კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ურჩევნია კაცს, ცოლის შესახებ არაფერი იცოდეს


სასიყვარულო სამკუთხედი, საკმაოდ ხშირად, სულაც არ არის დაფუძნებული დიდ გრძნობაზე და შორს არის რომანტიზმისგანაც. ცოლი-ქმარი-საყვარელი! ამ შემთხვევაში, სულერთია საყვარელი ქმრის იქნება თუ ცოლის, რადგან მთავარი ის მესამე პირია, რომელიც ორი ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს შორის დგება. ირღვევა ის, რაც აუცილებელია ოჯახის ჰარმონიული არსებობისთვის. თუმცა, ზოგიერთი ოჯახი დგას ამ სამკუთხედზე, მაგრამ საკითხავი ის არის, არის თუ არა ასეთი ოჯახი ისევ ოჯახი და რა ფასეულობებია იქ პრიორიტეტული.

ძნელია, იმსჯელო ურთიერთობაზე, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა იცი, მით უმეტეს, ვერავის გაკიცხავ ან განიკითხავ. ყველა ადამიანს აქვს არჩევნის უფლება და მისი შეცდომაც მხოლოდ მისი შეცდომაა. მაგრამ, შესაძლებელია, ეს შეცდომა სხვას მაგალითად გამოადგეს.



დიანა (35 წლის): სულ ვკითხულობდი თქვენი რესპონდენტების „აღსარებებს“ და ვიცოდი, რომ ერთხელაც აუცილებლად მოვიდოდი თქვენთან. იმიტომ არა, რომ რამეს ვნანობ, ან ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება რომ მქონდეს, სხვა გზას ავირჩევდი – არანაირად. უბრალოდ, ზოგჯერ ძალიან ვღიზიანდები ცხოვრებით განებივრებულ ქალებზე, რომლებსაც ყველაფერი აქვთ და მაინც რაღაცას ეძებენ. ოღონდ, თვითონაც არ იციან, რას ეძებენ, ისე ვცოფდები მათ წუწუნ-კრუტუნზე... „არ ვიცი, ეს როგორ დამემართა“, „კი, ვუღალატე, მაგრამ მე მაინც ჩემი ქმარი მიყვარს“, „ქმარი ჩემზე გიჟდება, მაგრამ რაღაცამ სხვა კაცისკენ მიბიძგა“... ვფიქრობ ხოლმე, რატომ არის ცხოვრება ასეთი უსამართლო-მეთქი.

– რას გულისხმობთ?

– იმიტომ, რომ უსამართლოა. ზოგისთვის ისეთი კეთილია, ყველაფერს აძლევს, გარდა ჭკუისა. ქმრები ჰყავთ, თავს ევლებიან, მაგრამ კიდევ „რაღაც“ უნდათ. სინამდვილეში, მათ პრობლემები არ აქვთ – აი, ის „რაღაც“, რაც მათ მართლა აკლიათ. ჩემდენი საზრუნავი რომ ჰქონდეთ, მაშინ დააფასებენ იმ სიკეთეს, რაც ბედმა მათთვის გაიმეტა. საშინელებაა, როცა ხარ გათხოვილი, თან არც ხარ. ქმარი გყავს, მაგრამ მხოლოდ სხვების დასანახავად.

– სხვების დასანახავად ქმრის ყოლა რას ნიშნავს?

– იმას, რაც მე მჭირს. იცით, რა არის „ღალატი გარემოებათა გამო“? – ო, ეს ცალკე ფენომენია. სერიოზულად გეუბნებით. საკმაოდ რთულია და ისეთი მძიმე ტვირთია, ზოგჯერ მეშინია, რომ ვეღარ გავუძლებ. არადა, სხვანაირად როგორ ვიცხოვრებ, ვერაფრით წარმომიდგენია. როგორც ყველა ქალს, ცხოვრება მეც ნათელ ფერებში მეჩვენებოდა. ქმარიც ძალიან მიყვარდა. ის ჩემი პირველი მამაკაცი იყო. ცოლად რომ მივყვებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენზე ბედნიერი წყვილი მეორე არ იქნებოდა. ღალატზე ან სხვა კაცზე თუ ქალზე, საერთოდ არ ყოფილა არა თუ საუბარი, ფიქრიც კი. ვერც დავუშვებდი იმას, რომ როდისმე გაჩნდებოდა მესამე და ჩვენს ცხოვრებაში ადგილს დაიმკვიდრებდა. „სასიყვარულო სამკუთხედზე“ რომ ლაპარაკობენ და ფსიქოლოგებიც ექსპერტებივით დასკვნას რომ დადებენ ხოლმე, არ არის ისე, როგორც მათ ჰგონიათ. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ყველაზე წარმოუდგენელიც კი წარმოსადგენია. მე არავის განვიკითხავ და ვერავის მსაჯული ვერ ვიქნები. არც ამისი უფლება მაქვს, არც სურვილი და არც ეს მქონია მიზნად თქვენთან რომ მოვდიოდი. ჩემს ტკივილზე უნდა გელაპარაკოთ. მე არ ვამართლებ ჩემს ქმარს. თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩემთან მართალი არ არის. ალბათ, ამიტომაც დუმს და ისე იქცევა, თითქოს არაფერი ხდებოდეს. წარმომიდგენია, რას განიცდის სინამდვილეში, მაგრამ ხმა რომ ამოიღოს, უარესი მოხდება.

– ანუ, იცის, რომ ღალატობთ?

– მოდით, შევთანხმდეთ: რა იცის, მე არ ვიცი. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. რამე რომ ამტკიცო, მტკიცებულება უნდა გქონდეს. ხომ ხვდებით, მე რას ვგულისხმობ. არ ვგეგმავ იმას, რისი გარკვევაც არ მინდა. რა საჭიროა, მაინც არაფერი შეიცვლება. დიახ, მე მყავს საყვარელი. მე მასთან საკმაოდ უცნაური დამოკიდებულება მაქვს. თქვენთვის უცნაური, თორემ მე აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია. თუმცა, არ დავმალავ, რომ თავიდან საკმაოდ განვიცდიდი ჩემს მდგომარეობას. არ ვარ გარყვნილი ადამიანი. სწორად გამიგეთ. თავს კი არ ვიმართლებ, არ გაცოდებთ, სიმართლეს ვამბობ. მართალია, დღეს ქმარიც მყავს და სხვა მამაკაცსაც ვხვდები, მაგრამ ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ჩემს ოჯახს სჭირდება.

– თქვენს ოჯახს სჭირდება, რომ საყვარელი გყავდეთ?

– შეიძლება, ასეც ითქვას. ის ძალიან კარგი ადამიანია და ყველაფერი ესმის. ფულს მიხდის იმისთვის, რომ მე არ ვარღვევ ჩვენს შეთანხმებას. წარმომიდგენია, რას ფიქრობთ ახლა ჩემზე, მაგრამ არ არის საქმე ისე მარტივად, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება, მოგეჩვენოთ. ვერც იმას ვიტყვი, რომ აქტიურად ვეძებდი ისეთ საყვარელს, რომელიც ფინანსურ პრობლემებს მომიხსნიდა. საერთოდ არ ვეძებდი საყვარელს. უბრალოდ, ჩემი პრობლემებითა და ტკივილებით „დახუნძლული“ ვეძებდი რაღაცას, შეიძლება ვიღაცასაც, რომ მოვბღაუჭებოდი. სასოწარკვეთილი რომ ხავსს ებღაუჭება, ისე. მე და ჩემი ქმარი ფაქტობრივად, არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ორივე მივხვდით, რომ ამას აზრი არ ჰქონდა. რამდენიმე სიტყვის შემდეგ ისეთ ჩხუბს ვიწყებდით, საშინელ სიტყვებს ვეძახდით ერთმანეთს. ამის მიზეზი ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა იყო. ხომ ამბობენ, ბედნიერება ფულში არ არისო. ეს, ალბათ, ბედნიერებით და ბევრი ფულით დაღლილი ადამიანის მოსაზრებაა, თორემ, თუკი ფულში არ არის ბედნიერება, უფულობა ნამდვილი ჯოჯოხეთია. როცა არ იცი, შვილებს რა აჭამო, რით გაათბო და სარკეში ჩახედვაც კი გულს გირევს, იმიტომ რომ, ქალს უკვე აღარ ჰგავხარ. როგორც არ უნდა გიყვარდეს ქმარი, მარტო ის კი არა, საკუთარი თავიც გძულს. სექსზე და სიამოვნებაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი. ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე ქალს შეუძლია, იფიქროს სექსზე, როცა სახლში ერთი ლარიც კი არ უდევს. მაშინ, ძალიან სულელი უნდა იყოს. მარტო სათქმელადაა ადვილი, რომ ფულს ბედნიერება არ მოაქვს. მაშინ უფულო ბედნიერება მაჩვენოს ვინმემ, მაინტერესებს როგორია.

– ანუ, თქვენ ძველებურად გიყვართ ქმარი. უბრალოდ, არ გაქვთ ფული.

– ჰო. მიყვარს. ის ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანია, ჩემი ნაწილია. როგორ გითხრათ, უკეთ რომ მიგახვედროთ. მაგრამ ერთია, ჩემი იმ კაცთან ურთიერთობა, მეორე, როცა მან თავისი პირობები წამომიყენა და მითხრა: დაფიქრდი, შეიძლება, ჩვენი ურთიერთობა ორივესთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდესო. ვერაფრით დავუშვი, რომ შევძლებდი, ეს შემოთავაზება მიმეღო, მაგრამ მერე მართლა დავფიქრდი. სახლში მივედი და ისევ ის რეალობა დამხვდა, როგორიც დავტოვე. იმედიც არ ჩანდა, რომ რამე შეიცვლებოდა უკეთესობისკენ. უცებ მომინდა, უკანმოუხედავად გავვარდნილიყავი სახლიდან. მართლა ძალიან გავმწარდი. ჩემი ქმრისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ იმ წუთში ისიც მძულდა.

– თქვენი მეუღლე არ მუშაობს?

– მუშაობს სამას ლარზე და მეუბნება, რომ ეს მისი შესაძლებლობის მაქსიმუმია. სანამ მე მქონდა შემოსავლიანი სამსახური, ამას ვეგუებოდი. მხნედაც ვიყავი და ჩემს ქმარს არათუ ვეჩხუბებოდი, საკმაოდ სიამტკბილობითაც ვცხოვრობდით, მაგრამ ის ფირმა, სადაც მე ვმუშაობდი, დაიშალა. პრობლემები შეექმნათ და იმისი მეოთხედი ხელფასიც აღარ მაქვს, რაც აქამდე მქონდა. ორ შვილს მიზერული შემოსავლით მარტო საჭმელი რომ ვუყიდო და სხვა არაფერი, მაინც ძლივს მეყოფა. თანაც, ღორი ხომ არ ვარ, სალაფავი ვთქვლიფო და თმაგაბურძგნულმა ძონძებით ვიარო. ჩემი შვილებისთვის უკეთესი მომავალი მინდა. რატომ არ უნდა ისწავლონ კარგ სკოლაში, სხვებზე უტვინოები და უჭკუოები ნამდვილად არ არიან. მე მათთვის მინდა ყველაფერი კარგი და საუკეთესო, თორემ მე და ჩემი ქმარი, ასე თუ ისე, გავათრევდით ამ წუთისოფელს. ჩემს დაქალს ველოდებოდი კაფეში. ფული ვთხოვე სესხად და უნდა მოეტანა. თან იმას ვდარდობდი, რანაირად უნდა გადავიხადო-მეთქი. მოვიდა. კი მომცა ფული, მაგრამ ისე დამაყვედრა, მერჩივნა, მიწა გამხსნოდა ფეხქვეშ და შიგ ჩავეტანე. იცით, რა ძნელია ამ დროს სულის სიმტკიცეზე ლაპარაკი. ვისაც ჩემნაირი გაჭირვება არ გამოუცდია, ის ვერც მიხვდება.

– თქვენ ამბობთ, რომ იმ კაცმა თვითონ შემოგთავაზათ თავი საყვარლად.

– თითქმის. კაფეში მარტო დარჩენილს ცრემლები წამომივიდა. რკინის არ ვარ. ჩემი დაქალის საქციელიდან, მისი საუბრის ტონით მივხვდი, რომ ყელში ამოვუვედი. არავის სჭირდება მუდამ პრობლემებით დახუნძლული ახლობელი, ოჯახის წევრებიც კი, ბოლოს ფეხებზე იკიდებენ. ისეთი უბედური ვიყავი იმ წუთში, ისეთი უპატრონო და მიუსაფარი, რომ ეტყობა, ეს ყველაფერი სახეზე შემეტყო. მოვიდა, გვერდით მომიჯდა და პირდაპირ მკითხა, პრობლემები გაქვსო? შეიძლება, მოვეწონე და იმიტომ გამოუწია ჩემკენ გულმა. არ ვიცი, მართლა არ ვიცი, რა მოხდა, ან სრულიად უცხო მამაკაცს მხარზე რატომ ავუქვითინდი, ამასაც ვერ გეტყვით, ალბათ, ადამიანური სითბო და თანადგომა მომინდა. ეს სურვილი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა.

– მე მესმის, რასაც გულისხმობთ.

– დიდი მადლობა. იმიტომ, რომ ადამიანები ძალიან მარტივად განიკითხავენ ხოლმე სხვას. ისე, რომ სულ არ ცდილობენ საკუთარი თავი მის ადგილას წარმოიდგინონ. არავის უნდა პირადი ცხოვრება არეული ჰქონდეს, მაგრამ ის იდეალური ვარიანტი, რომ შეხვდნენ, იქორწინეს და სიცოცხლის ბოლომდე ერთად და ბედნიერად ცხოვრობდნენ, მარტო ზღაპრებშია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად არარეალურად მეჩვენება.

– რატომ, თქვენ ხომ თქვით, რომ სანამ კარგი ანაზღაურება გქონდათ, თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის სრული თანხმობა იყო...

– დიახ. ვთქვი, მაგრამ ეს ხომ დროებითი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ყოველდღიურმა პრობლემებმა შეიწირა ჩვენი ურთიერთობა. მე არ ვიცი, რა იქნებოდა, ჩემი ქმარი ტყავში რომ გამძვრალიყო და იმდენი ფული ეშოვა, რამდენიც ჩვენი ოჯახის უზრუნველსაყოფად იქნებოდა საჭირო. ღალატი ჩემი იდეაფიქსი არ ყოფილა. მე არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, რომლებიც ქმრებს გასართობად ღალატობენ.

– ანუ, თქვენ საქმიანი გარიგება გაქვთ საყვარელთან და ეს აღარ ნიშნავს ღალატს?

– მე ღალატზე სხვა წარმოდგენა მაქვს. განსხვავებით იმისგან, რაც ბევრს და ალბათ, თქვენც წარმოგიდგენიათ. მე ვარ ჩემი ქმრის ერთგული. ყველაფერში გვერდში დავუდგები და ბოლომდე გავიტან. ის, რომ ზოგჯერ სხვა კაცთან ვწევარ, ბევრს არაფერს ნიშნავს. არ უნდა დავიყვანოთ ყველაფერი ფიზიკურ სიახლოვემდე. ახლა მესმის იმ მამაკაცების, რომლებიც სხვა ქალთან წვებიან, მაგრამ არ მიაჩნიათ, რომ ამით ცოლს უღალატეს.

– მამაკაცების უმრავლესობა აღფრთოვანდება თქვენი აღმოჩენით.

– თქვენ ხუმრობთ, მაგრამ მე მართლა შემიძლია, მათ გავუგო. იმ მამაკაცისთვისაც, რომელსაც მე ვხვდები, ცოლი ძალიან ძვირფასია და საერთოდ ვერ წარმოუდგენია მის გარეშე ცხოვრება. თავიდანვე მითხრა, რომ მე მის ადგილს ვერასოდეს დავიკავებდი და მეც არ მქონია ამის პრეტენზია. არანაირად. უბრალოდ სულიერი სიახლოვე ერთია და ფიზიკური – მეორე. გვინდა, თუ არ გვინდა, ფიზიოლოგიას ვერსად წავუვალთ და მის მოთხოვნებს უნდა დავემორჩილოთ. დიახ, მისთვის ცოლი ძვირფასი და ყველაზე ახლობელი ადამიანია, ისევე, როგორიც ჩემთვის – ჩემი ქმარი. მაგრამ, როგორც ქალი, ცოლი ვერ აკმაყოფილებს. მან ეს მე მითხრა. არ დაუმალავს. ბოზებში სიარული კი არ მინდაო. თვეში რამდენიმე შეხვედრითაც კმაყოფილდება და ჩვენი ურთიერთობის სრულ კონსპირაციას ითხოვს. რაც მეც მაკმაყოფილებს.

– სამაგიეროდ კი, ფულს გიხდით?

– დიახ, მერე რა. რას ხედავთ ამაში საგანგაშოს. მას აქვს იმისი საშუალება, რომ სიამოვნებაში ფული გადაიხადოს. სხვათა შორის, ვკითხე, რატომ არ ამჯობინა საყვარლად თავისზე ბევრად უმცროსი ქალი და ასე მიპასუხა, მე საბავშვო ბაღის აღმზრდელი არა ვარ, რომ ლაწირაკების ჭირვეულობები ავიტანო. სერიოზული კაცი ვარ და არ შემიძლია, გაუგებარი პრეტენზიები დავუკმაყოფილო ქალს, რომელიც არ მიყვარსო.

– ანუ, თქვენც არ უყვარხართ?

– რა თქმა უნდა. მე არც მაქვს ამისი პრეტენზია. იმიტომ, რომ არც მე მიყვარს. მიყვარს ქმარი და საკმარისია. შეიძლება თქვენ ეს არ გჯერათ, მაგრამ მართლა მიყვარს. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ არაფერი გაიგოს.

– ხომ თქვით, მგონი, ხვდებაო?

– მგონი, ნიშნავს ვარაუდს. მე ვვარაუდობ, რომ ხვდება, მაგრამ რადგან დუმილს ამჯობინებს და ჯერ ერთი კითხვაც არ დაუსვამს, ესე იგი, მისთვის უფრო მისაღები ვარიანტია, არაფერი იცოდეს. ჩემმა ოჯახმა სული მოითქვა. ძლივს ნორმალურად ვცხოვრობთ. თუმცა, ზოგჯერ საკუთარ „მესთან“ მაქვს პრობლემები და ვნანობ, რომ ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ არც ისეთი ცოდვილი ვარ.

– წარმოიდგინეთ მისი ცოლის მდგომარეობა.

– მისმა ცოლმა არაფერი იცის. არც ეცოდინება. მე არავის ადგილის დაკავებას არ ვაპირებ და მით უმეტეს, მას არ წავართმევ ქმარს. ერთმანეთთან მხოლოდ ლოგინი გვაკავშირებს და სხვა არაფერი. ისე, რომ ამბობენ, კაცი ქალისგან მაშინ მიდის, როცა მასთან სექსი აღარ მოსწონსო, ტყუილია. შეიძლება კაცს და ქალს არ ჰქონდეთ გადასარევი სექსი, მაგრამ ისეთი სულიერი კავშირით იყვნენ გადაჯაჭვული, ვერასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს. კი, ინტიმური სფეროც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა – გადამწყვეტი. მე ორი მაგალითი მაქვს, რამაც ამაში დამარწმუნა. ჩემი და ჩემი ქმრის; ჩემი საყვარლის და მისი მეუღლის. სხვათა შორის, ერთმანეთის მეუღლეებზე ხშირად ვლაპარაკობთ და ამან მე საშუალება მომცა, ჩემი ქმრისთვის ძალიან ბევრ საკითხებში უკეთ გამეგო. ამასვე მეუბნება, ჩემი საყვარელიც. ფაქტია, რომ მე და ჩემს ქმარს კამათიც კი აღარ მოგვდის. სრულ თანხმობაში ვცხოვრობთ.

– ისე გამოგდით, თუ ცოლ-ქმარს პრობლემები აქვს, ხსნა ღალატში ყოფილა.

– არავითარ შემთხვევაში. ასე ნუ გაიგებთ. თუმცა ერთს გეტყვით, ყველა ცოლ-ქმარმა უნდა განსაზღვროს საკუთარი პრიორიტეტები. ანუ, ზუსტად უნდა იცოდნენ, რის გამო არიან ერთად, მაშინ ამდენი ოჯახიც არ დაინგრეოდა. თუ ხვდები, რომ ამ ადამიანის გარეშე შენი არსებობა გაუსაძლისი იქნება, მაშინ ღალატიც უნდა აპატიო, მაგრამ, ხომ გეუბნებით, ღალატსაც გააჩნია.

– მატერიალური მდგომარეობა გამოგისწორდათ, საყვარელი გარჩენთ თქვენს ოჯახთან ერთად...

– მარჩენს-მეთქი, ასე ვერ ვიტყოდი. მეც ისევ ვმუშაობ და ჩემი ქმარიც. უბრალოდ, ცოტა მეხმარება. მთლად მას რომ ჩამოვეკიდო კისერზე, ასეც ვერ ვიზამ. ოჯახი თავადაც აქვს და ჩემს გამო, მათ რომ ბევრი მოაკლდეთ, ამას არ დავუშვებ.

– ხომ არ შემოუთავაზებია, არ იმუშაო და მთლიანად მე შეგინახავო?

– ამ საკითხზე საერთოდ არ მქონია მასთან საუბარი. ის კი ხშირად უთქვამს, არ მოგერიდოს და როდის რა თანხა დაგჭირდება, მითხარიო. ხვდება, რომ „ხიშნიცა“ არ ვარ და მისი კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენებას არ ვაპირებ. ჩვენ ერთად არსად დავდივართ. ჩემზე ის არც ბარებში ხარჯავს ფულს და არც რესტორნებში. უცხოეთში არ წავუყვანივარ და არც მომავალში მოხდება რამე მსგავსი. თუ იმდენი ფული მექნება, რომ თავს უცხოეთში წასვლის უფლებას მივცემ, ქმართან და ჩემს შვილებთან ერთად წავალ. ისიც თავის ოჯახთან ატარებს თავისუფალი დროის დიდ ნაწილს. ჩემთან შეხვედრები მისთვის მხოლოდ რელაქსაციის საშუალებაა. არასოდეს არაფერს ვეკითხები და არასოდეს შევხვედრივარ ჩემი ინიციატივით ან თხოვნით. წინა დღეს მირეკავს და ვხვდებით.

– მხოლოდ როცა მას უნდა?

– დიახ, მხოლოდ როცა მას უნდა. ესეც დევს ჩვენს სიტყვიერ შეთანხმებაში. ხომ გითხარით, ჩვენი ურთიერთობა აბსოლუტურად გარკვეულია და არანაირი სიურპრიზი არ არის მოსალოდნელი, არც მისი და არც ჩემი მხრიდან. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ცხოვრება მაქვს და კმაყოფილი ვარ ჩემი ბედით, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც გამიმართლა. ის ძალიან შეგნებული და კარგი ადამიანია. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა კიდევ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დაშორება უმტკივნეულო იქნება. შესაძლებელია, უბრალო მეგობრებად დავრჩეთ. ამაზე ჯერ არ მიფიქრია.


скачать dle 11.3