კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის სჭირდება სტრელიციას ფოთლების დანამვა და როგორ პირობებშია შესაძლებელი მისი ყვავილობა


გაზაფხული-ზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული მცენარე სტრელიციაა. ალბათ დამეთანხმება ყველა, ვისაც ბინაში უკვე აქვს სტრელიცია, რომ ის ძალიან ეფექტური და ულამაზესი მცენარეა. თუმცა, მისი ყვავილობა, არც ისე იოლი ყოფილა. თუ როგორ ვაყვავილოთ სტრელიცია და როგორ მოვუაროთ მას ამ სეზონზე, ამის გარკვევაში ბიოლოგიის მეცნიერებათა მუშაკი ამირან ბიწაძე დაგვეხმარება.


– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა სტრელიცია?

– სტრელიცია ცოტათი შხამიანი მცენარეა, ამიტომ ყვავილობის დროს მოერიდეთ მის დაყნოსვას. სამხრეთაფრიკული მცენარეა და ბევრი წყალი არ უყვარს. უყვარს მჟავე-ტუტოვანი ნიადაგი, ანუ მოსწონს ფოთლის მიწა. გირჩევთ ამ მცენარის ნიადაგში შეიტანოთ დიდი რაოდენობით ფოთლის მიწა. სასურველია, თუ ნიადაგი ფხვიერი იქნება.

– საქართველოში თუ არის გავრცელებული ეს მცენარე და გაიხარებს თუ არა ოთახის პირობებში ის იოლად?

– უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში დიდი რაოდენობითაა სტრელიცია. ის მთლიანად დეკორატიული, ფოთლოვანი მცენარეა. აქვს ულამაზესი სქელღეროიანი ფოთლები. ის იმდენად ეფექტურია, რომ ბინაში ალბათ, ყველა მცენარეს დაჩრდილავს. ამ მცენარის გახარება ძალიან იოლია. იგი ხარობს როგორც თესლით, ასევე გვერდითი ამონაყარით. დაახლოებით, თებერვლის შუა რიცხვებიდან, უნდა დათესოთ სტრელიციას თესლი. აპრილის 25 რიცხვამდე, წესით, მცენარე უნდა ამოვიდეს. რაც შეეხება გვერდითი ამონაყარით გახარებას, არც ეს არის რთული. როდესაც შეამჩნევთ, რომ მცენარეს გვერდით ამონაყარი გაუჩნდა, შეგიძლიათ, ააჭრათ, სამი-ოთხი დღის განმავლობაში გააჩეროთ, რომ გამოშრეს და შემდეგ უკვე ჩარგოთ ჩვეულებრივ მიწაში. ნიადაგიც ისეთივე უნდა იყოს, როგორც ზრდასრულ მცენარეს სჭირდება. საერთოდ, ამ მცენარის გამრავლებას გვერდითი ამონაყარის საშუალებით უფრო გირჩევთ, ვიდრე თესლით.

– როგორ ყვავილობს მცენარე ოთახის პირობებში?

– სტრელიციას ბინაში უჭირს ყვავილობა, ამაში შეიძლება მას ხელი შეუშალოს გაზის გამონაბოლქვმა, დახუთულმა ჰაერმა. მისი ყვავილობა უფრო შესაძლებელია სათბურებში. თუ თქვენ კარგ პირობებს შეუქმნით, შეიძლება ოთახშიც კი აყვავილოთ.

– როგორი პირობების შექმნაა ამისთვის საჭირო?

– როგორც კი გამოთბება მცენარე გაიტანეთ გარეთ, რომ სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს. უმჯობესია, თუ მას ჩრდილში დადგამთ. უნდა მოარიდოთ მწველ მზეს. ამ დროს გირჩევთ, ფოთლები ხშირად დაუნამოთ. ეცადეთ, ძალიან ხშირად არ მორწყათ. ასეთ პირობებში შესაძლებელია, მცენარემ იყვავილოს. სტრელიციას ყვავილი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის.

– რამდენ ხანს ყვავილობს მცენარე?

– მისი ყვავილობა დაახლოებით, ერთ თვეს გრძელდება – გაზაფხულიდან შუა ზაფხულამდე, თუმცა მცენარე თუკი კარგადაა მოვლილი, შეიძლება წელიწადში ორ-სამჯერაც იყვავილოს. მისი მოჭრილი ყვავილიც მშვენივრად ძლებს ლარნაკში ერთი თვის განმავლობაში.

– სად გვირჩევთ, რომ დავდგათ სტრელიცია და რა სიხშირით მოვრწყათ?

– სტრელიცია უნდა იდგას უფრო მეტად დასავლეთის მხარეს. უყვარს ნათელი ადგილი. რაც შეეხება მის მორწყვას, ზაფხულში დაასხით წყალი ოთხ დღეში ერთხელ, ხოლო ზამთარში – 10 დღეში ერთხელ. მისი ფოთოლი სქელია, წყალს კარგად ვერ აორთქლებს და ამიტომ, განსაკუთრებით ზამთარში, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ბევრი წყალი არ მოგვივიდეს.

– რა დაემართება მცენარეს ზამთარში ბევრი წყლის დასხმით?

– ასეთ დროს შეიძლება, მცენარე მთლიანად დაგვილპეს. გადარჩენის შანსი ასეთ შემთხვევაში ნაკლებია. ამიტომ, ყოველთვის ეცადეთ, ზამთრის სეზონზე მცენარე ხშირად არ მორწყათ. ამ დროს გაითვალისწინეთ ერთი რამ: როდესაც ქოთნიდან ლანგარზე დაიწრიტება წყალი, აუცილებლად მაშინვე გადაღვარეთ, რადგან იქ შეიძლება მოხვდეს ბაქტერიები და უმჯობესია თუ მოაშორებთ ასეთ წყალს.

– რით შეიძლება დაავადდეს მცენარე?

– საერთოდ, თითქმის ყველა მცენარე ავადდება ყვავილობის დროს. ეს მცენარე ძირითადად ტკიპით და ფარიანებით ავადდება. თუ ფოთოლზე შეამჩნევთ მოყავისფრო ფერის ლაქებს, ან მოჭმუჭნულ ფოთოლს, ეს ნიშნავს, რომ მცენარე დაავადებულია და უნდა გადაარჩინოთ.

– როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ის ასეთ დროს?

– ძალიან ბევრი ქიმიური პრეპარატებია შემოსული სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ. თუმცა, ამ მცენარისთვის მე მაინც გირჩევდით ძველი მეთოდის გამოყენებას: ძველი წარმოების საპონს ჩამოაჭერით 50 გრამი, გახსენით ერთ ბოთლ წყალში, და დაამატეთ ცოტა ძმარი. დაასხურეთ ეს ნაზავი მცენარის ფოთლებს, ან თხელი ღრუბელით გაუწმინდეთ ფოთლები დღეში რამდენჯერმე და თქვენი მცენარე სრულიად განიკურნება.

– როგორ რეაგირებს მცენარე მაღალ ტემპერატურაზე?

– ეს ტროპიკული მცენარეა და ზაფხულში 30 გრადუსიც რომ იყოს, მისთვის ნორმალურია. რაც შეეხება ზამთარს, ამ დროს მინიმუმ 18 გრადუსი მაინც უნდა იყოს, რომ კარგად გამოიზამთროს. სტრელიცია სიცივეს ვერ უძლებს. თუ სათბურში გაქვთ, მაშინ იქ ზამთარშიც მაღალი ტემპერატურა უნდა იყოს.

– როდის შეიძლება სტრელიციას გადარგვა და გასხვლა?

– სტრელიციას გასხვლა არ შეიძლება. ამ მცენარის გადარგვა სასურველია თებერვლიდან მარტის ბოლომდე. სტრელიცია ამ დროს ნახევრად გაღვიძებულია და უმჯობესია, თუ მაშინვე გადარგავთ. გახსოვდეთ, გადარგვის შემდეგ მცენარის მორწყვა არ შეიძლება რამდენიმე საათი.

– კიდევ რა გავითვალისწინოთ სტრელიციას გახარებისას?

– ეს მცენარე არ უნდა დადგათ გაზქურასთან, ღუმელთან ახლოს, რადგან ასეთ დროს ფოთლის ღეროვანი სისტემა მალე შრება და იწყებს კვდომას. ამიტომ, ერთი მეტრით მაინც დააშორეთ მათგან. ზამთარში ამყოფეთ განათებულ ადგილას, ფანჯარაზე დადგით. ხშირად ანიავეთ ხოლმე ოთახი, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ორპირ ქარს მოარიდოთ.

– ზაფხულში მისი ბაღში გატანა თუ შეიძლება?

– სტრელიცია ამ მხრივ მომთხოვნი არაა. შეგიძლიათ, თავისივე ქოთნით გაიტანოთ გარე გრუნტში და ბაღში მიწაში ჩარგოთ.


скачать dle 11.3