კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისმა გინებამ გააოცა ნუგზარ კვაშალი და რით აჯობეს ქალებმა მამაკაცებს მისი აზრით


ქალის სრულყოფილება საბოლოოდ მაშინ აღიარა, როცა მის სახლში პატარა ქალბატონი გაჩნდა. ნუგზარ კვაშალი შვილიშვილს ჯერ საბოლოოდ არ გადაურევია, მაგრამ აშკარად ეტყობა, რომ მალე სრულიად „განაიარაღებს“. შეიძლება ამიტომაც, ქალებს ვერაფერში ადანაშაულებს და დარწმუნებულია, რომ თუკი რაიმე ცუდი ხდება, ამაში ბრალი მხოლოდ ძლიერ სქესს მიუძღვის.


ნუგზარ კვაშალი: ცოტა რთული სათქმელია, რა არის უპირატესობა. მე მამაკაცად დავიბადე და ბუნებრივია, კმაყოფილი ვარ ამით. მაგრამ იმის თქმა, რომ კაცს ნაკლები ვალდებულებები აქვს, ან მისთვის ცხოვრება უფრო იოლია, არასწორია. პირიქით, სწორედ კაცია ვალდებული საკუთარ მხრებზე გადაიტანოს ცხოვრებისეული სიძნელეები. ომშიც კაცი მიდის და დიდი პრობლემებიც მისი მოსაგვარებელია. ქალს სიძნელეებს ყოველთვის არიდებდნენ. ახლა თქვენ მითხარით, არის უპირატესობა კაცად დაბადება?

– თუკი, ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებად არ დარჩება... დღეს კაცებმა ცოტა შეასუსტეს თავიანთი პოზიციები.

– გეთანხმებით. ცოტა კი არა, ძალიან შეასუსტეს, რაც მე მაწუხებს. ადრე ძალიან იშვიათად იყო მეომარი და მებრძოლი ქალი. მხოლოდ განსაკუთრებულ, ათასში ერთ შემთხვევაში თუ აიღებდა ხელში ხმალს. ქმარი ედგა მას დამცველად.

ახლა, ჩვენ ხომ არ გვიჭირავს ხმალი, რაღაც მსგავსი ხდება. ქალები ძალიან გააქტიურდნენ. ოჯახებსაც ინახავენ და ქმრებსაც უვლიან. ადრე მამაკაცებს ჰქონდათ მეტი სულისკვეთება, ვაჟკაცობა და ნამუსი. სიტყვა სიტყვა იყო, კაცი – კაცი. მახსოვს, ასეთი სადღეგრძელო – გაუმარჯოს მეოცე საუკუნის მეგობრობას, მეთვრამეტე საუკუნის სინდისითო (იცინის). ამით იმისი თქმა უნდოდათ, რომ ადრე მეტი ფასი ჰქონდა სინდისს. ულვაშის ძალა ხომ გაგიგიათ. მიხვიდოდი „პროკრედიტ ბანკში“, დატოვებდი ულვაშს და აღარ გინდოდა არაფერი. ვინ არ ენდობოდა შენს სიტყვას?!

– გამოგატანდნენ კრედიტს?

– აბა, გამოგატანდნენ რომელია (იცინის). ულვაში იყო კაცის ნამუსიც, სინდისიც და არასოდეს უღალატებდა თავის სიტყვას, თუკი ულვაში მოჰყავდა გარანტად. ერთხელ ჩემი ამხანაგის ბაბუა ჩავიდა სოფლიდან თავისი რაიონის ცენტრში დალაქთან. თმა უნდოდა, გაეკრიჭა, მაგრამ ქისა დარჩა სახლში. იცნობდნენ კარგად და არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ მაინც მოიცალა ულვაში და მისცა, შემინახე ნამუსი, გავვარდები ახლა სახლში და ჩამოვიტან ფულსო. მოიტანა მართლაც ფული და მოსთხოვა თავისი ნამუსი უკან. რას დაუბრუნებდა, იმდენი ბალანი ეყარა იატაკზე. ძალიან სერიოზულად გაბრაზდა. იმ კაცისთვის ის ულვაში სერიოზული ამბავი იყო. დღეს ულვაშს ვინ ჩივის, ფიციც აღარ შველის. ვეღარავის ენდობი. კაცის სიტყვაც აღარ არის სიტყვა.

– ხომ არ აჯობეს ქალებმა კაცებს?

– როგორ არ აჯობეს. აჯობეს ბატონო, გინებაში, სიგარეტის მოწევაში. ლოთობა-ქეიფში... ძალიან მწყინს.

– ეს ვისი ბრალია?

– კაცების ბრალია, რა თქმა უნდა. სერიოზულად ვამბობ. ქალის ბრალი არაფერი არ შეიძლება, იყოს. როცა ქალი რამეს აშავებს და აფუჭებს, კაცია ამაში დამნაშავე, ყველაფერზე პასუხისმგებელი ის არის. ტყუილად ნუ გადააბრალებენ ქალს.

– ძალიან კარგი, თორემ კაცები სულ ცდილობენ, ჩვენ გაგვხვიონ შარში.

– არავითარ შემთხვევაში. ქალი არაფერ შუაშია. კაცი არ დგას თავის სიმაღლეზე. ქართველი კაცები ამბობენ, რომ სხვანაირები არიან. კი, ბატონო, მაგრამ ქართველი ქალებიც რომ სხვანაირები არიან?! ორას კაცს რომ ეჩხუბა და სასიკვდილოდ არ დაენდოთ ერთმანეთი, მივიდოდა ქალი, ჩააგდებდა მანდილს და მთავრდებოდა ჩხუბი. ქალი რომ მოჰკიდებდა კაცს მკლავში ხელს და გვერდით გაიყვანდა, ხმას ვეღარ გასცემდი იმ კაცს. ხელსაც ვერ ახლებდი, სანამ ის ქალი გვერდით ჰყავდა. ახლა, თვითონ ქალი გაგლახავს ფეხსაცმლის წვეტიანი ქუსლით (იცინის). არადა ლამაზებიც არიან, კარგი მოლაპარაკეებიც, დიდ და კარგ მანქანებზე სხედან. კი, ბატონო, მივდივართ ევროპისკენ, მაგრამ როდის ჩავალთ, ან საერთოდ თუ ჩავალთ, საკითხავია ჯერ. მერე როგორ გინდა დაამტკიცო, რომ ევროპელი იყავი. არ გამოვა ეს, არ არსებობს. ნახავ, შენი ბაბუის, იმის ბაბუის, კიდევ იმის ბაბუის სურათს და აზიატებია ყველა. გვინდა, მივუახლოვდეთ ევროპას და არც მე ვარ ამისი წინააღმდეგი, მაგრამ ყველაფერს ვერ გადმოვიღებთ და ვერც იმ ტრადიციებს მოვიშლით, რომლებმაც აქამდე მოგვაღწევინა.

– მე მაინც ვფიქრობ, რომ თითქმის ყველა ქალს ურჩევნია, ძლიერი მამაკაცი ჰყავდეს გვერდით და თვითონ არ იკაცოს.

– აღარ არიან მერე, ეს მაგარი და ძლიერი კაცები. იმდენი აღარ არიან, რომ ყველა ქართველ ქალს ეყოს (იცინის). კაცური სიტყვა, რომ ვახსენე, ეგ იყო, მაგარი კაცობის განმსაზღვრელი, რომელიც აღარ არსებობს დღეს და არანაირი მთავრობის ბრალი ეს არ არის. ვერ დავაბრალებ მთავრობას. რაღაც ხდება და ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ის არის, უცხო ქვეყანაში წამსვლელ შვილს, რომ გააფრთხილებს მშობელი, ქართველს არ გაეკაროო. ანუ, წინასწარ იცი, რომ შენიანი ცუდის მეტს არაფერს გიზამს. ძალიან ბევრი მოეთხოვება ქალსაც და კაცსაც, მაგრამ, კაცს კიდევ უფრო მეტი მოეთხოვება.

– მამაკაცს ხელის ჩაქნევის უფლება არ აქვს?

– მამაკაცს უფრო აქვს ხელის ჩაქნევისთვის მიზეზი. ის იყო ოჯახში შემტანი და სარჩოს მომპოვებელი. ამიტომ, როცა კაცს ამ მთავარ ფუნქციას მოუშლი, მაშინ ის ძალიან ადვილად ვარდება დეპრესიაში. ადვილად კარგავს იმედს და შეიძლება, წყალში გადავარდეს, ან გალოთდეს. ახლა რომ საქართველოში იაფფასიანი ალკოჰოლი ისმევა, ამდენი არაყი, ჩვენს მამა-პაპას არ დაულევია.

– გამოდის, ქალი მამაკაცზე ძლიერი ყოფილა.

– კაცი, კი ქალზე სუსტი? შეიძლება. ხომ გითხარი, ქალებმა ბევრ რამეში აჯობეს მამაკაცებს-მეთქი. დავარქვათ ამას სისუსტე, მაგრამ ფაქტია, რომ ქალებს ასეთი სისუსტე, მხოლოდ სიყვარულის დროს ემართებათ. შეყვარებულები როცა არიან, მაშინ ვარდებიან დეპრესიაში. მე დიდ პატივს ვცემ ქალბატონებს. უმრავი ქალი მინახავს ჩემს ცხოვრებაში, ყველანაირი კანის ფერით, მაგრამ არ მახსოვს, უბრალოდ მეწყენინებინოს, რომელიმესთვის. ხელით შეხებაზე, საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. მე საერთოდ, არ მესმის იმ კაცების, რომლებსაც შეუძლიათ, ქალზე ხელი აღმართონ. ისე კი, კაცი შედარებით დაჩაგრულია.

– კაცია დაჩაგრული, ბატონო ნუგზარ?

– გეტყვით, რასაც ვგულისხმობ დაჩაგვრაში. მაგალითად, ჩემი შვილები, ბიჭები არიან და ყველაფერზე დედამისთან გარბიან. ის სულ საქმის კურსშია. სულ იცის, რომლის თავს რა ხდება. დედაშვილობა ძლიერია მამაშვილობაზე და ესეც კაცების ბრალია. მე არ ვარ ჩემი შვილების ისეთი მეგობარი, როგორიც უნდა ვიყო და გული მწყდება. სისუსტე გამოვიჩინე. როცა ამაზე ფიქრს იწყებ, უკვე გვიანია. მეტად უნდა იყოს მამა შვილებთან, მაგრამ რაღაც ეტაპზე არ გამოდის და ამიტომაც, ვთქვი, მამა უფრო დაჩაგრულია-მეთქი. ქალის გარშემო არის შეკრული ოჯახი. ასე იყო და მჯერა, რომ კვლავაც ასე იქნება. კარგი რაც არის, ფასეულობებს ვგულისხმობ, ის აუცილებლად უკან მობრუნდება. ქართველი მამაკაცი ქალს ყოველთვის ძალიან დიდ პატივს სცემდა და ისიც იმსახურებდა ამას. თორემ, თუ ქალმა რამე გადაწყვიტა და მოინდომა, დამთავრებულია. მე გინება მომისმენია ისეთი ქალის პირიდან, ყურებისთვის არ დამიჯერებია.

– ვისგან?

– ახალგაზრდა მძღოლი ქალბატონებისგან (იცინის). ღმერთმა დამიფაროს, მე რომელიმე ქალს პატივი არ ვცე. გამორიცხულია. გზასაც დავუთმობ და მოვიცდი კიდეც, სანამ გზას გამითავისუფლებს, მაგრამ გეუბნებით, მინახავს, როგორ გაუღია ფანჯარა, ახალგაზრდა, ლამაზ ქალს და ისეთი სიტყვებით შეუგინია, გავოცებულვარ. რა ვქნა, არ მომწონს, ქალის ამგვარი და ამ ფორმით გააქტიურება. ტრადიციებს პატივს ვცემ და ვიცავ კიდეც. თუმცა, ერთი ტრადიცია მაინც დავარღვიე (იცინის). სულ ვამბობდი, რძალთან ვერ ვიცხოვრებ, განა არ ვიცხოვრებ, ვერ ვიცხოვრებ-მეთქი, მაგრამ, ახლა რძალიც სახლში მყავს, შვილიც და შვილიშვილიც. თან ისე მიყვარს, ჩემს შვილს უფრო გავუშვებ სახლიდან, ვიდრე მას.

– შვილიშვილიც ხომ ქალბატონია.

– რა თქმა უნდა, ქალბატონია და გადამრია მაგ ქალბატონმა. ერთი რძლის ვაკანსია კიდევ გვაქვს ოჯახში. ჩემი უფროსი ვაჟი ოცდათექვსმეტი წლისაა, მაგრამ ჯერჯერობით არ მოჰყავს ცოლი.

– ქალს ჭკუა სჭირდება?

– როგორ არ სჭირდება. მარტო გარეგნული სილამაზე, ლამაზი ნაკვთები არაფერია. ნახატივით ლამაზი ქალი მოსწონთ ცოტათი პრიმიტიულ მამაკაცებს. მოიყვანენ ასეთებს ცოლებად და მერე მალავენ, სხვამ რომ არ შეხედოს. ქალი შინაგან სილამაზეს უნდა ასხივებდეს, თავისი ჭკუით, ქცევით, გამოხედვით, აღზრდით...

– თქვენ როგორი ქალი იქნებოდით ბატონო ნუგზარ?

– უჰ, ძალიან მსუბუქი ყოფაქცევის. ისეთი სუსტი ნებისყოფის, რომ ვერავის ვეტყოდი უარს. ძალიან კეთილი ადამიანი ვარ და ადვილად დასათანხმებელი ყველაფერზე (იცინის).


скачать dle 11.3