კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დააარსეს ქართველებმა ტრაპიზონის იმპერია და როგორ მოიყვანეს მის სათავეში ბაგრატიონების ნათესავი კომნენოსები


იყო პერიოდი, როდესაც საქართველო, თავისი გავლენითა და მნიშვნელობით მახლობელ აღმოსავლეთში პოლიტიკურ ამინდს ქმნიდა. სწორედ ამ პერიოდის საქართველოში იზრდებოდნენ თამარ მეფის კარზე ბიზანტიიდან გამოქცეული იმპერატორ კომნენოსის შთამომავლები. სხვათა შორის, ეს ის პერიოდია, როდესაც ქართველებმა დააარსეს ტრაპიზონის იმპერია და სათავეში მოიყვანეს კომნენოსები. იმხანად, ქართულმა არმიამ მრავალი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ჩვენი რესპონდენტი ისტორიკოსი ჯაბა სამუშია გამოჰყოფს, თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით, მათ მიერ განხორციელებულ ორ სამხედრო კამპანიას.


ჯაბა სამუშია: თამარის მეფობის პერიოდში ქართულმა არმიამ რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ქართველებმა ორი დიდი ბრძოლა მოიგეს – შამქორსა და ბასიანში. მიუხედავად ამისა, თავისი მასშტაბებით, მაინც გამორჩეული იყო შავიზღვისპირეთისა და ირანის მიმართულებით წარმოებული სამხედრო კამპანია. პირველი ლაშქრობა მიზნად ისახავდა საკმაოდ მასშტაბურ სამხედრო რეიდს ბიზანტიის ტერიტორიაზე და ეს იყო სერიოზული განაცხადი ქართველთა მხრიდან; მეორე ლაშქრობაც ასევე დიდი სამხედრო მნიშვნელობის იყო და, ფაქტობრივად, ირანის ტერიტორიის ქართული გავლენის ქვეშ მოქცევას ისახავდა მიზნად.

– დავიწყოთ პირველი ლაშქრობით. რამ განაპირობა მისი აუცილებლობა?

– მეცამეტე საუკუნის დასაწყისის ბიზანტია უკვე აღარ არის ის სახელმწიფო, რაც იყო თუნდაც, საუკუნე-ნახევრის წინ. ეს არის უკვე დასუსტებული ქვეყანა, რომელმაც მთელი თავისი პოტენციალი თურქ-სელჩუკებთან ბრძოლას შეალია, ტერიტორიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ამისა, ბიზანტია ამ პერიოდისთვის, მაინც სერიოზული მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე და უნდა ითქვას, რომ იმხანად, მახლობელ აღმოსავლეთში ბიზანტია და საქართველო ორი გავლენიანი ქვეყანაა, რომლებიც პოლიტიკურ ამინდს ქმნიან.

მეცამეტე საუკუნის დასაწყისისთვის ბიზანტიაში საკმაოდ არასტაბილური ვითარება სუფევდა. მაშინდელი ბიზანტიის იმპერატორები, – ანგელოსები არაპოპულარულები იყვნენ ხალხში. მეტიც, საზოგადოებას აღიზიანებდა იმდროინდელი მმართველის ალექსი ანგელოსის ქმედებები, რომელიც სიმდიდრის მოყვარული და საკმაოდ ხარბი ადამიანი იყო. სწორედ ამის გამო, კონსტანტინოპოლის მოსახლეობა ცდილობდა, თავიდან მოეშორებინა ასეთი იმპერატორი. ამავე პერიოდს ემთხვევა მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიცაა ევროპელი რაინდების ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა. მოგეხსენებათ, რომ მეთორმეტე საუკუნის მიწურულს განხორციელებულმა მესამე ჯვაროსნულმა ლაშქობამ მარცხი განიცადა, რის შემდეგაც, რომის პაპმა ინოკენტი მესამემ გადაწყვიტა ახალი სამხედრო ლაშქრობის მოწყობა. ის მიზნად ისახავდა იმ წარუმატებლობის გამოსწორებას, რაც ჯვაროსნებმა 1187 წელს აღმოსავლეთში იგემეს მას შემდეგ, რაც სალაჰ ად-დინმა იერუსალიმი აიღო. ამის შემდეგ, დაიწყო ახალი ლაშქრობის სამზადისი. ამ სამზადისში ჩაერთო იტალიის ქალაქ-სახელმწიფოები, მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვენეციის როლი. სწორედ ამ პერიოდში ხდება ისე, რომ ჯვაროსნების ტალღა, ვენეციელების ხელშეწყობით, ცდილობდა, კონსტანტინოპოლში პოლიტიკური სიტუაცია სათავისოდ გამოესწორებინა. იქ ისეთი ხელისუფლება დაესვათ, როგორიც მათ (ვენეციელ ვაჭრებს), საშუალებას მისცემდა, თავისუფლად ემოქმედათ ხმელთაშუა ზღვის იმ ნაწილში, რომელსაც ბიზანტია აკონტროლებდა და ასევე, კონსტანტინოპოლის გავლით შავიზღვისპირეთში. მათ გადაწყვიტეს ეს ჯვაროსნული ლაშქრობა მოემართათ კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ, რისი გამოვლენაც იყო 1204 წლის კონსტანტინოპოლის ალყა და მისი აღება. შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ვითარება. ფაქტობრივად, ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა, მართალია დროებით, მაგრამ ეს მაინც სერიოზული დარტყმა იყო.

– რა პოლიტიკური პოზიცია ეკავა საქართველოს ამ პროცესების ფონზე?

– ფაქტია, რომ ამ პოლიტიკური პროცესების მიმართ გულგრილი ვერ დარჩებოდა საქართველო, რომელიც მახლობელ აღმოსავლეთში თავის თავს მიიჩნევდა ერთ-ერთ სერიოზულ მოთამაშედ. ამიტომაც, ბუნებრივია, ქართველი პოლიტიკოსები აქტიურად ადევნებდნენ თვალყურს იმ პოლიტიკურ პროცესებს, რაც ხდებოდა კონსტანტინოპოლში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ბიზანტიის იმპერატორის შთამომავლები – კომნენოსები იზრდებოდნენ.

– როგორ აღმოჩნდნენ კომნენოსები საქართველოში?

– მეთორმეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში, როდესაც ანდრონიკ კომნენოსი ჩამოაგდეს ტახტიდან, მისი ოჯახი საქართველოში გამოიქცა. სწორედ ამის შემდეგ მოვიდნენ ანგელოსები ქვეყნის სათავეში. ასე რომ, ბიზანტიის ყოფილი საიმპერატორო გვარის – კომნენოსების შთამომავლები საქართველოს სამეფო კარზე იზრდებიან და ბუნებრივია, თამარის სამეფო კარზე გაჩნდა იდეა ამ საგვარეულოს წარმომადგენლების რეანიმაციისა კონსტანტინოპოლში. სწორედ ამავე პერიოდში ალექსი და დავით კომნენოსებმა საკუთარი მამიდის, თამარის მეშვეობით, დაიწყეს ბიზანტიის ხელში მყოფი ტერიტორიების დამორჩილება.

– რატომ მოიხსენიება თამარ მეფე კომნენოსების მამიდად?

– რა თქმა უნდა, უშუალოდ თამარი კომნენოსების მამიდა არ ყოფილა, ეს სიტყვა უფრო ფიგურალურადაა ნახმარი, მაგრამ ნათესავად ბაგრატიონები კომნენოსებს ეკუთვნოდნენ.

ამ პერიოდში საქართველომ ისარგებლა და დაიწყო მონაწილეობა ბიზანტიის იმპერიის გადანაწილებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია ქართული მხარის მხრიდან. მათ მთლიანად დაიკავეს შავიზღვისპირეთის მთელი ხაზი. ამის შემდგომ, ალექსი და დავით კომნენოსები და ქართული შენაერთების ნაწილები უფრო აღმოსავლეთით ცდილობენ წასვლას. სხვათა შორის, რაიმე მასშტაბური ბრძოლა არ მომხდარა, მოსახლეობა თვითონ გადადიოდა უზურპატორი კომნენოსების მხარეს და ძალიან მოკლე დროში მოხერხდა ამ ტერიტორიებზე კომნენოსების გავლენის გავრცელება. შედეგად, ამ ტერიტორიაზე, ქართული მხარის შემწეობით, 1204 წელს არსდება ტრაპიზონის იმპერია. ბუნებრივია, იქ ქართული პოლიტიკური დომინანტი მნიშვნელოვნად შენარჩუნებული იყო.

– ანუ, ტრაპიზონის იმპერია დააარსეს ქართველებმა?

– ტრაპიზონის იმპერია დააარსეს ქართველებმა და ქართული სამხედრო ნაწილების შემწეობით სწორედ მათ მოიყვანეს იქ სათავეში კომნენოსები. თუმცა, ეს ისტორია ასე არ მთავრდება.

– რა ჩანაფიქრი ჰქონდათ ქართველებსა და კომნენოსებს?

– მათი ჩანაფიქრი იყო ის, რომ რაღაც ნაწილი მოეწყვიტათ ბიზანტიისთვის და იქ თავისი გავლენა დაემყარებინათ. მაგრამ, რამდენიმე ცნობილმა ისტორიკოსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქართველთა ამ ლაშქრობის მიზანი უფრო მასშტაბური უნდა ყოფილიყო.

– რას გულისხმობთ?

– თუ კარგად დავაკვირდებით ტრაპიზონზე ლაშქრობის მარშრუტს, აშკარად ჩანს, რომ ლაშქარი ცდილობს არა მარტო ტრაპიზონის ხელთგდებას, არამედ ჯარი მიიწევს კონსტანტინოპოლისკენ. როგორც ჩანს, ქართულ მხარეს განზრახული ჰქონდა კონსტანტინოპოლის აღება და იქ კომნენოსების გამეფება, მაგრამ, ეს ვერ მოხერხდა, დროში მოხდა ცდომილება. კონსტანტინოპოლმა ვერ გაუძლო ჯვაროსნების აგრესიას, რის გამოც, სამწუხაროდ, ჯვაროსნებმა უფრო მალე აიღეს კონსტანტინოპოლი. ქართულმა მხარემ დროულად ვერ მოასწრო იქ ჩასვლა. ფაქტობრივად 600-700 კილომეტრი აშორებდათ კონსტანტინოპოლს, როცა ნათელი გახდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა ამ ლაშქრობის განხორციელებას. ასე რომ, ჩანაფიქრი გაცილებით მასშტაბური იყო.

– რაც შეეხება ირანს და მის ტერიტორიაზე ქართველების მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას?

– ბიზანტიაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ქართული სახელმწიფო ცდილობს თავისი ძალაუფლების დამყარებას ირანის ტერიტორიაზე. იქ იმხანად არსებობდა ადარბადაგანის სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა საკმაოდ დიდ სივრცეს – დღევანდელ ჩრდილოეთ ირანს. ასევე ერაყის ტერიტორიისა და კავკასიის მნიშვნელოვან ნაწილს, თანამედროვე ქალაქ განჯამდე. ჩვენ და ადარბადაგანის ელდიგუზიანთა სამფლობელოს ერთი საზღვარი გვქონდა. ამ სახელმწიფოს გამგებელი იყო აბუბექრი, რომელიც ქართველებმა შამქორში დაამარცხეს და რომელიც ამის შემდეგ, გალოთდა. ამით ქართველებმა ისარგებლეს და არაერთი ციხე და ქალაქი წაართვეს მას. მოგვიანებით, აბუბექრმა მოახერხა ქართველებთან დაზავება, რითაც ფაქტობრივად, თავი იხსნა და კეთილგანწყობის მოპოვების წყალობით, ხელისუფლებაც შეინარჩუნა.

– ამის შემდეგ რა ხდება?

– ამის შემდეგ, აბუბექრი გარდაიცვალა. სწორედ ამ პერიოდში საქართველო აწყობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლაშქრობას, რომელიც კი საქართველოს მანამდე და მის შემდეგ განუხორციელებია. ეს იყო ლაშქრობა, როდესაც ქართულმა არმიამ ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიპყრო თითქმის ხორეზმამდე. ეს არის თანამედროვე შუა აზიის ტერიტორიები. თავისი მასშტაბებით ეს ლაშრობა ძალიან ცნობილი იყო.

– რა პოლიტიკურ ჩანაფიქრს ემსახურებოდა ის?

– რა თქმა უნდა, ამ ლაშქრობაში იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჩანაფიქრი. საქმე ისაა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამ დროისთვის 2 სახელმწიფო ინტერესი უპირისპირდება ერთმანეთს. თუ მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტიკაში საქართველო, ბიზანტია და ეგვიპტის სასულთნო მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ირანისა და ერაყის ტერიტორიაზე ასეთად გვევლინებოდა – საქართველო და ხორეზმი.

ხორეზმის სახელმწიფო არსებობდა თანამედროვე შუა აზიის ტერიტორიაზე და იმ დროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელმწიფოდ ითვლებოდა, რომელსაც შემდეგში უკვე მონღოლებმა მოუღეს ბოლო. თამარის მეფობის მიწურულს მოხდა საქართველოსა და ხორეზმის ინტერესების დაპირისპირება, სწორედ ადარბადაგანში გაბატონებისთვის. ირანზე ლაშქრობა იყო ხორეზმისათვის ძალების დემონსტრირების მაგალითი.

ეს ორივე ლაშქრობა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. თუ დააკვირდებით რუკას, ნახავთ, რა დონისა და მასშტაბების პოლიტიკაშია ჩართული საქართველო. ჩვენი ქვეყანა იმდროინდელ მსოფლიოში პოლიტიკურ ამინდს ქმნიდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ქართული სამხედრო და პოლიტიკური ისტორიის თვალსაზრისით.


скачать dle 11.3