კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (53)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

როგორ იძია შური ცნობილი ქურდის – „იმპერატორის“ მკვლელობის გამო მისმა პოლკოვნიკმა ძმამ


მეფის სიკვდილი

1970 წლის 1 მაისს ქალაქ სოლიკამსკის მკაცრი რეჟიმის ციხეში, რომელიც „ბელი ლებედის“ სახელითაა ცნობილი, 66 წლის პატიმარი გრიგორი ბარატოვი გარდაიცვალა.

გრიგორი ბარატოვი კრიმინალურ სამყაროში „იმპერატორის“ მეტსახელით იყო ცნობილი, კანონიერი ქურდის სტატუსი ჰქონდა და არაოფიციალურად მას მეფედ აღიარებდნენ.

„იმპერატორი“ 1904 წლის 1 მაისს იყო დაბადებული თბილისში, თავად ანდრია ბარათაშვილის ოჯახში. ბარატოვებად დაეწერნენ და რუსულ ყაიდაზე იმიტომ გადაიკეთეს გვარი, რომ ანდრიას მაღალი პოსტი შესთავაზეს რუსეთის იმპერატორის კარზე, სადაც ბარათაშვილები 1916 წელს გადასახლდნენ. ამრიგად, 12 წლის გრიგოლს, მშობლიური ქართულის პარალელურად, რუსული ენის სასწრაფოდ შესწავლა დასჭირდა, რაც მან ბრწყინვალედ შეძლო და მალე, 13 წლის ქართველი ყმაწვილი, საიმპერატორო ლიცეუმის წარჩინებული მოსწავლე გახდა, მაგრამ რევოლუციით გამოწვეულმა გადატრიალებამ პატარა გრიგოლის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა: „წითლებმა“ მას ჯერ მშობლები დაუხვრიტეს, შემდეგ კი 16 წლის გრიგოლი და მისი 6 წლის ძმა, კონსტანტინე, უპატრონო ბავშვთა სახლში გაამწესეს. გრიგოლი ვერ ეგუებოდა ბავშვთა სახლის სასტიკ აღმზრდელებს და ყველა საშუალებით აპროტესტებდა იქ გამეფებულ დრაკონულ კანონებს. ამის გამო, ჭაბუკი „პროტესტანტ“ ბავშვთა ციხეში გადაიყვანეს და ასე დააშორეს ძმები ერთმანეთს.

მოსკოვის მახლობლად, მიტიშჩის დასახლებაში განთავსებულ ბავშვთა ციხეში, გრიგოლი 1920 წელს მოხვდა, მაგრამ 6 თვის მერე იქიდან გაიქცა და ასე დაიწყო მისი ფათერაკებით აღსავსე, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი კრიმინალური ცხოვრება.

კოლონიიდან გაქცეულმა გრიგოლმა, უპირველესად, 6 წლის კოტე მოიკითხა, მაგრამ, მხოლოდ იმის დადგენა მოახერხა, რომ კოტე ვიღაცამ იშვილა... ძმები მხოლოდ 21 წლის შემდეგ, 1941 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, მაშინ გრიგოლი უკვე სახელოვანი ქურდი იყო, კოტე კი – სამხედრო მზვერავი. მათ მას მერე ერთმანეთთან კავშირი არ გაუწყვეტიათ.

ძმის გაუჩინარებით დამწუხრებული 16 წლის ყმაწვილი, რომელსაც მილიცია ეძებდა, ყირიმში გაემგზავრა, იქიდან კი ოდესაში ჩავიდა და ებრაელი ბორუხ კაცმანის ბანდაში მოხვდა, სადაც ოთხი წელი გაატარა.

გრიგოლ ბარატოვი 1934 წელს საკმაოდ მოწიფულ ასაკში აკურთხეს კანონიერ ქურდად და ეს მოხდა მოსკოვში, ტაგანკის ცნობილ ციხეში. მეტსახელი „იმპერატორიც“ გრიგოლს ტაგანკის ციხეში შეარქვეს.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლი 30 წლის გახდა კანონიერი ქურდი, სახელი მან ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში გაითქვა და ქურდად კურთხევის დროს მას უკვე უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა კრიმინალურ სამყაროში.

„იმპერატორი“ ქურდული პროფესიით „მედვეჟატნიკი“ – სეიფების გამხსნელი იყო და თავის პროფესიას უზადოდ ფლობდა. გრიგოლისთვის გაუხსნელი საკეტი არ არსებობდა და თავისი კრიმინალური ბიოგრაფიის განმავლობაში 4 მილიონი მანეთი ჰქონდა მოპარული.

გრიგოლ ბარატოვი „ბელი ლებედში“ 1967 წელს ჩასვეს – მას მერე, რაც მან მოსკოვის საათის ქარხანა „ჩაიკის“ სეიფიდან 860 ათასი მანეთი გაიტაცა.

სოლიდური ასაკის მიუხედავად, გრიგოლ ბარატოვი რკინისებური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა და მისი სიკვდილი ყველასთვის მოულოდნელი იყო. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, 30 აპრილს „იმპერატორმა“ თავი შეუძლოდ იგრძნო და მუცელი ასტკივდა, რის შემდეგაც ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, გამთენიისას კი საავადმყოფოს საწოლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

ქურდული სამყაროს მეფე, „იმპერატორად“ წოდებული გრიგოლ ბარატოვი, იმავე დღეს, 1970 წლის 1 მაისს დაკრძალეს ციხის სასაფლაოზე...

ფარული გამოძიება

ძმის სიკვდილის შესახებ კოტე ბარატოვმა ერთი თვის მერე, 1970 წლის 1 ივნისს შეიტყო. იმ დროისთვის, 55 წლის კოტე სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკი იყო და ხანგრძლივ სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა ეგვიპტეში. მოსკოვში რომ დაბრუნდა შვებულებით, მეუღლემ ძმის სიკვდილის ამბავი დაახვედრა.

რადიკალურად განსხვავებული პროფესიებისა და მსოფლმხედველობის მიუხედავად, ძმებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. გრიგოლის სიკვდილი რომ შეიტყო, კოტე ხმით ატირდა. გული რომ იჯერა, ცრემლები შეიმშრალა და კოპებშეკრულმა ჩაილაპარაკა: იდუმალებით მოცული ამბავია, ყველაფერი მე თვითონ უნდა გავარკვიოო.

კოტე ბარატოვს ერთთვიანი შვებულება ჰქონდა და ეგვიპტეში 2 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო. ამიტომ მან სამოქალაქო ტანსაცმელი ჩაიცვა, ბილეთი აიღო და 3 ივნისს მოსკოვიდან სოლიკამსკში მატარებლით გაემგზავრა.

1970 წლის 5 ივნისს პოლკოვნიკი ბარატოვი „ბელი ლებედის“ დირექტორს, პოლკოვნიკ ივანე დუბინინს შეხვდა და უთხრა:

– მე პოლკოვნიკი კონსტანტინე ბარატოვი ვარ, გარდაცვლილი „იმპერატორის“ ძმა და აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მისი სიკვდილის ამბავი შევიტყო.

დუბინინმა ფარისევლური სახე მიიღო (რაც გამოცდილ სამხედრო მზვერავს არ გამოჰპარვია) და კოტეს უთხრა:

– ინფარქტი დაემართა ცხონებულს. მოგეხსენებათ, რომ ციხე კურორტი არაა, მისმა გულმა ვერ გაუძლო და გასკდა.

– თუ შეიძლება, სამედიცინო დასკვნა გამაცანით.

– ინებეთ, – უთხრა დუბინინმა ბარატოვს და ექიმ პავლე გორშკოვის მიერ დაწერილი დასკვნა მისცა, სადაც გრიგოლ ბარატოვის სიკვდილის მიზეზად ინფარქტი ეწერა.

– გაკვეთის დასკვნაც მინდა.

– გაკვეთა არ ჩაგვიტარებია. მოგეხსენებათ, რომ ქურდები ძალიან მორწმუნე ხალხია და მათი გაკვეთა ქრისტიანულად ცოდვად ითვლება. ამიტომ, პატივი ვეცი „იმპერატორის“ ხსოვნას და გაკვეთა გავაუქმე, – დამაჯერებლად თქვა დუბინინმა.

– კეთილი. თუ შეიძლება, ჩემი ძმის საფლავი მიმასწავლეთ, რომ ვნახო და ყვავილები მაინც დავდო.

ციხის უფროსი პირადად ეახლა კონსტანტინე ბარატოვს და „იმპერატორის“ საფლავი უჩვენა, თავად კი წავიდა... კოტემ ძმის საფლავზე ვარდების თაიგული დადო და ჩაილაპარაკა: „საეჭვოდ ჭიკჭიკებს ეს ნაბოზარი ციხის უფროსი და, კაცი არ ვიყო, თუ სიმართლე არ დავადგინო“.

პოლკოვნიკი ბარატოვი დუბინინთან დაბრუნდა, თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ მოსკოვში ბრუნდებოდა. სინამდვილეში კი, ღამით, ძმის ცხედარი ამოთხარა და წინასწარ მომზადებულ „ცინკის“ კუბოში მოათავსა. საფლავს კი პირვანდელი სახე დაუბრუნა და სამსახურებრივი მანქანით, რომელსაც მისი ერთგული მეგობარი, მაიორი ლევან ბერიძე მართავდა, ძმის ცხედარი მოსკოვში ჩაიტანა...

პოლკოვნიკი ბარატოვი საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნება იყო თავის უწყებაში, ამიტომ, არ გასჭირვებია – ნაცნობ სამხედრო პათანატომს „იმპერატორის“ გვამი გააკვეთინა და გაიგო, რომ მისი ძმა ინფარქტით კი არა, ძლიერი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

კონსტანტინე ბარატოვმა „იმპერატორის“ ცხედარი მოსკოვის ერთ-ერთ სასაფლაოზე ფარულად დაკრძალა, თავად კი ლევან ბერიძესთან ერთად კვლავ სოლიკამსკში გაემგზავრა, რომ ძმის მკვლელობის საქმის ფარული გამოძიება ეწარმოებინა.

1970 წლის 19 ივნისს, შუაღამისას, პოლკოვნიკი ბარატოვი და მაიორი ბერიძე „ბელი ლებედის“ ციხის უფროსს, პოლკოვნიკ დუბინინს ეწვივნენ სახლში, გააშიშვლეს, პირქვე დაჰკიდეს და ძალით ათქმევინეს, რომ „იმპერატორი“ გენერალ ანტონ სიდოროვის ბრძანებით მოწამლეს.

– ეგ ვინ ოხერია? – ჰკითხა დუბინინს კოტემ.

– ციმბირის ციხეების უფროსი, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი.

– რაში დასჭირდა ჩემი ძმის მოწამვლა?

– ნამდვილად არ ვიცი, – იუარა დუბინინმა.

– არ იცი და ნუ იცი, ამას გენერლისგან შევიტყობთ, – ჩაილაპარაკა ბარატოვმა, – შენ კი ჩემი ძმა მოკალი და სისხლი სისხლის წილ – მოკვდი...

კოტე ბარატოვმა პირქვედაკიდებულ დუბინინს სამართებელივით ალესილი ხანჯალი მოუქნია, თავი მოჰკვეთა და ლევან ბერიძესთან ერთად იქაურობა დატოვა. იმავე ღამეს სამხედრო მზვერავებმა ექიმი პავლე გორშკოვიც მოკლეს, რომლის დაჩეხილი და თავმოკვეთილი ცხედარი მისი სახლის სარდაფში აღმოაჩინეს მეზობლებმა... გორშკოვი, „იმპერატორის“ მკვლელობის თანამონაწილე იყო და კოტემ ორივეზე საშინლად იძია შური...

კრიმინალი

გენერალი

ქართველი სამხედრო მზვერავების შემდეგი სამიზნე გენერალ-ლეიტენანტი ანტონ სიდოროვი იყო. თუმცა, ეს არც ისე ადვილი საქმე უნდა ყოფილიყო, რადგან გენერალი დაცვით დადიოდა, ხოლო მისი სახლი ქალაქ ირკუტსკში მიუვალ ციხესიმაგრეს ჰგავდა და იქ შეღწევა ურთულესი საქმე იყო.

– „ცეერუს“ რეზიდენტი მყავს მოტაცებული ბაღდადში თავისი ლოგინიდან და ტილიან „ტიურემშჩიკს“ ვერ მოვიხელთებთ? – უთხრა ბარატოვმა ბერიძეს. მართლაც, 1970 წლის 25 ივნისს ქართველმა მზვერავებმა გენერალი სიდოროვი გაიტაცეს და ბაიკალის ტბის სამხრეთით მდებარე ტყის ქოხში მიიყვანეს.

– აბა, თქვი, შე ნაბოზარო, რატომ მოაკვლევინე „იმპერატორი“! – უთხრა პოლკოვნიკმა პირქვედაკიდებულ, შიშველ გენერალს და სველი რეზინის ჯოხი ორჯერ შემოარტყა ზურგში.

სიდოროვს თავდაპირველად შედარებით ღირსეულად ეჭირა თავი და ერთხელ შეაგინა კიდეც ბარატოვს. თუმცა, კოტემ ანთებული ცელოფანი რომ დააწვეთა შიშველ სხეულზე, გენერალი აკივლდა და პირობა დადო, რომ ყველა კითხვაზე გულწრფელად გასცემდა პასუხს.

– ნუ მაწამებთ, ყველაფერს გეტყვით! – წიოდა სიდოროვი.

– არ იტყვი და ცოცხლად შეგწვავთ, – უთხრა ბარატოვმა სიდოროვს, – რატომ მოაკვლევინე ჩემი ძმა?

– კვალი რომ დამეფარა.

– რა კვალი?

– „იმპერატორს“ გამოჭერილი ვყავდი და მიყენებდა. იცოდა, რომ ვიქტორ პავლოვი ჩემი მოკლული იყო, ამის დამამტკიცებელი საბუთები ჰქონდა.

– პავლოვი ვინ იყო?

– აღმასკომის თავმჯდომარე.

– რატომ მოკალი?

– ჩემი ცოლის საყვარელი იყო.

– გასაგებია. შენ რაში გიყენებდა?

– ქურდული „ობშჩიაკის“ შეგროვება-შენახვაში არ ვუშლიდი ხელს. უფრო მეტიც: მე ვინახავდი – ერთი მილიონი ჩემი სახლის სეიფშია. მე „იმპერატორის“ მიერ გადამალულ იარაღს ვეძებდი მთელი ოცი წელი, რომელზეც ჩემი თითების ანაბეჭდები იყო და, როცა მივაგენი, „იმპერატორი“ მხოლოდ მას შემდეგ გავასაღებინე...

– გაასაღებინე, მოწმეც მოიშორე და მილიონი მანეთიც დაითრიე, – ჩაიცინა ბერიძემ.

– მაგრამ, ვერ ეღირსები, ჩაფლავდა შენი გეგმები, – კბილებში გამოსცრა ბარატოვმა და გენერალ სიდოროვს თავი მოჰკვეთა.

ქურდული „ობშჩიაკი“

სიდოროვის მიერ მითვისებული ქურდული „ობშჩიაკი“ ქართველმა სამხედრო მზვერავებმა იმავე ღამეს წამოიღეს გენერლის სახლიდან და სოლიკამსკში გაემართნენ, რომ „ბელი ლებედში“ შეეგზავნათ.

ბარათოვი და ბერიძე სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები, ამიტომ, ქალაქის შესასვლელში ისინი სამხედრო პატრულმა გააჩერა და საბუთები მოსთხოვა – შინაგანი ჯარის სამხრეებიანმა კაპიტანმა მხედრული სალამი მისცა მანქანის საჭესთან მჯდარ პოლკოვნიკს და უთხრა:

– თუ შეიძლება, თქვენი საბუთები!

ბარატოვმა კაპიტანს სამსახურებრივი მოწმობა უჩვენა. კაპიტანმა ყურადღებით დაათვალიერა პოლკოვნიკის საბუთი და ზრდილობიანად უთხრა:

– ბოდიშს გიხდით, მაგრამ, ბრძანება გვაქვს, რომ ყველა მანქანა შევამოწმოთ. თუ შეიძლება, მანქანიდან გადმობრძანდით.

– კაპიტანო! – ხმას აუწია ბარათოვმა, – კითხვა არ იცით თუ სამხედრო დაზვერვას არ სცემთ პატივს?

– ბრძანება გვაქვს. გვაპატიეთ და მანქანის შემოწმების საშუალება მოგვეცით, – უთხრა კაპიტანმა პოლკოვნიკს და ორი ავტომატგადაკიდებული ჯარისკაცი მოიხმო.

დრო არ ითმენდა. ბარატოვის მანქანა რომ გაეჩხრიკათ, ქურდული „ობშჩიაკის“ მილიონ მანეთს აღმოაჩენდნენ და პოლკოვნიკს თავისი სტატუსი ვეღარ იხსნიდა. ამიტომ, მან ბერიძეს ნიშანი მისცა და სამხედრო მზვერავებმა ავტომატიანები გაანეიტრალეს, შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და გაიქცნენ... ბერიძისა და ბარატოვის დასაჭერად მთელი ციმბირის სპეცნაწილების მობილიზება მოახდინეს, რადგან, ცნობილი გახდა, რომ სამივე მკვლელობა „იმპერატორის“ ძმისა და მისი მეგობრის ჩადენილი იყო, თუმცა ბარატოვმა და ბერიძემ მშვიდობიანად გააღწიეს ტაიგიდან და თბილისში ჩამოვიდნენ. ქურდული „ობშჩიაკი“ კი კანონიერ ქურდს, გივი ანთაძეს, მეტსახელად „სანტა-კლაუსს“ ჩააბარეს. თვითონ კი ჯერ თურქეთში გაიქცნენ და ბოლოს კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად.


скачать dle 11.3