როგორ მოგვარდება ეს საკითხი?

– სახელმძღვანელოების პრობლემა საბოლოოდ 2012 წლისთვის მოგვარდება. სამწუხაროდ, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. რაღაც მომენტში სახელმწიფომ უარი თქვა რეგულირების ბერკეტების გამოყენებაზე ამ სფეროში და შედეგად მივიღეთ ის ფაქტი, რომ შეიქმნა უამრავი უხარისხო სახელმძღვანელო, რასთან დაკავშირებითაც უამრავი პრეტენზია არსებობს. 2010 წლის სექტემბერში მიღებული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც დაიწყებს მოქმედებას 2011 წელს, პირველიდან მეექვსე კლასებში, 2012 წელს გეგმა მიიღება მეორე საფეხურზე, 2013 წელს კი – მესამე საფეხურზე. ყველა ავტორს და გამომცემელს მოუწევს, რომ სახელმძღვანელოები შეუფარდოს ეროვნულ სასწავლო გეგმას. პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ სასწავლო გეგმაში არ არსებობდა აუცილებელი კომპონენტი. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით კი განსაზღვრული იქნება 60- პროცენტიანი კომპონენტი, რაც ასევე გადაჭრის სახელმძღვანელოების საკითხს. მეორე პრობლემა არის სახელმძღვანელოების ფასი. აქამდე არ არსებობდა სტანდარტები, მაგრამ ახლა ეს ტექნიკური სტანდარტები უკვე შექმნილია – აკრედიტებულ სახელმძღვანელოებზე აუცილებლად იქნება მითითებული ფასები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამომცემლებმა წიგნების ფასები შეამცირონ.

ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს იმასაც, რომ ყველა სკოლაში ფიზკულტურა სპორტის გაკვეთილებით შეიცვლება, ყველა სკოლაში სავალდებულო გახდება კომპიუტერის სწავლება, ცალ-ცალკე იქნება შესწავლილი სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება.

– ივლისში მასწავლებელთა სერტიფიცირება იწყება. რა ბედი ელით მათ, ვინც ვერ ჩააბარებს გამოცდებს?

– ჩვენ 80 000 მასწავლებელი გვყავს, მაგრამ პირველ ეტაპზე, როცა სერტიფიცირებას ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენების მასწავლებლები გადიან, პოტენციური კანდიდატების რაოდენობა 20 000 იყო. დანარჩენი საგნების მასწავლებლებისთვის პროგრამა მზად 2011 წელს იქნება. 20 000 მასწავლებლიდან 15 000-ზე მეტი დარეგისტრირდა. ყველა ხვდება, რომ ეს არ არის სადამსჯელო ოპერაცია, ეს არის ზრუნვა მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სერტიფიცირება სავალდებულო გახდება 2014 წლიდან, ახლა სერტიფიცირება ნებაყოფლობითია, ამიტომაც, ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ დაცული იქნება ანონიმურობა და, ყველა მასწავლებელი, იმის მიუხედავად, ჩააბარა თუ არა მან სერტიფიცირება, დარჩება სკოლაში, ოღონდ ეს მექანიზმი იმუშავებს მანამ, სანამ სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მასწავლებლებს. ეს იყო საფუძველი იმ 160-ლარიანი ვაუჩერისა, რომელიც მასწავლებლებს აქვთ. ეს აძლევს მათ საშუალებას, რომ კვალიფიკაცია კერძო კომპანიების დახმარებით აიმაღლონ.

– ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა სკოლაში ბავშვთა უფლებების დაცვა. როგორ ზრუნავს სახელმწიფო მასწავლებელზე, დაუცველი ხომ არ რჩება მას პედაგოგები და გაიზრდება თუ არა მათი ხელფასები და სოციალური დახმარებები?

– საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს გაეზრდება ხელფასი. სერტიფიცირებულ მასწავლებელს ექნება უფლება, იმუშაოს მენტორ-მასწავლებლად 160-ლარიანი დანამატი ხელფასით. ამას გარდა, სამინისტრომ დაიწყო ორი პროექტი: ჩვენ მასწავლებლების დეფიციტი გვაქვს მაღალმთიან რეგიონებში, ასევე საჭიროა კვალიფიციური ქართულის მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში იმუშაონ. ხელფასის გარდა, მათ 1 000-ლარიანი დანამატი ექნებათ. ხოლო ის მასწავლებლები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში იქნებიან მივლინებულნი, მათი დანამატი 500 ლარი იქნება. საყოფაცხოვრებო ხარჯს მასწავლებელი თავად გაიღებს. ვმუშაობთ იმაზეც, რომ ხელფასი მოემატოთ მასწავლებლებს, რომლებმაც იციან კომპიუტერი და უცხო ენა.

– სამინისტროს კიდევ ერთი ახალი პროექტია სკოლაში მანდატურების შეყვანა – საზოგადოებამ არაერთგვაროვნად შეაფასა. მანდატურები უკვე შევიდნენ სკოლებში. როგორ მოხდა მათი ინტეგრაცია სკოლასთან?

– საბედნიეროდ, ამ ინიციატივას დადებითად აფასებს საზოგადოების დიდი ნაწილი. ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი სკოლაში იყოს უსაფრთხო გარემოცვაში. ჩემი აზრით, ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. სამი კვირაა, რაც 22 მანდატური უკვე შვიდ საპილოტო სკოლაში შევიდა. მათი ინტეგრაცია საკმაოდ იოლად მოხდა, დადასტურდა იმ პრობლემების არსებობაც კი, რომლებიც ჩვენ არ ვიცოდით. სექტემბრიდან ეტაპობრივად დაიწყება მანდატურების შეყვანა თბილისის ყველა სკოლაში, შემდეგ კი – სხვა დიდი ქალაქების სკოლებში. მანდატურების კონკურსი ძალიან მკაცრია – შვიდასი კანდიდატიდან მესამე ეტაპზე მხოლოდ 47 ადამიანი გავიდა. მანდატურების ინსტიტუტმა გვაჩვენა, რომ ძალადობის ფაქტები არსებობს არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მასწავლებლებსა და ბავშვებს შორის. არის ისეთი ამაზრზენი ფაქტები, როდესაც უფროსკლასელები ართმევენ საჭმელს უმცროსკლასელებს, ან მასწავლებელი მოსწავლეს აგზავნის თავის პირად საქმეზე, რაც დაუშვებელია.

მანდატური არაა დამსჯელი პირი, ის ხედავს დარღვევას და წერს ოქმს სამ ეგზემპლარად: ერთი რჩება მასთან, ერთი – დირექტორთან, ერთი კი მოდის სამინისტროში. სამინისტრო ითხოვს ყველა დირექტორისგან რეაგირებას ამ ოქმზე. თავად მანდატურის ქმედებებს მკაცრად გააკონტროლებს გენერალური ინსპექცია. ჩვენთვის ცნობილია დარღვევები მასწავლებელთა მხრიდან. მე მესმის, რომ, შეიძლება, გაღიზიანება მოჰყვეს, როდესაც მასწავლებელი მანდატურის შენიშვნას დაიმსახურებს, მაგრამ მასწავლებელმა არ უნდა მოწიოს სიგარეტი საკლასო ოთახში, არ უნდა წაიკითხოს გაკვეთილზე გაზეთი.

– ბატონო დიმიტრი, მომავალი წლიდან გაერთიანებული ფორმით ჩატარდება საატესტატო და უმაღლესი სასწავლებლების გამოცდები. რა საგნებს ჩააბარებენ სკოლის მოსწავლეები, როგორი იქნება ზღვარი ამ ორ გამოცდას შორის და როდის გახდება ცნობილი სასწავლო პროგრამა?

– პროგრამა გადავაგზავნეთ ყველა სკოლაში და, ასევე, დევს სამინისტროს ვებ-საიტზეც. 15-17 მაისიდან მზად იქნება პრეტესტიც. 2011 წელს, იმისათვის, რომ მოსწავლემ მიიღოს ატესტატი, უნდა ჩააბაროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში ისტორიაში, უცხო ენაში, ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში. რვა სავალდებულო საგანს უმაღლესი სასწავლებლის გამოცდისთვის დაემატება გამოცდა უნარებში. თუ მოსწავლეს არ სურს უმაღლესში ჩაბარება, ის იღებს სერტიფიკატს და იწყებს მუშაობას, ან აგრძელებს სწავლას პროფსასწავლებელში. მინიმალური კომპეტენციის გამოცდის ჩაბარებას სახელმწიფო დააფინანსებს.


скачать dle 11.3