კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქვეყნის მონარქის ნაქონ ხმალში გადაიხადა იარაღის კოლექციონერმა თეიმურაზ ჯალაღონიამ 20 ათასი დოლარი

ის თბილისის უძველეს და ულამაზეს უბანში – აბანოთუბანში ცხოვრობს, იქ, სადაც ყველაფერი ძველი, ლამაზი, ჭრელი, მრავალფეროვანი და განუმეორებელია. განუმეორებელია ამუბნელი ჩოხოსანისა და ოსტატის თეიმურაზ ჯალაღონიას იარაღის კოლექციაც, რომელშიც გაერთიანებულია როგორც ძველი, ასევე თავად ბატონი თეიმურაზის ნახელავი ხმლები, დამბაჩები და თოფები. უხუცესი ოსტატი და საინტერესო კოლექციონერი დღეს ჩვენი რესპონდენტია.

თეიმურაზ ჯალაღონია: იარაღი ბავშვობიდან მიყვარდა. პატრიოტული სულისკვეთებით გავიზარდე. არასდროს არ მბეზრდებოდა მეფე ერეკლეს, გიორგი სააკაძისა და დავით აღმაშენებლის ისტორიებისა და საგმირო თავგადასვლების კითხვა. მეომრული ჟინი ყოველთვის მქონდა. ჩვენ ჯალაღონიები ვართ გვარად. მამაჩემი მიყვებოდა ხოლმე ბავშვობაში, რომ ჩვენი გვარი ორი სიტყვის კავშირის შედეგად წარმოიშვა, რომლებითაც ჩვენი შორეული წინაპრები ხასიათდებოდნენო. ეს იყო ძალა და ღონე. ადრე ძალაღონიები ვყოფილვართ, დროთა განმავლობაში „ძ“ შეიცვალა და გახდა „ჯ“. ეს ამბავი რაც შევიტყვე, მას შემდეგ შევამჩნიე, რომ ბევრ თანატოლზე ძლიერი ვიყავი და სხვებზე დიდ და მძიმე ქვებსაც ვეწეოდი. ომობანას ვთამაშობდით ხოლმე ნარიყალას მთებზე ბავშვები და უკვე იმ დროიდან მიყვარდა იარაღი.

– იარაღის შეგროვება როდის დაიწყეთ?

– 10-12 წლიდან აქტიურად დავიწყე საომარი ჟანრის ფილმების ყურება და ნელ-ნელა იარაღის შეგროვებასაც მივყავი ხელი, მაგრამ ჩვენ მაშინ დიდი ფული არ გვქონდა მათ შესაძენად. მამაჩემი ფუნიკულიორის დირექტორი იყო. ძალიან პატიოსანი კაცი გახლდათ. ის სახლიდან გასვლამე დედაჩემს ფულს უტოვებდა, ოჯახისთვის. კარგად მახსოვს, დედა ამ თანხას მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ ინახავდა. მე ჩუმად ხან ორ, ხან სამ მანეთს ვაკლებდი ხოლმე იმ ფულს და ცალკე ვაგროვებდი, რომ შემდეგ ამ თანხით იარაღი შემეძინა (იცინის).

– თქვენ თვითონ როდის დაიწყეთ ასეთი საუცხოო ხმლებისა და დამბაჩების დამზადება?

– დაახლოებით იმ პერიოდიდან, როდესაც პირველი ნიმუში გაჩნდა ჩემს კოლექციაში. ბავშვობიდან მიყვარდა ჩხირკედელაობა. ხელობა ნელ-ნელა შევისწავლე. ასე მომიწია, რადგან იმდენი თანხა არ მქონდა, რომ დაუზიანებელი იარაღი მეყიდა. ზოგს ჩახმახი ჰქონდა გაფუჭებული, ან რაღაც დეტალი მოტეხილი და იმათ შეკეთებაში თანდათან ხელი გავიწაფე. შემდეგ უკვე მეც შევძელი დამოუკიდებლად დამზადება. ეს საახლობლო წრეში შეამჩნიეს და ნელ-ნელა გამივარდა ოსტატის სახელი. ახლა უკვე ყველა მიცნობს როგორც იარაღის ოსტატს და სარესტავრაციოდ მომმართავენ თურქეთიდან, დაღესტნიდან, რუსეთიდან, ამერიკიდან....

– პროფესიით ვინ ბრძანდებით?

– (იცინის) დიდი ხნის წინ კონსერვატორიაში ვსწავლობდი. ლამარა გოგრიჩიძემ მიმიყვანა ბათუ კრავეიშვილთან. მას მანამდე შორიდან ვიცნობდი, როგორც ოპერის ხშირი სტუმარი. ის იყო არისტოკრატი, წარმოსადეგი მამაკაცი. მომისმინა ბატონმა ბათუმ და თქვა: ძალიან მაგარი „მეტალია“, კარგი მასალაა და ამისგან კარგი მომღერალი დადგებაო. მაგრამ, კრავეიშვილის იმედები ვერ გავამართლე.

– დღეისათვის რამდენი ნიმუშია თავმოყრილი ამ კოლექციაში?

– ჩემი ნახელავის რაოდენობა ალბათ რამდენიმე ათასი იქნება, მაგრამ მათი უმრავლესობა გაფანტულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მათგან მხოლოდ 40 იარაღი მაქვს შენახული, ისინი, რომლებიც განსაკუთრებით მომწონს. სამწუხაროდ, ამ ხელობით ვარსებობ დღესდღეობით. დღეისათვის ამ კოლექციაში თავმოყრილია ოცდაათამდე ძველი იარაღი, რომელთაგან ზოგი დაღესტნელი ხელოსნების მიერ არის დამზადებული. იქ სოფელია, კუბაჩი, სადაც იარაღის ოსტატები სახლობენ. ძალიან სახელოვანი სოფელია ამ მხრივ, მას იცნობენ ამერიკაში, ინგლისში... მაქვს აგრეთვე ჩეჩნების, ამუზგინების (ამუზგინები, როგორც ერი, თითქმის დაიკარგა), ყაბარდოელბის, ჩერქეზების, ქართველების, სომხების იარაღი.

ქართველი ოსტატებიდან განთქმულნი იყვნენ: თბილისში – ძმები ჯიქიები, ლეკებიდან ყველა იცნობდა ნაბიასა და მაქსუდას. ისინი უფრო ნახევრად ძვირფას ლითონებზე მუშაობდნენ. ყველაზე განთქმულ ოსტატად ყველა ფილო ძაძამიძეს აღიარებდა.

– ალბათ, ბევრი ცნობილი პიროვნების იარაღია ამ კოლექციაში...

– თუ ხანჯლის პირს დამღა არ აქვს, შეიძლება, ვერ ამოიცნო, ვისი ნახელავია, იმას კი უთუოდ იტყვი, რომელი ერის წარმომადგენლის დამზადებულია.

– მართლა გაქვთ ნიკოლოზ მეორისა და ალექსანდრე მესამის ნაქონი ხმლები?

– მე ისინი შევიძინე და მისი წინა მფლობელისგან გადმოცემით ვიცი, რომ ოდესღაც ამ ხმლებით ალექსანდრე მესამე და ნიკოლოზ მეორე სარგებლობდნენ. თუმცა, ამას ვერ დავამტკიცებ – ნიკოლოზ მეორესაც და სხვა მონარქებსაც ერთი ხმალი ხომ არ ჰქონდათ! ამ ხმალს არ აწერია „ნიკოლოზ მეორე“, თუმცა, გვერდით გერბია გამოსახული, მაგრამ, ოფიცრებისა და ჯარისკაცების ხმლებსაც ამშვენებდა იგივე წარწერა. თუმცა, ერთი შეხედვითაც დაასკვნი, რომ ოფიცერი და ჯარისკაცი ასეთ ძვირფას იარაღს ვერ ატარებდნენ. ამის საშუალებაც რომ ჰქონოდათ, უფლებას მაინც არ მისცემდნენ. აქედან გამომდინარე მჯერა, რომ ეს იარაღი მართლაც ნიკოლოზ მეორის ნაქონია, თუმცა, ვისი ნახელავია, არ არის ცნობილი.

იმ პერიოდიდან მოყოლებული, ახლაც არის მოსკოვთან ახლოს ზლატოუსტის ქარხანა, რომელიც უშვებს იარაღს, თუმცა ამჟამად უფრო სასუვენირო იარაღის გამოშვებით არის დაკავებული. ახლა საბრძოლო იარაღს ტულის სამხედრო ქარხანა უშვებს.

– ალბათ, ძალიან ძვირია ეს ხმალი...

– ნიკოლოზ მეორის ხმალი 20 ათასი დოლარი ღირს, ეს ალესკენდერის ხმალი კი – 15 ათასი.

– როგორ უნდა გავარჩიოთ რომელი ქვეყნის ოსტატის ნახელავია ესა თუ ის ხმალი?

– ხანჯლის სადაურობის გარჩევა მისი ღარებითაც შესაძლებელია. თუ ღარი ძალიან ღრმაა და ირიბი, ის ლეკების დამზადებულია. ქართულ ხმალს არ აქვს ღრმა ღარი. მუსლიმანურ ხმალს ნახევარმთვარის ფორმა აქვს. ცნობილია დაღესტნური დამღა, რომელსაც ჰქვია – „აღსაჰკალ“, რაც „თეთრწვეროსანს“ ნიშნავს.

– რა მასალებით მუშაობთ ძირითადად?

– ძირითადად ვმუშაობ ოქროს ზარნიშზე. ეს არის ხელობა, როდესაც რკინაში კვეთავ ოქროს ან ვერცხლის მავთულს. ოქროს სინჯი უნდა იყოს 999,9-პროცენტიანი. ვერცხლისაც, ასევე, საუკეთესო სინჯის. აგრეთვე, ვმუშაობ მინანქარზე, სპილოსა და მამონტის ძვლებზე.

ჩემი ორი ნახელავი – ოქროში დამზადებული დამბაჩები – არაბეთის ემირატებში წაიღეს შეიხებთან და თითოეულში 3 500 დოლარი გადამიხადეს.

– მამაკაცების ერთ-ერთი საყვარელი თემა იარაღია. ძირითადად რა კითხვებს გისვამენ ხოლმე?

– ამას წინათ ერთ ადგილას მითხრეს, ერეკლე მეორეს 18-კილოგრამიანი ხმალი ჰქონდაო. 18-კილოგრამიან ხმალს ხელში დაჭერა არ უნდა?! მით უმეტეს, ბრძოლის დროს მას ვერ მოიხმარ. ხმალი ისტორიულად ყოველთვის 650 გრამს იწონიდა. ხევსურებს ჰქონდათ ყველაზე მჩატე ხმელები – ამიწონია და 350 გრამი გამოსულა. მათი ფარიც პატარა და მსუბუქია. ხევსურების ხმალი რომაელთა ხმლებს მახსენებს შორეული წარსულიდან.

– ეს რა უცნაური ხანჯალია?

– მის ტარზე გამოხატულ მთავარანგელოზს უჭირავს შუბი, რომლითაც განგმირავს ეშმაკს. ვფიქრობ, რიტუალური სცენაა, თუმცა ახსნა არ შემიძლია. ერთი წელია, რაც ეს ხმალი ვიყიდე – 1 600 დოლარი გადავიხადე. თუმცა, მისი ღირებულება გაცილებით მეტია, ვინაიდან – ეს ხმალი იშვიათი ეგზემპლარია. მე რუსეთში კოლექციონერებს გავუგზავნე მისი ფოტო და ყველამ მომწერა, მსგავსი ჯერ არაფერი გვინახავსო. ის თითბრისგანაა დამზადებული და ფოლადის პირი აქვს.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ყოველი ნივთი შვილივით არის ჩემთვის. თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს. მე რომ ვქმნი მათ, ან რესტავრირებას ვუკეთებ, შემდეგ ვკოცნი ხოლმე.

იმაზე მწყდება გული, რომ ადრე მხოლოდ მამიდან შვილს გადაეცემოდა, თუ ის შვილი და შვილიშვილი არ მიჰყვებოდა მამის გზას, ხელობა იკარგებოდა. ამიტომ მე ახლა მოსწავლეები ავიყვანე და მათ ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას, არ მინდა, რომ ჩემი პროფესიული საიდუმლოებები მიწაში წავიღო. ჩემს საქმიანობას ჩემი მოსწავლეები გააგრძელებენ და ეს კოლექცია მათი ნახელავებით კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

– რამდენი მოსწავლე გყავთ?

– რვა მოსწავლე მყავს, რომლებიც შემიძლია, ვთქვა, რომ უკვე ხელოსნები არიან.



ეკა სალაღაია




скачать dle 11.3