კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე ამერიკაში მარტო ცხოვრებისას დათო ნიკურაძემ და დააგროვა თუ არა მან კაპიტალი


„... დღე რა ტკივილია. აუტანლად ჩახუთული ამინდია. მანქანა გავრეცხე და უკვე ჩიტებმა დაასკლინტეს. წვიმასაც აპირებს. „ლონდრი რუმში“ (ანუ, ჩვენებურად, საზოგადოებრივი სამრეცხაო, – ავტორი) სიცხე და უჰაერობაა. რიგია და უნდა ელოდო, როდის გარეცხავს მთელი კორპუსი, რომ მერე ათასი ადამიანის საცვლების განარეცხ მანქანაში ტანსაცმელი ჩაყარო. „ლონდრიდან“ ყველაფერი გახუნებული და დაძენძილი ამოვიტანე. ნახევარზე მეტი, ჯერ ერთხელ რომ მეცვა, უკვე გადასაყრელია. ვინც ამ ქვეყანას კომფორტი დააბრალა“... ეს იმ ადამიანის სიტყვებია, ვინც „თბილისელებს“ პირდაპირ ვაშინგტონიდან „ჩაერთო“ და ჩვენ ერთად გავაკეთეთ „სიუჟეტი“ ამერიკულ რეალობაზე. დათო ნიკურაძე საკუთარი თვალით დანახულ „ოცნებების ქვეყანაზე“ თავად გიამბობთ და იმაშიც დაგარწმუნებთ, რომ საქართველოში ცხოვრებას ამერიკაში ცხოვრებასთან შედარებით, მინიმუმ ერთი დიდი უპირატესობა ნამდვილად აქვს – აქ არავინ გიშლის, გქონდეს საკუთარი სარეცხი მანქანა.



დათო ნიკურაძე: მართლა ვერ ვყიდულობ საკუთარ სარეცხ მანქანას, რადგან უფლება არ მაქვს, რომ მქონდეს. ვიცი, გიკვირთ, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირი წესებია. ის სახლი, რომელშიც მე ვცხოვრობ, ვაშინგტონში ძალიან კარგ ადგილას მდებარეობს, „პენტაგონ სიტია“. მას აქვს საკუთარი სამრეცხაო და ყველა მობინადრე ვალდებულია, ისარგებლოს იმ მანქანებით, რომლებიც იქ დგას.

– ანუ, თუ სწორად გავიგე, თუ ამერიკაში ვცხოვრობ, ვერ ვიყიდი სარეცხ მანქანას?

– გააჩნია, ამერიკაში სად იცხოვრებ. თუ ბინას ქირაობ კარგ ადგილას, ცენტრში და სახლში, სადაც არის კომფორტი: თავისი დაცვა ჰყავს, აქვს აუზი, ავტოფარეხი, მაღაზია და კბილის ექიმიც კი არის, სარეცხ მანქანას ბინაში არავინ დაგადგმევინებს. ის კომპანია არ მოგცემს ამის უფლებას, ვისაც სახლი ეკუთვნის. უნდა ისარგებლო საერთო სამრეცხაოთი. ახლა, წარმოიდგინე, რამდენი ადამიანის ტანსაცმელი ირეცხება ყოველდღიურად იქ და შენიც რომ უნდა გარეცხო! რასისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მეშვიდე წელი დაიწყო, რაც ამერიკაში ვცხოვრობ და ამას მაინც ვერაფრით შევეგუე.

მთავარი რა არის, იცი? არც ისეთი ზიზღიანი ვარ, მაგრამ, მაინც სულ ვცდილობ, სარეცხი კვირას არ გავრეცხო, როცა ბევრი ხალხია. თუმცა ზოგჯერ მაინც დაემთხვევა ხოლმე და იმ მანქანის რიგში ვდგები, სადაც შედარებით სუფთა ხალხი დგას. გამოდის, რომ შენც იმ ათასნაირი ჯურის, რასისა და ჯანმრთელობის ხალხში „ირეცხები“. რა ვქნა, ძალიან მოქმედებს ეს ჩემზე. გეუბნები, რაც უფრო კომფორტულია, დაცულია და კარგ ადგილზეა სახლი, მით მეტად მკაცრი კანონებია იქ. ნაკლებად კარგ ადგილზე თუ ქირაობ ბინას, შედარებით გაქვს შეღავათები. პერანგებს ვაბარებ, რომ ნორმალურად გარეცხილ-გაუთოებული ჩავიცვა. ერთი სიტყვით, „ლონდრი რუმის“ შემდეგ საშინელ გუნებაზე ვარ ხოლმე.

– დავაფასე ჩემი სარეცხი მანქანა და, მგონი, ცხოვრებაც აქ, საქართველოში უფრო მარტივია.

– შეიძლება, ვინმემ არ დამიჯეროს, მაგრამ ამერიკაში ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი. ეს არის კონტრასტების ქვეყანა. სამედიცინო სფერო ისეთ დონეზეა, რომ გულზე ოპერაციებს რობოტები აკეთებენ. მაგრამ, ამავე დროს, შეიძლება სულ უბრალო რაღაც სერიოზულად გაგირთულდეს. ამიტომ, აქაურ სამედიცინო სფეროს ყველა ლანძღავს. კოსმოსი აქვთ დაპყრობილი და ჩქაროსნული რკინიგზა ჯერაც არ არის ამერიკაში. ზოგიერთ შტატში ჯერ ისევ თბომავლები დადიან. მატარებელი, რომელიც „სალიარკაზე“ მუშაობს, მაშინ, როცა ევროპამ ეს ეტაპი ძალიან დიდი ხნის წინ გაიარა, იაპონიაზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი. ვაშინგტონიდან ნიუ-იორკში ოთხი საათი გინდა მატარებლით.

– შენ, მგონი, „ჩაგტოვეს“ მანდ.

– (იცინის) მე თვითონ ვიყავი მონდომებული, რომ დიდხანს მეცხოვრა ამერიკაში. ძალიან დიდი პრაქტიკა გავიარე და ამ ქვეყანამ ძალიან ბევრი რაღაც მომცა. ისეთი მოვლენები მოხდა ჩემ თვალწინ, რომ მადლობელი ვარ ბედის. ბევრ საინტერესო ფაქტს დავესწარი. ჯეკსონი რომ გარდაიცვალა, დამირეკა პროდიუსერმა და მითხრა, წადი კალიფორნიაში და „მასალა“ გააკეთეო. მაინც ვკითხე, ნამდვილად გვჭირდება-მეთქი? გიორგი ლაფერაშვილი „გაბრაზდა“ – ახლა გაჩუმდი, შენი ბავშვობის მომღერალი მოკვდა და წადი სატირალშიო (იცინის). მართლა იმდენი ხალხი იყო და იმდენი ვარსკვლავი ვნახე ერთად, ღირდა ჯეკსონის „დატირება“.

– აგვისტოს ომის დროს სად იყავი?

– საქართველოში ჩამოვედი ზუსტად შვიდ აგვისტოს, მაგრამ, არ გამომივიდა შვებულება. იმ ღამეს დაიწყო საომარი მოქმედებები და ორ დღეში გამომიშვეს უკან. ძალიან გამიჭირდა ამერიკაში დაბრუნება. აქედან ვაშუქებდი მოვლენებს და ვხედავდი, როგორ გვიჭერდნენ მხარს უბრალო ამერიკელები, მაგრამ, მე მაინც მაქვს ცოტა იმედგაცრუება – კიდევ უფრო მეტი აქტიურობა უნდა გამოეჩინა ამერიკის მთავრობას, რომ ის რეალობა არ გვქონოდა, რომელიც ახლა გვაქვს. მესმის, რომ რუსეთი დიდი და ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ, იმისი ძახილი, რომ რუსეთთან „გადატვირთვის პოლიტიკა“ არ მოხდება საქართველოს ხარჯზე, უკვე ბადებს ეჭვს. საერთოდ რატომ უნდა იდგეს საკითხი ასე და რატომ სჭირდება ამას ახსნა? მე ერთხელ ამერიკის კორესპონდენტსაც ვუთხარი ევროპაში, რომ, თუ დღეს არ გააჩერებენ რუსეთს, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში შეიძლება ნახოთ რუსული ტანკი-მეთქი. ასეთი ისტორიები ახსოვს ევროპას და ცუდი ის არის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საკუთარ შეცდომებს იმეორებს. ბევრი ექსპერტი მიესალმება ობამას ინიციატივას, რომ მსოფლიო უნდა გათავისუფლდეს ბირთვული საფრთხისგან, მაგრამ, არიან ექსპერტებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მესამე მსოფლიო ომი თავიდან მხოლოდ ბირთვული იარაღის წყალობით ავიცილეთ. რომ არ ყოფილიყო ბირთვული იარაღის შიში, კიდევ იქნებოდა მსოფლიო ომი და, შესაბამისად, დიდი მსხვერპლიცო. ვფიქრობ, ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, მაგრამ, ისიც არ უნდა დაუშვას საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ, ვისაც არ ეზარება, ყველამ ბირთვული იარაღი აკეთოს.

– მოდი, ისევ შენს ამერიკულ ყოველდღიურობას დავუბრუნდეთ.

– (იცინის) მე მაქვს ჩვევა, რომელსაც, ალბათ, ღრმა სიბერეშიც ვეღარ გადავეჩვევი. დილით ვდგები, ვრთავ ჩემს ლეპტოპს და, სადაც დავდივარ, თან დავათრევ – მეორე ოთახში, სამზარეულოში, ყველგან. ვათვალიერებ საინფორმაციო ვებგვერდებს, სადმე რამე ხომ არ მოხდა. აბსოლუტურად ყველაფერს ვკითხულობ და ვიღებ ბევრ ინფორმაციას. ვაშინგტონში ისე ვერ გაერთობი, როგორც კალიფორნიაში ან ნევადაში. აქ ყველა საქმიანია. აქაურებს დანარჩენი ამერიკელები „ვორქოგოლიკებს “ ეძახიან. უკვირთ, როგორ შეიძლება, პარასკევამდე ადამიანს თავისუფალი დრო ჰქონდეს. თეთრი ყვავივით გიყურებენ. თან, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც უყვარს ღამის კლუბები, ხმაურიანი მუსიკა. ძველი ყაიდის ადამიანი ვარ და ჩემთვის სახლში წყნარად ჯდომა მირჩევნია (იცინის). თანაც, ძირითადად საჭესთან ვარ და ერთ ჭიქა ლუდსაც ვერ ვსვამ. აქ ისეთი კანონია, რომ გაგაჩერონ და ტესტმა აჩვენოს რომ ნასვამი ხარ, ეგრევე, ულაპარაკოდ მიდიხარ ციხეში. ამიტომ, ბოლოს როდის დავლიე ალკოჰოლი, აღარც მახსოვს.

– საკვებთან დაკავშირებით როგორ გაქვს საქმე?

– ცუდად. ძირითადად ვიკვებები გარეთ და ამაში ძალიან ბევრი ფული მეხარჯება. კარგი საკვები აქ საკმაოდ ძვირია. სამწუხაროდ, ძალიან უნიჭო გამოვდექი კულინარიაში. ძალიან ბევრჯერ ვცადე, ერბოკვერცხი მაინც შემეწვა, თან საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ეს მაინც როგორ ვერ უნდა მოვახერხო-მეთქი, მაგრამ, სრული კრახი განვიცადე. ვერ ვხვდები, რა ხდება. მაგრდება, ტყავივით შრება და საჭმელად უვარგისია. მშურს იმ მამაკაცების, რომლებსაც კერძების მომზადება ეხერხებათ. რასაც მივეკარები, ყველაფერი იწვება (იცინის). სახლში ვჭამ მარტო შვრიის ფაფას და ვიდუღებ ყავას.

–კიდევ რაში ეხარჯება დათოს ფული, ანუ რაში ეფლანგება?

– სიგარეტში და ბენზინში. ამ ქვეყანაში სიგარეტი საკმაოდ ძვირი ღირს და, ერთხელ რომ დავითვალე, რამდენს დავზოგავდი, სიგარეტისთვის თავი რომ დამენებებინა, საკმაოდ დიდი თანხა გამოვიდა. ალბათ, ვალებით დავბრუნდები საქართველოში (იცინის). ვერასდროს ფულს ვერ ვინახავ. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი მაქვს ხელფასი, მაინც ერთნაირად ვხარჯავ. ხუთი საკრედიტო ბარათი მაქვს და ხუთივეზე ვალი „გავიგდე“ და, რაში დაიხარჯა, მართლა არ ვიცი. ახლა ჩავკეტე უჯრაში და სიკვდილის მუქარითაც კი ვერ ამომაღებინებ იქიდან. ვიცი, რომ უნდა შევავსო და ხელი აღარასოდეს მოვკიდო. ამერიკაში ვინც ჩამოდის, ყველას მაშინვე ვაფრთხილებ, – საკრედიტო ბარათი არ აიღო-მეთქი. მეორეს აიღებ, მესამეს, მეოთხეს და, შეიძლება ძალიან დიდ ვალებში ჩავარდე, ასმა დოლარმაც კი შეიძლება, გაგაკოტროს. ახლა რომ ვუკვირდები, ეს არის ყველაზე რთული ქვეყანა საცხოვრებლად. ჩემი კოლეგა „იმედიდან“ მეუბნებოდა, რა ცოდო ხარ, რომ შენით ისწავლე ეს ყველაფერიო. მართლა არავინ მყავდა გვერდით, რომ ორიენტირად გამომდგომოდა და ბევრი მწარე დღე გადავიტანე. თბილისში კომუნალური გადასახადი სად უნდა გადამეხადა, ისიც კი არ ვიცოდი. დედაჩემი აგვარებდა ამ ყველაფერს.

– სამაგიეროდ, ახლა ისე ხარ გამოწრთობილი, ალბათ, სანიმუშო ქმარი იქნები.

– მე სულ ვამბობ, საწყალი ჩემი ცოლი ჩემს ხელში-მეთქი (იცინის), მაგრამ ბიუჯეტის დაგეგმვა უკვე კარგად მეხერხება და ისიც არასოდეს დამავიწყდება, რომ გადასახადებს დროზე უნდა გადახდა – აქ შეღავათები არ არსებობს.

– კერძებს ვერ აკეთებ, მაგრამ, უთოს თუ „დაუმეგობრდი“?

– უთო ხელშიც კი არასდროს დამიჭერია. ამერიკაში არავინ არაფერს აუთოებს, შარვალი და მაისური ყველას დაჭმუჭნილი აცვია, პერანგებს კი აბარებენ. ისე, ამერიკაში სარეცხს კაცი რეცხავს, ეს მისი მოვალეობაა. ქართველი ქალები ცოტათი მებრალებიან, იმიტომ რომ, აქ ყველაფერს კაცი აკეთებს. ეს ფემინისტების ქვეყანაა და კაცი ყველაზე უუფლებოა შინაურ ცხოველებთან შედარებითაც კი. სამაგიეროდ, ქალებს აქვთ განუსაზღვრელი უფლებები. პირველ ადგილზეა ქალი, მერე – შეზღუდული უნარის მქონე ადამიანები, ბავშვები, შინაური და გარეული ცხოველები და, სულ ბოლოს – კაცები.

– ეტყობა, იმიტომაც მოჰყავთ ხშირად ამერიკელ კაცებს ცოლად აზიელი ქალები.

– დიახ, ეს საკმაოდ შესამჩნევი ტენდენციაა. ეტყობა, ამერიკელ ქალებს რომ ზედმეტად სიტყვის თქმას ვერ უბედავენ, უცხოელ ცოლებთან თავს უფრო თავისუფლად და სიტუაციის ბატონ-პატრონებად გრძნობენ, მაგრამ, მათი ბედნიერება დიდხანს მაინც არ გრძელდება. როგორც კი ეს ქალები მოქალაქეობას იღებენ და საკუთარ უფლებებში გაერკვევიან ხოლმე, იქ მთავრდება ყველაფერი (იცინის).


скачать dle 11.3