კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

საიდუმლო ოთახი


აგათა კრისტი

რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა გაზეთი პატარა ჯონი უეივერლის გატაცების სენსაციურ ამბავს იუწყებოდა. სამი წლის ჯონი, სურეის გრაფის, მარკუს უეივერლის ერთადერთი მემკვიდრე გახლდათ. ახლა გრაფი და მისი მეუღლე ჩვენს წინაშე იდგნენ და პუაროს ბავშვის გატაცების დეტალებს უყვებოდნენ:

– ყველაფერი ათი დღის წინ დაიწყო. ანონიმური წერილი მივიღე, – დაიწყო მოყოლა მისტერ უეივერლიმ, – ვიღაც ნაძირალა ჩემგან 25 ათას ფუნტს ითხოვდა. უარის თქმის შემთხვევაში, კი ჯონის გატაცებით იმუქრებოდა. მე, რა თქმა უნდა, ეს წერილი ნაგავში გადავაგდე. ვიფიქრე, სულელური ხუმრობა იყო. ხუთ დღეში კიდევ ერთი წერილი მოვიდა. უკვე კონკრეტული თარიღის მითითებით: „თუ არ გადაიხდით, 29-ში თქვენს შვილს მოიტაცებენ“. ეს წერილი 27-ში მივიღე. ადამ გასაქანი არ მომცა და, მიუხედავად იმისა, რომ თავს იდიოტად ვგრძნობდი, სკოტლანდ-იარდს მაინც მივმართე. თუმცა, სერიოზულად არც მათ აღუქვამთ. 28-ში მესამე წერილი მივიღე: „თქვენ არ გადაიხადეთ. ხვალ 29-ში, შუადღისას, შვილს მოგტაცებენ და უკვე 50 ათასი ფუნტის გადახდა მოგიწევთ“. წერილი სკოტლანდ-იარდში წავიღე. ამჯერად ისინი შეშფოთდნენ და გადაწყვიტეს, რომ წერილებს ვიღაც გიჟი წერდა. სავარაუდოდ, მოტაცების მცდელობაც ექნებოდა. დამარწმუნეს, რომ სიფრთხილის ყველა ზომას მიმართავდნენ. დილით, თავის ბიჭებთან ერთად, ინსპექტორი მაკნეილი მოვიდოდა სახლში. დამშვიდებული წავედი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, ჩვენ ალყაში ვიყავით. ბრძანება გავეცი, სახლში არც არავინ შემოეშვათ და არც არავინ გაეშვათ. საღამომ მშვიდად ჩაიარა. დილით ცოლმა თავი შეუძლოდ იგრძნო. დოქტორ დაკერის მოსაყვანად გავგზავნე. ექიმი სიმპტომებმა შეაშფოთა. მართალია, ვერ გაბედა ეთქვა, მოწამლესო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მან სწორედ ასეთი დიაგნოზი დასვა. დამარწმუნა, საშიში არაფერია. რამდენიმე დღეში გაუვლისო. ექიმი გავაცილე და ჩემს ოთახში რომ დავბრუნდი, ბალიშზე წერილი დამხვდა. მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: „შუადღისას“. აი, აქ კი გავცეცხლდი! ამ ამბავში ვიღაც მსახურებიდან იყო გარეული. ყველა დავკითხე, მაგრამ ხელი არავის დაადეს. ჩემი ცოლის კომპანიონმა, მის კოლინზმა მაცნობა, რომ დაინახა დილით ჯონის ძიძა ქუჩაში როგორ გავიდა. ძიძამ ყველაფერი აღიარა. აღმოჩნდა, რომ მან ბავშვი მოახლეს დაუტოვა და შეყვარებულთან პაემანზე გავარდა. იგი უარყოფდა, რომ ჩემს ბალიშზე წერილი დადო... დარწმუნებული ვიყავი, მსახურებიდან რომელიღაც ცრუობდა. ბოლოს, წყობიდან გამოვედი და ყველა ერთიანად გავყარე, გავათავისუფლე – ძიძაც და დანარჩენებიც. მათ ერთი საათი მივეცი იმისთვის, რომ ნივთები ჩაელაგებინათ და წათრეულიყვნენ. სახლში მხოლოდ ისინი დავტოვე, ვისაც ბოლომდე ვენდობოდი: მის კოლინზი – ჩემი ცოლის მდივანი და ტრედუელი – მსახურთუფროსი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ.

ინსპექტორი მაკნეილი თერთმეტის ნახევარზე მოვიდა. პოლიციელები შემოსასვლელებში განალაგა და დამარწმუნა, რომ აუცილებლად დაიჭერდნენ დამნაშავეს. მე და ჯონი, ინსპექტორის თანხლებით, იმ ოთახში გავედით, რომელსაც „კონსულის ოთახს“ ვეძახდით. ინსპექტორმა კარი ჩაკეტა. ოთახში ძველი საათი იდგა. არ დავმალავ, როდესაც ისრები 12-ს მიუახლოვდა, ნერვიული კანკალი ვერ შევიკავე. საათმა 12-ჯერ ჩამოჰკრა. ჯონს ხელები მოვხვიე და მაგრად ჩავიკარი. უცებ კარს მიღმა ყვირილი გაისმა. ვიღაცეებმა სირბილი დაიწყეს. ინსპექტორმა ფანჯარა გამოაღო. მასთან კონსტებლი მივიდა, და აცნობა, რომ დამნაშავე დაიჭირეს. ჩვენ ტერასაზე გავვარდით, სადაც ორ კონსტებლს ვიღაც ჩამოფხავებული ტიპი დაეჭირა. დაკავებულს კონსტებლებმა ქლოროფილით სავსე ბოთლი აღმოუჩინეს. მას ჰქონდა ასევე ჩემს სახელზე დაწერილი წერილი. გავხსენი და წავიკითხე: „გადახდა მოგიწევთ. გამოსასყიდი 50 ათასი ფუნტია. თქვენს მიერ მიღებული ყველა ზომის მიუხედავად, იგი, როგორც დაგპირდით, ზუსტად შუადღისას გაიტაცეს“. მე გადავიხარხარე. გულზე მომეშვა, მაგრამ იმავე წამს ძრავის ხმა და ყვირილი გავიგონე. შემოვტრიალდი და... გრძელი, რუხი მანქანა სამხრეთის გასასვლელისკენ მიჰქროდა. მძღოლი ყვიროდა. მის გვერდით კი ჯონის ქერა კულულები მოჩანდა. ინსპექტორი ცოფებს ჰყრიდა. ვერ გავიგეთ ბავშვი თვალსა და ხელს შუა როგორ მოგვტაცეს. მეკითხებოდა, სად დატოვეო. მე ახსნა დავაპირე, მაგრამ ამ დროს გაისმა ხმა, რომელმაც ყველა გაგვაშეშა. ტაძრის საათი რეკდა. ინსპექტორმა საკუთარ საათს დახედა. ზუსტად 12 იყო. „კონსულის კაბინეტში“ შევვარდით. იქ საათი პირველის ათ წუთს უჩვენებდა. ცხადი იყო, ის ვიღაცამ გადასწია.

ინსპექტორი მაკნეილი პოლიციას ტელეფონით სასწრაფოდ დაუკავშირდა და ყველას მანქანის და მძღოლის აღწერილობა დაუგზავნეს. თავიდან პოლიცია თითქოს სწორ კვალზე იყო. მსგავსი მანქანაც თითქოს ლონდონის მიმართულებით მოძრავი ნახეს. როდესაც შეგვატყობინეს, რომ მანქანა დააკავეს, შვებით ამოვისუნთქე. მაგრამ, სხვა მანქანა აღმოჩნდა და მანქანაშიც სულ სხვა ბავშვი იჯდა. პოლიციის უხეში შეცდომის გამო, კვალი დავკარგეთ.

რაც შეეხება დაკავებულს, მან განაცხადა, რომ წერილი და პაკეტი ვიღაც უცნობმა გადასცა, რათა უეივერლი-კორტში მოეტანა. იმ კაცმა მას 10 შილინგი მისცა და ამდენივეს მიცემას კიდევ შეჰპირდა თუ პაკეტს ადგილზე მიიტანდა თორმეტს რომ ზუსტად ათი წუთი დააკლდებოდა. მისი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. თავხედობა ეყო და განაცხდა, რომ ტრედუელი იყო ის კაცი, ვინც მას პაკეტი გადასცა. მხოლოდ ულვაშები მოუპარსავსო. დაადანაშაულო ტრედუელი, რომელიც ამ სოფელში დაიბადა და მთელი ცხოვრება უეივერლის ოჯახთან ერთად გაატარა, ეს ცალკე დანაშაულია.

– სახლში სამალავი თუ არის? – იკითხა პუარომ, რომელიც გრაფს ყურადღებით უსმენდა – ვთქვათ, საიდუმლო ოთახი. ძველ სახლებში ასეთი რაღაცეები არის, ხოლმე.

– ეშმაკმა დალახვროს, სახლში არის ასეთი ოთახი.

– „კონსულის კაბინეტთან“ ახლოს?

– პირდაპირ კარს იქით, მაგრამ მისი არსებობის შესახებ მარტო მე და ჩემმა ცოლმა ვიცით... შეიძლება, ტრედუელმაც.

ჩვენ უეივერლი-კორტში წავედით. მისტერ უეივერლიმ „კონსულის კაბინეტი“ გვაჩვენა. პუაროს თხოვნით, მან კედელში რომელიღაც ზამბარას დააჭირა ხელი და პანო გაიწია. ჩვენ წინ კი მოკლე კორიდორი გამოჩნდა, რომლითაც საიდუმლო ოთახში გავედით. პატარა ოთახი ცარიელი იყო. იატაკზე არანაირი კვალი არ შეიმჩნეოდა, თუმცა პუარომ კუთხეში რაღაც მაინც იპოვა. კვალი ძალიან პატარა ძაღლისას ჰგავდა.

ჩვენ ჯერ მის კოლინზი დავკითხეთ, რომელმაც თქვა, რომ სახლში არანაირი ძაღლი არ იყო.

– როგორ ფიქრობ, რაში დაჭირდათ გამტაცებლებს უეივერლის წინასწარი გაფრთხილება, მოსალოდნელი გატაცების შესახებ? – მკითხა პუარომ, როდესაც მსახურთუფროსი გაისტუმრა, ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ, მოეპარათ ბავშვი და ფული მოეთხოვათ? ზუსტი დრო და ადგილი წინასწარ რომ არ დაეთქვათ, მათთვის პრობლემა არ იქნებოდა, ბავშვი სეირნობის დროს მოეტაცებინათ. ამის მაგივრად, ჩვენს წინაშე სპექტაკლს თამაშობენ. ყველა ფაქტი მიანიშნებს, რომ სახლში თანამზრახველი იყო. ჯერ ერთი, საიდუმლოებითაა მოცული მისის უეივერლის მოწამვლა, მეორე – ბალიშზე დადებული წერილი, მესამე – გადაწეული ისრები საათზე. ეს ყველაფერი მხოლოდ სახლში მცხოვრებს შეეძლო გაეკეთებინა. კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც თქვენ ალბათ, ყურადღება არ მიაქციეთ. საიდუმლო ოთახში არ იყო მტვერი. ის ვიღაცამ საგულდაგულოდ გამოხვეტა. მაშ ასე, სახლში ოთხი ადამიანი რჩებოდა. მისის და მისტერ უეივერლები, ტრედუელი და მის კოლინზი. ჯერ მის კოლინზი განვიხილოთ. მის წინააღმდეგ თითქმის არაფერი გვაქვს, გარდა იმისა, რომ მასზე არაფერი ვიცით. გადავიდეთ ტრედუელზე. აქ რამდენიმე საეჭვო მომენტია. პირველი, მაწანწალამ განაცხადა, რომ სწორედ მან გადასცა ბარათი. მას ასევე შეეძლო – მისის უეივერლის მოწამვლა, ბალიშზე წერილის მიკვრა, ისრების გადაწევა და საიდუმლო ოთახში იატაკის დაგვა. მეორეს მხრივ, მან მთელი ცხოვრება ამ მამულში გაატარა და უცნაური იქნებოდა, ბავშვის მოტაცებაში რომ მიეღო მონაწილეობა. ახლა მისის უეივერლიზეც ვთქვათ. სხვათა შორის, მთელი ფული მისია, მამამისი ხომ მდიდარი ვაჭარი იყო. რაში დასჭირდებოდა მას საკუთარი შვილის მოტაცება და საკუთარი თავისთვის გამოსასყიდის გადახდა? აი, მის ქმართან დაკავშირებით სიტუაცია სხვანაირადაა. მართალია, მას მდიდარი ცოლი ჰყავს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავადაც მდიდარია. ვვარაუდობ, რომ ლედი საკუთარ ფულს დიდი ხალისით არ ელევა. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იმეტებს რაღაცას ქმრისთვის. მისტერ უეივერლი კი, როგორც შეამჩნევდით, საკმაოდ სიცოცხლისმოყვარეა.

– ეს წარმოუდგენელია, – ჩავილუღლუღე მე.

– რატომ? ვინ მოიშორა მსახურები? მისტერ უეივერლიმ. მასვე შეეძლო წერილები დაეწერა, გადაეწია საათი და თავისი ერთგული მსახურისთვის, ტრედუელისთვის ალიბიც შეექმნა. ტრედუელს არ უყვარს მისის უეივერლი. იგი თავისი ბატონის ერთგულია და სიამოვნებით შეასრულებს მის ყველა ბრძანებას. ეს საქმე სამმა მოაკვარახჭინა: უეივერლიმ, ტრედუელმა და მისტერ უეივერლის რომელიღაც მეგობარმა. პოლიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც იმ რუხი მანქანის მძღოლის მიმართ ძიება შეწყვიტა. სწორედ ის იყო მესამე. მან სოფელში ვიღაც ქერაკულულებიანი ბავშვი აიყვანა. მამულში აღმოსავლეთის კარიბჭიდან შევიდა, საჭირო დროს რაღაც დაიყვირა, ხელი დაიქნია და სამხრეთის ჭიშკრიდან გავარდა. ბუნებრივია, არც მისი და არც ბავშვის სახე არავის დაუნახავს. მან პოლიცია მცდარ კვალზე დააყენა. ტრედუელმა კი მაწანწალის ისტორიას გაუკეთა ორგანიზება. რაც შეეხება თავად მისტერ უეივერლის, როდესაც ეზოში ჩოჩქოლი ატყდა და ინსპექტორი გარეთ გავარდა, მან ბავშვი საიდუმლო ოთახში დამალა, შემდეგ კი ინსპექტორს გაჰყვა. როდესაც ინსპექტორი წავიდა, მისთვის რთული აღარ იყო ბავშვი საკუთარი მანქანით სადმე წაეყვანა და დაემალა.

– რაც შეეხება ძაღლის კვალს? – ვიკითხე მე.

– მის კოლინზს არ მოვუტყუებივართ, როდესაც თქვა, სახლში ძაღლი არ ჰყავთო. იგი მას არ უნახავს. ცხადია, ძაღლი პატარა იყო. ალბათ, ლეკვი. ჯონის რომ არ ეტირა, მისტერ უეივერლიმ მას საიდუმლო ოთახში ძაღლი დაუტოვა.

– მესიე პუარო, – ოთახში მისტერ უეივერლი შემოვიდა, – რაიმე იპოვეთ? გაქვთ მოსაზრება, სად შეიძლება იყოს ჩემი შვილი?

პუარომ მას ფურცელი მიაწოდა:

– აი, მისამართი.

– კი, მაგრამ ეს ცარიელი ფურცელია.

– დიახ. თქვენ თავად დაწერთ მანდ მისამართს.

– რა? – მისტერ უეივერლი წამოწითლდა.

– მესიე, მე ყველაფერი ვიცი. 24 საათს გაძლევთ რომ ბავშვი დააბრუნოთ. თუ თქვენს გამომგონებლურ ნიჭს გავითვალისწინებთ, ალბათ, მოახერხებთ მისი უეცარი გამოჩენა, რამენაირად ახსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გავხდები, მის უეივერლის ყველაფერი მოვუყვე.

მისტერ უეივერლი სავარძელში ჩაეშვა, სახე ხელებში ჩარგო.

– იგი ჩემს მოხუც ძიძასთანაა, აქედან ათ მილში, მაგრამ სკანდალი...

– ზუსტად ასეა. თქვენ ძველი და ცნობილი გვარის წარმომადგენელი ხართ. ასე რომ, ნუ გასვრით თქვენს სახელს კიდევ ერთხელ სკანდალში. კარგად იყავით მისტერ უეივერლი. ჰო, სხვათა შორის, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ: როცა დაგვით, ყოველთვის გამოხვეტეთ ოთახის კუთხეებიც!

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.


скачать dle 11.3