კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი მილიარდი დოლარი დაკარგა კრიზისის შედეგად ისლანდიელმა მილიარდერმა ბერგოლფურ ტორ ბიერგოლფსონმა და ვინ აღიარა ის პლანეტაზე ყველაზე სექსუალურ მილიარდერად

ამ ადამიანს ძნელად დასამახსოვრებელი სახელითა და გვარით, რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ისლანდიაში იცნობდნენ, დღეს კი მისი სახელი მსოფლიოში ისევეა ცნობილი, როგორც ისლანდიური ცხელი გეიზერები და მუსიკოსი ბიორკი. ბერგოლფურ ტორ ბიერგოლფსონი ცნობილი გახდა  ჟურნალ  „ფორბსის“ წყალობით, რომელმაც ის პლანეტის ყველაზე სექსუალურ მილიარდერად დაასახელა. მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე ტორი, როგორც მას ბიზნესწრეებში ეძახიან, ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მილიარდერად ითვლებოდა და „ფორბსის“ პირველ 200-ეულშიც კი შედიოდა, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები მის ბიზნესსაც შეეხო და, 2009 წლის მონაცემებით, „ფორბსის“ ყოველწლიურ მილიარდერთა რეიტინგში მას 701-ე ადგილი უკავია ერთი მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ქონებით.

ბერგოლფურ ტორ ბიერგოლფსონი 1967 წელს დაიბადა ისლანდიაში – რეიკიავიკში. მამამისი ბერგოლფურ გუდმუნდსონი, იყო, ცნობილი ისლანდიელი ბიზნესმენი, რომლის დიდი ბაბუა, ტორ ჯენსენი, ლეგენდად ითვლება ისლანდიაში. ის 1878 წელს, 15 წლის ასაკში, ნორვეგიისა და ჩრდილოეთის ზღვების გავლით, დანიიდან ისლანდიაში გადაბარდგა და სათავე დაუდო ბერგოლფურების საგვარეულოს. ტორ ჯენსენი მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ისლანდიელად ითვლებოდა, რომელსაც რამდენიმე ათეული საწარმო ჰქონდა გახსნილი, ხოლო ლეგენდად ისლანდიაში იმიტომ იქცა, რომ თავისი ბიზნესკარიერის განმავლობაში ოთხჯერ გაკოტრდა. თუმცა, ოთხჯერვე აბსოლუტურად ყველაფერს ნულიდან იწყებდა და წარმატებას აღწევდა. ტორ ჯენსენის შთამომავლობის უმეტესობას საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავათ ისლანდიაში: ტორის დიდი ბაბუა ისლანდიის პრემიერ-მინისტრი იყო, დიდი ბაბუის ძმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად მუშაობდა, ხოლო მამის მამა, ბაბუა გუდმუნდსონი – ნავთობკომპანია „შელ აისლენდის“ დამფუძნებელი და მფლობელი იყო. ისლანდიაში წარმატებულ ბიზნესმენად ითვლებოდა, თვითონ ბერგოლფურ გუდმუნდსონიც, რომელმაც ევროპელებს თავი 80-იან წლებში მომხდარი ბიზნესსკანდალით დაამახსოვრა. 1986 წელს გუდმუნდსონი და მისი კუთვნილი „ჰაფსკიპის“, ისლანდიის რიგით მეორე ყველაზე მსხვილი სანაოსნო კომპანიის, თანამშრომლები პოლიციამ დააკავა და ბრალად თაღლითობით დაწყებული და დიდი ოდენობით თანხის მითვისებით დამთავრებული, 200-მდე მუხლი წაუყენა. ისლანდიაში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 300 ათას ადამიანს არ აღემატება, „ჰაფსკიპის“ ისტორიამ სახალხო სკანდალის სახე მიიღო. გამოძიება ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ გუდმუნდსონს 12 თვე პირობითი პატიმრობა შეუფარდეს და დამნაშავედ ცნეს ბუღალტრული მაქინაციების ჩატარებაში. როდესაც სკანდალი ახალი აგორებული იყო, გუდმუნდსონმა თავისი ვაჟიშვილი ტორი გაარიდა რეიკიავიკს და სასწავლებლად ამერიკაში გაგზავნა. შეერთებულ შტატებში ტორმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა ფინანსების სფეროში სპეციალისტის დიპლომით. სწავლის პერიოდში ტორი დიდი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა და მისი ლექტორები ჯერ კიდევ მაშინ აცხადებდნენ, რომ მისგან წარმატებული ბიზნესმენი დადგებოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ტორი სამშობლოში დაბრუნდა და საკუთარი ბიზნესპროექტების განხორციელებას შეუდგა. ისლანდიური ფარმაცევტული კომპანია „ფარმაკო“, რომელიც წამლების გარდა გამაგრილებელ სასმელებსაც აწარმოებდა, რეორგანიზაციის მიზნით მოწყობილობებს ყიდდა. სკანდალის შემდგომ პერიოდში კომპანიაში გუდმუნდსონი მუშაობდა და მან ამ მოწყობილობების გაყიდვა, თავისი მეგობრის – ინგიმარ ინგიმარსონის არხების საშუალებით, ტორს დაავალა. ინგიმარს ბიზნესკავშირები ჰქონდა რუსეთში და მისი დახმარებით ტორმა, თავის მეგობარ მაგნუს ტორსტეინსონთან ერთად, რუსეთის ტერიტორიაზე გამაგრილებელი სასმელების ჩამომსხმელი საწარმოს გასხნა განიზრახა. 90-იანი წლების დასაწყისის რუსეთში ბიზნესის წამოწყება უცხოელისთვის თითქმის არარეალური იყო. პრესტიჟული ამერიკული სასწავლებლის დიპლომის მქონე ტორი უამრავ წინაამღდეგობას აწყდებოდა: ხან „რეკეტის“ მიზნით მასთან ეგრეთ წოდებული „ბრატვა“ მიდიოდა, ხან კი რუსი მაღალჩინოსნებისთვის გადასახდელი ქრთამი ყოველდღიურად იზრდებოდა. საბოლოოდ, ტორმა და მაგნუსმა ჩამოაყალიბეს კომპანია „ბრავო ინთერნეიშენელ LTD“, რომელიც თავდაპირველად „პეპსი-კოლასა“ და სხვა გამაგრილებელ სასმელებს რკინის ქილაში ასხამდნენ. ნამდვილი წარმატება კი ტორს ლუდის წარმოებამ მოუტანა. 1999 წელს ისლანდიელმა ბიზნესმენმა ლუდი „ბოჩკარიოვის“ წარმოება დაიწყო რუსეთის ტერიტორიაზე და 2002 წლისთვის „ბოჩკარიოვის“ წილად სანკტ-პეტერბურგის ბაზრის 17 პროცენტის და მოსკოვის ოლქის 7 პროცენტის მფლობელი გახდა. იმავე წელს ტორმა „ბოჩკარიოვის“ აქტივები „ჰეინეკენს“ მიჰყიდა 400 მილიონ დოლარად. ამბობენ, რომ ამ გარიგების შედეგად, ტორმა 110 მილიონი დოლარი თვითონ ჩაიდო ჯიბეში. გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე, რომელიც ტორის რუსული ბიზნესიდან წასვლის გამო იმართებოდა, ათი ათასამდე სტუმარი იყო მიწვეული. ღონისძიება სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ რესტორანში იმართებოდა და, როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, სტუმრებისთვის შამპანური მდინარეებად მოედინებოდა. მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში ტორმა, რუსეთში გატარებულ ათ წელს „ათწლეული განსაწმენდელში“ უწოდა.

2002 წელს ტორი დაბრუნდა სამშობლოში და ხელში ჩაიგდო ისლანდიის რიგით მეორე საბანკო სტრუქტურა „ლანდსბანკ ისლანდს“. გარდა ამისა, მან საავიაციო, სატელეკომუნიკაციო, ფარმაცევტულ, სანაოსნო და საჰაერო გადაზიდვების ბიზნესშიც მოსინჯა ძალები. დღესდღეობით ტორ ბიერგოლფსონი ისლანდიის ათი ყველაზე დიდი საწარმოდან ოთხის მფლობელია და, ასევე, ის არის პირველი და ერთადერთი ოფიციალური მილიარდერი ისლანდიიდან.

რაც შეეხება ტორის პირად ცხოვრებას: მიუხედავად იმისა, რომ ის „ყველაზე სექსუალურ მილიარდერად“ არის მიჩნეული მისი სასიყვარულო რომანების შესახებ არაფერია ცნობილი და ძნელია იმის თქმა, თუ რატომ მიანიჭეს მას მილიარდერი-კაზანოვას ტიტული. ბოლო 18 წელია, ტორი თავის მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც მას ვაჟიშვილი აჩუქა, მაგრამ დღემდე წყვილს თავისი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე არ მიუცია. ისინი ლონდონში ცხოვრობენ, ხოლო ტორის ოფისიდან, რომელიც მეიფეირზე მდებარეობს, ბრწყინვალე ხედი იშლება – ჰაიდ-პარკისა და ლონდონ-სითის საქმიანი უბნისა.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3