კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ამტკიცებს საკუთარ ქალობას ნინო არაზაშვილი და რატომ არ „გაკაცდა“ ის ბოლომდე


მუშაობს ძალიან ბევრს და არასდროს წუწუნებს. მისი სამუშაო დღის ხანგრძლივობა არასდროს არის წინასწარ განსაზღვრული. სახლიდან უთენია გამოდის და შუაღამისას შედის. ერთი ოცნება აქვს, რომელსაც მოგვიანებით ამ ინტერვიუში გაამხელს, თუმცა, თუ ის ოცნება არ აუხდება, მაინც არ იქნება ბედის უკმაყოფილო. ნინო არაზაშვილი იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ზუსტად იციან, რას მოითხოვს მათგან ცხოვრება და რა შესაძლებლობები აქვთ ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. შეიძლება, ბევრ მამაკაცს ვერ გაეძლო ასეთი მძიმე რეჟიმისთვის, თუმცა, თავად ნინო დარწმუნებულია, მამაკაცი რომ ყოფილიყო, კიდევ უფრო მეტს გააკეთებდა და მისი შესაძლებლობების ზღვარიც გაცილებით შორს გადაიწევდა.


ნინო არაზაშვილი: არასდროს მდომებია, დამემტკიცებინა კაცებისთვის, რომ მე მეტი შემიძლია, ვიდრე მათ – ეს არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ყველა ქალს უნდა, რომ დარჩეს ქალად. არ იყოს ძალიან დატვირთული, არ ჰქონდეს ღამეები სათენებელი, არ გამოდიოდეს სახლიდან დილის 5 საათზე და სამსახურში ზოგჯერ ღამის 3 საათამდე არ რჩებოდეს, მაგრამ ჩემმა ცხოვრებამ ასე მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ განვიცდი იმას, რომ არ მძინავს იმდენ ხანს, რამდენიც ქალს უნდა ეძინოს, რამდენიც საჭიროა მისი ორგანიზმისთვის, მაინც არ ვწუწუნებ. საბედნიეროდ, ძალიან ენერგიული ვარ და ის ცოტა ძილიც მაკმაყოფილებს. ყველა ამბობს, რომ კარგი ძილი დაბერების პროცესს ანელებსო, მაგრამ, არ მაქვს იმის საშუალება, ჩემი კუთვნილი დრო დასვენებასა და ძილს მოვახმარო.

– არ ვწუწუნებო, ანუ, ასეთი რიტმით კმაყოფილი ხარ.

– უფლება არ მაქვს, დავიწუწუნო. ეტყობა, ძალიანაც არ მოქმედებს ჩემზე ეს რეჟიმი. ტრაგედიად არ აღვიქვამ, იმიტომ, რომ, ძირითადად სულ კარგ განწყობაზე ვარ. (იცინის) თორემ, ძალიან რომ განვიცდიდე, ალბათ, დამეტყობოდა ხასიათზეც და...

– გარეგნობაზეც.

– (იცინის) ჰო, გარეგნობაზეც, რა თქმა უნდა. რა უფლება მაქვს, დავიწუწუნო, როცა ვზრდი ორ შვილს და ღმერთმა მომცა იმის შანსი, რომ ვიყო დასაქმებული, თანაც – მაქსიმალურად. „რუსთავის 2-ის“ დილის გადაცემას რომ ვხელმძღვანელობ და თან მიმყავს, ეს ყველასთვის ცნობილია. ბევრმა არ იცის, რომ იანვრიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციების კურსს – მომავალ ჟურნალისტებს ვასწავლი როგორ უნდა გააშუქონ კულტურისა და ხელოვნების სიახლეები. ამას გარდა, ვარ რადიო „ქალაქში“, სადაც მაქვს ჩემი საავტორო გადაცემა – „ერთი-ერთზე ნინო არაზაშვილთან“. დატვირთული, რა თქმა უნდა, ნამდვილად ვარ, მაგრამ, გაცილებით ცუდად ვიქნებოდი, ასე რომ არ ვიყო. მიხარია და მსიამოვნებს, რომ ჩემზე ასეთი მოთხოვნაა. ღმერთს სულ მადლობას ვუხდი ამისთვის.

– როდისმე გიფიქრია, მამაკაცი რომ ყოფილიყავი, კიდევ უფრო მეტს შეძლებდი?

– სხვათა შორის, არ მიფიქრია ამაზე. ალბათ შევძლებდი. ალბათ კი არა, რა თქმა უნდა, შევძლებდი (იცინის), მეტს გავაკეთებდი. მიმაჩნია, რომ კაცები უფრო გამბედავები არიან, გაცილებით უფრო ძლიერებიც, უფრო ადვილად მიდიან რისკზე და ასეც უნდა იყოს. ჩემს გადაცემაში მომყავს წარმატებული ადამიანები და სულ ორი ქალი მყავდა სტუმარი – ქალბატონები მაია რჩეულიშვილი და ნინო ქადაგიძე-ჟვანია. ვუსმენდი ამ ქალებს, ვუსმენდი მამაკაცებსაც და, მივხვდი: მე არასოდეს მექნება იმისი ძალა, რომ საკუთარი ბიზნესი გავაკეთო. მიფიქრია იმაზე, რომ მაინც სხვაზე დამოკიდებული ჟურნალისტი ვარ და, ცუდი არ იქნებოდა, საკუთარი საქმეც მქონოდა, მაგალითად, ინტერნეტ-ტელევიზია, მაგრამ, ვიცი, რომ ამის ძალა არ შემწევს. ამით ვხვდები, რომ ჯერ ბოლომდე არ გავკაცებულვარ (იცინის).

– ანუ, ბიზნესი მაინც კაცის საქმეა?

– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბიზნესში ძირითადად კაცები არიან, მათი საქმე ყოფილა. მართალია, ჩემს ყველა პრობლემას ძირითადად მე ვუმკლავდები, მაგრამ, ბიზნესი რომ არ არის ჩემი საქმე, ეს ვიცი.

– ნუთუ არსებობს ქალი, რომელსაც არ უნდა, რომ გვერდით ძლიერი მამაკაცი ჰყავდეს?

– ამქვეყნად, ყველაფერი წყვილდება და ეს არის ყველაზე მთავარი. უბრალოდ, მე ვიცნობ აქტიურ ქალებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თვითონ არიან ძალიან ძლიერები და უნდათ, რომ თვითონ მართონ სიტუაცია. მე მიმაჩნია, რომ აქტიური და ძლიერი ქალი ძალიან ცოდოა სუსტი მამაკაცის გვერდით, მაგრამ ყველა ქალმა თვითონ იცის, როგორი კაცი სჭირდება. არიან წყვილები, რომლებსაც ძალიან უყვართ ერთმანეთი. სიყვარულია და იქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რომლის პიროვნული სიძლიერე გადაწონის, ცოლის თუ ქმრის – სიყვარული ხომ ბრმაა (იცინის)! ზოგ შემთხვევაში ქალები უფრო აქტიურად გამოხატავენ სიყვარულს მამაკაცის მიმართ, ქალები არიან ოჯახის მთავარი მარჩენალები, მაგრამ ეს არ არის ვინმეს განსასჯელი, სადაც სიყვარულია, იქ აკრძალული და დაუშვებელი აღარაფერი არსებობს. ვის მეტი ხელფასი ექნება და ვინ მეტს იშრომებს, ესეც მეათეხარისხოვანია.

– კაცებს ვისთანაც კი მისაუბრია ამ თემაზე, წარმოსახვაშიც არ უნდათ, დაუშვან, რომ, შეიძლებოდა, ქალები ყოფილიყვნენ.

– ეს უფრო ქართული მენტალიტეტის ბრალი მგონია. რომელი ქართველი კაცი აღიარებს იმას, რომ ქალად ყოფნა უნდა?! (იცინის). კი, ქალს რომ მეტი ჯაფა ადგას და, მით უმეტეს, ქართველ ქალს, ამას რად უნდა ლაპარაკი! რეალურად, ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ ამ არაჩვეულებრივი ქართველი ქალის, ქართველი დედისა და დიასახლისის ფენომენმა გადაარჩინა საქართველო, თანაც, არაერთხელ. ახლაც, სხვა ქვეყანაში იხარჯება ჩვენი დედების სიყვარული და პოტენციალი, უცხოებს უვლიან და სხვის შვილებს ეფერებიან, რათა თავიანთ შვილებს საარსებოდ ფული გამოუგზავნონ. მამაკაცებმა ვერ იყოჩაღეს ამ მხრივ. როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო, ხომ გაგიგია. საშინელება ის არის, რომ ოჯახები ინგრევა ამის გამო. წლობით ვერ ნახულობს ცოლ-ქმარი ერთმანეთს, რადგან ქალი პურის ფულის საშოვნელად არის წასული. ვინმეს ჰგონია, რომ ყველა ქვეყნის ქალს შეუძლია ასეთი თავგანწირვა და ამხელა მსხვერპლის გაღება? ეს მხოლოდ ქართველმა დედამ შეძლო. აბა, რატომ გიჟდებიან მათზე იგივე იტალიაში, ისრაელში, საბერძნეთსა თუ ამერიკაში?! ქართველმა ქალებმა მთელ მსოფლიოს ანახვეს, როგორი კარგი დედა შეიძლება იყო, როგორი მზრუნველი და მოსიყვარულე.

– კაცები ხშირად გვაბრალებენ, რომ ჩვენ მათ სამოთხე დავაკარგვინეთ.

– მე მგონი, თავად ღმერთმა ინება – მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. სამოთხეში განცხრომითა და უდარდელად, მხართეძოზე წამოწოლილი ყოფნა, ვითომ, კარგი იქნებოდა?! ცხოვრება ხომ თავისი მოულოდნელობებით არის საინტერესო! მთავარია, როგორ გამოხვალ მისი სირთულეებიდან ისე, რომ ღირსება არ დაკარგო. მე ასეთი ცხოვრება უფრო მომწონს და არანაირად არ ვისურვებდი, წამოწოლილს მეცხოვრა. თუმცა, ვისურვებდი, რომ მქონოდა მაღალანაზღაურებადი სამსახური, სადაც ზუსტად მეცოდინებოდა, რომ, 7 საათია? – მორჩა, წავედი ახლა სახლში! (იცინის) ეს უფრო ოცნებაა. ხომ ხედავ, ექვსიც არ ვთქვი, შვიდი იყოს.

– მიგაჩნია, თუ არა, რომ ყველა წარმატებული მამაკაცის უკან დგას ჭკვიანი ქალი?

– მე მიმაჩნია, რომ ქალი საერთოდ არ უნდა ყოფდეს ცხვირს კაცის საქმეში. ამ შემთხვევაში, ცოლი არ უნდა ინტერესდებოდეს, რას აკეთებს მისი ქმარი სამსახურში. მგონია, რომ კაცის სამსახური არის მისი პირადი ცხოვრება ცალკე და, შეიძლება, იქ რაღაც ისეთი მოხდეს, რაც ცოლმა არ უნდა გაიგოს. ჩემი ოჯახის მაგალითით გეტყვი, რომ მამა არასდროს ყვებოდა სახლში სამსახურის ამბებს და დედაც არ ეკითხებოდა. მე ეს ბუნებრივად მიმაჩნია. კაცმა თვითონ უნდა გადაჭრას თავისი სამსახურებრივი პრობლემები.

– ოჯახის შენარჩუნება ღირს ღალატის პატიების ფასად?

– ალბათ, ღირს. გააჩნია ოჯახს. თუ შეგიძლია და შეგწევს იმის ძალა, რომ ქმარს აპატიო ღალატი და ამით ოჯახი გადაარჩინო, კარგია, მაგრამ, ეს ყველა ქალს არ შეუძლია. ოჯახური ურთიერთობა ძალიან რთული ხელოვნებაა და ყველანაირად ვამართლებ, მაგალითად, ჰილარი ქლინთონს, რომელმაც გადააბიჯა საკუთარ სიამაყეს, აპატია ქმარს და გადაარჩინა თავისი ოჯახი. თუმცა, რომელ შემთხვევაში ხარ მოგებული – როცა პატიობ თუ როცა არ ჰპატიობ, ძნელი სათქმელია.

– შეიძლება თუ არა, რომ ქალი და მამაკაცი, როდისმე თანაბარნი იყვნენ?

– მე ვარ ქართველი მართლმადიდებელი ადამიანი და ჩემი მრწამსიდან გამომდინარე, ქალი და მამაკაცი ვერასდროს იქნებიან თანაბარნი. როცა ტაძარში შევდივარ ვიცი, რომ წინ უნდა წავიდეს მამაკაცი და მერე – მე, მაგრამ, ამის გამო თავს დაჩაგრულად სულაც არ ვგრძნობ. კაცს თავისი ადგილი აქვს და ქალს – თავისი. თუ მომიწევს, რომ ოჯახში მამას ან ძმას დავუთმო, გავაკეთებ ამას, მე მომწონს, როცა ქალი კაცს უთმობს. მთავარია, კაცმა გული არ გატკინოს ისე, რომ გაგიბზაროს და მერე დრომაც ვეღარ გაამთელოს. ეს კიდევ სხვა თემაა.

– სულელ ქალზე რა აზრის ხარ?

– ქალი იმიტომაც არის ქალი, რომ ზოგჯერ შეიძლება სისულელეც ჩაიდინოს, აბა, რა! (იცინის). მიყვარს სულელი ქალები. ვერ ვიტყვი, რომ მშურს მათი და მინდა, მეც ასეთი ვიყო, მაგრამ, ხანდახან მაინც რომ შემეძლოს, წავისულელო, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. მით უმეტეს, როცა ვხედავ და ვუსმენ ძალიან სულელ ქალს, რომელსაც მართლა კარგი ქმარი ჰყავს და უზრუნველად ცხოვრობს. რა მოხდებოდა, ვყოფილიყავი მეც სულელი-მეთქი, – მითქვამს საკუთარი თავისთვის (იცინის).

– მგონი, სულელები უკეთესად თხოვდებიან.

– შენც შეამჩნიე, ხომ? (იცინის). ეტყობა, კაცები დაიღალნენ ქალების ჭკუის სწავლებით.

– შენ ბიჭიც გყავს და გოგოც. ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

– უკვე ძალიან. ბიჭი ძალიან სერიოზულია და ჩემი შვილების მაგალითზე საინტერესო დასკვნებს ვაკეთებ ხოლმე. ნატაშკა უკვე იპრანჭება და ძალიან აქცევს ყურადღებას, რა აცვია, მოსწონს მრავალფეროვანი ვარცხნილობები. გიორგის სერიოზული მიზნები აქვს და მითხრა: დედა, ორასი წლის მერე, შენ რომ აღარ იქნები, არ შეიძლება, შენი პოსტი მე დავიკავოო? სკოლის ელექტრონული გამოცემის რედაქტორად დანიშნეს და, მგონი, ამან დამღუპა (იცინის). როგორც ყველა დედას, მეც მშვიდი გარემო მინდა ჩემი შვილისთვის. ერთი წლის წინ უარი ვთქვი კუთვნილ დასვენების დღეებზე და დიდი შეცდომა დავუშვი. ახლაც მაქვს დასვენების დღეები და ზუსტად ვიცი, რომ მათ არაფრის ფასად არ დავთმობ!

– როგორ ფიქრობ, ხარ „კაცის ტყავში“?

– არა (იცინის), არა და, ამას იმით ვამტკიცებ, რომ არ ჩამოვდივარ მაღალი ქუსლებიდან, არ ვასრულებ მძიმე სამუშაოს და არ მომაქვს ბევრი პროდუქტი ბაზრიდან. მე ვარ ქალი, რომელიც არ გაკაცდება არანაირ გარემოებაში (იცინის)!


скачать dle 11.3