კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდოდა ავლიპ ზურაბაშვილს კახეთში ფსიქიატრიული საავადმყოფოს გახსნა და სად აპირებდა ის 800 გიჟის მონახვას


პარლამენტარი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი იმ კუთხის წარმომადგენელია, რომელიც გამორჩეული იუმორით ხასიათდება. კახელი დეპუტატი ძირითადად მხოლოდ კახელებზე ხუმრობს და მიაჩნია, რომ ესეც საკმარისია განსატვირთავად.


– იუმორი ყველა პროფესიის ადამიანს სჭირდება – ეს განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებაა. თუ ადამიანი დროდადრო საკუთარ თავზე არ ხუმრობს, ესე იგი, იუმორის გრძნობა არ აქვს. ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რომ არაერთხელ გვქონია ქართველებს, ძნელბედობის პერიოდი, მაგრამ მხნეობა და იუმორის გრძნობა არასდროს დაგვიკარგავს.

– გინდათ თქვათ, რომ ქართველები იუმორის განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოებული?

– ნამდვილად გვაქვს ქართველებს ეს მომადლებული ნიჭი. არაერთი გამოჩენილი ადამიანი გვყავდა, რომლებსაც საუცხოო იუმორის გრძნობა ჰქონდათ. მაგალითად, კარგად მახსოვს დიდი მათემატიკოსი ნიკო მუსხელიშვილი. მას დაძაბული ვითარება ბევრჯერ იუმორით განუმუხტავს. ერთი შემთხვევა მიამბო აწ გარდაცვლილმა ანდრო ბიწაძემ: მოსკოვიდან, ყრილობის შემდეგ თბილისში მატარებლით ბრუნდებოდნენ ნიკო მუსხელიშვილი და სხვა საზოგადო მოღვაწეები. ნიკო ცალკე კუპეში მოთავსდა, მის მეზობლად კი, იყო ირაკლი აბაშიძე ერთ აკადემიკოსთან ერთად. ირაკლის საუცხოო იუმორი ჰქონდა. თურმე, წინასაარჩევნო პერიოდია და ირაკლი არის დეპუტატობის კანდიდატი. იგი მეგობართან ერთად კუპეში მთელი ღამე ქეიფობდა, თან მღეროდა, გვერდითა კუპეში კი ყველაფერი ესმოდა ნიკო მუსხელიშვილს, რომელმაც მათ გამო ვერ დაიძინა. დილით რომ შეხვდნენ ერთმანეთს, მუსხელიშვილმა ჰკითხა აბაშიძეს: ირაკლი, ხმა როგორ გყავსო? აბაშიძემ შეუსწორა გამონათქვამი: ხმა როგორ გაქვს, – ასე უნდა გეკითხაო. არა, მე იმ ხმას არ ვკითხულობ, ვინც გვერდზე გეჯდა, ის გაძლევს თუ არა ხმას, ეგ მაინტერესებსო. დახვეწილი იუმორი ჰქონდა ნიკოს, რომელიც გახლდათ დახვეწილი ინტელიგენტი, შთამომავლობით არისტოკრატიული ოჯახიდან. ამბობენ რომ მაშინდელ პარტიულ ხელმძღვანელობას აღიზიანებდა მისი საუბრის მანერა. ერთხელ, რაღაც თემაზე საუბრობდნენ. ცეკას მდივანმა შენიშვნა მისცა ნიკოს: გადააგდე არისტოკრატიული მანერებიო. მან ასე უპასუხა: თქვენ თუ იცით, რომ არსებობს ძაღლი სპანიელი, იმას დედაც და მამაც სპანიელი ჰყავს და იმიტომაა იმავე ჯიშისო. ასევეა ჩემს შემთხვევაშიც: მე ორივე მშობელი არისტოკრატი მყავს და ამიტომ თქვენი მხრიდან ეგ შენიშვნა მართებულად არ მიმაჩნიაო.

– ბატონო გია, თქვენ კახელი კაცი ბრძანდებით და იმიტომაც გეკითხებით: ამბობენ, კახელებზე კი არ ხუმრობენ, რასაც ანეკდოტებში ყვებიან, სიმართლეაო. ეთანხმებით?

– საქართველოს ყველა კუთხე თავისებური იუმორითაა დაჯილდოებული, მაგრამ, მე, როგორც კახელი კაცი, ძირითადად, სულ კახელებზე ვხუმრობ და არც ერთხელ არ მომიყოლია ანეკდოტი სხვა კუთხის წარმომადგენლებზე. მე ვიცი ნამდვილი ამბავი, რომელიც დიდ ფსიქიატრს, ავლიპ ზურაბაშვილს უკავშირდება: მას უნდოდა, კახეთში ფსიქიატრიული საავადმყოფო გაეხსნა. ეს მთავრობის დავალებაც იყო, რადგან ავლიპის იუბილე მზადდებოდა. გაიმართა თათბირი, ბატონმა ავლიპმა ბრძანა, ვფიქრობ, აქ 800-საწოლიანი საავადმყოფო უნდა აშენდესო. იქვე შეეკამათა ერთი კაცი: რა ამბავია, 800 გიჟს მთელ კახეთში ვერ მოძებნითო. ავლიპმა უპასუხა თურმე, მარტო შენი გვარისა ვიცი 800 კაცი ფსიქიკურად დაავადებულიო (იცინის). შეგნებულად არ ვასახელებ იმ გვარს, ისე კი, ძალიან გავრცელებული კახური გვარია.

იუმორი ცხოვრებისეული სიტუაციიდან გამომდინარე იქმნება. 1996 წელია, დენი თითქმის არ იყო კახეთში და, ეს პრობლემა რომ აღმოეფხვრათ, კახეთში მთავრობა ჩამოვიდა, რომელსაც ნიკო ლეკიშვილი გამოჰყვა. ბოლოს, წინანდალში სხდომა გაიმართა, სადაც დედოფლისწყაროს გამგებელმა მკაცრად გააკრიტიკა ენერგეტიკის მინისტრი და თქვა, იმდენად მძიმე ვითარებაა, ბოდიშს კი ვიხდი, მაგრამ ჩვენს სოფელში დასალევ წყალს თხუთმეტი კილომეტრიდან ეზიდებიან ვირებიო. ნიკომ მითხრა: მისი შეშფოთების მიზეზი კი გავიგე, მაგრამ, ნეტავი, ბოდიშს ვის უხდისო? მეც ვუპასუხე: ბოდიშს ვირებს უხდის, 15 კილომეტრიდან რომ ეზიდებიან წყალს-მეთქი.

– გაიხსენეთ ის პერიოდიც, პირდაპირ ეთერში ყოფნისას გაუგებრობაში რომ მოხვდით...

– გახსოვთ, ალბათ, არსებობდა ასეთი გადაცემა – „საღამო მშვიდობისა“, რომელიც მიჰყავდათ ნანა ჯაფარიძეს და მამუკა არეშიძეს. როგორც ჩანს, რაღაც ფიარს მიკეთებდნენ. მიმიწვიეს მრავალპლანიან გადაცემაში, სადაც გამოფენა იყო მოწყობილი, და მე აზრი უნდა გამომეთქვა. ფორტეპიანოზე უკრავდა ნუცა ჯანელიძე და ისიც უნდა შემეფასებინა. გარდა ამისა, მომეყოლა ჩემი ცხოვრებისეული ისტორიები. ნანა ჯაფარიძემ ანეკდოტის მოყოლა მთხოვა. რა უნდა მექნა?! საყვარელი ანეკდოტი არ მაქვს, მაგრამ, ამ დავალებას მაინც გავართვი თავი და მოვყევი: კახელმა იყიდა პიანინო. გაივლის, გამოივლის და ერთსა და იმავე კლავიშზე ურტყამს თითს. ცოლს მოჰბეზრდა მისი ყურება და შენიშვნა მისცა: რაღა დაგემართა, შენც კიდევ, ტელევიზორში მაინც არ გინახავს, როგორ უკრავენ? მიდი და ორივე ხელით დაუკარიო. ქმარმა მედიდურად გახედა და უპასუხა: არ გესმის შენ არაფერი. ისინი ეძებენ და მე უკვე ვიპოვეო. მეორე დღეა, შვილიშვილთან ერთად ვსეირნობ. ამ დროს მანქანით ვიღაცამ გზა გადამიკეტა. გამიკვირდა. გადმოვიდა იქიდან მაშინდელი სოცუზრუნველყოფის მინისტრი თენგიზ გაზდელიანი. ჯერ მომიკითხა, გადამკოცნა და მითხრა, რომ იცოდე, როგორი მადლობელი ვარ შენი. წუხელ გიყურე და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოო. მაინც, რა გავაკეთე ისეთი, რომ მადლობებს მიხდი-მეთქი, – ჩავეკითხე. მადლობას იმიტომ გიხდი, სვანებზე რომ არ მოყევი ანეკდოტი და შენ მაინც დაგვინდეო, – მიპასუხა თენგიზმა.

მინდა, ასევე გავიხსენო ის პერიოდი, როცა კახეთის გუბერნატორი ვიყავი. მოვიდა ჩემთან შეხვედრაზე ერთი ქალი სოფელ წინანდლიდან. საუბრიდან მივხვდი, რომ ქვრივი იყო. მახსოვს, მაშინ მოდაში იყო „პლისე“ ქვედაბოლო. ამ ქალმაც რაღაცნაირად ააგდო ჰაერში ეს კაბა და შთამბეჭდავად დაჯდა სკამზე. დაიწყო მოყოლა იმის შესახებ, თუ როგორ ზრდიდა ბოჩოლას, ამას ისე ხატოვნად და ნიჭიერად ყვებოდა, რომ დიდი ინტერესით ვუსმენდი. ამასობაში გავიდა 20 წუთი და ისევ ბოჩოლაზე საუბრობს, მე კი დროში ვიყავი შეზღუდული – სხვებიც მელოდებიან, არადა, ვეღარ ვაწყვეტინებ საუბარს. როგორც იქნა, 43-ე წუთზე დაამთავრა ამ ქალმა საუბარი ბოჩოლაზე და ბოლოს, მითხრა, მომპარესო. ვტაცე ხელი ტელეფონს და ვრეკავ პოლიციის უფროსთან. ამასობაში ის ქალი მეუბნება: არა, ბიჭო, ნუ ჩქარობ! შენ ვერ გამიგე, მაგიტომ კი არ ვარ მოსულიო. ცივმა ოფლმა დამასხა, როცა ეს სიტყვები მითხრა, თურმე, ბოჩოლას ისტორია ისე, სხვათა შორის მოუყოლია ჩემთვის. მერე კი გააგრძელა თხრობა, თუ როგორ გაზარდა ცხენი და ორი კვიცი. მერამდენეღაცა წუთზე უკვე დავკარგე დროის შეგრძნება და, ბოლოს, როგორღაც, მითხრა, რომ, თურმე, მისთვის კვიციც მოუპარავთ. რა თქმა უნდა, ისე დავფაცურდი, ავაწრიალე მთელი კახეთი. ამ ისტორიამ „საერთაშორისო“ ჟღერადობა მიიღო და ორის მაგივრად ოთხი კვიცი მიუყვანეს იმ ქალბატონს სახლში.

– ბატონო გია, საპარლამენტო ცხოვრებიდან თუ გახსოვთ რამე კურიოზი?

– ბოლო საპარლამენტო არჩევნების პერიოდი მინდა გავიხსენო: მე თელავის რაიონიდან ვიყრიდი კენჭს, საგარეჯოს რაიონიდან კი წარდგენილი გახლდათ ჩემი მეგობარი, მართლაც კაი კაცი, ზაზა გულიკაშვილი, რომელსაც საკუთარი საარჩევნო პლაკატები დააკლდა ბოლო დღეებში და, ბუნებრივია, თბილისში დარეკა – გამომიგზავნეთ სასწრაფოდო. მართლაც, დააკმაყოფილეს მისი თხოვნა და დამატებით გაუგზავნეს პლაკატები. დრო ისედაც არ ითმენდა და იმ ღამესვე დაიწყეს მათი გაკვრა. როცა გავიდნენ სოფელ მანავამდე, აღმოჩნდა, რომ თურმე, ჩემი პლაკატები გაუკრავთ. მერე დაბნეულებმა ჰკითხეს ზაზას – რა ვქნათო? რაღა უნდა ვქნა, გიას სურათებს ხომ არ ჩამოვხსნიო, – უპასუხია ზაზას. მე კი მას მერე ვედავები, რომ ჩემი სურათების წყალობით გახდა დეპუტატი (იცინის).

ჩემს ახალგაზრდობაში ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს შეხვედრები იმართებოდა ბაკურიანში. მაშინაც შეხვედრა იყო მწერალთა კავშირის მდივან, კრიტიკოს და ძალზე ენაკვიმატ ნიჭიერ კაცთან, ბესო ჟღენტთან. მან თავისი სიტყვა ასე დაიწყო: აქ ზოგიერთები ზიან და იმაზე არ ფიქრობენ... ამ დროს შეაწყვეტინა ვიღაცამ სიტყვა და შენიშვნაც მისცა „ზიანის“ მაგივრად „სხედან“ უნდა გეთქვაო. ბესომაც გააგრძელა: დიახ, ზოგიერთები აქ სხედან და ზიანს აყენებენ ქართულ ლიტერატურასო, – ასე გამოასწორა შეცდომა.

ბოლოს კი, მინდა, ერთი ამბავი მოგითხროთ, რომელიც ანეკდოტს უფრო ჰგავს: კახეთში მედიკოსები შეხვედრას აწყობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ექიმებს უკან დაჰყვება და გვერდიდან არ შორდება მედიკო მეზვრიშვილის სიძე. როგორც ჩანს, ვიღაცას ეხამუშა მისი ექიმებთან ერთად ყოფნა და უთხრა – შენ ამათთან ერთად რა გინდა, წადი, შენი ადგილი მონახეო. მან კი მკვირცხლად უპასუხა: როგორ, მეც ხომ მედიკოსი ვარო.


скачать dle 11.3