კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-15(485)


– რა ხიფათი? – ჰკითხა პითონმა ჰამოს.

– არ ვიცი, მაგრამ, აუცილებლად უნდა დაიმალოთ. ჩვენთან ერთად თბილისში თქვენი ჩამოსვლა არ შეიძლება – ასე მიმანიშნა პეტიკომ, – უთხრა პითონს მთაწმინდელმა.

– აბა, რა ვქნათ?

– ზუგდიდში დაგმალავთ.

– საიმედოა?

– რა თქმა უნდა, – გაეცინა ჰამოს და მათეს მიუბრუნდა, – არ გახსოვს, შენი ცოლ-შვილი რა საიმედოდ ჰყავდათ გადამალული მეგრელებს?

– ამას რა დამავიწყებს, – დაეთანხმა ჰამოს მათე და ყველას გასაგონად თქვა, – აქ რაღაც ძალიან სერიოზული ამბავი უნდა იყოს, პეტიკო ტყუილად არ დარეკავდა. ძალიან ფრთხილად ყოფნაა საჭირო, გული მიგრძნობს.

– მეც ასე ვფიქრობ, – დაეთანხმა მათეს ჰამო, – მე და პეტიკო შეთანხმებულები ვიყავით, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დამირეკავდა და ნაღდად რაღაც მაგარი ჩეპეა.

– სულ მალე გავარკვევთ, – თქვა მათემ და საათს დახედა, – სამი სრულდება. თუ მოვინდომებთ, ზუგდიდში დღესვე ჩავალთ, მაგრამ, ჯობია, ეს ღამე სოჩაში გავათენოთ, ყველაფერი კარგად მოვიფიქროთ და ისე ვიმოქმედოთ.

„ჯიპი“ ლარივით გაჭიმულ გზატკეცილზე მიჰქროდა და სასტუმრო „ჟემჩუჟინას“ კომპლექსს უახლოვდებოდა. ჰამოს სიფილისით დაავადებული, 20 მილიონი ევროს გამტაცებელი, სოჩელი ახალგაზრდა და მისი საქვეყნოდ ცნობილი ექიმი მამა გაახსენდა, ლუდას მიუბრუნდა და უთხრა:

– გახსოვს, ამ ერთი თვის წინ რა ამბავში ვიყავით ამ ადგილზე?

– ამას რა დამავიწყებს, – გაეცინა მედვედევას, – იმ ნაბოზარ ბიჭს ერთი ნაბიჯითაც რომ გაესწრო, 20 მილიონს აგვახევდა და ვეღარასოდეს ვიპოვიდით.

ჰამომ სვლა შეანელა და მათეს ჰკითხა:

– აქ ხომ არ შევჩერდეთ?

– „ჟემჩუჟინაში“? – თითი გაიშვირა მათემ და თავი დააქნია, – შევჩერდეთ.

მთაწმინდელმა მარჯვნივ ჩაუხვია და „ჟემჩუჟინასკენ“ აიღო გეზი, თან მისმა ტელეფონმა დარეკა და რომ დახედა, თქვა:

– ვიღაც უცხოა.

– უპასუხე, – უთხრა მათემ, – გული მიგრძნობს, რომ ახალ ამბავს გავიგებთ და თან, იმ საქმეზე, ახლა რომ ვლაპარაკობდით.

ჰამომ ტელეფონი გაშალა. მათეს წინათგრძნობა გამართლდა – პეტიკო რეკავდა სხვა ნომრიდან.

– ახლა სად ხარ? – ჰკითხა მან სიძეს.

– სოჭში.

– უფრო ზუსტად?

– „ჟემჩუჟინაში“ ვაპირებთ შესვლას.

– მანდვე დარჩით და დამელოდეთ, უჩემოდ ფეხი არ მოიცვალოთ.

– გასაგებია, – თქვა ჰამომ და ტელეფონი დაკეცა. „ჯიპი“ სასტუმრო „ჟემჩუჟინას“ წინ გააჩერა და დანარჩენებს უთხრა, – პეტიკომ მითხრა, ჩემს ჩამოსვლამდე ფეხი არ მოიცვალოთო.

– ოთხის ნახევარია, – თქვა მათემ, – პეტიკო, ალბათ, შუაღამისთვის ჩამოფრინდება და ყველაფერს „გაგვიიასნებს“. მანამდე კი დავისვენოთ, დავნაყრდეთ და დაველოდოთ, რა ამბავს ჩამოგვიტანს.

ჰამო და კამპანია „ჟემჩუჟინას“ ორ ლუქს ნომერში დაბინავდნენ, ნომრებშივე ისამხრეს, მერე კი სავარძლებში მოკალათდნენ და საუბარი გააბეს.

– მაინც რაში უნდა იყოს საქმე? – თქვა პითონმა და გააბოლა, თან, ერთმანეთის მიყოლებით შვიდი რგოლი გაუშვა ჰაერში.

– აქ ერთი პონტია, – მიუგო ჰამომ, – როგორც ეტყობა, „ძაღლები“ გელოდებიან.

– ჩვენ? – გაოცდა პითონი.

– ჰო, – დაეთანხმა მთაწმინდელი.

– კი მაგრამ, როგორ? – მხრები აიჩეჩა მახომ, – რუს „ძაღლებს“ რომ სცოდნოდათ, სოჩამდეც არავინ ჩამოგვიშვებდა და რადგან აქ ვართ, ესე იგი, ჩვენი ამბავი არ იციან. ქართველი „ძაღლები“ კი როგორ შეიტყობდნენ?

პითონი მოულოდნელად გაჩუმდა და ლუდას გადახედა, მაგრამ, მალევე მოაშორა თვალი და, უხერხულობა რომ დაეფარა, სიგარეტი გააბოლა. თუმცა, მედვედევას არ გამოჰპარვია რუსეთის ახლად არჩეული მაყურებლის ეჭვნარევი შემოხედვა. ამიტომ, მწველი მზერა ესროლა მახოს, არც აცია, არც აცხელა და პირში მიახალა:

– შენ რა, პითონო, ფიქრობ, რომ ქართველ „ძაღლებთან“ მე ჩაგიშვი?

– არა, ლუდაჩკა, რას ამბობ, რა სისულელეა, – უხერხულად გაეღიმა მახოს, მაგრამ მისი სიტყვები საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერდა, თანაც, დაბნეულობისგან ანთებული სიგარეტი ხელიდან გაუვარდა, სახე წამოეჭარხლა და მოულოდნელად თქვა: – მაპატიე, ჩემო გოგონა, მართლა გამიელვა ასეთმა ეჭვმა. ბოდიშს გიხდი.

ლუდას, მიუხედავად იმისა, რომ მაგარი ქალი იყო და სენტიმენტალობით არ გამოირჩეოდა, თვალები აუცრემლდა და ხმის კანკალით თქვა:

– როგორ იფიქრე, რომ ლუდა მედვედევა თავის მეგობრებს „ძაღლებთან“ ჩაუშვებდა, თანაც, ქართველ „ძაღლებთან“, რომლებიც თვალითაც არ მინახავს? რუსები რომ გეთქვა, კიდევ, დაიჯერებდა კაცი, მაგრამ, ქართველი „ძაღლები“?!

მათემ თვალები დაუბრიალა მახოს, შემდეგ ლუდას თმაზე მიეფერა და უთხრა:

– კარგი, ჩემო გოგონი. ნუ ტირი. პითონიც ადამიანია, გადაიღალა და წამოროშა, აპატიე.

– ქართველები? ქართველები? – ისტერიკულად იმეორებდა მედვედევა, – რუსები მაინც ეთქვა. ქართველი „ძაღლები“ სად ჯანდაბაში უნდა მენახა?

– თუ ეს ასეა, მაშინ, არც ქართველი და, მით უმეტეს, არც რუსი „ძაღლები“ არაფერ შუაში არ არიან, – თქვა მათემ, პატარა პაუზა გააკეთა და დაასრულა: – „ეფბეერზეა“ „ბაზარი“...

მათეს სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო ყველასთვის, რომ, იფიქრეს, მოგვეჩვენაო და ზვიადს პირში მიაჩერდნენ. ლუდამ კი ტირილი შეწყვიტა, მათეს გაოცებული თვალებით შეხედა და ჰკითხა:

– რაო, რა თქვი, „ეფბეერიო“?

– რა! და, ჩემო გოგონი, თუკი ჩვენზეა ბაზარი და „ძაღლები“ გვისადკავებენ, მაშინ ეს არც ქართველები არიან, და არც რუსები, „ეფბეერი“ გამოსულა ჩვენს კვალზე. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ შტატებში ძებნილი ვარ და ეს ავიაკატასტროფა სწორედ ამის გამო გავითამაშეთ?

– კი, მათე, მაგრამ, როგორ უნდა გაეშიფრე „ეფბეერს?“ მით უმეტეს, ეს ყველაფერი როგორ შეიტყო პეტიკომ? – ჰკითხა პითონმა ზვიადს.

– ჯერ არ ვიცი, პეტიკო ჩამოვა და ყველაფერს მოგვიყვება...

***

პეტიკო ნაშუაღამევს ჩაფრინდა სოჭში და ახლობლების მიგნება არ გასჭირვებია.

– რა ხდება, პეტიკო? შენ აქ ტყუილად არ ჩამოხვიდოდი, თანაც, ასე ოპერატიულად, – უთხრა ცოლის ძმას ჰამომ.

– ჩვენს ძმებს „ეფბეერი“ დააჯდა კუდზე. უფრო სწორად კი მათეს, – პეტიკომ ზვიადზე მიანიშნა სიძეს.

ყველამ მათეს შეხედა, რომელიც ირონიულად იღიმებოდა და მშვიდად აბოლებდა სიგარეტს.

– სიმართლე გითხრა, არ მჯეროდა, შენ რომ თქვი, „ეფბეერის“ ბაზარიაო. როგორ მიხვდი? – ჰკითხა ლუდამ მათეს:

– ლოგიკა და ინტუიცია, – ხელი ჩაიქნია მათემ და პეტიკოს მიუბრუნდა, – მოყევი ერთი, რა ხდება.

– რა ხდება და, – თქვა პეტიკომ, სავარძელში მოკალათდა და გააბოლა, – გუშინ საღამოს პოლკოვნიკმა კასრაძემ დამირეკა და მთხოვა, რესტორანში შევხვედროდი. კოტიკო ჩემი ძველი მეგობარია, ბობოლა „ძაღლი“ და სამინისტროში საგარეო განყოფილებას ხელმძღვანელობს. პატარ-პატარა „გრევებს“ ვუკეთებ ხოლმე და, თუ რამ მჭირდება, ინფორმაციის მოწოდებაზე უარს არასოდეს მეუბნება. შევხვდით თუ არა, კოტიკომ აღელვებულმა მითხრა:

– რასაც ახლა გეტყვი, სამსახურში რომ გამიგონ, ჩათვალე, არა მარტო მომხსნიან, შეიძლება, გამსროკონ კიდეცო.

– ისეთი რა უნდა მითხრა? – გამიკვირდა და კოტიკოს გავუღიმე, მაგრამ მის აღელვებულ სახეს რომ შევხედე, მივხვდი, არ ტყუოდა.

– მოკლედ, ძმაო, – მითხრა კოტიკომ, – ამ დილით ჩემს კაბინეტში ერთი რიჟა ტიპი მოვიდა, მარტინ ჯექსონად გამეცნო. მითხრა, რომ „ეფბეერის“ სპეციალური აგენტია და მათეს დაპატიმრებაში დახმარება მთხოვაო.

მათეს სახელის გაგონებაზე კინაღამ გული გამისკდა, მაგრამ, თავი მოვთოკე, რომ არ „დავმწვარიყავი“, გავიცინე და კოტიკოს ვკითხე:

– მათე ვინ არის?

– ცნობილი კანონიერი ქურდი, ზვიად მათეშვილი. ვერელია, რუსეთის მაყურებელი და მთელი მსოფლიოს ძაღლობა მაგას ეძებს.

მხრები ავიჩეჩე და კოტიკოს ვუთხარი:

– შენ „ძაღლი“ ხარ და, გასაგებია, რატომაც მოგმართა „ეფბეერმა“, მაგრამ, მე რა შუაში ვარ?

– რა შუაში და, იმ ვიღაც ჯექსონმა მითხრა, თითქოს შენ და შენმა სიძემ – ჰამომ, იცით, სადაა მათე და თქვენზე გამოსვლა მთხოვა.

– რა სისულელეა! – გამეცინა, – ჩვენზე გამოყვანა რა პონტში მოგთხოვა, მაინც, რა თქვა, რა მინდაო?

– რა და, თქვენზე მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მომთხოვა, რომ ამგვარად მოეხდინა თქვენი დაშანტაჟება. მე კი ვუთხარი, რომ ეს აბსურდია და ზრდილობიანად გავისტუმრე, – აი, სულ ესაა, ძმაო. შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ, გირჩევ, რომ ძალიან ფრთხილად იყო. „ეფბეერი“ ისეთი კანტორაა, რომ თავის სპეცაგენტებს ტყუილად არსად აგზავნის, – მითხრა კოტიკომ და წავიდა.

აი, ამიტომ დაგირეკეთ ამ დილით და „ცინკი“ მოგეცით, მაგრამ, მერე ვამჯობინე, თვითონ ჩამოვსულიყავი და პირადად მომეყოლა ყველაფერი. მოკლედ, თქვენი თბილისში ჩამოსვლა არ შეიძლება და, თუ მაინც გადაწყვეტთ ამას, ყველაფერი ზესაიდუმლოდ უნდა მოხდეს.

მათემ უხმოდ მოისმინა პეტიკოს მონათხრობი, შემდეგ გააბოლა, ოთახში გაიარ-გამოიარა და თქვა:

– მდა!.. კარგი არაფერია და გამოსავალი უნდა მოვძებნოთ.

– რას გულისხმობ? – ჰკითხა პითონმა.

– რას და „ეფბეერმა“ იცის, რომ ცოცხალი ვარ და კუდზე მასხედან. ვერ ვიტყვი, დაპატიმრება-მეთქი, მაგრამ, დავერბოვკება ნაღდად ენდომებათ.

– დარწმუნებული ხარ?

– თითქმის ასი პროცენტით.

– თუ ასეა, რას აპირებ?

– ჯერ არ ვიცი, ამას გარემოება გვიჩვენებს.

– რა გარემოება, მათე? – ძალიან აღელდა პითონი, ერთ ადგილზე ვეღარ მოისვენა და სასტუმროს ნომერში ბოლთის ცემა დაიწყო, ესღა გვაკლდა! არ ჯობდა, მოსკოვში დავტეულიყავით?

– მოსკოვშიც მოგვაგნებდნენ, – ჩაეცინა მათეს.

– ვინ?

– „ეფბეერი“.

„ეფბეერის“ ყოველ ხსენებაზე, ანერვიულებული პითონი სასაცილოდ შეხტებოდა ხოლმე და ბამბასავით ფითრდებოდა, თან ამბობდა:

– „ეფბეერი“, „ეფბეერი“... ეს ხომ მათხოვარი რუსი „ძაღლები“ არ არიან, რომ ათას დოლარად გააჩერო. ისინი თვითონ ხარჯავენ მილიონებს, რომ ჩვენნაირი ხალხი აყარონ.

– გეყოფა, მახო, ქალივით ნუ მოთქვამ, ტვინი წაიღე. „ეფბეერი“ ყოვლისშემძლე კი არაა, თანაც, არც ჩვენ ვართ არიფები და რამეს მოვიფიქრებთ. თუმცა, „ეფბეერის“ გაცურება არც ისე ადვილია. მით უმეტეს, როდესაც ისინი საფუძვლიანად არიან ვინმეთი დაინტერესებული.

– მაინც, რას აპირებ? – ჰკითხა ჰამომ მათეს.

– ჯერ არ ვიცი, მაგრამ, იმედია, მალე გავაიასნებ, – თქვა მათემ და კარისკენ გაიხედა, რომელზეც ფრთხილი კაკუნის ხმა გაისმა.

პითონი შეხტა და თქვა:

– ნეტავ ვინ უნდა იყოს?

მათეს გაეღიმა, მედვედევას კარზე ანიშნა და სთხოვა:

– მიდი, ლუდაჩკა, გააღე!

მედვედევამ კარი გააღო და ოთახში საშუალოზე მაღალი, ოცდაათიოდე წლის წითური ახალგაზრდა შემოუშვა, რომელმაც დამხვდურებს თვალი შეავლო, გაუღიმა და რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ მათემ ის ხელით გააჩერა და ქართულად უთხრა:

– თქვენ, ალბათ, „ეფბეერის“ სპეციალური აგენტი, მარტინ ჯექსონი ხართ.

– სრული ჭეშმარიტებაა, – ქართულადვე თქვა წითურმა და პეტიკოს შეხედა, – მე „ეფბეერის“ სპეციალური აგენტი, მარტინ ჯექსონი ვარ და თქვენთან დაკონტაქტება მაქვს დავალებული ხელმძღვანელობისგან.

– ვინ ჩვენთან დაკონტაქტება? – ჰკითხა ჯექსონს პეტიკომ, რომელიც სახეწამოჭარხლებული დაუდგა წინ წითურს, რადგან მიხვდა, რომ „ეფბეერმა“ ის სატყუარად გამოიყენა, – თქვი, შე ნაბოზარო!

– დამშვიდდით, მისტერ პეტიკო, დამშვიდდით, მე აქ სამტროდ არ ვარ მოსული, უნდა მოგელაპარაკოთ, – გაიღიმა ჯექსონმა.

– აქ რატომ მოეთრიე, შე ნაბოზარო? – ხმას აუწია უკიდურესად გაღიზიანებულმა პეტიკომ, ჯექსონისკენ წაიწია და ავტომატურად ქამარზე გაიკრა ხელი, სადაც ის პისტოლეტს ინახავდა ხოლმე.

– დამშვიდდი, პეტიკო, გთხოვ, – უთხრა პეტიკოს მათემ, რომელსაც ის გულწრფელად შეეცოდა, რადგან, უნებლიე სატყუარას როლში აღმოჩნდა.

– მისტერ პეტიკოს განგსტერული ჩვევები აქვს, – ცინიკურად თქვა ჯექსონმა, – მაგრამ, დაავიწყდა, რომ არ წამოუღია.

– დამცინი კიდეც? – უკიდურესად გამწარდა პეტიკო და სპეცაგენტისთვის სილა უნდა გაეწნა, მაგრამ, მათე მათ შორის ჩადგა და პეტიკო გააჩერა, „ეფბეერის“ სპეცაგენტს კი შეუბღვირა:

– გეყოფათ, ჯექსონ! ნუ გავიწყდებათ, რომ ამერიკაში არ ხართ და ისე მოიქეცით, როგორც ეს ჯენტლმენს შეეფერება!

– მაპატიეთ, ჯენტლმენებო, – საქმიანი იერი მიიღო წითურმა, – პატარა ტესტი ჩაგიტარეთ და დავრწმუნდი, რომ სერიოზულ ხალხთან მაქვს საქმე.

– ტესტი დედაშენს ჩაუტარე! – ჩაილაპარაკა პეტიკომ, სავარძელში ჩაეშვა და სიგარა გააბოლა.

ჯექსონს პასუხი არ გაუცია პეტიკოსთვის და დაჯდომის უფლება ითხოვა. შემდეგ სავარძელში ჩაეშვა და მათეს უთხრა:

– თქვენი გრიმების მიუხედავად, რომლებიც საკმაოდ კარგადაა გაკეთებული, თქვენ მათე ხართ. ეს მისტერი კი, – სპეცაგენტმა პითონისკენ გაიშვირა ხელი, – პითონია, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ რუსეთის მაყურებლად აირჩია საიდუმლო ქურდულმა სხოდკამ.

ჯექსონის სიტყვებმა მათეც უკიდურესად გააოცა, რადგან ქურდული შეკრება ზესაიდუმლო ვითარებაში ჩატარდა და იქ დამსწრე პირთაგან ყველა სანდო იყო. თუმცა, აშკარა გახდა, რომ „ეფბეერი“ ზუსტ ინფორმაციას ფლობდა, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებდა, მაგრამ, მათეს ამის შესახებ არაფერი უკითხავს ჯექსონისთვის და მშვიდად თქვა:

– გისმენთ, მისტერ სპეცაგენტო. ბრძანეთ, რა წინადადებით ხართ აქ მოსული.

მათეს სიმშვიდემ ეფბეერელი საკმაოდ გააოცა და ზვიადს უთხრა:

– საოცარია, რომ ჩემს სიტყვებს საკმაოდ მშვიდად შეხვდით. ნუთუ არ გაინტერესებთ, საიდან ვფლობ ასეთ ინფორმაციას?

– რომ გკითხოთ, მიპასუხებთ?

– რა თქმა უნდა, არა.

– მაშინ, რა გინდათ?

– გეკითხათ მაინც, – განაწყენებული ტონით თქვა ჯექსონმა, – თორემ, ვიფიქრებ, რომ ჩემი მისია წარუმატებლად ჩაივლის.

– მისიას გააჩნია.

– კეთილი, ჯენტლმენებო, მოდი, საქმეზე გადავიდეთ.

– გადავიდეთ.

– ერთი სიტყვით, მისტერ მათე, – თქვა ჯექსონმა, – ხელმძღვანელობისგან მაქვს საგანგებო რწმუნება, რომ თქვენთან საიდუმლო მოლაპარაკება ვაწარმოო.

– დაიწყეთ, გისმენთ.

– რას ბრძანებთ, – გაეცინა ჯექსონს და ხელები გაშალა, – საიდუმლო მოლაპარაკება იმას ნიშნავს, რომ ის საიდუმლოდ, ერთი-ერთზე უნდა გაიმართოს.

– ასეთ შემთხვევაში, არაფერი გამოგივათ, – მათემ დანარჩენებზე მიანიშნა და განაგრძო – ან ამათი თანდასწრებით მეტყვით სათქმელს, ან, ჩათვალეთ, რომ მისია ჩაგეშალათ.

ეფბეერელმა პირქუში სახე მიიღო:

– მაშინ, იძულებულები გავხდებით, რომ თქვენ შესახებ „ეფესბეს“ შევატყობინოთ. ეს კი, რასაც გამოიწვევს, ჩემზე უკეთ იცით. ამიტომ გადაწყვიტეთ, ან ახლავე დავიწყებთ პირისპირ საუბარს, ან თქვენ თავს დააბრალეთ ყველაფერი.

ჯექსონმა ფეხი ფეხზე შემოიდო, ყელი მოიღერა და წარბებაწეულმა უტიფარი მზერა ესროლა მათეს. მათემ ირონიულად ჩაიცინა, მგლური თვალებით შეხედა ჯექსონს და ჩახლეჩილი ხმით, მშვიდად უთხრა:

– იცი, რას გეტყვი, შე წითურო ფედერალურო ვირთხავ? შენისთანა თავდაჯერებული თვითკმაყოფილი ლოხები ვერის ბაზარზე პაჩკა შაური ღირდა და ზოგჯერ უფასოდაც ეყარა. ხომ არ გგონია, რომ მათეს შეაშინებ? შენი პროფესია დევნაა, ჩემი კი – დასხლტომა. მთელი ცხოვრება ასეთ დღეში ვარ და, რატომ გგონია, რომ პონტზე ამიყვან, შემაშინებ და დამიმორჩილებ? სულ მკიდია „ეფბეერიც“, „ეფესბეც“ და სხვა დანარჩენებიც, გაიგე?

– გავიგე, მისტერ მათე, მაგრამ, თქვენს ინტერესებში შედის ეს საიდუმლო მოლაპარაკება და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ პირისპირ დავრჩეთ.

– არა. ან ამათ წინაშე მეტყვი სათქმელს, ან აქედან აორთქლდები!

– კარგი, ამათთან ერთად გეტყვით, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ ჯობდა, ერთი-ერთზე გველაპარაკა.

– არა.

– მაშინ მომისმინეთ, – დაიწყო ჯექსონმა, – ცოტა შორიდან დავიწყებ, რომ ყველაფერი გასაგები იყოს თქვენთვის და დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე მივიდეთ.

– გააჩნია, რას უწოდებთ დადებით გადაწყვეტილებას, – სიტყვა გააწყვეტინა მათემ.

– ისეთს, რაც ყველას დაგვაკმაყოფილებს.

– გასაგებია, გისმენთ.

– როგორც ვთქვი, შორიდან დავიწყებ და გეტყვით, რომ თქვენი ცოცხლად გადარჩენის ამბავი სულ რაღაც ერთი თვის წინ შევიტყვეთ, იმიტომ რომ, ოკეანეში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ გაფანტული ადამიანების ნაფლეთების შეგროვებას დიდი დრო დასჭირდა და არც თქვენი მშობლებისა და ახლობლების დეენემის შეგროვება იყო ადვილი.

– ცოცხალი ხალხის დეენემის შეგროვება, რაც არ უნდა რთული იყოს, მაინც შესაძლებელია, მაგრამ, ოკეანეში ჩაყრილი ადამიანების ნაფლეთები როგორღა იპოვეთ? – სიტყვა გააწყვეტინა ჯექსონს ჰამომ.

„ეფბეერის“ სპეცაგენტს ჩაეცინა და მთაწმინდელს უთხრა:

– ჩვენ არც გვჭირდებოდა ყველა ფრაგმენტი. ექვსი განსხვავებული ადამიანის სხეულის მცირე ნაწილები გვჭირდებოდა, რომ ისინი ერთმანეთთან და ზვიად მათეშვილის მშობლებისა და ნათესავების დეენემთან შეგვედარებინა. ამას კი დრო დასჭირდა. თუმცა, საბოლოოდ დაგვიფასდა და დავრწმუნდით, რომ ცოცხალი ხართ და ავიაკატასტროფა ჩვენი თვალის ასახვევად იყო მოწყობილი.

– არა მარტო თქვენი თვალის ასახვევად, – გაეცინა მათეს.

– სიმართლე გითხრათ, „ეფბეერში“ არც არასდროს სჯეროდათ, რომ თქვენ დაიღუპეთ და დარწმუნებულები ვიყავით, შოუ დადგით. თუმცა, ეს ყველაფერი ფაქტობრივ დადასტურებას მოითხოვდა და, აი, მოვიპოვეთ კიდეც, – თქვა ჯექსონმა.

– მოიპოვეთ და დაადგინეთ, რომ მათე ცოცხალია. შემდეგ კი, მისი ზუსტი ადგილსამყოფელი დაადგინეთ და, როგორც ვხვდები, მის დაკავებას არ გეგმავთ, მოლაპარაკება გსურთ, რაღაც მისია გაკისრიათ... – თქვა ჰამომ.

– ბოდიშს გიხდით, ახალგაზრდავ, მაგრამ, თუ მაცდით, ყველაფერს გეტყვით, – გაუღიმა ჯექსონმა მთაწმინდელს და საუბრის გაგრძელება დააპირა, მაგრამ მას პითონმა არ აცალა:

– თუ შეიძლება, კონკრეტულად და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.

– მაცადეთ, ჯენტლმენებო და ყველაფერს გეტყვით, – განაგრძო ეფბეერელმა, – ამ ერთი თვის წინ ნიუ-იორკში ჩვენმა უწყებამ დონ კარლო მანჩინი დააპატიმრა. გახსოვთ, ალბათ, მათე, ეს კაცი.

– საკმაოდ კარგად, – გაეცინა მათეს.

– ეჭვიც არ მეპარება, – ღიმილითვე უპასუხა ჯექსონმა, – ეს ხომ ის კაცია, ერთ-ერთი მაფიოზური შეკრებებისას რომ ოთხი ტყვია გესროლათ და, ჯავშანჟილეტი რომ არ გცმოდათ, ახლა ცოცხალი არ იქნებოდით.

– ბოზები არსად გაკლიათ.

– ბოზები თუ აგენტები, მისტერ მათე?

– თქვენებურად – აგენტები. ჩვენებურად კი – ბოზები. განაგრძეთ, გისმენთ.

– კარლო მანჩინი მსხვილი მაფიოზია. თუმცა, ჩვენ მასზე ბევრი სამხილი არ გვაქვს და მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის გვყავს დაჭერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაქსიმუმ, კიდევ ერთი თვე გავაჩეროთ ჩვენთან, ბოლოს კი მისი გაშვება მოგვიწევს. ჩვენ ეს, არ გვინდა. ამიტომ, გარიგებას გთავაზობთ. თუ სასამართლოზე დაადასტურებთ, რომ კარლო მანჩინიმ თქვენ გესროლათ, მაშინ მას მინიმუმ 10 წელი ციხე აქვს გარანტირებული, თქვენ კი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩაგსვამთ, მფარველობის ქვეშ აგიყვანთ და ისე გადაგმალავთ, ეშმაკიც ვერ მოგაგნებთ.

– ეს სიტყვებია, მე კი ნაღდი გარანტიები მინდა.

– ყველაფერს შესაბამისი იურიდიული ნორმების დაცვით გავაფორმებთ.

– ასე უცებ ვერ გაგცემთ პასუხს, მოფიქრებისთვის დრო მინდა.

– რამდენი?

– დილამდე.

– კეთილი, – წამოდგა ჯექსონი და გაიღიმა, – წავალ და დილით გეახლებით.

– ვერსად გაგიშვებთ, აქ მოგიწევთ დარჩენა. მე თვითონ გეახლებით და პასუხსაც გეტყვით, – თქვა მათემ და პეტიკოს ანიშნა, გამომყევიო, გასვლის წინ კი ეფბეერელს უთხრა, – იმედია, რომ უსიამოვნო სიურპრიზები არ გველოდება თქვენგან.

– იმედი გქონდეთ, – გაუღიმა ჯექსონმა მათეს.

– მაშინ, ნახვამდის. ძალიან მცირე ხნით გემშვიდობებით და პასუხსაც არ დაგიგვიანებთ, – უთხრა მათემ ჯექსონს, პეტიკოსთან ერთად დატოვა ერთი ლუქსი და მეორეს მიაშურა. როდესაც ზვიადი და პეტიკო სასტუმროს ნომერში განმარტოვდნენ, პეტიკომ ზვიადს უთხრა:

– რა ჩაიფიქრე, მათე, ამ ნაბოზარს რა პასუხი უნდა გასცე?

– რა პასუხი უნდა გავცე ამ მართლა ნაბოზარს? – ჩაეცინა მათეს, – რომ ვერ დამიმარტოხელა, პონტი ააგდო და გვაბოლებდა.

– გვაბოლებდა?

– აბა, შენ დაიჯერე, რომ ჩემი ასეთი ტოტალური ძებნა, მთელი თავისი დეენემ-კვლევებით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ამ ქეციანი დონის სასამართლოზე მოწმედ გავეყვანე?

– ეგეც და, იმისთვისაც, რომ თუ შენ მათ ბოზურ პირობებზე დათანხმდები, მაშინ შენი კარიერა დასრულდებოდა. ამით კი „ეფბეერი“ ორ კურდღელს დაიჭერდა ერთდროულად – შენც გაგანეიტრალებდა და მანჩინისაც.

– არ დაიჯერო, პეტიკო. „ეფბეერს“ სულ ერთ ადგილზე ჰკიდია მაფიოზები, ძაღლის თავი სულ სხვაგანაა დამარხული.

– სად?

– იქ, პეტიკო, რომ ამერიკელებს ჩვენი გამოყენება პოლიტიკური მიზნებით უნდათ, ეს რიჟა ჯექსონი კი „ეფბეერს“ ამოფარებული ცეერუშნიკია, ან უფრო უარესი კანტორიდან – ეროვნული უსაფრთხოების სამსახურიდანაა.

– ასე რატომ ფიქრობ?

– იმიტომ, პეტიკო, რომ ასეთი მასშტაბების სამუშაოებს ტრუხა საქმის გამო არ ჩაატარებდნენ. მანჩინი კი ამ შემთხვევაში „ტრუხაა“.

– მაშინ, ნაღდი რა არის?

– ნუთუ ვერ ხვდები?

– ვერა.

– ამერიკელები იმავეს გაკეთებას შემომთავაზებენ, რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ, ანუ, მანგუსტის წინააღმდეგ გალაშქრებას. მათ ხომ ეს ნაბოზარიც და რუსეთის პოლიტიკური სიტუაციაც ყელში აქვთ ამოსული. ახლა მიხვდი?

– თითქმის. მაგრამ, არ ურჩევნიათ, რომ მანგუსტი, უბრალოდ, თავიდან მოიშორონ – ქილერი დაიქირაონ და გააფაიზაღონ?

– არავითარ შემთხვევაში! ასეთი რამ დიდ ომს გამოიწვევს, რადგან, გაიშიფრებიან, ხოლო, ჩემი ხელით რომ გააკეთონ ეს, გაშიფვრის ნაკლები შანსია. მით უმეტეს, რომ, საიმედო კაცს მომიჩენენ და, ყველაფერი რომ მორჩება, მეც გამაფაიზაღებენ.

– გამოდის, რომ შენ გვერდით ყოფნა უკიდურესად საშიშია.

– ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, – გაეღიმა მათეს.

– რას აპირებ?

– მოდი, ასე ვქნათ. შენ ახლა გადი და იმ ნაბოზარს უთხარი, შემოვიდეს. ვნახოთ, რას მეტყვის პირისპირ. მერე კი მოვიფიქროთ, რა ვქნათ. თუმცა, ამერიკულ დაზვერვას უკვე „მუშკაზე“ ვყავარ აყვანილი და მათგან დასხლტომა თითქმის შეუძლებელია.

პეტიკო გავიდა. ორიოდე წუთის მერე კი ნომერში ჯექსონი შემოვიდა და კოპებშეკრულმა უთხრა მათეს:

– გისმენთ.

– დაბრძანდით, მისტერ ჯექსონ.

– გმადლობთ, მაგრამ არ მგონია, რომ აქ დასასვენებლად მომიწვიეთ.

– მარტინ, – გაიღიმა მათემ, – ნება მომეცით, ასე მოგმართოთ.

– მომმართეთ.

– მარტინ, სპეცმომზადების მიუხედავად, მაინც შეცდომებს უშვებთ და ვერ ითვალისწინებთ, როგორც ქურდულ, ასევე ქართულ თავისებურებებს. თუმცა, ქართულად ბრწყინვალედ ლაპარაკობთ.

– რას გულისხმობთ?

– იმას, ჩემო კარგო, რომ ამდენი ხალხის წინ მეუბნებით, თქვენთან პირისპირ მინდა საუბარიო და გინდათ, ისინი თამაშგარე დატოვოთ, რაც ჩვენში უდიდეს შეურაცხყოფად ითვლება და არაა მიღებული.

– მერე, რა მოხდა. რა არის ამაში მიუღებელი?

– მარტინ, მარტინ... თქვენ არ ითვალისწინებთ ქართულ რეალობას. ნუ გავიწყდებათ, რომ ემოციური სამხრეთელები ვართ და გული ადვილად გვიჩუყდება.

– კარგი, გასაგებია. ვიღებ თქვენს შენიშვნას. ახლა კი ბრძანეთ, რატომ მიხმეთ აქ?

– პირისპირ სასაუბროდ, მაგრამ, გაფრთხილებთ: ჩემს მოტყუებას, ჟარგონი რომ ვიხმაროთ – ჩემს დაბოლებას ნუ შეეცდებით. იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა?

– კი, მასწავლეს. დაბოლება გაბრუებას ნიშნავს.

– ესე გი, შევთანხმდით.

– რა თქმა უნდა.

– მაშინ, იმით დავიწყოთ, რომ თქვენ ეფბეერელი არ ხართ და უპირველესად, თქვენი კანტორის სახელწოდება მითხარით.

– ვერ გავიგე?

– თქვენ ეფბეერელი არ ხართ და მანჩინის ისტორია იმიტომ მოიგონეთ, რომ ამდენ ხალხში არ გინდოდათ სიმართლის თქმა.

– მანჩინისთან დაკავშირებით, ვაღიარებ, რომ მოვიტყუე, მაგრამ, რაც შეეხება „ეფბეერს“, მე ნამდვილად იქ ვმუშაობ.

– ცრუობთ. თქვენ ან ცეერუელი ხართ, ან, უარესი – ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან. თქვენი კანტორის სახელწოდება! – კოპები შეიკრა მათემ და ჯექსონს გამჭოლი, მგლური მზერა ესროლა.

– მაინც, რატომ ფიქრობთ ასე?

– იმიტომ, რომ რასაც თქვენ აპირებთ, „ეფბეერის“ კომპეტენციას სცილდება.

– რა იცით, რას ვაპირებ?

– ჩემს საიდუმლოდ გადაყვანას შტატებში. იქ კი ჩემთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარებას, რომ მერე დამაფინანსოთ და საქმე გამაკეთებინოთ.

– რა საქმე?

– კონკრეტიკა თქვენთვის მომინდვია, აბა, ბრძანეთ, გისმენთ!

მარტინს გაეცინა. მათე ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა და უთხრა:

– თქვენ არ ცდებით, მე ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალური აგენტი ვარ.

– ძალიან კარგი, – ჩაეცინა მათეს, – ეს უკვე პროგრესია. განაგრძეთ.

– სიმართლე გითხრათ, თქვენი დოსიე რომ გადმომცეს გასაცნობად და თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი შევისწავლე, სადაც წერია, რომ მაღალი ინტელექტით გამოირჩევით და მტკიცე ხასიათი გაქვთ, მაინც არ მეგონა, რომ ასეთ გამჭრიახ ადამიანთან მექნებოდა საქმე. თქვენ თითქმის ზუსტად გამოიცანით, ვინ ვარ და რა მისიით გეწვიეთ.

– შესავალი გასაგებია. საქმეზე გადადით.

– საქმე ისაა, რომ შტატებში საიდუმლოდ გადაყვანას გთავაზობთ. იქ კი შესაბამის ტრენინგებს ჩაგიტარებთ, დაგაფინანსებთ და დავიწყებთ მანგუსტის გასანადგურებელ ოპერაციას, რომელიც ყველას ყელში ამოუვიდა.

– ზოგადი მონახაზი გასაგებია. ახლა კონკრეტულზე გადადით.

– კონკრეტული ისაა, რომ რუსეთში ქურდული მოძრაობა უნდა გაააქტიუროთ. ეს კი თქვენი მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. ამ ყველაფერს დიდი არეულობა მოჰყვება და ჩვენ მორიგ გამარჯვებას ვიზეიმებთ. ბოლოს კი ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. მანგუსტი დაემხობა. ქურდების შევიწროებას წერტილი დაესმევა, თქვენ კი ძველ დიდებასა და ძალაუფლებას დაიბრუნებთ.

– ლამაზი იდეაა, მაგრამ, ძალიან სახიფათო.

– ხიფათი თქვენი თანამგზავრია, თანაც, თქვენ ბევრი არაფერი გემუქრებათ. დიდი-დიდი, ორ-სამჯერ მოგიწიოთ რუსეთში ჩასვლა, მაგრამ, ეს უაღრესად საიდუმლოდ და ისეთი მცველების მფარველობით მოხდება, რომ არანაირი საფრთხე არ დაგემუქრებათ. თანახმა ხართ?

– დაფიქრება მჭირდება. თანაც, ჯერ თბილისში უნდა ჩავიდე. ცოლ-შვილიც მოსანახულებელი მყავს.

– ჰო, მართლა, ცოლ-შვილი სად გყავთ გადამალული? მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად ვეძებთ, თქვენ წარმოიდგენთ, რომ მათ კვალსაც ვერ მივაგენით. არადა, უფრო საიმედო იქნება, რომ ისინი ჩვენ გადავმალოთ.

მათეს ჩაეცინა:

– რადგან თქვენ ვერ იპოვეთ, ესე იგი, საკმაოდ საიმედოდ არიან გადამალულები და, არც მათი შეწუხებაა საჭირო და არც თქვენი. ამიტომ, მოდი, მათ თავი დავანებოთ.

– როგორც გენებოთ.

– გარწმუნებთ, ასე ჯობია, – თქვა მათემ, რომელსაც არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ მისი ცოლ-შვილი ამერიკელებს მძევლებად სჭირდებოდათ.

– კარგი. გასაგებია, თქვენს ცოლ-შვილს თავი დავანებოთ. რა დრო გჭირდებათ საბოლოო პასუხისთვის?

– მინიმუმ, ერთი თვე.

– ძალიან ბევრია. ორი კვირა უნდა იკმაროთ. მე იმდენი დრო არ მაქვს, რომ ერთი თვე კუდში გდიოთ.

– თქვენც ნუ მდევთ. მით უმეტეს, რომ ცოლ-შვილთან მარტო უნდა გავემგზავრო.

– კი, მაგრამ, ერთი თვე მაინც ბევრია.

– მე ვთქვი, რომ ეს მინიმალური ვადაა, – მტკიცედ თქვა მათემ და მარტინმა მას თვალებში რომ შეხედა მიხვდა, იგი აზრს არ შეიცვლიდა. ამიტომ, დათმობა არჩია და გაუღიმა:

– კეთილი, ერთი თვე იყოს, მაგრამ, ამ დროის განმავლობაში მე თქვენ გვერდით უნდა ვიყო. რა თქმა უნდა, იმ პერიოდის გარდა, რასაც თქვენ ცოლ-შვილთან გაატარებთ.

– შევთანხმდით, – უთხრა მათემ მარტინ ჯექსონს და ხელი გაუწოდა.

ჯექსონმა ხელი ჩამოართვა მათეს და უთხრა:

– ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან და უარს ნუ მეტყვით.

– ბრძანეთ!

– მისტერ მათე, ძალიან დაღლილი ვარ, თითქმის 48 საათია არ მიძინია და, შეიძლება, აქ დავიძინო?

– რა თქმა უნდა, – სიამოვნებით დაეთანხმა მარტინს მათე, რადგან მეგობრებთან მარტინის გარეშე საუბარი სურდა, რომ მათთვის ყველაფერი მოეყოლა და ამაზე უკეთეს ვარიანტს იმ წუთას ვერ მოძებნიდა.

– კარგი, მაშინ, თქვენი ნებართვით, დავიძინებ, – უთხრა მარტინმა მათეს, საძინებელში შევიდა და ორიოდე წუთში უკვე ღრმად ეძინა.

მათემ მარტინს დახედა და, რომ დარწმუნდა ეძინა, მეგობრებთან დაბრუნდა, ყველაფერი დაწვრილებით უამბო და უთხრა:

– ერთი თვე მაქვს ყველაფრის მოსაგვარებლად და რამე ისეთი უნდა მოვიფიქროთ, რომ ამერიკელები სუფთად გავაცუროთ.

– ფუი, ამის დედაც! – შეიგინა პითონმა, – ეს რა ჭირი გვჭირს და რა შარში გავეხვიეთ! ვითომ „ეფესბე“ არ გვაკლდა, ახლა კი ეს რაღაც ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოც დაგვემატა! ძალიან ცუდ დღეში ვართ.

– გეთანხმები, მახო, ცუდ დღეში აღმოვჩნდით, მაგრამ, ქათმები ხომ არ ვართ, რომ ასე დავნებდეთ, თუნდაც ამერიკელებს? ამიტომ, რაღაც უნდა ვიღონოთ, – უთხრა მათემ გაფითრებულ პითონს, რომელსაც თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა და სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა.

– ვფიქრობ, ეს ნაბოზარი თბილისში რომ მოგვყვება და ჩვენთან იქნება, უკეთესიც კია ჩვენთვის, – თქვა ჰამომ.

– გეთანხმები, – თავი დააქნია მათემ, – ამით ჩვენ ამერიკელების ყურადღებას მოვადუნებთ. თუმცა, ეს არც ისე ადვილია.

– ადვილი ღომის ჭამაც არაა, რადგან, შეიძლება, სასულეში გადაგცდეს და დაიხრჩო, – სიცილით თქვა პითონმა.

– მოხვედი ხასიათზე, ძმაო? – ღიმილით უპასუხა მათემ მახოს.

– მა რა, რუსეთის მაყურებელი ვარ და, ხომ არ გავფარჩაკდები? – საბოლოოდ გამხიარულდა პითონი და ბოლოს სერიოზული სახით თქვა: – ამერიკელები უნდა გავჟიმოთ!

– არა მარტო ამერიკელები, არამედ, რუსებიც, – ლაპარაკში ჩაერთო ლუდა, რომელიც მანამდე უხმოდ იჯდა და მამაკაცების საუბარს ისმენდა.

– მოკლედ, ასე, ძმებო, – ხმას დაუწია მათემ, – ახლა იმ ნაბოზარს სძინავს და, რომ გაიღვიძებს და შემოვა, ისე დაიჭირეთ თავი, თითქოს არაფერი იცით. თენდება და, ვინც ვერ ითმენს, შეუძლია, დაიძინოს.

საათმა ექვსჯერ დარეკა, სასტუმროს ნომრის კარი გაიღო, ოთახში მარტინ ჯექსონი შემოვიდა და თქვა:

– დილა მშვიდობისა, მეგობრებო!

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3