კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ინტიმური საუბრები

ჩემს დაქალს უნებურად საყვარელი დავაკარგვინე

ასეთ წერილს პირველად ვწერ და არც კი ვიცი, როგორ დავიწყო.

მე და თემო ერთად ვმუშაობდით ერთ-ერთ ფირმაში. ის ცოლშვილიანია და ორი შვილი ჰყავს, უკვე დიდები. გაცნობიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენ შორის სიმპათიები გაჩნდა, მერე კი თანდათან დავუახლოვდით ერთმანეთს და ვიწექით კიდეც ერთად.

მე მყავს ერთი უახლოესი დაქალი – თამუნა (ალბათ, მიხვდით, რომ სახელები შევცვალე). როცა ჩემსა და თემოს შორის სიმპათიები გაჩნდა, ეს თამუნას ვუთხარი და გოგო კინაღამ შოკში ჩავარდა – თურმე, უკვე ოთხი წელია, თემოს საყვარელი ყოფილა. ჩემი დაქალი ქვრივია და ერთი შვილი ჰყავს, მე კი ქმარს ვარ გაშორებული.

მე და თამუნამ ერთმანეთს გული გადავუშალეთ. მან ყველაფერი მიამბო და, რა თქმა უნდა, თემოსთან ურთიერთობა შეწყვიტა, ისე შესძულდა. გამოვიდა, რომ ისინი ჩემ გამო დაშორდნენ ერთმანეთს, რასაც მე ძალიან განვიცდი, რადგან ამაში ჩემს თავს ვადანაშაულებ. თამუნა მეუბნება, რომ მე ბრალი არაფერში მიმიძღვის, იმით მამშვიდებს, რომ თემო ისეთი მომხიბვლელია, წინ ვერ აღუდგებოდიო. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ფიზიკურად სულაც არ არის ლამაზი, ძალიან ჩვეულებრივი მამაკაცია.

თემო 42 წლისაა, მე და თამუნა კი 30 წლისანი ვართ. არც ერთს ქმარი არ გვყავს და, ეტყობა, იმიტომ წამოვეგეთ იმ ვაჟბატონის ანკესზე.

ძალიან განვიცდი, რაც მოხდა და მინდა, რომ შერიგდნენ. ოღონდ ეს მოხდეს და მე მათ შორის აღარ ჩავდგები.

ნინოლა, 30 წლის.



ჩემმა დედამთილმა

ჩემი შვილი დააჭერინა

მყუდრო და თბილი ოჯახი მქონდა. მე და ჩემი ქმარი ერთად ვზრდიდით ერთადერთ შვილს, რომელიც ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ გაგვიჩნდა. ისეთი გიჟი მამა იყო, ვერ აგიწერთ. სულ მეხვეწებოდა, მეორეც გავაჩინოთო, მერე კი უცებ შეწყვიტა ამ თემაზე საუბარი, ცოლ-შვილის მიმართაც რაღაცნაირი ინდიფერენტული გახდა. ბავშვის სასეირნოდ გაყვანასაც კი პრობლემად ხდიდა. როცა სახლში იყო, ბიჭი სულ კუდში დასდევდა და ეხვეწებოდა, ან მეთამაშე, ან სადმე წამიყვანეო, ის კი გაღიზიანებული იშორებდა თავიდან და ბავშვს ცხარე ცრემლით ატირებდა.

ცოტა ხანში სახლში გვიან მოსვლას მოუხშირა. რომ ვეკითხებოდი, სად იყავი-მეთქი, ტყუილსაც კი არ იგონებდა, პირდაპირ მომახლიდა ხოლმე, ამ ჯოჯოხეთში საერთოდ რომ მოვდივარ, მადლობელი იყავითო. ახლაც ვერ ვხვდები, რატომ იყო ჯოჯოხეთი – ბავშვი იყო და, აღმერთებდა, მე კი სულ თვალებში შევციცინებდი და მარტო იმაზე ვფიქრობდი, რა ესიამოვნებოდა. ჩემმა დაქალმა მითხრა მაშინ, ალბათ, ვიღაც გაიჩინაო. მართალია, ჩემი სისულელითა და გულუბრყვილობით ამას გამოვრიცხავდი, მაგრამ მაინც მიკვირდა და ვამბობდი, სხვა თუ შეუყვარდა, შეიძლება, მე შემიძულოს, მაგრამ ბავშვს რას ერჩის-მეთქი. ამიტომაც არ მჯეროდა და მეგონა, რამე ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა სამსახურში, რასაც ვერ ამხელდა და ამიტომაც გახდა ასეთი აგრესიული. მაგრამ, მოგვიანებით ყველაფერი გაირკვა. თურმე ჩემი დაქალი მართალი ყოფილა: ჩემს ძვირფას ქმარს საყვარელი გაუჩენია, თანაც, თავისი უშუალო უფროსი, სამჯერ განათხოვარი, სამი შვილის დედა (ყველა შვილი სხვადასხვა ქმრისგან ჰყავდა), რომელიც, თურმე, სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდა, თუ ცოლად არ შეირთავდა და ეს უტვინოც წამოეგო ანკესზე.

ეს ამბავი რომ გავიგე, მე თვითონ შევთავაზე გაყრა და მანაც შვებით ამოისუნთქა – ეგონა, სკანდალს მოვუწყობდი და, ასე იოლად რომ გადარჩა, გაუხარდა.

ზუსტად ათი წლის განმავლობაში ტელეფონითაც კი არ უკითხავს თავისი ერთადერთი შვილის ამბავი, იმ ქალის შვილებს კი თან ჰყვებოდა. თურმე, იმასაც ეხვეწებოდა, შვილი გამიჩინეო, მაგრამ უარი უთქვამს ქალბატონს – საკმაო რაოდენობის შვილები მყავს და კიდევ ერთხელ ცხრა თვე გაბერილი სიარული ნამდვილად არ შედის ჩემს გეგმებშიო.

რა გადაიტანა ჩემმა ბიჭმა ამ წლების განმავლობაში, ენით არ გამოითქმევა. არც ჩემს დედამთილ-მამამთილს შეუწუხებია თავი ყურადღების გამოჩენით. ერთხელ მოვიდა ჩემი დედამთილი, ვითომ შვილიშვილის სანახავად, მთელი სახლი დაიარა, რაღაც ხარახურა ჩაილაგა ჩანთაში – ეს ყველაფერი ჩემი შვილის ნაყიდიაო, კარგადაც გამომლანძღა და წავიდა. კიდევ კარგი, ბინა ჩემი მშობლების ნაყიდი იყო, თორემ, ალბათ, ქუჩაში გაგვყრიდა. თუმცა, მცდელობა კი ჰქონდა, რომ თავის ძვირფას შვილს „კუთვნილი წილი“ წაეღო ჩემი ბინიდან.

მთელ ამ ისტორიას კი მელოდრამატული დასასრული ჰქონდა: ჩემი ქმრის მეორე ცოლმა ვიღაც მდიდარი უცხოელი გაიცნო და იმას გაეკიდა. კიდევ კარგი, შვილები მაინც წაიყვანა თან. ქმარი კი სახლიდან გააგდო. ეს უთავმოყვარეო კაცი თავისმა მშობლებმაც მხოლოდ რამდენიმე დღით შეიფარეს, მერე კი ყველამ ერთად მე შემომიტია – აპატიე და შეურიგდი, ბიჭი ახლა იმ ასაკშია, მამა სჭირდებაო. მანამდე არ სჭირდებოდა მამა? სახეზე ვერ ცნობდა საკუთარ შვილს.

ძალიან ბევრი ვიფიქრე, ჩემი შვილის გამო ისევ დათმობაზე წავედი და მივიღე, თუმცა, არც განქორწინება გამიუქმებია და არც რაიმე ურთიერთობა გვქონია. ერთი ოთახი გამოვუყავი და ძირითადად იქ იყო. მერე კი თანდათან გათამამდა, ისევ ოჯახის უფროსად წარმოიდგინა თავი და მოუხშირა შენიშნვებსა და პრეტენზიებს. მე არ მინდოდა, ჩემს ბიჭს ენერვიულა და ამიტომ არ ვყვებოდი, მაგრამ ერთხელ შვილმა მითხრა, თუ ამ კაცს აქედან არ გაუშვებ, მაშინ მე წავალო. ამ ვაჟბატონმა გაიგონა, გამოვიდა ოთახიდან და უყვირა, კისერიც გიტეხიაო. აი, მაშინ კი გავგიჟდი და, შეიძლება ითქვას, კინწისკვრით გავაგდე. ჩემმა დედამთილმა კი ქვეყანა შემიყარა – საყვარლები ვეღარ მიჰყავდა სახლში და ქმარი იმიტომ გააგდოო. ეს ამბავი ჩემი შვილის ყურამდეც მივიდა, მიუვარდა ბებიამისს და სულ დაულეწა იქაურობა. მან კი პატრული გამოიძახა და 16 წლის ერთადერთი შვილიშვილი დააჭერინა. რა დამიჯდა ბავშვის იქიდან გამოყვანა, ვერ აგიწერთ. ჩემი იდიოტი ქმარი კი მემუქრება, ბინა გამიყავი, თორემ ორივეს თავს დავაჭერინებო. რას დაგვაბრალებს, არ ვიცი, მაგრამ, რომ ვიცოდე, კვდება, ერთი ჭიქა წყლის მიმწოდებელი არ ვარ. მე არ ვაგულიანებ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მამამისი ჩემმა შვილმაც სამუდამოდ ამოირეცხა გულიდან.

მადონა, 42 წლის.



შეყვარებული შანტაჟით დამემუქრა

ვიცი, გამკიცხავთ და ამის ღირსიც ვარ, მაგრამ, მაინც გადავწყვიტე, გულწრფელად მოგწეროთ ყველაფერი.

ის, რაც მე შემემთხვა, ალბათ არავის დამართნია. 13 წლის ასაკში საკმაოდ თავისუფალი, ბიჭების მოყვარული და მიმნდობი გოგო ვიყავი. ჩემი მეგობრები ძირითადად ბიჭები იყვნენ, მერე ერთ-ერთს დავუახლოვდი. მაგრამ, ცოტა ხანში ეს ამბავი „გაბაზრდა“ და ძალიან ბევრმა ბიჭმა დაიწყო ჩემთან რეკვა. მეც უარს არ ვეუბნებოდი, ვხვდებოდი ხოლმე გასაცნობად. ერთ დილით კი ერთმა ბიჭმა – გიორგიმ დამირეკა. ისიც გავიცანი. თავიდან ძალიან კარგად ვიყავით, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ინტიმურ საკითხებზე დამიწყო ლაპარაკი. მე უარი ვუთხარი, მას კი ეს საუბარი ტელეფონით ჩაუწერია და მემუქრებოდა, თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას უნდოდა, მაშინ იმ ჩანაწერს ჩემი ოჯახის წევრებს მოასმენინებდა. მე ძალიან შემეშინდა და კინაღამ დავთანხმდი. მერე უცებ გამახსენდა, რომ მან ჩემი მისამართი არ იცოდა და ვერ მომაგნებდა, თუმცა მაინც მეშინოდა. ბოლოს მოვიფიქრე: ავდექი და ჩემი ტელეფონის ნომერი გამოვცვალე და დავისვენე კიდეც. ახლა ვეღარ დამირეკავს და მდიოს კუდში.

მაკო, 15 წლის.



დედამთილი ოჯახს მინგრევს

დედამთილის წყალობით ქმარს ვკარგავ. ვიცი, სახალხოდ არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ, ისე გამამწარა, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.

ოთხი წელია, რაც მე და ბენომ ოჯახი შევქმენით. მანამდეც კარგა ხანს გვიყვარდა ერთმანეთი. ახლა უკვე 3 წლის ბიჭიც გვყავს – ნიკა. საკმაოდ დიდი ოჯახი გვაქვს: ჩემი, ბენოსა და ნიკუშას გარდა, ჩვენთან ერთად ცხოვრობენ დედამთილ-მამათილი და მული. გასაგებია, რომ ძნელია ამდენი სულის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, მაგრამ ჩემი ბრალი ხომ არ არის, ასე რომ მოხდა?!

მე და ბენო არაჩვეულებრივად ვეწყობით ერთმანეთს, რაც ჩემს დედამთილს რატომღაც აღიზიანებს და სულ იმას ცდილობს, ჩვენ შორის უსიამოვნება ჩამოაგდოს. რას მერჩის, ვერ ვხვდები. შეიძლება, მე არ ვუყვარდე, მაგრამ შვილი ხომ უყვარს, რატომ უნგრევს ოჯახს?!

ინგა, 25 წლის



რატომ გადავდე დაოჯახება

მე, ჩემი ორი და და ჩემი მშობლები ძალიან დიდ ბინაში ვცხოვრობდით – თავის დროზე მამაჩემმა ორი სამოთახიანი გააერთიანა და შვიდი ოთახი გამოგვივიდა. შვილებში მე უმცროსი ვარ – ანუ გვარის ერთადერთი გამგრძელებელი და ნანატრი ვაჟიშვილი.

ისე მოხდა, რომ ჩემი ორივე სიძე უბინაო აღმოჩნდა, თანაც არც ერთი არ მუშაობს და, შესაბამისად, აქაოდა, დიდი ბინააო, ჩემმა დებმა ქმრები სახლში მოიყვანეს, თითოს ორ-ორი შვილი შეეძინა და იმდენი მოვგროვდით, ფეხს ვეღარ ვუქცევდით ერთმანეთს. ამათ შემყურეს, ოჯახის შექმნაზე კარგა ხანს არ მიფიქრია, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე ცოლის შერთვა, რადგან ნამდვილი სიყვარული მეწვია და არ მინდოდა, „ტექნიკური“ მიზეზების გამო ჩემს სიყვარულზე უარი მეთქვა.

ერთ დღესაც სახლში გამოვაცხადე, ცოლი მომყავს-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ, რა გამოიწვია ამ სიტყვებმა: მამამ მკითხა, ვინ არისო; დედამ – როგორი გოგოაო; დები ერთმანეთს ასწრებდნენ – ჯერ რა დროს შენი ცოლიაო (29 წლის ვიყავი), სიძეებმა კი ძალიან მკაცრი სახით მისაყვედურეს: ბინას თუ იქირავებ, თორემ, აქ როგორ უნდა იცხოვროთ, ვერ ხედავ, ჩვენ თვითონაც ძლივს ვეტევითო?!

ამ სიტყვებმა ისე გამამწარა, რომ ვერ მოვითმინე და ამ ორ მუქთახორა ზედსიძეს პირში მივახალე: მე ჩემს სახლში ვაპირებ ცოლის მოყვანას და არც სხვის კისერზე ჯდომა მაქვს გეგმაში-მეთქი. შეიძლება, არ უნდა მეთქვა ასე მწარედ, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. არ იცით, ამას რა მოჰყვა. ჩემი დები ისე აკივლდნენ, მგონი, მთელ უბანს ესმოდა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მეორე დილასვე დადგა დღის წესრიგში ჩვენი ბინის „დახურდავების“ საკითხი. დატრიალდნენ ჩემი სიძეები და ერთ კვირაში „მოაკვარახჭინეს“ ყველაფერი. მამაჩემი პირდაპირ ფაქტის წინაშე დააყენეს, ისე, რომ არც არაფერი უკითხავთ (დედაჩემი თავიდანვე გადაიბირეს) და ჩემი წინაპრების ქონება ასე გაანაწილეს: თვითონ სამ-სამოთახიანი ბინები დაითითოვეს, ავეჯიც (რაც ღირებული იყო) შუაზე გაიყვეს, მე, დედაჩემს და მამაჩემს კი, ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოში“ გვიყიდეს კოლოფივით ოროთახიანი, გაურემონტებელი ბინა (თუკი იმას საერთოდ შეიძლება, ბინა უწოდო), რომელსაც ეზოში აქვს საერთო სველი წერტილები და „თურქული“ ტუალეტი. მამაჩემმა ისე ინერვიულა, კინაღამ ინფარქტი დაემართა, მერე უცებ ჩაალაგა თავისი ტანსაცმელი და სოფელში გადასახლდა. დედაჩემი არ გაჰყვა – აქ ჩემს შვილებს ვჭირდებიო. მეც ვეღარ გავჩერდი „ახალ ბუდეში“ და რამდენიმე დღეში მამასთან ჩავედი სოფელში, მაგრამ იქაც ვერ მოვისვენე. მამაჩემს შევეცოდე და მითხრა, ისე, რომ არავინ იცის, საკმაო თანხა მაქვს ბანკში შეტანილი. გამოიტანე და როგორც გინდა, ისე მოიხმარეო. მე ძალიან მერიდებოდა, მაგრამ მაინც გამოვართვი. ახლა ჩეხეთში მივდივარ სამუშაოდ – იქ უკვე დიდი ხანია, ჩემი მეგობარი ცხოვრობს და შემომითვალა, შენ ოღონდ ჩამოდი და სამსახურის პრობლემა არ გექნებაო (ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ძალიან ძლიერი პროგრამისტი ვარ და სამი ენა ვიცი). მამას შევპირდი, ერთ-ორ წელიწადში შენს ფულს (ათი ათასი დოლარი მომცა) ორმაგად დაგიბრუნებ-მეთქი. ჩემს შეყვარებულს კი ყველაფერი მოვუყევი და ჩვენი ქორწილი, სავარაუდოდ, ერთი წლით გადაიდო.

ალეკო, 30 წლის.



ასეთ ღალატს არ ველოდი

დისკოთეკაზე ერთი ბიჭი გავიცანი. ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი და მეორე დღესვე წავედი პაემანზე. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემს დაქალს, ნონას გავაცანი. ნონამ მითხრა, ეს ბიჭი რამ მოგაწონა, არც შესახედავად უქნია ღმერთს და არც სიტყვა-პასუხითო. მე ძალიან მეწყინა და გავებუტე. ლამის ერთი თვე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მერე ისევ თვითონ შემირიგდა. იმ ერთი თვის განმავლობაში ზურა (ჩემი შეყვარებული) ძალიან იშვიათად მირეკავდა, სულ სამ-ოთხჯერ შევხვდით და ყოველთვის უხასიათოდ იყო. მე თუ დავურეკავდი ან მესიჯს გავუგზავნიდი, უხალისოდ მპასუხობდა და სულ რაღაცას იმიზეზებდა, რომ არ შემხვედროდა. მიზეზს რომ ვეკითხებოდი, მეუბნებოდა, რაღაც პრობლემები მაქვს და იმიტომ ვარ ასეო. პრობლემები მეც მაქვს, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაზე არ აქვს გავლენა-მეთქი. მკითხა, რა პრობლემებიო და მეც ყველაფერი გულწრფელად მოვუყევი. ამაზე ზურამ ირონიულად გაიცინა. არ მომეწონა ეს სიცილი, მაგრამ ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე.

ნონა რომ შემირიგდა, ზურას ზარებმა და მესიჯებმა იმატა. პაემანზე როცა მიბარებდა, ხშირად მეკითხებოდა ხოლმე ნონას ამბებს. ერთხელ მკითხა, შეყვარებული ხომ არ ჰყავსო. არა-მეთქი, რომ ვუთხარი, მითხრა, ერთი ძმაკაცი მყავს, ძალიან კარგი ბიჭია, ერთხელ ნონა უნახავს და იმის მერე მთხოვს, გავაცნო, შენ რას იტყვი ამაზეო. გავაცნოთ-მეთქი. მართლაც, შემდეგ შეხვედრაზე მთხოვა, ნონაც წამოიყვანეო, მან კი ის თავისი ძმაკაცი მოიყვანა. გავაცანით ერთმანეთს, მაგრამ იმ ბიჭის მხრიდან დიდი ინტერესი ჩემი დაქალის მიმართ ვერ ვიგრძენი, არც ნონა ჩანდა მაინცდამაინც აღფრთოვანებული. ასე ვხვდებოდით ერთმანეთს ოთხივე რამდენიმე ხნის განმავლობაში. ყოველი პაემნის წინ ზურა მესიჯით შემახსენებდა ხოლმე, ნონას წამოყვანა არ დაგავიწყდესო. ბოლოს კი ყველაფერს ზურას ძმაკაცმა ახადა ფარდა. ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, კარგი გოგო ხარ, მეცოდები და იმიტომ გეუბნები:. ზურას შენი დაქალი უყვარს, მე სატყუარად გამომიყენა, შენ კი თვალებს გიხვევს და გასულელებსო. არ დავუჯერე. ის კი მიმტკიცებდა, ეგენი ერთმანეთს ხვდებიან და, ალბათ, ორივეს მაგრად დაგვცინიანო. მაინც რომ არ დავუჯერე, ერთ დღეს წამიყვანა და შორიდან დამანახვა, როგორ შეხვდნენ ნონა და ზურა ერთმანეთს უნივერსიტეტის ბაღში, შიგნით, მოფარებულში და როგორ ისხდნენ კარგა ხანს ჩახუტებულები. ძალიან მეტკინა გული. არც ერთისგან არ ველოდი ასეთ ღალატს. არ გამოვრიცხავ, შეიძლება, მართლა ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ, ან ერთისგან და ან მეორისგან რა საჭირო იყო ასეთი თვალთმაქცობა, ვერ ვხვდები.

თათო, 19 წლის.



სამჯერ მოტაცებული

ერთ კვირა დღეს ჩემს მეგობარს საცოლე უნდა დაენიშნა, შაბათს კი ის გოგონა სხვა ბიჭმა მოიტაცა. სამ დღეში ჩემმა მეგობარმა უკან გამოიტაცა რამდენიმე დღის გათხოვილი სარძლო, მაგრამ გოგომ ქმარი არჩია და მას დაუბრუნდა. ერთი წლის შემდეგ ის გოგო ქმარს გაშორდა. ჩემს მეგობარს ისევ უყვარდა და ერთი თვის შემდეგ მეორედ მოიტაცა, იქორწინეს და ახლა უკვე ორი შვილი ჰყავთ.

გიორგი, 25 წლის.



ჩემი ძმის საქციელმა შეიძლება ოჯახი დამინგრიოს

მე და ჩემს მეუღლეს ცხოვრება გაგვიჭირდა, ბინა გავყიდეთ და საცხოვრებლად დედაჩემთან და ძმასთან გადავედით. ჩვენ ცალკე ოთახი გვაქვს, მაგრამ ჩემი ძმა შემოდის და ფულს იპარავს. პირველად რომ აიღო, დააბრუნა. მეორედ ტოტალიზატორში წააგო. ბებიაჩემს შეეცოდა და, თუ რამე ნაგროვები ჰქონდა, მისცა. ამის შემდეგ კარი გასაღებით ჩავკეტე, მაგრამ გატეხა და ისევ აიღო ფული. მთელი თანხა წააგო (არც ისე ბევრი, მაგრამ ჩვენი ერთი თვის საარსებო). ჩემმა მეუღლემ უთხრა, ერთ თვეში უნდა დამიბრუნოო, თუ არა და, მერე პროცენტის გადახდა მოგიწევსო. კომპიუტერი გაყიდოს, თავის შეცდომებზე პასუხი აგოს, თორემ ისე ვერაფერს მიხვდებაო, – ამბობს ჩემი ქმარი. დედაჩემი ეუბნება, როგორ დაგიბრუნებს, არსად მუშაობს, თან ჯერ 17 წლისააო. ძმაზე გაბრაზებული ვარ, არ ველაპარაკები. ის კი ამას არც განიცდის, არც თავის საქციელს ნანობს, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ პერიოდულად იმავეს აკეთებს.

ჩემი მშობლები გაყრილები არიან. მამა ცალკე ცხოვრობს, მაგრამ ჩემს ძმას ფულს ყოველთვის უგზავნის, ამიტომაც არ იცის მისი ფასი. ძმის გამო მეუღლის მრცხვენია. არ ვიცი, როგორ გავაგებინო ჩემს ძმას, რომ ასე მოქცეა არ შეიძლება, თან, ვერავის ვეუბნები. არადა, მეშინია, ასე, შეიძლება, ჩემი ოჯახის მთლიანობას საფრთხე შეექმნას.

ნანა, 26 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3