კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალბედა მსახიობის ტყუილით მოხიბლული თენგიზ აბულაძე, ბოზ-მასხარას დასაცავად ხმალამოღებული ქართველი ელიტა, კახი კავსაძის უკანალით გადაღებული კადრი და კოკა-კოლას გამო ნაგინები დოდო აბაშიძე


თბილისში თუ სამი ადამიანი მაინც გცნობს, ესე იგი, აქ შენი ადგილი ნამდვილად არის. ის სიყვარულის, სითბოს და სხვანაირი, განსხვავებული გაგების ქალაქია, აქ ყველა ყველას ნაცნობი, მეგობარი და გულშემატკივარია.

სოსო ჯაჭვლიანს ამ ქალაქთან ბევრი ისტორია აკავშირებს, უამრავი მეგობარიც ჰყავს და თბილისის ქუჩებშიც ამაყად დადის. მისივე თქმით, კაცმა რომ აქ შენი სათქმელი თქვა, ბევრი უნდა იშრომო, საქციელი აკონტროლო, გარშემო მყოფების ინტერესებიც დაიცვა და არც შენი, საკუთარი წარსული დაივიწყო. სოსო, ჯერ კიდევ მეხუთე კურსის სტუდენტი იყო, როცა ფილმებში ხუთი მთავარი როლი უკვე ნათამაშები ჰქონდა. ამას ის ბედს, იღბალს, ცოტა თავის მოხერხებულობას და ხელის წაშველებასაც აბრალებს. თუმცა ფაქტია, დღეს ყველასთვის საყვარელი და მისაღები ადამიანია – თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. ის, ქართულ კინოში ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხვდა და მისი ცხოვრებაც ერთმა ბედნიერმა წამმა შეცვალა უკეთესობისკენ. ამიტომაც, სჯერა მას ბედისწერის არსებობის და კიდევ იმის, რომ თბილისში კაცური სიტყვა და კარგი საქციელი უკვალოდ არ იკარგება.



უცხო სვანისთვის ჩაწყობით დაწერილი „სამიანი“ და ერთ წამში შეცვლილი თბილისური ცხოვრება

სულ ვამბობ, ამქვეყნად ყველაფერი ბედისწერის ბრალია, მაგრამ კაცმა შენც თუ არ გაანძრიე ხელ-ფეხი, ისე არაფერი გამოგივა და ქალაქის ორომტრიალში ისე დაიკარგები, ვერავინ შეამჩნევს შენს არსებობას-მეთქი. კაცს თუ დაბადებისას იღბალი დაგყვა, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერსად დაიკარგები. მეც შემთხვევის წყალობით გავხდი პოპულარული და სწორედ, ერთმა წამმა გადაწყვიტა ჩემი ბედი. ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში სპორტსმენის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გურამ საღარაძის დამსახურებით მოვხვდი. შემთხვევით მომკრა თვალი, არც სახელი იცოდა ჩემი, არც გვარი და სვანს მეძახდა. მოკლედ, ინსტიტუტში ვაბარებდი. ფიზკულტურის ინსტიტუტში, მისაღებ გამოცდებზე, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია ბარდებოდა. რისი ჩამბარებელი ვიყავი? ქიმიის გამოცდაზე გავედი და „ორიანი“ მივიღე. მართალია, შპარგალკებით ვიყავი შეიარაღებული, მაგრამ ვერ მიშველა. გამოვედი გარეთ, დედაჩემს ვუთხარი, წავიდეთ სახლში, „ორიანი“ მივიღე და ჩავიჭერი-მეთქი. ინსტიტუტის გვერდით ფალავანთა კლუბი იყო და იქით წავედი. ამ დროს, შემოგრიალდა შავი, გასისინებული „ოცდაოთხი“, ანუ დღევანდელი „ლამბორჯინი“. უცებ მანქანიდან ვიღაცამ დამიძახა: ეი, შენ სვანო, მოდი აქო. მივედი, დავინახე, გურამ საღარაძე და ვახტანგ ბალავაძე სხედან მანქანაში. გურამმა უთხრა ვახტანგს, აი, ამ სტუდენტზე გესაუბრებოდი, ნახე, როგორი აღნაგობა აქვსო. ვუთხარი, სტუდენტი არ ვარ, ამწუთას გამოვედი გამოცდიდან და ჩავიჭერი-მეთქი. გაოცდა. გადმოვიდა მანქანიდან, ამომყვა, შევიდა კომისიასთან და „სამიანი“ დააწერინა. ასე ჩავირიცხე ინსტიტუტში. წარმოგიდგენიათ, ასეთი რამ რომ, უცხო ადამიანი დაეხმაროს ახალგაზრდას, მხოლოდ ჩვენს ქალაქში ხდება. თბილისი ის ადგილია, სადაც ადამიანისთვის ყოველი წამი გაწერილია, თითოეული წუთი ისეა გათვლილი, რომ შენი ცხოვრება შეცვალოს და კაცად გაქციოს, გზაზე დაგაყენოს. მთავარია, მის დინებას აჰყვე და ნაბიჯი ააყოლო. ამას, ამ ქალაქს ვერ დაუკარგავ.

ტკბილი „ნატვრის ხე“ და გამნათებელი მატყუარა, ახალბედა მსახიობი

ფილმ „ნატვრის ხის“ გადაღებები ბედნიერ და ტკბილ მოგონებად დამრჩა. ისეთი ბუმბერაზი, ნიჭიერი მსახიობები თამაშობენ ამ ფილმში, რომლებთანაც ურთიერთობა ერთ ცხოვრებად ღირს. მოკლედ, კინოსტუდიის ფოიეში ვზივარ, ველოდები როდის წავალ გადაღებაზე. მართალია, ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლზე ვარ დამტკიცებული, მაგრამ ჯერ ცნობილი სახე არ ვარ. უცებ, გავიხედე, რეჟისორი რეზო ჭარხალაშვილი შემოდის კარში. შემომხედა და დამაკვირდა. მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა და მკითხა, ვინ ხარ, აქ მუშაობო? ვუთხარი, გამნათებელი ვარ-მეთქი. გადაირია, ვა, ფილმს ვიღებ, როლისთვის მჭირდება შენნაირი ახალგაზრდა და უნდა გაგსინჯოო. მომკიდა ხელი, ამიყვანა მეორე სართულზე, გააღო ოთახის კარი და თენგიზ აბულაძის კაბინეტში შემაგდო. თენგიზმა სათვალიდან ამომხედა. რეზომ ხმამაღლა უთხრა: ჰა, როგორი ბიჭია, აბა ნახეო. თენგიზი უფრო კარგად დამაკვირდა. ბოლოს მკითხა, რას აკეთებ კინოსტუდიაშიო. მეც უკან აღარ დავიხიე და ისიც მოვატყუე, გამნათებელი ვარ-მეთქი. უფრო გამჭოლი მზერით დამაკვირდა. გვარი და სახელი გამომკითხა, ჩაიწერა მონაცემები. გავიხედე, უცებ კარი გაიღო და გადამღები ჯგუფიდან ერთ-ერთმა შემოყო თავი. დაიყვირა, სად ხარ ბიჭო, მთელი ჯგუფი შენ გელოდებით, გადაღებებზე გვაგვიანდებაო. არ დამავიწყდება თენგიზ აბულაძის ჩაღიმება, მითხრა, ვიცოდი, რომ მატყუებდი, ვიცოდი, ვინც ხარ, გედიას როლისთვის მინდა გაგსინჯო. შენ კიდევ ხუმრობ და მეც აგყევი ხუმრობაშიო. ზოგი ასეთი ტყუილის გამო გაბრაზდებოდა, წარბს შეყრიდა. აბულაძე კი გენიოსი კაცი იყო, მასთან ურთიერთობა ერთ რამედ ღირდა. სერიოზულიც იყო, სადაც საჭირო გახლდათ და საღი იუმორიც კარგად ესმოდა. ისე აგყვებოდა, ამოგიდგებოდა მხარში და ისე შეგიწყობდა ხელს, ცხოვრებაში წინ წაგეწია, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა.

კახი კავსაძის უკანალის წყალობით გაცინებული მსახიობი და გადაღებული უნიკალური კადრი

„ნატვრის ხეში“ „გაულაწუნეს“ როლს თამაშობს დათო აბაშიძე. ვერანაირად ვერ გააცინეს, არადა როლია ისეთი, უნდა ჩაეღიმოს. რუსთაველის მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას ამ ფილმში. გადაღებები ამ ამბის გამო გაიწელა, მათ აგვიანდებათ თეატრში, სპექტაკლზე და შეიქნა ერთი ვიშ-ვიში. კახი კავსაძე გაბრაზდა, მივიდა რეჟისორთან და უთხრა: მე მიმიშვით და გავაცინებო. გაუკვირდათ, ეგ როგორო. კახის გაეცინა, როგორ და დაგანახვებთო. მივიდა დათოსთან, შეტრიალდა, ჩაიხადა შარვალი და უკანალი აჩვენა. „გაულაწუნემ“ იცინა, მაგრამ რა იცინა. ფილმშიც ხომ გაღიმებულია და მთელი ერთი კვირა ასე გაღიმებული დადიოდა ქუჩაშიც კი.

„არასრულწლოვანი“ მსახიობისთვის ორიგინალურად მიმართვის ხერხი და გაოცებული მამუკა კიკალეიშვილი

კახი კავსაძეს და მამუკა კიკალეიშვილს ფილმ „დონ კიხოტში“ იღებდნენ. მაშინ კახი ძალიან გახდა როლისთვის, დაახლოებით, 25 კილო დაიკლო, მამუკამ კი ისე მოიმატა ორმოცდაათი კილო, ტყავში ვეღარ ეტეოდა. მოკლედ, რომ იტყვიან, ორივემ მსხვერპლი გაიღო ამ ფილმისთვის. ერთ კადრში მთაზე ადიან კახი და მამუკა. კახი თავისუფლად ადის, მამუკა კი ქლოშინ-ქლოშინით მიჰყვება უკან. რეჟისორის ასისტენტი მსახიობებს დაბლიდან აძლევს მითითებებს და ხმამაღლა უყვირის: ბატონო კახი მარჯვნივ... ბატონო კახი მარცხნივ... ბატონო კახი ისევ მარჯვნივ და ასე შემდეგ. მოკლედ, დაიღალა მამუკა, შეჩერდა. კახიმ ჰკითხა, რა იყო, ვეღარ მომყვებიო. მამუკამ ამოიქლოშინა და კახის თავის კილოზე უთხრა, ბატონო კახის რომ გეძახიან გევასებაო? კახიმაც უპასუხა: დიახ, მევასებაო. მამუკა გაბრაზდა და კახის შესჩივლა: მე კიდე, პროსტო მამუკას მეძახიანო. კახიმ გაიკვირვა და ჰკითხა: კი მაგრამ, რამდენი წლის ხარო. იმანაც უპასუხა ოცდაშვიდისო. ჩაეცინა კახის და უპასუხა: ჰოდა, რა გიკვირს, შენხელა რომ ვიყავი, ეეე, შე „სამო ასოვ“, ასე მეძახდნენ და ასე მარტო ქართულ „კინოშნიკებში“ თუ მოსულა. ახლა ძლივს ვეღირსე, რომ ბატონოთი მომმართავენ და ეგ შეგშურდაო.

ბოზ-მასხარა ქართველი მსახიობი და შეურაცხყოფილი ქართული ელიტა

ერთხელ, კახი ყვება: შუა აზიაში შეხვედრაზე ვიყავით მე, ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი და დუდუხანა წეროძე. გამოვიდა იქაური რეჟისორი და წარადგინა: სიტყვა ეძლევა, ასეთ და ისეთ რეჟისორს, ასეთ და ისეთ კაცს, ბატონ ელდარ შენგელაიასო. გამოვიდა ელდარიც და ომახიანი ხმით ჩაარაკრაკა თავისი სიტყვა. ახლა ისევ გამოაცხადეს, სიტყვა ეძლევა მერაბ კოკოჩაშვილს, ასეთ და ასეთ კაცს, ასეთ და ასეთ ადამიანსო. გამოვიდა მერაბიც და თქვა ომახიანად თავისი სათქმელი. გავიხედეთ და ისევ დაიწყო გამოცხადება და არ თქვეს: სიტყვა ეძლევა ბოზ-მასხარას ქალბატონ დუდუხანა წეროძესო. გადავირიეთ ყველანი, კინაღამ ხმლები ვიშიშვლეთ და თურმე „ბოზი“ იქაურად ლამაზი ყოფილა და „მასხარა“ კი მსახიობი.

„სუხოი კანონი“, მკლავჭიდელი დოდო აბაშიძე და კოკა-კოლათი გაცუცურაკებული რუსი „ჩერნობილელი“

დოდო აბაშიძე უვაჟკაცესი ადამიანი იყო. ინფარქტი ახალი გადატანილი ჰქონდა და ექიმები სმას უკრძალავდნენ. თან, იმ პერიოდში, „სუხოი კანონი“ შემოიღეს და ჩერნობილის ტრაგედიაც ახალი მომხდარი იყო. მე და დოდოს ერთად მოგვიწია სასტუმროში მეფურად ცხოვრება. არადა, ვინც კი მოდიოდა დოდოსთან, ყველას ღვინო მოჰქონდა ბოთლში ჩამოსხმული. მაშინ პატარა ბოთლებში ისხმებოდა და ასეთი ღვინოები სუვენირებად გაჰქონდათ უცხოეთში. მკაცრად გამაფრთხილეს, არ დაალევინოო. მოკლედ, გაივსო სასტუმროს ნომერი ღვინის ბოთლებით ამ „სუხოი ზაკონის“ დროს. ერთ დღესაც, სულმა სძლია, თქვა, რაღა ღვინოს მოვუკლივარ და რაღა წნევასო, გახსნა ერთი ბოთლი და მოიყუდა, კარგად წავიდა. მეორეც გახსნა და დაცალა. მეც გამოვცალე რამდენიმე ბოთლი. ავდექით და ამ ცარიელ ბოთლებში ჩავასხით კოკა-კოლა, ჩავედით სასტუმროს ფოიეში, დავდგით მაგიდაზე, ჩამოვასხამდით და ნელ-ნელა ვსვამდით. გავიხედეთ, კარი გაიღო და შემოვიდა ვიღაც ორმეტრიანი, მთვრალი რუსი. ატეხა გინება, ყვირილი. მივაქციეთ ყურადღება. ადმინისტრატორმა შეუბღვირა, თუ არ გაჩერდები, ახლავე გამოვიძახებ მილიციას და შენს თავს დავაჭერინებო. მივუბრუნდი ადმინისტრატორს და ვუთხარი: ამას ვერ დაიჭერთ, ეს საბჭოთა კავშირის გმირია, ავღანეთში ნაბრძოლი კაცი-მეთქი. ის უცნობი გაჩერდა, მოგვიახლოვდა, შეხედა, მაგიდაზე ღვინის ბოთლები დგას. „გაუსწორდა“, იფიქრა, აქაც დავამატებ სასმელსო. ჩამოგვართვა ხელი, გაგვეცნო და აღმოჩნდა, რომ ჩერნობილის აფეთქების დროს ეს იქ იმყოფებოდა, პირველ სამაშველო რაზმში ყოფილა, დასხივება მიუღია და დღეს თუ ხვალ შეიძლება, იქ მიღებული დასხივების გამო, დაიღუპოს. ამიტომ, მას ამ „სუხოი“ კანონის დროსაც კი დალევის უფლება ჰქონდა. დოდოს უთხრა, „დამეასე“ „ბატია“ და ახლა მკლავი უნდა გადაგიწიო, შეგეჯიბროო. დოდომ უთხრა, აი ეს ჩემი ბიჭია და თუ გადაუწევ, რასაც გინდა, იმას მოგცემო. ჩააცივდა, გინდა თუ არა, შენ უნდა შემეჯიბრო, ეს არ მინდაო. გაბრაზდა დოდო, კარგი, შევეჯიბროთო. თქვენ წარმოიდგინეთ, ათჯერ გადაუწია დოდომ მკლავი. გაგიჟდა ის რუსი. ბოლოს ვუთხარით, კარგი დამშვიდდი, მოდი, ჭიქა აიღე და დაგვლოცეო. თვალები გაუფართოვდა, დიდი „რეჩი“ დაარტყა და რომ მოსვა კოკა-კოლა... აბა იქ წავიდა სართულებიანი გინება... თქვენი ასე, თქვენი ისე... ჯერ მკლავის გადაწევაში მაჯობეთ, მერე ღვინის მაგივრად რაღაც საზიზღრობა დამალევინეთ... მე თქვენ ხალხი მეგონეთ... თქვენი დედა, თქვენი მამაო...


скачать dle 11.3