კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სულიერი ტრავმები მიიღო სოფო ნიჟარაძემ და ვის დაუწვა ფეხები ნოდიკო ტატიშვილმა


ნოდიკო ტატიშვილმა და სოფო ნიჟარაძემ არც ისე დიდი ხანია, რაც ერთმანეთი გაიცნეს, მაგრამ უკვე ახლო მეგობრები არიან. როგორც ამბობენ, ჰგონიათ, ერთმანეთს მთელი ცხოვრება იცნობდნენ, უამრავი საერთო აღმოაჩნდათ და ერთად ბევრ დროსაც ატარებენ.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნოდიკო ტატიშვილი

– მიხარია, რომ ასეთი გადატვირთული გრაფიკის ფონზე, საოცრად ხალისიან განწყობას ინარჩუნებ, სულ მხიარული და ლამაზი ხარ. როგორ ახერხებ ამას?

– ვცდილობ. მიუხედავად იმისა, რომ გადაღლილი ვარ, მინდა, თავი პოზიტიურად განვაწყო, ყველაფერში დადებითი დავინახო და ოპტიმისტურად ვუყურო მომავალს – კარგზე ვიფიქრო. ოპტიმიზმი წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია. როდესაც საკუთარ თავს კარგისკენ განაწყობ და მისკენ უბიძგებ, მერე ფსიქოლოგიური მომენტიც მუშაობს და უფრო უკეთესად მიდის საქმე. რასაც გაუშვებ, იგივე ენერგია გიბრუნდება.

– ძალიან მიყვარს „შაინ“ სიმღერა, რომელსაც „ევროვიზიაზე“ ასრულებ. თავად როგორ აფასებ საკუთარ შანსებს, მით უმეტეს, რომ მითხარი, კონკურსები არ მიყვარსო. ამ შემთხვევაში რა ხდება?

– საშინლად ვღელავ. წინა შეკითხვაში გითხარი, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, თავი პოზიტივისკენ განვაწყო – დავმშვიდდე და თავი დავირწმუნო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაინც ძალიან ვნერვიულობ. ეს ისეთი კონკურსია, როდესაც მთელი ქვეყანაა შენს უკან, შენ წარმოადგენ საქართველოს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია. უბრალოდ, ჩვეულებრივი მომღერალი კი არ ხარ, საკუთარი წარმატებისთვის რომ გადიხარ კონკურსზე, არამედ მთელ ქვეყანას წარმოადგენ. უპირველესად, ისმის „საქართველო“ და მერე – შენი სახელი. ამ პასუხისმგებლობის გამო ვღელავ. მღელვარების პიკს რომ მივაღწევ, მერე ვფიქრობ, რომ არა, ასე არ შეიძლება, უნდა დავმშვიდდე.

– ვინ გიდგას მორალურად ყველაზე მეტად მხარში?

– ყველაზე დიდ მუხტს, ძალას, სტიმულს დედაჩემი მაძლევს. რთულ დღეებში ყოველთვის ჩემს გვერდითაა. საერთოდ, მთელი ოჯახი, თითოეული წევრი გვერდში მიდგას ნებისმიერ სიტუაციაში.

– მე კი მგონია, რომ პირიქით, არაფერი გვაქვს სანერვიულო, რადგან სწორედ შენნაირი ძლიერი მომღერალი წარადგენს საქართველოს ამ კონკურსზე. თან, უშიშარი გოგო ხარ, რომ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღე.

– დიდი მადლობა. ვნერვიულობ იმაზე, რომ ეს არ არის ვოკალისტის კონკურსი. ეს სიმღერის, შოუს კონკურსია, რომელიც ძალიან ბევრი კომპონენტის სინთეზს მოითხოვს. მინისპექტაკლივით უნდა იყოს ყველაფერი და არა მარტო სიმღერა, გამოვედი ვიმღერე და კარგად იყავით. ეს ქვეყნის პრეზენტაციაა. ამ ყველაფრის ერთად გაკეთება რთულია, მაგრამ არა – შეუძლებელი. მთავარი მონდომება და სურვილია. ბევრია საკუთარ თავზე სამუშაო. მაქვს კონკურსების გამოცდილება, წარმატებასაც მივაღწიე, მაგრამ ეს არ მამშვიდებს. სულ მინდა, მეტი და მეტი გავაკეთო.

– როგორია შენი დღის გრაფიკი?

– სულ გადაღებები, ჩაწერები, ინტერვიუებია. თან ამ პერიოდში ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. შიდა შესარჩევ კონკურსებზე ვიყავი, პრომოტურები, მოწვევები მაქვს ბევრი ქვეყნიდან, მივდივარ პარიზში, მილანში, შემდეგ ამსტერდამში. თურქეთში ერთხელ ვიყავი და კიდევ ჩავალ. მეგობარი ქვეყნები ძალიან გვეხმარებიან, ისევე როგორც ჩვენ დავეხმარებით მათ. სხვას უნდა მოეწონო ამ კონკურსზე, მაგრამ უპირველესად ისე უნდა წარდგე, რომ შენი ხალხი არ შეარცხვინო. მგონი, კარგი ნომერი გამოდის. სამზადისში თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალები არიან ჩარეულები და ვენდობი. ძალიან ლამაზი იქნება. ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს, „დოლჩე და გაბანას“ კაბა მეცმევა და ეს ფაქტი უკვე მახალისებს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დიზაინერები არიან.

– არაჩვეულებრი მომღერალი ხარ. ამაში ქართველი ხალხი დარწმუნდა და კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება. როგორ ფიქრობ, ვოკალური მონაცემების გარდა, რა სჭირდება მომღერალს?

– ტალანტის, ვოკალის გარდა, მსახიობური მონაცემები უნდა ჰქონდეს, რომ უკეთ გაიგოს და გადმოსცეს, რასაც მღერის. უნდა ჰქონდეს პლასტიკა და სცენაზე მოძრაობა შეეძლოს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ყველაზე მთავარი, მაინც იღბალი მგონია. გამართლებაზეა ყველაფერი. შეიძლება, ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ვერავინ შეგამჩნიოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეს ადამიანად, რაც გადასარევად ჩანს სცენაზეც. არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი, არაჯანსაღი ამბიციები. არ ვგულისხმობ წარმატების მიღწევის სურვილს. ეს, რა თქმა უნდა, აუცილებელია.

– შენ გაგიმართლა?

– საკმაოდ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვშრომობდი და უზომო ენერგია ჩავდე იმ წარმატებაში, რაც მოგვიანებით მოვიდა, მაინც ძალიან გამიმართლა. როდესაც ჩემს მოსკოვურ რვაწლიან შემოქმედებით ცხოვრებას თვალს გადავავლებ ხოლმე, საკუთარი თავი ძალიან მეცოდება. რამდენი და რამხელა სულიერი თუ ფიზიკური ტრავმა მიმიღია, მაგრამ ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ვამაყობ ამ განვლილი გზით – რომ უკან არასდროს დამიხევია და ყველაფერს თავად მივაღწიე. გამართლება სულ თან მდევდა. როდესაც ჯულიეტას როლისთვის ქასთინგზე მივედი და სულ სხვანაირი გარეგნობის ჯულიეტას ეძებდნენ – აუცილებლად ქერა და სწორთმიანი უნდა ყოფილიყო, ამირჩიეს მე, ხვეული თმითა და შავგვრემანი. ეს ფრანგმა რეჟისორმა გადაწყვიტა, რომელიც იმწუთას იქ იყო. რომ არა ეს დამთხვევა, ამ პროექტში ვერ მოვხვდებოდი. საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენა გამართლებაზეა. რომ არა ეს, შეიძლება, ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე იყო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიო. მაგრამ, მარტო გამართლებას არ უნდა დაელოდო, ბევრი უნდა იშრომო, ზუსტად იცოდე, საით მიდიხარ, მიზანი გქონდეს და ყველაფერს მიაღწევ.

– კარგი, შევცვალოთ თემა. კარგი დიასახლისი ხარ?

– გადასარევი თემაა. ყველაფრის გაკეთება ვიცი, მაგრამ ძალიან ცოტა დრო მრჩება ამისთვის და ვერ ვაკეთებ. როდესაც გამზადებულს გახვედრებენ, რატომ გააკეთებ თავიდან?! მოსკოვში ყოფნისას მარტო ვიყავი, არც დედაჩემი იყო ჩემთან ერთად და არც ბებია, მიხდებოდა საჭმლის კეთება. ერთხელ ხაჭაპურიც გამოვაცხვე და ვისაც ვაჭამე, არავინ დაიჯერა, რომ ჩემი გაკეთებული იყო...

– და ვინც ჭამა ცოცხლები არიან?

– (იცინიან) რა ბოროტი ხარ! რატომ არ უნდა იყვნენ ცოცხლები?! ძალიან მოეწონათ.

– ყავას როგორ ადუღებ?

– გადასარევად. არა, თურქულს ვერ ვადუღებ, „მებლანტება“...

– არ გცოდნია ყავის მოდუღება (იცინიან). ახლა, მითხარი, რითი ერთობი, რა არის შენთვის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება?

– ზღვა და მზე. ვგიჟდები წყალზე, ზღვაზე. კარგი ამინდი და მზე – სწორედ ამ სიტუაციაში ვისვენებ. თავშეყრის, ხმაურიან ადგილებში ყოფნისას ვერ ვისვენებ. პროფესიიდან გამომდინარე, ასეთ ადგილებში მუშაობა მიწევს, თან – ძალიან ხშირად. ამიტომ, მშვიდ, წყნარ ადგილს ვეძებ. სულ მეგობრებთან ერთად რომ ვიყო ჩემ ჭკუაზე. ყველაზე აქტიურ საკლუბო ქალაქში, მოსკოვში ვცხოვრობდი და უამრავ დახურულ წვეულებასა და ღონისძიებაზე მიწევდა წასვლა, მაგრამ ეს სიტუაცია ძალიან იოლად მბეზრდება. ყველაზე კომფორტულად, მაინც, მეგობრების წრეში ვარ, წყნარ სიტუაციაში.

– უცხო ქვეყანაში გატარებულმა რვა წელმა რა მოგცა?

– ძალიან გამაძლიერა და გამხადა უფრო თავდაჯერებული. შემცვალა პიროვნულად. თავიდან უფრო მორიდებული ვიყავი, მერე კი უფრო მიზანმიმართული გავხდი და თან საოცრად შრომისმოყვარე. იქ თუ ძალიან ბევრი არ იშრომე, არაფერი გამოგივა. ერთი მხრივ, ძალიან რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს უდიდეს გამოცდილებას გძენს, სწავლობ პასუხის გაცემას, საკუთარი თავის დაცვას.

– რა რჩება შენს ოცნებად?

– შემოქმედებას რაც შეეხება, აქ მიუღწეველი მაინც არაფერი მგონია – თუ ძალიან ბევრს იშრომებ. ერთადერთი, რაზეც მართლა ვოცნებობ, ეს საქართველოს გამთლიანებაა – ის, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული. მინდა, რომ ეს ნატვრა მალე ამიხდეს, ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვოცნებობ. სიმშვიდე მინდა ქვეყანაში, რომ დავისვენოთ და ევროპულ, განვითარებულ ქვეყნად იქცეს იგი.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია სოფო ნიჟარაძე

– ის მოყევი, როგორ გავიცანით ერთმანეთი?

– „სანო სტუდიაში“ ვიყავით და დავინახე სოფო გამორბის ბღავილით. ტირის რაღაცაზე, გადარეულია (იცინიან). მგონი, რაღაც არ მოგწონდა სიმღერაში.

– როგორი მომენტია, იცი?! შეიძლება, მთელი ცხოვრება იცნობდე ადამიანს და ურთიერთობა გამარჯობას არ ცდებოდეს, მაგრამ, არის სიტუაცია, უცებ მიხვდები, რომ ის ადამიანი შენიანია. დიდი ხნის ნაცნობები არ ვართ, მაგრამ ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს.

– ძალიან საყვარელი და უშუალო ხარ. რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ადამიანში, ეს უბრალოებაა. პატივს ვცემ შენნაირებს, რომლებიც არ თამაშობენ. საერთოდ, ასეთი ურთიერთობა უფრო მყარი და ღრმაა, ვიდრე „რაღაცნაირი“.

– უამრავი კონკურსის გამარჯვებული, წარმატებული მომღერალი იყავი, რატომ გადაწყვიტე „ჯეოსტარში“ მონაწილეობა და დამწყებების გვერდით დადგომა? შენ ხომ უკვე მომღერალი იყავი?

– მომღერალი ხარ და ზუსტად ხვდები რას ნიშნავს სახლში უსაქმოდ ჯდომა. უსაქმოდ ყოფნამ, როცა ვერ აკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებს, შეიძლება, ჭკუიდან შეგშალოს, გადაგრიოს. იყო პერიოდი, როდესაც ჩემს სასიმღერო სურვილებს და „შიმშილს“ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობით ვიკმაყოფილებდი. მაგრამ, მერე, მადლობა ღმერთს, გამოჩნდა „ჯეოსტარი“. მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მიმეღო მონაწილეობა, რომ ჩემი სურვილები პარალიზებული არ ყოფილიყო. ეს საქმე ყველაზე მეტად მიყვარს, თუკი რაიმე სახის სიყვარული არსებობს ამქვეყნად. იმაზე არ ვფიქრობდი, მოვიგებდი თუ არა. მიხაროდა იმაზე ფიქრი, რომ მომეცემოდა სიმღერის, სცენაზე დგომის საშუალება, მექნებოდა რეპეტიციები, ყოველდღიური ურთიერთობა – ცოცხალ ბენდთან, უბრალოდ, ვიცხოვრებდი აქტიურად, როგორადაც მომღერალი უნდა ცხოვრობდეს. მოვხვდი „ჯეოსტარში“, გავიმარჯვე და ბედნიერი ვარ, რომ ყოველი დღე საოცრად დატვირთული მაქვს. ვაკეთებ საყვარელ საქმეს და ხალხისგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

– ელოდი გამარჯვებას?

– რომ გითხრა ველოდი-მეთქი, მოგატყუებ. თუმცა, გონებაში, ქვეცნობიერად, ეს აზრი, რა თქმა უნდა, სულ მიტრიალებდა, უფრო სწორად – სურვილი მქონდა. თან, რა არის, იცი?! მიჩვეული ვარ გამარჯვებას. უამრავ კონკურსზე ვყოფილვარ, სადაც გამოუცხადებიათ „პაბედიტელ ნოდიკო“ ან „ზი ვინერ ის“ და „ენდ ზი გრემი გოუზ თუ“... (იცინიან) არ ველოდი, მაგრამ სადღაც გულში მაინც მქონდა ამის სურვილი. ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის, შემიძლია, დედა დავიფიცო, ხალხის სიყვარულზე მთავარი არაფერია და დიდი მადლობა „ჯეოსტარს“ ამისთვის.

– გეტყობა, რომ ფიზიკურად და მორალურად ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ. ალბათ, ამანაც განაპირობა შენი გამარჯვება.

– ისევე როგორც შენს, ჩემს ცხოვრებაშიც, უამრავი ბარიერი, ხელის შემშლელი პირობა იყო იმისთვის, რომ ამ საქმისთვის თავი დამენებებინა. ყოფილა შემთხვევა, მიფიქრია, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, მოდი, თავს დავანებებ-მეთქი. ეს ისევ და ისევ ზოგიერთი ადამიანის ქმედებიდან გამომდინარე, რომელსაც აბსოლუტურად უმიზეზოდ დავუზიანებივარ, გული უტკენია და ამის გამო, საშინლად დავთრგუნულვარ. ბოლოს მივხვდი, რომ მთავარი, უდიდესი სურვილია და მონდომება საქმისთვის. ალბათ, ამ სურვილმა გამაძლიერა. მინდა, გითხრა, რომ უწმიდესის ლოცვა-კურთხევით მივიღე კონკურსში მონაწილეობა, წინა დღით დამლოცა და რომ გავიმარჯვე, წმიდა ნიკოლოზის ხატი მაჩუქა, უბედნიერესი ვიყავი.

– გიფიქრია თუ არა იმაზე, სიმღერის მონაცემები რომ არ გქონოდა, რა პროფესიას აირჩევდი?

– „გადაკეტვა“ მჭირდა თუ, რა ჰქვია ამას, არ ვიცი, „საექიმო“ რაღაცეებზე. ბებია მედიცინის სტაჟიანი მუშაკია. საავადმყოფოში მუშაობდა და იქიდან მოჰქონდა ხოლმე, სკალპელი, მაკრატელი და მსგავსი ნივთები. ჩემი დის ყველა თოჯინა მუცელზე იყო გაჭრილი, ბოდიში თქვენთან და უკანალიც სულ დაჩხვლეტილი ჰქონდა. ბებიაჩემს ვუპოვე სათბურა, ანუ „გრელკა“, რომელიც ძალიან სათუთად ჰქონდა შენახული, გამოვიღე, წყლით გავავსე და ვუკეთებდი და ვუკეთებდი ნემსებს. ერთ დღესაც, როდესაც ბებიამ ფეხების გათბობა გადაწყვიტა – ფეხები დაიწვა. მახსოვს, შუაღამისას კივილი მესმის. ერთი სიტყვით, ძალიან მინდოდა, ექიმი ვყოფილიყავი. გლანდების ოპერაცია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გავიკეთე, რომ ახალ შპრიცებს, კოხერებს, ლანცეტებს მომცემდნენ. ამის ხათრით, ძალიან წესიერად ვიქცეოდი. ვგიჟდებოდი, რომ ვუყურებდი ექიმებს – თეთრ ხალათებში, თავზე მწვანე ქუდით და ზევით აწეული ხელებით რომ შედიოდნენ საოპერაციოში და მერე იძახდნენ – ლანცეტი... მაკრატელი... საბოლოოდ, ყველაფერი რადიკალურად შეტრიალდა. ძალიან კარგად ვსწავლობდი სკოლაში. დედაჩემიც იქ მუშაობდა მასწავლებლად და მინდოდა, არ შემერცხვინა. დედაჩემისთვის ვინმეს რომ ეთქვა ნოდიკომ იზარმაცაო, ამაზე საშინლად ვინერვიულებდი.

– ჩემს სკოლაშიც ბებია ასწავლიდა და სულ ხუთებზე დავამთავრე. განსაკუთრებით ბებიას საგანს – ქიმიას ვსწავლობდი გადასარევად, რადგან თვითონ მამეცადინებდა.

ქიმია კარგად იცი?! „H2O“ რისი ფორმულაა?

– ეს ძალიან მარტივია. ფიზიკაც გადასარევად ვიცი, ოღონდ „ემცე კვადრატი“ არ მკითხო (იცინიან). ერთი სიტყვით, სკოლა ფრიადებზე დავამთავრე. დედა, ჩემი წარმატებით უბედნიერესი იყო. მახსოვს, მაშინ გამგეობამ სამახსოვრო პრიზებით დაგვაჯილდოვა და „სარაჯიშვილმა“ ჩამოასხა კონიაკი, რომელსაც აწერია ნოდიკო ტატიშვილის პატივსაცემად.

– რა მაგარია.

– პირველივე წელს ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, სახელმწიფო მართვის მოხელის სპეციალობით, მომდევნო წელს კი – მუსიკალურში. ისე გამოვიდა, ორივეგან პარალელურად ვსწავლობდი. სხვათა შორის, უნივერსიტეტიც წარჩინების დიპლომით დავამთავრე. ისე ამაყობდა ამით დედაჩემი, რომ მეც ძალიან მიხაროდა.

– ანუ, შენი სახით საქართველოს კარგი ექიმი დააკლდა.

– შეიძლება. მაგრამ ახლა მიხარია, რომ სამედიცინო არ დავამთავრე. ჩემი საექიმო კარიერა კრახით დასრულდებოდა, სიმღერის გარეშე ვერ ვიარსებებდი.

– მიხარია, რომ არ ხარ ექიმი და ხარ გადასარევი მომღერალი. მსოფლიო მომღერლებიდან თეთრი შურით, ანუ კარგი გაგებით, ვისი კარიერის გშურს? დაახლოებით, როგორ გინდა, შენი შემოქმედებითი გზა განვითარდეს და ვისთან იმღერებდი დუეტში სიამოვნებით?

– უზომოდ დიდ პატივს ვცემ და მომწონს ის, მუსიკა, რასაც ჯორჯ მაიკლი აკეთებს. აღარაფერს ვლაპარაკობ უანდერზე, რომელიც მსოფლიო მოვლენაა და აღარ განმეორდება. ახლა ელტონ ჯონის კონცერტზე მივდივარ და ძალიან მიხარია. ამ მუსიკოსმა შექმნა ეპოქები და ჯერ კიდევ სერიოზულ გავლენას ახდენს მუსიკაზე.

– ესე იგი, ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა.

– მამაკაცებით დავიწყე, რადგან საკუთარ კარიერაზე მკითხე. რაც შეეხება ქალებს, როგორი ბანალურიც არ უნდა ვიყო, მაინც ვიტყვი, რომ – ეს უიტნი ჰიუსტონია. მისი არსიყვარული უფრო დიდი სირცხვილი იქნებოდა. რეიჩელ ფერერი, ჩემთვის, ვოკალის საზომი, დასაწყისი და დასასრულია. სიამოვნებით ჩავწერდი დუეტს არეტა ფრანკლინთან... თვითონაც უნდა, უბრალოდ, არ სცალია (იცინიან). ძალიან მომწონს ბიონსე. როგორი ხმა და მონაცემები აქვს, მინახავს მისი რეპეტიციებიც ანუ, როგორ ემზადება. გარდა იმისა, რომ უნდა იმღეროს, ნებისმიერ მოძრაობაზე, ნებისმიერ წვრილმანზე ძალიან ბევრს მუშაობს. გამოდის სცენაზე და ახდენს იმ სასწაულს. ძალიან მინდა, ამ მომღერლებივით ვცხოვრობდე. ოცდაოთხი საათიდან ოცდაოთხივე საათი რეპეტიციები მქონდეს. ორი წლის წინ იყო პერიოდი, ხუთი თვის განმავლობაში ოცდაექვსჯერ ვიფრინე. ჩამოვიდოდი – წავიდოდი. კონკურსი მქონდა, მიწვევა მქონდა, ნაზარბაევის დაბადების დღე იყო და სხვა... ეს მენატრება. ისინი ჩაწერენ ალბომს, დადიან მთელ მსოფლიოში საკუთარი პრომოტურით – ეს მინდა.

– მინახავს, როგორ მუშაობ და ეს ფანტასტიკურია. პირად ცხოვრებას თუ ათავსებ შენ დაძაბულ სამუშაო გრაფიკთან?

– საერთოდ, პირადი ცხოვრება არ უნდა მოასწრო. მან, მგონი, თვითონ უნდა „მოგისწროს“ და მოგძებნოს. ცხოვრებაში არასდროს არავინ მიძებნია. არ დავმჯდარვარ და არ მიფიქრია, ახლა დროა, პირად ცხოვრებას მივხედო-მეთქი. რაც უნდა დაკავებული ვიყო, ამისთვის დრო მაინც გამოინახება. ერთხელ იყო ჩემს ცხოვრებაში ასეთი პერიოდი. ახლა არავინაა. თითქოს რაღაც ცივსისხლიანი გავხდი, გრძნობები აღარ გამაჩნია (იცინიან). ვხუმრობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ შეყვარებული არ მყავს. ახლა დავიწყე ვარჯიში, სიგარეტს თავი დავანებე და უბედნიერესი ვარ, უკეთესად ვსუნთქავ, უფრო კარგ ხასიათზე ვიღვიძებ, სიმღერაში როგორ მეხმარება, ამაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. მაყურებლისთვის არა მხოლოდ სიმღერით, არამედ შენი ვიზუალითაც მისაღები უნდა იყო. ამიტომ, ვცდილობ, შესაბამისად გამოვიყურებოდე.

– ბოლოს ერთი კითხვა მაქვს. უყურებ თუ არა საინფორმაციოებს?

– კი. სისტემატურად და ახლა მინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადო პოლონელ ხალხს.

– სწორედ ამიტომ დავსვი ეს კითხვა. ძალიან ბევრი ვიტირე და ვინერვიულე პოლონეთის პრეზიდენტის ამბის გამო. პირადად ვიცნობდი და ჩემი ალბომიც კი ვაჩუქე. კაჩინსკის პირველად „გუამის“ სამიტზე შევხვდი, შემდეგ კი – საქართველოში ვიზიტის დროს. ოფიციალური მიღება იყო, სადაც ვიმღერე და ჩემი ალბომიც ვაჩუქე. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, თავისუფლების მოყვარული და უდიდესი დემოკრატი. ამასთან ერთად, საოცრად თბილი. მისი გარდაცვალება ძალიან განვიცადე. პოლონელ ხალხს უამრავი რამ აქვს გადატანილი და მინდა, მათ განსაკუთრებით ვუთანაგრძნო ეს ტრაგედია.


скачать dle 11.3