კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-15(485)


ადამიანები უცნაურად ვცდილობთ, კომფორტი შევუქმნათ საკუთარ თავს. მაგალითად, ვიჯერებთ იმას, რისი დაჯერებაც ჩვენ თავად გვსურს და ჯიუტად არ ვაღიარებთ რეალობას, მაშინაც კი, როცა ის პირდაპირ სახეში მოგვჩერებია. შეიძლება, გვგონია, რომ ასე ცხოვრება გაცილებით მარტივია, მაგრამ, გვავიწყდება, რომ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დგება ჟამი გამოფხიზლებისა და დაგვიანებით აღქმული რეალობა კიდევ უფრო მწარე და მტკივნეულია. მიუხედავად იმისა, რომ ესეც ვიცით, მაინც სირაქლემის პოზაში ყოფნა გვირჩევნია – ასე უფრო მარტივია!..

***

დიანა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ქმარი აუცილებლად მოსთხოვდა, აეხსნა, რას გულისხმობდა სიტყვებში „სისხლის თაობაზე ასეთი დარწმუნებული ნუ იქნებიო“, მაგრამ ზურაბმა ყურადღება არ მიაქცია ორაზროვნად ნათქვამ ფრაზას. მან ან კარგად ვერ გაიგონა ცოლის სიტყვები, ან მათში მიმალულ ჭეშმარიტ არსს ვერ ჩასწვდა. ყოველ შემთხვევაში, ქალისთვის არაფერი უკითხავს, მხოლოდ ხელი აუქნია და ზიზღით ჩაილაპარაკა:

– კარგი, წადი! ყოველთვის ვიცოდი, რომ არ შეიძლებოდა, შენი იმედი მქონოდა, არასდროს და არაფერში! ელემენტარული თანადგომაც კი არ შეგიძლია!

– იქნებ, შენ არ იმსახურებ ამ „ელემენტარულ თანადგომას“?! – გამოაჯავრა ცოლმა, – ნურასოდეს მოითხოვ იმას, რისი მიცემაც თავად არ შეგიძლია.

ზურაბი დაიჭყანა:

– არ გინდა. განსაკუთრებული ჭკუით არასდროს გამოირჩეოდი. მგონი, არც გქონდა ამის პრეტენზია. ამდენი წელია, ჩემი ცოლი ხარ და ყოველთვის უცხო იყავი, ჩემზე გული არასდროს შეგტკიოდა. სამაგიეროდ, კმაყოფილი სახითა და ღირსებით სარგებლობდი ყველა იმ სიკეთით, რომლებსაც მე გიქმნიდი.

– ნუ მაყვედრი „სიკეთეებს“, თითსაც არ გაანძრევდი ჩემთვის, მამაჩემი რომ არა და, კიდევ, საკუთარი პატივმოყვარეობა და სხვებზე უკეთესობის დამტკიცების სურვილი. იცი, რა კარგად გიცნობ?! თვითონ არ იცნობ საკუთარ თავს ისე, როგორც მე.

– მერე, რატომ ერთხელაც არაფერი გითქვამს?

– რა უნდა მეთქვა, შენ ხომ ეს არაფერში არ გჭირდებოდა?! ერთხელაც არ გიკითხავს ჩემი აზრი.

– იმიტომ, რომ, ვფიქრობდი, ჩრდილში ყოფნა გერჩივნა.

– მე?! ჰმ! – ქალმა გაიცინა, – საინტერესოა, საიდან გააკეთე ასეთი დასკვნა, რის საფუძველზე. თუმცა, შენ ხომ ყოველთვის საკუთარი პრინციპებითა და მოსაზრებებით ხელმძღვანელობდი. არ გაინტერესებდა სინამდვილეში რას ფიქრობდნენ ან რას განიცდიდნენ სხვები. მაგალითად, შენ ისიც კი არ იცი, რომ მე იმ ქალის შესახებ ყოველთვის ყველაფერი ვიცოდი.

ზურაბმა თავი ასწია. დიანას სერიოზული სახე ჰქონდა და თავიც ისე ეჭირა, კაცი დაიბნა.

– რომელ ქალს გულისხმობ?

– ეტყობა, უნდა დაგიკონკრეტო – შენ ხომ ქალების ნაკლებობას არასდროს უჩიოდი, მაგრამ ის ერთი ყოველთვის სხვებზე გამორჩეული გყავდა. ნუთუ მართლა გიყვარდა, ნუთუ შენ სიყვარული შეგიძლია?

ზურაბმა აკანკალებული ხელით სიგარას მოუკიდა:

– რა თქმა უნდა, შემიძლია, ამაში ეჭვი რატომ გეპარება?

– იმიტომ, რომ არ შემიმჩნევია, ვინმესთვის ზედმეტად დახარჯულიყავი.

– უსამართლო ნუ ხარ. ჩემს შვილზე და, მით უმეტეს, შვილიშვილზე ვგიჟდები. შვილი არ იმსახურებდა თურმე ამას, მაგრამ, ძალიან გვიან მივხვდი. იქნებ, ზუკამ მაინც არ გადამიყაროს წყალში ამაგი.

დიანამ გაიცინა.

– რა გაცინებს?

– შენ ხარ სასაცილო. ძალიან კარგად მიხვდი, რომელ ქალსაც ვგულისხმობდი, მაგრამ შეგნებულად შეცვალე საუბრის თემა. იცი? ამდენი წელი ვდუმდი, მაგრამ, ახლა მინდა, ყველაფერი მოგახალო, ეს ჩემი შურისძიება იქნება.

– შურისძიება რისთვის?

– იმისთვის, რომ ადამიანად არასდროს მიგაჩნდი. თითქოს ვარსებობდი და არც ვარსებობდი. შენს ლოგინში ვიწექი და მაინც სიცარიელე ვიყავი.

– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! – ვეღარ მოითმინა კაცმა.

– ეს სისულელე კი არა, რეალობაა. ჩემ გვერდით იწექი და მაინც იმ ქალზე ფიქრობდი. იმაზე ოცნებობდი, მე კი ცრემლებად ვიღვრებოდი.

– დიანა, გეყოფა! ეს რა აბსურდია?!

– აბსურდია? იცი, რამდენჯერ დაგიძახია ჩემთვის მისი სახელი? „ელენე, ელენე“!.. თანაც ქორწინების პირველ დღეებში.

ზურაბი შესამჩნევად გაფითრდა:

– შენ რა იცი ელენეს შესახებ?

– ვიცი. იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ნანახიც მყავს და მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო. შენი სახის გამომეტყველებით მივხვდი. ალბათ, მართლა სულელი გეგონე. დარწმუნებული იყავი, რომ ვერაფერს ვხვდებოდი. ძალიან შეცდი, ძვირფასო. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი ჩადენა შეუძლია შეურაცხყოფილ ქალს, თუნდაც ყველაზე მშვიდსა და მოკრძალებულს. მამაკაცების უმრავლესობამ არ იცის ეს და ამიტომაც უშვებენ საბედისწერო შეცდომებს.

– დიანა, ახლა უკვე მაშინებ. სერიოზულად გეუბნები, გაჩუმდი, ძალიან გთხოვ. წადი, ბავშვს მიხედე, რძე დაალევინე ან ჩაი მიუტანე... მოკლედ, სულერთია, ოღონდ გაჩუმდი.

– ვერ გავჩუმდები. ძლივს გავბედე და ახლა ვეღარ გავჩუმდები. დამიჯერე, დუმილი გაცილებით ძნელი იყო. ახლა არც მეშინია და არც ის მადარდებს, რა იქნება იმის მერე, როცა ყველაფერს გეტყვი.

ზურაბმა ხელები გაშალა და სასოწარკვეთით ამოიოხრა:

– კარგი, მითხარი, რისი თქმა გინდა.

დიანამ ქმარს გამომწვევად შეხედა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მკაფიოდ წარმოთქვა:

– თინიკო შენი შვილი არ არის.

ზურაბი გაშრა. გაშტერდა და ერთხანს ასე იყო. მერე კი ისტერიკული სიცილი აუტყდა.

– ტყუილად იცინი. არ ვხუმრობ, თინიკო შენი შვილი არ არის, – გაიმეორა დიანამ და გულზე ხელები დაიკრიფა. ზურაბი მიხვდა, რომ ცოლი მართალს ამბობდა. უფრო ინტუიციამ უკარნახა, რომ მის სიტყვებში ეჭვი არ უნდა შეპარვოდა.

– შენ, მგონი, გაგიჟდი, – აღმოხდა გაოგნებულს, – იცი, კი მაინც, რას ამბობ?

– ვიცი. თინიკო შენი შვილი არ არის. მამამისი...

– გაჩუმდი, არაფერი თქვა! – შეჰყვირა ზურაბმა, – მგონი, უკვე ვხვდები, რაც უნდა მითხრა, ვისი ვინაობაც უნდა დაასახელო, მაგრამ მე არ მჯერა ამის, არ მჯერა!

– შენი ნებაა, ნუ დაიჯერებ, მაგრამ ისიც იცოდე, რომ მე არასდროს ვტყუი. აქამდე იმიტომ ვდუმდი, რომ არ მინდოდა, თინიკოს პრობლემები შექმნოდა. ახლა მას პატრონი ჰყავს და ვერაფერს დაუშავებ. თანაც, არც ისეთი ურჩხული მგონიხარ...

– დიანა, გაჩუმდი! გაჩუმდი, თორემ, ჩემს საქციელზე პასუხს ვეღარ ვაგებ. შენ მე მატყუებ, უსინდისოდ მატყუებ და ცდილობ, გამამწარო. ჩემს ყველაზე მტკივნეულ ადგილს შეეხე, მაგრამ არაფერი გამოგივა, შენს ანკესზე არ წამოვეგები, სასაცილო ხარ, დიანა. ისე, შენგან უკეთესს არაფერს ველოდი. ჩემზე შურის საძიებლად იაფფასიანი, ბანალური მეთოდი აირჩიე.

– მე სიმართლე გითხარი. ახლა უკვე შენი ნებაა...

ზურაბმა გააფთრებით მოსრისა ხელში სიგარა, კედელს მიანარცხა და მთელი ხმით იბღავლა:

– მძულხარ! დიანა... მძულხარ!..

***

დაუჯერებლობის დამაჯერებლობაზე ვსაუბრობდით, თუ პირიქით – დამაჯერებლის არდაჯერებაზე. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ის არის, რომ ადამიანებს აშკარად გვაქვს თვითგანადგურების იშვიათი ნიჭი. მატლსაც კი შეუძლია, მოკვეთილი სხეული აღიდგინოს და გააგრძელოს ცხოვრება. ადამიანები კი ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად მივილტვით იქით, საითაც გზა აღარ არის და პირდაპირ უფსკრულში ვიჩეხებით. დიახ, ხშირად კისერსაც ვიტეხთ და მერე ვცდილობთ, საკუთარი უგუნურება ვიღაც სხვას დავაბრალოთ. ზუსტად იმას, ვინც ჩვენს შეჩერებას ცდილობდა. რა არის ეს, შინაგანი სიჯიუტე და უაზრო მსხვერპლშეწირვა თუ ადამიანური სიბრიყვე? ორივე შემთხვევაში წაგებულები ისევ ჩვენ ვრჩებით და ცუდი ის არის, რომ, ჭკუა წლებმაც კი ვერ გვასწავლა.

***

ლევანმა საბაჟოს თანამშრომელს პასპორტები გადააწოდა და ცოლს წელზე მოხვია ხელი:

– კარგი გოგო ხარ, რომ მიხვდი, რატომაც არის აუცილებელი ჩვენი ერთად ყოფნა.

თინიკომ არ უპასუხა, მხოლოდ შეხედა და ნაძალადევად გაუღიმა. ლევანი არც ისეთი გულუბრყვილო იყო, ვერ მიმხვდარიყო ცოლის მოჩვენებით მორჩილებას, მაგრამ ეს სიტუაციაც აწყობდა. ამიტომ თამაში განაგრძო. ცოლთან თუნდაც დროებით დამთბარი ურთიერთობა სულის მოთქმის შანსს აძლევდა და ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებდა. მისი ყურადღება მამაკაცის ზორბა ფიგურამ მიიქცია, რომელიც ძალიან ნაცნობად მოეჩვენა, მაგრამ თვალებს მაინც არ დაუჯერა, სანამ თინიკომ არ წამოიძახა:

– ეს ხომ ვახოა! კი, ნამდვილად ვახოა. თანაც მარტო არ არის. ესე იგი, ის რაც ნათიამ მითხრა, მართალი ყოფილა!

ლევანი შემობრუნდა და მისი მზერა იას მზერას „შეხვდა“, მოულოდნელობის ეფექტი ისეთი ძლიერი იყო, რომ ემოციები ვეღარ შეიკავა:

– ვახო?! ია?! არ მითხრათ, რომ თქვენც ჩვენი რეისით მოდიხართ. ვახო, ეს რა, საქორწინო მოგზაურობაა?

ვახომ თინიკოს ლოყაზე აკოცა და მეგობარს შეუტია:

– იდიოტური ხუმრობაა. ჩვენ ნიკუშასთან მივდივართ, უფრო სწორად, ია მიდის, მე კი ვაცილებ.

– აცილებ და საპასპორტო შემოწმება გაიარე? რამდენ ხანს უნდა მატყუო, ბიჭო! გეყოს ვაჟკაცობა და აღიარე სიმართლე, – ბოღმით ჩაილაპარაკა ლევანმა.

ვახო ჭარხალივით გაწითლდა.

– ისე ნუ იზამ, რომ აქვე, შენი ცოლის თვალწინ დაგისისხლიანო ეგ ცხვირ-პირი, კრეტინო! სისულელე ვქენი, რომ ეს უფრო ადრე არ გავაკეთე.

– თუ ღმერთი გწამს, ნუ იმუქრები! არ მეშინია და არც ჩხუბზე დავიხევ უკან, არ არის პრობლემა! – გაიქაჩა ლევანი და თიკაც ჩამოეკიდა მკლავზე.

– გაგიჟდით? ისღა გაკლიათ, ასე საჯაროდ შეასკდეთ ერთმანეთს! ლევან, არ გესმის? ათასი თვალი გიყურებს. გინდა, ერთ საათში ყველა არხის ტელეკამერა აქ იყოს? თანაც ჩასხდომა იწყება. გავფრინდეთ და იქ გაარკვიეთ, თუკი რამე გაქვთ გასარკვევი!

– მე?! – ვახომ ზიზღით მობრიცა ტუჩები, – მე უკვე ყველაფერი გავარკვიე. შენ გცემ, თინიკო, პატივს, თორემ, შენი იდიოტი ქმარი რასაც იმსახურებს, კარგად ვიცი. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ! დიდი იმედი მაქვს, რომ პარიზში მაინც არ შევხვდებით ერთმანეთს!

თინიკომ ჩუმად მდგარ იას გახედა:

– ვეჭვობ, რომ იმედი უნდა გაგიცრუო – ჩვენ, მგონი, ერთი გზა გვაქვს, ბოლომდე.

– რა?! თქვენც ნიკუშასთან მიდიხართ?

თინიკომ თავი დაუქნია.

– რატომ? – ჰკითხა ვახომ.

– საამისოდ სერიოზული მიზეზი მაქვს, მაგრამ, ნუ მკითხავ, რა მიზეზია, ახლა მაინც ვერაფერს გეტყვი. თუმცა, აუცილებლად დადგება დღე, როცა ყველა ყველაფერს გაიგებს.

ვახომ ხმამაღლა ამოიოხრა:

– აუ, გადამრია ამ საიდუმლოებებმა. მალე ისე „გავჭედავ“, ვეღარაფერი მიშველის. თიკა, შენ ნიკუშას დედის მისამართიც გეცოდინება.

– მათ სახლში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ, არ არის პრობლემა, დავურეკავთ და გვეტყვიან.

– არა, მე სიურპრიზის მოწყობა მინდოდა მისთვის, თორემ თბილისიდან დავურეკავდი.

– ეი, თოვლის ბაბუავ, იმიტომაც მიგყავს ეგ „სნეგუროჩკა“ თან? ჯერ იქნებ, გეკითხა, მოეწონება თუ არა იმ კაცს შენი სიურპრიზი. არ იცი, რომ ნიკუშას თითქმის ჰყავს ცოლი? – ლევანმა ბოროტად ჩაიცინა და იას ნიშნისმოგებით გადახედა, – ყოველ შემთხვევაში, მამა ნამდვილად მალე გახდება, ამის გარანტიას მე გაძლევ. ამიტომ, ერთი რჩევა მინდა, მოგცე: სანამ ვინმესთვის ისეთი სიურპრიზის მოწყობას დააპირებ, რომელიც მის პირად ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, წინასწარ ნებართვას თუ არ აიღებ, ის მაინც იკითხე, რა გუნებაზე დააყენებს იმ ადამიანს შენი „სიკეთე“.

იამ ვახოს სახელოზე დაქაჩა:

– ხომ გეუბნებოდი, ჩემი წამოსვლა არ ღირს-მეთქი! არ უნდა დამეჯერებინა შენთვის.

– სისულელეა, ამას რას უსმენ, ვერ ხედავ? ყველანაირად ცდილობს, მოთმინება დამაკარგვინოს. ერთი ჩავიდეთ ნიკუშასთან და მერე მე ვიცი.

– ჰმ, ნიკუშა მოკავშირედ არ გამოგადგება. მით უმეტეს, ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ.

თინიკომ ქმარს მკლავზე მოკიდა ხელი და აიძულა უკან დაეხია:

– ხომ გითხარი, კინკლაობას მორჩით-მეთქი. ისე, მგონი მართლა უნდა დაგვერეკა ნიკუშასთან. როგორია, ერთბაშად ამდენი ხალხი რომ მივადგებით!

– არა უშავს, არ უჭირთ. გვიმასპინძლებენ როგორმე, – გაეცინა ვახოს.

ლევანმა წყრომით გადახედა მეგობარს და აუცილებლად ერთ-ორ „ტკბილ“ სიტყვას კიდევ იტყოდა, რომ არა ცოლის გამაფრთხილებელი, მსუბუქი მუჯლუგუნი ფერდში, რამაც განზრახვაზე ხელი ააღებინა.

ია კი ისევ ლევანის ნათქვამზე ფიქრობდა და უკვე თვითმფრინავში მყოფმა, ვახოს ჩუმად ჩაულაპარაკა:

– ხედავ? ყველამ იცის ბავშვის ამბავი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გოგო მართლა ნიკუშასგან არის ფეხმძიმედ. გეუბნები, მე ტყუილად მოვდივარ-მეთქი. ნერვიულობა შემრჩება და თავს გავიწამებ, შენც უსიამოვნებას შეგამთხვევ. ლევანის ირონია ხომ, საერთოდ, ბოლოს მომიღებს.

– მაგაზე ნუ ფიქრობ. ერთი კიდევ თქვას რამე და ნახავ, რა დღეშიც ჩავაგდებ. რაც შეეხება ბავშვს, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. გული მიგრძნობს, რომ არც მთლად ასეა საქმე. არ ინანებ, რომ დამიჯერე.

იამ თავი სავარძლის საზურგეზე დადო და მოპირდაპირე რიგში მჯდომ ცოლ-ქმარს გახედა. თინიკო ქმრის მხარზე იყო მიყრდნობილი და ლევანი გაცხარებული რაღაცას უხსნიდა.

– ჰმ, ერთი შეხედე, მოსიყვარულე წყვილი! ლევანი მაინც, შესანიშნავად თამაშობს იდეალური ქმრის როლს, მაგრამ, მის ცოლზე ახია. ვერასდროს ვიტანდი ბედის ნებიერა, გაფუფუნებულ ქალბატონებს, რომლებსაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ მაინც ცხოვრებით უკმაყოფილო, შეწუხებული და წამებული ქალის პოზა უჭირავთ. დარწმუნებული ვარ, იმ პირველ ქმარსაც თავისი ფხუკიანობის გამო გაშორდებოდა. ალბათ, ვერ აიტანა, თავისი ფულიანი მამიკოს ფონზე, მისი მწირი შემოსავალი. ლევანიც ხომ იმიტომ უნდა, რომ მინისტრია. ამ ტიპის ქალებს ყველა ნაბიჯი წინასწარ აქვთ გათვლილი.

ვახომ თავი გააქნია:

– არა, თიკა ასეთი არ არის. ძალიან კარგი გოგოა და ზოგჯერ მიკვირს კიდეც, ლევანთან საერთო ენას როგორ პოულობს. ნამდვილი იდიოტია.

იას გაეცინა:

– ხომ არ გავიწყდება, საკუთარ ძმაკაცზე რომ ლაპარაკობ? რამდენი წელია, ერთად ხართ...

– ჰო?! მაგაზე არც მიფიქრია, – ვახო სერიოზულად დაფიქრდა და უცებ სიცილი აუტყდა, – ეტყობა, მეც იდიოტი ვარ, ოღონდ, ცოტათი, მაგრამ, თიკაზე რაც გითხარი, შეგიძლია, მენდო. მაგარი გოგოა. მართლა. მამამისს საერთოდ არ ჰგავს და არც ის კომპლექსები და ამბიციები აწუხებს, შენ რომ წეღან ლაპარაკობდი. უფრო ახლოს გაიცნობ და დარწმუნდები. ლევანში კი მართლა შევცდი...

იას გაახსენდა, როგორი გააფთრებით ცდილობდა ლევანი მისი გულის დაპყრობას და თავი უხერხულად იგრძნო. ამ არასასიამოვნო ურთიერთობაში რაღაც წვლილი მასაც მიუძღოდა და ახლა იმ მომენტების გამო შერცხვა, როცა თავს სისუსტის უფლება მისცა და კინაღამ დაჰყვა კაცის ვნებას. მაშინ ვეღარ იტყოდა, მე ჩემი სიმართლე მაქვს და არავის წინაშე არ ვარ ვალდებულიო. ლევანს ცოლი ჰყავდა და ეს სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ კაცის პირველივე მცდელობაზე, კარი ცხვირწინ უხეშად მიეკეტა. უფრო მეტიც – გარკვევით და მკაცრად ეთქვა, თავისი სათქმელი, წესიერებაზე მიეთითებინა და ეთქვა, რომ მამაკაცი, რომელსაც ცოლი ჰყავს, სხვა ქალს ერთგულების ფიცს არ უნდა აძლევდეს. იას მაშინ ამაზე არ უფიქრია. ერთი მომენტი, თითქმის დაუშვა კიდეც ლევანთან სიახლოვე, ნიკუშას ჯიბრით. ჰმ, ჯიბრით! რა უგუნურებაა ჯიბრით რაღაცის კეთება და, საერთოდ, ცხოვრება... იას შერცხვა და სიწითლე რომ დაეფარა, შეწუხებულმა ჩაილაპარაკა:

– როგორ ცხელა, ვენტილაცია არ ჩართეს?

– წვენი დალიე, ცივია, შესთავაზა ვახომ და თმაზე მზრუნველად გადაუსვა ხელი. იას გული აუჩუყდა.

– რა კარგია, რომ შენ მყავხარ.

– კარგი, რა, მე ვინ ვარ. შენ ნიკუშა გყავს და მე დაგეხმარები იმაში, რომ ყოველთვის გყავდეს...

ლევანმა ცოლის ხელი ტუჩებთან მიიტანა და აკოცა:

– ხომ კარგად ხარ, საყვარელო?

თინიკომ თავი დაუქნია.

– ფერი კარგი გაქვს. წვენს ხომ დალევ? – გააგრძელა ლევანმა.

– იცი, როცა ჩემზე ასე ზრუნავ, მოუსვენრობა მიპყრობს – ძალიან არაბუნებრივად მეჩვენება. კარგად ვარ და მეტისმეტი ნუ მოგივა.

ლევანი აწრიალდა:

– ძალიან ცუდია, რომ ეს ორიც მოდის. ვახოზე ისე ვბრაზობ, რომ შემეძლოს, საკუთარი ხელით ჩავაგდებდი თვითმფრინავიდან.

– რას ერჩი? სრული უფლება აქვთ, სადაც უნდათ, იქ გაემგზავრონ. მე ისიც მიკვირს, ია აქამდე რას ელოდებოდა. თუ გიყვარს, უნდა იბრძოლო კიდეც შენი სიყვარულისთვის, – თქვა თინიკომ. ლევანმა ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო ცოლს:

– შენც შეგიძლია, იბრძოლო შენი სიყვარულისთვის, ანუ ჩემთვის?

თინიკომ მხრები აიჩეჩა:

– ჰო, რატომ გიკვირს? უბრალოდ, ცოტა მიკვირს, ასეთი დარწმუნებული რომ ხარ.

– რას გულისხმობ?

– დარწმუნებული ხარ, რომ სწორედ შენ ხარ ის, ვისი სიყვარულის გამოც ვიბრძოლებ?

– რა თქმა უნდა, მე ვარ, ამაში ეჭვი ოდნავაც არ მეპარება. შენ მე გიყვარვარ, თიკა.

– რა ბედნიერი ვიქნებოდი, მეც რომ შემძლებოდა იგივე, მეთქვა, სევდიანად ჩაილაპარაკა ქალმა. ლევანმა ისევ მიიტანა მისი ხელი ტუჩებთან:

– შენთვის სიტყვებია მთავარი? აუცილებლად სიყვარული უნდა აგიხსნა?

– კარგი იქნებოდა, თუმცა, მთელი ეს წლები, ამის გარეშეც ვიცხოვრე შენს გვერდით.

– შენ ჩემთვის განსაკუთრებული ხარ, თიკა.

თინიკომ ხელი გამოსტაცა:

– ეგ არ ნიშნავს იმას, რომ გიყვარვარ!

– მე ვფიქრობ, რომ ეს სიყვარულზე მეტია. შეიძლება, მთელი ცხოვრება ვიღაც გიყვარდეს და, ერთ დღესაც, მიხვდე, რომ არაფერი მასში განსაკუთრებული არ ყოფილა. ამიტომაც გეუბნები: ის, რასაც მე შენ მიმართ ვგრძნობ, სიყვარულზე გაცილებით მეტია. კიდევ, იმას გეტყვი, რომ, არ ვისურვებდი, თუნდაც ერთი დღე გამეტარებინა შენ გარეშე.

თინიკომ გაიღიმა:

– აი, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს! მალე ჩავფრინდებით?

– დაახლოებით ორ საათში. დაიღალე?

– არა, უბრალოდ, რაც უფრო ვუახლოვდები ჩემს ძმას, მით უფრო მიმძიმდება გული და შიშიც კი მიპყრობს. მართლა რომ არ მიმიღოს, მერე რა ვქნა?

– ნიკუშა თქვი, რა, თორემ ეგ „ძმა“ ყურს მჭრის. თუ არ მიგიღებს, ეს მისი პრობლემა იქნება, მაგრამ, ნიკუშა სულელი არ არის. ასე რომ, შეგიძლია, მშვიდად იყო. შენთვის ზედმეტი მღელვარება არ შეიძლება.

– სიმართლე რომ გითხრა, დედაჩემზეც ძალიან ვნერვიულობ. ჩვენგან ისე წავიდა, მეშინია, მამაჩემსაც არ უთხრას სიმართლე. ხომ იცი ზურაბის ხასიათი, არ აპატიებს და, რამე უბედურება არ დატრიალდეს.

– ანუ, ზურაბმა დედაშენი ეჭვიანობის გამო არ მოკლას? თიკა, მერწმუნე, ბატონ ზურაბს ისე უყვარს საკუთარი თავი, რომ არაფრის გამო არ ჩაიდენს ისეთ საქციელს, რაც მის კომფორტულ არსებობას შეუშლის ხელს. არც მოკლავს და არც სცემს. ისე, შეიძლება, მემკვიდრეობის გარეშე დაგტოვოს.

– მაგას ვერ გააკეთებს – ყველაფერი დედაჩემის სახელზეა.

ლევანი აშკარად გაახარა ცოლის სიტყვებმა:

– მართლა? ყველაფერი? სულ ყველაფერი?

– რამდენადაც ვიცი, თითქმის მთელი ქონება დედაჩემზე გააფორმა. თბილისის სახლი ისედაც მისი იყო. ბაბუაჩემმა აჩუქა.

– ძალიან კარგი. ესე იგი, ამ მხრივაც შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, – ჩაილაპარაკა კმაყოფილმა.

– რა თქვი?

– არაფერი, საყვარელო. რომ ჩავალთ, დედაშენს დავურეკოთ-მეთქი. ზუკას ამბავიც ხომ უნდა გავიგოთ. ისე, ნეტავი წამოგვეყვანა.

– არა, ახლა დედაჩემთან უკეთესად იქნება. მე ხომ არ ვიცი, როგორ შეეგუება იმ ამბავს, რომ ბიძა ჰყავს.

– მართალი ხარ. მორჩება თუ არა ეს ამბები, აუცილებლად სადმე წავიყვან, სადაც თვითონ მოინდომებს, – მზრუნველი ტონით წარმოთქვა ლევანმა და ცოლს ალერსიანად ჩახედა თვალებში, – იცი, ნელ-ნელა ვგრძნობ სიხარულს იმის გამო, რომ მამა გავხდები. აი, ნახავ, მსოფლიოში საუკეთესო მამა ვიქნები!

თინიკომ გაიღიმა:

– კარგი, ჩვენს შვილს გაუმართლა. ახლა, მთავარია, ბიძა გავიცნოთ!

***

ნატუკა მიხვდა, რომ მოატყუეს, ლევანმა არ დაურეკა. არც სამსახურში იყო და მობილურსაც არ პასუხობდა. რამდენჯერმე მის სახლთან მივიდა, მაგრამ ზარის დარეკვა არ უცდია, შორიდან ზვერავდა. საკუთარ გულუბრყვილობაზე გაცოფებული, სიმწრით იკვნეტდა ტუჩებს და ილანძღებოდა: „ლენჩი ვარ და ჩერჩეტი! მაგრამ, სად წამივა? ძვირად დავუსვამ ჩემს გასულელებას. ახლა გაძვრა და ჰგონია, რომ თავი ქუდში აქვს. ის კი არ იცის, რომ საფლავში ჩავყვები და ჩემს კუთვნილს მაინც მივიღებ. რა ჯანდაბად და თავში სახლელად მინდა ეს ბავშვი! დედად არ გამოვდგები – სად შემიძლია პამპერსებითა და ბოთლებით სირბილი, ღამეების თენებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ?! ლევანმა გამაბრიყვა. ფული უნდა ამეღო და ბავშვი მომეშორებინა, მაგრამ, ახლა უკვე გვიან არის. სულელი ვარ, ნამდვილი სულელი, ჩემი გამოყენების უფლება რომ მივეცი. შურისძიების იარაღად ვჭირდებოდი, მაგრამ, არა უშავს. კიდევ ინანებს, ჯეროვნად რომ არ დააფასა ჩემი შესაძლებლობები“... ნატუკამ ბევრი იფიქრა და ლევანს პირდაპირ სამინისტროში მიადგა. მდივანმა ბრაზით შეათვალიერა „არაჟურნალისტურად“ შეღებილი მეტიჩარა გოგო და მოკლედ მიახალა.

– მინისტრი არ არის და რამდენიმე დღე, არც იქნება! ნატუკამ წყენით გააწკლაპუნა ტუჩები: – როგორ შეიძლება, ინტერვიუს დამპირდა თავის ცოლთან ერთად. კარგი, მაშინ, მის მეუღლეს შევაწუხებო... – ვერ შეაწუხებ, იმიტომ, რომ ერთად გაემგზავრნენ პარიზში, სწორედ მე ავუღე ბილეთები, – კმაყოფილი სახით მოუჭრა მდივანმა.

ნატუკამ მდივნის მისამართით რაღაც უცენზურო ჩაიბურტყუნა და კაბინეტიდან უკანმოუხედავად გავარდნილმა, კარი გამეტებით გაიჯახუნა...

მეგობრის საყვარლის დანახვაზე დათოს ელდა ეცა. ზღურბლზე დადგა, რომ გოგოსთვის ბინაში შესვლის საშუალება არ მიეცა:

– აქ რა გინდა, ჩემი მისამართი ვინ მოგცა?

– გიკვირს? აბა, რა მექნა? შენი ძმაკაცები უსინდისოდ ამეთესნენ, მე კი ბილეთის ფული არ მაქვს. ამიტომაც მოგადექი. შენც ხომ მაგათიანი ხარ. გამოდის, რაღაც პასუხისმგებლობა შენც გაკისრია.

– მოცა, მოიცა! რა პასუხისმგებლობა, ვინ ძმაკაცები აითესნენ, შენ ხომ არ გაგიჟდი! რას მთხოვ, რა საერთო მაქვს შენთან?

– კარგი, უფრო გასაგებად აგიხსნი: მე და შენ გვაქვს საერთო. უფრო სწორად ორი საერთო ნიკუშა და ლევანი. ერთმაც მომატყუა და მეორემაც. არადა, ორსულად ვარ, ბავშვს კი მამა სჭირდება.

– მერე, მე რა შუაში ვარ, ან, ორივე როგორ იქნება შენი ბავშვის მამა?

– მაგას შენ არავინ გეკითხება. მოკლედ გეტყვი: ფული მჭირდება, პარიზში გასამგზავრებელი ფული. რაც მალე მომცემ, მით მალე მომიშორებ თავიდან. ვიცი, რომ ძალიან ეჭვიანი ცოლი გყავს. მე კი ჭკუა არ დამიშლის, ვუთხრა, რომ ბავშვს შენგან ველოდები. აბა, რას იტყვი?

გოგოს უტიფრობამ დათო ისე აღაშფოთა, რომ სუნთქვაც კი შეეკრა. ნატუკა რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი და მასზე საკმაოდ უარყოფითი შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდა. გოგოს ეტყობოდა, ყველაფერზე რომ იყო წამსვლელი, მაგრამ ასეთ სითავხედეს მაინც ვერაფრით წარმოიდგენდა.

– ჩემი მისამართი ვინ მოგცა-მეთქი!

– ნუ ყვირი, თორემ შენი ცოლი გამოვა. რა სასაცილო ვინმე ხარ. ეს არის ახლა მთავარი? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მომცა მისამართი, შენთვის რა შეღავათია? კარგი, გეტყვი: ნიკუშას მეზობელმა, გოგიჩამ მითხრა, სადაც ცხოვრობ.

– და, რა გინდა? – დათომ პირი დააღო და ისე ჩაისუნთქა ჰაერი.

– რას ნიშნავს რა მინდა. – წარბი შეიკრა ნატუკამ, – ამდენი რისთვის ვილაპარაკე? ხომ აგიხსენი, ფეხმძიმედ ვარ და ფული მჭირდება, რომ...

– დათო, ვის ელაპარაკები, ვინმე მოვიდა?

ნათია ქმარს დაეჯაჯგურა. თითქმის ძალით გასწია გვერდზე და ნატუკა დაინახა.

– ეს ვინ არის?

ნატუკამ დათოს გამომწვევად გაუქნია სახესთან ხელი:

– ეი, რას გაშტერდი, შენი ცოლი კითხულობს, მე ვინ ვარ. ეტყვი, თუ მე ავუხსნა?

– დათო, გამაგებინე, რა ხდება? ახლავე უნდა ვიცოდე, ეს გოგო ვინ არის, თორემ გავგიჟდები! – ხმას აუწია ნათიამ. ნატუკამაც მხარი აუბა დამცინავი ტონითა და დაუფარავი ირონიით:

– დათუნი, რატომ ანერვიულებ ფეხმძიმე ცოლს? არ იცი, რომ ფეხმძიმე ქალების ნერვიულობა არ შეიძლება?! ნუ ბრაზობ, საყვარელო, ეგ მუცელი გვერდზე გაწიე და დამშვიდდი. შენი ქმარი ახლავე იზრუნებს იმაზე, რომ არც ერთმა არ ვინერვიულოთ.

დათო გონს მოვიდა და ცოლს ხელი მოჰხვია.

– ნათი, არაფერი არ ხდება. ეს ლევანის, არა, ნიკუშას... მოკლედ, მათი ნაცნობია და პარიზში გასამგზავრებელი ფული უნდა მივცე, ბილეთის ფული. ლევანმა დამიტოვა და დამავიწყდა.

ნათიამ დაუპატიჟებელი სტუმარი თვალის ერთი შევლებით შეაფასა:

– ესე, იგი ეს შენ ხარ. გამოდის, მაინც ლევანის ყოფილხარ. საწყალი თიკა. გაგიმართლა, რომ ჩემი ქმრის საყვარელი არ ხარ, თორემ, აქედან ვერ გამასწრებდი.

– დაწყნარდი, შენი ქმარი ჩემს გემოვნებაში არანაირად არ ჯდება, თანაც, ჩემი პრინციპია, ისტერიჩკების ქმრებს ახლოს არ გავეკარო. დათო ფულს მომცემს და წავალ.

დათომ ცოტა ხანს კიდევ ითრია ფეხი. ფიქრობდა, შეიძლებოდა თუ არა ორი მამლაყინწასავით შემართული ქალის ერთმანეთის პირისპირ მარტო დატოვება. ბოლოს ისევ ცოლი დაანამუსა:

– ნათი, შენი იმედი მაქვს, იცოდე!

ცოლმა თავი დაუქნია. დათო შევიდა. ნატუკამ ნათიას დაჟინებული მზერა იგრძნო და ენის მოჩლექით ჰკითხა:

– რა იყო, პატარავ, გინდა, რამე მკითხო?..

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3