კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ შეაშინა გია მუჯირი აისბერგების გამოჩენამ და რა კავშირშია მისი კინოდებიუტი მაიაკოვსკისთან


„შუა ქალაქის“ ახალმა პერსონაჟმა, ბატონმა საშამ, გამოჩენისთანავე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება და მას ყველა სერიაში ინტერესით ელიან. ბატონი საშა, იგივე გია მუჯირი, პროფესიით ექიმია. ისევე, როგორც ყველა გურულს, მასაც ჭარბად აქვს იუმორის გრძნობა. მისი დევიზია: „გეშინოდეს ავტომობილის და ადამიანის, რომელსაც არ აქვს იუმორი!“ მართალია, ბატონი გია სხვადასხვა მიზეზის გამო ძალიან განაწყენებული იყო ჩვენს კოლეგებზე, მაგრამ, მაინც არ გაგვაწბილა და ინტერვიუზე დაგვთანხმდა. ჩვენ კი შევეცდებით, ჟურნალისტების მიმართ ნდობა აღვუდგინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რესპონდენტი 1971 წლიდან 2009 წლის აგვისტომდე მეან-გინეკოლოგად მუშაობდა, საკმაოდ ბევრი რამ აქვს გაკეთებული სამსახიობო განხრით: ნათამაშები აქვს ფილმებში, გადაღებულია ბევრ სარეკლამო რგოლში. ბოლო დროს მისი ნახვა, „შუა ქალაქის“ გარდა, შეგიძლიათ ახალ ფილმებში: „ომი და ქორწილი“ და „მაიტა ნასოსი!“



გია მუჯირი: მე-8 კლასში ვიყავი, ქვიშხეთში, მწერალთა კავშირის დასასვენებელ სახლში რომ ვისვენებდით. იქ ისვენებდა ასევე ბუხნიკაშვილების არაჩვეულებრივი ოჯახი, ქალბატონი ტატა შაფათავა, ბრწყინვალე თეატრმცოდნე და უდიდესი ადამიანი. წლების განმავლობაში მას „ტატა დედას“ ვეძახდი. როცა ბატონმა კოლია პიპინაშვილმა „მაიაკოვსკის“ გადაღება გადაწყვიტა, ტატა დედამ დამიძახა. ორი წელი არ ვყავდი ნანახი. რომ დამინახა, – ვაიმე, ცარიელი ცხვირი მოვიდა, ეს რა მაიაკოვსკიაო, თქვა. ბატონმა კოლიამ ეპიზოდურ როლში მაინც გადამიღო. უსაზიზღრეს ბავშვს ვასახიერებდი, რომელიც მაიაკოვსკის ნახატებს ჰპარავს და ამის გამო მომავალ დიდ პოეტს გიმნაზიიდან რიცხავენ. აი, ასეთი აფერისტის განსახიერებით დავიწყე ჩემი კარიერა.

– როცა თქვენ მე-8 კლასში ყოფნისას ფილმში გადაგიღეს, დავიჯერო, მსახიობის პროფესიაზე არ გიოცნებიათ და ექიმობა ამჯობინეთ?

– არ ვამჯობინე, თეატრალურში ჩავაბარე. მესამე კურსზე, ერთ-ერთი ლექციის დროს, ბრმა ნაწლავის მწვავე შეტევა მქონდა და საოპერაციოდ საავადმყოფოში გამაქანეს. ოპერაციის მერე საკმაოდ უცნაურ პალატაში მოვხვდი – საღამოს ლოთობა ატყდა. დილით ნაოპერაციებმა ავადმყოფმა, დღის ბოლოს ბოლოკიდან დაწყებული, საცივით დამთავრებული, ყველაფერი გეახელით. ამის გამო თვე-ნახევარი „გავტკუცე“ საავადმყოფოში. ახალგაზრდა ექიმებთან ძალიან კარგი კონტაქტი დავამყარე. საოპერაციოშიც შემიყვანეს. ერთხელ, ერთ თავგახეთქილ მთვრალზე ჭრილობაც კი ამომაკერინეს. ამის შემდეგ ვთქვი, რომ თეატრალურში აღარ დავბრუნდებოდი და სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე. ბაბუაჩემი საკმაოდ ცნობილი ექიმი იყო, ტროპიკოსი. შვილიშვილებიდან, რატომღაც, მაინცდამაინც მე ამომირჩიეს, რომ ექიმი გამოვსულიყავი. ჩემმა ოპერაციამ კი მათ სურვილს ხელი შეუწყო. წლების განმავლობაში თეატრთან არანაირი კავშირი აღარ მქონდა, გარდა მაყურებლის სტატუსისა. არ დამავიწყდება, 1966 წელს რუსთაველის თეატრს კრემლის თეატრში ჰქონდა გასტროლები და მეც ვახლდი მათ. მაშინ ნათელა ურუშაძე იყო ლიტერატურული ნაწილის გამგე, რომელმაც თქვა, ერთი შტატი უნდა შემოვიღოთ თეატრში – „შტატიანი მაყურებელი“ და ეს გია უნდა იყოსო.

ერთხელ ძალიან მაგარ „პახმელიაზე“ ვიყავი, მაგრამ, მარტო ხომ არ შევიდოდი ლუდხანაში! რამაზ გიორგობიანი დავინახე და ძალიან გამიხარდა. სახეზე, რომ შევხედე ანალოგიურ მდგომარეობაში იყო. ამ დროს კოკოშა კობაიძეც მოვიდა და სახინკლეში ერთად შევედით. თითო შუშა რომ „გავჭყლიტეთ,“ რამაზმა მითხრა, რატომ ვუცადო ის როდის ჩამოვა, აი მამა, (ჩემზე ანიშნა), წავედით კინოსტუდიაშიო. ამ მდგომარეობაში მივედით კინოსტუდიაში. რამაზმა სცენა ამიხსნა: წარმოიდგინე, დიდი ხანია, შვილი არ გინახავს, ავად არის და მასთან მიდიხარო. ეს სცენა რომ გადაიღეს, სახლში წამოვედით. ორი დღის მერე მეუღლე მეკითხება, შენ რა კინოში გიღებენო? რა კინო, არ გადაირიო-მეთქი. როგორ არა, რამაზმა დაგირეკა, გადაღება გაქვს და უნდა მიხვიდეო. რამაზს დავურეკე, რას მიჰქარავ, ოჯახს მიწეწავ-მეთქი? ახლავე გადაღებაზე მოდი, თორემ, არ ვიცი რას გიზამო, მიპასუხა. წავედი და ამის მერე ფილმზე თითქმის ორი თვე ვიმუშავე. მერე იყო ისევ რამაზის ფილმი – „მოდი, ვილაპარაკოთ.“ არ შემიძლია, არ გავიხსენო და დიდი მადლობა არ გადავუხადო ლევან ანჯაფარიძეს, რომელთანაც ორ ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ეს იყო „პიესა ოთხი ხელისათვის“ და პატარა, მაგრამ საკვანძო ეპიზოდი ფილმში „ორმაგი სახე.“ მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მამანა ორბელიანსა და გია კაჭარავას ოჯახს, რომლებიც ჩემი უახლოესი მეგობრები არიან. ბოლო წლებში, თუკი რაიმე ფილმში ვარ გადაღებული, ჩემი პროდიუსერი ყველგან მანანა ორბელიანი იყო, სარეკლამო რგოლებში კი – ციცო ფარულავა.

ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა, მსახიობმა და მწერალმა, ჯემალ მონიავამ, ხუმრობით მითხრა: რა იყო, ბიჭო, გინეკოლოგიაში ფულს ხომ აკეთებ, დაგვანებე არტისტებს თავი, დაგვიტოვე ორი კაპიკიო. სხვათა შორის, ჯემალის ოთხი შვილიშვილი ჩემი „მიღებულია“, შვილი კი – ჩემი ნათლული.

– „შუა ქალაქში“ მონაწილეობა მოგწონთ?

– ისეთი კმაყოფილი ვარ ბედის, „შუა ქალაქში“ რომ მოვხვდი, ვერ წარმოიდგენთ.

– სხვათა შორის, პირველი გამოჩენისთანავე მაყურებლის სიმპათია დაიმსახურეთ და ინტერესით გელოდებიან ყოველ სერიაში.

– თავიდან ჩემი გმირი, საშა ნიჟარაძე უნდა ყოფილიყო. რომელიღაც მსახიობმა თქვა, ორი გმირი უკვე გვყავდა ნიჟარაძე და, მოდი, საშა მუჯირი იყოსო. ამაზე ვუპასუხე, მუჯირი მე თვითონ ვარ და „ნე პალუჩიტსა!“, თუ გურული გვარი გინდათ, კეჭაყმაძე იყოს-მეთქი. თან, დედაჩემის გვარია კეჭაყმაძე.

– საშა კეჭაყმაძეს თუ ჰგავს რამით გია მუჯირი?

– ცხოვრებაში საშას აბსოლუტურად არაფრით არ ვგავარ. მკაცრი ნამდვილად არც ოჯახში ვარ და არც გარეთ.

– „შუა ქალაქზე“ რას გვეტყვით?

– გაოცებული ვარ. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ათ ფილმში და ამაზე მეტ რეკლამაში ვარ გადაღებული. ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა: დაგიბარებენ 12 საათზე, იწყება 4 საათზე და არის ერთი ამბავი. აქ თუ დაგიბარებენ 8 საათზე, 8-ზე უკვე გრიმით უნდა იყო გადასაღებ მოედანზე. მსგავსი წესრიგი ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს.

– გადაღებები, ალბათ, ძალიან სახალისოა.

– ჩემი პირველი შესვლისთანავე ოთარს ისეთი სიცილი აუტყდა, ვერ გაჩერდა. კიდევ კარგი, რეპეტიცია იყო. რა იყო, რა მოგივიდა-მეთქი, რომ ვკითხე, ისეთი სიფათი გქონდა, თავი ვეღარ შევიკავე, გადავირიეო. მიუხედავად იმისა, რომ სამსახიობო გამოცდილება მაქვს, მაყურებელთან არ მქონია უშუალო კავშირი. გადასაღები მოედანი მაიც სხვაა, „შუა ქალაქის“ გადაღებას კი 300 მაყურებელი ესწრება.

– ხომ არ გძაბავთ მათი რეაქციები?

– შევეჩვიე. თავიდან, დაძაბული ვიყავი კი არა, მთელ ტანში მაკანკალებდა.

– ოთართან ერთად თუ გიმუშავიათ როგორც ექიმს?

– ჩვენ ერთ საავადმყოფოში არ გვიმუშავია, მაგრამ, მასთან შეხება მქონია, როგორც ექიმთან, თანაც, ჩემს შვილთან დაკავშირებით. რამდენიმე წლის წინ, როცა ოთარი მოსკოვში, ბურდენკოს ინსტიტუტში მუშაობდა, იმ პერიოდში ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ექიმმა გვითხრა, სასწრაფოდ თავის ქალა უნდა აიხადოს და ოპერაცია გაკეთდესო. იმ დროს ოთარი თბილისში იყო ჩამოსული. ის ჩემი ძმისშვილის მულის ქმარია. ჰოდა, ჩემმა სიძემ თავისი სიძე მომიყვანა. ოთარმა თავზე გადაღებული სურათები რომ ნახა, გაგიჟდა – არაფრით არ შეიძლება ოპერაციის გაკეთება, არ გაბედოთო. რაც ოთარმა გვითხრა, აბსოლუტურად იგივე გვითხრა მოსკოვში ძალიან ცნობილმა ექიმმა, კანავალოვმაც. ოთარი საკმაოდ კარგი სპეციალისტია ორივე დარგში: ის კარგი ექიმი და კარგი მსახიობია.

– ისევ თქვენს წარსულს გადავხედოთ: სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რა ხდებოდა თქვენს ხცოვრებაში?

– მედინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ ბათუმში წავედი. ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახები წარმოშობით ბათუმელები არიან. 1918 წელს ბაბუაჩემმა მალარიის პირველი კლინიკა გახსნა ბათუმში 8 საწოლზე. გასაბჭოების მერე კი ბაბუა აჭარის პირველი სანიტარ-ეპიდემიოლოგი იყო.

ბათუმში რომ ჩავედი, იმ პერიოდში ძალიან მოდაში იყო გემის ექიმად მუშაობა. სამი-ოთხი წელი მეც გემის ექიმი ვიყავი. ერთხელ რეიკიავიკში მივდიოდით და აისბერგებში მოვხვდით. არანაირი შიშის გრძნობა არ მქონია, პირიქით, ძალიან მიხაროდა, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდი. კაპიტნის უფროსი თანაშემწე გაოცებული მიყურებდა: სიკვდილს თვალებში ვუყურებთ, ხომ არ უშტვენ, რა გიხარიაო. რეიკიავიკში 10 საათში უნდა ჩავსულიყავით და ორ-დღე-ნახევარი მივდიოდით.

– როგორც ვიცი, გინეკოლოგი ხართ. გემზე რის ექიმად მუშაობდით?

– სამკურნალო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ინსტიტუტის შემდეგ ბათუმის ონკოცენტრში გამანაწილეს, სადაც მხოლოდ გინეკოლოგის ადგილი იყო თავისუფალი. ამიტომ გავყევი გინეკოლოგიას, თორემ, ქირურგობა მინდოდა. ჩემი მეგობრები კი შაყირობდნენ, გემზე კაცებს ამშობიარებდაო, მაგრამ იქ ზოგად ექიმად ვმუშაობდი.

– რამდენი წელი იმუშავეთ გინეკოლოგად?

– 1971 წლიდან 2009 წლის აგვისტომდე, სანამ პენსიაზე გავიდოდი, მეან-გინეკოლოგად ვიმუშავე. ერთხელ ძალიან საინტერესო შემთხვევა მოხდა: ქუჩაში ქალბატონი შემხვდა – ბატონო გია, თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთ, თქვენ მამშობიარეთ მეო. ძალიან სასიამოვნოა-მეთქი. ქალს თან 15 წლის ბიჭი ახლდა. ვერ იცანით, ბატონო გია? აი, ამაზე მამშობიარეთო. უჰ, როგორ დამავიწყდა, როგორ ვერ ვიცანი-მეთქი (იცინის).

– თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

– მყავს მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარს. ის პროფესიით ლინგვისტია. მყავს ქალიშვილი, რომელსაც დედის სპეციალობა აქვს და, მყავს ეკონომისტი ვაჟი.

– თქვენი ოჯახი როგორ აფასებს „შუა ქალაქში“ თქვენს გამოჩენას?

– ჩემი ყველაზე კარგი შემფასებელი ჩემი მეუღლეა. ძალიან ღელავდა, მაგრამ, ახლა ძალიან მოსწონს. ჩემი ქალიშვილი რომ უყურებდა პირველად „შუა ქალაქს,“ ნერვიულობისგან მთელი თითები დაიკბინა. ახლა შეეგუვნენ და მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ.

– ოჯახის წევრებთან ერთად უყურებთ „შუა ქალაქს“ თუ, ისევე, როგორც ბევრ მსახიობს, ამის კომპლექსი თქვენც გაქვთ?

– არანაირი კომპლექსი არ მაქვს, აბსოლუტურად უკომპლექსო ადამიანი ვარ.


скачать dle 11.3