კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქმარმა 20 წლის ცოლზე და 56 წლის ბიძაზე ეჭვიანობის გამო მეუღლე სიცოცხლეს გამოასალმა


რატომ მოკლა ქმარმა ახლად შერთული ცოლი

თანასოფლელზე ეჭვიანობის გამო ქმარმა 7 თვის შერთული ცოლი მოკლა. უცნაურია, რომ გოგონა სულ რაღაც 20, ხოლო მეზობელი, რომელზეც იეჭვიანა ქმარმა, 56 წლის, გახლდათ, თან, ქმრის ნათესავი იყო. არაოფიციალური ვერსიით, „პლანით“ გაბრუებულ ეჭვიან ქმარს ჰალუცინაციები სჭირდა და ამბობენ, ცოლის ღალატიც მისი ერთ-ერთი აკვიატება იყოო. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა ნამდვილად ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ქმარს ეჭვიანობის საბაბი ნამდვილად ჰქონდა – მისი ნათესავი მსგავსი შემთხვევის გამო წარსულშიც იყო ნასამართლევი...

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დავითისა და აწ გარდაცვლილი ხათუნას რომანი ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაიწყო, მაშინ როდესაც გოგონა ზაფხულის არდადეგებზე დეიდასთან, ანუ დავითის სოფელში ისვენებდა ხოლმე. ბავშვების სიყვარულის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა და ყველა გულშემატკივრობდა. თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ ხათუნამ ერთ-ერთ კერძო ინსტიტუტში ჩააბარა და სოფელში ჩასვლას ხშირად ვეღარ ახერხებდა, ამიტომ შეყვარებულებმა დაქორწინება გადაწყვიტეს. მართალია, გოგონას ბებია (მას მშობლები გარდაცვლილი ჰყავს) შვილიშვილის გათხოვებას ნაადრევად მიიჩნევდა, მაგრამ ბიჭის ოჯახი შეჰპირდა, სათანადოდ ვიზრუნებთ მასზეო და, რადგან ბავშვებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, დააქორწინეს.

ყოველივე ამის მიუხედავად, შვიდ თვეში ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიზეზი კი მათი თანასოფლელი და, ამავდროულად, დავითის ნათესავი – მიხეილი გახდა, რომელიც დავითს ფაქტობრივად, ბიძად ეკუთვნოდა. საიდან დაასკვნა ქმარმა ცოლის ღალატი, ძნელი სათქმელია, მაგრამ როგორც საქმიდან ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ ცოლი ღალატობდა.

ამ შემზარავი ამბის გამო, დათოს დედა ორ ცეცხლშუა აღმოჩნდა, რადგან ოჯახში კონფლიქტის მიზეზი მისი ნათესავი გახდა. ქალს ძალიან ერიდებოდა, მაგრამ ნათესავს მაინც სთხოვა, რომ მათ ოჯახთან ურთიერთობას, შეძლებისდაგვარად, მორიდებოდა.

სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ბიჭის სახლში მალე ოჯახური კრება შედგა. უფრო ზუსტად, სახლში ხათუნას დეიდა და მისი სხვა ნათესავები დაიბარეს, სადაც საბოლოოდ უნდა გარკვეულიყო ნამდვილად ღალატობდა თუ არა გოგონა ქმარს. ამ თავყრილობაზე აყალმაყალის მთავარი მიზეზი – მიხეილიც იმყოფებოდა. თუმცა, მათ შორის ინტიმური ურთიერთობა როგორც ხათუნამ, ისე მიხეილმაც კატეგორიულად უარყვეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ეჭვიანმა ქმარმა ნათესავზე საცემად გაიწია, მაგრამ მიშა იქაურობას გაარიდეს.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, მიშას წასვლის შემდეგ ცოლ-ქმრის ჩხუბი კვლავ გაგრძელდა და ღალატის ბრალდებით შეურაცხყოფილმა ცოლმა საბოლოოდ გადაწყვიტა სახლის დატოვება. მაშინ დავითი ცოლს წინ გადაუდგა და უთხრა, რომ დილით მიხეილს კიდევ მოიყვანდა თუ მისი თანდასწრებით იტყოდა, რომ ქმარს მასთან ღალატობდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებდა.

ოჯახში დაძაბულობა დილის 5 საათამდე გაგრძელდა. როგორც ბიჭის, ისე გოგოს ნათესავები ოთახში ისხდნენ და ცოლ-ქმარს შორის სიტუაციის გარკვევას ელოდებოდნენ. რაღაც მომენტში შეამჩნიეს, რომ თითქოს ცოლ-ქმარი დაწყნარდა, ერთმანეთს მშვიდად ელაპარაკებოდა. ამიტომაც, ივარაუდეს, შერიგდნენო. მაგარამ... თითქმის გათენებული იყო, როცა დათომ ცოლი გარეთ გაიყვანა. ოჯახის წევრებსაც ეგონათ, რომ ისინი საბოლოოდ შერიგდნენ, მაგრამ მოულოდნელად ყვირილი შემოესმათ. გარეთ გასულებს კი შემზარავი სურათი დახვდათ – ქმარს ცოლისთვის დანა მუცელში დაერტყა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა...

რაზე საუბრობდა განმარტოებული ცოლ-ქმარი ამის მოწმე არავინაა. სასამართლოზე კი, ეჭვიანმა ქმარმა შემდეგი ჩვენება მისცა: „ხათუნა ცოლად რომ შევირთე, ქალწული არ აღმოჩნდა. თუმცა, ვაპატიე, რადგან ძალიან მიყვარდა. მიშასთან რომ მღალატობდა, ამაზე თავად მიყვებოდა ხოლმე. გარეთ რომ ვსაუბრობდით, ვკითხე: მე რაც მომიყევი, ყველას თანდასწრებით რატომ არ გაიმეორე-მეთქი? მან კი მიპასუხა, რომ მიშასთან იმიტომ გღალატობ, რომ შენგან შვილი არ მიჩნდება, მე კი შვილი მინდაო. გავითიშე, არ მახსოვს, რა გავაკეთე. როცა გონზე მოვედი ქუჩაში გავრბოდი. გზად მეზობელი გოგონა დავინახე, მას ვთხოვე, ჩემს სახლში წასულიყო და გაეგო, რა ხდებოდა...“

გარდაცვლილის დეიდა, რომელიც სასამართლოზე მოწმის სტატუსით დაიკითხა, გარდაცვლილი დისშვილის ნაამბობს იხსენებდა: „ჩემი დისშვილი მეუბნებოდა, რომ დათო ხშირად ეჩხუბებოდა და მიშასთან ღალატს სდებდა ბრალად. გოგოს დანას უტრიალებდა, აიძულებდა, რომ ღალატი ეღიარებინა. ამიტომ, იძულებული ხდებოდა, ქმართან ეს ამბავი დაედასტურებინა. ხათუნამ დასერილი ფეხიც მაჩვენა. ის კი არა, თურმე საბნიდან მატყლს იღებდა და ოთახის სხვადასხვა ადგილებში ტოვებდა იმის დასადგენად, რომელ ოთახში დადიოდა ხათუნა“.

რაც შეეხება განსასჯელის დედას, რომელსაც რძალზე ცუდი არასოდეს უთქვამს, სასამართლოზე განაცხადა: „გოგო ჩემს შვილს დასცინოდა – მეზიზღები, რას ჰგავხარ, არ მიყვარხარო. სულ ამ ფრაზას უმეორებდა. ამის მომსწრე არაერთი ადამიანი, მათ შორის ხათუნას დეიდაც გამხდარა, რადგან ერთხელ, როდესაც თავისი ყურით მოისმინა დისშვილის ფრაზები, უსაყვედურა კიდეც – თუ არ გიყვარდა, რატომ გაჰყევი ცოლადო“.

ვინაიდან განსასჯელის ფსიქიკური მდგომარეობა ეჭვს იწვევდა, სასამართლო პროცესზე მისი შერაცხადობის საკითხი დადგა. პირველ ეტაპზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის თანახმად, დასკვნა იყო, რომ განსასჯელმა მკვლელობა სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა. მეორე ექსპერტიზით, პატიმარი შერაცხადად ცნეს. სწორედ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნის გამო, დასკვნითი ექსპერტიზა დაინიშნა. საბოლოო დასკვნით კი, განსასჯელი ფსიქიკურად ჯანმრთელი აღმოჩნდა. როგორც დაკითხულმა ექსპერტმა განაცხადა, დავითმა ცოლი ეჭვიანობის გამო, „ობიექტის დაკარგვის შიშით მოკლა“ და ეს ფრაზა განმარტა კიდეც. მისი თქმით, როგორი მწვავეც არ უნდა იყოს პიროვნებისთვის ესა თუ ის ინფორმაცია, თუკი ეს ინფორმაცია მისთვის ადრეც იყო ცნობილი და მის გამო სისტემატიური დავაც მიმდინარეობდა, მისი ხელახალი შეხსენება უეცარ სულიერ აღელვებას ვერ გამოიწვევსო. ანუ, ვინადან ცოლ-ქმარი ეჭვიანობის გამო სისტემატურად დავობდა, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ მიხეილის ამბის კიდევ ერთხელ გახსენება აფექტს არანაირად არ გამოიწვევდა. ფსიქიატრის თქმით, აფექტი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ქმარი ცოლს ამ ინფორმაციის შესახებ პირველივე შეტყობინებისთანავე მოკლავდა...

ამ ყველაფრის შემდეგ, პატიმარი განმარტავდა, რომ მან ცოლი მხოლოდ ეჭვიანობის გამო კი არა, იმ სიტყვებისთვის მოკლა უშვილო რომ უწოდა და უთხრა, შვილის გაჩენას მეზობლისგან ვაპირებო. თუმცა, ეს ვერსია სასამართლომ არ გაიზიარა. მიიჩნია, რომ დაგვიანებული ვერსია თავის მართლებისთვის იყო მოგონილი.

ჩადენილი მკვლელობის გამო, გარდაცვლილის ახლობლები ყოფილი სიძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ, მაგრამ დავით დ-ს სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სხვათა შორის, არანაკლებ საინტერესოა იმ კაცის ისტორია, ვის გამოც მკვლელობა მოხდა. როგორც ირკვევა, 56 წლის მიხეილმა თავის დროზე თანასოფლელის, 19 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. იცოდა, რომ გოგონა შინ მარტო იყო, დილის 8 საათზე „ესტუმრა” და სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ 36 ლარი შესთავაზა. გოგონასგან კატეგორიული უარის შემდეგ, ბაბუისტოლა კაცმა მისი ძალით გაუპატიურება განიზრახა. მან გოგონას დაუდგენელი დასახელების წამლის ამპულა დაანახა, უთხრა, რომ მასში საწამლავი იყო და მოწამვლით დაემუქრა, თუ ნებაყოფლობით არ დათანხმდებოდა. გოგონამ იატაკიდან ჯოხი აიღო და მოძალადეს რამდენჯერმე დაარტყა. ამ დროს მიშას ფული დაუცვივდა და მის ასაღებადაც დაიხარა. გოგონას ეგონა, თავი დამანებაო, მაგრამ კაცმა ამ დროს ყელში წაუჭირა ხელი და ჯერ დერეფანში, შემდეგ კი მისაღებისკენ წაათრია გასაუპატიურებლად, საწოლზე დააწვინა და პირზე ხელი დააფარა, რომ არ ეყვირა. ამ დროს მოძალადემ ამპულას თავი მოამტვრია და მოწამვლის მუქარით მის დამორჩილებას ცდილობდა, მაგრამ, ხელი გაეჭრა და ოთახი და იატაკი სისხლით მოისვარა. გოგონამ დრო იხელთა და მოძალადეს ფეხებშუა ძლიერად ამოარტყა. ასე გაუსხლტა ხელიდან, ეზოში გავარდა და მეზობლებს უხმო საშველად. ამასობაში დამნაშავე სახლში გაიპარა, მაგრამ მეზობლებმა პოლიციას აცნობეს. გამოძიების დროს, ბრალდებულმა მომხდარი მაშინვე აღიარა და პატიება ითხოვა, თუმცა სასამართლოზე ყველაფერი უარყო. როგორც განაჩენში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ მოძალადემ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, სასამართლომ ის მაინც არ დაინდო და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა...


скачать dle 11.3