კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (53)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

ვისი ღალატით აიღო შაჰ-თამაზმა ნარიყალა და როგორ მოეხმარა მოღალატე ბეთიაშვილი ყიზილბაშებს დედა-დედოფლის დატყვევებაში


ქართლის მეფის, ლუარსაბ პირველის ცხოვრებაში ერთი მეტად ტრაგიკული ფაქტი მოხდა. ღალატის შედეგად მას დედა და და დაუტყვევეს. ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ტყვეობიდან თავის დაღწევის იმედი გადაეწურა, დედა დედოფალმა – ნესტან-დარეჯანმა თავი მოიწამლა. ისტორიამ შემოგვინახა იმ მოღალატის სახელი, ვისი სულმოკლეობის შედეგადაც ეს ტრაგედია დატრიალდა. ვინ იყო ლუარსაბ პირველის ძირითადი მოწინააღმდეგე, ვისი დახმარებით აიღო მტერმა ატენის ციხე და დაატყვევა იქ თავშეფარებული სამეფო ოჯახის წევრები, ამაზე ჩვენი რესპონდენტი ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვესაუბრება.

ვაჟა კიკნაძე: ქართლის დიდი მეფე ლუარსაბ პირველი განთქმულია ბევრი რამით და მათ შორის იმითაც, რომ იგი გახლდათ მთლიანად საქართველოს და არა მხოლოდ ქართლის გულშემატკივარი. სამწუხაროდ, მისი მეფობის ხანაში ძალიან უსიამოვნო შემთხვევა მოხდა. ეს ამბავი დაკავშირებულია შინაგამცემლობასთან – მოღალატესთან, რომელმაც ძალიან ცუდი როლი შეასრულა ლუარსაბის ოჯახის, კერძოდ, დედამისის დაღუპვის საქმეში.

ლუარსაბ პირველმა ქართლის ტახტი ბიძამისის მეფობის შემდეგ დაიკავა. ეს იყო მეთექვსმეტე საუკუნის ოციანი წლების მიწურულს. ამ პერიოდისთვის ქართლში ძალიან არეული ვითარება იყო სამეფო ოჯახში შიდა დაპირისპირებების გამო. ნიშანდობლივია, რომ ლუარსაბ პირველის მამა – დავით მეათე და ბიძაც – გიორგი მეცხრე, რომელმაც მიიტაცა ტახტი, ორივე ბერად აღიკვეცნენ და ბერობაშივე გარდაიცვალნენ.

ლუარსაბ პირველის მთელი ცხოვრება ბრძოლაა, როგორც ირანის, ისე ოსმალეთის წინააღმდეგ. ბრძოლა ძირითადად შაჰ-თამაზის წინააღმდეგ მოუწია. იგი დაახლოებით იმავე პერიოდში გამეფდა ირანში, რა დროსაც ლუარსაბი – ქართლში.

– როდის მოხდა შაჰ-თამაზის პირველი შემოსევა?

– შაჰ-თამაზი ყარაბაღში მოვიდა და დაიბარა საქართველოს ყველა მეფე-მთავრები. მასთან არ გამოცხადდა მხოლოდ ლუარსაბი. მაშინ შაჰ-თამაზი თბილისს დილას, რიჟრაჟზე მოულოდნელად დაესხა თავს. იგი ვარაუდობდა, რომ ლუარსაბ პირველსაც ჩაიგდებდა ხელთ, თუმცა ვერ შეიპყრო. იმ დროისთვის ქართლის მეფე დედოფალთან ერთად მცხეთაში იმყოფებოდა მცირეწლოვანი შვილის დაკრძალვაზე. შაჰ-თამაზმა თბილისი საშინლად ააწიოკა და დაარბია. დიდი საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ თბილისის აღებისას ადგილი ჰქონდა გამყიდველობას.

– ვინ დაეხმარა ირანელებს თბილისის აღებაში?

– შაჰ-თამაზის თბილისში შემოსევის დროს, მოსახლეობის ნაწილმა თავი თბილისის ციხეს, ნარიყალას შეაფარა და იქ გამაგრდა. ნარიყალის აღება ძალიან ძნელი იყო, მაგრამ თბილისის ციხისთავმა გულბაათმა, გარკვეული გარიგების საფუძველზე, ციხის კარი გაუღო შაჰ-თამაზს. არ არის ცნობილი, რა ბედი ეწია გულბაათს, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ციხეში გამაგრებული მოსახლეობის დიდი ნაწილი მტერმა გაჟლიტა.

მოგვიანებით, ლუარსაბ პირველმა შეძლო თბილისის გამოხსნა. ამ ინციდენტის შემდეგ, მან პირველ ყოვლისა, ეკლესიებს მიხედა. არსებობს სიგელი, რომელიც ისტორიკოსმა სარგის კაკაბაძემ გამოაქვეყნა. მასში საუბარია, თუ როგორ გამოიხსნა სიონი ქართლის მეფემ, აღადგინა და აიაზმით (ნაკურთხი წყლით) გაწმინდა.

– ამის შემდეგ რა მოხდა?

– ამის შემდეგ, სამცხეში შემოიჭრა შაჰ-თამაზი. იქაც დაიბარა მეფეები და სამცხის ათაბაგი. ამ შემთხვევაშიც, მასთან არ გამოცხადდა მხოლოდ ქართლის მეფე ლუარსაბი. შაჰ-თამაზმა დაარბია ჯავახეთი. ისეთი ყინვა ყოფილა იმ წელს, რომ მტკვარი მთლიანად გაყინულა.

1551 წელს სამცხის ათაბაგმა ქაიხოსრომ ინიციატივა გამოიჩინა და შაჰ-თამაზს სამცხეში თურქების წინააღმდეგ გალაშქრება სთხოვა. ამ დროს პირველად დაარბიეს და საფუძვლიანად გაძარცვეს ვარძიის უმდიდრესი მონასტერი. როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მემატიანეები ამბობენ: ამ დროს ვარძიიდან რამდენიმე ურემი ხელნაწერი, ოქრო-ვერცხლი გაუტანიათ, მათ შორის, ვარძიის ცალკეული მონასტრებისა და გამოქვაბულების ოქროთი შეჭედილი კარიბჭეებიც კი. ეს იყო ყველაზე სასტიკი დარბევა ვარძიის მონასტრის ისტორიაში.

1554 წელს შაჰ-თამაზი კიდევ ერთხელ დაესხა თავს საქართველოს. მან ჯერ საბარათიანო აიკლო, შემდეგ შიდა ქართლში გორი, წედისის ციხე და შემოადგა ატენის ციხეს. მანამდე ლუარსაბ პირველმა ასეთ ხერხს მიმართა, რადგან ძალა არ ჰყოფნიდა რეგულარული ირანული ჯარის წინააღმდეგ, პარტიზანული ბრძოლის მეთოდზე გადავიდა. მოსახლეობას სასწრაფოდ გახიზნავდა ხოლმე რომელიმე გამაგრებულ ციხეში, თვითონ კი მალიმალ იცვლიდა ადგილს. ამიტომ ვერაფრით იხელთებდა ხოლმე მას შაჰ-თამაზი. ირანის შაჰმა არასდროს იცოდა, საიდან დაესხმებოდა თავს ქართლის მეფე.

შაჰის ამ საბედისწერო შემოსევისას ლუარსაბი არ იყო არც ატენში, არც გორში. ის ადგილს იცვლიდა მორიგეობით – ხან აჩაბეთში, ხანაც – იმერეთში. ატენში კი გამაგრებული იყვნენ ქართლის დიდი ფეოდალების ოჯახები და მათ შორის ლუარსაბ პირველის დედა – ნესტან-დარეჯანი და და, რომლის სახელიც ისტორიაში არ არის შემონახული. ლუარსაბი დამშვიდებული იყო, რადგან საკმაოდ მიუდგომელ ადგილას მდებარეობს ატენის ციხე. ის კლდოვან მასაზეა წამომდგარი და მისასვლელად ძალიან მოუხერხებელია. როგორც ქართველი მემატიანეები წერენ, ამ ციხის თავისებური მდებარეობის გამო, შეუძლებელი იყო ატენის ციხისთვის თოფის სროლა, ანდა ციხის ძირის გამოთხრა. სწორედ ამიტომ, თითქოს, უსაფუძვლო არ იყო ქართლის მეფის სიმშვიდე. კიდეც გაბრუნდებოდა შაჰ-თამაზი უკან, მით უმეტეს, რომ მან დიდი ზარალიც მიიღო ამ ციხის ალყის დროს, მაგრამ სავარაუდოდ, შაჰმა შეიტყო, რომ ციხეში მისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება, ანუ, ამ შემთხვევაში ლუარსაბ მეფის დედა იმყოფებოდა.

– საბოლოოდ, მოახერხა შაჰ-თამაზმა ატენის ციხის აღება?

– საბოლოოდ, შაჰ-თამაზმა ატენის ციხის აღება მოახერხა, რაც რიგითი ქართლელი გლეხის სიმდაბლის შედეგი იყო. ისტორიამ შემოინახა ამ მოღალატის სახელი. ეს იყო კავთისხეველი გლეხი და მეფის დედის პირადი მსახური, გვარად ბეთიაშვილი. იგი ყიზილბაშებმა შემთხვევით შეიპყრეს და დაემუქრნენ, რომ მოკლავდნენ. დედოფლის მსახურს სულმოკლეობა გამოუჩენია და უთქვამს მტრისთვის, ოღონდ ცოცხალი დამტოვეთ და მე გასწავლით გზას, როგორ აიღოთ ციხეო. სავარაუდოდ, მან ისიც მოახსენა მტერს, რომ ციხეში იმყოფებოდა დედა-დედოფალი და მეფის და. მოღალატემ მართლაც შეასრულა დაპირება – გასცა დედოფალი და ყველა ციხეში მყოფი. ბეთიაშვილმა გაანდო ყიზილბაშებს, რომ ციხეში ჭა ცარიელია, მაგრამ ციხეს აქვს ერთი საიდუმლო წყალი, რომელიც ჩრდილოეთის მხრიდან მოედინება და ფარულად შეედინება ციხეშიო. მე გაჩვენებთ ამ საიდუმლო ადგილს და თუ ამ წყაროს ჩაკეტავთ ციხის დაცვაც შეუძლებელი გახდებაო, უთქვამს მას. მტერი ასეც მოიქცა და შედეგად, უწყლოდ დარჩენილი ციხე, ძალიან მალე დანებდა.

– როგორ წარიმართა ამ ფაქტის შემდეგ დატყვევებული დედა-დედოფლის ცხოვრება?

– როდესაც დედისა და დის დატყვევების ამბავი მოახსენეს ლუარსაბს, მან სასწრაფოდ შეყარა ჯარი და მტერს დაედევნა. დაეწია კიდეც, დაამარცხა, ბევრი ალაფი ჩაიგდო ხელში, ამოწყვიტა უამრავი მოწინააღმდეგე, მაგრამ მეფის დედას და დას გაძლიერებული დაცვა ჰყავდათ და მათი გათავისუფლება მაინც ვერ მოახერხა. საპატიო ტყვეები ერევანში ჩაიყვანეს. როგორც ჩანს, ნესტან-დარეჯანს იმედი ჰქონდა, რომ შვილი გამოიხსნიდა, მაგრამ როდესაც დაინახა, უკვე სხვა გზა აღარ ჰქონდა და მას დიდი უპატიობა ელოდა წინ, – თავი მოიწამლა და ასე დაასრულა სიცოცხლე. რაც შეეხება მეფის დას, მის შესახებ აღარაფერია წყაროებში მოთხრობილი. ასე რომ, ბეთიაშვილის სულმოკლეობამ ძალიან დიდი დაღი დაასვა ქართველთა მხნეობასაც და გმირი მეფის ბედსაც.


скачать dle 11.3