კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ „იკლავდა“ თავს გია ჯაჯანიძის გამო და რა გაურთულდა მაკა ზამბახიძეს გათხოვების პირველ ეტაპზე

გია ჯაჯანიძისა და მაკა ზამბახიძის ინტერვიუ, როგორც ჩანს, ქვეცნობიერის დამხარებით შედგა. ამ ორი პოპულარული ადამიანის გულახდილი საუბარი და შეკრული მისტიკური წრე საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს მიზეზი გახდა.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გია ჯაჯანიძე

– პირველად ვხვდებით ერთმანეთს ამ სიტუაციაში და ვეცდები, მაქსიმალურად თავშეკავებული და კორექტული ვიყო, რადგან ვითვალისწინებ, რომ გათხოვილი ხართ. თან, როგორც ჩანს, გაგებული გაქვთ, რომ ძალიან მწვავე კითხვებს ვსვამ და ამიტომ მეუღლესთან ერთად მოხვედით (იცინიან).

– ასეა. დამინდეთ, ბატონო გია.

– ძალიან აქებენ შენს მეუღლეს. მართლა ასეთი კარგი ბიჭია თუ ასეთი იმიჯი აქვს?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მართლა ძალიან კარგი ბიჭია.

– როგორ ათავსებ ოჯახის საქმეებს და კარიერას?

– თავიდან უფრო რთულად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი და ვფიქრობდი ამ ორი სფეროს ერთმანეთთან შეთავსება გამიჭირდებოდა, მაგრამ ახლა ისე აღარ მიჭირს. მით უმეტეს, მარტო არ ვმღერი და პარტნიორი მყავს. თუმცა, ამის გამო დასაწყისში ოდნავ გართულდა სიტუაცია, რადგან რატის უნდოდა, რომ სულ რეპეტიციები გვქონოდა, მე კი მინდოდა, რომ ვახოსთვისაც ბევრი დრო დამეთმო. მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი აეწყო. თუ რამე მეზარება, ვახო მსაყვედურობს: მიდი, გააკეთე, იაქტიურე შენს საქმეში, ის ქენი ეს ქენი.

– ვახო მკაცრი არ არის?

– საერთოდ არა. რაღაცეები, ალბათ, არ მოსწონს, მაგრამ ეს სიმკაცრე არ არის.

– ყველაზე დიდი ჩხუბი რაზე მოგივიდათ?

– ვაიმე, არ მახსოვს. ცოტა დაბდურაა და ამაზე ვჩხუბობთ ხოლმე. ერთი ნაკლი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს (იცინიან) – მობილიზებას ვერ ახერხებს ხოლმე.

– შენ მობილიზებული ხარ?

– საკმაოდ. ათ წუთში შემიძლია, მაკიაჟი გავიკეთო, თმა დავივარცხნო, ჩავიცვა და, სადაც მელოდებიან, იქ მივიდე.

– დღეს რატომ დააგვიანე?

– სტილისტმა დააგვიანა. ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე არ ვიყავი დამოკიდებული.

– ამას მნიშვნელობა არ აქვს. იცი, რა მგონია?! ის, რაც ვახოზე თქვი, ზუსტად ასეთი ხარ თვითონ, ოღონდ, ამ სიკეკლუცეში და ხალისში მალავ. ისეთი ლაღი და გაბრწყინებული სახით შემოხვედი, თითქოს ერთი საათი არ დაგიგვიანია. უცებ მოგვაყარე რაღაცეები, ისე, რომ ვერც კი გისაყვედურეთ.

– ანუ, ვთამაშობ?

– არ ვიცი, ცოტა ხანში გეტყვი (იცინიან). ერთი სიტყვით, არ გიჩხუბიათ. ეჭვიანი თუ ხარ?

– ცოტათი. შეიძლება ითქვას, რომ მე უფრო ეჭვიანი ვარ, ვიდრე ვახო. თუ ვიღაც ურეკავს ან მესიჯს უგზავნის ამაზე ვეჭვიანობ-მეთქი, ვერ გეტყვი, ასეთი რაღაცეები არ მაწუხებს. უფრო მაშინ ვხდები ეჭვიანი, როცა უყურადღებო ხდება.

– როდესაც მამაკაცი საერთოდ არ ეჭვიანობს, ეს ქალებს აღიზიანებთ ხოლმე. ხომ არ ფიქრობ, რომ საკმარისად არ უყვარხარ, რადგან არ ეჭვიანობს?

– არა, პირიქით. როგორც ჩანს, ამ მხრივ გამონაკლისი ვარ. ეჭვიანობა საშინლად მაღიზიანებს, საშინელებაა, როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ პრობლემები იწყება ურთიერთობაში. იმისთვის, რომ ვახოს სიყვარულში დავრწმუნდე, ეჭვიანობა არ მჭირდება, ისედაც ვიცი, რომ ძალიან ვუყვარვარ.

– ამ ინტერვიუზე ძალიან სერიოზულად მოვედი და პატარა პრეისტორიას გავაკეთებ: ყველა ადამიანს ცხოვრებაში სხვადასხვა ეტაპი აქვს. ახლა ისეთ ეტაპზე ვარ, როდესაც არც სიმღერა მომწონს, არც მუსიკას ვუსმენ. გადავედი იმ ეტაპზე, როდესაც მირჩევნია სიჩუმე, ჩიტების გალობის მოსმენა, მსიამოვნებს ვიყო ტყეში, ვიდრე სადმე კონცერტზე. მიუხედავად ამ ყველაფერისა, ძალიან ვგულშემატკივრობდი თქვენს „იურმალაზე“ გამოსვლას. ამ დროს მეტად უცნაური რაღაც მოხდა: უცხოეთიდან ჩამოსული იყო ერთი რეჟისორი, რომლის ვინაობის დასახელების უფლება ჯერჯერობით არ მაქვს. მასთან ერთად ფილმის სცენარზე ვმუშაობთ. ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ და ამ დროს ვუთხარი, ერთი მომღერალი ვიცი, რომელიც, შეიძლება, როლისთვის მოგეწონოს-მეთქი. და თქვენი ერთ-ერთი სიმღერის ჩანაწერი ვაჩვენე. მინდა ექსკლუზიურად გითხრა, რომ ამ რეჟისორს ძალიან მოეწონე და ერთ-ერთ როლზე აუცილებლად იქნები განხილული.

– რა მაგარია! ყოველთვის მინდოდა ფილმში თამაში.

– ოღონდ, ეს არის ძალიან სერიოზული დრამატული როლი, საინტერესო სცენარითა და მძიმე ისტორიით. ვფიქრობ, ამ როლის თამაშს შეძლებ. ამ გოგონას იტაცებენ და მერე მთელი ამბები ხდება. ანუ, ფილმში თამაშზე გიფიქრია?

– მართლა ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ფილმში მეთამაშა. მამაჩემი, მგონი, ერთადერთია ქართველ მამათა შორის, რომელიც ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ჩემგან კარგი მსახიობი დადგებოდა და ამ პროფესიას გავყოლოდი.

– ვთქვათ, დადგა მომენტი და ვახო გეუბნება: „ან ფილმი, ან – მე“. რას იზამ?

– რა თქმა უნდა, ვახოს სასარგებლოდ გავაკეთებ არჩევანს, რა სისულელეა! სხვა არჩევანი არც არსებობს.

– ანუ დიდებას, კარიერას, წითელ ხალიჩას – ყველაფერს ვახოს სწირავ?

– არ მგონია, რომ ასე დრამატულად იყოს ყველაფერი. მით უმეტეს, ცხოვრებამ მაჩვენა, რომ საყვარელი ადამიანის გარეშე საერთოდ არ აქვს აზრი არანაირ წარმატებას. შარშან იურმალაში ისეთ წარმატებას მივაღწიე, როგორზეც ალბათ ოცნებასაც ვერ გავბედავდი, ძალიან მიუღწევლად მიმაჩნდა. ყველაფერი რომ დამთავრდა, მივხვდი, რაღაც მნიშვნელოვანი მაკლდა, არ ვიყავი სრულყოფილად ბედნიერი. იურმალიდან ჩამოსვლის ერთი კვირის თავზე გავიცანი ვახო და აბსოლუტურად შევივსე. კი, კარიერაც კარგია და წარმატებაც, მაგრამ, თუ არ გყავს ცხოვრებაში ის მთავარი ადამიანი, ვისთვისაც ეს გიხარია, ვისაც გაუზიარებ შენს ბედნიერებას, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება. მხოლოდ კარიერა ბედნიერს ვერ გაგხდის. თუ უდიდესი სიყვარული არ გაქვს, წარმატებასაც ვერ მიაღწევ. იყო იურმალა ვახოს გარეშე, მაგრამ მას გაგრძელება არ ექნებოდა, განვითარება და მომავალი არ ექნებოდა.

– ამ საუბარში მთავარი დამავიწყდა: ამ რეჟისორთან ვსაუბრობ შენზე – ძალიან ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ როლს, ვფიქრობ, მოერევა-მეთქი და ამ დროს რეკავს სალომე, რომელიც მეუბნება, ამა და ამ ინტერვიუს გაკეთება მინდა შენთან და მაკა ზამბახიძესთანო. ამაზე რა დამემართა, ვერ წარმოიდგენ, ძალიან გამიკვირდა. ეს იყო სერიოზული მისტიკური წრე, რაღაც იდუმალი რომ შეიკვრება.

– ნეტავ ამ დროს მე რას ვაკეთებდი?! უფრო მეტი მისტიკა და ამბავი იქნებოდა, ახლა რომ მეთქვა, ორშაბათს, ამა და ამ დროს გია ჯაჯანიძესთან ინტერვიუს ვკითხულობდი ერთ-ერთ ჟურნალში-მეთქი. მაგრამ მართლა არ ყოფილა ასე, ვიჯექი შეზლონგზე და ვირუჯებოდი.

– როგორ გადაგაქვს ის ჭორები და უამრავი ტყუილ-მართალი, რომელსაც თქვენ შესახებ ლაპარაკობენ და წერენ? მით უმეტეს, რომ ჭორებს არ ავრცელებენ შენი გულშემატკივრები და ის ადამიანები, რომლებიც დაწერილ ჭორებს კითხულობენ. ჭორები ისევ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისგან ვრცელდება.

– ჭორებსა და სკანდალებს, ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო და გამომდის კიდეც. თუ ის ამბავი, რომელიც გახმაურდა, სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ძალიან ვნერვიულობ, განვიცდი. ერთ-ერთ ჟურნალში დაწერეს, რომ დუეტი „ჯორჯია“ იშლება, რატიმ და მაკამ იჩხუბესო. ჩვენ ერთ კლუბში რეპეტიციის დროს მართლა ვიჩხუბეთ ერთი სიმღერის გამო. ძალიან „მუშა“ ჩხუბი გამოგვივიდა. იქ ბევრი უცხო ადამიანი იყო და, როგორც ჩანს, ამას თავისი განვითარება მოაყოლეს. როდესაც წავიკითხე სტატია, ჩემზე ძალიან იმოქმედა. თან, ხომ ვერ უარვყოფ, რომ ვიჩხუბეთ. მეწყინა, რომ ამას ასეთი ჭორი მოჰყვა. იყო კიდევ უამრავი ჭორი, რომ მე და რატი საყვარლები ვიყავით, რომ შვილი მისგან მყავდა და ამას არ ვამხელდით. ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან, როდესაც ქალი და კაცი ერთად დგას სცენაზე, ამას ყოველთვის მოსდევს ჭორები.

– ზოგიერთი ვარსკვლავი კი საკუთარ თავზე იგონებს ხოლმე სკანდალს და ავრცელებს პოპულარობის მიზნით.

– მეზიზღება ინტრიგები და სკანდალები. ასე რომ, მსგავსი რამ ჩემგან გამორიცხულია.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია მაკა ზამბახიძე

– ძალიან მინდა ბოლომდე გავიგო, ვინ არის გია ჯაჯანიძე?

– არასდროს არაფერს ვმალავ. ჩამოვედი ჭიათურიდან, ჩავაბარე თეატრალურში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, შემდეგ ამერიკაში გავიარე ფსიქოლოგიისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლის კურსები, ჩავაბარე ფილოსოფიის ფაკულტეტზე, დავწერე ორი წიგნი: „ქალი და მამაკაცი“, და „გიგა ლორთქიფანიძის გმირების ფსიქოლოგიური მდგომარეობა“. ვმუშაობ ახალ წიგნზე. გადაღებული მაქვს დოკუმენტური ფილმები. მყავდა პაციენტები – ეს საქმიანობა უკვე შევწყვიტე. ვმოგზაურობ ბევრს, თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი, აფრიკისა და ინდოეთის გარდა. უკვე სერიოზულად ვხატავ, ვიღებ ფოტოებს.

– არ მღერით?

– აი, ეს არის ის, რაც არ გამომდის (იცინიან). ერთმა ცნობილმა ქალბატონმა მითხრა, შენ ისეთი „ნაგლი“ ხარ, შეიძლება, იმღერო კიდეცო. ეს ისე მწარედ მახსოვდა, რომ 2004 წელს „გავნაგლდი“ და ჟურნალისტების საახალწლო პროექტში, სადაც უნდა გვემღერა, მეც მივიღე მონაწილეობა – არაბული სიმღერა ვიმღერე მარტომ, ნახევრად შიშველ ქალებთან ერთად. ოქიტაშვილმა დამალევინა კონიაკი ბოთლის თავსახურით. საერთოდ არ ვსვამ და ისე დავთვერი, ვერ აგიწერთ. სმენა მაქვს ტაშტივით. დარბაზს ისე შევეცოდე, რომ, თუკი რამე ყვავილი იყო გარშემო, ყველა მე მომართვეს. ყვავილებით სავსე გავედი სცენიდან.

– ცეკვა?

– გეტყვი, როგორ გავხდი პოპულარული და როგორ მივაღწიე წარმატებას: არასდროს არ გამიკეთებია ისეთი რაღაც, რაც არ გამომივიდოდა. ტანი მე არ მივარგა, დიდი მოქნილი და ნავარჯიშები მე არ ვარ. ყოველთვის მებრალებიან დაბალი და „ტუნტულა“ ადამიანები, მთელი გულით და შთაგონებული სახით რომ აპარპალებენ პატარა მუცლებს ცეკვის დროს. მიყვარს ჩემთვის ჩუმად ცეკვა, მაგრამ არასდროს შევაწუხებ ამით გარშემო მყოფებს.

– ძალიან ბევრი პაციენტი გყავდათ. რაიმე კურიოზი თუ გადაგხდენიათ პაციენტებთან დაკავშირებით?

– რა თქმა უნდა, ასეთი უამრავი ყოფილა. ძირითადად, ძალიან სასაცილო კითხვებს მისვამდნენ, მე კი სრული სერიოზულობით უნდა მეპასუხა. მეკითხებოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ ქმართან, სამსახურში, ასევე, სექსის, ოჯახური ურთიერთობის შესახებ, მეგობრებზე. ერთმა ქალმა, როდესაც ყველაფერი გაიგო მას შემდეგ მითხრა: ერთი ძალიან სერიოზული კითხვა მინდა, დაგისვათ – რა პროფესიის ვიქნები იმ ცხოვრებაშიო. ფსიქოთერაპია გამორიცხავს ტყუილს. როდესაც შთააგონებენ, რომ კარგად არის, ყველაფერი კარგად მიდის, – ეს ადამიანზე ცუდად მოქმედებს. ამიტომ, ჯობია, სიმართლე უთხრა. მოსულან და უთქვამთ, ძალიან ვნერვიულობ, რა მეშველებაო. ვპასუხობდი, უნდა ინერვიულო, რადგან ძალიან ცუდად გაქვს საქმე-მეთქი. მთავარია, სწორად მიმართო შენი ემოციები და ეძებო გამოსავალი პრობლემებიდან. ერთხელ ერთი ქალბატონი მოვიდა ჩემთან. საერთოდ, ზამთარშიც კი, რაც უნდა ციოდეს, არანაირ გამათბობელს არ ვრთავ და ფანჯრები სულ ღია მაქვს. ჩემი მეგობრები ამბობენ, ალბათ, რომ არ მოვიდეთ, ასე ამიტომ იქცევიო, ზუსტად ათი წუთი უძლებენ ხოლმე ჩემი სახლის სიცივეს. ვერ ვიტან ზამთარში სითბოს და რა ვქნა! მოკლედ, ამ გაყინულ სახლში მოვიდა ეს ქალი, გავედი ჩაის მოსადუღებლად, რასაც საკმაოდ დიდი დრო უნდა, რადგან მხოლოდ ჩემი შერჩეული ბალახებით ვაყენებ ჩაის. როდესაც ჩაის ჭიქით ხელში ოთახში შემოვბრუნდი, გავოგნდი: ის ქალი ტახტზე სრულიად შიშველი ზის.

– ვაიმე, ალბათ რა დაგემართებოდათ!..

– რამდენიმე წამში, ალბათ, მილიონმა აზრმა გამიელვა თავში. პირველი რეაქცია ის იყო, რომ კარებს გავხედე, ჩაკეტილია თუ არა-მეთქი. ისიც კი ვიფიქრე, შანტაჟს არ მიწყობდეს და ახლა არ აყვირდეს მაუპატიურებსო. ცხოვრებაში პირველად ჩამერთო თვითგადარჩენის ინსინქტი. მაგრამ როდესაც შევხედე, როგორ ლამაზად დაუკეცავს ტანსაცმელი და იქვე ტახტზე დაუდევს, მივხვდი, ამას არ აპირებდა. ულამაზესი ქალი იყო, მშვენიერი სხეულით. ზის და მონა ლიზას ღიმილით მიყურებს. გავგიჟდი. გაცივდებით, ჩაიცვით-მეთქი – და ოთახიდან გამოვედი. როდესაც შევბრუნდი, უკვე ჩაცმული დამხვდა. აღმოჩნდა, რომ მას აინტერესებდა, როგორ ვიქცეოდი ასეთ უცნაურ სიტუაციებში: ყოველთვის ამბობ, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, ჩემთვის ჩიხი არ არსებობსო და, უბრალოდ, მაინტერესებდა რას იზამდიო. ჩვენ დავმეგობრდით, არც ნევროზი ჰქონდა, არც არაფერი, უბრალოდ, იყო ქალი, რომელსაც მოსწონდა საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების ექსტრემალურ სიტუაციაში ჩაყენება. ვუთხარი, მეორედ აღარ დაგიჯერებთ-მეთქი. ისე, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ მომიწყო ამბავი, ვითომ თავს იკლავდა, მაგრამ უკვე მივხვდი, რა ხდებოდა და აღარ წამოვეგე.

– არ გეშინიათ სიბერის?

– არა. ერთადერთი, რისიც ამქვეყნად მეშინოდა, სიკვდილი იყო, მაგრამ, რაც უფრო მემატება ასაკი, სიკვდილის მიმართ უფრო ინტერესის გრძნობა მიჩნდება და შიში ქრება. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გავიგო, რა ხდება მერე?! მთავარია, სწორად იცხოვრო, სწორად დაგეგმო სურვილები და მერე მათ ასრულებაზე იფიქრო. რომ ამბობენ, ნეტავ ოცი წლით ახალგაზრდა ვიყოო, ამაზე ვგიჟდები. ოცი წლით რომ გავახალგაზრდავდე და ყველაფერი თავიდან გავიარო, ხომ გადავირევი. მინდა, იმ ასაკის ვიყო, რა ასაკშიც ვარ. სიყვარული მხდის აბსოლუტურად ბედნიერს, სულ შეყვარებული ვარ და ეს მდგომარეობა მომწონს.

– თქვენი სამი ცოლიდან გამომდინარე, მებადება კითხვა: ხართ თუ არა მექალთანე?

– ახლა მეოთხის მოყვანას ვაპირებ, მაგრამ, მაინც არ ვარ მექალთანე. მიყვარდება. ახლა ორმოცდაშვიდი წლის ვარ და ოთხი ან თუნდაც მეტი სიყვარული მექალთანეობად ნამდვილად არ ითვლება.

– თუ გახსოვთ, რა იფიქრეთ, როდესაც პირველად მნახეთ სცენაზე?

– ასაკით დიდი მეგონე და, ვიფიქრე, თუ ამხელაა, აქამდე რატომ არ ჩანდა, რატომ არ იყო ძალიან პოპულარული-მეთქი, რადგან უზომოდ ნიჭიერი ხარ. ოცდათხუთმეტი წლის კარგად თავშენახული ქალი მეგონე. გავოცდი, როდესაც ცხოვრებაში გნახე.

– ვაიმე. ბევრი მეუბენება ასაკით დიდი გვეგონეო. ალბათ, ამიტომ არის, რომ ქუჩაში ადამიანები ვერ მცნობენ. შეგიძლიათ, დამახასიათოთ, როგორი ვარ?

– „მიუხედავად იმისა“-თი დავიწყებ: მიუხედავად იმისა, რომ ხარ ხალისიანი, კომუნიკაბელური, მხიარული, კაცთმოყვარე, შეგიძლია, სხვისი გაჭირვება მოისმინო, ამასთანავე, ხარ ჯიუტი და თავნება და ზოგჯერ ეს თავნებობა სითავხედეშიც კი გადაგდის...

– მართალი ხართ. ვახოც მშვიდად გიქნევთ თავს. რა სირცხვილია, მართლა ასეთი ვარ?

– ჯერ არ დამიმთავრებია: შეგიძლია, იყო დამნაშავე, მაგრამ იქით მოუწყო სკანდალი – „როგორ, კიდევ მე ვარ დამნაშავე?!“ – და სარგებლობ, როდესაც ადამიანებს ძალიან უყვარხარ.

– ვახო, მე შენზე რეები ვილაპარაკე შენ, კი თავს აქნევ?

– აი, მე ვლაპარაკობ შენზე და ვახოს საყვედურობ. აი, ახლაც კონფლიქტს აგდებ! (იცინიან) პატარა „ტრიუკი“ გამოგვივიდა. მგონი, სადმე ფილმში აგრესიულ სცენას რომ ნახავ, ვახოს ეჩხუბები, ასე რატომ ხდებაო. ერთი სიტყვით, ზუსტად ისეთი უნდა იყო, როგორიც ჩანხარ და გადასარევი იქნება.

– ანუ ვთამაშობ?

– დიახ. ცოტას, ალბათ, ყველა ვთამაშობთ. ახლა რა დავინახე: შეიძლება, სადღაც, სიტუაციაში, რაღაც გწყენია, იქ ჩვეულებრივად გაგიგრძელებია მხიარულება და რომ წამოსულხართ ერთი ამბავი დაგიწევია – ეს როგორ გააკეთეო. ეს არ არის თამაში?

– აბა, უზრდელად ხომ არ მოვიქცევი?!

– ხომ შეგიძლია, იქვე გაარკვიო? მაგრამ ეს ყველაფერი ცუდად არ გახასიათებს. ყველაფერთან ერთად, მართალი ადამიანი და უზადოდ ნიჭიერი ხარ. ის პოტენცია, რაც გაქვს და რასაც ვხედავ, გაცნობიერებული არ გაქვს. და, კიდევ ერთი: მინდა, მარტო გხედავდე სცენაზე. ძალიან კარგი წყვილი ხართ და დუეტი „ჯორჯია“ ნამდვილად შედგა, მაგრამ, როგორც მაყურებელს მინდა შენი შემოქმედება ვნახო. ასეთი სურვილი მაქვს და ეს ბევრისგან გამიგია. მგონი, ამაში ცუდი არაფერია.



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3