კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო რუსეთის იმპერატორის ამალის გენერალ-მაიორი, ცხენოსანთა პოლკის ლეიბ-გვარდიის მეთაური, ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და როგორ მოკლეს ის რუსეთში მხეცურად


სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერის სასაფლაოზე ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონის საფლავი აღმოჩნდა. თუმცა, ამ საფლავის შესახებ, ექსკლუზიურ ინფორმაციას დიდი ხანია, ფლობდა ისტორიკოსი მანანა ხომერიკი, რომელიც დღეს ამ საკითხის შესახებ დაწვრილებით გვიამბობს.


– სიტყვა „აღმოჩენა“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. 1990-იან წლებში მე არაერთხელ დამიწერია ალექსანდრე ბაგრატიონის დაკრძალვის შესახებ. წელს, აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს, ვერის ეკლესიის მღვდელი, მამა კახაბერი საფლავებს აკურთხებდა, როდესაც ერთ-ერთი საფლავის ქვაზე ბაგრატიონთა გერბი შენიშნა. მან ხმამაღლა განაცხადა ამ ფაქტის შესახებ. მამა კახაბერის ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა, და მათ გაიგონეს ეს ნათქვამი. შემდეგ მამამ კახაბერმა გაარკვია, რომ მესაფლავეებს დიდი ხანია, სცოდნიათ ამ საფლავის არსებობის შესახებ. მათი თქმით, 30 წლის წინ საფლავის მოსანახულებლად ერთი რუსულენოვანი ქალბატონი დადიოდა. არ არის გამორიცხული, რომ ის მიცვალებულის შვილიშვილი, ქალბატონი მარიამი ყოფილიყო.

მუხრანბატონების წინაპარი იყო ქართლის მეფე კონსტანტინე მეორე, რომელიც 1505 წელს გარდაიცვალა. კონსტანტინეს უფროსმა ძემ, მეფე დავით მეათემ 1512 წელს თავის ძმას, ბაგრატს საუფლისწულოდ მუხრანის მამული უბოძა. საგვარეულოს უფროსს მუხრანბატონი ეწოდებოდა, მოგვარეებს კი – მუხრანბატონიშვილები. მეფე დავითის შვილთაშვილმა, ქართლის უშვილო მეფემ როსტომ პირველმა, 1653 წელს იშვილა თავისივე სისხლისმიერი ნათესავი ვახტანგ მუხრანბატონი, შემდგომში ვახტანგ მეხუთე. ვახტანგის ძმამ, კონსტანტინემ კი მუხრანბატონთა შტო გააგრძელა. ისტორიული ძნელბედობის ჟამს, 1720-იან წლებში, მუხრანულმა შტომ დაკარგა ქართლის ტახტი და რუსეთში გადასახლდა, სადაც ისინი თავადი გრუზინსკების გვარით ცხოვრობდნენ. უგანათლებულესი თავადის ტიტული მათ მინიჭებული არ ჰქონდათ. ამ შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი 1919 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მუხრანბატონები აღმოჩნდნენ მეფე კონსტანტინე მეორის ერთადერთი შთამომავლები, რის გამოც ქართლის მეფეების სამართალმემკვიდრედ მიიჩნევენ თავს. ეს არ შეეხება ვერის სასაფლაოზე დაკრძალულ ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანბატონს, რომელიც 1918 წელს გარდაიცვალა.

ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაიბადა 1853 წელს, ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში. იყო იმპერატორის ამალის გენერალ-მაიორი, ცხენოსანთა პოლკის ლეიბ-გვარდიის მეთაური. ცოლად ჰყავდა მარია გოლოვაჩოვა, ვიცე-ადმირალ დიმიტრი გოლოვაჩოვისა და ჰოლანდიელი ლეონიდა ჰესენის ქალიშვილი, მისი ქალიშვილი, ნინა ბაგრატიონი, ნიკოლოზ მეორის დედის ფრეილინა გახლდათ, ხოლო ვაჟიშვილს, გიორგი ბაგრატიონს, სანკტ-პეტერბურგი არ ხიბლავდა, ცხოვრობდა თბილისში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად – ირაკლისთან (დაბადებული 1909 წელს), მარიამთან (დაბადებული 1910 წელს) და ლეონიდასთან (დაბადებული 1914 წელს). შვილიშვილებს პაპა თითქმის არ ახსოვდათ. სამაგიეროდ, კარგად ახსოვდათ ბებია, მარია გოლოვაჩოვა, რომელიც ზაფხულობით მათთან ერთად ისვენებდა მჭადიჯვრის მამულში. მისმა შვილიშვილმა, ამჟამად გარდაცვლილმა ქალბატონმა, მარიამ ბაგრატიონმა ასეთი შემთხვევა მიამბო: „ბებიას ჰყვარებია მჭადიჯვრის სახლის ეზოში, ეკლესიის კედელთან სკამზე ჯდომა. ეკლესიის კედელს დატანებული ჰქონდა პატარა საჰაეროები, რომლებშიც მტრედები ისხდნენ და იქაურობას სვრიდნენ, რითაც დისკომფორტს უქმნიდნენ მოხუც ქალბატონს. მტრედების მოსაშორებლად გენერლის მეუღლემ ბრძანება გასცა, რომ საჰაეროები აგურებით ამოექოლათ, რაც დაუყოვნებლივ შესრულდა. ამ დროს მძიმედ გახდა ავად მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი ირაკლი ბაგრატიონი. საგანგებოდ ჩამოყვანილმა ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. ბავშვის გადარჩენის იმედი თითქმის აღარ იყო და აი, საიდანღაც გამოეცხადათ შავებში ჩაცმული მოხუცი ქალი, რომელმაც უთხრა: თქვენ ღვთის მტრედები განდევნეთ და თუ საჰაეროებს სასწრაფოდ არ აღადგენთ, ბავშვი დაგეღუპებათო. შეშინებულმა ოჯახმა მოხუცის ნათქვამი შეასრულა. ირაკლი სასწაულებრივად გამოკეთდა. დაიწყეს იმ უცნობი ქალის ძებნა, უნდოდათ, დაესაჩუქრებინათ, მაგრამ ვერ იპოვეს. მთელ მჭადიჯვარში არავინ იცოდა, თუ საიდან მოვიდა ეს ქალი, ან სად გაქრა. იგივე ამბავი შემდეგ ქალბატონი მარიამის დამ, რუსეთის მთავრინა ლეონიდამაც მიამბო.

– თბილისში სად ცხოვრობდა ალექსანდრე ბაგრატიონის შვილის – გიორგი ბატონიშვილის ოჯახი?

– ისინი ცხოვრობდნენ ალექსანდრე ბაგრატიონის ბიძის, ცნობილი ივანე მუხრანბატონის აშენებულ სახლში, გუდიაშვილის (ყოფილი ლორის-მელიქოვის) ქუჩაზე. ივანე მუხრანსკის ერთადერთი ვაჟი – კონსტანტინე უშვილოდ გარდაიცვალა 1903 წელს. სახლი მემკვიდრეობით ერგო გიორგი ალექსანდრეს ძეს და შემდეგ, 1928 წელს ჩამოერთვა. ხელთ მაქვს საარქივო დოკუმენტების ქსეროასლი, რომელიც ამ სახლის აშენების ნებართვას შეეხება. ის დათარიღებულია 1851 წლით. გენერალ ალექსანდრე ირაკლის ძის მამაპაპისეული სახლი მდგარა ბარათაშვილის (ყოფილი მუხრანის) ქუჩაზე და კეტავდა ანჩისხატიდან მომავალ გზას. ჩემ მიერ საისტორიო არქივში მოპოვებულ დოკუმენტებს შორის არის ამ სახლის აღებასთან დაკავშირებული მიმოწერა და მიმდებარე ტერიტორიის გეგმა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი მეფის არმიის სხვა ყოფილ გენერლებთან და ოფიცრებთან ერთად, სულ ორმოცი კაცი, პიატიგორსკში მძევლად აიყვანეს. მისი მონახულება მოახერხეს მისი მეუღლის ნათესავმა ქალებმა, რომლებიც მოწყალების დებად მუშაობდნენ. სწორედ მათი მეშვეობით გახდა ცნობილი ის ინფორმაცია, რომელიც შემდეგ გენერლის შვილიშვილმა, ქალბატონმა მარიამმა გამანდო. თურმე, ალექსანდრე ბაგრატიონი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ მისთვის წართმეული ოქროს საათი დაებრუნებინათ. ის ვერც სიკვდილის შიშმა გატეხა. თავის მტრებს დასცინოდა კიდეც, სამხედრო ხელოვნებას უწუნებდა, ჩეხვაც არ იცითო. მათაც როგორც იცოდნენ, ისე მხეცურად აჩეხეს.

გიორგი ბაგრატიონმა, დიდი რისკის ფასად, მამის ცხედარი თბილისში გადმოასვენა და დაკრძალა კალოუბნის ეკლესიაში, რომელიც კინოთეატრ რუსთაველის ადგილზე მდებარეობდა. მოგვიანებით, როდესაც ეკლესიის დანგრევა გადაწყდა, გენერალი ვერის სასაფლაოზე გადაასვენეს. გენერლის დაღუპვის შემდეგ მისი მეუღლე და ქალიშვილი ცოტა ხნით თბილისში ჩამოვიდნენ. მერე კი ემიგრაციას მიაშურეს. 1920 წელს ნინა ალექსანდრეს ასულ ბაგრატიონს ჩამოერთვა ფარხალოსა და დიღმის მამულები. მიწის ნაკვეთის ერთი ნორმა მას სოფელ დიღომში გამოეყო, რომლითაც შემდეგ აღარავის უსარგებლია და აღარც ახსოვდათ.

სოფელ დიღომთან დაკავშირებით კიდევ ერთ საინტერესო დოკუმენტს ვინახავ. ეს არის ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონის უშვილო ბიძის, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის განცხადება. დათარიღებული 1844 წლის 16 მაისით, რომელშიც წერს: „ჩემი ბებიის, ბატონიშვილი ქეთევან ირაკლის ასულის სანკტ-პეტერბურგში ყოფნისას, 1811 წელს, მამაჩემი გენერალ-მაიორი, თავადი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკი გახდა სოფელ დიღმის მფლობელი“... მეფე ერეკლე მეორემ თავის ასულს, ქეთევან ბატონიშვილს, იოანე მუხრანბატონის მეუღლეს, მზითვად მისცა სოფელი კარალეთი, რომელიც შემდეგ მან ხაზინას დაუთმო და სანაცვლოდ მიიღო სოფელი დიღომი, რამდენიმე საეკლესიო კომლის გამოკლებით“.

– რა ბედი ეწიათ გენერალ ალექსანდრე ბაგრატიონის ოჯახის წევრებს?

– მისი ვაჟის, გიორგი ბაგრატიონის ოჯახმა საბოლოოდ ემიგრაციაში მოიყარა თავი, სადაც უწარჩინებულეს ოჯახებს დაუმოყვრდნენ. 1946 წლის 5 დეკემბრის აქტით, რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურმა, მისმა საიმპერატორო უმაღლესობამ, ვლადიმირ კირილის ძემ ცნო ბაგრატიონთა სამეფოს ღირსება და ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურად გიორგი ალექსანდრეს ძე გამოაცხადა. მე არ შევუდგები ამ აქტის დაწვრილებით განხილვას, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საქართველოში ეს აქტი პირველად 1990 წელს ვლადიმირ კირილის ძის პირადი ნებართვით გამოვაქვეყნე. გიორგი ბაგრატიონის ვაჟიშვილი – ირაკლი ბაგრატიონი იტალიელ გრაფინიაზე დაქორწინდა, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა, მათ ერთადერთი შვილი დარჩათ – გიორგი, იგივე ხორხე ბაგრატიონი. ირაკლი ბაგრატიონს მეორე მეუღლესთან – ესპანეთის ინფანტასა და ბავარიის პრინცესასთან შეეძინა ორი შვილი: ბაგრატი და მარიამი. 1948 წელს ლეონიდა ბაგრატიონი გაიცნო და ცოლად შეირთო რუსეთის დიდმა მთავარმა ვლადიმირ კირილის ძემ. დღეს რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურია მათი ქალიშვილი – მთავრინა, მარია რომანოვა, რომლის მემკვიდრეა – გიორგი მიხეილის ძე რომანოვი. ქალბატონი მარიამ ბაგრატიონი ემიგრაციიდან დაბრუნდა. 8 წელი ციმბირში, გადასახლებაში გაატარა, შვილები არ ჰყოლია, გარდაიცვალა 1992 წელს.

მან მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა, არ გათხოვილა. ნიცაში ბინა იმ პირობით ჰქონდა ნაყიდი, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, ის ისევ ძველ მფლობელებს დაუბრუნდებოდა, მაგრამ, მან ბინის მფლობელებზე დიდხანს იცოცხლა. ერთხელ ქალბატონმა მარიამმა მითხრა, მამიდაჩემი რაღაცით პიკის ქალს მაგონებსო. მისი დაკრძალვის მეორე დღეს, როდესაც ავეჯის წამოსაღებად ნათესავები დაკეტილ ბინაში შევიდნენ, აღმოჩნდა, რომ სავარძლებს ფეხები გადახრილი ჰქონდა. ვერავინ გაიგო, ეს როგორ უნდა მომხდარიყო. ქალბატონ მარიამს მამიდისგან სამახსოვროდ ერთი ქარვის მძივი დარჩა. მძივი სულ დაშლილი იყო. რამდენჯერაც არ უნდა აესხათ, ყოველთვის წყდებოდა და იბნეოდა. „გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ ასე ხდებაო“, – მითხრა ქალბატონმა მარიამმა და მძივის მარცვლები მაჩუქა. იქნებ, შენ მაინც გამოიყენოო. ვერც მე გამოვიყენე. ბოლოს მარცვლები სადღაც უკვალოდ გაქრა...


скачать dle 11.3