კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„უღრან ტყეში“ დაკარგული რაჟიკო და გაქცეული მგზავრები


„შინმოუსვლელთა მემორიალი“

თბილისში, „სამთო ქიმიაში“ მე და რაჟიკო თათბირს დავესწარით და რაჭაში ვბრუნდებით. პარასკევი დღეა, ღამის თერთმეტი საათი. ონში შესვლამდე რაჟიკომ ავტომანქანა გამაჩერებინა მდინარე ჯეჯორაზე გადებულ საცალფეხო ხიდთან, სოფელში ავალო (სოფელ ქრისტესიდან იყო). რაჟიკო დავტოვე და გზა გავაგრძელე ონისკენ.

მეორე დღეს, დილით ადრე წავედი სამმართველოში, რადგან ნახაზები მქონდა გასარჩევი და ორშაბათამდე უნდა დამემთავრებინა. ვხედავ, რაჟიკო ისევ იქ დგას, ხიდთან, სადაც დავტოვე. აქ რა გინდა, სოფელში არ წახვედი-მეთქი? – ვკითხე გაოცებულმა. წავედი და ჩამოვედიო. ადამიანს არ ჰგავდა. მანქანაში ჩავისვი და ვთხოვე, გამაგებინე, რა გჭირს-მეთქი. შამპანურს თუ დამალევინებ, მოგიყვებიო. პიპილეთის პავილიონში შევედით, შამპანური მოვატანინე და, ცოტა რომ დაწყნარდა, მიყვება:

– გზა ჩემს სოფლამდე ზეპირად ვიცი. მივდივარ ბილიკზე, გავივლი ხიდიდან ორასიოდე მეტრს, შევდივარ უღრან ტყეში. არადა, ამ ადგილზე ტყე არ უნდა იყოს. გამოვბრუნდები უკან, ხიდისკენ, ისევ თავიდან ვიწყებ, ისევ ტყეში ვარ. ასე ვიარე გაოგნებულმა წინ და უკან, სანამ არ დამათენდა თავზე. ხიდთან რომ საყარაულოა, იქ ერთი ჭალელი კაცი მუშაობს. გამთენიისას გამოძვრა იმ თავისი ბუნაგიდან და მეუბნება: რაჟიკო, არც შენ გჯერა, ხომ, ეს ხეები რომ გაიხარებდნენ და ამიტომ დადიხარ წინ და უკანო? თურმე, სანამ ჩვენ თბილისში ვიყავით, აქ 10-15 მეტრი სიმაღლის გამხმარი ხეები დაურგავთ – „შინმოუსვლელთა მემორიალი“ გაუკეთებიათ, მე კი უღრანი ტყე მეგონა. იმ ჩემი ცოდვით სავსე ყარაულმა უკვე გათენებულზე მითხრა ესო, – დაასრულა თხრობა დაქანცულმა რაჟიკომ.

საპატიო დაფიდან მოპარული სურათი

სამოცდაათიან წლებში საკავშირო მასშტაბით დაიწყო საკმაოდ შრომატევადი სამუშაო – ძირითადი ქონების გადაფასება. ავიღეთ მასალები და ჩემს კოლექტივთან ერთად თბილისში, სასტუმრო „თბილისში“ დავბინავდით. იმ ხანად ტროლეიბუსის უბილეთო მგზავრებს სურათს უღებდნენ და მძღოლის უკან, სპეციალურ სტენდზე აკრავდნენ. ეშმაკური აზრი მომივიდა თავში. ბევრი ვეძებე რაჟიკოს პატარა სურათი, მაგრამ ვერ ვიშოვე. ამიტომ, საპატიო დაფიდან ჩამოვხსენი მისი გადიდებული ფოტო და ჩანაფიქრის განხორციელებას შევუდექი.

ერთ დღეს ავტომანქანა ვითომ პროფილაქტიკაში მივიყვანე და რაჟიკოს ვუთხარი, ტროლეიბუსით უნდა წავიდეთ-მეთქი. ლენინის მოედნიდან სასტუმრო „თბილისამდე“ ტროლეიბუსი თითქმის ცარიელი მოდიოდა ხოლმე. მე წინა კარიდან ავედი, სურათი შეუმჩნევლად ავაკარი სტენდზე და მოშორებით მოკალათებულ რაჟიკოს მივუჯექი. ცოტა ხნის შემდეგ ვეუბნები, ნახე, ბიჭო, როგორ გგავს ეს კაცი, სტენდიდან რომ გვიყურებს-მეთქი. რაჟიკომ, ვითომ სხვათა შორის, გახედა სურათს, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა. მგავს კი არა, მე ვარო! – იყვირა და ისე წამოფრინდა სკამიდან, ლამის გადმომაგდო, ეცა ვეებერთელა მძღოლს (თავად პატარა ტანის იყო) ყვირილით, ათი წელია, ტროლეიბუსში არ ვმჯდარვარ, რა უნდა ჩემს სურათს უბილეთო მგზავრებთანო; იმან უარესად გააგიჟა – ხუთი კაპიკის გამო თავი როგორ შეირცხვინეო. ისეთი ჩხუბი ატყდა, ტროლეიბუსმა სულ ზიგზაგებით დაიწყო სიარული. ცოტა შევშინდი და ზემელზე გავჩერდით თუ არა, რაჟიკოს ხელი ვტაცე, ტროლეიბუსიდან ჩავიყვანე და ელბაქიძის დაღმართზე დავეშვით, რადგან მძღოლი გამოეკიდა. სამშვიდობოს რომ გავედით, რაჟიკომ შუბლზე იტკიცა ხელი – სურათი უნდა ჩამომეხსნა, ჩვენიანებმა რომ ნახონ, ხომ მომეჭრა თავიო. ცოტა ხნის შემდეგ ისევ თავისთვის ამბობს: – ყველა სურათი პატარა იყო, ჩემი კი ძალიან დიდი... – მერე გაჩუმდა და შემომხედა. მე გვერდზე გავიწიე. ამისთვის ამიყვანე ტროლეიბუსში, ეს შენი მოწყობილიაო – იყვირა და...

იმავე დღეს შამპანურმა შეგვარიგა.

ინჟინერ პაულ ბერიშვილის მოგონებების მიხედვით


скачать dle 11.3