კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსთაველის ხათრით გაღებული სამი მანეთი, არეული ანალიზები, პანაშვიდის რიგში ჩამდგარი პაციენტები, „გაფანრებული“ ბავშვები და ნანადირევის უკანალში აღმოჩენილი წერილი


თბილისში ცხოვრება ერთგვარი პასუხისმგებლობაა. აქ განსხვავებული იუმორიც აქვთ და ცხოვრების გამორჩეული რიტმიც. თუ ნამდვილი თბილისელი ხარ, მისამართის გარეშეც მოგძებნის კაცი და ყველა კარი ღიაა შენთვის. აქ შენს სიტყვას განსაკუთრებული წონა აქვს.

ბატონი ილიკო ფერაძე ნაღდი თბილისელია. მისი საძმაკაცო და სამეგობრო წრეც ძალიან ფართოა ამ ქალაქში. მისი ძმა გია ფერაძე კი, სწორედ ის ადამიანი იყო, ვისაც თბილისში, მის საყვარელ დედაქალაქში მისამართი არ ჰქონდა. ის ყველგან იყო. მის საქციელზე და კაცურ კაცობაზე, დღესაც ლეგენდები დადის თბილისში.


მიცვალებულის ცალ-ცალი „ნასკით“ გადარეული სანიტარი ქალი

სანდრო ჟორჟოლიანი დედაჩემის ბიძა გახლდათ. როდესაც ბოლოს ცუდად შეიქნა, საავადმყოფოში დააწვინეს. არ მეცალა, ძალიან დაკავებული ვიყავი და ვერ ვნახე. დედამ ნამუსზე შემაგდო, არ გრცხვენია, ბაბუაა შენი და სანახავად არ მიდიხარო. მოკლედ, როგორც იქნა, მივედი. იქ დამხვდა მისი ქალიშვილი და ცოლი. უკანასკნელ წუთებში მივუსწარი და მე ჩამაკვდა სანდრო ხელში. ცოლ-შვილი დაბნეული იყო. მაშინ სულაც არ იყო ადვილი ადამიანის გაპატიოსნება და ამ ქალაქში არც ამდენი, სხვადასხვა ადგილას გაბნეული, სარიტუალო მომსახურების ცენტრი არსებობდა. ერთი სიტყვით, ბაბუა სანდრო გადაასვენეს საავადმყოფოს პროზექტურაში, ცოლ-შვილი კი სახლში წავიდნენ ტანსაცმლის მოსატანად. მოკლედ, გავაპატიოსნეთ მიცვალებული და როცა სანიტარი ჟორჟიკა გამოვიდა პროზექტურიდან, გვერდით გამიყვანა და მითხრა: „ხაზეინ, ცალი ნასკი შავია, ცალი მწვანე და რა ვქნა“. უკვე გვიანი იყო. სანიტრის მანქანა ჩქარობდა გამოძახებაზე წასვლას და იძულებულები ვიყავით, ასე ცალ-ცალი „ნასკით“ გადმოგვესვენებინა ცხედარი სახლში. გადაირივნენ ახლობლები, კაცო, ცხოვრებაში ისედაც ცირკი კაცი იყო და ახლა ასე ჯამბაზივით, ცალ-ცალი „ნასკით“ როგორ გავუშვათ იმქვეყნად, რას იტყვიან, ჩვენი წინაპრები, იქ რომ დახვდებიანო. მოკლედ, ბევრი სარბენი იყო და ვეღარ მოვიცალე ამ საკითხის მოსაგვარებლად. დაკრძალვის დღეს, დილითვე წავედი საავადმყოფოში, სანიტარ ქალს ვთხოვე და თავისი „ატრიბუტიკით“ წამოვიყვანე. მანქანაში მეკითხებოდა: ქალია თუ კაცი?.. დასაბანია?.. გასაპარსია?.. ჩასაცმელია? რომ ვპასუხობდი არა-მეთქი, გადაირია, აბა, რა მინდა მიცვალებულთანო. რაღას ვიზამდი, ავდექი და ვუთხარი: ყველაფერი რიგზეა, ოღონდ კუბოში თბილი „ნასკები“ ჩავაცვით, ამიტომ ცოტა ფეხები გაუოფლიანდა და „ნასკები“ უნდა გამოუცვალო-მეთქი.

კურდღლის უკანალში დამალული წერილი

საშა ჩხეიძეს ერთი უიღბლო მონადირე მეგობარი ჰყავდა, რომელსაც ან სროლა არ ეხერხებოდა ან ღმერთი არ სწყალობდა. ერთ-ერთი ნადირობისას, მონადირეები გაიყვნენ, ხოლო, საშა ჩხეიძეს ეს მონადირე აეკიდა და გაჰყვა უკან. მოკლედ, დათქვეს, რომ ამა და ამ დროს ნადავლით აქა და აქ შევხვდეთო. საშამ მოკლა ორი კურდღელი და შეხვედრის ადგილისკენ გაეშურა. მეგობარი არსად ჩანდა. ცოტა ხნის შემდეგ, გაიხედა, მოდის თავისი უიღბლო მეგობარი და ჩანთაზე მოკლული კურდღელი აქვს გადაკიდებული. თან, სახეზე დაღლა ემჩნევა. ამაყად მოხსნა კურდღელი სანადირო ჩანთას და მაგიდაზე დააგდო. დაიწყო მოყოლა და ბაქი-ბუქი, თუ რამდენი ირბინა, ამ კურდღლის დასაწევად, რომ მიზანში ამოიღო და ერთი გასროლით მოკლა და ასე შემდეგ. საშა ჩუმად იჯდა და იღიმებოდა. მოყოლა რომ დაასრულა ბაქია მონადირემ, საშამ მშვიდად ჩაილაპარაკა: კაცო, ერთი მაგ კურდღელს შეხედეთ უკანალში, რაღაც ქაღალდი აქვს გარჭობილიო. ეცნენ სხვა მონადირეები და კურდღლის უკანალიდან გამოაძვრეს ქაღალდი, რომელზეც ეწერა დიდი ასოებით: „მე მომკლა საშა ჩხეიძემ“. გადაირია უიღბლო, ტრაბახა მონადირე, დაავლო ხელი თოფს და ძმაკაცს მოსაკლავად გამოეკიდა. მერე სიცილით იხსენებდა საშა: კაცო, მე გავექეცი, გიჟივით მომდევდა, ორჯერ მესროლა და ამაცილა ამხელა კაცს და ეგ, გაქცეული, ცქვიტი კურდღლის მომკვლელი იყოო.

ლობიოს ჭამით „გაფანრებული“ ბავშვები

ჩვენს ოჯახში ყველა ლობიოს მოყვარულები ვიყავით და სადილად ძალიან ხშირად კეთდებოდა ეს კერძი. მამას ჰყავდა მეღვინე მეგობარი შალიკო ჩილოჩავა, რომელიც ხშირი სტუმარი იყო ჩვენთან. რამდენჯერაც მოვიდა შალიკო, იმდენჯერ ლობიო დახვდა. თითქოს, განგებ დაემთხვა სადილად ლობიო მის სტუმრობას. ერთ ზაფხულს, თეთრი წყაროში ვისვენებდით. მე და ჩემს ძმას მოგვბეზრდა ყოველდღე სუპის, სოუსის, წიწილას, კატლეტების ჭამა და ბებია ნინას, ანუ როგორც მას ვეძახდით ბაბუ-ნინას, ვთხოვეთ, ლობიოს მომზადება. იმ დღეს შაბათი ყოფილა, დღე, როცა თბილისიდან ოჯახის უფროსები აკითხავდნენ დამსვენებლებს. ამოვიდა მამა და თან ამოიყვანა სტუმრად შალიკო ჩილოჩავა. გაიშალა სუფრა და შალიკომ რომ დაინახა სუფრაზე ისევ ლობიო, წამოხტა და მამას ხმამაღლა მიაძახა: ბიძინა, წამო, თუ ძმა ხარ, მიმასწავლე ბაზრის გზა, ბავშვებს ერთ წიწილას მაინც ვუყიდი, თბილისში ყოველდღე ლობიო, აქაც ლობიო, ცოდოები არიან ამდენი ლობიოს ჭამით და ფოსფორის მიღებით, რა არის კაცო, ღამის ფანრებად ხომ არ ზრდი ამ ანგელოზივით ბავშვებსო.

ჯანსუღ კახიძის ძეობა

მამას უბნელი და ახლო მეგობარი იყო, ჯანსუღ კახიძის მამა, ბატონი ვანიჩკა კახიძე. როდესაც ჯანო დაიბადა, სულ მთლად თეთრი, ქათქათა ბავშვი იყო, თითქმის ალბინოსი, არც მერე გამხდარა მაინცდამაინც შავტუხა. მამას ძეობაზე საჩუქრად მუქი ფერის ზეწრები მიუტანია. გადარეულან, ეს რა არისო. მამასაც უთქვამს, ბავშვი ლოგინში რომ არ დაგეკარგოთ და დაფერთხვის დროს ზეწარს არ გააყოლოთ, ამიტომაც შეგირჩიეთ მუქი ფერის ზეწრებიო.

არეული ანალიზები

და „შადრევანი“-პაციენტი

ინფექციურ საავადმყოფოში არის შარდის გამოკვლევის ეგრეთ წოდებული ზიმნიცკის მეთოდი, როდესაც ავადმყოფი დღე-ღამის განმავლობაში ყოველ სამ საათში აგროვებს ქილაში შარდს და მერე იკვლევენ სხვადასხვა დაავადებაზე. თითოეული ავადმყოფის რვა ქილა, ქაღალდზე მიწერილი გვარებით, იდგა ტუალეტში. ამ ქილების რაოდენობა, დაახლოებით, 50 იყო. ექიმებს და ავადმყოფებს ქილათა სიმრავლე დიდ უხერხულობას უქმნიდა და ამ რიტუალის შესრულება ბევრ კურიოზთან იყო დაკავშირებული. ჩემი ძმა ერთი პერიოდი იქ იწვა. მისი ოხუნჯობები ხომ მთელ თბილისში იყო განთქმული და იქ დააკლებდა? მოკლედ, გია ჩუმად შედიოდა ტუალეტში და დაკრულ ქაღალდებს გადააწებებდა, აურევდა ერთმანეთში სხვადასხვა ავადმყოფების ქილებს და ეს ავადმყოფების და ექიმების სრულ გაგიჟებას იწვევდა. იქ ერთი სომეხი პაციენტი ამოიჩემა და გამწარებული ჰყავდა. არ აკმარა ასეთი სასჯელი და უფრო დაამძიმა მისი სიტუაცია. მოკლედ, დილის პორციას რომ მოშარდავდა ის სომეხი თავის ქილაში და გამოვიდოდა, გია ჩუმად შევიდოდა და მის სხვა ქილებსაც შარდით ავსებდა. შევიდოდნენ ექიმები და მერე გამოუხტებოდნენ იმ საწყალ სომეხს: რა არის, შე კაი ადამიანო, რით ვეღარ გაგაგებინეთ, რომ მარტო ერთ ქილაში უნდა ჩააფსა და არა ყველაში. ვერ გავიგეთ, შადრევანი ხომ არ ხარ, ერთი ქილა რომ არ გყოფნისო.

თაზოს ბაბუის პანაშვიდი და გადარეული სომხები

გიას ბავშვობის მეგობარს თამაზ ანდღულაძეს გარდაეცვალა ბაბუა. ანდღულაძეების ოჯახი ცნობილი იყო ქალაქში და თამაზის ბაბუის დასაფლავების დღეს მთელმა თბილისმა მოიყარა თავი. ეზოში დადგა პანაშვიდზე მისული ხალხის რიგი. ანდღულაძეების კარის მეზობლად ცხოვრობდა პლასტიკური ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში, თავად არაჩვეულებრივი იუმორით დაჯილდოებული ადამიანი, ქირურგი, ვახტანგ ხურციძე, რომელსაც მთელი ქალაქი სიყვარულით „წოპეს“ ეძახის და ბევრი ცხვირი აქვს გაკრეჭილ-გალამაზებული, არა მარტო თბილისელებისთვის. იმ დღეს, რასაკვირველია, „წოპეც“ პანაშვიდზე იდგა ჭირისუფლის გვერდით. თამაზის მეგობრები ეზოს გარეთ, ქუჩაში იყვნენ. ამ დროს მათ სიახლოვეს გაჩერდა „ვოლგა“, ერევნის ნომრებით და მანქანიდან სამი გრძელცხვირა, შავტუხა სომეხი ქალი გადმოვიდა. ბედი არ გინდა? მათდა საუბედუროდ, პირველი, ვინც მათ შემოხვდა, გია ფერაძე იყო. ქალებმა ბოდიშის მოხდით ჰკითხეს, სად შეიძლება პროფესორი ვახტანგ ხურციძე ვნახოთო. გია არ დაიბნა და სერიოზული გამომეტყველებით მიუთითა პანაშვიდის რიგზე, აი, ამ რიგს ხომ ხედავთ, ეს ყველა მისი პაციენტიაო და გაუშვა ეს გრძელცხვირა ქალბატონები პანაშვიდის რიგში ჩასადგომად. ადვილი წარმოსადგენია, ალბათ, იქ რაც მოხდებოდა. გია რასაკვირველია, იქაურობას გაეცალა და შორიდან ადევნებდა თვალს სიტუაციას. სადარბაზოდან კი ის ქალები ისეთი სიცილ-ფხუკუნით გამოცვივდნენ პირზე ხელაფარებულები, გეგონებოდათ, მიცვალებულმა ჰკრა პანღურიო.

ჩაძინებული „დვა დვაცატიანი კალბასი“

ერთ დღეს გია ადრე დაბრუნდა რეპეტიციიდან და სპექტაკლამდე გადაწყვიტა, ცოტა წაეძინა. ასე იშვიათად ხდებოდა, მაგრამ იმ დღეს ეტყობა, ძალიან დაიღალა. მოკლედ, თავი მიდო ბალიშზე და ეგრევე მიიძინა. არ გასულა ხუთი წუთი და ტელეფონმა დარეკა. აიღო გიამ ყურმილი და ვიღაც ქალის ხმა: ალო, გასტრონომია? არა ბატონო, შეგეშალათო, უთხრა გიამ და დაკიდა ყურმილი. ჩაიძინა და ისევ რეკავს ტელეფონი, აიღო ყურმილი და ისევ იგივე კითხვა: ალო, გასტრონომია? გიამ მშვიდად უპასუხა: არა, ბატონო, გასტრონომი არ არის, შეგეშალათო. დაკიდა თუ არა ყურმილი, ისევ გაისმა ზარი და იგივე ხმამ იკითხა, გასტრონომიაო. აი, აქ კი აასხა გიას სისხლმა კისერში და ხმამაღლა უთხრა, ჰო, გასტრონომიაო. იმანაც გაკვირვებულმა ჰკითხა, შენ რომელი ხარო. გიამ უყვირა, „კალბასი ვარ დვა დვაცატიანი“, შენი დედა ვატირე, დამაძინე, ადამიანი არ ხარო და დაახეთქა ყურმილი. კარგა ხანს ჩვენს სახლში ტელეფონს აღარ დაურეკავს.

როზა რუსთაველი

ამ ამბავს ხშირად იხსენებს ხოლმე მერაბ თავაძე. მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის იზა გიგოშვილის საღამო იმართებოდა მოსკოვში. მე, იზამ და გიამ წინა ღამით გადავწყვიტეთ რესტორან „პეკინში“ შესვლა სავახშმოდ. რესტორნის შესასვლელთან მოსკოველი ბომჟები მათხოვრობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ჩვენი ქართული საუბარი რომ გაიგონა, მოგვიახლოვდა და მოგვმართა: „ზემლიაკი, ნე პომოჟეტე?“ გია მიუბრუნდა და ჰკითხა: „კაკოი ტი მნე ზემლიაკ?“ ბომჟმა ხმას აუმაღლა: „კაკ, კაცო, უ მენია ჟენა გრუზინკა“. გია დაფიქრდა და ისევ ჰკითხა: „კაკ ზავუტ?“, ბომჟმა ამაყად უპასუხა: როზა. გია ჩაეძია: „კაკ ფამილია?“. ბომჟი დაფიქრდა და კარგა ხნის ფიქრის შემდეგ უპასუხა: რუსთაველი. გიას გაეცინა, ამოიღო ჯიბიდან სამი მანეთი, მისცა ბომჟს და რუსულად უთხრა, თუ რუსთაველია, მაშინ მეტიც გეკუთვნის, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენც გვიჭირს და იმედია, რუსთაველი გაგვიგებსო.


скачать dle 11.3