კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

იყო თუ არა ლაშა-გიორგი „უწესო დედათა მოყვარული“, „თვითბუნებოვანი“ მონარქი და როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას თავის დასთან – რუსუდანთან


ლაშა-გიორგის შესახებ არაერთგვარი შეხედულებაა დამკვიდრებული ჩვენს ისტორიოგრაფიაში. თუ მისი თანამედროვენი „თავნება“ და „უწესო დედათა მოყვარულად“ ახასიათებენ ამ მონარქს, რომელმაც გათხოვილი ქალი წაჰგვარა კაცს და სასახლეში დაისვა, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ისტორიკოსები სხვა დადებით თვისებებსაც ხედავენ მასში. ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე მიიჩნევს, რომ ლაშა რენესანსული პიროვნებაა. ბატონი ვაჟა დღევანდელ ინტერვიუში რამდენიმე ეპოქის შეხედულებების გათვალისწინებით გაგვაცნობს ლაშა-გიორგის პიროვნებას.


ვაჟა კიკნაძე: მეცამეტე საუკუნის დასაწყისში, თითქოს არაფერი მოასწავებდა იმას, რომ ქართული უზარმაზარი სამეფო რყევას დაიწყებდა. ამ პერიოდში დიდი თამარი, მისმა ვაჟმა – ლაშა-გიორგიმ შეცვალა. სამწუხაროდ, სწორედ ამ დროიდან დაიწყო ქართული სახელმწიფოს რყევა და ნგრევა, მაგრამ ეს პიროვნულთან ერთად, სხვა ობიექტურ ფაქტორებზეც იყო დამოკიდებული.

– როგორ დაახასიათებთ ლაშა-გიორგის პიროვნებას?

– ლაშა-გიორგის შესახებ სრულიად განსხვავებული მოსაზრებაა დამკვიდრებული საქართველოს ისტორიაში, დაწყებული მისივე ეპოქიდან – დღემდე. განსაკუთრებით გამწვავდა ამ მონარქის შეფასება მას შემდეგ, რაც გრიგოლ აბაშიძის მხატვრული ნაწარმოების „ლაშარელას“ გავლენა უფრო დიდი იყო საზოგადოებაზე, ვიდრე ისტორიული წყაროს ცნობის. ანუ, საზოგადოებამ წყაროდ მიიღო მხატვრული ნაწარმოები ინტერპრეტაციული ვარიანტის სახით და ის უფრო მყარად დამკვიდრდა. ამიტომ, საინტერესო იქნება ვისაუბროთ, რეალურად ვინ იყო ლაშა-გიორგი. ის მთლიანად უარყოფითი და მიუღებელი ადამიანი გახლდათ, თუ – თავისებური პიროვნება, რომელსაც ახალი, აღორძინების ეპოქისთვის დამახასიათებელი თვისებებიც ჰქონდა.

ლაშა-გიორგის შესახებ პირველივე ფრაზა, რასაც გვეუბნება ძალიან მკაცრი მორალისტი, მეთოთხმეტე საუკუნის ქართველი მემატიანე, ეგრეთ წოდებული „ჟამთააღმწერელი,“ ასეთია: „ლაშა იყო ტანითა ძლიერი, მხნედ მოისარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თვითბუნებოვანი“. ამ დახასიათებიდან თითქოს ცუდი არაფერია. „თვითბუნებოვნება“, ეს, ალბათ, ყველაზე უარყოფითი სიტყვაა. მისი მიხედვით, ლაშა გამოდის ადამიანი, რომელიც რაც მოესურვება, იმას აკეთებს და არავის უწევს ანგარიშს, მაგრამ ლაშას მიმართ ნათქვამი, ეს თითქოს უარყოფითი ტერმინი, ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ იგივე მემატიანის სხვა ფრაზებიდან გამომდინარე. ლაშა არ ყოფილა შეუგნებელი, უხიაგი, ყველას მიმართ ზევიდან მომზირალი (თუმცა ჰქონდა კი, ალბათ, ამისი საფუძველი, რადგან ამისთანა ძლიერი სახელმწიფოს ახალგაზრდა, განებივრებული მეფე იყო). ჟამთააღმწერელი იმასაც ამბობს, რომ „ის იყო ახოვანი დავითიანი და გორგასლიანი“. ეს არის უმაღლესი შეფასება, რაც კი შეიძლება ქართველ მეფეს ჰქონდეს. იმიტომ, რომ ის საუკეთესო მორალური, სამხედრო, რაინდული და საერთოდ, ყველანაირი თვისება, რაც კი ქართველ მეფეებს ჰქონდათ ამ მეფის ორ სახელშია ჩაქსოვილი. ესე იგი, მეხუთე საუკუნიდან, ვახტანგ გორგასლის დროიდან – დავითის ჩათვლით, მეთორმეტე საუკუნემდე, რაც კი ქართველი მონარქის ღირსება არსებობდა, ყველაფერი ამ ორ სიტყვაშია გაერთიანებული. „ლაშარელამ“ კი, მეფის ამგვარი დადებითი სახე საერთოდ წაშალა და მარტო უარყოფითს მიექცა ყურადღება.

ერთ-ერთი საინტერესო მომენტი ამ მონარქის ცხოვრებიდან, არის განძის აღების ფაქტი.

– რა მოხდა ამ დროს?

– განძამ, რომელიც ამ დროს საქართველოს ყმადნაფიცი იყო და რეგულარულად იხდიდა ხარკს, უარი თქვა მორჩილებაზე. ესე იგი განძა განუდგა, როგორც კი დაინახა, რომ ქვეყნის სათავეში ახალგაზრდა, გამოუცდელი მეფე მოვიდა. მაშინ ლაშამ მოახსენა თავის დიდებულებს, რომ ამას არ დაუშვებდა. მეფის ამ განცხადებას ყველა სიხარულით შეხვდა. მართლაც, მალე, ქართული ჯარი და დიდებულები, მეფის მეთაურობით, განძის ასაღებად გაემართნენ. განძა ალყაში მოაქციეს და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ქალაქი. ერთ მშვენიერ დღეს, მობეზრდა მეფეს ალყა და გადაწყვიტა, დაეჩქარებინა განძის აღება. აქ თვალნათელი გახდა ამ ახალგაზრდა მონარქის გამოუცდელობა. ის არ დაეკითხა ცნობილ და გამოცდილ მხედართმთავრებს, რომლებიც თან ახლდნენ და 4 ათასი კაცის თანხლებით, დაიწყო განძის ციხის გარშემოვლა, იმ მიზნით, რომ ეგებ, სადმე სუსტი ადგილი ეპოვა. ყოველივე ეს, არ გამორჩათ ციხე-ქალაქში გამაგრებულთ, მით უმეტეს, რომ, როდესაც მეფე მოძრაობს, მას გამორჩეული ამალა მიჰყვება. ამიტომ, ჩანს, რომ ეს მეფეა და არა რომელიმე მხედართმთავარი. მოულოდნელად, მტკვრის მხრიდან განძის კარი გაიღო და იქიდან 10 ათასი კაცი გამოვიდა. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მათ გადაწყვიტეს ალყაში მოექციათ ქართველი მეფე. ეს ნამდვილი კატასტროფის ტოლფასი იყო.

– შეძლეს განძელებმა ლაშა-გიორგის დატყვევება?

– არაჩვეულებრივი სიმამაცე გამოიჩინა მეფემაც და მისმა თანმხლებმა პირებმაც. ჟამთააღმწერელი განსაკუთრებით გამოყოფს თორელებს, მესხებს... გაჩაღდა ბრძოლა, „ვითარცა გოლიათი მკლავითა სვიანითა, ხელითა გოლიათითა იბრძოდა ლაშა“. აქაც არ იშურებს საქებარ სიტყვებს ისტორიკოსი, რომ აჩვენოს, თუ რა დიდი მეომარი იყო ეს მეფე. სწორედ ამ თვისებების გამო მოხერხდა ალყის გარღვევა და ლაშა-გიორგიმ თავი დააღწია ტყვეობას. სამშვიდობოს გამოსულ მეფეს დიდებულები და წარჩინებული მებრძოლები გადაუდგნენ. აქედან ჩანს, რომ ლაშა არ იყო, არც დესპოტი და არც ისეთი ადამიანი, რომელიც არავის უწევს ანგარიშს. მართალია, შეეშალა, როდესაც თავი და ლაშქარი საფრთხეში ჩააგდო, მაგრამ ჩვეულებრივ, მეფეებს არ აკრიტიკებდნენ. ამ შემთხვევაში კი, განდგომილებმა უფლება მისცეს თავს და ამ სარისკო ოპერაციის შემდეგ, ლაშა-გიორგის უთხრეს: ჩვენ აღარ გავაგრძელებთ შენთან ერთად ლაშქრობასო.

– როგორ მოიქცა ამ შემთხვევაში მეფე?

– ჩამოხტა ცხენიდან, მივიდა მათთან და პატიება ითხოვა. ეს დადებითი თვისებაა ლაშასი. მისი ეს ქმედება აჩვენებს, რომ არცთუ ისე „თვითბუნებოვანი“ იყო იგი. მეფეს კი არა, უბრალო ადამიანსაც უჭირს ხანდახან ბოდიშის მოხდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ დროს ლაშას არავინ ჰყავდა გვერდით ისეთი, ვინც გამოუცდელ მონარქს მიუთითებდა. თან, საინტერესოა, როგორ გადმოსცემს ლაშა-გიორგის ბოდიშს მემატიანე: „უმეცრებით ქმნილისათვის ბოდიში მომითხოვია“, – ამის შემდეგ მეფე და მისი ლაშქრის წინამძღოლები შერიგდნენ და განძის ალყა წარმატებამდე გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ უარყოფით თვისებებთან ერთად, ჟამთააღმწერელი ყოველთვის ცდილობს, რომ არ დაამციროს ლაშას დადებითი თვისებები. ის ამბობს: „ლაშა იყო არავისთვის მოშურნე, უხვი, მლოცველი, მმარხველი, განმკითხველი, მოწყალე...“ ყველა ეს თვისება საუკეთესოა ფეოდალური საქართველოს მონარქისთვის. თუმცა, შემდეგ იმასაც დასძენს, რომ ეს ყველაფერი დაივიწყა ლაშა-გიორგიმ, რადგან ახალგაზრდა თანამოასაკეთ აჰყვა და მას შემდეგ ძალიან შეიცვალა მისი ცხოვრებაო. გაუთავებელი ნადიმებისა და ლხენის პარალელურად, „აჰყვა უწესოთა დედათა და თანამოასაკეთა“, ანუ მიგვანიშნებს, რომ თავისუფალ ცხოვრებას ეწეოდა. იმასაც აგვიწერს, რომ ერთხელ, თურმე, თბილისში, მეფე გაეშურა თავის თანამეინახეებთან – რინდებთან ერთად.

– ვინ იყვნენ რინდები?

– ეს იყო ისლამური სექტა, რომელიც არ იზიარებდა ყურანის მკაცრ დოგმებს, შარიათსა და ზეპირ გადმოცემებს და მიიჩნევდა, რომ ყველაზე მთავარი ადამიანისთვის ლხინი, გართობა და ალკოჰოლური სასმელებია. ამ რინდებთან გაუხშირებია სტუმრობა ლაშას. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს, ვერ იცნეს, ამ დროს თვითონაც თაფლუჭის ღვინით იყო ლაშა მთვრალიო, წერს ჟამთააღმწერელი. იმდენად წაშლილა მეფესა და რინდებს შორის ზღვარი, რომ მათ ლაშას თვალიც კი დაულურჯეს. ეს საშინელ ფაქტად მოჰყავს მთხრობელს. მართლაც ცუდი ფაქტია, რა თქმა უნდა, მეფისთვის. შემდეგ მეფემ კიდევ ერთი არაზნეობრივი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ველისციხის ინციდენტი მოხდა.

– რა ინციდენტი?

– ველისციხეში მეფეს მოეწონა ახალგაზრდა, ლამაზი ქალი, რომელიც გათხოვილი იყო. ჟამთააღმწერელი ამბობს, რომ მანამდე თამარისდროინდელი მოხელეები სულ ჩასჩიჩინებდნენ მეფეს, ცოლი მოეყვანა. მან ცოლის მოყვანა არ ისურვა – ეს გათხოვილი ქალი წამოიყვანა სასახლეში და დაისვა ცოლად. რაც, რა თქმა უნდა, გაუმართლებელი საქციელი იყო.

– ამ შემთხვევაში კი ჩანს მეფის „თვითბუნებოვნება“...

– მეფეს ამ ქალთან შეეძინა ერთადერთი შვილი – დავითი. მემატიანემ არც კი მიიჩნია საჭიროდ ამ ქალის სახელის მოხსენიება. მისთვის მთავარი იყო აღენიშნა ეს უარყოფითი საქციელი მონარქისა. ლაშას ვერ შეაგნებინეს, რომ ასეთი რამ არაფრით არ შეიძლებოდა. ის მართლაც დიდი სიყვარულით განიმსჭვალა ველისციხელი დიაცის მიმართ. მაშინ, დიდებულები და საეკლესიო პირები თვითონ მივიდნენ სასახლეში და წაჰგვარეს მეფეს ეს ქალი, წაიყვანეს და დაუბრუნეს ქმარს. ჩანს, რომ ამ მომენტში ლაშა-გიორგი მათ არ ეწინააღმდეგება. მიუხედავად თავისი დიდი სიყვარულისა, ის ემორჩილება დიდებულთა ქმედებას და მათ მიმართ აგრესიას არ გამოხატავს. სწორედ ამ მომენტთან დაკავშირებით, საინტერესოა ისეთი დიდი ისტორიკოსის შეფასება, როგორიც ივანე ჯავახიშვილია. ის ადარებს ერთმანეთს ლაშა-გიორგისა და დემეტრე მეორის ფსიქოლოგიურ პორტრეტს.

– რას ასკვნის ივანე ჯავახიშვილი?

– ყველა ქართველმა იცის, რომ დემეტრე მეორე თავდადებული, დიდი პიროვნებაა. სხვათა შორის, დიდი ქართველი ისტორიკოსის ეს ციტატა „ქართველი ერის ისტორიიდან“ ამოიღეს, რადგან საკმაოდ უხეში შედარებაა. ის ამბობს: დემეტრესგან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლაშა-გიორგი დიდად განსხვავდებოდა. თუ ლაშამ თავისი ერთი სიყვარული ვერ დათმო და ის ერთადერთი იყო მისთვის სიკვდილამდე, დემეტრე მეორემ თავისი სქესობრივი გრძნობა ერთი ქალით ვერ დაიკმაყოფილა და სამსაც კი გაუნაწილა ერთდროულადო. ასეთი შეფასებაა შემონახული ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიის“ ხელნაწერ ვარიანტში.

ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი ბრძენი და დიდი ისტორიკოსია ჯავახიშვილი. მის თვალში, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორად არ მოიქცა ლაშა, ის მაინც უფრო მაღლა დგას მორალით, ვიდრე დემეტრე. ლაშა-გიორგის მართლა შეუყვარდა ველისციხელი ქალი. ის ისე გარდაიცვალა, სხვაზე აღარც უქორწინია. დემეტრემ კი, მონღოლთა წესის შესაბამისად, სამი ცოლი ერთდროულად დაისვა. აქაც ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშანი – არის თუ არა ლაშა ისე დაუნდობლად დასაგმობი, როგორც ეს სადღეისოდაა მიღებული.

ამასთანავე, ძალიან საინტერესოა ლაშა-გიორგის კიდევ რამდენიმე თვისება.

– რომელ თვისებებზე გააკეთებთ აქცენტს?

– რამდენიმე ადგილას წყაროებში დასახელებულია, რომ ლაშას ძალიან უყვარდა და – რუსუდანი. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათო. ეს თვისება – დაძმური სიყვარული ჟამთააღმწერლის მიერ ხაზგასმულია, მიუხედავად იმისა, რომ რუსუდანი ლაშასთან გაცილებით დაბლა იდგა, როგორც პიროვნება და როგორც მეფე. ასევე, ლაშა-გიორგის თანამედროვე ისტორიკოსი მის შესახებ ამბობს, ის „გაურისხებელი“ მეფე იყოო. ეს პატარა ამბავი არ არის. ახალგაზრდა მეფე არავის მიმართ რისხვას არ ავლენდა. აქ საუბარია არა მარტო დიდებულებზე. ლაშა-გიორგი 7 სამეფოს მეფე იყო და მონა არ აღმოჩნდა, რომლისთვისაც როდისმე მათრახი დაერტყასო, – აკონკრეტებს იგი. ეს, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით არის ნათქვამი. თუმცა, გულისხმობს, რომ მონასაც კი არ იმეტებდა ლაშა ფიზიკურად დასასჯელადო.

ლაშა-გიორგის ყველა უარყოფით და დადებით თვისებას თუ შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ არ არის იგი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პიროვნება. ის გარკვეულწილად ახალი, რენესანსული პიროვნებაა, რომელიც არ ჯდება იმდროინდელი ყოფის ჩარჩოებში. ეს იყო პიროვნული თავისუფლების გამოხატულება, რომელიც მეფისთვის, ბევრად უფრო მიუღებელი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანის შემთხვევაში.


скачать dle 11.3