კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად მოახდინა ვიკა ბუხნიკაშვილის ხელოვნებამ ფურორი და რატომ უტოლდება საქორწინო კაბისა და ტორტის ფასი ერთმანეთს


მიუხედავად იმისა, რომ ვიკა ბუხნიკაშვილი პროფესიით კინომცოდნეა, მან სახელი ჯერ კიდევ 20 წლის წინ ჟურნალ „ვოგის“ ყდაზე დაბეჭდილი საკმაოდ თამამი ფოტოთი გაითქვა. მუშაობდა „პენტ ჰაუსშიც,“ მაგრამ ამ ყველაფერს ისევ საყვარელი ადამიანი და მასთან ოჯახის შექმნა არჩია. ვიკას მეუღლე, ცნობილი მსახიობი დათო დარჩიაა. მათ ორი შვილი ჰყავთ, 10 წლის ელენე და 12 წლის გუგა. ელენე ბალერინაა, გუგა კი – „ბაქვს ვუდის“ სკოლის წარჩინებული მოსწავლე. ბოლო დროს ვიკამ კიდევ ერთი პროფესიით გაითქვა სახელი. ეს არც მეტი, არც ნაკლები, მისი დამზადებული პომპეზური ტორტებია. შეიძლება, ბევრისთვის წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ სხვადასხვა ლიტერატურის თანახმად ნამცხვრის დამზადების ხელოვნებაშიც ზუსტად იგივე მიმდინარეობებია, როგორიც მხატვრობაში. დაწყებული იმპრესიონალიზმიდან მინიმალიზმამდე – ყველა მიმდინარეობის ნამცხვარი არსებობს.


– პროფესიით კინომცოდნე ხარ, თუმცა ჩვენი სასაუბრო თემა კინო ნამდვილად არ იქნება. მიუხედავად ამისა, საქმე, რომელსაც შენ აკეთებ, ხელოვნების სიყვარულის გარეშე, ვერ იქნებოდა ასეთი წარმატებული. ბოლო დროს მთელი თბილისი შენს შთამბეჭდავ ტორტებზე ალაპარაკდა. გულწრფელად მაინტერესებს, რას უკავშირდება შენი დაინტერესება ახალი პროფესიით?

– სამხატვრო ტექნიკუმიც დამთავრებული მაქვს და აკადემიაში ჩასაბარებლადაც ვემზადებოდი, მაგრამ მერე კინომცოდნეობა ვარჩიე და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე გამოცდები. საქართველოში, ფაქტობრივად, კინომცოდნე არ სჭირდებათ, რადგან ფილმებს მასიურად არავინ იღებს. რაღაც ხომ უნდა მეკეთებინა?! რაც შეეხება ნამცხვრებისა და ტორტების ცხობას, ოჯახიდან მომდევს. დედას და ბებიას ტკბილეულის მომზადება ერთგვარ კულტად ჰქონდათ. ამიტომ, ეს მეც მეხერხებოდა. ერთი პერიოდი კულინარიული კაფეც მქონდა, რომელიც გუგა კოტეტიშვილთან და რატი ერაძესთან ერთად გავხსენი. მოგვიანებით კი, გადავწყვიტე ჩემი შემოქმედება, გამოყენებით შემოქმედებად გადამექცია. რადგან დღეს ნახატებს ნაკლებად ყიდულობენ, ხოლო ქორწილი ტორტის გარეშე წარმოუდგენელია, გამოყენებითი ხელოვნება მე ძალიან მომწონს და...

– რით არის შენი ტორტები გამორჩეული?

– ძირითადად, მარციპანის ტორტებზე ვმუშაობ. ეს არის შაქრის პასტის ტორტები. ვმუშაობ რამდენიმენაირ შაქართან, რაც ძალიან რთულია. შაქარს გარკვეული ტემპერატურა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, გაფუჭდეს, რაც ფაქტობრივად, გამოუყენებელი რჩება და უნდა გადაყარო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა მეორე დღეს ქორწილია და 300 კაცი გელოდება. იდეალური ტორტი უნდა გააკეთო, არაფერი არ უნდა შეგეშალოს, თორემ შეცდომას ვეღარ გამოასწორებ. ტორტი აბსოლუტური ხელოვნებაა, რისთვისაც ძალიან ბევრი რამ გჭირდება. თავისთავად, კულინარიის ცოდნა ერთ-ერთი მთავარი მომენტია, ასევე რაღაც დოზით, მხატვრობაშიც უნდა ერკვეოდე. თქვენ წარმოიდგინეთ, რაც მე სახლში რემონტი მიკეთებია, ამის პრაქტიკაც კი მეხმარება ტორტის გაკეთებაში.

– რამდენი ხანია, რაც კულინარიულ შედევრებს აკეთებ?

– 4 წელია. მასტერკლასებიც გავიარე, მაგრამ, რომ გითხრათ, ამან რაღაც მომცა-მეთქი, – არა. ანუ, ეს ისევ ოჯახიდან მოდის და პლუს ამას შესაბამისი ლიტერატურა, რომლის შეძენაშიც ძალიან დიდ ფულს ვიხდი. ასევე, სამხატვრო ტექნიკუმი, კინომცოდნეობა... მოკლედ, ყველაფერი ჩავაქსოვე ამაში. თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გააკეთებ.

– ბოლო შედევრი, რომელზეც მთელი თბილისი ალაპარაკდა, ეს მანიკა ასათიანისა და ბექა წივწივაძის საქორწინო ტორტი გახლდათ. მართლა, ძალიან ლამაზი და ორიგინალური ფორმის ტორტი იყო. რამდენი ხანი მოანდომე მის დამზადებას?

– ეს ტორტი სამ დღეში გაკეთდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამკვეთს. ხშირია საბჭოური აზროვნების დამკვეთი და ტორტთან დამოკიდებულებაში რატომღაც ჩარჩოები აქვთ. ჰგონიათ, რომ ტორტი აუცილებლად უნდა იყოს მრგვალი, ჰქონდეს ყვავილი, „ბანტი“ და მსგავსი ატრიბუტები. მანიკას დედამთილმა, ხათუნა ქელბაქიანმა კი, ჩემი აზრით, ძალიან გემოვნებიანად, ჩვენთან ერთად შეარჩია ეს ყველაფერი. მან მომცა საშუალება, თავისუფლად მემუშავა ამ ტორტზე. როცა ტორტს გიკვეთავენ და გეუბნებიან, მრგვალი უნდა იყოს და ჰქონდეს ყვავილიო, ვერაფერს გახდები. უფლება არ გაქვს საკუთარი გემოვნებით იმუშაო. მანიკას და ბექას ტორტის შემთხვევაში, სულ სხვა სიტუაცია იყო და დიდი ფურორიც მოახდინა. ტორტი ასიმეტრიული და განსხვავებული იყო. ნეტავ, ყველა მათნაირი დამკვეთი მოდიოდეს ჩემთან, რომ ასეთი განსხვავებული ტორტები ვაკეთო. ხათუნასთვის მთავარი იყო შვილისთვის ესიამოვნებინა, განსხვავებული და გემოვნებიანი ტორტი ყოფილიყო, ფასს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

– სიმაღლეში რამდენი სანტიმეტრი იყო ტორტი?

– 170 სანტიმეტრი. ძალიან ლამაზი და გრანდიოზული იყო.

– და, რა თანხა ჯდება ასეთი ტორტის დამზადება?

– ასეთი ტორტი 2 000 ლარამდე ჯდება.

– შენი ტორტები საკმაოდ ძვირად ღირებულია.

– კი, რადგან ძალიან შრომატევადია. პრინციპში, არც ისე ძვირად ღირებული გამოდის, რადგან ტორტი, ისევე როგორც საქორწინო კაბა, ერთი დღისთვისაა. როცა ერთი დღისთვის იკერავ პომპეზურ საქორწინო კაბას და მასში იხდი 2 000 ლარს, ზუსტად იგივე დატვირთვა აქვს ტორტსაც.

– ყველა საქორწინო ტორტი 2 000 ლარი ღირს?

– არა, არის 600-ლარიანიც – პატარა ზომის სამსართულიანი ტორტები. ის განსხვავებული არ არის და იმდენად შეუმჩნეველია, რომ ზეიმს არ ქმნის. ჩემი აზრით, უმჯობესია, ცოტა მეტი გადაიხადო და გაცილებით პომპეზური დაუკვეთო. მით უმეტეს, რომ ნატურალური პროდუქტებით ვმუშაობთ, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა. ბევრი ფხვნილზე მუშაობს, რაც გაცილებით სწრაფიც არის. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. ამიტომაც, ჯდება ჩვენი ტორტი ძვირი. ზოგი ინგრედიენტი ამერიკიდან ჩამოგვაქვს, რადგან აქ თითქმის ვერაფერს ვშოულობთ. ზოგ, პატარა ზომის საღებავში 100 დოლარიც გადამიხდია, რომელიც მერე ძალიან ბევრ რამეში მეხმარება.

– თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ პატარძლის კაბაზე ძვირი, შეიძლება შენი ტორტი დაჯდეს.

– ხანდახან არის ასეთი მომენტიც.

– ანუ, შენი ტორტების მინიმალური ფასი 600 ლარია?

– ეს საქორწინო ტორტების ფასი იწყება 600 ლარიდან, თორებ დაბადების დღის და სხვა სახის ტორტები 50-80 ლარიც ღირს და მეტიც, გააჩნია...

– მანიკა ასათიანის გარდა, კიდევ რომელი ცნობილი ადამიანებისთვის გაგიკეთებია ტორტი?

– ანი გიუნტერის საქორწილო ტორტი „კედელი“ მე გავაკეთე, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. ანის სურვილით, ნატურალურად მოხატული ბერლინის კედელი დავამზადეთ. ყოველთვის საინტერესოა ტორტი, რომელიც თემატურად არის დატვირთული. თიკა ჯამბურიასაც გავუკეთეთ საქორწინო ტორტი. ბატონ რობერტ სტურუასაც დავუმზადე ძალიან ორიგინალური საიუბილეო ტორტი (სკამი შაქრისგან არის დამზადებული) და ასე შემდეგ.

– ვინ დაგეხმარა ამ ბიზნესის წამოწყებაში?

– სანამ ბოლომდე არ ვისწავლე ყველაფერი, მუშაობა არც დამიწყია. ჩემი მეგობარი შალვა ქელბაქიანი ძალიან დამეხმარა, რომლის გარეშეც ვერაფერს გავაკეთებდი. მან უზარმაზარი ფული ჩადო ამ ბიზნესში, რასაც მარტო ვერანაირად გავრისკავდი. ჩვენ ბიზნესპარტნიორები ვართ და სულ მალე გავხსნით საკონდიტროს, რომელსაც „კარამელი“ ერქმევა.

– მინდა, თემას გადავუხვიო და ისიც აღვნიშნო, რომ წარმატება ყოველთვის თან გდევს. რამდენიმე წლის წინ, დარწმუნებული ვარ, ბევრი გოგონა ინატრებდა შენს ადგილზე ყოფნას. ნანახი მაქვს „ვოგის“ ჟურნალი, რომლის ყდასაც შენი ფოტო ამშვენებდა. ეს როგორ მოხდა?

– იყო ასეთი კომპანია „ვესტა,“ რომელსაც ჰქონდა ჟურნალი „ნატვრისთვალი“. მათ კონტრაქტი ჰქონდათ დადებული „ვოგთან.“ „ვესტას“ უფროსი მაშინ მიშა სურგულაძე იყო, რომელიც მოგვიანებით, მოსკოვში, „პენტ ჰაუსში“ გადავიდა სამუშაოდ. „ვესტამ“ და „ნატვრისთვალმა“ საქართველოში, 90-იან წლებში პირველად ჩამოიყვანა „ვოგის“ წარმომადგენელი ცირელ კუმი. გამოცხადებული იყო ფოტოკონკურსი, სადაც ქართველი ფოტოგრაფი მალხაზ დათიკაშვილი იღებდა ფოტოებს. გამარჯვებული მოდელის სურათი დაიბეჭდებოდა „ვოგის“ ყდაზე და პლუს, იქ წასვლასაც სთავაზობდნენ სამუშაოდ. კონკურსში მე გავიმარჯვე და ამიტომ „ვოგის“ ყდაზე ჩემი ფოტო დაიბეჭდა. მაშინ 18 წლის ვიყავი და თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი. საფრანგეთში უნდა წავსულიყავი, მაგრამ მერე ომი დაიწყო და ამან შემიშალა ხელი. კონკურსში მეორე, მესამე ადგილზე, მაკა შავერდაშვილი და მაკა მიქელაძე გავიდნენ. მაკა შავერდაშვილმა „ბურდაში“ დაიწყო მუშაობა და აიწყო მომავალი. მე კი მოსკოვში, „პენტ ჰაუსში“ მიმიწვიეს. წავედი კიდეც, მაგრამ რადგან დათო გამუდმებით მირეკავდა და ჩამოსვლას მთხოვდა, გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი და ოჯახი შემექმნა.

– იმ პერიოდში ალბათ, ერთეულებს უმართლებდათ და ყველა „ვოგის“ ყდაზე ვერ ხვდებოდა. თან საკმაოდ თამამი ფოტო იყო დაბეჭდილი.

– იმ პერიოდში იყო ეს ახალი ხილი, თორემ ახლა ყველა იხდის. რაც ხელოვნებას უკავშირდება, ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა გახდილი ხარ თუ ჩაცმული, მთავარია, ლამაზი იყო და საქმე გამოვიდეს. ხშირად ისიც უკითხავთ ჩემთვის, დათო დარჩია სექსუალურ სცენებში რომ არის გადაღებული არ ეჭვიანობო? ეს ხომ სირცხვილია, რატომ უნდა ვიეჭვიანო? ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი და ჩემი საქმე.

– ძალიან პოპულარული მეუღლე გყავს.

– დათოს ძალიან უყვარს თავის პროფესია და საერთოდ, ძალიან დიდი ბედნიერებაა ისეთ თეატრში მოღვაწეობა, როგორიც რუსთაველის თეატრია. ადრე, თითო სპექტაკლი ხუთჯერ მაინც მქონდა ნანახი, მაგრამ ახლა, დროის უკმარისობის გამო, ძირითადად, პრემიერებზე დავდივარ. ახლახან ათონელზე ჰქონდათ პრემიერა, ამჟამად კი გოგა თავაძესთან მუშაობს კომედიაზე. ალბათ, სეზონის ბოლოს პრემიერაც შედგება.

– შენს ნამუშევრებს როგორ აფასებს?

– ძალიან მოსწონს და ჩემი დიდი გულშემატკივარია.


скачать dle 11.3