კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

რას სთხოვენ “ულვაშების საერთაშორისო დღეს„ ბიჭოლას და რით დაიპყრო მან სტიუარდესას გული


21 წლის დიზაინერი, ბიჭოლა, თავისი ორიგინალური ჩაცმის სტილითა და მამაპაპური ულვაშებით, მართლაც რომ იპყრობს გარშემო მყოფთა ყურადღებას. ბიჭოლა ძალიან მხიარული, ენერგიით სავსე და ხალისიანი ადამიანია. ის ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური ხედვით და ცდილობს, მის გვერდით მყოფი ადამიანები ყოველთვის ხალისიან და ამაღლებულ განწყობაზე დააყენოს. თუმცა, უამრავი საქმის გამო ისეთი დაბნეულია, რომ ხშირად სწორედ ეს დაბნეულობა ხდება მისთვის გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენის მიზეზი.

ბიჭოლა: ხშირ შემთხვევაში კურიოზულ სიტუაციებს სერიოზულად აღვიქვამ ხოლმე. თავს უხერხულად ვგრძნობ და, რომ ვხვდები, სხვა გზა არ მაქვს, მერე იუმორით გამომყავს ჩემი თავი. არ დამავიწყდება, ამას წინათ, ერთ-ერთი დიზაინერის ჩვენებაზე ვიყავი. მომიახლოვდა ჟურნალისტი, მოიმარჯვა მიკროფონი და მკითხა, რა აზრის ხართ ამ ჩვენებაზეო. დავიწყე საუბარი. გამაჩერა – არა, მე თქვენს ახალ კოლექციაზე გეკითხებითო. დავიბენი. ვუთხარი, ჩემი ახალი კოლექცია რა შუაშია, აქ სხვა დიზაინერის ჩვენებაა და რას მეკითხები, ვერ ვხვდები-მეთქი. გაეცინა, თურმე ეგონა, ჩემი ჩვენება იყო. უთხრეს, ის დიზაინერი, ვისი ჩვენებაც იმართება, უცხოეთიდანაა ჩამოსულიო და, იმანაც, ალბათ, ჩემი უცნაური ვიზუალის გამო, „ეჭვი“ ჩემზე მოიტანა (იცინის). რომ გაიგო, გაუგებრობაში აღმოჩნდა, უნდა გენახათ, როგორ შეიცხადა – უიო... ბევრი ვიცინე ამ ამბავზე. ისე, „აცანცარებულ“ ხასიათზე თუ ვარ, სახალისო ამბებზე თავად ვღადაობ ხოლმე, თუ არა – მაშინ, „ვატარებ“... ერთხელ სასტუმრო „კრუიზში“ ეწყობოდა ჩემი კოლექციის ჩვენება. პოდიუმზე გამოდიოდნენ მოდელები. ყველაფერი კარგად ჩატარდა და ბოლოს, ჩემი გამოსვლის დრო დადგა და რომ გავედი პოდიუმზე, გავიარ-გამოვიარე და, ისე გამიტკბა, აღარ ჩამოვდიოდი. ხალხს ხელები ეტკინა ტაშის კვრით, მე კი გავდი-გამოვდიოდი პოდიუმზე ყვავილებით ხელში. ეტყობა, მაშინაც „აცანცარებულ“ ხასიათზე ვიყავი.

– ხშირად ხარ ასეთ „აცანცარებულ“ ხასიათზე?

– უფრო მაშინ, როცა მთვრალი ვარ. თუ დავლიე, შეიძლება, მაგიდაზეც ავხტე და ვიცეკვო. ხომ ამბობენ, დავთვერი და სახლში ოთხით მივედიო, მე კი არც მახსოვს, როგორ მივდივარ. უფრო სწორად, კი არ მივდივარ, მეგობრებს მივყავარ. სხვათა შორის, კარგი ფეხი მაქვს და ერთი ჩემი მეგობარი სულ მეკვლედ მეძახდა, ამბობდა, შენ რომ მოდიხარ, ფინანსებშიც აღარ ვიჭედები და საქმეებიც კარგად მიმდისო. ლონდონში რომ ვიყავი, მაშინ ვერ მივედი მეკვლედ და ტელეფონი ამიფეთქა, ეს რა მიქენი, დამღუპე კაციო (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, რა იყო, ხალხნო, „ბროლია“ ხომ არ ვარ, სულ ჩემი ფეხების იმედი რომ გაქვთ, არ შეიძლება, შეცვალოთ მეკვლე და ერთ წელს თქვენი ფეხების იმედზე დარჩეთ-მეთქი?!

– ვიცი, დაბნეული ადამიანი ხარ. უცხოეთში ჩასული თუ დაკარგულხარ სადმე?

– მართლა დაბნეული ადამიანი ვარ. იმდენი საქმე მაქვს ხოლმე მოსაგვარებელი, ხანდახან ვამბობ, დაუსრულებელი რევოლუცია ხდება ჩემს თავში-მეთქი (იცინის). ხან საფულე მრჩება სახლში, ხან მობილური და ამის გამო ოჯახის წევრები გადარეული მყავს, ტაქსის მძღოლები კი ჩემი ქუდებით მოვამარაგე – რომელ ტაქსიშიც ვჯდები, იმ ტაქსის მძღოლს მაგარი ქუდი გარანტირებული აქვს (იცინის). სულ ტაქსიში მრჩება და მერე იმას ხომ არ გამოვეკიდები. მგონი, როგორ მლოცავენ მძღოლები! (იცინის). უცხოეთში ყოფნის დროს კი, ისე დავიკარგე, კინაღამ გადავირიე. მოკლედ, ავტობუსის ნომერი შემეშალა. უფრო სწორად, 9 ნომერში უნდა დავმჯდარიყავი და 9-ა ნომერში ჩავჯექი. ცოტა ნასვამიც ვიყავი და, ალბათ, ამის ბრალიც იყო. ღამდებოდა, ვიფიქრე, მალე მივალ სახლში, დავისვენებ-მეთქი და... გზა რომ გაიწელა, ცოტა შევფიქრიანდი. კიდევ უფრო რომ გაგრძელდა, შევშფოთდი და ბოლოს რომ მივხვდი, საქმე ცუდად იყო, სულ გადავირიე. აზრზე ვერ მოვედი, სად ამოვყავი თავი. მძღოლს ვკითხე, სად მომიყვანე, მე აქ არ მოვდიოდი-მეთქი. იმან იქით გამლანძღა, კაი ქართველი მძღოლივით გაშალა ხელები და მითხრა, რა გინდა, კაცო, დაჯექი, წამოგიყვანე, მადლობის მაგიერიაო? (იცინის) ერთი სიტყვით, გვიანი იყო და აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტი აღარ იქნებოდა. რაღას ვიზამდი? უკან ფეხით დავბრუნდი და, სანამ სახლში მივედი, დამათენდა. რაღა აზრი ჰქონდა დაძინებას? მოვწესრიგდი და საქმეზე წავედი. მთელი დღე მეყვინთებოდა, ძლივს ვიმაგრებდი თავს კისერზე (იცინის).

– ბიჭოლა, რამე თუ მოგიპარავს ცხოვრებაში?

– ახლა, რა გინდათ, კრიმინალური წარსული უნდა ამომიქექოთ? (იცინის) არ მიყვარს უკანონო საქციელი, მაგრამ, გამოგიტყდებით, რომ მეც ადამიანი ვარ, შემიცოდავს და მომიპარავს. ბავშვობაში ვის არ მოუპარავს საღეჭი რეზინი? უბანში ერთი მაღაზია იყო. გამყიდველი გვენდობოდა ხოლმე ბავშვებს და, სადმე გასვლა რომ უნდოდა, დახლთან დაგვაყენებდა ცოტა ხნით. ჩვენც მეტი რა გვინდოდა? ვიპარავდით „ჟუვაჩკებს“ და დაბრუნებულ გამყიდველს პირგამობერილები ვხვდებოდით. (იცინის). თან, ხომ იცით, რამეს რომ მოიპარავ ადამიანი, სახეზე გაწერია. უნდა გენახათ, როგორი სასაცილო გამომეტყველება გვქონდა, მაგრამ, მერწმუნეთ, იმ საღეჭი რეზინის მოპარვის დროს ისეთ ადრენალინს გამოვყოფდი, ახლაც კი მახსოვს ის განცდა.

– ამბობენ, ბიჭოლა სტიუარდესებს თავისი ჩაცმის ორიგინალური სტილით ხიბლავს და ისინიც უარს ვერაფერზე ეუბნებიანო. ეს სიმართლეა?

– გამახსენდა, რასაც გულისხმობთ (იცინის). კი დავფიქრდი, ნეტავ, რაზე არ მეუბნებიან უარს-მეთქი, მაგრამ, გამახსენდა. მოკლედ, ფრენის დროს მიყვარს ცოტა სასმლის „ჩაფენა“, რომ მშვიდად ვიმგზავრო და ცუდზე არ ვიფიქრო. ლონდონიდან რომ მოვფრინავდი ერთი ბოთლი ღვინო ვთხოვე სტიუარდესას. მოვიდა, ამხედ-ჩამხედა და მითხრა, ერთს კი არა, ხუთ ბოთლს მოგიტანთო. გამიკვირდა, ვკითხე, რით დავიმსახურე-მეთქი. გაეცინა, თავიდანვე რომ შემოხვედი, ფეხსაცმელზე დაგაკვირდი და მაგარი „დამევასაო“ – იაპონური ფირმის თეთრი კედები მეცვა. მართლა ხუთი ბოთლი მომიტანა, დავლიე და, იმ სტიუარდესას წყალობით, ისე დავთვერი, რომ ჩამოვფრინდი, ბარგი აეროპორტში დამრჩა (იცინის). საბედნიეროდ, მეორე დღეს მომიტანეს ბარგი სახლში. ასე რომ, ამ თეთრი კედების გამო სტიუარდესას გულიც მოვიგე და კარგადაც გამოვთვერი.

– დასასვენებლად ყოფნისას სასაცილო ისტორიებში არ ეხვევი ხოლმე?

– როგორ არა. ხანდახან, დასასვენებლად რომ მივდივარ, ხალხმრავალ ადგილას ისე უხერხულად ვეცემი, ხალხი სიცილით იგუდება. არ ვიცი, რა მჭირს. ერთხელ, ბათუმში ჯაზ-ფესტივალი იმართებოდა. მეც იქ ვიყავი. ზღვაზე გავედი. ბევრი ხალხი იყო. მაშინ ახალი გამოსული ვიყავი საზოგადოებაში და, ასე თუ ისე, მცნობდნენ. მოკლედ, გავიხადე, შეზლონგზე წამოვწექი და... დაიკეცა შეზლონგი და მეც შიგ მოვყევი. ისე დავიკეცე, ძლივს გამომაძვრინეს და გამშალეს (იცინის). აქეთ-იქით რომ მიმოვიხედე, ყველა მე მიყურებდა და სიცილით იგუდებოდნენ. სულ ვამბობ, ექსტრემის მოყვარული ადამიანი არ ვარ-მეთქი და სულ ექსტრემალურ ამბებში ვეხვევი.

– ცნობილი სახე ხარ, მაგრამ, მაინც, სხვა ადამიანში თუ არევიხარ ვინმეს?

– ბევრჯერ. მთხოვენ ხოლმე, იქნებ ფოტო გადაგვიღოო. მე კიდევ, ვუხსნი, ფოტოხელოვანი კი არა, დიზაინერი ვარ-მეთქი. ზოგიერთს ჩემს მეგობარ ჯიჯი რეჯინში ვეშლები. ვერ გეტყვით, საერთოს რას პოულობენ, მე შავტუხა ვარ, თმაგადაპარსული, აპრეხილულვაშებიანი, ის კი – ცისფერთვალება და თეთრი (იცინის). ერთხელ ქუჩაში გამაჩერა ვიღაც ქალმა და ღიმილით მითხრა, როგორ მიყვარხარ, შვილო, მე შენი შემოქმედების თაყვანისმცემელი ვარო. მხრები გავშალე, მადლობა გადავუხადე, იმან კი განაგრძო: ძალიან ნიჭიერი ხარ, საოცარი ხედვა გაქვს, ძალიან მაგარ მუსიკას წერ, მაგარი დირიჟორი ხარო და... აი, აქ გავიჭედე (იცინის) – მივხვდი, სხვა ადამიანში ვეშლებოდი. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ნიკა მემანიშვილი ვეგონე. ახლა, რაც ულვაში მოვუშვი, იმედია, არავის შევეშლები სხვაში.

– ალბათ, ყველა გაოცებული აკვირდება მაგ შენს მამაპაპურ, აწკებილ ულვაშს. არ მეთანხმები?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ისე მაკვირდებიან, თითქოს უცხოპლანეტელი ვიყო. (იცინის). ზოგს უცხოელიც ვგონივარ. ახალი ჩამოსული ვიყავი ლონდონიდან. გავიხედე, ტელეფონი რეკავს. ერთ-ერთი ტელევიზიიდან მირეკავდნენ – თქვენი ჩაწერა გვინდაო. ვიფიქრე, ჩემს საქმიანობაზე-მეთქი და დავიწყე: ჯერ არ მაქვს კოლექცია მზად, ამ ეტაპზე არ მგონია, საინტერესო იყოს ჩაწერა, გადავდოთ და სხვა დროისთვის ჩავწეროთ-მეთქი. უცებ გამაჩერა და მითხრა: თქვენ ვერ გამიგეთ, ხვალ ულვაშების საერთაშორისო დღეა და ამასთან დაკავშირებით გვინდა თქვენი ჩაწერაო. გამეცინა. პირველად გავიგე, ასეთი დღეც თუ არსებობდა. აი ასე, – ჩემი ულვაშები უფრო აქტუალური აღმოჩნდა, ვიდრე ჩემი ახალი კოლექცია.


скачать dle 11.3