კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ „გააქვს ბაითები“ ქართველ სპაიდერმენ გივი მაღრაძეს და რატომ არ აცდუნებს ფულის მარტივი ხერხით შოვნა დათო რობაქიძეს


მათ თავი ძალიან უცნაური ნიჭით გამოავლინეს და ჟიურის განსაკუთრებული მოწონებაც დაიმსახურეს. ერთი საოცარი თავგანწირვით, მეორე კი წარმოუდგენელი მოხერხებულობითა და იუმორით აკეთებს საქმეს, რომლის ყურებაც ყველა მაყურებელს განსაკუთრებულ ემოციებს ჰგვრის. გივი მაღრაძე „პარკურიდან“ და ილუზიონისტი დათო რობაქიძე უკვე ფინალში არიან.


– გივი, მახსოვს, დაახლოებით ორი წლის წინ, ჩვენს ჟურნალში შენთან ინტერვიუ იყო...

გივი მაღრაძე: დიახ. ეს ჩემი პირველი ინტერვიუ იყო და მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ ინტერვიუში ვთქვი, რომ ფედერაციის შექმნის სურვილი მქონდა და ეს შევძელით კიდეც. ჯერჯერობით მხოლოდ სტარტს ვიღებთ. დარბაზი გვქონდა დაქირავებული სავარჯიშოდ, მაგრამ მისი შენახვა ვერ შევძელით. უამრავი მიმდევარი გამოგვიჩნდა. როდესაც ეს საქმე დავიწყეთ, სულ ხუთი-ექვსი კაცი ვიყავით, ახლა კი ხუთასამდე ადამიანს აერთიანებს.

– რა ასაკში დაიწყე „სპაიდერმენობა“?

– მეთერთმეტე კლასში ვიყავი, 2006 წელს, 2003 წელს გამოვიდა ფილმი „იამაკასი“, რომელზეც ვგიჟდებოდი. სოფელში, რომ ჩავდიოდი, სახლის სახურავებზე, აივნებზე ავცოცდებოდი ხოლმე, დავხტოდი, „იამაკასის“ შავი ნიღაბი გამოვჭერი და საშინლად მწყდებოდა გული, რომ იგივეს ვერ ვაკეთებდი. თავიდან მეგონა, იაპონური საბრძოლო ხელოვნების ნაწილი იყო, სამურაებიდან, ძველი დროიდან წამოსული. მაგრამ, რეალურად ეს დისციპლინა საფრანგეთში ჩამოყალიბდა და არა – იაპონიაში.

– იაპონელები ყველაზე წინ არიან ამ სფეროში?

– არა, ამ წუთას ბრიტანელები არიან მსოფლიოში ყველაზე მაგრები. ამას წინათ „დისქავერიზე“ იყო გადაცემა, სადაც თქვეს, რომ ადამიანი, რომელიც მეტრ-ნახევარზე ხტება, მხოლოდ ბარძაყის ნაწილში 1 700 ვატ ენერგიას ხარჯავსო. ანუ, ძალიან დიდი დატვირთვა მოდის სხეულზე, მაშინ როდესაც მეტრ-ნახევარი ჩვენთვის არაფერია.

– რა განვითარება აქვს „პარკურს“? შეჯიბრებები ტარდება?

– თვითონ „პარკური“ კრძალავს ყოველგვარ შეჯიბრებას, მაგრამ იმისთვის რომ ჩემპიონატები ჩაეტარებინათ, შექმნეს ცალკე დისციპლინა „ფრი რან“, რომელიც თითქმის იგივეა, რაც „პარკური“. „ფრი რანი“ პარკურის ინგლისური თარგმანია, რომელიც ცალკე გამოიყო და უამრავი შეჯიბრება ტარდება ამ მიმართულებაში. „პარკურის“ ფილოსოფიაა, ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე რაც შეიძლება სწრაფად გადაადგილდე. მნიშვნელობა არ აქვს, რა ილეთებით შეძლებ ამას. „ფრი რანში“ წერტილები არ არსებობს, იქ შეგიძლია, რაც გინდა ის აკეთო, ოღონდ, ლამაზად და რთული ილეთებით. უფრო მეტად აკრობატული ილეთები ჭარბობს. შოუს უფრო „ფრი რანი“ უხდება. „ნიჭიერშიც“ მხოლოდ „პარკურის“ ილეთებით რომ გავსულიყავით, ეფექტს ვერ მოვახდენდით, მაშინ დიდი სივრცე დაგვჭირდებოდა.

– მეთექვსმეტე სართულზე საოცარი სისწრაფით ადიოდით...

– მაშინ მეგონა, ძალიან მაგარი ვიყავი და ახლა ამ ვიდეოს ყურებისას, მეცინება. რაც დრო გადის, ვხვდები, კიდევ რამდენი მაქვს სასწავლი. საოცრად მრავალფეროვანი სპორტია და თავიდან ბოლომდე მისი შესწავლა, შეუძლებელია. სულ ახალი და ახალი ილეთები ჩნდება. ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ. ზამთარში ფიზიკურ მომზადებას ვიწყებთ, მეტი ყურადღება ძალაზე გვაქვს კონცენტრირებული. ორ საათს ტექნიკაზე, სამს კი ძალაზე ვარჯიშს ვუთმობთ. კვირაში ერთხელ ვვარჯიშობთ სირბილში, იმისთვის, რომ კარგი სუნთქვა გვქონდეს – წერეთლიდან რიყემდე ფეხით ჩავრბოდით და უკანვე ამოვრბოდით. ეს დაახლოებით, 12 კილომეტრია.

– დათო, შენ მომიყევი როგორ დაინტერესდი ამ სფეროთი. ჯადოქრობაზე, რაღაც დოზით ყველა ბავშვი ოცნებობს, მაგრამ ილუზიონისტი ცოტა თუ ხდება.

დათო რობაქიძე: მეხსიერებაში საკუთარი თავი ბუნდოვნად რომ გახსოვს, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ვუყურებდი ტელევიზორში ილუზიონისტებს. განსაკუთრებით მახსოვს, დევიდ კოპერფილდი, რომელიც საკუთარ ფოკუსებს ხსნიდა. მაშინვე დავინტერესდი, მაგრამ 2001 წლის ბოლოს, როცა უკრაინულ არხზე ვუყურე გადაცემას მსოფლიოს საუკეთესო ილუზიონისტების შესახებ, სადაც უჩვენეს მაკ კინგი, რომელმაც რამდენიმე მარტივი ფოკუსი ახსნა, მივხვდი, თურმე რეები ხდება. პირველი ფოკუსი, რომლის გაკეთებაც ვცადე, ეს ცხვირსახოცში მონეტის გაქრობა იყო. სახლში ჩემებს ვაჩვენე. მართალია, მიხვდნენ როგორ ვაკეთებდი, მაგრამ არ დავნებდი და ახალ-ახალი ფოკუსების შესწავლა დავიწყე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ინტერნეტის საშუალებით შემიძლია, ამ ყველაფრის შესწავლა. გაკვეთილები ისე საინტერესო არ არის, როგორც გამოცნობის პროცესი. საიდუმლოს ამოხსნაა ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი. საერთოდ, ასეთი ფილოსოფიაა – კარგ ფოკუსს არავინ აგიხსნის. ამიტომ, ერთი და იგივე ფოკუსს ალბათ, ორმოცდაათჯერ ვუყურებდი. თვალის ან ხელის ნებისმიერ, უმნიშვნელო მოძრაობასაც კი ვაკვირდებოდი. კადრს ვანელებდი. იმ დონემდეც მივედი, რომ ვხვდები, ადამიანი დაახლოებით რაზე ფიქრობს.

– ყოველთვის ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ არასწორად იყურებიან?

– (იცინიან) მთავარია ყურადღების გადატანა. გივის ვაჩვენებდი ფოკუსებს. კარტი მიჭირავს ხელში, თვალებში ვაკვირდები, ვაკვირდები და როგორც კი ხელიდან თვალებამდე ამოაყოლებს მზერას, მაშინ ხდება სასწაული.

– და, როდესაც მაყურებელი ბევრია.

– მაშინ უკვე იუმორი მეხმარება. საერთოდ, „დასტრესილ“ საქართველოში ფოკუსის ყურება არ იციან, – ბრჭყალებში ვამბობ ამას. გიყურებენ არა ისე, რომ იფიქრონ, რა კარგია, რა მაგარია და გაერთონ, არამედ იმას ფიქრობენ, ვაიმე, რას გვატყუებს, უნდა გამოვიცნოო. არადა, არ იციან, რომ ფოკუსი მაშინვე უინტერესო ხდება, როდესაც მას გამოიცნობ. იმ დონეზე მაინც ვერ გააკეთებს, როგორც მე, რადგან ამას ბევრი ვარჯიში უნდა, ინტერესიც დაეკარგება და თვითონ ჩავარდება უხერხულ მდგომარეობაში. „ნიჭიერი“, როცა გამოჩნდა, გადავწყვიტე რომ ყველაფერი იუმორში გამეკეთებინა. არის ასეთი ილუზიონისტი, დევიდ სტოუნი, რომელიც ამ სტილში მუშაობს. მას მარტივი ფოკუსები აქვს, მაგრამ იუმორით ისეა გაჯერებული, რომ ერთობი. ქასთინგზე ექსპერიმენტი ჩავატარე და უფრო მეტად სახალისო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ნახევარფინალშიც იგივე გავაკეთე. ცალ-ცალკე რომ ავიღოთ, ყველა ფოკუსი ძალიან მარტივი იყო, მაგრამ ერთად შეიკრა, იუმორით გადაება და მგონი, კარგი გამოვიდა. ყველაზე მთავარი, მოულოდნელობაა.

– რა არის ფოკუსში ყველაზე რთული, რა ვერ ამოხსენი?

– ბევრ ახალ ფოკუსს იგონებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მათი ამოხსნა ძალიან რთულია – მაგალითად, აიფოუნით, მობილურით ფოკუსები. ერთი რამ მინდა დავამატო, ჩემი კონკურენტი, ავთო გოგეშვილი, რომელიც ფინალში ვერ გადავიდა, ჩემი უახლოესი მეგობარია. ერთმანეთთან კონსულტაციებს გავდივართ, ვთანამშრომლობთ.

– არ უთქვამთ შენთვის, რომ კარგი ჯიბის ქურდი იქნებოდი? ფულის შოვნის მარტივ ხერხებზე არ გიფიქრია?

– (იცინიან) ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება – აი, შენი ნიჭი, რომ მქონდეს, რა ფულს ვიშოვიდი, რა „მაზიანებს“ მოვიგებდი...

გივი: იგივეს მეუბნებიან მეც. აუ, ეგ ვიცოდე, რა „ბაითებს გავიტანდიო“, – ასეთებიც უთქვამთ. (იცინის). კარგი რა, რა „ბაითები“, არავითარ შემთხვევაში შენი საქმე ბოროტად არ უნდა გამოიყენო. მით უმეტეს, „პარკური“ ძალიან მიყვარს და არანაირი სურვილი არ მაქვს, მისი რეპუტაცია შევლახო. ჩემთვის ეს ფილოსოფიაა, ცხოვრების წესი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა თვითონ ცხოვრებაშიც.

დათო: ნიჭი და განსაკუთრებული თვისება ადამიანისთვის დამატებითი პასუხისმგებლობაცაა. მარტივად მოპოვებული ფული ყველას სიამოვნებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ადამიანები დავაზარალო. ფილოსოფიაზე ვსაუბრობთ და გეტყვით, რომ ჩემი უსაყვარლესი ილუზიონისტის – დევიდ ბლეინის ფილოსოფიას მივდევ: ყველაფერი გენიალური მარტივია. რაც უფრო მარტივია ფოკუსი, მით უფრო საინტერესოა. არ სჭირდება ამას ჭრელა-ჭრულა პიჯაკები და ფრაკები, გრანდიოზული ბაფთები და კლოუნის ტანსაცმელში გამოსვლა. პიჯაკი მხოლოდ იმიტომ მეცვა, რომ ჯიბეები მჭირდებოდა.

– აფრენა რთული ილეთია?

– ძვირი ილეთია, რთული – არა. ეს ამოხსნილია. ილუზიონისტებს ერთმანეთში საიდუმლოებები არ გვაქვს და ვიცი, რომ ეს რთული ილეთი არ არის.

– შენ თვითონ ვის გაუკვირვებიხარ?

– მამაჩემს. სულ სამი ფოკუსი იცის, მაგრამ ერთი იქიდან ისე მაჩვენა, რომ გავგიჟდი. პატარა ვიყავი და ეს შთაბეჭდილება საოცრად მახსოვს.

გივი: გენებში გქონია ფოკუსები.

დათო: ასე გამოდის (იცინიან).

– ფინალში რას გააკეთებ?

– ისევ დევიდ ბლეინის ფილოსოფიას გავყვები. მინდა უმარტივესი ფოკუსები იყოს, მაგრამ რეაქციები – უძლიერესი. სახალისოც იქნება, რომ მაყურებელმა ისიამოვნოს.

გივი: ჩვენც ძალიან საინტერესო სანახაობას ვპირდებით მაყურებელს. მინდა, იცოდეთ, რომ ილეთებით და მომზადების დონით არც ერთი ქვეყნის პარკურისტებს არ ჩამოვუვარდებით. პირობები გვაკლია მხოლოდ. დარბაზი არ გვაქვს სადაც ვივარჯიშებთ. „გუბკების“ მაგივრად ბორბლები გვიყრია. საკმაოდ სახიფათოა ეს ყველაფერი. ერთ-ერთს ჩვენი გუნდიდან რეპეტიციის დროს ლავიწის ძვალი მოტყდა და მისი შეცვლა მოგვიწია. არადა, კონცერტამდე ერთი დღე მაინც არის საჭირო დასვენება, რომ კუნთები ფორმაში იყოს. ჩვენ კი ბოლო წუთამდე ვვარჯიშობდით.

– არიან თუ არა ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით გგულშემატკივრობენ, გოგონებს ვგულისხმობ.

დათო: შეყვარებული არ მყავს. რაღაც იყო, მაგრამ არ აეწყო და დამთავრდა. ისე, ამ პერიოდში შეყვარებული რომ მყავდეს არ მინდა, ბოლომდე პროექტში ვარ. მას სათანადო ყურადღებას ვერ დავუთმობდი.

გივი: ორი გოგო მომწონდა, ორივემ „დამადო“, დამშორდნენ და მეც ვუთხარი, კარგად იყავით-მეთქი. (იცინის). ახლა ვნახოთ, „ნიჭიერის“ მერე უფრო გაგვიცნობს ყველა (იცინიან).

– გივი, პირველი ინტერვიუს დროს სახეს მალავდი, რატომ?

– ბებიაჩემი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, ჩემზე საშინლად ნერვიულობდა. არ მინდოდა, წაეკითხა, მაღალ სართულებზე როგორ დავძვრებოდი. „კალიას“ მეძახდა. მაგრამ თქვენი ჟურნალი, რომ გამოვიდა, მაინც მიცნო, დამირეკა და მითხრა, „კალია“ მაინც დაძვრები ხომ თექვსმეტსართულიანებზეო. (იცინიან) ეს საქმე მიყვარს და რა ვქნა?!


скачать dle 11.3